განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები - 4 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ქრისტეს სასწაულთა შესახებ

იგავები და ქადაგებანი
ლაზარეს აღდგინება
დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы)


შინაარსი:

ლაზარეს აღდგინება

(იოანე 11:1-45)

კარვობისა და მისი მომდევნო განახლების დღესასწაულობის შემდეგ (იოანე 10:22), როდესაც იუდეველები ორჯერ ცდილობდნენ ქრისტეს ჩაქოლვას იმისთვის, რომ მან, როგორც ისინი ამბობდნენ, "კაცი იყო და ღმერთად მოჰქონდა თავი", - იესუ გამოვიდა იერუსალიმიდან "და კვლავ გავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც უწინ ნათელს სცემდა იოანე, და დარჩა იქ" (იოანე 10:40)

იქ მოდიოდა მრავალ იუდეველი, მაგრამ ესენი უკვე იყვნენ ის ადამიანები, ვინც მისი ირწმუნა. ამის შემდეგ, ქრისტე კიდევ გარკვეული ხანი აგრძელებდა გალილეაში ცხოვრებას და სწავლებას, სანამ მისი ამქვეყნიდან გასვლის დრო არ მოახლოვდა. მაშინ, როდესაც სოფლიდან სოფელში გადადიოდა და ის იყო კვლავ მიუახლოვდა იუდეის საზღვრებს, ბეთანიიდან მოვიდნენ წარმოგზავნილები, რომელთაც დების - მარიამისა და მართასგან საგანგაშო ცნობა მოჰქონდათ; ისინი იუწყებოდნენ, რომ მათი ძმა ლაზარე სასიკვდილოდ დასნეულდა. "უფალო, - უთხრეს მათ, - აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის". წამოგზავნილემა, რადგან იცოდნენ, თუ როგორ უყვარდა იესუს ბეთანიელი ოჯახი, არც კი ეჭვობდნენ, რომ ის, რა თქმა უნდა, იმწამსვე გაეშურებოდა ლაზარეს დასახმარებლად. მაგრამ ქრისტემ მიუგო: "ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ", და იმ ადგილას სადაც იყო კიდევ ორი დღე დარჩა.

ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: "ავდგეთ და კვლავ წავიდეთ იუდეაში". მაგრამ მოწაფეები შეეწინააღმდეგნენ, რადგან იცოდნენ, თუ რა საშიშროება ემუქრებოდა ქრისტეს თუ იერუსალიმში დაბრუნდებოდა. "რაბი, - მიუგეს მათ, - იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ?" მაშინ უფალმა მინიშნებით გააფრთხილა მოწაფეები მისი მიწიერი მსახურების "მეთორმეტე ჟამზე", ანუ იმის შესახებ, რომ ახლა ის უკვე იქმს უკანასკნელ სასწაულებს და, რომ ლაზარე ვერ გამოჯანმრთელდა, არამედ სასიკვდილო ძილით დაიძინა, ანუ გარდაიცვალა, ხოლო ქრისტე ხარობს თავის მოწაფეთა გამო, რომ არ ესწრებოდნენ ლაზარეს დასნებოვნებას და გარდაცვალებას. "მიხარია თქვენს გამო, - ბრძანა უფალმა, - რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ მივიდეთ მასთან".

მაშინ მოციქულმა თომამ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ იუდეაში დაბრუნება სასიკვდილო საფრთხე იქნებოდა არა მარტო იესუსთვის, არამედ ყველა მათგანისთვის, თავის სულიერ ძმებს უთხრა: "ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ". და ყველანი ბეთანიისკენ გაშურნენ.

ბეთანიას რომ მიუახლოვდნენ, ჯერ კიდევ სოფელში არ იყვნენ შესულნი, რომ გაიგეს ლაზარეს გარდაცვალება და, რომ უკვე ოთხი დღეა რაც უახლოეს აკლდამაში დაუკრძალავთ. შემდეგ იოანე მახარობელი მოგვითხრობს თვით ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის სასწაულზე. ის ამბობს: "როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა. ხოლო ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო, თხუთმეტიოდე უტევანის მანძილზე (ანუ ორი საათის სავალზე იერუსალიმიდან - ავტ. შენიშვნა). ბევრი იუდეველი მისულიყო მართასა და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი". როგორც ჩანს, სწორედ ამ იუდეველებმა აუწყეს მართას ქრისტეს მოსვლის შესახებ და, რომ ის უკვე სოფლის ახლოს იმყოფებოდა. "მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა".  

"და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი". გამაოგნებელია მართას ეს სიტყვები. ნუთუ მან უკვე წინდაწინ იგრძნო, რომ ქრისტე მკვდრეთით აღადგენდა მის ძმას? და ქრისტეც თითქოსდა მის წინათგრძნობას პასუხობსო, ეუბნება: "აღდგება შენი ძმა. მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას. უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე". მიუბრუნდა მართას და ჰკითხა: "გწამს თუ არა ეს?"

ეს სიტყვები რომ მოისმინა, მართამ, რომელმაც, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, მატერიალური შინაური ზრუნვა რომ ამჯობინა ღმრთის სიტყვების სულიერ ჭვრეტას, უეცრად, მოციქულ პავლესავით, აღიარებს ქრისტეს როგორც "ძეს ღმრთისას, მომავალსა სოფლად", და პასუხობს: "დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად" (იოანე 11:27).

მოძღვართან შეხვედრითა და მისი ღვთაებრიობის აღიარებით აღელვებული მართა სწრაფადვე ბრუნდება სახლში, საიდუმლოდ მოუხმობს თავის დას და ეუბნება: "მოძღვარი მოდის და გიხმობსო". რის შემდეგაც ორივე და სწრაფად გაეშურებიან ქრისტესკენ.

"როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო". ქრისტე კი ჯერაც რჩებოდა იმ ადგილზე, სადაც მას მართა შეხვდა. როდესაც მიუახლოვდა იმ ადგილს და იესუ დაინახა, მარიამი ფეხქვეშ ჩაუვარდა მას და უთხრა: "უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა".

"როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა: სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე". ირგვლივ ყველა ტიროდა, იყო გლოვა და სიკვდილის უკუნი. ეს ყოველივე რომ დაინახა, უფალიც ატირდა. როგორც მახარობელი ამბობს: "მაშინ აცრემლდა იესუ". კაცი-ქრისტე თავის მეგობარ ლაზარეს, მის ორ დაობლებულ დას და ამავე დროს, მთელ კაცობრიობას დასტიროდა, მოწყლულს სნეულებებით, ტანჯვითა და სიკვდილით.

ყოველივე ამის შემხედვარე იუდეველები ამბობდნენ: "უყურე, როგორ ჰყვარებია იგი. ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო? ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა".

საფლავი იყო მღვიმე, "რომლისთვისაც ლოდი მიედოთ" და იქ, ამ ლოდის მიღმა, მღვიმის სიღრმეში მკვდარი ლაზარეს გვამი განისვენებდა. უკვე მეოთხე დღე იყო, რაც ლაზარე საფლავში იწვა და იხრწნებოდა. იესუ სამარხს მიუახლოვდა. მის გვერდით იდგნენ გარდაცვლილის დები, მათთან ერთად კი ცნობისმოყვარე იუდეველნიც. აქვე იყვნენ ქრისტეს მოწაფენიც. სავარაუდოდ, ყველა ფიქრობდა, რომ იესუ აქ მართასთან და მარიამთან ერთად მოვიდა, რათა საფლავთან დაეტირა საყვარელი მეგობარი, მაგრამ ქრისტემ თქვა: "მოაშორეთ ლოდი". როგორ? - გაიკვირვა მართამ, - რისთვის? "უფალო! - შესძახა მან დამწუხრებულმა, - უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ". იესუ კი მიუბრუნდა მართას და ჰკითხა: "აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი?" მაშინ მიუახლოვდნენ ადამიანები სამარხს და გადააგორეს ქვა, რომელიც მიდებული იყო მღვიმეს, სადაც მიცვალებული იწვა. როგორც ჩანს, დიდი სიჩუმე ჩამოვარდა. შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ როგორი მღელვარებით სავსე იქნებოდა იქ მყოფთა მზერა, სადაც ცივი საფლავის ბინდი შეკრულიყო.

"იესუმ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე.

და ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: "ლაზარე, გამოდი გარეთ!" და იმავე წუთში, შეიძრა საფლავის ბინდი და ყველამ დაინახა, როგორ გამოვიდა მღვიმიდან მიცვალებული, "სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული". მაშინ უთხრა იესუმ იქ შეკრებილთ: "გახსენით და გაუშვით, წავიდეს".

ასე წარსდგა მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე ყველას წინაშე.

სასწაულმა იქ მყოფ ხალხზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა და "მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, - როგორც მახარობელი მოწმობს, - რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესუმ, ირწმუნა იგი. ზოგიერთი მათგანი კი წავიდა და უთხრა ფარისევლებს, რაც მოახდინა".

ფარისევლები სერიოზულად შეაშფოთა ცნობამ ლაზარეს აღდგინების შესახებ, მათ სასწრაფოდ მოიწვიეს სინედრიონის სხდომა და თქვეს: "რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს, თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც ... იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი" (იოანე 11:47-48, 53). "ხოლო მღვდეღმთავრებმა განიზრახეს ლაზარეს მოკვლაც, ვინაიდან მის გამო მრავალი იუდეველი მოდიოდა და აღიარებდა იესუს" (იოანე 12:10).

ორმაგი მკვლელობის აღსრულებით ფარისევლები იმედოვნებდნენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტდნენ იესუ ქრისტეს მოღვაწეობას და საბოლოოდ მოახდენდნენ ერში მისი გავლენის პარალიზებას. ასე პასუხობდა იუდეველ მღვდელმთავართა უძლური და უაზრო ბოღმა უდიადეს სასწაულს, რომელიც დედამიწაზე განკაცებულმა ღმრთის ძემ ცოდვისა და სიკვდილისგან კაცობრიობის დასახსნელად აღასრულა.

ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სასწაულის გახსენებას, მართლმადიდებლური ეკლესია დიდი მარხვის მეექვსე კვირის შაბათს უძღვნის. ამ დღეს, ლიტურგიაზე იკითხება იოანეს სახარების მეთერთმეთე თავი, ხოლო საგალობლები, ისევე როგორც მწუხრისა და ცისკრის საკითხავები ბუკვალურად სავსეა სახარებისეული თხრობის გადმოცემითა და განმარტებით. ამასთან დღესასწაულის ტროპარი ასახავს როგორც თვით სასწაულის, ასევე მისი თანმხლები ვითარებების დოგმატურ აზრსა და მნიშვნელობას. ტროპარში ნათქვამია: "ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა"

ეს ნიშნავს, რომ ქრისტემ, თავისი ვნების უწინარეს მკვდრეთით აღადგინა ლაზარე, რათა განემტკიცებინა ადამიანთა რწმენა საყოველთაო აღდგომისადმი და ჩვენ (მორწმუნე ქრისტიანთ), სახარებისეულ ჩვილთა და ყრმათა მსგავსად, რომლებიც იერუსალიმში უფლის შესვლის დროს მას პალმის რტოებით ხვდებოდნენ, რომელიც იყო სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო, შევძლოთ ქება აღვუვლინოთ სიკვდილის დამრთგუნველ ქრისტეს და ვთქვათ: "ოსანა მაღალთ შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!"

აქ, როგორც ჩანს, ლაზარეს აღდგინების სასწაული, დოგმატური აზრით, დაკავშირებულია იერუსალიმში უფლის შესვლასთან და ერთმანეთთან ათანხმებს ამ ორ მოვლენას: "მასთან მყოფი ხალხი მოწმობდა, - ამბობს იოანე მახარობელი, - რომ საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი. ამიტომაც გამოეგება ხალხი, ვინაიდან გაეგო, რომ მან მოახდინა ეს სასწაული" (იოანე 12:17-18).

გარდა ამისა, დღესასწაულის სტიქარონებსა და საგალობლებში აისახა ეკლესიური გაგება ბეთანიაში ქრისტეს, როგორც ღმრთისა და ქრისტეს როგორც ადამიანის მოქმედებისა. როგორც კაცი, - იესუ ტირის თავისი მეგობრის საფლავთან, ის იზიარებს გარდაცვლილი დების ურვას; როგორც კაცი ის თანაგრძნობით კითხულობს: "სად დადეთ იგი?" როგორც კაცი ლოცულობს ის მთელ ერის წინაშე ზეციერი მამის მიმართ, "რათა იქ შეკრებილებს ერწმუნათ, რომ მამამ მოავლინა".

მაგრამ როგორც ღმერთი, როგორც სამყაროს შემოქმედი, ის თავისი სიტყვით კვლავ ცოცხალ სხეულად აღადგენს უკვე გახრწნილ გვამს გარდაცვლილი ადამიანისა; როგორც ღმერთი ის უბრძანებს ჯოჯოხეთს გაათავისუფლოს ლაზარეს სული; როგორც ღმერთი ლაზარეს სულს აბრუნებს მისავ მკვდრეთით აღმდგარ სხეულში; და ბოლოს, როგორც ღმერთი უბრძანებს ლაზარეს გამოვიდეს საფლავიდან, რათა გააგრძელოს თავისი სიცოცხლე დედამიწაზე. ამ მოქმედებებში, იესუ ქრისტე ავლენს თავის ძალაუფლებას სიცოცხლეზე, სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე.

დღესასწაულის საღვთისმსახურებო ტექსტები ნათლად გვიხსნიან ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობას, - რომელიც იმჟამად სუფევდა ბეთანიელი ოჯახის წევრთა შორის. ქრისტეს ძლიერ უყვარდა მარიამი, მართა და თავისი მეგობარი ლაზარე; ლაზარეს დებს ძლიერ უყვარდათ ქრისტე, ერთმანეთი და თავიანთი ძმა; და ყველაფერი, რაც კი მოხდა ბეთანიაში ლაზარეს დასნებოვნებისა და სიკვდილის დროს, ასევე მისი მკვდრეთით აღდგომისას, - არსებითად, ღმერთკაცის სიყვარულის ზეიმი იყო ადამიანთა მიმართ, და ასევე ადამიანთა საპასუხო სიყვარული ღმრთის მიმართ. ეს სიყვარული, რომელიც უსაზღვროა თავისი თავისი სიღრმით, სულითა და ძლიერებით, აღმოჩნდა ის უმძლავრესი ძალა, რომელმაც აღადგინა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე: "რათა ერწმუნათ" (იოანე 11:42) ქრისტეს ეს უძლეველი სიყვარული ადამიანისადმი და მისი ძალაუფლება სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე.

ბეთანიელი ოჯახისადმი თავის სიყვარულში, ქრისტემ, როგორც ამას ლაზარეს შაბათის დღესასწაულზე გალობს ეკლესია, გვიჩვენა გულითადი სიყვარულის სახე", ანუ მაგალითი ჭეშმარიტი ადამიანური, სულიერი, გულითადი და უსაზღვრო სიყვარულისა; იმ სიყვარულისა, რომელმაც მისცა სიბრძნე მართას, როდესაც მან თავისი გულის სიღრმიდან აღიარა ქრისტე, როგორც ძე ღმრთისა მომავალი სოფლად. სწორედ ამ სიყვარულმა შვა მასში ბრძნული რწმენა.

მაგრამ როგორი იყო ლაზარეს ახალი ცხოვრება და მომავალი ბედი? მახარობელი ამის შესახებ მწირ ცნობებს გვაწვიდს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ლაზარე გარკვეული პერიოდი კვლავ ბეთანიაში ცხოვრობდა, საიდაც მასთან მოდიოდა მრავალი იუდეველი, რათა ენახათ და დარწმუნებულიყვნენ, რომ ლაზარე ნამდვილად აღდგა მკვდრეთით. ცნობილია ასევე, რომ ლაზარე აგრძელებდა მონაწილეობას ოჯახურ ცხოვრებაში და იმყოფებოდა იმ ტრაპეზზეც, რომელიც პასექამდე ექვსი დღით ადრე მოაწყვეს მართამ და მარიამმა ქრისტესთვის. მაგრამ ლაზარეს შემდგომ ცხოვრებაზე მხოლოდ საეკლესიო გადმოცემა გვესაუბრება. ასე, მაგალითად, წმიდა და მართალი ლაზარეს შაბათის სვინაქსარში, ეკლესიაში იკითხება ლაზარეს ცხოვრება, სადაც ნათქვამია, რომ მას ფარისევლებმა სიკვდილი მიუსაჯეს. თავი რომ ეხსნა ლაზარე კუნძულ კვიპროსზე გადასახლდა. იქ მან ოცდაათი წელი იცხოვრა, და მოციქულთა საუკუნეში კვიპროსის ეპისკოპოსი გახლდათ. ლაზარე იქვე გარდაიცვალა. მისი სხეული, საეკლესიო ისტორიის მიხედვით, შემდეგში გადაასვენეს კონსტანინოპოლს და ერთ-ერთ ადგილობრივ ტაძარში დაკრძალეს.

ლეღვის ხის შერისხვა
უნაყოფო ლეღვის ხე

(მთ. 21:17-22: მკ. 11:12-14: 20-23)

"ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე, მაგრამ არ იწამეს იგი"

(იოანე 12:37)


ებრაელი ერის ტრაგედია მდგომარეობდა იმაში, რომ ის, წარმოადგენდა რა ღვთივრჩეულ ერს, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ელოდა მესიის მოსვლას, - ვერ იცნო იგი, როდესაც განკაცდა და დედამიწაზე მოევლინა ადამიანებს. თავის ოფიციალურ და არაოფიციალურ, სამოქალაქო თუ სასულიერო პირთა სახით, მან უარყო თავისი მაცხოვარი. მეფე ჰეროდედან მოყოლებული, რომელმაც ბეთლემში ყრმები მოწყვიტა, ვიდრე სინედრიონის ხროვამდე, რომელმაც აიყოლია ხალხთა მასები და უყვიროდნენ პილატეს: "ჯვარს აცვ, ჯვარს აცვ ეგე", იუდეველები თავიდანვე ისწრაფოდნენ იესუ ქრისტეს მოსაკლავად და, ბოლოს და ბოლოს, მიაღწიეს თავიანთ მიზანს.

მაგრამ რატომ მოხდა ეს ტრაგედია? რატომ ვერ ირწმუნეს ებრაელებმა ქრისტესი, რომელმაც მათ თვალწინ წარმოუდგა? რატომ ვერ დააჯერა ებრაელები ჭეშმარიტებაში ვერც მისმა სწავლებამ და ვერც მისმა სასწაულებმა?

არსებითად, ეს საკითხი დღემდე რჩება ისრაელის სულის ისტორიულ საიდუმლოდ. მაგრამ, წინასწარმეტყველმა ესაიამ, რომელმაც წინდაწინ უწყოდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, მრავალი ასწლეულის წინ იწინასწარმეტყველა: "ამისთჳს ვერ ჰრწმენდა, რამეთუ ... დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა არა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი.

"იმიტომაც ვერ იწამეს, რომ ... დაივსო ამ ხალხმა თავისი თვალი და გაიქვავა გული, რათა არ იხილონ თვალით, არ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი". "ესა თქვა ესაიამ, - ამატებს იოანე მახარობელ, - როცა იხილა მისი დიდება და იუბნა მისთვის" (იოანე 12:40-41).

გამხმარი ლეღვის სასწაული, რომელიც იესუ ქრისტემ მისი ცხოვრებისა და ქადაგების ყველაზე უკანასკნელ დღეებში აღასრულა, ებრაელის ერის ტრაგიკული ბედის დამამთავრებელი იგავ-სიმბოლო აღმოჩნდა, რომელმაც ვერ გამოიყო ნაყოფი სინანულისა.

იერუსალიმსა და ტაძარში დიდების შესვლის შემდეგ, სადაც ქრისტემ განკურნა მასთან მისული ყველა კოჭლი და ბრმა და "როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით ... და იქ გაათია ღამე". და ადრე დილით კვლავ იერუსალიმს მიაშურა, ოღონდ უკვე ყოველგვარი საზეიმო მსვლელობის გარეშ. და აქ, როდესაც ქალაქს მიუახლოვდა, მოშივდა: "დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე?" (მთ. 21:19-20).

მოციქულები გააოგნა ამ სასწაულთმოქმედების ფაქტმა, ანუ იმან, რომ ქრისტეს ძალაუფლება ვრცელდება მცენარეთა სამეფოზეც. თუმცა, ქრისტემ არაერთხელ ასწავლა მათ, და ახლაც დაადასტურა, რომ უეჭველი რწმენის ძალა უსაზღვროა. "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: - უთხრა მათ იესუმ, - თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე".

მაგრამ, ქრისტეს მიერ ლეღვის ხის გახმობის სასწაულის მთავარი აზრი, მოცემულ შემთხვევაში, ქრისტეს მცნებების სხვა პლანში მდგომარეობდა. აქ საკითხი იდგა ებრაელი ერის ბედზე, რომელიც სულიერად უნაყოფო აღმოჩნდა, ხოლო გამხმარი ლეღვის ხე წარმოადგენდა სიმბოლოს, წინასწარმეტყველებას და იგავს, ღმრთის მიერ ისრაელის დასჯისა, რომელმაც ვერ იცნო საკუთარი მესია.

შეუძლებელი იყო მოსწავლეებს ვერ გაეგოთ ამ სასწაულის აზრი, რადგან სულ ახლახან მათ ქრისტესგან ესმათ გამაფრთხილებელი იგავი იმავე თემაზე. მაშინ უფალი მათ ელაპარაკებოდა ლეღვის ხეზე, რომელიც უკვე მესამე წელია უნაყოფოა და მებაღეზე, რომელიც ევედრებოდა ბატონს ხე არ მოეჭრა: "ბატონო, წლეულსაც აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი; იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად მოჭერი" (ლუკა 13:6-9).

და აი, ახლა, ეს "წელიც" დადგა. ღმრთის სასუფეველზე ქრისტეს ქადაგების სამი წელი, რომელსაც თან ახლდა ქრისტეს ენით გამოუთქმელი სიყვარული და მზრუნველობა "ღმრთის საყვარელ ნერგზე", მაგრამ მან ვერ გააღვიძა ისტორიული ისრაელის გახევებული სული და ვერ გამოიწვია მასში საკუთარი მესიისადმი საპასუხო სიყვარული.

ამიტომაც, უნაყოფო ლეღვის დაწყევლის სასწაული სხვა არაფერი იყო, თუ არა იესუ ქრისტეს სიმბოლური წინასწარმეტყველება ძველი ისრაელის მომავალ ტრაგიკულ დაღუპვაზე, რაც ძალიან მალე აღსრულდა რომაელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ, იმპერატორთა ვესპასიანესა და ტიტეს დროს 69-70 წლებში.

ლეღვის ხის სასწაული, როგორც ზემოთ ითქვა, აღწერილია მხოლოდ ორ სინოპტიკოსთან: მაგრამ მარკოზი, მათესთან შედარებით, ამატებს იმასაც, რომ იესუ ქრისტემ, "შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას" (მკ. 11:13). ეს სიტყვები აცბუნებს სახარების მრავალ კომენტატორს: ისინი უთითებენ, რომ შეუძლებელი იყო ქრისტეს არ ცოდნოდა წელიწადის ამ დროს რომ ლეღვს ნაყოფი არ გამოაქვს და, თუ ასეა, მაშ რატომ მოიმოქმედა ასე ქრისტემ? და რაშია დამნაშავე თვით ლეღვის ხე, რომელიც დაისაჯა? ამაზე უნდა ვუპასუხოთ, რომ ქრისტე ცხოვრობდა ადამიანებს შორის, როგორც ადამიანი და, როგორც ასეთს, შეეძლო "ეძებნა", შეეძლო "ეკითხა", შეეძლო "ეტირა", შეეძლო "ეგლოვა" და საერთოდ, გამოევლინა ადამიანისთვის დამახასიათებელი ყველა გრძნობა, გარდა ცოდვისა, როგორც ეს ჩანს მთელი მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომაც, ის "ეძებდა" ნაყოფს და შეეძლო ის ეპოვა, ლეღვის ხე (სწორედ ეს კონკრეტული ხე!) საერთოდ რომ უნაყოფო არ ყოფილიყო. საქმე იმაშია, რომ პალესტინაში იზრდება სამი სახეობის ლეღვი: 1) ადრეული, რომლებიც იფურჩქნებიან მარტში და მწიფდებიან ივლისში; 2) ე. წ. კერენზები, რომლებიც იფურჩქნებიან ივლისში და მწიფდებიან აგვისტოში და 3) გვიანდელი, რომლებზეც ნაყოფი გაზაფხულამდე რჩება. მაგრამ რომელი სახეობასაც უნდა მიკუთვნებოდა ეს მცენარე, ფაქტია ის, რომ მასზე ფოთლების გარდა (სიმბოლო გარეგანი მორთულობისა), - არაფერი იყო. ნაყოფი კი შეიძლებოდა ყოფილიყო (გინდ ძველი, გინდ ახალი), მაგრამ ნაყოფი ხეს არ ესხა.

რაც შეეხება უდანაშაულო ლეღვის ხის "შერისხვას", რა თქმა უნდა, თავისთავად, მცენარე არაფერშია დამნაშავე: მაგრამ ხეებსაც დასჯის გამო ხომ არ ჭრიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი უკვე არანაირ სასარგებლო ფუნქციას აღარ ასრულებენ ან კიდევ სხვა მიზნების აღსრულების გამო. თუკი ლაპარაკია უნაყოფო ლეღვის ხის შერისხვაზე, როგორც დასჯის სიმბოლოზე, მაშინ ეს არის ღმრთის დამსჯელი ხელის სიმბოლო, და მოცემულ შემთხვევაში ის სრულიად გამართლებულია.

ქრისტემ, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ასწავლის, მთელი თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში სწყალობდა ადამიანებს და მხოლოდ ერთხელ, ისიც არა ადამიანის, არამედ უსულო მცენარის მაგალითზე, სიმბოლურად აჩვენა, რომ ის, როგორც ღმრთის ძე არის სამყაროს მსაჯული, რომელიც ყოველ ადამიანის მიაგებს მისი საქმეებისაებრ.

ამრიგად, უნაყოფო ლეღვის ხის შერისხვის სასწაული, ყველა დროისთვის რჩება იმ ერებისა და ცალკეული ადამიანების სულიერი უნაყოფობის სიმბოლოდ, რომლებმაც ვერ იცნეს და არ მიიღეს იესუ ქრისტე, როგორც ღმერთკაცი, მესია და სამყაროს მაცხოვარი.

მართლმადიდებლური ეკლესია, თავის საღვთისმსახურებო ცხოვრებაში, ხაზს უსვამს ამ სასწაულს ვნების შვიდეულის დიდ ორშაბათს: ცისკარზე იკითხება მათეს სახარება ლეღვის ხის შერისხვაზე და მასვე ეძღვნება ამ დღის საგალობლის ზოგიერთი სტიქარონი.
მალქოსის განკურნება
მალქოსის განკურნება

(ლუკა. 22: 49-51)

მალქოსის განკურნება იყო ბოლო სასწაული, რომელიც უფალმა თავის ჯვარცმამდე აღასრულება. მის შესახებ მოგვითხრობს მხოლოდ ლუკა მახარობელი, მაშინ როდესაც სხვა მახარობლები უფრო დეტალურად აღწერენ მხოლოდ იმ ვითარებას, როდესაც მოხდა ეს მოვლენა.

სასწაული აღსრულდა გეთსემანიის ბაღში იუდეველთა მიერ იესუ ქრისტეს შეპყრობის საშინელ ღამეს. "ურვილი (ქრისტე), - ამბობს მახარობელი ლუკა, - უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას. ილოცა, ადგა, მივიდა თავის მოწაფეებთან და მწუხარებისაგან ძილად მივარდნილი ჰპოვა ისინი, უთხრა მათ: რად გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში. სიტყვა არ დაესრულებინა, - აგრძელებს მახარობელი, - რომ, აჰა, გამოჩნდა ხალხი, რომელსაც წინ მოუძღოდა ერთი თორმეტთაგანი, იუდად წოდებული, და საამბოროდ მიეახლა იესუს, ხოლო იესუმ უთხრა მას: იუდა, მაშ, ამბორით გასცემ კაცის ძეს? როცა მასთან მყოფებმა დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: უფალო, ხომ არ დავცეთ მახვილი? ერთმა მათგანმა დაჰკრა ხმალი მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა". მაშინ ქრისტემ უთხრა პეტრეს: "ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?" (იოანე 18:11).

მათე მახარობელის მიხედვით კი ქრისტემ კიდევ დაამატა: "ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება" (მათე. 26:52). და მაშინათვე, მიუბრუნდა ყველა მოციქულს და უთხრა მათ: "მოეშვით, კმარა; შეეხო მის ყურს და განკურნა იგი" (ლუკა 22:51).

მახარობელთა ეს მოკლე მონათხრობი მონის განკურნების შესახებ, იმ დრამატული მოვლენების მიხედვით, რომელშიც ის მოხდა, სახარებებში აღწერილ სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეულია. და მიუხედავად ამისა, მოცემული სასწაული, ისევე როგორც ქრისტეს ყველა სასწაული, სინამდვილეში გამოხატავს მაცხოვრის მოწოდებას ღმრთის სასუფეველის დამკვიდრებისკენ.

მოწაფეებს ეძინათ, როდესაც ქრისტე, ოფლსა და სისხლში ლოცულობდა მამის მიმართ. ყველაზე საჭირო მომენტში, როდესაც ის, როგორც ადამიანი საჭიროებდა მათ სულიერ და მორალურ მხარდაჭერას, მოციქულებმა მას დახმარება ვერ გაუწიეს. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ის, უკვე მზად იყო ნებაყოფლობით სიკვდილზე წასასვლელად და მტრებს შეეგება, მოწაფეებმა ძილისგან გამოიღვიძეს და დაინახეს რა საშიშროება, ქრისტეს დაცვის მზადყოფნა გამოხატეს: "უფალო, ხომ არ დავცეთ მახვილი?" და არ დაელოდნენ რა პასუხს, სიმონ პეტრემ იშიშვლა მახვილი და მალქოსს მარჯვენა ყური ჩამოათალა. დარტყმა, როგორც ჩანს, მიყენებული იყო უკნიდან ან გერდიდან, რადგან წინა მხრიდან მარჯვენა ხელით მოქმედების შემთხვევაში, მონის პირისპირ მდგომი პეტრესთვის მარცხენა ყურის მოჭრა უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. შესაძლოა, ასეც იყო: წინიდან, ქრისტეს პირველი იუდა მიუახლოვდა, რათა სახეში ეკოცნა მისთვის, ამ მომენტში კი უკნიდან ან მარჯვნიდან ქრისტეს მალქოსი მიეპარა, რათა იმწამსვე შეეპყრო იუდას ამბორით მითითებული პიროვნება. პეტრე, რომელიც უშუალოდ ქრისტეს მისდევდა, მალქოსის უკან აღმოჩნდა - და ამ დროს ქრისტეს უკან მდგომ მონას თავში მახვილი ჩასცა. ყველა სხვა მოწაფე უკან იდგა, ისინი დაიბნენ და აღარ იცოდნენ რა ექნათ, რადგან ქრისტემ არა თუ აუკრძალა პეტრეს და ყველა მათგანს იარაღის გამოყენება, არამედ იმწამსვე განკურნა დაჭრილი მონა.

ამ დროს, მეომრებისა და ბრბოს უკან, ასევე შეიძლებოდა მომხდარიყო ერთგვარი არეულობა. ღამის ბუნდოვანებაში შესაძლო იყო იქ მყოფთა სახეების აღრევა, და თავდამსხმელის ვინაობაც შეიძლებოდა გაურკვეველი ყოფილიყო: სად იყო ქრისტე? მალქოსმა, როგორც ჩანს უკან დაიხია. მაშინ იესუმ, რომელმაც "იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ? მიუგეს: იესუ ნაზარეველს. უთხრა მათ იესუმ: მე ვარ. ხოლო იუდაც, მისი გამცემი, მათთან იდგა" (იოანე 18:4-5).

ასეთი იყო გეთსიმანიის ბაღში განვითარებული მოვლენები, ასეთი იყო ვითარება, რომელშიც მოხდა მალქოსის განკურნება.


ადამიანური განსჯით სრულიად გასაგებია მოციქულ პეტრეს ჟესტი, რომელმაც გამოავლინა "შეიარაღებული მზადყოფნა" დაეცვა თავისი მოძღვარი და უფალი და, შეიძლებოდა თვითონაც დაცემულიყო არათანასწორ შებრძოლებაში რომაელ ჯარისკაცებთან. დიახ, ეს იყო ადამიანური ჟესტი, საკმაოდ ადამიანური. ხოლო ქრისტე, რომელმაც ადრე ერთხელ უკვე უთხრა პეტრეს: "გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას" (მათე 16:23).

მაგრამ რაში მდგომარეობს მალქოსზე აღსრულებული სასწაულის მთვარი აზრი და სიმბოლო? და აქ უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ მომხდური მტრის ჭრილობების განკურნებით, ქრისტემ ცოდვილი ადამიანისადმი მოწყალების, სიყვარულისა და ყოვლისმიმტევებლობის უდიდესი საქმე აღასრულა. თავისი მიწიერი ცხოვრების ტრაგიკულ პირობებში, მან პირადი მაგალითით დაამტკიცა თავისი მცნება, რომელიც ხალხს ჯერ კიდევ მთაზე ქადაგებისას ამცნო, ანუ მცნება მტრებისადმი მოწყალებისა და მათდამი სიყვარულისა. მაშინ მაცხოვარმა ბრძანა: "გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ...", "ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც... და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ" (ლუკა 6:27-36; მათე 5:44). ახლა კი თვითონ აღასრულა ეს მცნება და ამით აჩვენა, რომ მტრებისადმი სიყვარულს არ გააჩნია გამონაკლისი და აღსრულებადია ყოველთვის, ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ მომენტებში და თვით ყველაზე მძვინვარე მტრების მიმართაც კი.

შემდეგ, მალქოსზე აღსრულებული სასწაულით, ქრისტემ აჩვენა და ამცნო ყველას, რომ საკუთარი სულიერი გზის დაცვა და საერთოდ სულიერი ღირებულებების დაცვა "შეიარაღებული ხელით" - ღმრთის ნების საწინააღმდეგოა და, აქედან გამომდინარე, უმძიმესი ცოდვაა. ადამიანები, ჩვეულებისამებრ, სრულიად საპირისპიროდ ფიქრობენ, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ისინი შორს, ძალიან შორს არიან ღმრთის გზებისგან და უფრო იმაზე კი არ ფიქრობენ, თუ რა არის ღმრთისა, არამედ იმას, თუ რა არის კაცისა. სინამდვილეში კი "ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება". თუ ავიღებთ სიტყვებს "მახვილი" ან "დანა", როგორც სიმბოლოს, ქრისტეს ამ წინასწარმეტყველების სულიერი აზრი შეიძლება დავინახოთ იმაშიც, რომ სულიერად იღუპება არა ის ადამიანი, რომელსაც კლავენ, არამედ ის, ვინც თვითონ ჰკლავს. და ეს სრულიად თანხმიერია იმისა, რაც ღმერთმა თავიდანვე ამცნო ადამიანს: "ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი" (დაბ. 9:6).

ეს თანხმიერია ასევე იმისა, რაც ხდებოდა და მოხდება ცოდვილ სამყაროში ვიდრე მის აღსასრულამდე, კაცობრიობის და ქვეყნიერების ისტორიის დასასრულამდე, როგორც ეს იდუმალთმხილველმა აპოკალიფსისში იწინასწარმეტყველა: "ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება" (გამოცხ. 13:10).

ამრიგად, ბოლო სასწაული, რომელიც იესუ ქრსიტემ აღასრულა,  გახლავთ ღმერთკაცის დამამთავრებელი აღთქმა მტრებისადმი სიყვარულისა და მოწყალების შესახებ, ასევე იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტება არ საჭიროებს ძალადობითა და იარაღით დაცვას.

"ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა" - ბრძანებს იდუმალთმხილველი (გამოცხ. 13:10).

TOP. GE
Назад к содержимому