აპოკალიფსისის განმარტება_VII_20_1_3 ურჩხულის ჩამწყვდევა უფსკრულში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ურჩხულის ჩამწყვდევა უფსკრულში

(თ. 20:1-3)
ურჩხულის ჩამწყვდევა უფსკრულში
ახალი ქართულით:

1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი. 2. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით. 3. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს. 4. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს. 5. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა. 6. ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს. 7. ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან. 8. და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა, 9. მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი. 10. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე. 11. მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი. 12. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები. 13. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული. 14. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი. 15. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში.


ძველი ქართულით:

1. და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტე უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა. 2. და შეიპყრა ვეშაპი იგი - გუელი დასაბამისაჲ, რომელი არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. 3. და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ. 4. და ვიხილენ საყდარნი, და დასხდეს მათ ზედა, და საშჯელი მიეცა მათ და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათჳს იესუჲსა და სიტყჳსათჳს ღმრთისა, და რომელთაცა არა თაყუანის-სცეს ხატსა მას მჴეცისასა და არცა მიიღეს ბეჭედი მისი შუბლთა ზედა, ანუ ჴელთა მათთა, და ცხოვნდეს და სუფევდეს ქრისტეს თანა ათასსა მას წელსა. 5. და სხუანი იგი მკუდარნი არა ცხოვნდეს ათასსა მას წელსა. ესე არს აღდგომაჲ იგი პირველი. 6. ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას შინა პირველსა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ იყვნენ მღდელ ღმრთისა და ქრისტესა, და სუფევდენ მის თანა ათასსა მას წელსა. 7. და შემდგომად ათასისა მის წლისა განიჴსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თჳსისა. 8. და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათა და ბრძოლად, რომელთა სიმრავლე ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ. 9. და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და გარე-მოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი. 10. და ეშმაკი, რომელი-იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუწინაწარმეტყუელი, და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე. 11. და ვიხილე საყდარი დიდი სპეტაკი და მჯდომარე მას ზედა, რომლისა პირისაგან ლტოლვილ იქმნა ქუეყანაჲ და ცაჲ, და ადგილი არა ეპოვა მათ. 12. და ვიხილენ მკუდარნი, მდგომარენი წინაშე საყდრისა მის. და წიგნნი განეხუნეს და სხუაჲ წიგნი განეღო, რომელ არს ცხორებისაჲ. და განისაჯნეს მკუდარნი წერილთა მათგან წიგნთა მათ შინა საქმეთაებრ მათთა. 13. და მოსცნა ზღუამან მკუდარნი, რომელნი იყვნეს მას შინა; და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცნეს მკუდარნი, რომელნი იყვნეს მათ შორის. და განისაჯა თითოეული საქმეთაებრ თჳსთა. 14. და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა. ესე სიკუდილი მეორე არს ტბაჲ იგი ცეცხლისაჲ. 15. და რომელიცა არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა.
შინაარსი


VII. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეხუთე თანამიმდევრობა

ურჩხულის ჩამწყვდევა უფსკრულში (თ. 20:1-3)

მეოცე  თავში გადმოცემული ხილვა წარმოადგენს არც თუ მცირე სირთულეს სატანის 1000  წლით შეკვრისა და ქრისტეს ათასწლოვან მეუფებასთან დაკავშირებით. მაგრამ  უნდა ითქვას, რომ როგორც ამ საკითხთან დაკავშირებული სირთულეები, ასევე  პასუხთა მრავალფეროვნება გამომდინარეობს არა იმდენად ტექსტის სირთულისგან,  რამდენადაც წინასწარ აკვიატებული აზრისგან, რომლითაც იწყებენ მკვლევარები  ამ ადგილის განმარტებას.

ჩვეულებისამებრ კომენტატორები 20-ე თავის შინაარსს უშუალოდ 19-ე  თავს უკავშირებენ და განიხილავენ მას, როგორც ამ უკანასკნელის უშუალო  გაგრძელებას; გამომდინარე აქედან კი ცდილობენ განმარტონ იგი მიზეზობრივი და  დროითი თანამიმდევრობის თვალსაზრისით. ჩვენის აზრით ამგვარი მიდგომა  არასწორია. 20-ე თავი სულაც არ დგას წინა თავთან უშუალო მიმართებაში.  ის თვითონ იწყებს ხილვათა ახალ წყებას და ამ წყებაში პირველ რგოლს  წარმოადგენს. ამიტომაც, ამ თავის მოვლენებს ჩვენ განვიხილავთ არა წინა  თავთან მიმართებაში, არამედ აპოკალიფსისის საერთო შინაარსთან კავშირში,  როგორც გამოცხადებასთან ეკლესიის ისტორიის შესახებ იესუ ქრისტეს მარადიული  სუფევის დაწყებამდე.

***

1-3.  ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის  გასაღები და გრძელი ჯაჭვი.  და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი,  რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით. უფსრულში ჩააგდო  და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე  არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს.

საღმრთო განგებულების წინანდელი  გამოვლენის ბოლო ხილვაში გამოცხადება შეჩერდა იმ საშინელ და მტანჯველ  ხვედრზე, რომელიც ელოდება ყველა უკეთურს, რომელიც უფლის მეორედ მოსვლას  მოესწრება. მაგრამ იმის ნაცვლად, რათა გახსნას უფლის ყველაზე საშინელი  სამსჯავრო და გვაუწყოს სამყაროს გადასვლა ახალი ცხოვრებისკენ, გამოცხადება,  საღმრთო განგებულების მეხუთე თანამიმდევრობის გამოვლენის დასაწყისში,  კვლავ დედამიწაზე ქრისტეანული ეკლესიის ისტორიას უბრუნდება.

20-ე  თავის პირველი მოვლენა ეხება დროის იმავე პერიოდს, რომელსაც  განეკუთვნებიან პირველი და მეოთხე თანამიმდევრობის მოვლენები. იქ თეთრი  ცხენის სახით ნაუწყები იყო მსოფლიოში ქრისტეანობის გავრცელება (6:2), ხოლო  ნათელმოსილი ქალისა და ურჩხულის დაპირისპირების სახით ეშმაკთან მებრძოლი  ქრისტეანული ეკლესია წარმოგვიდგა (12:1-7). იქ ურჩხულ-ეშმაკს, რომელსაც სძლია მიქაელმა, არ შეეძლო არსებითად დაეზიანებინა ქალი-ეკლესია; მისი ძე-წული  (მისი სრულყოფილი წევრები) აღტაცებულ იქნენ ღმრთის საყდრისკენ, ხოლო თვით  ქალმა, რომელიც გაექცა ეშმაკის საცთურთ, თავი უდაბნოს შეაფარა; ეშმაკს  შესაძლებლობა მიეცა დაეზიანებინა ეკლესიის დარჩენილი წევრები, მხოლოდ  არასრულყოფილნი და მერყევნი (12:13-17).

ახლა 20-ე თავში  ჩვენ კვლავ ვხედავთ ეშმაკს, კვლავ ვხედავთ მას ქრისტეანულ ეკლესიასთან  დაპირისპირებულს, თუმცა ეს დაპირისპირება ამჯერად განხილულია სხვა  მიმართებით, კერძოდ, ქრისტეანთა ძლევამოსილი ბრძოლის მხრივ მათი  დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ.

იოანე ხედავს "ზეციდან ჩამომავალ  ანგელოზს", რომელსაც არანაირ ეპითეტს არ ანიჭებს და არ ამბობს, ვინ  შეიძლება ის იყოს. ზოგიერთი კომენტატორი ამ ანგელოზში თვით იესუ ქრისტეს  გულისხმობს. ამ თავიანთი აზრის საფუძვლად ისინი აყენებენ შემდეგ  არგუმენტებს: 1) სამართლიან აზრს მის შესახებ, რომ მხოლოდ იესუ ქრსიტეს  გააჩნია ჯოჯოხეთის კლიტენი (1:8) და, რომ მხოლოდ ის არის ეშმაკის მძლეველი  (მათე 12:29; შეად. ებრ. 2:14; 1 იოანე 3:8; კოლ. 2:15), და 2) იმ  ვითარებას, რომ აქ გამოსახულ ანგელოზს უპყრია უფსკრულუის კლიტე, მაგრამ  ვინმესგან კი არ მიუღია იგი, როგორც ეს პირდაპირ არის ნათქვამი ვარსკვლავ-ანგელოზზე,  რომელიც აღებს უფსკრულის კარებს (9:1). მაგრამ კომენტატორთა უმრავლესობა  ამ ანგელოზში ხედავს ჩვეულებრივ ანგელოზს, როგორც ღმრთის ნების მაუწყებელსა  და აღმასრულებელს. და ეს მით უფრო სამართლიანია, რომ იდუმალთმხილველმა მას  დიდებისა და ბრწყინვალების არანაირი ატრიბუტი არ განაკუთვნა, რომლითაც  აღწერდა ის თვით იესუ ქრისტეს (14:14) და მნიშვნელოვანი მისიის მოქნე  ანგელოზთაც კი (10:1-2; 15:1).

20-ე თავის პირველ მუხლში  ნახსენები ანგელოზის მისია დაკნინებულია თვით ტექსტშიც, სადაც არაფერია  ნათქვამი გამოცხადებული ანგელოზის ბრძოლაზე ეშმაკთან და მასზე  გამარჯვებაზე; ეშმაკი აქ წარმოსდგება როგორც ადრევე დაუძლურებულად,  განადგურებულად და დამარცხებულად. ანგელოზს თავის მისიაში აღსასრულებელი  რჩება მხოლოდ ის, რომ მან უნდა შეკრას ეშმაკი და ჩაამწყვდიოს უფსკრულში.

""ეშმაკი" ითარგმნება როგორც "ქვემოთ დაქანებული", ბერძნულად კი - "ბრალმდებელი", "ცილისმწამებელი". სატანა  თარგმანში ნიშნავს "წინააღმდგომს" ან "გამყიდველს". ამგვარად, მას  "დრაკონს" უწოდებენ იმ ზიანის გამო, რომელსაც გვაყენებს; "გველად"  მზაკვრობის გამო, რომლითაც გვატყუებს; "ეშმაკად" იმისთვის, რომ თავისი  ადრინდელი პატივიდან ჩამოემხო; ხოლო "სატანად" - სიჯიუტისთვის, რომლითაც წინ აღუდგება ღმერთს" (წმ. ბედა პატივდებული. Изложение Откровения. Cl. 1363, 3.20.191.19).

"შეკრა იგი ათასი წლით". "ეშმაკის  სულიერების ცნებიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ "ჯაჭვებით" მისი  შეკვრა სულიერად უნდა გავიგოთ, როგორც მისი ბოროტი საქმიანობის აკრძალვა.  კომენტატორები განმარტავენ, რომ იესუ ქრისტეს ეშმაკზე გამოარჯვებით,  როდესაც ის ჩავიდა ჯოჯოხეთს, ხოლო მოგვიანებით, კონსტანტინე დიდის დროს  ქრისტიანობა აღზევდა სახელმწიფოში, პირადად ეშმაკს საერთოდ წაერთვა  საკუთარი მტრული უშუალო საქმიანობის შესაძლებლობა, ასე რომ, თუ ის  მოქმედებს, მხოლოდ თავისი მსახურების მეშვეობით. და ასეთი მდგომარეობა  გაგრძელდება "ათას წელს", ანუ საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ხოლო  თუ დროის თუ რა პერიოდია ეს, არავინ იცის. მხოლოდ სამყაროს აღსასრულის  წინ, ძალიან მოკლე დროით მიეცემა მას მოქმედების თავისუფლება" (პროფ. ა. ი.  ივანოვი).

"ბერძნულ გრაფიკაში ათასი აღინიშნება ასოთი ალფა (А). ალფაშია საწყისი, ანუ ქრისტე, სახელში - ჯვარი (იგულისხმება ასო X - ქრისტეს სახელის პირველი ასო - "აპოკ". რედ.), რომელიც  არის ჩვენი გამარჯვება და ბოროტი მტრის მარცხი. შედეგად, ქრისტეს ჯვრით და  მისი ძალაუფლებით წუთისოფლის მტრობას სამანი დაედო, რომელიც აცთუნებდა  მიწის მკვიდრთ. რამეთუ არანაირი დრო არ მიედინება მარადიულად და ღმრთის  მარადიულობას შეუძლებელია ჰქონდეს რაიმე დასასრული, ასევე შეუძლებელია  რაიმე რიცხვით იყოს შემოფარგლული. ამრიგად, უფლისა და ჯვრის ძალით ეშმაკი შეკრულია ქვესკნელში" (აპრინგი. Трактат на Откровение. CCSL 107:77).

"სწორედ  ამ მიზნისთვის დადო მტრობა ღმერთმა გველსა და დედაკაცს, მის თესლს შორის,  რომელიც დღემდე შენარჩუნებულია: "მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს  შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი  ქუსლს უგესლავდე!" (დაბ. 3:15). გველი იკბინება და ხელს უშლის ადამიანის  მსვლელობას, სანამ არ მოვა "დედაკაცის თესლი", რომელმაც გველს თავი უნდა  გაუჭეჭყოს (დაბ. 3:15). და მასზე ბრძანებს წინასწარმეტყველი: "ასპიტსა და  ვასილისკოსსა ზედა ხჳდოდი. და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი" (ფსალმ.  90:13), რითაც აჩვენებს, რომ ცოდვას, რომელიც აღდგა, ხელი გაიწვდინა  ადამიანის წინააღმდეგ და სიკვდილს დაუქვემდებარა, წაერთმევა ძალი მასთან  გაბატონებულ სიკვდილთან ერთად და, რომ ქრისტე ბოლო ჟამს გაქელავს  ადამიანების წინააღმდეგ გამოვარდნილ და მბრდღვინავ ლომს, ანუ ანტიქრისტეს,  "შეკრავს დრაკონს, ძველ გველს" და ოდესღაც ცოდვის მიერ ძლეული ადამიანის  ძალაუფლებას დაუქვემდებარებს. ადამი დამარცხდა და ყოველი სიცოცხლე წაერთვა;  ამიტომაც ცოდვაზე გამარჯვებით, მეორე ადამმა დააბრუნა სიცოცხლე, "და  განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი" (1 კორ. 15:26), რომელიც  ადრე ადამიანზე ბატონობდა. ამიტომაც, მაშინ, როცა საბოლოოდ გათავისუფლდება  ადამიანი: "მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: "დაინთქა სიკვდილი ძლევით;  სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?" (1  კორ. 15:54-55). ეს კი ვერ იქნებოდა სამართლიანი, რომ არ  გათავისუფლებულიყო ადამიანი, რომელზეც ადრე სიკვდილი ძალაუფლობდა. რადგან  მისი გათავისუფლება არის სიკვდილის დარღვევა. როდესაც უფალი განაცხოველებს  ადამიანს, სიკვდილი განქარდება" (მღვდელმოწ. ირინეოს ლიონელი.  მწვალებლობათა წინააღმდეგ).

ურჩხული - ეს ის ძველი გველი, ეშმაკი და სატანაა, რომლის შესახებაც უკვე იყო ლაპარაკი (12:3-4, 7-9 და 13-17).  იქ ანგელოზის ეშმაკზე გამარჯვება დამთავრდა იმით, რომ ეშმაკი თავის  მომხრეებთან ერთად განდევნილ იქნა ციდან და დაჰკარგა შესაძლებლობა ღმრთის  წინაშე წარდგომისა, რათა მუდმივად ცილი ეწამებინა კაცთათვის. მაშინ  გამარჯვება მიღწეულ იქნა იესუ ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის წყალობით,  რომლითაც ისარგებლეს ანგელოზებმაც და ქრისტეანებმაც. ახლა კი ლაპარაკია ამ  გამარჯვების შედეგზე. დამარცხებული ეშმაკი არა მარტო ჩამოგდებულია ციდან  დედამიწაზე, არამედ ჩაგდებული და დამწყვდეულია უფსკრულში.

უფსკრული (9:11, 7; 17:8) -  არ არის მარადიული ტანჯვის ადგილი (19:20; 20:10); ეს არ არის ჯოჯოხეთი,  სადაც იმყოფებიან ცოდვილთა სულები საყოველთაო აღდგომამდე და განკითხვამდე  (დაბ. 37:35; ლუკა 16:23), არამედ სატანის "კერძო ადგილი". საკუთრივ ეს  არის შეკრულობისა და შევიწროვების ბოროტ სულთათვის დამახასიათებელი  მდგომარეობა, რომელშიც ისინი იმყოფებიან ადამიანებთან მიმართებაში (ნეტ.  ავგუსტინე). ცხადია, უსხეულო სულისთვის საკვრელებიც არანივთიერი უნდა იყოს.  ასეთი შეკრულობა და შევიწროვება, რომელიც ბოროტ სულთათვის დაიწყო ჯაჭვებით  მათი დაბმის დროიდან, უნდა გაგრძელდეს "ათასი წელი".

მაცხოვრის  სიტყვებიდან გამომდინარე, რომელმაც ბრძანა: "როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს  ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს?  მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს მისი სახლის გაძარცვას" (მათე 12:29), უნდა  დავაკსვნათ, რომ სატანის შეკვრა მოხდა მხოლოდ იესუ ქრისტეს გამომსყიდველი  მსხვერპლის ძალით. მანამ სატანა წუთისოფლის სრული ბატონ-პატრონი  და  მისი თავადი იყო. თვით იესუ ქრსიტესაც კი შეჰბედა ეშმაკმა: "ყოველივე ამას  მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე" (მათე 4:9). მაგრამ, იესუ ქრისტე  სწორედ იმიტომაც მოვიდა ქვეყანაზე, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი (1 იოანე  3:5), რათა თავისი სიკვდილით "განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება  სიკვდილისა, ანუ ეშმაკი" (ებრ. 2:14). ხოლო თუ რა მნიშვნელობა აქვს  წუთისოფელზე ეშმაკის ბატონობის გასანადგურებლად ქრისტეს ჯვარცმას, გვიხსნის  თვით მაცხოვარი: "აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განვარდეს გარე" (იოანე  12:31).

დემონებმა, რომელთაც შეგნებული ჰქონდათ თავიანთი უძლურება  იესუ ქრისტეს წინაშე და ისიც, რომ მისი ტანჯვის გამო ისინი შეკრულნი  იქნებოდნენ, ევედრებოდნენ მას, რათა არ ეტანჯა ისინი დრომდე: "ვადაზე ადრე  მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად" (მათე 8:29) და არც უბრძანებდა  დანთქმულიყვნენ უფსკრულში (ლუკა 8:31).

ამრიგად,  "აქ ლაპარაკია ქრისტეს ჯვარცმით ეშმაკის შეკვრასა და დასჯაზე, რომელიც,  ჰგონებდა რა თავს ძალმოსილად, შეკრა ჩვენმა ღმერთმა, ყოვლისშემძლე ქრისტემ,  დაგვიხსნა მისი მძლავრებისგან და შთააგდო იგი ცეცხლის გეჰენაში. ეს ჩანს  იქიდანაც, რომ ეშმაკები ევედრებოდნენ მას (ქრისტეს), არ ჩაეგდო ისინი  უფსკრულში (მათე 8:31; მარკ. 5:12; ლუკა 8:32, 33). ეშმაკის შეკვრაზე  მოწმობს კერპთმსახურების შეწყვეტა, წარმართულ საკერპეთა და სისხლიან  მსხვერპლშეწირვათა მოსპობა და, ასევე, ისიც, რომ ღვთის ნება ემცნო მთელ  ქვეყანას. დიდი ირინეოსი მოწმობს, რომ ეშმაკმა პირველად ქრისტეს მოსვლის  დროს გაიგო, რომ განკითხულია საგეჰენიოდ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ზემოთ  ნათქვამში ქრისტეს მიერ ეშმაკის დასჯა უნდა ვიგულისხმოტ, ხოლო, ამ  ბრძანებას რომ ასრულებდა ანგელოზი, ნაჩვენებია იქიდან, რომ ეშმაკს არ  ძალუძს, შეეწინააღმდეგოს არათუ ღმერთს, არამედ ანგელოზსაც კი" (ანდრია  კესარიელი).

იესუ ქრისტეს ძალაუფლებაზე, რომელიც მას გააჩნდა ბოროტ  სულებზე, ლაპარაკობდნენ მისი მოციქულებიც, როდესაც შენიშნავდნენ, რომ  ეშმაკნიც კი ემორჩილებიან მის სახელს (ლუკა 10:17). წმიდა წერილში ჩვენ  ვპოულობთ გამოთქმასაც, რომელიც მოგვაგონებს გამოთქმას სატანის შეკვრისა და  უფსკრულში მისი ჩამწყვდევის შესახებ: "რადგან ღმერთმა არ დაინდო შემცოდე  ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი  განკითხვის დღემდე დასამარხავად" (2 პეტრე 2:4).

საკუთრივ, იესუ  ქრისტეს სიკვდილი და მისი აღდგომა უნდა მივიჩნიოთ იმ მომენტად, როდესაც  ეშმაკი, მოკლებული თავის ადრინდელ ძალაუფლებას უკვე გამოსყიდულ  კაცობრიობაზე, შეკრულ და განკითხულ იქნა იესუ ქრისტეს მიერ; ამიერიდან მისი  საქმიანობა ადრინდელთან შედარებით უნაყოფოა. სწორედ ამ დროს უნდა  განვაკუთვნოთ ანგელოზის სიმბოლური მოქმედება სატანის შეკვრისა და უფსკრულში  მისი ჩამწყვდევისა. ის არა მარტო შეკრულ იქნა, არა მარტო ჩამწყვდეულ იქნა  უფსკრულში, როგორც ერთგვარ საპყრობილეში, არამედ დაბეჭდულიც იქნა.

ბეჭედი  დაცვის სიმყარეზე მიუთითებს (მათე 27:66; დანიელ 6:17) და მიუთითებს  იმაზე, რომ მისით დაბეჭდულს არ შეუძლია გათავისუფლება იმის ნებისა და  სურვილის გარეშე, ვინც შეჰკრა და დაჰბეჭდა იგი. სწორედ ასეა შეპყრობილი და  დაბეჭდული ეშმაკიც, ანუ ის შეკრულია, შეზღუდულია იესუ ქრისტეს  გამომსყიდველი მსხვერპლის შედეგთა ძალით. ეს შეზღუდულობა გამოიხატება  იმაში, რომ 1) მას უკვე აღარა აქვს ის ძალაუფლება კაცობრიობაზე, რაც ადრე  ჰქონდა და არც მისი მაცთუნებლობის ადრინდელი ძალი გააცნია; და 2) ბოლო  მოეღო კერპთაყვანისმცემლობას, რომელიც იყო ეშმაკის საქმე.

მოციქულის  თქმით, წარმართები, როდესაც მსხვერპლს კერპებს სწირავენ, ამითი სწირავენ  ეშმაკს და არა ღმერთს (1 კორ. 10:20) და საყოველთაო კერპთაყვანისმცემლობის  ფაქტი შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმით, რომ ყევლა ხალხი ცთუნებული იყო  ეშმაკის მიერ (მ. 3). მაგრამ, ამიერიდან, ქრსიტეანული ქადაგების დროიდან,  ეშმაკური საცთურის ეს უკუნი სიბნელე განქარდა; სამი საუკუნის შემდეგ,  კონსტანტინე დიდის გამეფებისთვის, წარმართობამ  უკვე დაჰკარგა თავისი  ადრინდელი ხიბლი და ძალა. ის უკვე აღარ იყო საცთურის ლოდი. მაცხოვრის  თქმით, ყოველი ქრისტეანი არა მარტო თავისუფალია კერპთაყვანისცემის  საცთურისგან, არამედ იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია თავისი შინაგანი  ცხოვრებით დასძლიოს ეშმაკის საცთურნი და უკუაგდოს ისინი უფალ იესუ ქრისტეს  სახელით (მარკოზი 16:17). წმ. ვიქტორინეს თქმით: "ვინც ფხიზლობს  თავის გულში უკეთურ ჩვეულებათა წინააღმდეგ, ის არის მღვდელი ქრისტესი, და  მასთან მიმართებაში ეშმაკი ჭეშმარიტად შეკრულია".

მაგრამ რამდენად ხანგრძლივი იქნება სატანის ეს შეკვრა?  ხომ არ ეწინააღმდეგება ის იმ ქრისტეანულ რწმენას, რომ ეშმაკი ახლაც,  ქრისტეანული ეპოქის პერიოდშიც კი მოქმედებს, როგორც ადამიანთა მაცთური, და,  როგორც   "მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს" (1 პეტრე 5:8).  ზოგიერთ ადამიანთან მიმართებაში ეშმაკი მხოლოდ მაშინ არის შეკრული, როდესაც  ისინი ეფარებიან იესუ ქრისტეს სახელს და თავს იცავენ მისით, როდესაც,  როგორც წმ. ვიქტორინე ამბობს, "იცავენ მართალ სარწმუნოებას და  ქრისტეანულ მცნებებს", მაგრამ ეშმაკი სრულიად თავისუფალია უკეთურებთან  მიმართებაში და, როგორც მოციქული ბრძანებს,  ბატონობს "ნაშობთა მათ შორის  ურჩებისათა" (ეფეს 2:2), ანუ "ურჩობის შვილებზე".

ეშმაკის შეკვრა -  შეფარდებითია; ადამიანებს ოდენ შესაძლებლობა აქვთ დასძლიონ ეშმაკი, შეკრან  ის თავიანთი მიუწვდომლობით და გაექცნენ მის საცთურებსა და მახეებს, როგორც  ეს გარკვეულ იყო ძე-წულის მაგალითზე, რომელიც, გაექცა რა გააფთრებულ გველეშაპ-ეშმაკს, ღმრთის საყდრისკენ იქნა აღტაცებულ (12:5) და ასევე ქალი-ეკლესიის მაგალითზე, რომელიც უდაბნოში გაიქცა (12:6). მაგრამ ეშმაკი-გველეშაპი  იყო და არის თავისუფალი "დედაკაცის სხვა თესლის მიმართ", ანუ იმ  ქრისტეანთადმი, რომლებიც მერყევნი არიან და ურწმუნონი (12:17).

ზუსტი  და განსაზღვრული დროით ეშმაკი, როგორც ხალხთა საერთო მაცთური, შეკრულია  მხოლოდ "მიწის მკვიდრებთან" მიმართებაში, როგორც მიზეზი საზოგადო  კერპთაყვანისცემისა და ღმრთისწინააღდგომისა, როგორც "ამ ბნელი საწუთროს  მპყრობელი" (ეფეს 6:12). როგორც ასეთი, ის ღმერთმა შეჰკრა ათასი წლით.  მხოლოდ ღმრთის მიერ დაწესებული ამ ვადის გასვლის შემდეგ გათავისუფლდება  ისევ ეშმაკი და კვლავ გამოჩნდება არა მარტო როგორც გამრყვნელი ცალკეული  ადამიანებისა, არამედ როგორც სამყაროს საზოგადო მაცთუნებელი. ის მაშინ  გამოჩნდება როგორც უფსკრულის ანგელოზი (9:11), როგორც მხეცი ამომავალი  უფსკრულიდან (11:7).

როგორ უნდა გავიგოთ ეს ათასი წელი?  კომენტატორთაგან  ერთნი ამ ათასწლეულში გულისხმობენ ღმრთის მიერ განსაზღვრულ ვადას, რომელიც  უნდა გავიდეს უფლის მეორედ მოსვლიდან საყოველთაო აღდგომამდე და საყოველთაო  სამსჯავრომდე; ეს დრო, მათი აზრით, უსასრულოდ ხანგრძლივი იქნება  ბოროტებასთან ეკლესიის ბრძოლის ჟამთან შედარებით (ებრარდი). მაგრამ, ასეთი  განმარტება ეწინააღმდეგება მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას, რომელიც  ეფუძნება წმიდა წერილს (1 თესალონიკ. 4:16-17; იოანე 5:28, 29; 1 კორ. 15:51-52), რომ უფლის  მეორედ მოსვლა და მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომა იქნება ერთდროულად და  მოხდება უშუალოდ საუკუნო სამსჯავროს წინ, ყოველგვარი დროებითი შუალედის  გარეშე. დაუშვებელია ის აზრიც, რომ თითქოსდა სატანის  ათასწლოვანი  შეპყრობა უნდა ავითვალოთ კარლოს დიდის გამეფებიდან (800 წ. ) ვიდრე  ნაპოლეონის დრომდე (1800 წ.) (ან სხვა რომელიმე მსგავსი ანალოგი).

სულ  სხვაგვარად წყვეტენ ამ საკითხს წმიდა მამები და სხვა კომენტატორები,  რომელთათვისაც უცხოა აკვიატებულობა და ამიტომაც, ჯეროვანია მათ უფრო  ვერწმუნოთ, ვიდრე აქამდე ხსენებულთ. "ათას წელში, - ბრძანებს ანდრია კესარიელი, -  წელიწადთა განსაზღვრული რიცხვი "ათასი" კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ  საერთოდ წალიწადთა სიმრავლე, სრულყოფილი რიცხვი, რამეთუ ასეთად მიიჩნევიან  ის ათასებიც, რომელთა შესახებ მოწმობს დავითიც: "სიტყვაი, რომელ ამცნო  ათასამდე ნათესავად" (ფსალმ. 104:8). ეს რიცხვი საერთოდ აღნიშნავს მრავალ  წელს, რათა მთელ ქვეყანაზე იქადაგონ სახარება და დაითესოს სათნოებათა  თესლი, მაგრამ, შესაძლოა, უბრალოდ სრულყოფილ რიცხვსაც აღნიშნავდეს, რადგან,  არღარა ვართ რა (ძველი) სულის ქვეშე, მოწოდებულნი ვართ, მივაღწიოთ  "ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას" (ეფეს. 4:132).

ამგვარად, "ათასი წელი" -  ეს არის ჟამი ქრისტეს ჯვარცმიდან ანტიქრისტეს მოსვლამდე. სწორია თუ არა,  რაც ჩვენ გვესმის, რომ ათასი წელი არის ასი წელი გამრავლებული ათზე, როგორც  ზოგიერთები ფიქრობენ, ან უ ფრო მცირე ჟამი, - მხოლოდ უფალმა უწყის;  ასევე, მხოლოდ ღმერთმა იცის, როდემდეა სასარგებლო ჩვენთვის მისი  სულგრძელობა და ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამ ჯამის (ანუ "ათასი წლის")  გასვლის შემდეგ მოვა ანტიქრისტე და მთელ ქვეყნიერებას აღაშფოთებს; ის  ბელიარის მოქმედებით ადამიანებზე მთელ მის ღვარძლს გადმოანთხევს, რადგან  უწყის, რომ მცირე ჟამი აქვს და ღმრთის სასჯელს ვერ აიცდენს. ხოლო ჩვენ, დე,  გვიხსნას ყოვლადმოწყალე უფალმა სასჯელთაგან, რომელიც გამზადებულ არს  ანტიქრისტესა და მის მსახურთათვის, და მარადიულ სიკეთეთა ღირს გვყოს,  რომელსაც ეშმაკისადმი დაუმორჩილებლობისთვის მოკლულნი დაიმკვიდრებენ. ხოლო  ღმერთს, რომელიც მოწყალეა მის მსახურთა მიმართ, ეკუთვნის ქება ყოველ ზეციურ  ძალთაგან და ამქვეყნად მცხოვრებთაგან; თაყვანისცემა ქრისტეს მამითა და  სულიწმიდითურთ აწ და, მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა. ამინ" (ანდრია კესარიელი).

ამრიგად,  იმ დროიდან, რაც ქრისტემ თქვა ჯვარზე "აღსრულდა", ეშმაკის ძალაუფლებას  ძირი გამოეთხრა, და შეიძლება ითქვას, ქრისტეანობის გავრცელებით ეშმაკი  შეკრულია თავის საზოგადო მოქმედებაში აცდუნოს დედამიწის ხალხები და  მასობრივად ამკვიდროს ყველან კერპთაყვანისმცემლობანი, უხელმძღვანელოს  კერპთაყვანისმცემლურ სახელმწიფოებს, რომელთა რაოდენობა ექვსი იყო იოანეს  დრომდე. მეშვიდე სამეფო, ასევე არ იქნება თავისუფალი ეშმაკის ზეგავლენისან,  თუმცა ძალზედ მცირედი ზომით, რაზეც მიანიშნებს აპოკალიპტური ტექსტის  სპეციალური შენიშვნა, რომ "დიდხანს ვერ გაძლებს" (გამოცხ. 17:10). მაგრამ  მერვე სამეფო იქნება ეშმაკის სრული ზეიმი. მაშინ, ღმრთის ნებით  გათავისუფლებული ეშმაკი, კვლავ გამოჩნდება როგორც მსოფლიო მბრძანებელი, და  ანტიქრისტეს სახით, უსასტიკესად გამოავლენს თავის მავნე მოქმედებას. ამ  დროს განეკუთვნება უეჭველად უფსკრულიდან ამოსული მხეცის მიერ ორი მოწმის  მოკვლა (11:7), აპოკალიპტური კალიის ამოსვლა უფსკრულიდან, რომელსაც წინ  უფსკრულისავე ანგელოზი უძღვის (9:1-11) და მხეცის ამოსვლა ზღვიდან, რომლის თანამედროვე იქნება ცრუწინასწარმეტყველი-მცხეცი, რომელიც მიწიდან ამოდის (13:1-8).  მაშინ სატანისთვის დამთავრდება შეკვრის ათასი წელი, და მაშინ, როგორც  ნათქვამია, მიეცემა მას მაშინ ძალა "წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი  ძლევისა" (გამოცხ. 13:7) და დედამიწაზე თავისი უღმრთო რელიგიის კვლავ  გავრცელებისა, რათა "თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა  სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში  კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა" (გამოცხ. 13:8) და "და აცდუნებს მიწის  მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს  მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი  დარჩა" (გამოცხ. 13:14).

მაგრამ სატანის ეს პარპაში გასტანს "მცირე  ხნით" (20:3), და მისი წარმომადგენლის, ანტიქრისტეს ეს სამეფო, ისევე  როგორც ანტიქრისტეანული ჟამი იქნება არახანგრძლივი, რამეთუ "რჩეულთათვის  შემოკლდებიან ის დღენი" (მათე 24:22).

TOP. GE
Назад к содержимому