განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. ქარიშხლის დამორჩილება გალილეის ზღვაზე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

qarishxlis damorchielba galileis zgvaze

შინაარსი


ქარიშხლის დამორჩილება გალილეის ზღვაზე

(მთ. 8:23-27: მკ. 4:35-41: ლკ. 8:22-25)

მოსაღამოვდა, მაგრამ კაპერნაუმისა და ბეთსაიდის შემოგარენში ხალხი ჯერაც ირეოდა, გალილეის ნაზარეთიდან მოსული წინასწარმეტყველისა და მკურნალის მოსასმენად ბევრი ადამიანის მოდიოდა სხვადასხვა მხრიდან და, როგორც ბოლო პერიოდში, ქრისტესთან მოჰყავდათ ეშმაკეულნი და ათასგვარი სნეულებებით მოწყლულნი და მაცოხვარიც კურნავდა ყველა მათგანს.

მაგრამ, უკვე ღამდებოდა და საჭირო იყო ყველას სახლებში დათხოვნა. საუბრის გაუწყვეტლად, და მოწაფეთა ცალკეულ კითხვებზე პასუხების გაცემით, ქრისტე თანდათანობით ზღვის ნაპირისკენ დაეშვა. თუმცა, მსმენელთა ბრბო სულაც არ ილეოდა და ყველანი ისევ ისე მიჰყვებოდნენ ქრისტეს.

"როდესაც იხილა იესომ გარსშემოჯარული ხალხი", - ბრძანებს მახარობელი მათე, - ზღვის "გაღმა გასვლა უბრძანა მათ" (მოწაფეებს - "აპოკ". რედ.),
ღადარინელთა ქვეყანაში, რომელიც გალილეას პირისპირ მდებარეობდა, კაპერნაუმიდან და ბეთსაიდიდან შორს, საითაც შეუძლებელი იქნებოდა ბრბოსთვის ქრისტეს მიდევნება.

"მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი, - ბრძანებს მახარობელი მათე, - და უთხრა: მოძღვარო, თან გეახლები, სადაც უნდა წახვიდე". მაგრამ უფალმა მას მიუგო: "მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს - ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი".

ეს ნიშნავს, რომ სანამ ქრისტეს მიმდევრობას გადაწყვეტდე, მზად უნდა იყო უარი თქვა ყველაფერზე, თვით ცხოვრების ყველაზე ელემენტარულ პირობებზეც, თბილ კერიაზე, დასვენებასა და ძილზეც კი.

მაშინ, ქრისტეს მიუახლოვდა ერთი მოწაფეთაგანი და უთხრა მას: "უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი". მაგრამ უფალმა ამაზე უპასუხა: "აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს" (ლკ. 9:60).

შემდეგ მიუახლოვდა მესამე და უთხრა: "მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და ჩემიანებს გამოვეთხოვო". მაგრამ ქრისტემ ამასაც უთხრა: "არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის" (ლკ. 9:62).

მაცხოვრის ეს ბოლო სიტყვები ერთგვარი განმარტებაა ადრე წარმოთქმული პასუხებისა: შეუძლებელია მათი გაგება სხვაგვარად, თუ არა როგორც ქრისტეს კატეგორიული მოთხოვნა ყველას მიმართ, ვინც გაიგო და მიიღო მისი სწავლება არ ცთუნდნენ არანაირი შვებით, უკან მიბრუნებით, თუნდაც ეს ყველაზე კარგი მოტივაციით იყოს განპირობებული, არამედ, - დაუყოვნებლივ, ყოველგვარი კომპრომისების გარეშე, უკანმოუხედავად და წარსული ცხოვრების დავიწყებით, - შეუდგე ღმრთის სასუფევლისა და მისი სიმართლის მსახურებას.

ეს ყველაფერი ქრისტემ, როგორც ჩანს, თქვა იმ მომენტში, როდესაც ის ნავში ჯდებოდა, ხოლო მისმა მოწაფეებმა "გაისტუმრეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. და სხვა ნავებიც მისდევდნენ მას" (მკ. 4:36). ქრისტემ მენიჩბეებს უთხრა: "ტბის გაღმა გავიდეთო; და გაცურეს" (ლკ. 8:22).

მზე ჩავიდა, ნაპირი დაცარიელდა და ღამეც დადგა. თავიდან ნავი მშვიდად მიაპობდა მთვარის მიერ ტბის განათებულ ტალღებს. ხალხისგან გადაღლილმა ქრისტემ ნავში ცურვის დროს ჩათვლიმა. და აი, უეცრად აღმოსავლეთის ნაიპირიდან საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, რომელიც სწრაფად ძლიერდებოდა და მაღალ ტალღებს აზვირთებდა; "ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს, ისე რომ, ... წყლით ივსებოდა ნავი და ჩაძირვას უქადდა მათ". ხოლო ქრისტე "კიჩოზე იწვა და სასთუმალზე ეძინა".

ქანცგამოლეულმა მოწაფეებმა დააგდეს ნიჩბები და რადგან ხედავდნენ, რომ ვერ უმკლავდებოდნენ აბობოქრებულ სტიქიას, სრულიად დასველებულებმა და გათოშილებმა ქრისტე "გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?" მოწაფეები სასოწარკვეთილი შეჰღაღადებდნენ ქრისტეს: "მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით..."

მაშინ ქრისტე წამოდგა, "შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი". და უთხრა მოწაფეებს: "რატომ ხართ ასე მოშიშარნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?" ხოლო მოწაფეები "საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?"

დიდი ქარიშხლის შემდეგ დიდმა სიმყუდროვემ დაისადგურა. ამ კონტრასტმა გააოგნა მოწაფეები: მათთვის საშინელი იყო არა მარტო გარდასული ქარიშხალი და ის სასიკვდილო საფრთხე, რომელშიც ჩაცვივდნენ, არამედ ისიც, რომ მათ შორის იმყოფებოდა ის, ვინც ერთი სიტყვით ჩააცხრო ქარიშხალი და გააქრო საშიშროება. დიახ, მართლაც "საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა" (ებრ. 10:31).

შემდგომ ცურვა მშვიდად გაგრძელდა და, ცისკრისკენ იესუ და მისი მოწაფეები მიადგნენ გადარინელთა მხარეს, რომელიც გალილეის გაღმა იყო (ლკ. 8:26).

ქარიშხლის დამორჩილება ყოველთვის იპყრობდა სახარების შემსწავლელთა, განსაკუთრებით კი ღმრთის სიტყვის მქადაგებელთა ყურადღებას, რომლებიც ამ სასაწაულში სიმბოლურ აზრს ხედავენ და პარალელს ავლებენ ბუნებრივ სტიქიასა და "ცხოვრებისეულ სტიქიებს" შორის, რომლებიც ადამიანის სულში ბობოქრობენ. როგორც იქ, ასევე აქ, ეს ქარიშხლები ადამიანთა რწმენის გამოცდას წარმოადგენენ, იმ ადამიანებისა, რომლებსაც ცხოვრებაში მრისხანე მოვლენებმა მოუსწრეს და, რომლებიც მხოლოდ ღმერთკაც იესუ ქრისტეს მიერ დაცხრებიან თუკი მას გულის სიღრმიდან მოუწოდებენ: "უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით".

თუმცა, სიმბოლურობის გარდა, ამ სასწაულს პირდაპირი მნიშვნელობაც გააჩნია, როგორც ბუნების ძალებზე და სტიქიონებზე ღმერთკაცის ძალაუფლების ნიშანს. აქ ქრისტე გვევლინება როგორც "ახალი ადამი", უცოდველი ადამიანი, რომელსაც ემსახურებიან მიწიერი ყოფიერების ყოველნი ძალნი და კანონნი.

ცოდვით დაცემამდე ძველ ადამსაც გააჩნდა ეს ძალა ბუნებაზე: ის მას ხელს უწყობდა, არ ღუპავდა: მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ, ადამმა ეს ხელმწიფება დაჰკარგა. ახლა უკვე ქრისტე, ახალი ადამი, აღადგენს კაცობრიობის მიერ დაკარგულ ამ ხელმწიფებას. ქარიშხლის დამორჩილება უფლის ერთი სიტყვით, ამ ხელმწიფების ნიშანია და წინასწარმეტყველებაა მისი მომავალი აღდგენისა, როდესაც კაცობრიობის სულიერი განახლების დღე დადგება. "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ" (ინ. 14:12).

საკვირველთმოქმედების ძალის ეს ხელმწიფება, თუმც განსაზღვრული ზომით, მაგრამ მაინც ახასიათებდა ძველაღთქმისეულ მართალთა და ქრისტან წმინდანთ. ასე მაგალითად, წინასწარმეტყველმა ილიამ "დაკეტა ცა", და იყო გვალვა 3 წელი.

დასასრულ, ქარიშხლის დამორჩილებასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა: როგორ შეუძლია უსულო ბუნებას - ქარს, წყალს და ა. შ. "ისმინოს" და "დაემორჩილოს" ადამიანის სიტყვას? ხომ არ იმალება რაიმე "ცოცხალი" ამ "უსულო" ბუნების მიღმა? ეს ძნელი კითხვაა, შესაძლოა აქ გავიხსენოთ ანგელოზნი, რომლებსაც ღმერთმა დაავალა ბუნების ამა თუ იმ სტიქიონთა პყრობა. ასეა ნათქვამი აპოკალიფსისში ოთხ ანგელოზზე, რომელთაც "ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელეთზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ" (გამოცხ. 7:1).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню