განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. მთვარეული ყრმის განკურნება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

ეშმაკთა განსხმის სასწაულნი

Mtvareulobit shepyrobili yrmis gankurneba

შინაარსი

მთვარეული ყრმის განკურნება

(მთ.17:14-21: მკ.9:14-29: ლკ.9:37-42)


მთვარეულობით შეპყრობილი ყრმის განკურნება მოხდა გალილეაში, უფლის ფერიცვალების მომდევნო დღეს. ამ სასწაულის მოკლე აღწერილობას გვაძლევს მახარობელი მათე, სხვა სინოპტიკოსები კი მას ავსებენ.

მათე მახარობელი ბრძანებს: როდესაც ისინი (ანუ ქრისტე და თაბორის მთაზე მისი თანმხლები პეტრე, იაკობი და იოანე) ხალხთან მივიდნენ, როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება, ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება. მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ განკურნეს იგი. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ. შერისხა იგი იესომ და გავიდა ეშმაკი მისგან: და განიკურნა ყმაწვილი იმავე წამს".

მახარობელ მარკოზი გვაძლევს ხალხის წინაშე ქრისტეს გამოცხადების მკაფიო სურათს. ის წერს, რომ როდესაც ქრისტე "მოწაფეებთან დაბრუნდა, იხილა მათ ირგვლივ შეკრებილი დიდძალი ხალხი და მათთან მოკამათე მწიგნობრები". დავა, როგორც ჩანს ძალიან მძაფრი და მოწაფეებისთვის არასასიამოვნო იყო. მაგრამ ქრისტეს გამოჩენამ დავა შეაჩერა.

"როდესაც ხალხმა ის შენიშნა", - ამბობს მახარობელი, - "განცვიფრებულნი გამოიქცნენ და მიესალმნენ". შესაძლოა ეს განცვიფრება გამოწვეული იყო იმით, რომ ზეციური ნათელი, რომლითაც გაბრწყინდა ის თაბორის მთაზე, ჯერაც ბრწყინავდა მის თვალებში და აისახებოდა მთელ მის სხეულზე, გარეგნობაზე, ხმასა და მოძრაობებზე.

ქრისტემ "ჰკითხა მწიგნობრებს: რას ედავებით ამათ?" მწიგნობრები დუმდნენ. მაშინ ერთმა კაცმა ხალხიდან მიუგო მას: "მოძღვარო, ჩემი ძე მოგგვარე, შეპყრობილი სიმუნჯის სულით. სადაც მოიხელთებს, ძირს დასცემს; დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შესძლეს"...

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყრმის მამამ, რამოდენიმე ხნის წინ, თავისი შვილი სწორედ ქრისტეს მიჰგვარა, მაგრამ, ვერ მიუსწრო მას და ამიტომაც დახმარებისთვის მის მოწაფეებს მიმართა, მათ კი ვერ შეძლეს დემონის განდევნა. არ არის გამორიცხული სწორედ ეს ყოფილიყო მწიგნობრებსა და ქრისტეს მოწაფეებსშორის არსებული "დავის" თემაც.

შემდეგ, მარკოზ მახარობლის მიხედვით, შეიძლება შევიქმნათ სრული წარმოდეგნა ყრმის სნეულების მახასიათებელ სიმპტომებზე. როგორც ჩანს, გარეგნულა ის ძალიან წააგავს თანამედროვე მედიცინისთვის ცნობილ ეპილეფსიას. მაგრამ, სრულ იგივეობაზე აქ ლაპარაკი შეუძლებელია. ყრმის "ეპილეფსიის" ნიშნები, სახარების მიხედვით, შემდეგია: ყრმას შეტევები მოსდის "ახალმთვარეობისას" და "უეცრად", ყრმა თითქოსდა ვიღაცამ "შეიპყროო", ძირს ეცემა, "კბილებს აღრჭიალებს", "დუჟი გადმოსდის", "მთელი სხეულით ცაცხაცებს" და კონვულსიებშია. ავლენს მიდრეკილებას თვითმკვლელობისადმი, "ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება". მაგრამ უკვე იმაზე მინიშნება, რომ ეს ყველაფერი ხდება პერიოდულად - მთვარის ავსების ჟამს - სულაც არ ახასიათებს კლასიკურ ეპილეფსიას. და რაც მთავარია - დაავადების მიზეზი როგორც კლინიცისტებთან და მახარობლებთან სრულიად განსხვავებულია. თუ ექიმები ეპილეფსიური შეტევების მიზეზს თავის ტვინის ნივთიერების ან სისხლის შემადგენლობის ამა თუ იმ ანომალიაში ვარაუდობენ, მახარობლებისთვის ეს ანომალიები, თუ ისინი არსებობენ, წარმოადგენენ არა მიზეზს, არამედ ადამიანში უცხო, მავნე სულის დაბუდების შედეგს. ყრმის მამას ეჭვიც არ ეპარება, რომ მისი შვილი "შეპყრობილია სიმუნჯის სულით", და მისი უბედურება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ მოწაფეებმა ვერ შეძლეს მისი განკურნება.

გარდა ამისა, - სიმუნჯე და დაყრუება ასევე არ ახასიათებს ეპილეფსიას, თუმცა ზოგჯერ ემთხვევა მას.

დასასრულ, მიდრეკილება თვითმკვლელობისადმი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავთვალოთ ეპილეფსიის მუდმივ სიმპტომად, უფრო მეტად, ეს მისი იშვიათი მეგზურია. ამიტომაც, ყრმასთან დაკავშირებულ სახარებისეულ აღწერას, როდესაც ყრმა სავსე მთვარეობის დროს საშინლად იტანჯება, თანამედროვე ექიმები მისცემდნენ ეპილეფსიის "ფსიქოგენურ" ან "ისტერიულ" დახასიათებას, რომელიც ავადმყოფის ფსიქიკაში ბუდობს. და ეს არ იქნებოდა შეცდომა, რადგან სწორედ სნეულების გამომწვევი "სული", შეიპყრობს რა ადამიანის ფსიქიკას, მასში პათოლოგიურ მოვლენებს იწვევს.

ამრიგად, მახარობელთა მოწმობით, ეპილეპტიკი ყრმის სნეულება იმდენად მძიმე იყო, რომ ქრისტეს მოწაფეებმა ვერ შეძლეს მისი განკურნება. მაშინ გულდამწუხრებულმა ქრისტემ, რომელსაც ბოროტების სულით დამონებულ ადამიანთა ურწმუნოება გაუკვირდა, ბრძანა: "ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ?" და სნეული ყრმის მასთან მიყვანა ბრძანა. და "ჯერ არც კი მისულიყო მასთან, რომ ეშმაკმა მიწას დაანარცხა და კრუნჩხვა დააწყებინა". იესუმ "ჰკითხა მამამისს: რამდენი ხანია ასე? ხოლო მან მიუგო: სიყრმითგანვე" და სასოწარკვეთილმა მაშინათვე სთხოვა: "მაშ, თუ რამ შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე". ამ ვედრებაში ჟღერდა უფრო იმედი, ვიდრე რწმენა. მაშინ უფალმა, თავისი მოწყალებით, გაამხნევა მამა და დაეხმარა მას ეპოვა რწმენის საწყისები: "...თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის" და "ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას" (მარკ. 9:19-24).

ეს სიტყვები არც მაშინ გამოპარვია ხალხს და დღემდე აქტუალურია: მარავალი ასწლეულის განმავლობაში იმეორებს მას ყოველი, ვინც გათანგულია ჭირვებებით და მათგან თავდაღწევის მოსურნე გამოსავალს ღმრთის რწმენასა და შეწევნაში ეძებს. აქ, მრავალწლოვანი ტანჯვიდან და ცრემლიდან, უბედური მამის სულში იშვა რწმენა, რომელმაც მისი ადრინდელი ურწმუნოება დაამარცხა.

მაგრამ სანამ ქრისტე ბავშვის მამას ესაუბრებოდა, ხალხი ყოველი მხრიდან მოდიოდა და ეხვეოდა სნეულს, რათა უჩვეულო სასწაულის თვითმხილველი გამხდარიყო. მაშინ იესუმ "შერისხა სული და უთხრა: ყრუ-მუნჯო სულო! გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში! სულმა შეჰყვირა, საშინლად შეარყია იგი და გამოვიდა, ხოლო ბავშვი მკვდარს დაემსგავსა". მაგრამ "იესუმ შერისხა უწმინდური სული, განკურნა ყრმა და მისცა მამამისს" (ლკ. 9:42).

იმის შემდეგ, რაც ბრბო დაიშალა, "მოწაფეებმა დაიმარტოხელეს იესო და ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა?" რაზეც ქრისტემ მიუგო: "თქვენი მცირე რწმენის გამო: თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის" (მთ. 17:20). და კიდევ დაამატა: "ამ მოდგმას ვერაფრით ვერ განდევნი, თუ არა ლოცვით და მარხვით" (მკ. 9:29).

შედეგად, აი მსგავს სნეულთა განკურნების ჭეშმარიტი, ქრისტეს მიერ ნასწავლი გზა: რწმენა, ლოცვა და მარხვა.

მაშ, რა შეიძლება ამას უპასუხონ თანამედროვე ექმმა-ფსიქიატრებმა, რომლებიც უმეტესწილად მოწყლულნი არიან ურწმუნოებით? ალბათ ისინი მხოლოდ გაიღიმებენ ამგვარ რჩევაზე. მაგრამ, ვაი, რომ მათ ღიმილს არ გააჩნია მაკურნებელი ძალა და ვერც ერთ სნეულს ამ უმძიმესი დაავადებისგან ვერ განკურნავს.

წყარო: დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).

Mtvareulobit shepyrobili yrmis gankurneba

ასუროფინიკიელი ქალის ეშმაკეული ქალიშვილის განკურნება

(მთ.15:21-28: მკ.7:24-30)

ასუროფინიკიელი ქალის ეშმაკეული ქალიშვილის განკურნება აღწერილია ორი მახარობლის მიერ და სრულიად თანხმიერად. ეს მოვლენა "ტიროსისა და სიდონის მხარეს", ანუ წარმართულ ფინიკიაში მოხდა. აქ ქრისტე გალილეიდან მოვიდა იმის შემდეგ, რაც ხუთი პურით ხუთი ათასი ადამიანი დააპურება და წყალზე გაიარა (მთ. 14-ე თ. და მკ. მე-6 თ). ამ სასწაულთა შემდეგ, ქრისტეს, როგორც საკვირველთმოქმედის პოპულარობამ, უკიდურეს ზღვარს მიაღწია და თან იმდენად, რომ "სადაც უნდა შესულიყო - სოფლებში, დაბებსა თუ ქალაქებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ სნეულთ და სთხოვდნენ, ნება მიეცი, შენი სამოსის კალთას შეეხონო; და ყველა, ვინც მას ეხებოდა, იკურნებოდა" (მკ. 6:56).

და რამდენიც უნდა აეკრძალა ქრისტეს ჩემზე, როგოც სასწაულთმოქმედზე ცნობებს ნუ გაავრცელებთო, - ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ იმ ადგილის მცხოვრებნი, სადაც ის მიდიოდა, - ცნობდნენ და ხალხს აგზავნიდნენ მთელ მხარეში, რომ ყველა სნეული მოეყვანათ (იხ. მთ. 14:35).

ასეთ ვითარებებში, იესუ ქრისტესთვის ძნელი იყო ღმრთის სასუფეველზე თავისი სწავლების ქადაგება, რადგან ხალხის მასები უფრო კურნების მისაღებად მიდიოდა და არა სწავლების მოსასმენად. და, გარდა ამისა, ადვილი წარმოსადგენია, რომ ქრისტე, სხვა დანარჩენთან ერთად, როგორც ადამიანი, განმარტოებას და დასვენებას საჭიროებდა. სავარაუდოდ ამ მიზეზების გამო, "წამოვიდა იქიდან" (ანუ გალილეიდან) და "მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს" (მთ. 15:21) და "შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა" (მკ. 7:24).

ხალხის წარმართული მასა აქ ქრისტეს უფრო ნაკლებად იცნობდა, ვიდრე გალილეაში, თუმცა, უეჭველად, ქრისტეს შესახებ მათაც სმენოდათ. ამიტომაც, ქრისტეს გამოჩენა ტიროსისა და სინოდის მხარეს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. და როგორც კი უფალი თავის მოწაფეებთან ერთად აქ ჩამოვიდა, "გაიგო ერთმა ქალმა, ვის ასულსაც უწმინდური სული ჰყავდა" (მკ. 7:25), და "მიჰყვიროდა მას (ქრისტეს) და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან. ხოლო მან ხმა არ გასცა. მიადგნენ მისი მოწაფეები და სთხოვეს: გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის".

როგორც ჩანს, ეს ქალი ქრისტეს განუშორებლად და ხანგრძლივად თან დაჰყვებოდა და თანაც ჯიუტად ითხოვდა ქრისტესგან ყურადღებასა და მოწყალებას. მან საიდანღაც გაიგო და სწამდა, რომ მის წინ მიდის არა უბრალოდ ექიმი და მოძღვარი, არამედ "უფალი, ძე დავითისა". მაგრამ, თვით ქალი არ ეკუთვნოდა "ისრაელის სახლს", არამედ ქანანეველი გახლდათ, წარმოშობით ასუროფინიკიიდან, წარმართი, და რა თქმა უნდა იცოდა, რომ, როგორც რომაელები მათ გარდა ყველა დანარჩენ ერს ბარბაროსებად მიიჩნევდნენ, ასევე ისრაიტელნიც ყველა მეზობელ ხალხს, ანუ წარმართებს, "სჯულში უმეცართ", ველურებსა და "ძაღლებს" უწოდებდნენ.

ქრისტემ, ისმინა მოწაფეთა თხოვნა, შეჩერდა და, თუმც კი უთხრა მათ, რომ ის სხვას როდი მოევლინა, არამედ "მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს". მაშინ ქალი მიუახლოვდა ქრისტეს, ფეხებში ჩაუვარდა, თაყვანისცა და უთხრა: "უფალო, შემეწიე მე!". ხოლო უფალმა პასუხად თქვა: "არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური".

ამგვარი სიტყვა თითქოსდა უნდა სწყენოდა ქანანეველ დედაკაცს, იმედიც უნდა გადასწუროდა, რომ მიიღებდა რაიმე შეწევნას ქრისტესგან, შეეწყვიტა შემდგომი ვედრება და გაბრუნებულიყო. მაგრამ ყველას გასაკვირად, ამ წარმართმა ქრისტესადმი თავისი პასუხით წარმოაჩინა არაჩვეულებრივი მორჩილება, თავმდაბლობა, რწმენა და სიბრძნე. "დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს".

ჭეშმარიტად, შეიძლება ითქვას, რომ ამ წარმართის თავმდაბლობა მისი რწმენის აკვანი გახლდათ. მის თავმდაბლობას ჰქონდა იგივე თვისებები, როგორიც წარმართი ასმეთაურის თავმდაბლობას, რომელიც თავს უღირსად თვლიდა მის სახლში ქრისტე შემოსულიყო. როგორც ერთი, ასევე მეორე მაგალითი ამტკიცებს სულის გარდაუვალ კანონს, რომ თავმდაბლობა, როგორც სიამაყის ანტითეზა, ადამიანის სულში ჭეშმარიტებისადმი რწმენას ბადებს, ხოლო ეს რწმენა შემდეგ სასწაულებს იქმს.

თვით უფალს გაუკვირდა ქალის რწმენა. "ეჰა, ქალო!, - მიუგო ქრისტემ, - დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ!" (მთ. 15:28). "მაგ სიტყვისათვის წადი; გამოვიდა ეშმაკი შენი ასულისაგან. მივიდა ქალი თავის სახლში და ნახა, რომ მისი ასული სარეცელზე იწვა, ეშმაკი კი გამოსულიყო მისგან" (მკ. 7:29-30).

ამგვარად, ეშმაკის განდევნა მოხდა დაუსწრებლად, დედის რწმენით და თვით ეშმაკეულის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშ. როგორც ადრე ითქვა, ქრისტეს ყოველი სასწაული, თვით თავისი ფაქტით, ქადაგებს ღმრთის სასუფევლის და მისკენ მიმავალი გზის ამა თუ იმ ჭეშმარიტებას. ასე, მაგალითად, ეს სასწაული უპირველეს ყოვლისა მოწმობს იმაზე, რომ ღმერთი ზოგჯერ გამოცდის ადამიანის სულს, მისი თავმდაბლობისა და მორჩილების სიღრმეს და მისი ნების ძალას ვედრების, ანუ ლოცვის დაჟინებულობაში. ერთიც და მეორეც ამყარებს ადამიანის რწმენას ღმრთის შეწევნისდმი. გარდა ამისა, ქანანეველი ქალის შემთხვევა გვასწავლის, რომ, ადამიანში როგორც ეშმაკის შესახლება, ასევე მისი გამოდევნა, არ არის რაღაც განყენებული "თვითშთაგონება", არამედ ეს არის სრულიად რეალური, კონკრეტული მოვლენა. მეორე მხრივ, "ეშმაკეულობა", როგორც სულიერი დაავადება, აქ არ წარმოადგენს ორგანიზმის რაიმე ფიზიოლოგიური ანომალიის შედეგს, არამედ პირიქით, პათოლოგიური მოვლენა სხეულში, მოცემულ შემთხვევაში, თავის საწყისს ადამიანში უცხო სულის ჩასახლებიდან იღებს. სნეულების მიზეზი სულიერია. ასე ასწავლის ქრისტე.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ასუროფინიკიელი ანუ ქანანეველი, როგორც უწოდებს მას მეორე მახარობელი, თუმც წარმართი იყო, მაგრამ ესმოდა, რომ მისი ქალიშვილი უბრალოდ სნეული კი არ არის, არამედ "ეშმაკეულია", ანუ მას სწამდა "ბოროტების სულთა" არსებობა, რისაც თვით ზოგიერთ იუდეველსაც კი არ სწამდა, მაგალითად, სადუკეველებს, და ამისი ბევრს ჩვენს დროშიაც არ სწამს. მაგრამ ბნელი და ბოროტი ძალების რეალობისადმი ურწმუნოება, უცილებლივ ახდენს ადამიანის სიფხიზლისა და მღვიძარების პარალიზებას. მტერი, რომელსაც მეომარი ვერ ხედავს და რომლის არსებობისა არც კი სჯერა, - ყველაზე საშიში მტერია, და მისი დარტყმები, თავისი მოულოდნელობით, მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩდნეს. აი, რატომ ამტკიცებს ზოგიერთი სულთა მხილველი, რომ ჩვენს დღეებში ეშმაკის ყველაზე დიდი "მიღწევა" არის ის, რომ, მან ადამიანებს მისდამი ურწმუნოება ჩაუნერგა.

დასასრულ, ზედმეტი არ იქნება კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ ასუროფინიკიელი კი არ ედავებოდა, არამედ მორჩილად ეთანხმებოდა, რომ ის და მისი ქალიშვილი ერთგვარად არიან "დაბალი რასის" წარმომადგენლები; ის არ განაწყენდა ქრისტეს სიტყვებზე "ძაღლებთან" შედარების გამო, არამედ უფალს მისი ოჯახისთვის ოდენ მოწყალება გამოსთხოვა. ამასთან, ქრისტეს მოწაფეებს შეუძლებელი იყო არ დაენახათ თუ რამდენად მაღლა იდგა ეს უბრალო სული და რამდენად სპეტაი იყო იმ იერუსალიმელ ფარისევლებზე და მწიგნობრებზე, რომლებიც, მუდმივად უტევდნენ მათ მოძღვარს, და ცდილობდნენ, როგორც "სიტყვაში მის გამოჭერას", ასევე "სასწაულებს ზეცით". და ამგვარი ადამიანები უფალს ვერასოდეს იპოვიან, თუ ისინი ღმრთის წინაშე მორჩილებასა და თავმდაბლობას არ გამოავლენენ.

ამ ოლქის წარმართებს შორის ქრისტეს ყოფნა, როგორც ჩანს, მოკლევადიანი იყო. კვლავ წამოვიდა რა ტიროსისა და სიდონის საზღვრით, "მოვიდა გალილეის ზღვის პირას, ათქალაქის საზღვართა შორის", ანუ ისე, რომ იორდანეს გადალახვისა და ზღვის გადაცურვის გარეშე ის კაპერნაუმისა და ბეთსაიდის საზღვრებში დაბრუნდა. "მივიდა გალილეის ზღვის პირას, მთაზე ავიდა და იქ დაჯდა". და როგორც მათე მახარობელი გვამცნობს: "მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან მოიყოლეს კოჭლნი, ბრმანი, ყრუნი, საპყარნი და სხვანიც მრავალნი, ფერხთით დაუსხეს იესოს და მანაც განკურნა ისინი. ასე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ ლაპარაკობდნენ მუნჯნი, იკურნებოდნენ საპყარნი, დადიოდნენ კოჭლნი და ხედავდნენ ბრმანი: და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს" (მთ. 15:30-31).


წყარო: დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню