აპოკალიფსისის განმარტება_VI_19_11_21_თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება ჭეშმარიტად - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > განმარტება

თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად

(თ. 19:11-21)

Apocalipsisi

შინაარსი

ახალი ქართულით:

11. ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. 12. თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა. 13. სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა. 14. ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი. 15. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი. 16. ხოლო სამოსსა და თეძოზე აწერია მისი სახელი: მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი. 17. და ვიხილე გზაზე მდგარი ერთი ანგელოზი, ხმამაღლა რომ შესძახა და უთხრა შუა ცაში მფრინავ ყველა ფრინველს: მოდით და ღვთის დიდ სერობაზე შემოკრბით, 18. რათა ჭამოთ მეფეთა, ათასისთავთა და ძლიერთა ხორცი, ცხენთა თუ მხედართა, მონათა თუ თავისუფალთა, დიდთა თუ მცირეთა ხორცი. 19. ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი, ერთად შეკრებილნი, რათა შებმოდნენ ცხენზე მჯდომსა და მის მხედრობას. 20. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში. 21. დანარჩენები კი მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ყველა ფრინველი მიაძღა მათ მძორს.


ძველი ქართულით:

11. და ვიხილენ ცანი განხუმულნი. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, და სიმართლით შჯის და იბრძვის. 12. და თუალნი მისნი იყვნეს ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნნი მრავალნი, რომელთა ზედა წერილ იყო სახელები, და სახელი წერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა მან თავადმან. 13. და ემოსა სამოსელი შეღებული სისხლითა, და წოდებულ არს სახელი მისი: სიტყუაჲ ღმრთისაჲ. 14. და მჴედრობანი ცათანი შეუდგეს მას, მსხდომარენი ცხენთა ზედა სპეტაკთა, შემოსილნი ბისონითა სპეტაკითა და ბრწყინვალითა. 15. და პირისაგან მისისა გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული, რაჲთა მით მოსრნეს წარმართნი, და იგი ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა. და იგი დასწნეხს საწნეხელსა მას ღჳნისა მის გულის-წყრომისა და რისხვისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა. 16. და არს წერილ სამოსელსა მისსა ზედა და თეძოსა მისსა სახელი, ვითარმედ: მეუფე მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ. 17. და ვიხილე ანგელოზი, მდგომარე მზესა ზედა, და ეტყოდა ყოველთა მფრინველთა, მფრინვალეთა ცათა შინა: მოვედით და შემოკერბით სერსა მას დიდისა ღმრთისასა, 18. რაჲთა შჭამნეთ ჴორცნი მეფეთანი და ჴორცნი ათასის-თავთანი, და ჴორცნი ძლიერთანი, და ჴორცნი ცხენთანი და მათ ზედა მსხდომარეთანი, და ჴორცნი ყოველთა აზნაურთა და მონათა, და მცირეთა და დიდთანი. 19. და ვიხილე მჴეცი იგი და მეფენი ქუეყანისანი და მჴედრობანი მათნი, შეკრებულნი ბრძოლის-ყოფად მჯდომარისა მის ცხენსა ზედა და მჴედრობისა მისისა მიმართ. 20. და შეპყრობილ იქმნა მჴეცი იგი და მის თანა ცრუწინაწარმეტყუელი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მჴეცისაჲ და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი-იგი იწუების წუმწუბითა. 21. და სხუანი იგი მოისრნეს მახჳლითა ცხენსა მას ზედა მჯდომარისაჲთა, რომელი გამოვიდოდა პირით მისით, და ყოველნი მფრინველნი განძღეს ჴორცითა მათითა.

შინაარსი


11-12. ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა.

"მე-19 თავის მომდევნო ნაწილი (11-21 მუხლები) გამოხატავენ თვით ღვთაებრივი სიძის - ღმრთის სიტყვის - გამოჩენას და მის ბრძოლას მხეცთან და მის მხედრობასთან, რომელიც მათზე გამარჯვებით დასრულდება. წმ. იოანემ იხილა გახსნილი ცა, საიდანაც გადმოვიდა თეთრ ცხენზე ამხედრებული უფალი იესუ ქრისტე, რომელსაც ასევე თეთრ ცხენებზე ამხედრებული ზეციური მხედრობა მოჰყვებოდა.

"თეთრი ცხენი" წმ. ანდრია კესარიელის თქმით, "ნიშნავს წმინდანთა სისპეტაკეს, რომლებზე დაყრდნობითაც განსჯის ხალხებს თავისი ცეცხლოვანი თვალებიდან, ანუ თავისი ყოვლისმხედველი ძალიდან, ცეცხლოვან ალის გამომფრქვევი, რომელიც მართალთ კი არ დაწვავს, არამედ განანათლებს, ხოლო ცოდვილთ, პირიქით, შთანთქავს, მაგრამ არ განანათლებს". ის ჩნდება, ვითარც მეფე, თავზე დადგმული მრავალი დიადემით, რითაც მინიშნებულია, რომ მას მიეცა ყოველგვარი ძალაუფლება ცასა და მიზაზე (მათე 28:18) და დედამიწის ყოველ სამეფოზე" (ამბერკი ტაუშევი).

""გახსნილი ცა" ქრისტეს მოსვლას მოასწავებს. როგორც მიწიერი მეფეები ახსნიან ხოლმე ფარდას, რათა გამოვიდნენ გარეთ და დამნაშავეებს განაჩენი გამოუცხადონ, ასევე გაიხსნება ცა და იქიდან მოგვევლინება ქრისტე, რათა თავისი განაჩენი გამოუცხადოს ცოდვილთ.

"თეთრი ცხენი" წმინდანთა ნიშნავს წმინდანთა სისპეტაკეს, რომლებზე დაყრდნობითაც განსჯის ხალხებს თავისი ცეცხლოვანი თვალებიდან, ანუ თავისი ყოვლისმხედველი ძალიდან, ცეცხლოვან ალის გამომფრქვევი ქრისტე, რომელიც მართალთ კი არ დაწვავს, არამედ განანათლებს, ხოლო ცოდვილთ, პირიქით, შთანთქავს, მაგრამ არ განანათლებს".

"მრავალი გვირგვინი" ან ყოველივე ზეციერსა და მიწიერზე ქრისტეს მეუფებაზე მიუთითებს, ან კიდევ მისი კაცთმოყვარეობითი განგებულების გამარჯვებაზე დავითის სიტყვისამებრ: "რათა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა" (ფს. 50:6).

ის, რომ "მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა", მისი არსების მიუწვდომლობაზე მიანიშნებს, რადგან თავისი მაცხოვნებელი განგებულებით მას მრავალი სახელი გააჩნია, კერძოდ: სახიერი, მწყემსი, ნათელი, მზე, სიცოცხლე, სიმართლე, გამოსყიდვა, სიწმიდე, ასევე უარყოფითიც (ანუ ისეთი, რომელიც უარყოფს ნაკლოვანებებსა და შეზღუდვებს, რომელიც საბოლოო ქმნილი ყოფიერებისთვის არის დამახასიათებელი - რედ.), როგორიცაა: უხრწნელი, უკვდავი, უცვალებელი, უხილავი, ხოლო თავისი არსებით სახელი არ გააჩნია, რადგან ის მიუწვდომელია და მისი არსი იცის მხოლოდ მან მამასთან და სულიწმიდასთან ერთად" (წმ. ანდრია კესარიელი).

"თეთრი ცხენი" - ქრისტეს მიერ მიღებული სხეულია, მასზე მჯდომი - კი დიდებს უფალი, უზენაესი მამის სიტყვა, მხოლოდშობილი ძე დაუსაბამო მამისა. ამიტომაც მით, რომ ის "სარწმუნოდ და ჭეშმარიტად" იწოდება გამოიხატება მისი სახელის თავისებურება. რამეთუ ღმერთზეა ნათქვამი: "ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი" (მეორე რჯლ. 32:4). "სიმართლით განიკითხავს და იბრძვის”, რადგან თვით მასზეა დაწერილი: "ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელმან არა მოავლინის რისხვა მისი მარადღე" (ფს. 7:12). რადგან ის "იბრძვის" ცოდვის მოქმედებისგან რომ გაგვათავისუფლოს. ის ითმენს, ჩვენს მიერ დაშვებულ დანაშაულობებს. ხოლო "ჭეშმარიტად" იწოდება იგი იმიტომ, რომ უარყოფს მოწინააღმდეგეთ" (აპრინგი. წყარო: ტრაქტატი "გამოცხადებაზე" CCSL 107:72-73).

"უფალმა
(1), რომელიც არის "გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" და რომელსაც წინასწარმეტყველმა უთხრა: "შენ მოიმოქმედე საკვირველებანი - ძველი განგებანი, მტკიცე და სარწმუნო", - გადაწყვიტა ამხედრებულიყო თეთრ, ანუ უბიწო სხეულზე, რათა დაემორჩილებინა საჰაერო უფლებანი" (ბედა პატივდებული.  Изложение Откровения. Сl. 1363, 3.9.189.14).

_________

1. შენიშვნა:
კესარი არლელის განმარტებით, "თეთრი ცხენი" არის ეკლესია (PL 35:2447) - რედ.
_________

"თეთრი ცხენი და მასზე მჯდომარე"  - უთითებს ჩვენს უფალ იესუ ქრისტეზე, რომელიც მოემართება ზეციურ მხედრობასთნ ერთად და, რომლის მოსვლის დროს შეიკრიბებიან ყოველნი წარმართნი და მახვილით მოიწყლებიან. ხოლო სხვები, რომლებიც უფრო ღირსეულნი აღმოჩნდებიან, მოემსახურებიან წმინდანთ
(2), რომლებიც, თავის მხრივ, მოკლულ იქნებიან ჟამთა აღსასრულს, წმინდანთა სუფევის დასასრულის შემდეგ, სამსჯავრომდე, როდესაც ეშმაკი კვლავ გათავისუფლდება. ყოველივე ნათქვამს ეთანხმებიან წინასწარმეტყველნიც" (მღვდელმოწ. ვიქტორ პეტავიელი. Комментарий на Откровение. CSEL 49:136-138).

________

2. შენიშვნა:
იხ. ეს. 60:10; 61:5; ირინეოს ლიონელი, მწვალებლობათა წინააღმდეგ. 5.35.1 - რედ.
_________

"ადრე თუ ანგელოზი ამბობდა, რომ მოიწევა კრავის ქორწილი, ახლა ის უკვე აღსრულების პროცესშია. როგორ ხდება ქორწილი აღმოსავლეთში? პატარძალი ზის სახლში და ემზადება, ხოლო სიძე მოდის და მიჰყავს თავისთან. და აი აქ ჩვენ ვხედავტ, როგორ გამოდის ზეციური სიძე, ქრისტე, რათა თავისთან წაიყვანოს ეკლესია. უფალმა თავისი სიკვდილის წინ დადო აღთქმა: "არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან" (ინ. 14:18). და აი, ის ბრუნდება მთელი თავისი დიდებით, რათა თავისთან წაიყვანოს ეკლესია. იოანე ხედავს, როგორ იღება ზეცის კარიბჭე - ასე აღსრულდება ძველ წინასწარმეტყველთ ვედრება. წინასწარმეტყველი ესაია ღაღადებდა: "ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! დადნებოდნენ მთები შენს წინაშე! როგორც გიზგიზებს ცეცხლმოკიდებული ფიჩხი, როგორც წყალს ადუღებს ცეცხლი! რომ აცოდინო შენი სახელი შენს მტრებს! შეძრწუნდებოდნენ შენს წინაშე ხალხები" (ეს. 64:1). ცა გრაგნილივით იგრანგნება, და ქრისტე საბრძოლველად გამოდის. "და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად" (გამოცხ. 19:11). "თეთრი ცხენი" - ეს ზეციურ ძალთა ნიშანია, რომლებიც ჰგიებენ სიწმიდეში. აქ ჩვენ უცებ გვახსენდება აპოკალიფსისის ოთხი მხედარი. იქაც იყო თეთრი ცხენი და მასზეც იჯდა მხედარი ოქროს გვირგვინით თავზე, რომელიც გამოვიდა, რათა სძლოს - ეს არის სახარების მქადაგებელთა სამოციქულო ეკლესია, რომელმაც განახორციელა ძლევამოსილი სვლა ქვეყნიერების წინააღმდეგ. და აი ეს ძლევამოსილი სვლა აღსრულდება - ქრისტე მძლეველი, გამოდის, რათა თეთრ ცხენზე ამხედრებულმა ბოლომდე მიიყვანოს თავისი მისია. ის "ბეჭდავს" მსოფლიოს ისტორიას. და მისი პირველი სახელია - "სარწმუნო", ანუ მაცხოვარი სარწმუნოა ყოველთვის, რადგან ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას" (მღვდ. დანიელ სისოევი).

"მახარობელს ეცხადება ასევე ანტიქრისტესა და ურჩხულის დაცემა, მათზე თავსმოწეული უბედურებგა და ისიც, თუ როგორი სასჯელი ელოდება მათ სამყაროს აღსასრულზე. ასევე მახარობელი ხედავს მეფეთა დაცემას, რომლებიც იმ დროს შეეწინააღმდეგებიან ქრისტეს მსახურთ. და აი რას ამბობს: "ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის". ის ხედავს უფალს, რომელიც მზად არის საბრძოლველად წმიდათათვის, რომლებიც იბრძვიან მტრების წინააღმდეგ. ამიტომაც აღწერს ხილვა ქრისტეს მხედართმთავრის სახით. "და, აჰა, თეთრი ცხენი", რომელზეც უფალია ამხედრებული; სიმბოლო აჩვენებს, რომ ქრისტე ეყრდნობა მხოლოდ წმიდათ და არა ცოდვის სიბინძურით მოსვრილთ. ამიტომაც ბრძანა უფალმა რჩეულ ჭურჭელზე, მოციქულ პავლეზე, "ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე" (საქმე 9:15). ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ ქრისტე ეყრდნობა ისეთ წმინდანებს, როგორიც არის პავლე. ნათქვამია: "მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის", ანუ ის, ვინც არის ჭეშმარიტიც და სარწმუნოც, როგორც ბრძანებს მასზე მოციქული პავლე: "ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება" (2 ტიმ. 2:13). ამიტომაც ის არის ჭეშმარიტიც და სარწმუნოც, რადგან მასზე ითქმის, რომ ორი სახელი გვაუწყებს ერთ საგანზე. ხოლო სამართლიანად რომ სჯის და თავის მსახურთა დასაცავად ხილულ მტრებსაც რომ ებრძვის, მოწმობს წინასწარმეტყველი: "ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა", - ანუ ქრისტეს, რადგან სოლომონის ძე, რომელსაც ეძღვნება ფსალმუნი, იყო ქრისტე, - შემდეგ კი აგრძელებს: "განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით" (ფსალმ. 71:1-2). ის, რომ ქრისტე თავის მსახურთა მტრებს ებრძვის, ფსალმუნთმგალობელი აცხადებს მით, რომ გამოსახავს მას საომრად აღჭურვილს და ბრძანებსს: "შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო. შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი" (ფსალმ. 44:4-5), შემდეგ კი ამატებს: "ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი" (ფსალმ. 44:6) (ეკუმენიოსი) (Комментарий на Откровение. TLG 2866.001, 206.15-207.24).

12. თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა.

"გამოსვლათა" წიგნის მეშვიდე თავში ღმერთი ღვთაებრივი მოსეს პირით ამბობს: "ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: მე ვარ უფალი. მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი (ელ შადაი). ხოლო ჩემი სახელი - უფალი - არ გამიმხელია მათთვის" (გამ. 6:2-3). ის აჩვენებს, რომ უფრო მეტია, ვიდრე ამის დატევნა ადამიანის სმენას ძალუძს. ამიტომაც, როდესაც მოციქულებს აძლევდა დარიგებას, თუ როგორ უნდა მოენათლათ ღმრთისშემეცნებისკენ მოქცეულნი, უფალმა ბრძანა: "ნათელ ეცით მათ სახელითა" (ძვ. ქართ.: "ნათელ-სცემდით მათ სახელითა"), ხოლო როცა თქვა "სახელითა" არ გააჟღერა მათი ნამდვილი არსი. მან მოციქულებს აუწყა ის სახელები, რომლებიც უთითებენ კერძო თვისებებსა და მიმართებებზე. პირველად მან გამოიყენა: "სახელითა მამისა და ძისათა" და დაამატა: "სულისა წმიდისათა" (მათე 28:19). ამის გამო, რაც უფრო საფუძვლიანად გვიჩნს, გამოცხადების წიგნშიც არ მიიჩნევს უფალი დასაშვებად, რათა ყველასთვის ცნობილი ყოფილიყო მხოლოდშობილი ძის ნამდვილი სახელი (არსი) (ეკუმენიოსი) (Комментарий на Откровение. TLG 2866.001, 208.2-15).

"ქრისტე გამოდის როგორც ტრიუმფატორი, და მას "მრავალი გვირგვინი ადგას თავზე", ის ხომ მეფეთ მეფეა ყოველგვარი ცოდვის შემწველი და საკუთარი თვალების ნათლით უკუნი ბნელის განმაქარვებელი. მას მრავალი გვირგვინი ადგას თავზე, როგორც მშვიდობისა და კეთილ საქმეთა აღმასრულებელს, რამეთუ ყოველი ჭეშმარიტი და კეთილი საქმე აღესრულება უფლის ჩვენის იესუ ქრისტეს ძალით: "უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ" (იოანე 15:5). და გვირგვინები, რომლებიც დადგმება ცხონებულთ, ეს ქრისტეს გვირგვინებია.

"და და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა", რაც ნიშნავს, რომ სიტყვებით მისი სახელის, ანუ მისი ბუნებების გამოთქმა შეუძლებელია. სოლომონის სიბრძნის წიგნში მის შესახებ ასეა ნათქვამი: "იგია სული გონიერი, წმიდა, მხოლოდშობილი, მრავალწილიანი, ნატიფი, მოძრავი, მკაფიო, შეურყვნელი, ნათელი, უვნებელი, კეთილისმოყვარე, მახვილი, დაუბრკოლებელი, ქველისმოქმედი, კაცთმოყვარე, მტკიცე, შეურყეველი, უშფოთველი, ყოვლადძლიერი, ყოვლისმხედველი, ყოველ გონიერ, განწმედილ და ფაქიზ სულში შემაღწეველი" (სიბრძნე 7:22-23). მაგრამ ქრისტეს არსის ბოლომდე გამოთქმა არავის ძალუძს, მისი დიდება კი არის გამოუთქმელი. ქრისტეს ბუნება იცის მხოლოდ მამამ, რომელმაც საკუთარი არსისგან შვა იგი" (მღვდ. დანიელ სისოევი).

"გახსნილი ცა " ნიშნავს ქრისტეს მოსვლას, რომელიც ციდან მოვა, მსგავსად იმისა, როგორც მიწიერი მეფეები ფარდის ახსნით იუწყებოდნენ განაჩენის გამოტანის ჟამს და დამნაშავეთა დასჯას. "თეთრი ცხენი" წმინდანთა ბრწყინვალებაზე მიუთითებს, რომლებზე დავანებული ქრისტე განსჯის განიკითხავს ერებს, გამოავლენს ცეცხლს თავისი ცეცხლოვანი თვალებიდან, ანუ თავისი ყოვლისმხედველი და განმანათლებელი ძლიერებით, რომელიც განანათლებს მართალთ და შესწვავს ცოდვილთ.
მრავალი გვირგვინი ან მის ძალაუფლებაზე მიუთითებს ყოველივე მიწიერსა და ზეციერზე ან კიდევ მის გამარჯვებაზე ცოდვილთა მიმართ. ის, რომ მისი სახელი არავინ იცის ნიშნავს მისი არსის მიუწვდომლობას, რადგან მას მრავალი აქვს სახელი თავისი განგებულებითა და ჩვენი ცხონების საქმის აღმშენებლობის მიხედვით, კერძოდ: კეთილი, მწყემსი, ნათელი, მზე, სიცოცხლე, სიმართლე, გამოსყიდვა,სიწმიდე, ასევე უკუთქმითი სახელები, რომლებითაც უარიყოფა ქმნილი ყოფიერებისთვის დამახასიათებელი უკმარობანი და არასრულყოფილებანი. ეს სახელებია: უხრწნელი, უკვდავი, უცვალებელი, უხილავი, თავისი არ სით კი ის უსახელოა, რადგან მიუწვდომელია და არავინ იცის თავად მისა, მამისა და სულიწმიდის გარდა (ანდრია კესარიელი).

13. სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა.

"ღმრთის სიტყვის სამოსი მისი უხრწნელი და უწმიდესი ხორცია, რომელიც ჯვარზე ვნებისას მისი უწმიდესი სისხლით შეიღება. რატომ იწოდება აქ სიტყვად ის, ვისი სახელიც არავინ იცის? ან იმისთვის, რომ მითითებულ იქნას მისი ძეობრივი იპოსტასი და უვნებო შობა მამისგან ისევე, როგორც ჩვენი სიტყვა იშვება ჩვენი გონებისგან ან იმიტომ, რომ საკუთარ თავში მოიცავს ყოველი არსებულის გონივრულ გამართლებას, ან კიდევ იმიტომ, რომ ის არის მამის ძალისა და სიბრძნის მაუწყებელი" (ანდრია კესარიელი).

"როგორც ჩანს აქ მითითებულია სიტყვის ვნებაზე, როგორც "თეთრი ცხენი" მიუთითებს მის უბიწო შობაზე, "სისხლით შეღებილი სამოსი" კი - დაუმსახურებელ სიკვდილზე. "სახელი მისი - ღვთისა სიტყვა", რადგან ის, ვინც გარკვეულ დროს მოვიდა როგორც კაცი, რომელსაც მოუწევდა ვნება და სიკვდილი, დასაბამიდანვე იყო ღმერთი ღმერთთან. "სიტყვად" ის ან იმიტომ იწოდება, რომ თავისი არსების ბუნებაში არაფერი აქვს ხილული ან ხორციელი, ან კიდევ იმიტომ, რომ მამამ ყოველივე გვამცნო მის მიერ. როგორც ზემოთ ითქვა, მისი არსის სრული შემეცნება მისაწვდომია მხოლოდ თავად მისთვის და მამისთვის. "მშვიდობა ღმრთისა ყველა გონებაზე უზენაესია" (ფილიპ. 4:7), ანუ ის მშვიდობა, რომლითაც თვით ღმერთი ცხოვრობს სამყაროში თავისთან ერთად, ყოველგვარი ქმნილების შემეცნებას აღემატება, ანუ, როგორც ადამიანებისას, ასევე ანგელოზებისასაც. რადგან, "დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისჴმისა მისისა არა არს რიცხჳ" (ფსალმ. 146:5). და როდესაც ითქმის: "გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას", მხედველობაშია ის, რომ ვინც იცის ძე და მამა ისინი ოდენ თავისი ქმნილებითი შემეცნების ფარგლებში იცის" (ბედა პატივდებული. Изложение Откровения. Cl. 1363, 3.19.189.38)

14. ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი.

"ცაში ყველა ეკლესია, "დაუბურავი სახით ვჭვრეტს უფლის დიდებას, როგორც სარკეში" (2 კორ. 3:18); მადლით გულგანწმენდილი და განსპეტაკებული ისინი ყველა მისდევენ ქრისტეს "თეთრ ცხენებზე" ამხედრებულნი, ანუ წმიდა სხეულებით და გონებით მიჰყვებიან წინ მიმავალ ქრისტეს, რომლის შესახებაც ნათქვამია "ქებათა ქებაში": "სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი და თავად სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. ამის გამო უყვარხარ ქალწულებს"" (ქება 1:2-3) (პრიმასი ღადრუმენტელი. Комментарий на Откровение. Сl. 0873, 5.19.161.

ქრისტეს - ზეციერ ძალთა მხედართმთავარია, ასე უწოდა საკუთარ თავს თვით უფალმა, იესუ ნავეს ძესთან ვკითხულობთ: "უფლის მხედრობის თავი ვარ" (შეად. ნავ. 5:14). წმიდა ანგელოზთა ცხენები თეთრია, რადგან ანგელოზები ტკბებიან ადამიანთა წმიდა საქმეებით, ისევე როგორც თვითონაც წმიდანი არიან ბუნებით და არ გააჩნიათ არანაირი ბიწიერება. ამას აჩვენებს "სპეტაკი და წმიდა ბისონით" შემოსვა" (ეკუმენიოსი. Комментарий на Откровение. TLG 2866.001, 208.23-209.5)

"ციური ლაშქარი" - ეს თვით პატარძალია, რომლის შესახებაც ზემოთ ითქვა, რომ მომზადებულია კრავის ქორწილისთვის. "თეთრ ცხენებში" იოანე ან სარწმუნოების სიწმიდეს გულისხმობს, ან კიდევ მასში მკვდრეთით აღდგომის შემდეგ აღორძინებულებს წარმოაჩენს. "სპეტაკი და წმიდა ბისონი" - როგორც უკვე ითქვა, წმინდანთა მართალი საქმეებია" (აპრინგი. Трактат на Откровение. CCSL 107:73).

15. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი.

"ქრისტეს ეს მახვილი, მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს არა მახვილს მოძღვრისა (გამოცხ. 1:16), არამედ მეფისა, რომელიც აღასრულებს თავის სამსჯავროს, რომლითაც დასჯის უკეთურთ (ესაია 11:4). ისინი დაიმწყემსებიან რკინის კვერთხით - ეს გამოთქმა აღებულია ფსალმუნიდან (ფსალმ. 2:9), და განმარტებულია გამოცხადებაში (გამოცხ. 2:27, 12:5) (ამბერკი ტაუშევი).

"მახვილი ნიშნავს დასჯას, რომელიც ღმრთის სამართლიანი მსჯავრით მისი პირიდან მოიწევა უკეთურ ცოდვილებზე. ისინი დაიმწყემსებიან შეუმუსრავი რკინის კვერთხით მარადიული ტანჯვისთვის და მათი უკეთურების აღსაკვეთად, რასაც არ განიცდიან წმინდანები, რადგან, ფსალმუნთმგალობელის თქმით, "რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე" (ფსალმ. 124:3). ის დაწურავს რისხვის საწნახელს, რადგან მამა არავის სჯის, რამაედ მას (ქრისტეს), ვითარც კაცს გადასცა სამსჯავრო, რომელიც მას, როგორც ძეს, დასაბამიდანვე გააჩნდა" (ანდრია კესარიელი).

16. ხოლო სამოსსა და თეძოზე აწერია მისი სახელი: მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი.

"სამოსი", რომელსაც, წმიდა ანგელოზთა თანახმად აქვს გონიერი სული, სიმბოლურად განკაცებული უფლის ხორცია: "რატომ არის წითელი შენი ტალავარი და შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით?" (ესაია 63:2). მაშასადამე, სიმბოლური მინიშნება, როდესაც ლაპარაკობს "სამოსსა და თეძოზე წარწერილ სახელზე", წარმოაჩენს იმას, რომ ემანუელი - მეფეა მეუფეთა, რომ სიტყვა, რომელიც იპოსტასურად შეუერთდა ხორცს, იშვა ქალწულისგან, კვლავ ყოველთა მეფე და უფალია როგორც ცაში, ასევე მიწაზეც და განკაცების შემდეგ უკნინესი როდი გახდა თავისი ღირსებით. რამეთუ, განკაცებული ქრისტე იყო, არის და იქნება ღმერთი" (ეკუმენიოსი. Комментарий на Откровение. TLG 2866.001,210.9-22).

ქრისტე - დასაბამია, ქრისტე - საფუძველია, რომელზეც აშენებს პავლე. ქრისტე - კეთილი მწყემსია, რომელიც სულს დადებს თავისი ცხვრებისთვის (იოანე 10:15). ქრისტე არის "თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა" (კოლას. 2:10). ის არის თავი ეკლესიისა. ამიტომაც არის ნათქვამი: "ყოველი კაცის თავი ქრისტეა" (1 კორ. 11:3), რომ ის არის ეკლესიის თავი. შედეგად, ის არის მამა, რადგან მასში ნათლისღებით ხელახლა იშვებიან დედამიწის ხალხები. მისი "თეძო", რომელსაც "აწერია მისი სახელი", - მორწმუნეებია, რომელთაც ძემ ღვთისამ, ანუ იესუ ქრისტემ, რწმენითი მიშვილების ძალით ძენი უწოდა. მისი "სამოსი" - კაცობრივი ბუნების მიღებაა, და რადგან (ქრისტე) - ორი არსის ერთი იპოსტასია, ჩვენც აღვიარებთ მასში ღვთაებას სამოსში, ანუ უფლის სხეულის საიდუმლოს. წერილ არს, რომ "მისი სხეულის სამოსსა და თეძოზე აწერია მისი სახელი: მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი". ეს მის თეძოზე იმიტომ აწერია, რომ ყველა, ვინც რწმენით იწოდა ძედ, მაშინ, დაუოკებელი აღმსარებლობით დაამოწმებს, რომ ის (ქრისტე) - არის "მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი" (აპრინგი. Трактат на Откровение. CCSL 107:74).

"სახელი "მეუფეთა მეუფე" უთითებს განკაცების შემდეგ ბუნებათა განუყოფლობას; როდესაც ის ევნებოდა რჩებოდა ღმერთად, და იყო რა ღმერთი, არის "მეუფეთა მეუფე", ანუ მეუფებს ვნებებზე, "უფალი უფლებათა", ანუ უფალი იმათი, ვინც ცოდვაზე იუფლეს ქრისტეს მეშვეობით, უფალი მათი, ვინც მიიღებს მეუფებას მომავალ საუკუნეში" (ანდრია კესარიელი).


17. და ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი, ხმამაღლა რომ შესძახა და უთხრა შუა ცაში მფრინავ ყველა ფრინველს: მოდით და ღვთის დიდ სერობაზე შემოკრბით.

ჩვენი აზრით ეს ერთ-ერთი უზენაესი ანგელოზთაგანია, რადგან ის სხვებს უბრძანებს იხარონ უკეთურთა დასჯა და ცოდვის შეწყვეტა. "ფრინველებად" ანგელოზები იწოდებიან თავიანთი ფრენის სიმაღლისა და სისწრაფის გამო, რომელიც ჩვენი გამოსწორებისა და დამოძღვრისკენ არის მიმართული. ღმრთის ნების აღსრულება მათთვის არის საკვები, რითაც ისინი ბაძავენ ქრისტეს. ისინი ფრენენ "შუა ცაში", რათა ყველამ ისმინოს სასიხარულო მოწოდება და ყველასთვის მისაწვდომი იყოს წმინდანთა შუამავლობა, რომელიც კიბესავით შეეწევა დაბლიდან მაღლა ამსვლელთ. სწორედ ისინი (ანგელოზები) "ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს" (1 თესალონიკ. 4:17).

იდუმალთმხილველმა იხილა მზეზე მდგომი ანგელოზი: რადგან "მზე" საყოველთაო ეკლესიის რწმენაა, რომელზეც, როგორც წერია, დგას ეს ანგელოზი. მის შესახებ დანიელი ასევე ამბობს: "იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი" (დანიელ. 12:1). რამეთუ, როგორც მაშინ, ძველი ისრელის ძეთა მფარველად იდგა ღვთის წინაშე წმიდა მთავარანგელოზი, ასევე ახლაც, მთელი საყოველთაო ეკლესიის მორწმუნეთა მუდმივი შუამდგომელია იგი. დანიელი ამბობს: "ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა" (დანიელ. 12:1). ამ დროს, ბრძანებს თავის გამოცხადებაში წმიდა იოანე, შეიკრიბებიან მიწის ფრინველნი, რათა გაძღნენ უკეთურთა მძორით (იხ. გამოცხ. 19:21) (აპრინგი. Трактат на Откровение. CCSL 107:75).

ეს არის ქადაგება ეკლესიაზე, რომელიც, რაც უფრო ცდილობენმის ჩახშობას, მით უფრო ბრწყინავს და ანათებს, მით უფრო თავისუფლად ჟღერს. "ფრინველებად" წმინდანებს ხმობს, რომლებიც თავიანთ ცხოვრებაში ცაში ატარებენ (ბედა პატივდებული. Изложение Откровения. Сl. 1363, 3.19.190.29).

"მე ვფიქრობ, რომ ეს წმიდა ანგელოზი - საღმრთო მხედრობის მაუწყებელია და ის მოუწოდებს ცაში მყოფ ყველა წმიდა ანგელოზს, რომლებსაც აქ მაღლა ფრენისადმი მათი უნარის გამო "ფრინველებად" ხმობს, მონაწილეობა მიიღონ მტრების შემუსვრაში. არა იმიტომ, რომ საკმარისი არ იყო ერთი ანგელოზი მტრების გასანადგურებლად, რადგან ეს ნათლად აჩვენა იმან, ვინც ერთ ღამეში ამოწყვიტა 185 ათასი ასირიელი (იხ. 2 მეფ. 19:35), არამედ იმისთვის, რათა ყველამ გაიზიაროს მტრების დამარცხების სიხარული. ჩემი წარმოდგენით ისინი წინასწარმეტყველთან ერთად ამბობენ: ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედაო? სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე" (ფსალმ. 138:21-22) (ეკუმენიოსი. Комментарий на Откровение. TLG 2866.001, 211.13-212.7).

18. რათა ჭამოთ მეფეთა, ათასისთავთა და ძლიერთა ხორცი, ცხენთა თუ მხედართა, მონათა თუ თავისუფალთა, დიდთა თუ მცირეთა ხორცი.

"ამის შემდეგ იდუმალთმხილველი ხედავს ანგელოზს, რომელიც დგას მზეზე და ყველას მოუწოდებს იხარონ უკეთურთა დასჯისა და ცოდვის შეწყვეტის გამო: "მოდით და ღვთის დიდ სერობაზე შემოკრბით" ("რათა ჭამოთ მეფეთა, ათასისთავთა და ძლიერთა ხორცი") (მ.18)". - მტაცებელი ფრინველებისადმი ანგელოზის ეს მიმართვა სიმბოლურად ღმრთის მტერთა დამარცხებაზე მიანიშნებს, რომელიც იმდენად საშინელი იქნება, როგორც ეს ხდება სისხლისმღვრელ შეტაკებაზე, სადაც მოკლულთა გვამები, მათი სიმრავლის გამო, დაუმარხავი რჩება და მტაცებელი ფრინველები ჭამენ" (არქიეპ. ამბერკი (ტაუშევი)).

"ხორცის ჭამა ნიშნავს ყოველივე ხორციელის განადგურებას, დედამიწის მთავართა გაქრობას. "ცხენები" ნახსენებია არა იმიტომ, რომ ისინიც აღდგებიან და დაექვემდებარებიან განკითხვას, არამედ მზაკვრობით შეპყრობილ და ცხენებივით დაუოკებელ მექალთანე კაცებზე მიუთითებს. "მხედრები" ისინი არიან, ვინც ბოროტება შეიყვარა, რაც განიმარტება სიტყვებით: "მონათა თუ თავისუფალთა, დიდთა თუ მცირეთა", რადგან "თავისუფალნი და დიდნი აქ იწოდებიან ისინი, ვინც საკუთარი ნებით ბევრი შესცოდა, ხოლო "მონები და მცირენი" არიან ისინი, ვინც მცირედ ან უგულისხმოდ სცოდავდა, ასაკისა თუ იძულების გამო" (ანდრია კესარიელი).

19. ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი, ერთად შეკრებილნი, რათა შებმოდნენ ცხენზე მჯდომსა და მის მხედრობას.

"ლაშქარში" უკეთურების უკიდურესი დაძაბულობა და გაძლიერება უნდა ვიგულისხმოთ, რომლის ღვთისმბრძოლობა განსაკუთრებით გააფთრდება უფლის მეორედ მოსვლის წინ. უკეთურნი დაემსგავსებიან ლაშქარს, რომლებიც ღმრთის წინააღმდეგ გამოვლენ და ღმერთს საბრძოლველად გამოიწვევენ" (ა. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია).

"დაიწყებენ ომს უფალთან და მის ანგელოზებთან ეშმაკი და ანტიქრისტე - უკანასკნელი მტერი ქრისტესი, რომელიც მხეცის მსგავს ეშმაკის ცრუწინასწარმეტყველად იწოდება; საომრად გამოვლენ ასევე მათი მომხრე მეფეებიც; მაგრამ სიტყვის წარმოთქმაზე უსწრაფესად განადგურდებიან. რამეთუ რას ლაპარაკობს მათზე წმიდა წერილი? ესაიას მიხედვით: "შეწყალებულ იქნება ბოროტეული, მაგრამ სიმართლეს ვერ ისწავლის; იუკუღმართებს წრფელ ქვეყანაში და უფლის დიდებას არად ჩააგდებს" (ესაია 26:10), ხოლო მათი უეცარ განადგურებაზე ლაპარაკობს მოციქული: "და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით" (2 თესალონიკ. 2:8). და რა არის სულის შებერვაზე და გაქრობაზე უფრო მოკლე? (ეკუმენიოსი. Комментарий на Откровение. TLG 2866.001, 212.12-21).

"ამ სიტყვებს თუ წმიდა დანიელის სიტყვებს შეადარებ, იმავე აზრს იპოვი: "მაგრამ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაძრწუნებს მას და მეტისმეტად განრისხებული გამოენთება მრავალთა ამოსაჟლეტად და დასაღუპად" (დანიელ. 11:44). გამოცხადებაში კი ნათქვამია, რომ "დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი, ერთად შეკრებილნი" გამოვლენ, "რათა შებმოდნენ ცხენზე მჯდომსა და მის მხედრობას", ანუ უფალ იესუ ქრისტესა და მის მხედრობას, ანუ ყველა მის წმინდანს, რომლებიც მას მისდევდნენ" (აპრინგი. Трактат на Откровение. CCSL 107:75).

"ცოდვათა მრავალსახოვნებისთვის ეშმაკის მომხრეები და მასთან ერთად მებრძოლნი მოხსენიებულნი არიან მრავლობითში - "ლაშქარნი"; თუმცა ისინი უმცრესი ნაწილია ანგელოზურ ძალთა და წმინდანებთან შედარებით; ხოლო ქრისტეს მიმდევრებს ღმრთისმოყვარებაში ერთსულოვნებისათვის "მხედრობად", ანუ მხოლობით რიცხვში მოიხსენიებს" (ანდრია კესარიელი).

20. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში.

"ისინი ეწინააღმდეგბოდნენ ქრისტეს მათდამი მორჩილ მეფეებთან და თავადებთან ერთად, მაგრამ ორივენი - ანტიქრისტეც და ცრუწინასწარმეტყველიც, რომლებიც სასწაულებს იქმოდნენ იმისთვის, რათა ცთუნებულთ უფრო ადვილად მიეღო მტარვალი, დამარცხდებიან და დაისჯებიან ღმრთის სამართლიანი რისხვით.
"ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში". противились შესაძლოა ანტიქრისტე და ცრუწინასწარმეტყველი საერთო სიკვდილით კი არ მოკვდნენ, არამედ პირდაპირ მეორე სიკვდილით დაისჯებიან ცეცხლოვან ტბაში შთაგდებით. საუკუნო სამსჯავროზე წავლენ ცოცხლად დარჩენილნი, რაზეც ლაპარაკობს მოციქული, რომ ისინი, "ერთ წამში, თვალის დახამხამებაში" შეიცვლებიან, "როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი" (1 კორ. 15:52). ღმრთის ეს ორი მოწინააღმდეგე კი, პირიქით, პირდაპირ წავლენ არა სამსჯავროზე, არამედ სასჯელში. მოციქულის სიტყვების საფუძველზე, რომ ანტიქრისტე შეიმუსრება ღმრთის ბაგეთა სულით (იხ. 2 თესალონიკ. 2:8), და ერთი მოძღვრის აზრი, რომ ცოცხლები იქნებიან ანტიქრისტეს მოკვლის შემდეგაც, ზოგიერთს სხვანაირად ესმოდა ეს სიტყვები. ჩვენ კი ვამტკიცებტ, რომ ცოცხლებში იგულისხმებიან ისინი ვისაც ეფერება დანიელი, ხოლო ეს ორი, იმის შემდეგ, რაც ღმერთი მათ ძალაუფლებას წაართმევს, უხრწნელი სხეულებით ჩაგდებულ იქნებიან ცეცხლის გეენაში, რაც მათთვის იქნება სიკვდილი და მოკვლა ქრისტეს ღვთაებრივი განკარგულებით" (ანდრია კესარიელი).

"განსაკუთრებულად არის აღწერილი ანტიქრისტეს (მხეცის) და ცრუწინასწარმეტყველის დასჯა. როგორც უკვე ვთქვით, "მხეცი" - ეს არის უკანასკნელი ღმრთისმბრძოლის განსაზღვრული პიროვნება და, ერთდროულად, საერთოდ ყოველგვარი ღმრთისმბრძოლი ხელისუფლების განსახიერებაც. ცრუწინასწარმეტყველი - ეს არის უკანასკნელი ცრუწინასწარმეტყველი (ანტიქრისტეს თანაშემწე), ასევე ყოველგვარი ფსევდორელიგიურობისა და გარყვნილი საეკლესიო ხელისუფლების სახე" (ეპ. ალექსანდრე მილეანტი).

"როდესაც ანტიქრისტე ყველაფერს გააპარტახებს ამ სამყაროში, იმეფებს სამწელიწად ნახევარს და დაჯდება იერუსალიმის ტაძარში, მაშინ მოვა ზეცითგან უფალი მამის დიდებით და ყველას, ვინც დაემორჩილა ანტიქრისტეს ჩააგდებს ცეცხლის გეენაში, ხოლო მართალთ გადასცემს სასუფეველს, ანუ განსვენებას, კურთხეულ მეშვიდე დღეს და აღადგენს აბრაამისთვის აღთქმულ მემკვიდრეობას, სამეფოს, რომელშიც, უფლის თქმით: "მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში" (მათე 8:11) (
წმ. ირინეოს ლიონელი. "Против ересей", V, 30, 4).


21. დანარჩენები კი მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ყველა ფრინველი მიაძღა მათ მძორს.

"საშინელი, მტაჯნველი ცვლილება მოხდება უფლის ბრძანებით: უკეთურნი ("დანარჩენები") მოკლულ იქნებიან "ცხენზე მჯდომარის მახვილით", ანუ ღმრთის ყოვლისშემძლეობისა და სამართლიანი მსჯავრის მოქმედებით. მათი ადრიდელი სხეულები ფრინველთა საჯიჯგნი გახდება; მტანჯველ პროცესში გარდაიშვებიან ისინი ახალ სხეულებში (ანდრია კესარიელი), რომელიც მარადიული სატანჯველისა და განუწყვეტელი ტკივილის მარადიული შეგრძნების შესაბამისი იქნება" (ა. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია).

"ჩვენი უფლის იესუ ქრსიტეს მსჯავრით და მისი პირიდან გამომავალი მახვილით მოისრებიან ყველანი, ვინც დაუჯერა ეშმაკს (იხ. ესაია 11:4; 2 თესალონიკ. 2:8) და მათ მძორს მიაძღება ყველა ფრინველი (შეად. მეორე რჯლ. 28:26; 1 მეფ. 17:44, 46; იერ. 16:4; იერ. 19:7) (აპრინგი. Трактат на Откровение. CCSL 107:76).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню