განმარტებანი - ნაინელი ქვრივის ჭაბუკის მკვდრეთით აღდგინება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

naineli qvrivis chabukis mkvdretit agdgineba

შინაარსი

ნაინელი ქვრივის ჭაბუკის მკვდრეთით აღდგინება

(ლკ. 7:11-18)

"ამის შემდეგ, - ბრძანებს მახარობელი (ანუ, რაც უფალმა განკურნა ასისთავის მსახური), - იესუ წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი..."

ქალაქი ნაინი მდებარეობდა გალილეაში, მცირე ერმონის მთისწინეთის ჩრდილოეთ ფერდობზე, ქედის საკმაოდ გაუდაბურებულ, ქვიან და მყუდროებას მოკლებულ ადგილზე. დღეისთვის აქ მდებარეობს ძალიან ღარიბი, უკიდურესად დაკნინებული ნაინის სოფელი. მასში შესვლა მხოლოდ ერთი მხრიდან არის შესაძლებელი, რომელიც ღიაა ველური გორაკის დაქანებულ ფერდობზე, რომელიც ხეობისკენ ჩადის. გორაკის გასწვრივ ქვაში გამოკვეთილი აკლდამები შეიძლება ქრისტეს თანამედროვეც იყოს, და სავარაუდოდ, ამ აკლდამებიდან ერთ-ერთისკენ მიასვენებდნენ ნაინელი ქვრივის გარდაცვლილ ჭაბუკს.

ხალხის მიერ გარემოცული ქრისტე დიდ და მცირე ქვებს შორის მდებარე და ნაინისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკებსა და ნაპრალებს მიუყვებოდა... "როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა", - ბრძანებს მახარობელი, - "აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან". და შემდეგ, მახარობელი მოკლედ და ზუსტად გადმოსცემს, თუ როგორ მოხდა ჭაბუკის აღდგომა. ეს სურათი თითქოსდა ახლაც თვალწინ გვიდგას. ადამიანთა ორი დიდი ჯგუფი შემოხვდა მაცხოვარს ნაინის კარიბჭესთან, სავარაუდოდ, ისინი ერთმანეთის გაშვებას ცდილობდნენ. დედა, შვილის საკაცეს რომ მისდევდა, ქრისტეს გვერდით აღმოჩნდა: ის მწარედ მოსთქვამდა და ვერც კი შენიშნა თუ ვის შეხვდა. "ქალი რომ დაინახა, - ამბობს მახარობელი, - უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი. მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!"

ქრისტეს ამ ძალმოსილი სიტყვების შემდეგ, შიშით მოცულმა და საკაცესთან შეგროვილმა ბრბომ დაინახა, როგორ "წამოჯდა მკვდარი და ალაპარაკდა. და მისცა იგი იესუმ, - ამატებს მახარობელი, - დედამისს".

აზრზე რომ მოვიდნენ, სასწაულის თვითმხილველები "ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენს შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი".

ასეთი შეხედულება იესუ ქრისტეზე, როგორც ღმრთის მიერ წარმოგზავნილ დიდ წინასწარმეტყველზე, როგორც მახარობელი ბრძანებს, "მოედო მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენს".

მიუხედავად ამისა, ხალხმა ჯერ კიდევ ვერ იცნო ამ სასწაულში მესიის, ღმრთის ძის ხელი. იუდეველთა თვალში, იესუ, მოცემულ შემთხვევაში, იყო დიდი წინასწარმეტყველი, არანაკლები ილიასი, რომელმაც ოდესღაც სარეპტელი ქვრივის ჭაბუკი აღადგინა (3 მეფ. 17:21), და ელისესი, რომელმაც ერთ ქვრივს შვილი გაუცოცხლა (4 მეფ. 4:34-35), რის შესახებაც, რა თქმა უნდა, წმიდა წერილიდან ბევრმა იცოდა. მაგრამ ეს სასწაულები ასობით წლის წინ მოხდა და იშვიათობა იყო, ხოლო ეს სასწაული, რომელიც ნაინის კარიბჭესთან მოხდა, ასევე როგორც ქრისტეს სხვა სასწაულები, ახლა, აწმყოში, მთელი ერის თვალწინ სრულდებოდა. და ეს არწმუნებდა ხალხს, რომ მათ უეჭველად დიდი წინასწარმეტყველი მოევლინათ.

მაგრამ ვინ არის ის? და რისთვის იქმს ესოდენ დიად სასწაულებს? თანაც, ვინმეს თხოვნის გარეშე, მან ნაინელი ქვრივის ჭაბუკი რატომ აღადგინა? ლუკა მახარობელი ამაზე პირდაპირ პასუხობს, რომ სასწაული მგლოვიარე ქალის მიმართ უფლის სიბრალულის გამო მოხდა. "ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი", - ბრძანებს მახარობელი.

ზოგიერთს ვერ გაუგია, როგორ არის შესაძლებელი უბრალო თანაგრძნობა და სიბრალული მიზეზი გახდეს ასეთი საკვირველი და განსაკუთრებული სასწაულისა? მაგრამ ასე შეუძლიათ იფიქრონ მათ, ვინც თავის ცხოვრებაში სიკვდილს არ გადაჰყრია, ვისაც არ განუცდია ახლობლის ან ერთადერთი მეგობრის, ძისა ან ასულის, ცოლის ან ქმრის, ძმისა ან დის დაკარგვის უძირო ვაება. ნაინელი ქვრივისა და დაობლებული დედის სახით, ქრისტემ შეიწყალა ადამიანი, რომელიც განადგურებული იყო ცოდვის, სნეულებისა და სიკვდილის მიერ. დაობლებული დედის ცრემლებში მან დაინახა და ისმინა მთელი კაცობრიობის ათასწლოვანი მოთქმა, რომელსაც არ შეუძლია შეურიგდეს დედამიწაზე სიკვდილის ბატონოება; მოესმა ის ტრაგიკული მოთქმა, რომელიც დღემდე გაუთავებლად ისმის ყოველგან.

მაგრამ მარტო ადამიანთა ჭირვებისადმი თანაგრძნობა როდი იყო ნაინში ჭაბუკის აღდგენის მიზეზი. აქ იყო ასევე ქრისტეს ძალისა და დიდების ნიშიც. და, თუკი ქრისტეს თანამედროვეთა უმრავლესობა მასში მხოლოდ უდიადეს წინასწარმეტყველს ხედავდა, რომელიც ღმრთის სახელით საოცარ სასწაულებს იქმოდა, მაშინაც იყვნენ ისეთები, რომლებმაც მასში ჭეშმარიტი მესია, ღმრთის ძე იხილეს, რომელსაც ჰქონდა ძალაუფლება სიცოცხლესა და სიკვდილზე მთელს სამყაროში. ამის შედეგად კი, სწორედ ამგვარი მორწმუნე გახდა შემდეგ ყველა მოციქული და იესუს ყველა მოწაფე. და მათ შორის ჩვენც, თანამედროვე მორწმუნენი.

გარდა ამისა, ნაინის სასწაული წინასწარმეტყველებაც იყო ახალი ეპოქის აღთქმაზე, როდესაც სიკვდილი დაკარგავს თავის ძალაუფლებას ადამიანზე, როდესაც "შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი" (გამოცხ. 21:4).

დასასრულ, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ქრისტეს, რომელიც თავის თავზე მოწმობდა: "მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე" (იოანე 11:25), და რომელიც ნაინში ღმრთის სასუფევლისა და მკვდართა აღდგომის შესახებ საქადაგებლად მიდიოდა, გულგრილად ჩაევლო მის თვალწინ მდებარე კუბოსთვის, გზა დაეთმო სიკვდილისთვის და მოთქმა-გოდებისთვის მიეცა შესაძლებლობა თავისი გზა ქვაში გამოჭრილი აკლდამებისკენ გაეგრძელებინა.

ქრისტემ აღადგინა მკვდარი და ჩააცხრო ადამიანური დარდი იმიტომ, რომ სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. სადაც მიდიოდა ქრისტე, იქ იხსნებოდა კარიბჭე სამოთხისა, სადაც უკვე აღარ არის არც სიკვდილი, არც მოთქმა, არც ურვა, არამედ მხოლოდ აღდგომა და ცხოვრება საუკუნო.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню