ესქატოლოგია - მარადიულია თუ არა ჯოჯოხეთის სატანჯველი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ესქატოლოგია

მღვდელი გეორგი მაქსიმოვი

მარადიულია თუ არა ჯოჯოხეთის სატანჯველი

მეორედ მოსვლა

შინაარსი

"ოპტიმისტური" ღვთისმეტყველება

მეტაფიზიკური არგუმენტაცია: "მომავალი საუკუნის სუფევა ეს არის სამყაროს აღდგენა პირველყოფილ მდგომარეობაში"

ზნეობრივი არგუმენტაცია: "სიყვარულის ღმერთს არ შეუძლია დასჯა"

იურიდიული არგუმენტაცია: "უსამართლობაა დროებითი ცოდვისთვის უსასრულოდ დასჯა"

"ოპტიმისტური" ღვთისმეტყველების ზოგიერთი თავისებურება

"ოპტიმისტური პატროლოგია"

წმიდა გრიგოლ ნოსელი

ღირ. ისააკ ასურელი

ღირ. სილუან ათონელი

დასკვნა

წინათქმა


წმიდა წერილში ცოდვილთა მომავალი სასჯელის მარადიულობაზე არაერთხელ არის ლაპარაკი და სრულიად კონკრეტულად არის ნათქვამი: "მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის" (დანიელი 12:2); "და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში" (მათე 25:46); "მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა" (მარკოზი 3:29); "ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას, ... სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას..." (2 თესალონიკ. 1:8, 9).

განსაკუთრებული ძალით ეს ჭეშმარიტება მომდევნო საუკუნეებში დაადასტურეს წმიდა მამებმა და ეკლესიის წმიდა კრებებმა.

"ვინც ლაპარაკობს და ფიქრობს, რომ დემონეტისა და უკეთური ადამიანის დასჯა დროებითია და, რომ გარკვეული დროის შემდეგ ის დასრულდება და, რომ შემდგომ მოხდება დემონთა და ცოდვილ ადამიანთა აღდგენა, - შეჩვენებულ იყოს", - ასე ჟღერს მე-9 ანათემატიზმა ორიგენისტების წინააღმდეგ, რომელიც შემოთავაზებულ იქნა იუსტინიანე დიდის მიერ და მიიღო კონსტანტინოპოლის 543 წლის კრებამ.

იდეა საყოველთაო ცხონების (ყველა ადამიანისა და დემონების) შესახებ მე-12 ანათემატიზმით დაიგმო V მსოფლიო კრებაზე: "ვინც ამტკიცებს, რომ ზეციურნი ძალნი, ყველა ადამიანი, და თვით ბოროტი სულები შეუერდებიან იმ ღმერთ-სიტყვას, რომელიც არის უნივთო... - შეჩვენებულ იყოს". შემდეგში ორიგენეს (185-254,) შეხედულებების საზოგადო დაგმობა დაადასტურა ტრულის 692 წლის კრებამ, ასევე VI და VII მსოფლიო კრებებმაც.

ორიგენეს რამოდენიმე არამართლმადიდებლური შეხედულება ჰქონდა, მათგან ყველაზე ცნობილია - სულთა წინასწარ არსებობა, მრავალი სამყაროს არსებობა, საყოველთაო აპოკატასტაზისი. აზრს, რომელიც დაიგმო მე-9 ანათემატიზმით, - ჯოჯოხეთური ტანჯვის არამარადიულობის შესახებ - გამოთქვამდა არა მარტო ორიგენე. მის გარდა ეს აზრი შეიძლება შევნიშნოთ ბრმა დიდიმესთან (312-398), წმიდა გრიგოლ ნოსელთან (335-394), თევდორე მომფსვესტელი (350-428) და დიოდორ ტარსელი (IV ს.). და ეკლესია ყოველთვის უკომპრომისოდ ეწინააღმდეგებოდა ამ შეხედულებას.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ორიგენეს შეხედულებებზე საღვთისმეტყველო დავა დაიწყო ამ უკანასკნელის სიცოცხლეშივე და მოგვიანებით, III ს-ში, ორიგენეს შეხედულების საფუძვლიანი საღვთისმეტყველო კრიტიკით გამოვიდნენ: ალექსანდრიული ღვთისმეტყველების პოზიციიდან - წმიდა პეტრე (III ს.), მცირე აზიის ღვთისმეტყველების პოზიციიდან წმიდა მეთოდე ოლიმპიელი (260-312), ანტიოქიის ღვთისმეტყველების პოზიციიდან - წმიდა ევსტათი (IV ს.) (Сидоров А. И. Евагрий Понтийский: жизнь, литературная деятельность и место в истории христианского богословия // Творения аввы Евагрия. М., 1994. С. 34), ხოლო კიდევ 100 წლის შემდეგ, დაახლოებით 400 წლისთვის, შედგა მთელი ოთხი ადგილობრივი კრება, რომლებმაც დაგმეს ორიგენეს სწავლება: ალექსანდრიისა, რომელსაც თავმჯდომარეობდა პატრიარქი თეოფილე; რომის კრება პაპ ანასტასი I-ის თავმჯდომარეობით (Послание Анастасия, епископа города Рима, к Иоанну, епископу Иерусалимскому, о деле Руфина // Задворный В. История Римских пап. М., 1995. Т. 1. С. 197.); კვიპროსის - წმიდა ეპიფანეს
(Сократ Схоластик. Церковная история. М., 1996. С. 252) თავმჯდომარეობით და იერუსალიმისა. თანაც, სულპიციუს სევერის ცნობით, რომელიც  ამ კრების ერთ-ერთი თვითმხილველი იყო, სწორედ აპოკატასტასისის იდეამ გამოიწვია ყველაზე დიდი აღშფოთება, რომელმაც მაშინ იფეთქა, "როდესაც ეპისკოპოსები კითხულობდნენ ამონარიდებს ორიგენეს თხზულებებიდან... და წარმოთქვეს ერთი ადგილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უფალმა იესუ ქრისტემ... ჯვარზე ვნებით თვით ეშმაკის ცოდვებიც კი გამოისყიდა. რადგან ეს მას თავისი სიკეთითა და მოწყალებით ახასიათებს, რომ, თუკი გარდაქმნის ის საცოდავ ადამიანს, მაშინ დაცემულ ანგელოზსაც გაათავისუფლებს" (Сульпиций Север. Хроника // Сульпиций Север. Сочинения. М., 1999. С. 135136).

პატრიარქი თეოფილე ალექსანდრიელი თავის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში იუწყება 400 წლის ალექსანდრიის კრების გადაწყვეტილების შესახებ: "ორიგენეს წიგნები წაკითხულ იქნა ეპისკოპოსთა კრების წინაშე და ერთსულოვნად დაიგმო ყველას მიერ". მის მსგავსად რომის პაპმა ანასტასიმაც მოიწვია კრება რომში, რომლის დადგენილებათა შესახებ წერს წერილში სიმპლიციუსისადმი: "ჩვენ ვიუწყებოდით, რომ წარსულში ორიგენეს მიერ დაწერილი ყველა თხზულება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენას, ჩვენს მიერ დაგმობილია და უარყოფილი". მაშინ იქნა მოწვეული იერუსალიმის კრებაც, და პალესტინელმა ეპისკოპოსებმა პატრიარქ თეოფილეს მიმართეს: "ორიგენიზმი არ არის ჩვენ შორის. სწავლებები, რომლებიც თქვენ აღწერეთ, აქ არასოდეს გვსმენია. ჩვენ ანათემას გადავცემთ მათ, ვინც მისდევს ასეთ სწავლებებს"
(Schaff P. The Principal Works of St. Jerome. New York, 1892).

დასასრულ, იმავე წელს შედგა კვიპროსის კრება, წმ. ეპიფანეს თავმჯდომარეობით, რომელმაც ასევე დაგმო ორიგენიზმი. სოზომენე ახსენებს, რომ წმიდა ეპიფანე კვიპროსელმა "მოიწვია კვიპროსის ეპისკოპოსების კრება და აკრძალა ორიგენეს ნაშრომების კითხვა. მათ მიერ მიღებული განჩინებები მისწერა სხვა ეპისკოპოსებს და მათ შორის კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსსაც, მათ ურჩევდა მოეწვიათ კრებები და მიეღოთ იივე გადაწყვეტილება" (ჰერმიას სოძომენე. საეკლესიო ისტორია. წიგნი მერვე. თ. XIV. გამომც. "ახალი ივერონი". თბილისი 2017. გვ. 466). წმ. ეპიფანე, როგორც მისი თხზულებებიდან ჩანს, ეშმაკის აღდგენის შესახებ აზრს ორიგენეს ერთ-ერთ უმთავრეს ცთომილებად მიიჩნევდა
(1), და ცხადია, რომ ჯოჯოხეთის სატანჯველთა არამარადიულობის იდეა გაკიცხულ და დაგმობილ იქნა კვიპროსის კრებაზე.

_____________

1.
იერუსალიმის პატრიარქ იოანესადმი მიწერილ წერილში წმ. კვიპრიანე წერს: "ერთი შეხედულების შესახებ, რომლის დამტკიცებასაც ის (ორიგენე) ელტვის, არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო... ის ასწავლის, რომ ეშმაკი კვლავ გახდება ისეთი, როგორიც ის ოდესღაც იყო, დაუბრუნდება ადრინდელ ღირსებას და კვლავ ცათა სასუფეველში ავა. ო საშინელებავ! რაოდენ ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ იფიქროს, თითქოსდა იოანე ნათლისმცემელი, მოციქული პეტრე და იოანე, ისაია, იერემია და სხვა წინასწარმეტყველნი ეშმაკის თანამემკვიდრენი იქნებიან ზეციურ სასუფეველში!... ორიგენეს სიტყვები - მტრის სიტყვებია, რომელსაც სძულს ღმერთი და მისი წმინდანები, და არა მარტო ისინი, ვინც მე დავიმოწმე, არამედ სხვა უთვალავნიც" (ციტ.: Schaff P. The Principal Works of St. Jerome).

_____________


აღმოსავლეთში ორიგენეს ასევე გმობდნენ წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელი და წმ. ათანასე დიდი
(2), დასავლეთში კი - ნეტ. იერონიმე და ნეტ. ავგუსტინე.

_____________


2. წმიდა ათანასე დიდი ორიგენეზე ამბობდა, რომ მისი სწავლებით "თითქოსდა ტანჯვას ექნება დასასრული და ღმერთი ყოველგვარ ცოდვას მიუტევებს კაცთაც და ეშმაკთაც". წმ. ათანასე ბრძანებდა, რომ ასეთ "უკეთურ გმობაში" შეიძლება შთავვარდეთ იმ შემთხვევაში, "თუკი ყოველივეს, რაც კი საღმრთო წერილშია ნათქვამი ბუკვალურად გავიგებთ" (Афанасий Великий, архиепископ Александрийский. Творения. М., 1994. Т. 4. С. 431).

_____________

მართლმადიდებლურ ასკეტიკაში ორიგენეს იდეების გავრცელება არანაკლებ ვრცელი იყო: პახომი დიდიდან მოყოლებული (რომელიც თავის მოწაფეებს უკრძალავდა ორიგენეს თხზულებების წაკითხვას), ორიგენიზმის ისეთი ცნობილი კრიტიკოსებისა და მოსაგრეების ჩათვლით, როგორებიც იყვნენ ღირ. ბარსონუფი დიდი და იოანე, სიმეონ სალოსი, ნილოს სინელი, ბიკენტი ლირინელი, დამთავრებული საბა განწმენდილით, რომლის უშუალო მონაწილეობით ეს პოლემიკა დასრულდა V მსოფლიო კრების დადგენილებით, რომელმაც ისე, რომ არ შეუტანია არავითარი ცვლილება, დაადასტურა ადრინდელ კრებათა დადგენილებები. ამის შემდეგ იგივე დადასტურებულ იქნა ლატერანის 649 წლის კრებაზე, რომელიც მოიწვია წმიდა პაპმა მარტინე I-მა
(Denzinger Н. Kompendium der Glaubensbekenntnisse und kirchlichen Lehrentscheidungen. 37. Auflage. Freiburg im Breisgau, 1991. S. 237), და, უკვე ორიგენეს სახელისგან დამოუკიდებლად, 1084 წლის კონსტანტინოპოლის კრებაზე, რომელმაც დაადგინა:

"მათ, ვინც თვითონაც იღებს და სხვებსაც ასწავლის ცრუ და წარმართულ აზრებს ... თითქოსდა ცოდვილთა ტანჯვა მომავალ ცხოვრებაში დასრულდება და ქმნილებას და კაცობრიობას მოელის საყოველთაო განახლება; და ამგვარად ცათა სასუფეველი წარმოაჩენს, როგორც ნგრევადსა და წარმავალს, მაშინ როდესაც თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე გვასწავლის, რომ ის მარადიული და წარუვალია, და ჩვენ, მთელი წმიდა წერილის, როგორც ძველი, ისევე ახალი აღთქმის საფუძველზე გვწამს, რომ ჯოჯოხეთის ტანჯვა იქნება მარადიული და ცათა სასუფეველიც მარადიული; მათ, ვინც საკუთარ თავსაც იღუპავს ამგვარი აზრებით და სხვებსაც ღუპავს და თანამონაწილეს ხდის სამარადისო განკითხვისა, ანათემას
გადავცემთ" (Анафема: история и XX век / Сост. П. Паламарчук. М., 1998. С. 139141).

"საღვთისმეტყველო აზრის მიერ ორიგენიზმის მკაცრი დაგმობის შემდეგ მოცემულ იქნა განსაზღვრული ნორმა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ყველამ ექსატოლოგიური ჭეშმარიტებების განხილვის დროს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სწავლებას საყოველთაო აპოკატასტასისის შესახებ ქრისტიეანული მწერლობის მომდევნო ისტორიაში არ ჰყოლია
მიმდევრები" (Макарий (Оксиюк), митрополит. Эсхатология святого Григория Нисского. М., 1999. С. 649).



"ოპტიმისტური" ღვთისმეტყველება


მაგრამ დიდი ხნის შემდეგ საყოველთაო აპოკატასტასისის იდეა კვლავ აღორძინდა XX ს-ის ზოგიერთ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა შორის
(3). "ოპტიმისტური ესქატოლოგიის" ეს დაბრუნება ხდებოდა სხვადასხვანაირად, მაგრამ ბევრწილ გამოწვეული იყო მწვალებელთა და სხვაგვარადმორწმუნეთა გარემოში მართლმადიდებლობის მდგომარეობის ახლებური გააზრების მოთხოვნილებით. ამასთან არის დაკავშირებული ის ფაქტი, რომ ამ ცთომილების აქტიურ მხარდამჭერებად გვევლინებიან ემიგრაციაში მცხოვრები ღვთისმეტყველები.

_____________

3. ეს შეამჩნიეს დასავლელმა მკვლევარებმაც, იხ. მაგალითად, კ. ჰ. ფელმი. თანამედროვე მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების შესავალი (Фельми К.Х. Введение в современное православное богословие. М., 1999. С. 276277). მართლმადიდებლური შრომებიდან შეიძლება ვახსენოთ ნ. ბასილიდისის წიგნი "სიკვდილის საიდუმლო" (Василидис Н. Таинство смерти. Троице-Сергиева лавра, 1998. С. 524542) .

_____________

აპოკატასტასისის დაბრუნებას პირველი ბიძგი მისცა ეკუმენისტურმა კონტექსტმა. ემიგრაციის ღვთისმეტყველთა ეკუმენისტურ პოზიციებში დამახინჯებული იყო ეკლესიოლოგია (ჩვენ ვლაპარაკობთ სხვადასხვა კონფესიების/რელიგიების თანაბრად მაცხოვნებლობის აღიარებაზე), რადგან ლოგიკურად ჯერ ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვის დოგმატი იყო გადასალახავი. მეორე ფაქტორი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, მდგომარეობდა სოფიოლოგიის იდეების გავლენაში, რომლისადმი მრავალი "ოპტიმისტი" ღვთისმეტყველი აშკარა სიმპათიით იყო გამსჭვალული. "სოფიური სრულიადერთობის" აზრი ვარაუდობდა საყოველთაო განახლების იმავე მეტაფიზიკურ წანამძღვრებს, რასაც კლასიკური ორიგენიზმი.

საუკუნეთა მტვრიდან ამოღებული და გადაწმენდილი აპოკატასტასისის იდეა იმდენად ფართოდ პოპულარული ხდება არაგაეკლესიერებულ მართლმადიდებლურ ინტელიგენციაში, რომ ის ხვდება 1979 წელს პარიზის მართლმადიდებლური საძმოს მიერ გამოცემულ "მართლმადიდებლურ კატეხიზმოში". ამ კატეხიზმომ დიდი ინტერესი გამოიწვია დასავლეთში და 1990 წელს გადაითარგმნა რუსულ ენაზეც. მოცემული სიმბოლურ-სარწმუნოებრივი გამოცემის ავტორები ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე აცხადებენ:

"პირდაპირ ვიტყვით: ზოგიერთთათვის განკუთვნილი მარადიული ჯოჯოხეთისა და მარადიული ტანჯვის, ხოლო სხვათათვის ბოძებული მარადიული ნეტარების იდეა შეუძლებელია არსებობდეს ცოცხალ და განახლებულ ქრისტიანულ შეგნებაში ისე, როგორც მას გამოსახავდნენ ჩვენი კატეხიზმოები და ღვთისმეტყველების ჩვენი ოფიციალური სახელმძღვანელოები. ეს არის დაძველებული გაგება, რომელიც ცდილობს დაეფუძნოს სახარებისეულ ტექსტებს, განმარტავს მათ ბუკვალურად, უხეშად, მატერიალურად, და არ ცდილობს ჩაწვდეს მის სულიერ აზრს, რომელიც ხატებებსა და სიმბოლოებშია ჩადებული. ეს ცნება სულ უფრო და უფრო მიუღებელი ძალადობა ხდება სინდისზე, აზრსა და ქრისტიანის რწმენაზე. ჩვენ ვერ დავუშვებთ აზრს, თითქოსდა გოლგოთის მსხვერპლი უძლურია გამოისყიდოს სამყარო და სძლიოს ჯოჯოხეთს. სხვაგვარად იძულებულნი ვიქნებოდით გვეღიარებინა, რომ: მთელი ქმნილება - წარუმატებლობაა, და ქრისტეს ღვაწლიც წარუმატებლობაა. დროა ყველა ქრისტიანმა ერთდროულად დაამოწმოს და გახსნას ამ სფეროში თავისი ინტიმური მისტიკური გამოცდილება ისევე, როგორც თავისი სულიერი სასოება, და შესაძლოა,  საკუთარი აღშფოთებაც და ძრწოლაც, რომელიც გამოხატულია ჯოჯოხეთისა და საშინელი სამსჯავროს მატერიალისტურ და კაცობრივ წარმოდგენებში. დროა ბოლო მოვუღოთ წარსული საუკუნეების ყველა ამ შემზარავ მტკიცებულებას, რომლებიც ჩვენი ღმერთისგან, რომელიც სიყვარულია, ქმნიან უცხო არსებას, ანუ "გარეგან" ღმერთს, რომელიც მხოლოდ მიწიერ მეფეთა ალეგორიაა და სხვა არაფერი. დაშინებისა და საშინელების პედაგოგიკა უკვე არაეფექტურია. პირიქით, ის ეკლესიაში მისვლისგან აბრკოლებს მრავალ იმ ადამიანს, ვინც სიყვარულის ღმერთს ეძებს"
(Жив Бог. Христианский катехизис. Лондон. 1990. С. 426).

მსგავსი მტკიცებულებები შეიძლება ვიპოვოთ ჩვენს თანამემამულეებთანაც
(См., напр.: Георгий Кочетков, священник. В начале было Слово. Катехизис для просвещаемых. М., 1999. С. 421).

როგორც ვხედავთ, "ოპტიმისტების" ამბიციები საკმაოდ ღიად და საკმაოდ აგრესიულად არის განცხადებული.

პირველი, რაც ყურადღებას იპყრობს "ექსატოლოგიურ ოპტიმისტთა" პოზიციაში, გახლავთ ის თვალსაზრისი, რომლითაც განიხილავენ ისინი მოცემულ პრობლემას. კერძოდ, იმ ადამიანთა პოზიციიდან, რომლებმაც მტკიცედ უწყიან, რომ ისინი ჯოჯოხეთში ნამდვილად, არავითარ შემთხვევაში არ მოხვდებიან. მოკლედ, ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ ორივეთი არა, ცალი ფეხით მაინც სამოთხეში არიან და სხვებსაც უხვად ურიგებენ ღმრთის მოწყალებას, როდესაც იგონებენ თუ რა მიზეზით შეიწყალონ უბედური და დაცემული ანგელოზები და ის ადამიანები, რომელთაც მათზე ნაკლებად გაუმართლა.

გვსურს გვჯეროდეს, რომ საყოველთაო მკვდრეთით აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს შემდეგ "ოპტიმისტები" თავიანთ მიმდევრებთან ერთად მართლაც აღმოჩნდებიან უფლის მარჯვენა მხარეს. მაგრამ მათი თხზულებები იწერებოდა ხრწნადობას დაქვემდებარებულ ადამიანთა მიერ, ასევე ხრწნადობას დაქვემდებარებულ ადამიანთათვის, ამიტომაც, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათ მიერ არჩეული თვალსაზრისი კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რასაც მისდევდნენ წმიდა მამები: "ყველა გადარჩება და მხოლოდ მე წარვწყმდები". პირადი სიწმიდითა და ღმრთის განსაკუთრებული მადლით გაბრწყინვებული და ქრისტიანობის ეს უდიადესი მოაზროვნეები ამ საიდუმლოს უდიდესი თავმდაბლობის მიეახლებოდნენ ისე, რომ გონებაში განუწყვეტლივ წარმოიდგენდნენ საკუთარ თავს ჯოჯოხეთში, მაგრამ სასოწარკვეთას არ ეძლეოდნენ. "მე ვიმყოფები იქ, სადაც სატანაა", ამბობდა ამბა პიმენი. ასეთი მიდგომა პირწმინდად გამორიცხავს რაიმე საფუძველს ჯოჯოხეთის სატანჯველთა დროებითი ბუნების შესახებ, რადგან გვიაშკარავებს "ოპტიმისტების" ღრმა ზნეობრივ დაცემულობას. ჩვენ ყველანი უპირველეს ყოვლისა სასჯელს ქვეშა ვართ და ნებისმიერი მსჯელობა "ამნისტიის" გარდაუვალობაზე არაკორექტულია - ეს არის ღმრთის მოწყალების შეურაცხყოფა.

"ესქატოლოგიურ ოპტიმისტებს" ეს რომ ესმოდეთ და წმიდა მამებს რომ მიჰყვებოდნენ, არც ნახევრად მივიწყებული მწვალებლობის რეანიმაციის მიზეზიც იარსებებდა და არც წინამდებარე სტატიის დაწერის მიზეზიც. მაგრამ რადგან მათ არ გააჩნიათ ამგვარი გაგება, და ღვთისმეტყველ-"ოპტიმისტები" ჯიუტად არიან გახევებულნი თავიანთ ცთომილებაში, მეტიც, ავითარებენ მას და ყველა ქრისტიანს მოუწოდებენ უარი თქვან ეკლესიის უძველეს სწავლებაზე, ჩვენც მოგვიწევს მათი არგუმენტაციის განხილვა.

არგუმენტები, რომლებსაც ისინი საკუთარი იდეის დასამტკიცებლად იყენებენ, შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად. ესენია: მეტაფიზიკური, ზნეობრივი და იურიდიული.




წყარო: https://azbyka.ru/otechnik/Georgij_Maksimov/vechny-li-adskie-muki/#0_1

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню