განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები - 9 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
უფლის იგავები გადმოცემულნი იოანეს სახარებაში
ქრისტე - კეთილი მწყემსი
დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы)


შინაარსი:

უფლის ყველა იგავი, რომლებიც ზემოთ გადმოვეცით, გამოკრებილია სინოპტიკოს მახარობელთაგან (მათე, ლუკა და მარკოზი). იოანესთან ეს იგავები არ არის. მაგრამ მის სახარებაში მოცემულია სხვა იგავები. მათი რაოდენობა მცირეა და ხასიათითაც ძლიერ განსხვავდებიან სინოპტიკოსთა იგავებისგან. საკუთრივ, სიტყვა "იგავის" სრული მნიშვნელობით იოანესთან მოიპოვება მხოლოდ ორი იგავი: "კეთილი მწყემსის" და "ვაზის შესახებ". სხვა იგავებს არ გააჩნიათ დასრულებული სიუჟეტი და წარმოადგენენ მხოლოდ სულიერი ჭეშმარიტებების მოკლე შედარებებს მიწიერ საგნებთან და ცნებებთან. ამ ცნებებს უფალი ხშირად იყენებდა თავის საუბრებში ღმრთის სასუფეველზე და მისკენ მისასვლელ გზაზე. ასე, მაგალითად, იოანესთან ვხვდებით შემდეგ გამონათქვამებს:


საკუთარი სხეული, როგორც ტაძარი

"ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას? მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც" (იოანე 2:19-22).

 
წყარო სიცოცხლისა

"მიუგო იესომ და უთხრა მას: ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში" (იოანე 4:13, 14).
 
 
ღმრთის სულის შესახებ

"ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას. ვისაც სწამს ჩემი, - თქვა ქრისტემ იერუსალიმის ტაძარში დღესასწაულობაზე, - როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი" (ისაია 12:3; იოველი 3:18). "ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ..." (იოანე 7:37-39).


ხორბლის მარცვალზე

"ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, - უთხრა უფალმა დღესასწაულზე მოსულ ელინებს, - თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს. ვისაც თავისი სული (ანუ მიწიერი ცხოვრება) უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას" (იოანე 12:24, 25).
 

იგავი კეთილ მწყემსზე
 
ეს იგვი იესუ ქრისტემ თქვა იერუსალიმში, "განახლების" დღესასწაულზე, მალევე, ბრმადშობილის განკურნების შემდეგ. ცნობა საუკუნითგან გაუგონარი სასწაულის შესახებ სწრაფად მოედო მთელ იერუსალიმს და, ერთდროულად, მრავალ მწიგნობარსა და ფარისეველში აღძრა შური და სიძულვილი ქრისტესადმი. ფარისევლები თავს ერის ჭეშმარიტ სულიერ ბელადებად, "თვალხილულ" მწყემსებად მიიჩნევდნენ, რომელთაც თავიანთი სამწყსო მიჰყავდა ღმრთის სასუფევლისკენ. მაგრამ მათი პოპულარობა ხალხთა მასებში მაინც იკლებდა, ხოლო ქრისტეს გავლენა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.

და იმის შემდეგ, რაც ფარისეველთაგან განდევნილმა ყოფილმა ბრმამ თაყვანისცა ქრისტეს და ის თავის უფლად აღიარა, იესუმ ხალხს უთხრა: "ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ" (იოანე 941).

ფარისევლებისადმი მიმართული ამ სიტყვების შემდეგ, ქრისტემ თქვა იგავი იმის შესახებ, თუ ვინ არის ერის ჭეშმარიტი მწყემსი, ანუ თქვა იგავი საკუთარ თავზე: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, - მიმართა უფალმა იუდეველთ, - ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას" (იოანე 10:1-5).

იგავის შინაარსი აღებულია იუდეველ მწყემსთა საზოგადოდ ცნობილი ცხოვრებიდან, მაგრამ, მიუხედვად ამისა, მოთხრობის სიმბოლური აზრი ქრისტეს მსმენელთათვის გაუგებარი დარჩა: "ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა" (მ. 6).

მაშინ უფალმა მათ განუმარტა: "კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს..." (მ. 7-9).

ამ სიტყვებით ქრისტემ ღიად განუცხადა იუდეველთ, რომ ის, როგორც მესია, არის კიდევაც ჭეშმარიტი "კარი" ცათა სასუფეველში, მასში შესასვლელი ერთადერთი გზა, რომლის "გვერდით" სხვა კარი არ არსებობს: "ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ". (მ. 7-10).

აქ ჩნდება კითხვა: ვის უწოდებს ქრისტე "ქურდებსა და ყაჩაღბს", რომლებსაც "ცხვრები", ანუ ძველაღთქმისეული ეკლესია არ უსმენდა? რა თქმა უნდა, - ესენი არ იყვნენ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველნი, რომლებიც ღმრთის სულით აღძრულები ღმრთის სახელით მესიის შესახებ ქადაგებდნენ, არამედ გულისხმობს ცრუწინასწარმეტყველებსა და ცრუმოძღვრებს, რომლებიც თავს მესიად ასაღებდნენ, ხალხს თავიანთ სიტყვებს ეუბნებოდნენ და იყვნენ თვითმარქვიები, რომლებიც ისტორიამ უხვად იცის. ამგვარნი იყვნენ, დღესაც არიან და იქნებიან მომავალში, ვიდრე ანტიქრისტემდე.

მაგრამ, ამ თვითმარქვიებს, რაც გინდ გენიალურები იყვნენ, რაც გინდ ლამაზად და მომხიბლავად ქადაგებდნენ ცხოვრების შესახებ, როგორ სიკეთეებსაც უნდა ჰპირდებოდნენ თავიანთ მიმდევრებს, - არ შეუძლიათ მისცენ მათ ჭეშმარიტი ცხოვრება, "მარადიული სიცოცხლე", ანუ იმგვარი სიცოცხლე, რომელიც სცილდება დროის საზღვრებს და მარადიულობაში გადადის...

ეს სიცოცხლე შეიძლება მოგვცეს მხოლოდ იმან, ვინც თვითონ არის სიცოცხლე და ამავდროულად მარადიულ ნეტარებაში შესასვლეი "კარიც", სულიერ ცხოვართა ჭეშმარიტი მწყემსი.

როგორც ერთგული მწყემსი თავს არ ზოგავს სამწყსოს დასაცავად, ასევე მწყემსმთავარი - მესია - ქრისტეც "თავს წირავს" თავის სიტყვიერ ცხოვართათვის.

"მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის", - თქვა ქრისტემ, - "ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს" (მ. 11).

ეს სიტყვები, ჭეშმარიტ მწყემსობაზე, ეხებოდა იესუ ქრისტეს თანამედროვე ებრაელი ერის სულიერ მწყემსებს, მწიგნობრებსა და ფარისევლებს, მაგრამ ის ამავე ზომით განეკუთვნება ქრისტიანული ეკლესიის იმ მწყემსებსაც, რომლებიც ფულისა და ყოველგვარი ცხოვრებისეული გამორჩენის გამო მწყემსავენ სულიერ ცხოვართ, და არა იმიტომ, რომ მათი ცხონება სურთ; ისინიც "ქურდები და ყაჩაღები" არიან, "მოქირავენი", რადგან საკუთარი თავის უარყოფის, თავდადებისა და განსაცდელთათვის მზადყოფნის გარეშე ვერავინ გახდება ქრისტეს სამწყსოს, ანუ ეკლესიის ჭეშმარიტი მწყემსი. ეს უნდა იცოდეს ქრისტეს ეკლესიის ყოველმა ეპისკოპოსმა და მღვდელმსახურმა.

"მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის" (მ. 14-15). ქრისტეს ამ სიტყვებში უკვე ჟღერს არა მარტო იგავში მოთხრობილ სიმბოლოთა განმარტება, არამედ ღია მოწმობა იმისა, თუ როგორი ერთობაა ერთი მხრივ, კეთილ მწყემსსა და მამა ღმერთს შორის და მეორე მხრივ, კეთილ მწყემსსა და საკუთარ სამწყსოს შორის, ასევე თუ როგორი მსხვერპლი უნდა გაიღოს მან ადამიანთა ცხონებისთვის.

ფარისევლებსა და მწიგნობრებს უნდა გაეგოთ პირდაპირი სიმბოლიკა და ქრისტეს პირდაპირი მოწმობა მწყემსსა და ისრაელის სახლის ცხვრებზე. ისინი მათთვის ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებებიდან იყო ცნობილი. მაგრამ, ვაი, რომ ამ ბელადთა სულიერი თვალები დახშული იყო და ისინი ვერ გულისხმაყოფდნენ წერილს. კერძოდ, მათ შეეძლოთ გახსენებოდათ ეზეკიელის წინასწარმეტყველება, რომელიც ბრძანებს: "ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ მწყემსებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი. ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყესავენ! განა ცხვარს არ უნდა მწყესავდნენ მწყემსები? ... ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო!

ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ისევ მწყემსებს მოვკითხავ ჩემს ცხვარს და გადავაყენებ მათ ცხვრის მწყემსობისგან, რომ კვლავ აღარასოდეს მწყემსავდნენ მათ. ... აჰა, მე თავად მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვძებნი! ... და დავმწყესავ მათ ისრაელის მთებზე, ნაკადულთა ნაპირებზე და ყველგან, ქვეყნის დასახლებულ მხარეში. საუკეთესო საძოვრებზე დავმწყესავ მათ და ისრაელის მაღალ მთებზე ექნებათ სადგომი" (ეზეკ. 34:1-14). და იერემიასთანაც: "ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს, ამბობს უფალი" (იერ. 23:1), და მრავალი სხვა.

მაგრამ, თავის იგავში, უფალი ლაპარაკობდა არა მარტო ისრაელის ძველაღთქმისეულ სახლზე. ის ლაპარაკობდა მთელ ეკლესიაზე: "სხვა ცხვრებიც მყვანან, - ბრძანა ქრისტემ, - რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი" (იოანე. 10:16).

ეს სხვა არაფერია, თუ არა წინასწარმეტყველება ერთ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიაზე, რომლის "ერთი მწყემსია" თავად უფალი იესუ ქრისტე და, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით (საქმე. 20:28).

დარჩა რა "განახლების" დღესასწაულზე და ქადაგებდა რა სოლომონის ტაძრის ბჭესთან, ქრისტე ლაპარაკობდა საკუთარ თავზე, როგორც მესიაზე და ღმრთის ძეზე. "გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად" (იოანე 10:24), მაშინ უფალმა მათ კვლავ თავისი იგავი შეახსენა: "გითხარით ... მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი... ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ. მე და მამა ერთი ვართ" (იოანე 10: 23-30).

ამგვარად, იგავი "კეთილ მწყემსზე", რომელიც ქრისტემ ჯერ თქვა სიმბოლოებითა და მინიშნებებით, ბოლოს დასრულდა საკუთარი ძე-ღმერთობისა და მამასთან ერთობის ღია დადასტურებით.

მართლმადიდებლური ეკლესიის ლიტურგიკულ პრაქტიკაში, იგავი კეთილ მწყემსზე ჩვეულებისამებრ იკითხება ეკლესიის დიდ განმანათლებელთა, ეკლესიის ჭეშმარიტ მწყემსთა დღესასწაულის ლიტურგიის ცისკარზე,
ხე სიცოცხლისა
იგავი ვაზზე

(იოანე 15: 1-6)

თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო დღეებში, ქრისტე ნაკლებად საუბრობდა იგავებით, უფრო ხშირად ის თავის სწავლებას საკუთარ თავზე, როგორც ღმრთის ძესა და სამყაროს მაცხოვარზე პირდაპირ გადმოსცემდა.

"აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, - უთხრა უფალმა მოციქულებს საიდუმლო სერობის შემდეგ, - მაგრამ მოდის დრო, როცა იგავებით კი აღარ გელაპარაკებით, არამედ გაცხადებულად გაუწყებთ მამის შესახებ" (იოანე 16:25).

გეთსემანიის ბაღისკენ მიმავალ გზაზე, ვენახებს რომ გადიოდა, რომლებიც ელეონის მთის გასწვრივ იყო გაშენებული, უფალმა საკუთარი თავი ვაზს შეადარა, ხოლო თავისი მოწაფეები მის ლერწებს. ეს ქრისტეს ბოლო იგავი იყო.

"მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, - თქვა უფალმა, - და მამაჩემი მევენახეა. ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას. თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის" (იოანე 15:1-6).

ეს იგავი იმდენად გამჭვირვალეა თავისი აზრით, რომ უკვე აღარც არის "იგავი", არამედ ღია მოწმობა ქრისტესი საკუთარ თავზე, როგორც ერთადერთ წყაროზე, რომელიც არწყულებს სიცოცხლის ხის ყველა ტოტს. ვაზის ლერწი, მისი ტოტები და ნაყოფთა ყუნწები ყველა დროისთვის აღიბეჭდა ქრისტიანული მსოფლიოს ცნობიერებაში, როგორც ქრისტესა და მისი ეკლესიის ერთობის უჩვეულო და მკაფიო სიმბოლო. ის განსაკუთრებით ძვირფასია ქრისტიანული გულისთვის, რადგან მოგვაგონებს წმიდა ევქარისტიას, სადაც ვაზის ნაჟური გადაიქცევა ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად, რომელიც არწყულებს ეკლესიას მარადიული სიცოცხლისთვის.

ქრისტე - "ვაზი", - მრავალ ტოტს ატარებს. ზოგ მათგანს, რომელსაც ნაყოფი არ მოაქვს, მამა ღმერთი - "მევენახე", - მოჭრის და ცეცხლში აგდებს, ამგვარი ტოტები იღუპებიან; მაგრამ, სხვები, ვისაც ნაყოფი მოაქვს, მამა განწმენდს რათა კიდევ უფრო მეტი ნაყოფი გამოიღონ

სიტყვებს "მოჭრის" და "განწმენდს", გააჩნიათ უძირო სიღრმე და ყოველმხრივ საღვთისმეტყველო განმარტებას ითხოვენ. საერთოდ, ამ იგავს მხედველობაში აქვს ეკლესიის წევრთა ცხოვრება, როგორც ცოდვილთა, ასევე მართალთა. იგავი გულისხმობს ასევე საუკუნო სამსჯავროს დადგომას. მაგრამ მოციქულებს, რომლებისკენაც იყო მიმართული ეს სიტყვა, უფალი "განწმენდილ" ტოტებს უწოდებს. – "თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით..." რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მოციქულებს, ქრისტესთან ყოფნის მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისმენდნენ რა მის სიტყვას და თავიანთი გულები გაშლილი ჰქონდათ ამ სიტყვის მისაღებად.

ღმრთის სიტყვამ, განწმენდა რა მათი სულები ცოდვისმიერი ამაოებისგან, მათი ცხოვრება სამარადისოდ გარდასახა და შეუერთა ქრისტეს. ასეთია ღმრთის სიტყვის ძალა. "ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი", - წერდა მოციქული პავლე ებრაელებს, - ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს. არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს" (ებრ. 4:12, 13).

რა თქმა უნდა, ის, რაც ქრისტემ უთხრა მოციქულებს, საყოველთაო მნიშვნელობისაა, ანუ ის ეხება ყველა დროის ყველა ადამიანს, ვინც განიწმინდება ღმრთის სიტყვის მ იერ. და ყველას ეხება ქრისტეს აღთქმა: "თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ. ამით იდიდება მამაჩემი, თუ გამოიღებთ უხვ ნაყოფს და იქნებით ჩემი მოწაფენი" (იოანე 15:7, 8).

იმავე გამოსამშვიდობებელ საუბარში, სამღვდელმთავრო ლოცვის უწინარეს, უფალი ამბობდა: "მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ. მისმა მოწაფეებმა უთხრეს: აი, ახლა კი ცხადად გველაპარაკები და არავითარ იგავს აღარ ამბობ. ახლა კი ვიცით, რომ ყველაფერი იცი; და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს; ამიტომაც გვწამს, რომ ღმრთისაგან გამოხვედი" (იოანე 16:28-30).

როგორც სახარებაში გადმოცემული ქრისტეს ყველა იგავიდან ჩანს, მათში გახსნილია არსებითად მთელი სწავლება ღმრთის სასუფევლისა და მისი მიღწევის გზებზე, სასუფევლის მეფეზე - ზეციური მამის ძეზე - სამყაროს მაცხოვარ ქრისტეზე; ასევე ღმრთის სამსჯავროზე, რომელსაც დაექვემდებარება მიწიერი ცხოვრების შემდეგ ყოველი ადამიანი, და ბოლოს, იმ მისაგებელზე, რომელსაც მარადიულ ცხოვრებაში მიიღებენ ყველანი თავიანთი ბოროტებისა და სიკეთისთვის.

ყველა იგავთაგან, რომელიც იესუ ქრისტემ თავისი მსახურების დასაწყისში ბრძანა, ყველაზე ნიშანდობლივია იგავი "მთესველზე", რომელმაც ღმრთის სიტყვა ადამიანთა გულებში ჩატსა, ხოლო მთესველის ქადაგების ბოლო პერიოდისთვის ყველაზე მახასიათებელი გახლავთ იგავი "ხორბლის მარცვალზე, რომელიც ჯერ მიწაში უნდა მოკვდეს, რათა კვლავ გაცოცხლდეს და აღმოვიდეს მარადიული სიცოცხლისთვის. თესლი - ღმრთის სიტყვაა; მთესველი - ძე კაცისა, ხოლო ხორბლის მარცვალი - ღმერთკაცის გოლგოთისეული მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ცოდვის წყევისგან და სიკვდილისგან კაცობრიობის დასახსნელად, რათა მიენიჭებინა მისთვის მარადიული სიცოცხლე ცათა სასუფეველში.


TOP. GE
Назад к содержимому