განმარტებანი - ვნებებისგან თავისუფლება და ვერცხლისადმი მონება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

წმ. იოანე ოქროპირი

ვნებებისგან თავისუფლება და ვერცხლისადმი მონება

antoni didis vnebebi

იმას, ვინც საკუთარ თავს ფლობს და მართავს, თუნდაც ძალაუფლება არ ჰქონდეს, სხვის ხელქვეითად ვერავინ გადააქცევს. ხოლო ამგვარი ხელმწიფება რომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელმწიფება სახელის მიხედვით, ამას შედარებიდან შეიტყობ. მიპასუხე, რა სარგებელი გექნება მთელ ქვეყნიერებას მართავდე და ვნებების მონა იყო? რა გევნება, თუკი ერთ ადამიანსაც არ მართავ, და ვნებების ხელმწიფებას კი აღემატე? აჰა, თავისუფლება, აჰა, ხელმწიფება, სამეფო და ძლიერება! სხვაგვარი ხელმწიფება მონობაა, თუნდაც მავანმა ათასი დიადემა მოისხას, თუკი მის შიგნით მრავალი ბატონია შეფარული, როგორიც არის - ვერცხლისმოყვარება, გემოთმოყვარება, მრისხანება და სხვა, რა სარგებელს მოუტანს შავარანდედი?

უდიდესი ძალა აქვს ვნებებს, თვით გვირგვინიც უძლურია ადამიანი ამ მონობისგან იხსნას. ეს იმას ჰგავს, ერთ-ერთი ქვეყნის მეფე ბარბაროსებს ტყვედ რომ ჩაუვარდეს და მათ, თავისი ძალაუფლების საჩვენებლად მას პორფირი და დიადემა არ მოხსნან და აიძულონ ასე ზიდოს წყალი, საჭმელიც მოამზადოს და სხვა სამუშაოც შეასრულოს, რათა თვითონ დიდ პატივში იყონ, ის კი უფრო მეტად შეურაცხყონ. ასევეა ჩვენს შემთხვევაშიც, ვნებები ყოველ ბარბაროსზე უფრო სასტიკად გვეპყრობიან. რამეთუ ვინც მათ მოიძულებს, ბარბაროსებსაც სასაცილოდ გახდის. ხოლო ვინც ქედს იხრის მათ წინაშე, მათგან უფრო მეტი ბოროტების დათმენა მოუწევს, ვიდრე ბარბაროსებისგან.

ბარბაროსი როდესაც ძალას მოიპოვებს, სხეულს ტანჯავს, ხოლო ვნებები სულს ყოველმხრივ ტანჯავენ და ქენჯნიან. ბარბაროსი დროებით სიკვდილს გადასცემს, ხოლო ვნებები მარადიულს. ამიტომ მხოლოდ ის არი სთავისუფალი, ვინც თავისუფლება საკუთარ თავზე მოიპოვა. ასევე მონა მხოლოდ ის არის, ვინც უგუნურ ვნებებს ემონება. არც ერთი ბატონი, რაგინდ სასტიკი იყოს, ისეთ მკაცრ და სასტიკ ბრძანებებს არ იძლევა, როგორც ვნებები. შენი სული უმიზეზოდ და საჭიროების გარეშე სირცხვილეულ ჰყავ, ამბობენ ისინი; ღმერთი შეურაცხყავი; თვით ბუნება დაივიწყე, დედა იქნება თუ მამა, - ურცხვად აღსდექი მათ წინააღმდეგ. ასეთია ვერცხლისმოყვარების ვნების შეგონება. მსხვერპლად ხბო კი არა ადამიანები შემომწირე. წინასწარმეტყველიც ამას ამბობს: "დაკლენით კაცნი, რამეთუ ზუარაკნი მოაკლდეს" (ოსია 13:2).

ვერცხლისმოყვარება ამას არ გვამცნებს, არამედ შემომწირე ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ხბოები გყავს, უდანაშაულო ადამიანები შემომწირე. შენი კეთილისმყოფელნიც დახოცე. ყველას უმტრე. ყველა მოატყუე - თვით ბუნება და ღმერთი. ოქრო მოაგროვე არა სიამოვნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ შეინახო და მის მიერუ ფრო მეტი სატანჯველი მოგეწიოს, რამეთუ ვერცხლისმოყვარისთვის შეუძლებელია ერთდროულად სიამოვნებასაც შეერთოს და დატკბეს კიდეც, იმიოტმ, რომ ეშინია ოქრო არ მოაკლდეს, საუჯე არ გაუღარიბდეს. იფხიზლე, ეუბნება ის, ყველას ეჭვის თვალით შეხედე - მონებსაც და მეგობრებსაც, სხვისი მცველი იყავი. თუკი ნახავ უპოვარი შიმშილით კვდება, არაფერი მისცე, პირიქით, თუ შეძლებ, ტყავიც კი გახადე. აღთქმა დაარღვიე, იცრუე, დაიფიცე, დააბრალა, ცილი დასწამ3ე - ცეცხლში გადავარდნაც რომ დაგჭირდეს, ათასი სიკვდილიც რომ მოგეწიოს, შიმშილით რომ კვდებოდე, ან ავადმყოფობას ებრძოდე, - უარს ნუ იტყვი.

განა ვერცხსლიმოყვარება ამგვარი კანონების აღსრულებას არ მოითხოვს? კანონიერი და ურცხვი, თავხედი და ურჩი, ბოროტმოქმედი და უსინდისო, უმადური, უგრძნობელი, უმეგობრო, შეურიგებელი, შეუბრალებელი, მამის მკვლელი გახდი, უფრო მეტად მხეცი იყავი, ვიდრე ადამიანი. სისასტიკით გველს გადააჭარბე, მტაცებლობით მგელს, სიფიცხით პირუტყვის ბუნებას აღემატე. ადამიანზე უფრო მეტად გაბოროტება რომ დაგჭირდეს, უარს ნუ იტყვი. სიკეთე დაივიწყე. განა ის ამას არ გვასწავლის? ჩვენ კი ვემორჩილებით!

ღმერთი სრულიად საწინააღმდეგოს გვაუწყებს. ყველას ემეგობრე, იყავი მშვიდი, ყველას თავი შეაყვარე, უმიზეზოდ და ამაოდ ნურავის შეურაცხყოფ. პატივი ეცი მამას და დედას, კეთილი სახელი დაიმკვიდრე. ადამიანს კი არა, ანგელოზს მიემსგავსე. ურცხვი არაფერი თქვა, არ იცრუო. მსგავსი რამ ფიქრადაც კი არ გაივლო. გაჭირვებულთ შეეწიე. სხვას ნუ აიძულებ ქონება ნატაცებით შეიძინოს, თავხედი და კადნიერი ნუ იქნები. მაგრამ ამას არავინ ისმენს! ამიტომ გეენია განა სამართლიანად არ გემუქრება? ცეცხლი ან დაუძინებელი მატლი არ დავიმსახურეთ? ციცაბო უფსკრულის პირას როდემდე უნდა ვხეტიალობდეთ? როდემდე ვივლით ეკალ-ბარდებში? როდემდე უნდა ვიგმერდეთ ლურსმნებს და მადლიერნი ვიყოთ ამისთვის. სასტიკ მტარვალს ვემორჩილებით და გულმოწყალე მეუფეს განვევლტვით, რომელიც არაფერს შეურაცხმყოფელს, უხეშს, სასტიკს, უგუნურს არ გვეუბენბა. ყოველთვის საჭიროს, სახმარსა და სასარგებლოს გვამცნებს. გამოვფხიზლდეთ, მოვექცეთ, მოვემზადოთ, ღმერთი ჯეროვნად შევიყვაროთ, რათა მოყვარეთა მისთათვის განმზადებულ სიკეთეთა მიღების ღირსნი გავხდეთ.

ცხოვრება და თხზულებანი წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისა. თბილისი. 2007 წ. გვ. 271.

antoni didis vnebebi

ზემოთ: ინგლისელი მხატვრის ჯონ დოლმანის (John Charles Dollman (1851 - 1934)) ტილო - "წმ. ანტონი დიდის ვნებანი"

წმ. ანტონი დიდი ღმერთს ვნებათა განსაცდელისაგან დახსნას ევედრება

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню