აპოკალიფსისის განმარტება_VII_21_22_1_5 ახალი იერუსალემი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ახალი იერუსალიმი

(თ. 21 - 22:1-5)
ახალი იერუსალემი
ახალი ქართულით:

1. მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის. 2. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული. 3. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან. 4. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი. 5. ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. 6. კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს. 7. მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე. 8. მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი. 9. მაშინ მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც ჰქონდათ უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ ქალს, სასძლოს კრავისას. 10. ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე, და მიჩვენა დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალიმი, ღვთისაგან რომ ჩამოდიოდა ზეცით, 11. და ჰქონდა დიდება ღვთისა, ხოლო მისი მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას. 12. ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი. 13. აღმოსავლეთით სამი ბჭე, ჩრდილოეთით სამი, სამხრეთით სამი, დასავლეთით სამი. 14. ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი ჰქონდა, და მათზე კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი. 15. ჩემთან მოუბარს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი ბჭენი და გალავანი. 16. ხოლო ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე. გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე, და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოჩნდნენ. 17. გაზომა მისი გალავანი, და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა. 18. თვით გალავანი იასპით იყო ნაგები, ქალაქი კი წმიდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი. 19. ქალაქის გალავნის საძირკვლები ნაირგვარი ძვირფასი ქვით იყო შემკული: პირველი საძირკველი - იასპით, მეორე - საფირონით, მესამე - ქალკედონით, მეოთხე - ზურმუხტით, 20. მეხუთე - სარდონიკით, მეექვსე - სარდიონით, მეშვიდე - ქრისოლითით, მერვე - ბივრილით, მეცხრე - ტოპაზით, მეათე - ქრისოპრასით, მეთერთმეტე - იაკინთით, მეთორმეტე - ამეთვისტოთი. 21. თორმეტი ბჭე თორმეტი მარგალიტი იყო, თვითეული ბჭე თითო მარგალიტია, ქალაქის მოედანი კი - ბაჯაღლო ოქრო, ჭვირვალე მინის მსგავსი. 22. ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგანაც მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი ღმერთია და კრავი. 23. ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი. 24. ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში. 25. მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ. 26. და მიიტანენ მასში ხალხთა დიდებასა და პატივს. 27. ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.


ძველი ქართულით:

1. და ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი ქუეყანაჲ წარჴდეს, და ზღუაჲ არღარა არს. 2. და ქალაქი იგი წმიდაჲ, იერუსალჱმი ახალი, ვიხილე გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თჳსისა. 3. და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი იტყოდა: აჰა, სამკჳდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა, და დაიმკჳდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ იყოს მათ შორის. 4. და აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს, არცა გლოვაჲ, არცა ღაღადებაჲ, არცა ტკივილი, რამეთუ პირველნი იგი წარჴდეს. 5. თქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ. და თქუა: დაწერე, ვითარმედ ესე სიტყუანი სარწმუნონი და ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან. 6. და მრქუა მე: ვიქმენ მე ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული. მე წყურიელსა მივსცე წყაროჲსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ. 7. რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე. 8. ხოლო მოშიშთა და ურწმუნოთა და ცოდვილთა და საძაგელთა და კაცისმკლველთა და მეძავთა და მწამლველთა და კერპთმსახურთა და ყოველთა მტყუვართაჲ ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუნწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორე. 9. და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა-იგი აქუნდეს შჳდნი იგი ლანკნანი, სავსენი წყლულებათა მათ მიერ უკუანაჲსკნელთა, და იტყოდა ჩემ თანა და მრქუა მე: მოვედ, და გიჩუენო შენ დედაკაცი იგი, სძალი კრავისაჲ. 10. და წარმიყვანა მე სულითა მთასა მაღალსა და დიდსა და მიჩუენა მე ქალაქი წმიდაჲ იერუსალჱმი, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან. 11. და აქუნდა დიდებაჲ ღმრთისაჲ. მნათობი მისი მსგავს იყო ქვასა პატიოსანსა, ვითარცა ქვასა იასპსა ბროლის-სახესა. 12. და აქუნდა ზღუდე დიდი და მაღალი და ბჭენი ათორმეტნი და სახელები წერილი, რომელ არს სახელები ძეთა ისრაჱლისათაჲ. 13. აღმოსავალით ბჭენი სამნი, და სამხრით სამნი და ჩრდილოჲთ სამნი, და დასავალით სამნი. 14. და ზღუდესა მას ქალაქისასა აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი. 15. და რომელი-იგი იტყოდა ჩემ თანა, აქუნდა საზომი ლერწამი ოქროჲსაჲ, რაჲთამცა განზომა ქალაქი იგი და ბჭენი მისნი და ზღუდენი მისნი. 16. და ქალაქი იგი მოთხვითად არს; და სიგრძე მისი, ვითარცა სივრცე. და განზომა ქალაქი იგი ლერწმითა მით ათორმეტსა ათასსა უტევანსა. ათორმეტი სიგრძე და სივრცე და სიმაღლე მისი სწორ არიან. 17. და ზღუდე მისი ას ორმეოც და ოთხი წყრთაჲ საზომითა კაცისაჲთა, რომელ არს ანგელოზისაჲ. 18. და იყო მოსწორებაჲ ნაშენები ზღუდისა მისისაჲ იასპი, და ქალაქი იგი ოქროჲ წმიდაჲ, მსგავსი ჭიქასა წმიდასა. 19. და საფუძველნი ზღუდისანი ყოვლითა ქვითა პატიოსნითა შემკულნი. საფუძველი პირველი იასპი, მეორე საფირონი, მესამე ქალკიდონი, მეოთხე სამარაგდე, 20. მეხუთე სარდონიხოჲ, მეექუსე სარდიოჲ, მეშჳდე ოქრო-ქვაჲ, მერვე ბივრილი, მეცხრე ტოპაზი, მეათე ხრჳსოპასოჲ, მეთერთმეტე იაკინთი, მეთორმეტე ამეთჳსოჲ. 21. და ათორმეტნი იგი ბჭენი იყვნეს ათორმეტნი მარგალიტნი. თითოეული ბჭე იყო ერთისა და ერთისა მარგალიტისაჲ. და უბანი ქალაქისაჲ მის - ოქროჲ წმიდაჲ და ჭიქაჲ ბრწყინვალე. 22. და ტაძარი არა მიხილავს მას შორის, რამეთუ უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, ტაძარ მისა არს, და კრავი იგი. 23. და ქალაქსა მას არა უჴმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელ მისა არს კრავი იგი. 24. და ვიდოდიან წარმართნი ნათლითა მისითა, და მეფეთა ქუეყანისათა დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მისა მიიღონ. 25. და ბჭენი მისნი არა დაეჴშნენ დღისი, რამეთუ ღამე მუნ არა იყოს. 26. და მიიღონ დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მუნ, რაჲთამცა შევიდეს. 27. და არა შევიდეს მუნ ყოველივე შეგინებული და მოქმედი ბოროტისაჲ და ტყუვილისაჲ, გარნა დაწერილნი იგი წიგნსა მას ცხორებისა კრავისასა.


VII. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეხუთე თანამიმდევრობა (თ. 20-22)

ახალი იერუსალემი (თ. 21-22:1-5)

1. მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის. 2. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული. 3. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან. 4. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი. 5. ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი.

იდუმალთმხილველის თვალწინ საოცარი და მიუწვდომელი სახით იშლება ახალი ცა და ახალი მიწა. ის არ აღწერს მათ, არამედ მთელ ამ აღწერას ცვლის სიტყვით: "ახალი". მომავალი ცა და მიწა ადრინდელის, დაღუპულის საპირისპირო უნდა იყოს. ყველაფერი, რაც ცოდვილი, უბედურების მომტანი და მავნე იყო ადამიანის ცხოვრებისთვის, ყველაფერი, რასაც კი დედამიწაზე და მის მცხოვრებლებზე გადმოჰყავდა ღმრთის რისხვა, ახალ მიწასა და ახალ ცაში აღარ იქნება. "რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის".

ახალ ცაზე და ახალ მიწაზე, სადაც იქნება სიხარული და ნეტარება, ლაპარაკობდა წინასწარმეტყველი ესაია (65:17-18; 66:22); ხოლომოციქული პეტრე ამბობდა, რომ ახალ მიწაზე და ახალ ცაზე "დამკვიდრდება სიმართლე" (2 პეტრე 3:13). მაგრამ მხოლოდ უკანასკნელმა თქვა იმის შესახებაც, თუ როგორ აღსრულდება ადრინდელი სამყაროს ეს შეცვლა. ამ დროს ყოვლისშემძლე ღმრთის იარაღი ცეცხლი იქნება, როგორც ყველაზე მძლავრი იარაღი გარეგან ბუნებაში.

სხვათა შორის, წმ. ეფრემ ასურელი, დანიელის წინასწარმეტყველების საფუძველზე (იხ. დანიელ. 7:9-10), მსოფლიო ხანძარს წარმოიდგენს ცეცხლოვანი მდინარის სახით: "როგორ გადავიტანთ ამას, ძმანო, როდესაც დავინახავთ ცეცხლოვან მდინარეს, გააფთრებულად მჩქეფარეს, ყოველივეს რომ ნთქავს თავის გზაზე, ყოველივეს, რაც კი დედამიწაზე აღსრულებულა" (Свящ. Николай Орлов. Апокалипсис святого Иоанна Богослова. Опыт православного толкования. Москва, 1904 г. Репр. Санкт-Петербург. 1999 г., стр. 503).

"როგორ მოხდება სამყაროს შეცვლა, ჩვენი ცნობისმოყვარეობის საგანი არ უნდა იყოს", - ბრძანებს წმ. გრიგოლ ნოსელი (იქვე).

საღმრთო განგებულებისთვის სულაც არ არის საჭირო სხვა ცა და მიწა, არამედ საჭიროა ადრინდელისგან მხოლოდ იმის მოცილება, რაც ხელს უშლის ამ განგების კეთილმოწყობას. "ყოველნი, ვითარცა სამოსელნი, დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი, სცვალნე იგინი, და იცვალნენ" (ფსალმ. 101:27); და კიდევ: "გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისა" (ფსალმ. 103:30), - ბრძანებს ფსალმუნთმგალობელი.

ზუსტად ასევე, წმ. მოციქული პავლეც მოწმობს, რომ მომავალი მარადიული ცხოვრების სრულყოფილებისთვის საჭიროა მხოლოდ ადრინდელი მიწის განახლება და მისი არანორმალურობების განადგურება (რომ. 8:21). ამიტომაც, "აქ ლაპარაკია არა ქმნილების განადგურებაზე, არამედ უკეთესისკენ შეცვლაზე", ბრძანებს ანდრია კესარიელი (იქვე).

"მსოფლიო ხანძარში, - ბრძანებს ნეტ. ავგუსტინე, - ცეცხლის მიერ ნადგურდება ხრწნად სტიქიათა ის თვისებები, რომლებიც ჩვენს ხრწნად სხეულებს შეესაბამებოდნენ, ხოლო თვით სუბსტანცია იღებს ისეთ თვისებებს, რომლებიც საოცარი ცვლილების მიერ უკვდავი სხეულების შესაბამისი აღმოჩნდება, ასე რომ სამყარო, შეიცვლება რა უკეთესისკენ, სრულიად შესაბამისი იქნება ადამიანებისა, რომლებიც ხორციელადაც განახლდნენ უკეთესისკენ" (იქვე).

"ღმერთმა, - ბრძანებს ამავე საკითხთან დაკავშირებით ნეტ. თეოფილაქტე, - ერთხელ შექმნა ნივთიერება და, რაც აუცილებელი იყო ამქვეყნიური ცხოვრებისთვის, ხოლო იმქვეყნიური ცხოვრებისთვის უსარგებლოა და ზედმეტი, მას შეცვლის, და რაც სასარგებლოა მას განაახლებს" (იქვე).

სამყაროს განახლებაზე და არა სრულ განადგურებაზე, ასევე ახალ ქმნილებაზე ლაპარაკობს იესუ ქრისტეც, როდესაც ახალი სამყაროს მდგომარეობას მეორედ შობას უწოდებს (მთ. 19:28); ამავე აზრამდე მივყავართ წმიდა წერილის სხვა გამონათქვამებსაც (1 იოანე 2:8, 17; 1 კორინთ. 7:31; 2 კორინთ. 5:17).

ზუსტად ასევე გამოთქმა "პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო" - უფრო შეესაბამება მათე 24:35-ს, სადაც ნათქვამია: "ცა და მიწა გადავლენ" (შეად. 5:18). მეხუთე მსოფლიო კრებაზეც აზრი სამყაროს სრული განადგურების შესახებ ასევე უარყოფილ იქნა, როგორც მწვალებლური.

ჩვეულებისამებრ ყველა ახალი კომენტატორიც 1-ელ მუხლში ხედავენ არა ახალ ქმნილებას ძველი სრული განადგურების გზით, არამედ მხოლოდ მის განწმენდას და შესაბამისობას ახალ რეალობასთან; მსოფლიო განმწმენდელ ცეცხლს ადარებენ მსოფლიო წარღვნის წყლებს, რომელმაც კი არ შთანთქა სამყარო, არამედ მხოლოდ განწმინდა იგი, გარეცხა ცოდვისგან.

"რაც შეეხება სიტყვებს: "და ზღვა აღარ არის", - ბრძანებს ნეტ. ავგუსტინე, - მიჭირს თქმა, დაშრება იგი თუ ასევე უკეთესობისკენ შეიცვლება. რადგან ჩვენ ვკითხულობთ, რომ ცა და მიწა განახლდება, მაგრამ უკვე აღარ მახსოვს, სად წამიკითხავს ახალი ზღვის შესახებ, გარდა ამავე წიგნის იმ ადგილების გამოკლებით, სადაც ლაპარაკია ჭიქისებრ ზღვაზე, რომელიც მსგავსი იყო ბროლისა (გამოცხ. 4:6). მაგრამ იმ შემთხვევებში ლაპარაკია არ არის სამყაროს აღსასრულზე, ზღვაზეც, როგორც ჩანს, ლაპარაკია არა საკუთრივი მნიშვნელობით, არამედ მიმსგავსებითად. თუმცა, როგორც წინასწარმეტყველურ მსჯელობას უყვარს პირდაპირ მნიშვნელობას შესძინოს გადატანითი მნიშვნელობანიც, სიტყვებში: "და ზღვა აღარ არის", შეიძლება ლაპარაკი იყოს იმ ზღვაზე, რომელმაც მასში მყოფი მკვდრები დააბრუნა (გამოცხ. 22:13). რამეთუ მაშინ ეს მეამბოხე და ბობოქარი საუკუნე, რომელსაც სხვანაირად "ზღვაც" ეწოდება, უკვე მოკვდავთა სამკვიდრო აღარ იქნება" (Августин Иппонский, О граде Божием. Сl. 0313, 48.20.16.21).

"ამრიგად, წმიდა წერილი ბრძანებს, რომ ერთი მხრივ, ეს სამყარო მისი დღევანდელი სახით არ შენარჩუნდება, რადგან ის ხრწნადია, მოკვდავია, ხოლო, მეორე მხრივ, "ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას" (1 კორ. 15:54). ფსალმუნთა წიგნში ვკითხულობთ: "გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისა" (ფსალმ. 103:30). ღმერთი სამყაროს აღსასრულს განაახლებს მთელ დედამიწას. წმ. ამბროსი მედიოლანელი, როდესაც ამ საგანზე მსჯელობდა, ამბობდა, რომ აღდგება არა მარტო ჩვენი ხორცი, არამედ მთელი სამყარო. როგორც ჩვენი სხეული კვდება, შემდეგ კი მას შემოქმედი მკვდრეთით აღადგენს, ასევე ცა და მიწაც მსოფლიო ხანძრის ცეცხლში დაიწვებიან. თვით უფალმა თქვა: "ცა და მიწა გადავლენ", ანუ ისინი გაქრებიან, დღევანდელი სახით აღარ იქნებიან, მაგრამ შემდეგ კვლავ მყისიერ იქნებიან აღდგენილნი ღმრთის ძალით, სულიწმიდის სუნთქვით, რომელიც აღადგენს და შეცვლის ყოველივეს.

ამის შესახებ წერს წმ. მოციქული პეტრეც თავის მეორე ეპისტოლეში: "უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი, და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან. რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით. ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად. ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი. მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით, რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები? ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე" (2 პეტრე 3:3-13).

ამრიგად, მთელი წმიდა წერილი მოწმობს იმაზე, რომ დღევანდელი სამყარო მისი ახლანდელი სახით მარადიულად აღარ იარსებებს, ჩვენ ვიცით, რომ ის შეიცვლება. სიკვდილი - ეს არის ზღვარი, და ხრწნადობა ამ სამყაროსი შემოვიდა პირველ ადამიანთა ცოდვით დაცემის შედეგად. როდესაც ცოდვა გასწორდა, განიკურნა, უნდა განიკურნოს ეს ზღვარიც. მთელი სამყარო გადადუღდება ღმრთის სამართლიანი მსჯავრის სახმილავში, სამყაროსგან ამოიწვება სიკვდილი, ამოიწვება ხრწნადობა, ამოიწვება ყოველგვარი უწმინდურება და უფალი ყოველივე ახალს შექმნის. ის განაახლებს მთელ ქმნილებას.

ამის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი წმინდანები, მაგალითად, ესაია წინასწარმეტყველი ახალი სამყაროს შესახებ წერს: "რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა. მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს - გასახარებლად. მეც გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო; აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა. არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება" (ეს. 65:17-20).

უფალი ქმნის უჩვეულო სილამაზის ახალ ცას და ახალ მიწას. ის გვპირდება, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ღმრთის მიერ შექმნილ ახალ სამყაროში, ახალ მიწაზე, ახალი ცის ქვეშ, რადგან შემოქმედი თავისი ძლიერებით განაახლებს სამყაროს. შემდეგ ესაია ბრძანებს: "როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი. დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ჯეჯილივით აყვავდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი გამოეცხადება მის მორჩილთ, რისხვა კი - მის მტრებს" (ეს. 66:13-14). როგორ გავიგოთ "ჯეჯილივით აყვავდება თქვენი ძვლები"? ეს ნიშნავს, რომ ადამიანები აღდგებიან მკვდრეთით. შეიძლება წარმოვიდგინოთ: წვანან გახრწნილი, დაფშვნილი ძვლები მიწაში, და უეცრად, ღმრთის მოწოდებისთანავე დაიწყებენ შეერთებას და აყვავებას, ზუსტად ისე, როგორც ჯეჯილი, შეიმოსავენ კუნთებს და კანს. ამის შემდეგ უფალი კვლავ ჩაუბრუნებს თავის სულს ყოველ ადამიანს მისავ სხეულში. ეს უფრო დეტალურად არის აღწერილი სხვა წინასწარმეტყველთან -ეზეკიელთან.

შემდეგ უფალი ესაია წინასწარმეტყველის მიერ ბრძანებს: "უფლის ხელი გამოეცხადება მის მორჩილთ" (ეს. 66:14), ანუ უფალი გააცხადებს თავის გეგმებს, მთელ თავის ჩანაფიქრს, მთელ თავის განგებულებას. ადამიანები მიხვდებიან, რატომ მართავდა ღმერთი ასე; გაიხსნება ყველა საიდუმლო, ყველა გასაოცარი ფაქიზი ჩანაფიქრი, რომელსაც ღმერთი დღეს ახორციელებს; ეს ყოველივე სრულიად გაიხსნება. რატომ დღესვე არ გვიცხადებს ამას ღმერთი? იმიტომ, რომ მხოლოდ ცუდი მხატვარი აჩვენებს დაუმთავრებელ სურათს, ხოლო ნამდვილი მაყურებელთა სამსჯავროზე დასრულებულ ტილოს გამოიტანს. ღმერთი ქმნის სამყაროს, და დღეს ის დასრულებული არ არის, სამყაროს სურათი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ვცხოვრობთ დინამიურ სამყაროში, ის ცვალებადია, რადგან ღმერთი აგრძელებს თავის მატიანეს, ღმრთის განგებათა წიგნი ჯერაც იწერება, და სწორედ ამიტომ ღმრთის გეგმები ჯერაც ბუნდოვანია ჩვენთვის. ამასთან მიმდინარეობს ომი, ამიტომაც ღმრთის სტრატეგიული გეგმები დაფარულია.

წინასწარმეტყველი ესაია აგრძელებს: "რადგან, აჰა, ცეცხლში მოდის უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლი, რომ გიზგიზში მოაქციოს თავისი რისხვა და ცეცხლის ალში - თავისი ბრაზი. რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და თავისი მახვილით ყოველ ხორციელს, და ბევრნი იქნებიან უფლის დახოცილნი. ისინი, ვინც იწმიდებიან და სუფთავდებიან საკერპო ჭალებში შესასვლელად, სადაც ერთმანეთის გვერდით მდგარნი ჭამენ ღორის ხორცს, უსურმაგს და თაგვებს, ერთიანად დაიღუპებიან, ამბობს უფალი" (ეს. 66:15-17). აქ ლაპარაკია რიტუალურ მსხვერპლზე, რომელთაც დემონებს სწირავენ. ადამიანები, რომლებიც ასეთ სისაძაგლეებს ჩაიდან, დაიღპებიან, "რადგან მე ვუწყი მათი საქმენი და ზრახვანი. მოდის ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა; მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას. დავადებ მათ ნიშანს და მათ ნატამალს გავგზავნი ხალხებთან: თარშიშში, ფულში, ლუდში, მშვიდლოსნებთან, თუხალში, იავანში, შორეულ კუნძულებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უხილავთ ჩემი დიდება. ისინი გაუცხადებენ ხალხებს ჩემს დიდებას" (ეს. 66:18-19).

უფალი ბრძანებს, რომ სამყაროს აღსასრულის წინ მისი წარგზავნილები მოეფინებიან შორეულ ხალხებს. "თარშიში" - ეს არის ქალაქი ესპანეთში, ამიტომაც აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს ამ ქვეყნის ხალხებზე. "ფული" და "ლუდი", მკვლევართა აზრით, სამხრეთით დასახლებული პუნქტებია. "თუბალი" და "იავანი", როგორც ვარაუდობენ, მცირე აზიის ჩრდილოეთი ნაწილი ნახევარკუნძულებია ან თანამედროვე ამიერკავკასიის ხალხები, ქართველების (სვანების) მონათესავენი. შორეული კუნძულები - ჯერაც იმ დროს უცნობი ეროვნებები. ღმერთი ყველგან დააგზავნის თავის მოციქულებს, მთელ დედამიწაზე, რათა შეკრიბოს თავისი თაყვანისმცემელნი. "წამოიყვანენ შენს ძმებს ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისათვის ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, ამბობს უფალი, როგორც ისრაელიანებს მიაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით საუფლო სახლში. მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, ამბობს უფალი" (ეს. 66:20-21). უფალი ამბობს, რომ ყველა ხალხიდან შექმნის ახალ სამღვდელოებას, რომელსაც შეკრებს. ეს წინასწარმეტყველება უკვე სრულდება: ღმერთი დღეს აკურთხებს მღვდლებსა და ლევიტელებს (დიაკვნებს) არა მარტო ებრაელი ერისგან, როგორც ადრე, არამედ პლანეტის ყველა ხალხისგან.

ესაია წინასწარმეტყველი აგრძელებს: "რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი. გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის" (ეს. 66:22-24). ყველა ერი მოვა ღმრთის თაყვანსაცემად, ყველა ცხონებული იხილავს ბოროტეულთა დასჯას, რომელსაც უფალი აღასრულებს. ხოლო ახალი სიცოცხლე უკვე აღარ დასრულდება - ის მარადიულია.

მოხდება შემოქმედების პროცესის დასრულება. ახლა მრავალი ადამიანი გრძნობს თავისი მდგომარეობის არანორმალურობას, საკუთარ თავზე გრძნობს ქმნილების არასრულყოფილებას, როგორც წმ. მოციქული პავლე წერდა: "რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე" (რომ. 8:22).

ამრიგად, როდესაც ყველა ქრისტიანი, ყველა მოწოდებული და ცხონებული, ბოლოს და ბოლოს შევლენ ღმრთის დიდებაში, მაშინ მთელი ქმნილება განახლდება და განიკურნება სამარადისოდ. როგორც წმიდა მოციქული იოანე ბრძანებს: "რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის" (გამოცხ. 21:1). ზღვა გაქრება, როგორც მოწმობს ესაია: "ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს!" (ეს. 44:27). ღმერთი ამბობს, რომ ამოაშრობს ოკეანის დინებებს, გაანადგურებს ზღვებს. ცხოვრებისეული ზღვა, ამაოება გაქრება" (მღვდელი დანიელ სისოევი).

"და ზღვა აღარ არის". კომენტატორთაგან ერთნი ამ დანამატში ხედავენ იდუმალთმხილველის განზრახვას მიუთითოს იმაზე, რომ ახალ სამყაროში არ იქნება და არ შეიძლება იყოს ზღვა, როგორც წყლის მასა; წყალი, მათი აზრით, შეესაბამებოდა მხოლოდ ადრინდელ სამყაროს (დაბ. 1:2; 2 პეტრე 3:5), რომლის საფუძველშიც ჩადებული იყო სინოტივე; ხოლო ახალი, ცეცხლით განახლებული სამყარო, სხვა საფუძველს მოითხოვს. მაგრამ ამ აზრს შეუძლებელია დავეთანხმოთ, რადგან აზრის თანმიმდევრულობის მიხედვით გამოთქმა "ზღვა აღარ არის" გულისხმობს მხოლოდ გარდასულ სამყაროს.

მაგრამ არ შეიძლება დავეთანხმოთ იმათაც, ვისაც აპოკალიფსისის გამოთქმა ესმოდათ, როგორც მითითება წარსულზე და მასში ხედავდნენ სხვა არაფერს, თუ არა მხოლოდ "ბოროტი ბობოქარი სამყაროს" ხალხთა ზღვას (ავგუსტინე). მაგრამ ზღვა აპოკალიფსისში ყოველთვის როდი ნიშნავს ხალხთა ზღვას, აქ თვით აზრთაწყობა მოითხოვს გამოთქმის ბუკვალურ და ბუნებრივ გაგებას. გამოცხადების 21-ე თავის 1-ლი მუხლი უნდა გავიგოთ ისე, თითქოსდა აქ ნათქვამი იყოს შემდეგი: ადრინდელი ზღვა აღარ იქნება, რადგან "მასში არ იქნება არანაირი საჭიროება" (ანდრია კესარიელი), რამეთუ რისთვის არის საჭირო ზღვა, ხშირად ბობოქარი და საშიში, წყლის სტიქიონთა საშინელი, მშფოთვარე და აბობოქრებული სანახაობა; ის შეუძლებელია არსებობდეს"მარადიული მდუმარებისა და უსაფრთხოების სამკვიდროში. მაგრამ იქნება თუ არა საერთოდ ზღვა მომავალ სამყაროში, რომელი შეესაბამება ახალი სამყაროს საზოგადო შემადგენლობას, - ზღვა, მაგალითად, მსგავსი ბროლისა - ამაზე აპოკალიფსისი დუმს. იდუმალთმხილველის მზერა მიმართულია სხვა საგანზე.

1. მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის.

მსგავსადვე ამბობს პეტრე თავის მეორე ეპისტოლეში: "ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე" (2 პეტრე. 3:13). ის ამტკიცებს არა იმას, რომ ცა, მიწა და ზღვა წარწყმდებიან და არარად იქცევიან, მათ ნაცვლად კი სხვა გაჩნდება, არამედ იმას, რომ დღეს არსებული განიშორებს თავის ხრწნადობას და განახლდება, განიბანს თავის უწმიდურებას, თითქოსდა ძველი და დახეული სამოსი განიგდოო; რადგან ახლად იწოდება ის, რაც უწინ მცირედშიც კი ასეთი არ იყო, არამედ ახლა გახდა. და მაშინ ქმნილება განწმენდილ იქნება ყოველგვარი ხრწნილებისგან, რომელიც ადამიანთა ცოდვით დაცემის შედეგად დამკვიდრდა.
ამაშიც სრულიად სანდოა მოწმე - ღვთაებრივი მოციქული, რომელიც რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ქმნილების შესახებ წერს: "ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას, იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით, რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში" (რომ. 8:19-21). და არა მარტო ის, არამედ ღმრთითშთაგონებული წინასწარმეტყველიც ზეცას ახლახან მოტანილი მოწმობის თანხმიერად ადიდებს და ბრძანებს: "ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან" (ფსალმ. 101:27) (ეკუმენიოსი) (Экумений, Комментарий на Откровение. TLG 2866.001, 231.25-232.21).

2. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული.

როგორც აქ, ასევე წინა თავებში იერუსალიმის სახელით აღნიშნულია წმიდათა ნეტარება და მათი სავანე, რომელსაც იოანე სიმბოლურად იერუსალიმს უწოდებს; მოცემულია მისი დიადი დაბრწყინვალე აღწერილობა იმისთვის, რათა ჩვენ საკუთარი გონება გრძნობითი სახით წარმოთქმულიდან სულიერი ნეტარებისკენ და წმიდათა ცხოვრების სიწმიდისკენ წარვმართოთ (ეკუმენიოსი) (Экумений, Комментарий на Откровение. TLG 2866.001, 232.24-233.5).

უშუალოდ ახალი ცისა და ახალი მიწის ხილვის შემდეგ იოანე ჭვრეტს წმიდა ქალაქს, რომელსაც ის იერუსალიმს უწოდებს. ეს იმ იერუსალიმის (εροσόλυμα) მსგავსება კი არ არის, რომელიც წარმართული ბერძნული ხელოვნების ქმნილება რომ იყო (შეად. 1:19; 2:13; 4:45; 5:1–2), არამედ იერუსალემია (εροσαλήμ) ძველი, ძველაღთქმისეული წმიდა ქალაქის მნიშვნელობით. ამიტომაც იწოდება ის წმიდად, რადგან კურთხეულია მასში და მის ტაძარში უფლის მყოფობით, კურთხეულია თვით ტაძრით და მასში მცხოვრები წმიდა ადამიანებით.

მაგრამ ამავდროულად ეს იერუსალემი ძველი, მიწიერი იერუსალემი როდია, არამედ - ეს არის ახალი იერუსალემი, რადგან ის უნდა შეესაბამებოდეს ახალ ცას და ახალ მიწას, ასევე ახალ ადამიანებს. ეს არ არის უბრალოდ "საყვარელი ქალაქი" (20:8), რომელშიც შეიძლებოდა გვევარაუდა ქრისტიანული საზოგადოება, ქრისტიანული ეკლესია ახალ მიწაე, არამედ ქალაქი (ოდესღაც გარდამოსული), ღმრთისგან მოვლენილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ღმრთის მადლის განსაკუთრებული ქმნილებაა. მაგრამ, არც ის არის, რომლის შესახებაც ლაპარაკობს მოციქული პავლე, როდესაც მას ზეციერ იერუსალიმს უწოდებს (ებრ. 12:22).

ამ ქალაქში არ შეიძლება დავინახოთ უბრალო განყენებული სიმბოლო, უფალში მჭიდრო ურთიერთობაში მყოფ ანგელოზთა და წმიდათა საზოგადოება. კერძოობითის დეტალური აღწერა, რომელიც შემდეგ არის მოცემული, გადაჭრით ეწინააღმდეგება ამგვარ გაგებას.

თუკი დედამიწაზე პირველი ადამიანისთვის, მისი ნეტარი ცხოვრებისთვის ღმერთმა გააშენა ედემი ყველა თავისი წმიდა ნიჭითურთ და ხელუხლებელი, ქალწულებრივი ბუნებით, არაფერია იმაზე ბუნებრივი დასაშვებად მივიჩნიოთ ახალ მიწაზე განახლებული კაცობრიობისთვის ღმერთმა ასევე შექმნას მასთან ურთიერთობისთვის გამზადებული განსაკუთრებული ადგილი.

ახალი იერუსალემი, როგორც ღმრთისა და ადამიანების მჭიდრო და მადლისმიერი ურთიერთობის განსაკუთრებული ადგილი შეიძლება იწოდოს ქალაქად. ის იქნება ღმრთის წყალობის მყოფობისა და გამოვლინების ახალი განსაკუთრებული ადგილი, რომელიც განახლებული ადამიანებისა და სამყაროს შესაბამისი იქნება. მაშინ უფალი იესუ ქრისტე, ასე ვთქვათ, თავის საყდარს ციდან დედამიწაზე გადმოიტანს, რათა მამასთან და სულიწმიდასთან ერთად იცხოვროს განახლებულ ადამიანთა შორის. ეს ქალაქი უცხო არ იქნება არც ამა თუ იმ შეგრძნებად და ხილულ თავისებურებათათვისაც, რადგან ადამიანებიც არ იქნებიან უხორცო სულები, არამედ იცხოვრებენ იმ სხეულებში რომელთაც ისინი თავიანთი აღდგომის შემდეგ მიიღებენ. ახალი ზეციური იერუსალიმი შესაბამისად იქნება მორთული, როგორც რთავენ ხოლმე პატარძალს, ჩააცვამენ საუკეთესო სამოსს და საუკეთესო სამკაულებით დაამშვენებენ, და იქნება იგი "სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული" (გამოცხ. 21:2).

3. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან.

ზეციური ხმა ასწავლის წმინდანს, რომ ეს არის ჭეშმარიტი კარავი. მისი სახე ან უკეთ, წინასახე ეჩევნა მოსეს, ახლა კი მისი სახეს წარმოადგენს ეკლესია.

უფალი მოწმობს საკუთარ თვზე, რომ მრავალი წმინდანი მისი კარავი გახდება, რათა მან მარადიულად დაივანოს მათზე და იყოს მათი უფალი, ისინი კი მისი ხალხი. რადგან შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, აღარც ტირილი, არამედ შეუცვლის მათ მარადიული სიხარულით და უბრწყინვალესნი იქნებიან მარადიულ ნეტარებაში (აპრინგიუსი) (Апрингий, Трактат на Откровение. CCSL 107:85).
სწორედ იმ დროს, როდესაც იდუმალთმხილველმა თავისი მზერა მიაპყრო იდუმალ ქალაქს, ესმა "მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან". სლავური და რუსული თარგმანები (და ანდრია კესარიელიც) კითხულობენ: κ το ορανο – с неба (ასეა ძველქართულ თარგმანშიც: "და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით" – "აპოკ". რედ.), ნაცვლად κ το θρόνου, ანუ "ხმა ტახტით". თუ მივიღებთ პირველ წაკითხვას, მაშინ ანდრია კესარიელთან და სხვა კომენტატორებთან ერთად უნდა დავუშვათ, რომ ხმა ისმოდა არა ქალაქ იერუსალემიდან, არამედ სხვა ადგილიდან; და მაშინ გაუგებარი ხდება, ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ეს ხმა, თუკი თვით ღმერთი ყველა თავის წმინდანთან და ანგელოზებთან ერთად ამ იერუსალიმში იმყოფება.

ეს ხმა გამოდიოდა ღმრთის ტახტითგან, რომელიც ახალ იერუსალემშია, მაგრამ არა თვით ღმრთისგან, რომელზეც შემდეგ მესამე პირშია ლაპარაკი, არამედ ტახტის გარშემო მყოფ რომელიმე არსებისგან, მაგალითად, ოთხიდან ერთ-ერთი ცხოველისგან (შეად. გამოცხ. 6:6). ეს ხმა ახალ იერუსალემს ღმრთის კარავს უწოდებს ( σκην το θεο) და არა მარტო ღმრთის კარავს, არამედ ამასთანავე ადამიანებისასაც (μετ υν νθρώπων). აქ არის მითითება ღმერთსა და ადამიანებს შორის მჭიდრო კავშირზე და ღმერთი ადამიანები თითქოსდა ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრობენ ინტერესთა განუყოფელ ერთობაში.

ეს კარავი მარტო სახელწოდებით კი არ არის ღმრთისა, არამედ მასში ნამდვილად იმყოფება ღმერთი, და იმყოფება არა მარტო, არამედ ადამიანებთან ერთად. მაშინ კაცნი იტყვიან: "ჩვენთან არს ღმერთი" (ეს. 7:14 შეად მათე 1:23), მსგავსად იმისა, როგორც იოანე წერდა თავის სახარებაში: "სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის" (იოანე 1:14).

ამ დროიდან, ანუ ახალი იერუსალიმის გაჩენის დროიდან, ყველა მართალი შეადგენს ღმრთის ერთ ერს; მაშინ ღმერთი იქნება არა ცალკეულ ადამიანთა ღმერთი, ანუ აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, არა ცალკე ისრაელი ერის ღმერთი, რომელიც დედამიწის მრავალ ხალხთაგან შეირჩა, არამედ საზოგადოდ მთელი კაცობრიობისა, ტომებად, ხალხებად და სახელმწიფოებად დაყოფის გარეშე.

და კვლავაც აქ ერი იქნება უფლის ერი არა მარტო სახელწოდებით, როგორიც იყო ადრე ისრაელი, რომელიც კერპთაყვანისცემისკენ იდრიკებოდა, არამედ, ჭეშმარიტად ერი უფლისა, რადგან თვით ღმერთი იქნება მასთან და იქნება იგი მისი ღმერთი, ანუ საგანი მუდმივი თაყვანისცემისა და განდიდებისა, წყარო სიყვარულისა და ნეტარებისა. ღმერთი და ადამიანები, ანუ მთელი მართლმადიდებლური კაცობრიობა, შეადგენენ ერთ განუყოფელ ცოცხალ ოჯახს, სრულ და მუდმივ ურთიერთობაში, სრული საზოგადო ინტერესებით და, ასე ვთქვათ, საზოგადო ღვაწლით (შეად. ლევ. 26:11; ეზეკ. 37:27).

4. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი.

მსგავსადვე ბრძანებდა წინასწარმეტყველი ესაია: "უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ" (ესაია 35:10; 51:11). ნათქვამია: "გადაეგო ყოველივე უწინდელი". იგულისხმება, რომ წმიდათა ტანჯვასა და ვაებას ბოლო მოეღება. ახლა ღვაწლის შესაბამისი ჯილდოს დრო დადგა (ეკუმენიოსი) (Экумений, Комментарий на Откровение. Сl. 0873, 5.21.36).

ცხადია, რომ ეს ყველაფერი განეკუთვნება არა ამჟამინდელ, არამედ მომავალ ცხოვრებას. რამეთუ ახლა, ამ ცხოვრებაში რამდენადც უფრო წმიდაა ადამიანი და რამდენადაც უფრო აღვსილია წმიდა სურვილებით, მით უფრო უხვია ცრემლით მისი ლოცვები. ამიტომაც ვკითხულობთ: "იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე" (ფსალმ. 41:1), და კიდევ: "დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო" (ფსალმ. 6:7) (პრიმაზიუს ჰადრუმენტელი) (Примасий, Комментарий на Откровение. Сl. 0873, 5.20.4).

ამ ხელთუქმნელ კარავში არ იქნება არც გლოვა, არც ცრემლი, რადგან მარადიული სიხარულის მომნიჭებელი ყველა წმინდანს შეუწყვეტელ და მარადიულ სიხარულს უბოძებს. ეს თანხმიერია წმიდა წერილის, რომელიც ბრძანებს, "უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ" (ესაია 35:10).

სიტყვები: "გადაეგო ყოველივე უწინდელი" ნიშნავს, რომ უკეთურთა ამპარტავნებასა და წმიდათა ტანჯვას ექნება შესაბამისი დასასრული.

ამგვარი მჭიდრო და სრული ურთიერთობა გამოხატულ უნდა იქნას ადამიანთა სრულ ნეტარებასა და უშფოთველ სიმშვიდეში. როგორც ნათქვამია, "შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი" (მ. 4; შეად. 7:17; ესაია 25:8), - მაშინ უკვე აღარ იქნება არც გლოვისა და არც ცრემლის არანაირი მიზეზი.

როგორც ვიცით, ადამიანებში ცრემლებს უპირველეს ყოვლისა იწვევს სიკვდილი, რადგან ის მოგვაგონებს დედამიწაზე სიკვდილიან და დროებით ცხოვრებას, კაცობრიობის უბადრუკ შეზღუდულობას, რომელიც თითქოსდა ცხოვრობდა გლოვის ველზე (ფსალმ. 83:7). სიკვდილი დედამიწაზე მოვიდა ცოდვასთან ერთად (დაბ. 2:17; რომ. 5:12), ამიტომაც ცოდვაზე გამარჯვების შემდეგ უნდა განადგურდეს სიკვდილიც.

სიკვდილით გამოწვეული ტირილი (შეად. 18:8) ახალ იერუსალიმში უკვე აღარ იქნება. არ იქნება არც სულთქმა და ოხვრა, არა მარტო ბრძოლისა (ეფეს. 4:31), არამედ ჩაგვრისა, წყენისა და ტანჯვისა (ესაია 65:19); არ იქნება იქ არც არავითარი სნეულება, ისევე როგორც მძიმე შრომა, რომელიც ადამიანთა დაავადებების მიზეზია (დაბ. 3:17). ეს ყველაფერი იყო მხოლოდ ადრინდელ დედამიწაზე, როგორც ადამიანის ცოდვით დაცემის შედეგი; ახალ ცხოვრებაში კი, სადაც არ იქნება არც ცოდვა,. მისი შედეგებიც განქარდება. იერუსალემში იქნება მარადიული დღესასწაული და ღმრთისადმი საზეიმო თაყვანისცემა უსასრულო და განუწყვეტელ სიხარულში.

5. ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი.

ეს სიტყვები ჭეშმარიტია, რადგან ის თვით ჭეშმარიტებამ წარმოთქვა და შეიცნობა საქმეებით და არა სიმბოლოებით (ანდრია კესარიელი).

უზენაესის მიერ წმიდათათვის მიცემული აღთქმა აღსრულდა, ასე რომ, ისინი განახლდნენ ყოველივეში და გაბრწყინდნენ უდიადესი ბრწყინვალებით. ამრიგად, მოციქული ამბობს, რომ "მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით" (1 კორინთ. 15:52) (აპრინგიუსი ) (Апрингий, Трактат на Откровение. CCSL 107:85).

თუკი ცა, მიწა და ზღვა განახლდება, მითუმეტეს ადამიანები, და განახლდება ის, რაც შეადგენს მათ სიხარულსა და დიდებას; თუკი წარხდება ცრემლი და მწუხარება, წარხდება უკეთურება, მაშინ, ჭეშმარიტად, ყველაფერი ახალი გახდება. აქ ერთგვარად ნაგულისხმევია: ნუ იფიქრებ, იოანე, რომ შენთვის გამოცხადებული შეიცავს რაღაც წარმოსახვას ან სიცრუეს მოჭარბებული სიდიადის გამო, არამედ უწყოდე: ყველაფერი სარწმუნოა და ჭეშმარიტი, ამიტომაც ასე დაწერე (ეკუმენიოსი) (Источник. Экумений, Комментарий на Откровение. TLG 2866.001, 234.8-14).

აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს (გამოცხ. 21:5). ასე ბრძანა "ტახტზე მჯდომარემ", როგორც მოგვითხრობს ამას აპოკალიფსისში იდუმალთმხილველი - ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე წმ. იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც ღირს იქნა ღმრთისგან მიეღო უდიადესი და საკვირველი გამოცხადებანი, რომელთა შორის მას ახალი ცისა და ახალი მიწის ხილვის შესაძლებლობაც მიეცა, რადგან "პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო" (გამოცხ. 21:5). და იხილა მან წმიდა ქალაქი იერუსალიმი, ახალი, ღმრთისგან ზეცით გარდამოვლენილი, და ისმინა მგრგვინავი ხმა ცითგან, რომელიც ამბობდა: "აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი" (გამოცხ. 21:3-4).

განა ნათელი არ არის, რომ აქ ლაპარაკია ღმრთის მიერ ახალი სამყაროს შექმნაზე, იმის შემდეგ, რაც საბოლოოდ დამარცხდება და დაემხობა ცოდვის მამამთავარ ეშმაკთა და ყველა მის მსახურთან ერთად, რომელმაც დაამახინჯა და გააუსახურა ღმრთის პირვანდელი ბრწეყინვალე ქმნილება. ამის შესახება მკაფიოდ მოგვითხრობს იოანე თავისი გამოცხადების ბოლო თავებში (17-20).

ქრისტიანობის არსიც სწორედ ამ ახალ ქმნილებაშია: ცოდვით მოწყლული ადამიანის სულის განახლებაში, მასთან ერთად კი მთელი სამყაროსი, რომელსაც დაედო ასევე ამ ცოდვის ბეჭედი. მაგრამ რაოდენ დიდია ეშმაკისა და მის ერთგულ მსახურტა მზაკვარება! ყოველივე იმის შემდეგ, რაც ესოდენ ნათლად გვაუწყა უფალმა თავის ღვთაებრივ სახარებაში, ეშმაკი ცდილობს ყოველივე ჭეშმარიტის გადასხვაფერებას, გადაკეთებას, ოღონდ არ დაუშვას ეს განახლება, ხოლო ადამიანი კიდევ უფრო ჩაძიროს ცოდვის უფსკრულში, საიდანაც უკვე გამოსავალი აღარ იქნება.

"ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა" (2 კორინთ. 5:17) - ასე გვასწავლის ღმრთის სიტყვა, ანუ ვისაც სურს იყოს ქრისტიანი, ის უნდა განახლდეს, ხელახლა იშვას ნათლისღების მიერ, გახდეს ახალი ადამიანი. ამის შესახებ მუდმივად ასწავლიდა ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, რომელმაც იუდეველ სჯულის მოძღვარ ნიკოდიმოსს, რომელიც მასთან ღამით მივიდა, გადაჭრით უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს" (იოანე 3:3), შემდეგ კი განმარტავს, თუ როგორ უნდა დაიბადოს ხელახლა ზეცითგან, - "წყლისა და სულისაგან" (იოანე 3:5), ანუ ვინც არ იშვება ნათლისღების საიდუმლოში და არ მიეახლება სხვა წმიდა საიდუმლოთ, რომლებიც გვანიჭებენ სულიწმიდის მადლს და რომლებიც განაახლებენ ადამიანს.

ეს ყოველივე სრულიად მკაფიოდ და გასაგებად არის ნათქვამი. მაგრამ, ბოლო დროს გამოჩნდნენ ადამიანები, და თვით მღვდელმსახურთა შორისაც, რომლებიც ასწავლიან, თითქოსდა ჩვენ საკუთარი თავი კი არ უნდა განვაახლოთ სულიწმიდის მადლით, არამედ ეკლესია, რომელიც თურმე დაბერდა, დროებას "ჩამორჩა", ეწინააღმდეგება საზოგადო "პროგრესს", რომლისკენაც სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს კაცობრიობა (?!), თითქოსდა აქ, დედამიწაზე უნდა განხორციელდეს ღმრთის ჩანაფიქრი.

ასე გაჩნდნენ "განმაახლებლები", "რეფომატორები", "მოდერნისტები", რომლებმაც მიზნად დაისახეს არა საკუთარი თავის განახლება, რათა "ახალი ქმნილებანი გახდნენ ქრისტეში", არამედ ეკლესიის მოდერნიზირება, რათა ის არ ჩამორჩეს წუთისოფლის სულისკვეთებას, რათა ეკლესია მიჰყვებოდეს დროის მოთხოვნებს და არა პირიქით.

"აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს" ისინი განაკუთვნებენ არა ადამიანის სულიერ განახლებას, არა მის ზეცითგან შობას, როგორც ახალი ქმნილებისა, არამედ ეკლესიის მოდერნიზაციას - ეკლესიაში ყოველივე იმის გადაკეთებას, რაც ძველად იყო, მისი არსებობის დასაწყისიდან; სურთ გადააკეთონ იგი ახალი სულისკვეთებით, დროის მოთხოვნილებების სასარგებლოდ, ყოველივე იმის თანხმიერად, რასაც ადამიანური ვნება გადაწყვეტს ამ წუთისოფელში, რომელიც მოციქულის თქმით "ბოროტებაშია დანთქმული" (1 იოანე 5:19), და რომლის თავადი სხვა ვინმე კი არ არის, თუ არა თვით ეშმაკი, როგორც ეს გვამცნო უფალმა თავის ჯვარცმამდე მცირე ხნით ადრე (იოანე 12:31).

წმ. მოციქული პავლე ჩვენ სწორედ სულიერ განახლებაზე გვამცნობს და არა ეკლესიის რეფორმაციაზე, რომლებიც სატანის მიმდევრებმა ჩაიფიქრეს და რომელსაც ჩვენს თვალწინ ახორციელებენ.

ხალხთა დიადი მოციქული პავლე ყველას მოგვიწოდებს განვშორდეთ მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას, განვახლდეთ ჩვენი გონების სულით და შევიმოსოთ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით (შეად. ეფეს. 4:22-24).

ხოლო რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ვხვდებით კიდევ უფრო ძლიერ მოწოდებას, რომელიც თითქოსდა ამ თანამედროვე მოდერნისტთა წინააღმდეგ არის მიმართული "წუთისოფლის სულისადმი" მიმდევრობას რომ გვიქადაგებენ და, რომლის სახელითაც, თითქოსდა, ღმრთის სჯულის გაქელვა იყოს შესაძლებელი. ამდაგვართ ასე ამხელს წმიდა მოციქული: "ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული" (რომ. 12:1-2).

მაშ ხედავთ, თუ არა: ღმრთის სიტყვა მოგვიწოდებს არ ვიცხოვროთ წუთისოფლის სულისკვეთებით არადა მოდერნისტები სწორედ ამას გვიქადაგებენ და გვასწავლიან ყველაფერი თანამედროვე სამყაროს შევუსაბამოთ, რომელიც დღეს ადრინდელზე უმეტესად იმყოფება ბოროტებაში.

"აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ" (გამოცხ. 21:5).

ახალი ქმნილებისადმი უფლის სიახლოვის ახალ და უდიდეს ხარისხზე მიუთითებს უკვე ის ვითარება, რომ იდუმალთმხილველს სიტყვით მიმართავს თვით საყდარზე მჯდომარე, მაშინ როდესაც ადრე ის ან ანგელოზთა მიერ ან კიდევ დაფარული ხმით ელაპარაკებოდა: განახლებული კაცობრიობისთვის ღმერთი უფრო მისაწვდომია, ვიდრე ადამისთვის იყო სამოთხეში. ყოველივე ახლის შექმნის ეს ჭეშმარიტება (შეად. ესაია 48:19) იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იოანეს მისი ჩაწერა ებრძანება. მასში მოცემულია უდიდესი ნუგეში დედამიწაზე მოსაგრე მთელი კაცობრიობისა. წინამდებარე სიტყვები ახალ სამყაროზე, ახალ მხიარულ და ნეტარ ცხოვრებაზე ადამიანის გულისთვის უდიდესი სიხარულის მომტანია, ვიდრე ის სიტყვები, რომლითაც იესუ ქრისტე მიმართავდა თავის მსმენელებს: "მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ" (მათე 11:28).

"მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი". ამ სიტყვების ჩაწერას (როგორც მეორეხარისხოვან საქმეს) ბრძანებს არა თვით უფალი, არამედ - მისი მსახური (შეად. 10:4; 14:13 და განსაკუთრებით 19:9), ერთ-ერთი ანგელოზთაგანი, შესაძლოა ის ანგელოზი, რომელიც იყო მთელი გამოცხადების შუამავალი. ამიტომაც, ზმნაში: "მითხრა" (მ. 5) ქვემდებარედ არ შეიძლება ვიგულისხმოთ წინა წინადადების "მჯდომარე".
"ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი", რადგან ისინი წარმოთქმულია თვით ჭეშმარიტების მიერ და შეიმეცნება არა სიმბოლოების, არამედ თვით საქმეების მიერ. სარწმუნოა და ჭეშმარიტი არა მარტო ის გამოცხადება, რომლის მიხედვითაც ადრინდელი სამყაროდან აღდგა ახალი და სრულყოფილი, არამედ ის, განსაკუთრებულად მანუგეშებელი, რომ ახალ და სრულყოფილ სამყაროში განახლებული კაცობრიობა ინეტარებს უფალთან უმჭიდროვესი ურთიერთობით.

გაგრძელება იქნება.

TOP. GE
Назад к содержимому