განმარტებანი - როგორ ჩავაცხროთ მრისხანება, როდესაც შეურაცხგვყოფენ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

წმ. იოანე ოქროპირი

როგორ ჩავაცხროთ მრისხანება, როდესაც შეურაცხგვყოფენ

Christe pilates winashe

მრისხანება მისდამი დამონებულ სულს ქარიშხლისა და ქარბორბალის მსგავსად მსწრაფლ უგუნურად და შეშლილად შეიქმს. კეთილგონიერ ადამიანებს მართებთ ამ სნეულებას წინასწარ განევლტონ, სული განრისხებამდე შეიკაონ და მრისხანება წმიდა წერილის სწავლებებით ჩააცხრონ. რადგან თუკი სიტყვა გარეულ მხეცებსაც ადვილად ათვინიერებს, რა გასაკვირია ქრისტეს სიტყვებმა განძვინვებული გული მსწრაფლ დააცხროს და დაამშვიდოს?

"ყოველი სამწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით. იყვენით ურთიერთარს ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ თავთა თჳსთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ. იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი" (ეფეს. 4:31, 32; 5:1). ხედავთ, როგორია მშვიდი? ვის მიმბაძველად იწოდება ის? არა ანგელოზთა ან მთავარანგელოზთა, არამედ ყოველთა მეუფისა. თუმცა ისინიც - ფრიად მშვიდნი და ყოველგვარი სათნოებით აღვსებული არსებები არიან., მაგრამ წმიდა პავლემ მშვიდთ ღმერთის მიმბაძველნი უწოდა, რათა მსმენელი ამგვარი პატივის უაღრესობით განსწავლოს სიმშვიდე შეიმოსონ, ყოველმა განაწყენებულმა ან სხვაგვარ განსაცდელში მყოფმა, შეურაცხყოფა სიმშვიდით დაითმინოს და მრისხანება შეაკაოს, რათა მრისხანებაზე გამარჯვებაში ღმერთის მიმბაძველი იქნეს.

რა ახასიათებს ღმერთს? ის ყოველივეს ზევიდან უ მზერს და ესმის, რაც დედამიწაზე სიტყვით თუ საქმით აღესრულება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმდენად კადნიერდებიან, ღმერთს შეურაცხყოფენ, როდესაც საქმეში წარმატებას ვერ აღწევენ, ზეცას შეჰყურებენ და ღმერთის გმობას თავშეუკავებლად წარმოთქვამენ. მაგრამ ღმერთი ითმენს და თუმცა განუზომელი ძალა აქვს შეურაცხმყოფელნი რომ დასაჯოს, არ სჯის მათ. ღმერთმა ყოველი შემცოდე რომ დასაჯოს, ძალიან მცირედნი გადარჩებოდნენ და ცოცხლად დარჩენილები მიცვალებულთა დამარხვას ვერ აუვიდოდნენ. დავითი ამიტომაც ამბობს: "უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ არს ლხნებაჲ. სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო" (ფსალმ. 129:3-4)ს.

ღმერთი თავის კაცთმოყვარებას იმითაც გვაჩვენებს, რომ სამართლიანად არ სჯის. ამგვარად, ვისაც სურს ღმერთს მიემსგავსოს, რამდენადაც შესაძლებელია ადამიანისთვის, მშვიდი და წყნარი უნდა იყოს და შეურაცხყოფა დიდსულოვნად დაითმინოს, "გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა. და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცვიდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ, რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა" (ლკ. 6:27, 28; მთ. 5:45).

ქრისტიანებს სხვა მრავალ სათნოებასთან ერთად განსაკუთრებით სიმშვიდე ახასიათებთ. ვინც ამ სათნოებით ბრწყინავს, ქრისტე ღმერთის მიმბაძველთ მხოლოდ მას უწოდებს. ამიტომ, როდესაც ვინმე შეურაცხგვყოფს, გვცემს ან სხვაგვარ წყენას გვაყენებს, გვმართებს მხნედ და სიმშვიდით დავითმინოთ, გვახსოვდეს, სიმშვიდე ღმერთს მიგვამსგავსებს. თავად მეუფე და მხსნელი ჩვენი, როდესაც შეურაცხყოფდნენ, ცემდნენ და ჯვარს მიამსჭვალეს, იუდეველთ ბორგნეულობას მშვიდად ითმენდა, მას განუზომელი ძალაუფლება ჰქონდა, შეურაცხმყოფელნი დაესაჯა, მაგრამ არ დასაჯა და ძალა იმაში გამოავლინა, რომ მიწა შეძრა, მიცვალებულები მკვდრეთით აღადგინა, მზე დააბნელა და დღე ღამედ გადააქცია. არც ერთი შეურაცხმყოფელი, ვინც მეუფის წინააღმდეგ ხელი აღმართა, არ დასაჯა და სიმშვიდე და კაცთმოყვარება ამითაც გვიჩვენა.

იცოდეს ყოველმა, რომ იმას, ვინც დედამიწა ესოდენი ძალით შეარყია და თავისი ბრძანებით მზე მეყვსეულად დააბნელა, მათი დასჯა უადვილესად შეეძლო. მაგრამ რადგან ის მშვიდია, უკეთურთა სიცოფეს მშვიდად ითმენს კიდეც.

ამგვარად, როდესაც მძიმე და აუტანელი შეურაცხყოფა დაგატყდება, მრისხანება და შფოთი მოგიცავს, მაშინ ქრისტეს სიმშვიდე მოიგონე და მყისვე დაწყნარდები, და სიმშვიდით უდიდეს სარგებელს არა მარტო თავად ჰპოვებ, არამედ შენი მტერიც სარგებელს ჰპოვებს და მას სიკეთეს ასწავლი. როდესაც ის იხილავს, რომ შენ უკიდურეს შეურაცხყოფას ესოდენი სიმშვიდით ითმენ და მრისხანებას იკავებ, თავს თვითონაც მსწრაფლს დაიმდაბლებს და კეთილი შეიქნება, მრისხანებას დაუტევებს და შენი სიმშვიდის მობაძვას მოისურვებს. ვინც ამგვარად იქცევა, ადამიანთაგან ქებას იმსახურებს და ღმერთისა და მაცხოვრისგან კი გვირგვინით შეიმკობა.

ამიტომ მოთმინება გვმართებს, მრისხანეთ მშვიდად მოვეპყროთ და ის გვირგვინი განვჭვრიტოთ, რომელიც ღმერთმა თავმდაბალთა და სიკეთის მოქმედთ განუმზადა.

წყარო: "ცხოვრება და რჩეული თხზულებანი წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისა. თბილისი. 2007 წ.  თ. 44. გვ. 153-154.

ზემოთ
ხატი: იესუ ქრისტე პილატეს წინაშე.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню