განმარტებანი - პასექი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

პასექი

აღდგომა ჩვენი უფლისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესი

ბევრი არ ფიქრობს იმაზე, თუ რატომ უწოდებენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას პასექს. ქრისტიანობის ყველაზე დიდი დღესასწაულის ისტორია იწყება ქრისტეს შობამდე რამოდენიმე საუკუნით ადრე. დღესასწაულს უღრმესი და უძველესი ტრადიციები გააჩნია, რომელიც ყველამ როდი იცის. გაგება იმისა, თუ როგორ არის დაკავშირებული ქრისტეს აღდგომა პასექთან, დაგვეხმარება შევიგნოთ დღესასწაულის ჭეშმარიტი არსი, ვეზიაროთ მის ნათელ სიხარულს.

მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს კაცობრიობის ისტორია მოხდა ორი ათასი წლის წინათ. მას ეძღვნება ქრისტეს აღდგომის სიხარულით აღსავსე ზეიმობა, ის აღიარებულია დღესასწაულთა დღესასწაულად, ქრისტიანობის საფუძვლად. ამიტომაც, ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ვალდებულია იცოდეს ქრისტიანობის ყველაზე დიდი და ბრწყინვალე დღესასწაულის ისტორია, ტრადიცია და სიმბოლიზმი.


რა დღესასწაულია პასექი?


ქრისტეს აღდგომა, რომელსაც პასექი ეწოდება, ქრისტიანობის საფუძველთა საფუძველს წარმოადგენს. "პასექის" წმიდა და სიხარულის დაუშრეტელი წყარო არის თვით ქრისტე, რადგან ამ დღეს მისი მკვდრეთით აღდგომა იზეიმება. ღმრთის ძე დედამიწაზე სასწაულებს იქმოდა, შეეწეოდა, კურნავდა, ასწავლიდა და მკვდრეთით აღადგენდა ადამიანებს, ის მოწყალებას იჩენდა სასტიკი ადამიანების მიმართაც, ვისაც არ ესმოდა და ვინც არ აფასებდა იმას, თუ ვინ იყო ქრისტე სინამდვილეში, და რის გამოც თავიანთი მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს. ჭეშმარიტად მორწმუნეთ ღრმად სწამთ, რომ განკაცებულმა ძემ ღმრთისამ ჯვარცმა და სიკვდილი იტვირთა ჩვენს გამო, თვით ქრისტე კი იყო წმიდა და უბიწო, რომელსაც არანაირი ცოდვა არ შეხებია, სიკვდილის შემდეგ კი აღდგა მკვდრეთით, რათა კაცობრიობისთვის მარადიული სიცოცხლე მიენიჭებინა.

იუდეველთა პასექამდე ექვსი დღით ადრე იესუ ვირზე შემჯდარი შევიდა იერუსალიმში. ებრაელები ელოდნენ მის მოსვლას, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის სათავეში ჩაუდგებოდა სახელოვან ბრძოლას რომაელი დამპყრობლების წინააღმდეგ და მათ ქალაქ იერუსალიმს, თავისი ღვთაებრივი ძალის გამოვლენით, მშვიდობიანად გაათავისუფლებდა დამპყრობელთა მონობისგან. მის მოსვლას ელოდა მმართველი პონტოელი პილატეც, რომელიც ნაციონალისტურ არეულობას უფრთხოდა.

მან თავიდანვე იცოდა, რომ 12 მოწაფეთაგან ერთ-ერთი (ეს იქნება იუდა) გასცემდა ქრისტეს. იუდა მივიდა მღვდელმთავრებთან და უთხრა: "რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი" (მათე 26:14-15). ქალაქში მოსვლის შემდეგ დღისით ქრისტე ტაძარში ასწავლიდა თავის მოძღვრებას, სადაც დილიდანვე იკრიბებოდნენ მორწმუნენი, ღამე კი მან ზეთისხილის მთაზე გაათენა. იუდა წავიდა ადმინისტრაციაში და აუწყა მათ, რომ იესუ ერთი დღით ადრე იზეიმებდა პასექს. მისი უხმაუროდ შეპყრობის ასეთი ხელსაყრელი შემთხვევის ხელიდან გაშვება ხელისუფალთ არ სურდათ.

საღამოს, საიდუმლო სერობაზე, თავის უკანასკნელ პასქალურ ტრაპეზზე, ქრისტემ დააფუძნა ევქარისტიის საიდუმლო. დილით ადრე მას მიეახლა იუდა ჯარისკაცებითურთ და უთხრა მათ: "ვისაც ვეამბორები ის არის ქრისტე. შეიპყარით იგი".

და "აჰა, იუდა, ერთი თორმეტთაგანი, მოვიდა და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და წათებით, მღვდელმთავართა და ხალხის უხუცესთაგან. ... მსწრაფლ მიეახლა იესოს და უთხრა: გიხაროდეს, რაბი! და ეამბორა. მაშინ მისცვივდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი" (მათე 26:47-49).

პარასკევს იესუ ქრისტე პონტოელ პილატეს წარუდგინეს. "ხოლო მღვდელმთავარნი, უხუცესნი და მთელი სინედრიონი ცრუ მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ იპოვეს, თუმცა ბევრი ცრუმოწმე იყო მოსული. ბოლოს მოვიდა ორი ცრუმოწმე, რომლებმაც თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია დავანგრიო ღმრთის ტაძარი და სამ დღეში კვლავ ავაშენოო" (მათე 26:59-61). აი ამაში დაადანაშაულეს, არ დაიჯერეს უფლის ღვთაებრივი ძალა.

პარასკევს ღმრთის ძე საჯაროდ გააკრეს ჯვარზე ორ ავაზაკთან ერთად. იესუ აღესრულა იუდეველთა პასექის დადგომამდე და დაკრძალულ იქნა აკლდამაში. შაბათს დიდი გლოვისა და მდუმარების დღე დადგა. კვირას კი მოხდა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - ქრისტე აღდგა მკვდრეთით.

კვირას ცისკრკად მენელსაცხებლე დედები მივიდნენ აკლდამასთან, სადაც ქრისტეს სხეული იყო დასვენებული, რათა ნელსაცხებლები ეცხოთ მისთვის და გაეპატიოსნებინათ, მაგრამ ვერ იპოვეს. მაშინ მათ გამოეცხადათ ანგელოზნი, რომლებმაც აუწყს, რომ იესუ მკვდრეთით აღდგა. სწორედ ამ დიად მოვლენას იხსენებენ ადამიანები პასექის დღეებში და სიხარულით იუწყებიან, რომ ქრისტე აღდგა. ერისკაცთა გარემოში დღესასწაულად მხოლოდ პასექიდან ერთ კვირას აღიარებენ. სინამდვილეში კი პასექის დღეებად მიიჩნევა აღდგომიდან 40 დღე, რომელთა განმავლობაში, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი, სანამ დიდებითვე ამაღლდებოდა, დედამიწაზე ქადაგებდა და ასწავლიდა.  


პასექის ძველი ისტორია


მრავალი თავისი უცოდინრობის გამო ამარტივებს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მნიშვნელობას, რადგან არ იცის მისი საფუძველი. მხოლოდ მცირედნი თუ ინტერესდებიან კითხვებით:

რატომ გვიხარია მოსალმება "ქრისტე აღდგა!", და რატომ ვპასუხობთ სიხარულითვე - "ჭეშმარიტად აღდგა!"? რატომ იწოდება ქრისტეს აღდგომა ქრისტიანულ "პასექად"? საიდან მომდინარეობს დღესასწაულის ატრიბუტიკა - ჯვრით ლიტანიობა, ურთიერთ მისალმება, განსაზღვრული საჭმელები და სიმბოლიკა?

პასექად იწოდებოდა ძველაღთქსმისეული დღესასწაული, რომელიც იესუს შობამდე რამოდენიმე საუკუნით ადრე აღინიშნებოდა და, რომელსაც ადრე სულ სხვა აზრი ჰქონდა.

"გამოსვლათა" ბიბლიურ წიგნში მოთხრობილია ღმრთის რჩეული ერის, ისრაელის ისტორია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმყოფებოდა ფარაონთა მონობის ქვეშ. მმართველებს არ სურდათ ამ ერისთვის, რომელიც მათ ქალაქებს უშენებდა, მიენიჭებინათ თავისუფლება. ამის გამო უფლისგან უფლებამოსილმა წინასწარმეტყველმა მოსემ არაერთხელ დასაჯა ეგვიპტე მისი ამ ჯიუტობისთვის. სასჯელთაგან მხოლოდ მეათემ იმოქმედა. ეგვიპტელებს დაეღუპათ პირმშოები - როგორც ადამიანებს ასევე ცხოველებს. სასჯელი არ შეხებია ებრაელებს, რადგან მათი საცხოვრებლების კარები წინდაწინ იყო მონიშნული კრავის სისხლით. თვით სამსხვერპლო ცხოველები კი შეჭამეს.

შეშინებულმა ფარაონმა ებრაელები გაუშვა, ეგვიპტელებმა ისინი ნაჩქარევად გააგდეს. აღსრულდა ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტის მიწა-წყლიდან. სწორედ ამ მოვლენას მოასწავებდა ებრაული პასექი, საზეიმო დღე, რომელიც ეგვიპტიდან გამოსვლას შესახსენებდა ებრაელთ.

იუდაური დღესასწაულის ისტორია ხაზგასმულია სპეციალურ ლოცვებში, სადილში, რომელიც შედგება ტკბილი სალათებისგან, კრავის ხორცისგან და მწარე ბალახეულისგან. ასეთი სადილი ასოცირდებოდა ხანგრძლივი მონობის უსასრულო უღელთან და თავისუფლების სიტკბოებასთან. ეგვიპტიდან სწრაფი გამოსვლის სიმბოლო გახდა უფუარი პური - საფუარმა ვერ მოასწო აფუება.

გამოსვლის ღამე ებრაელთ ერის ისტორიის განსაკუთრებული ეტაპის დასაწყისია. მაგრამ მათი სულიერი მონობიდან გათავისუფლება უნდა აღესრულებინა მესიას, რომელსაც იუდეველები დღემდე ელოდებიან მათი პასექის ყოველ ღამეს. პასექი დიდი ხანია გარდაისახა, ის ჭეშმარიტად მართლმადიდებლური გახდა, რომელმაც მთელ კაცობრიობას აჩვენა ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ჭეშმარიტი სულიერი შინაარსი, რომელიც ეშმაკისა და ცოდვის მონობისგან, ამ სულიერი ეგვიპტიდან, მესიისადმი მორწმუნე ერის გამოსვლას, ცოდვის მონობისგან მათ დახსნას და მარადიული თავისუფლების მინიჭებას მოასწავებს. ჭეშმარიტად მორწმუნეებთან მოვიდა მესია-ქრისტე, რათა გაეთავისუფლებინა ისინი სულიერი მონობისგან. ის გახდა მთელი კაცობრიობის მარადიული ცხოვრებისა და მარადიული სიხარულის სასოება.


პასექი, ანუ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა


იესუ მონაწილეობდა იუდეველთა პასექში, დაასრულა ის და გააუქმა. შეიცვალა დამოკიდებულება ადამიანებსა და უფალს შორის. უფლის გარდამავალი კავშირი ერთადერთ რჩეულ ერთან გახდა "ძველი". იესუმ ის მარადიული კავშირით შეცვალა, რომელიც უფალმა კაცობრიობასთან დაამყარა. საიდუმლო სერობაზე, თავისი ჯვარცმისწინა პასექით, მესია-ქრისტე მოიმოქმედებს და ბრძანებს ისეთ რამეს, რაც ამ ზეიმობის აზრს ცვლის.

კაცობრიობის სულიერი გათავისუფლებისთვის განკაცებულმა ქრისტემ ერთხელ და სამუდამოდ დაიკავა მაცხოვრის ადგილი. იესუს ქმედებაში მოჰყავს ევქარისტია - სულიერი პასქალური ტრაპეზი. თავის სიკვდილზე მოწაფე-მოციქულებს ის აუწყებს, როგორც ახალ მსხვერპლშეწირვაზე.

ძველაღთქმისეული პასექის განსხვავება ახალაღთქმისეული პასექისგან შეიძლება გამოვხატოთ შემდეგი მტკიცებულებებით:


1. ეგვიპტელთა მონობაში ებრაელი პირმშონი იხსნა ცხოველური წარმოშობის კრავის სისხლმა.

ახალი პირმშონი, ქრისტიანნი, ცოდვის წყევისგან გამოისყიდა ღმრთის ძის სისხლმა, დათხეულმა ჯვარზე.



2. ებრაელები სასწაულებრივად იქნენ დახსნილნი მონობისგან და სასწაულებრივად გავიდნენ მეწამულ ზღვაში.

ამჯერად კი ეშმაკის მონობისგან, ცოდვის ტყვეობისგან ადამიანებს იხსნის წყალში ნათლისღება.



3. ეგვიპტელთაგან თავდახსნის 50-ე დღეს იუდეველებმა ღმრთისგან მიიღეს სჯული და მასთან შეკრეს კავშირი (აღთქმა).

ქრისტეს მკვდრეთით აღდგომიდან (ანუ ქრისტიანული პასექიდან) 50-ე დღეს, დასაბამი მიეცა ახალ აღთქმას.



4. იუდეველები 40 წლის განმავლობაში იტანჯებოდნენ უდაბნოში, განიცდიდნენ მრავალგვარ უბედურებებს, რომლებსაც ისინი უნდა გაეძლიერებინა რწმენაში.

ქრისტიანები ცხოვრობენ განსაცდელთა შორის, რომელიც მათაც ღირსეულად უნდა გადაიტანონ.



5. იუდეველებს ღმერთმა გამოუგზავნა ზეციური მანანა, რომელსაც ისინი უდაბნოში მძიმე მოგზაურობის დროს ჭამდნენ.

ქრისტიანები ეზიარებიან ქრისტეს ხორცსა და სისხლს, რომელსაც იღებენ ლიტურგიაში.



6. ებრაელებმა დაიმკვიდრეს მათი მამებისთვის აღთქმული მიწა.

მორწმუნე ქრისტიანები მოიპოვებენ ზეციურ სასუფეველს, რომელში მკვიდრობს სიმართლე.


7. იუდეველები, როდესაც მოსეს მიერ აღმართულ და ჯვარზე გაკრულ მეტალის გველს უყურებდნენ, ამ ქვეწარმავალთა ნაკბენისგან იხსნიდნენ თავს.

ქრისტიანები კი ჯვრის ძალით თავს იხსნიან სულიერი გველისგან, ეშმაკისგან.



ღრმა კავშირი ამ ორ პასქეს შორის, ძველის გაუქმება და ახლის დაფუძნება გასაგებს ხდის იმ მიზეზებს, რის გამოც ქრისტეს აღდგომა იწოდება კიდეც ამ ძველაღთქმისეული სახელწოდებით. მოციქული პავლე გვასწავლის, რომ ჩვენი, ქრისტიანული პასექი არის ქრისტე, რომელიც ჩვენთვის დაიკლა (1 კორინთ. 5:7).

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესუ ქრსიტესი გახლავთ ცოდვაში დანთქმული ადამიანების აღდგომის, აღორძინებისა და განახლების საღმრთო იდეის დასრულება. ამით აღსრულდა კაცობრიობის ხსნა, მისი ცხონება. ძველაღთქმისეული პასექის დღეებში თუ აღინიშნებოდა იუდეველ პირმშოთა ხსნის დღე, ახალი პასექი - ეს არის ადამიანისთვის მარადიული სიცოცხლის მინიჭების ზეიმი. ამ დღესასწაულის მნიშვნელობისა და მასშტაბის შეფასება ძალზედ ძნელია.


მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню