განმარტებანი - წარმართობასთან ქრისტიანობის ზოგიერთი ელემენტის მსგავსების მიზეზები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

წარმართობასთან ქრისტიანობის ზოგიერთი ელემენტის მსგავსების მიზეზები

qristianoba da warmartoba

ავტორი: მოსკოვის სასულიერო აკადემიის დამსახურებული პროფესორი ა. ი. ოსიპოვი.

1) პრაგამოცხადებების საზოგადოობა მთელი კაცობრიობისთვის, რაც შემდეგ ვლინდებოდა სხვადასხვა ხალხთა რელიგიებში.

ყველა ხალხებში დაცულია მოგონება კაცობრიობის რომელიღაც ოქროს ხანაზე, საყოველთაო კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე. მითითებულია ამ ოქროს ხანის დაკარგვის ერთი და იგივე მიზეზი - ადამიანთა ცოდვა, რომ ისინი გაამპარტავნდნენ და ამხედრდნენ ღმერთების წინააღმდეგ. იგივე მიზეზს ვპოულობთ ბიბლიურ ისტორიაშიც. ბრამანიზმის ბრაჰმასუტრების კომენტატორ შანკართან არის ასეთი ადგილი: "როგორც გადმოცემიდან ვიცით, ძველთაგან ზოგიერთი, მისი დამსახურებებისდა შესაბამისად, ურთიერთობაში იყო ღმერთებთან და წინასწარმეტყველებთან". ანალოგიური მოწმობები შეიძლება ვიპოვოთ - შუმერულ ქრონიკებშიც.

რელიგიის ისტორიკოსები კაცობრიობის ისტორიის ამ შორეულ ეპოქებს პრაგამოცხადების დროებას უწოდებენ. 1911 წელს ვილჰელმ შმიდტმა გამოსცა კაპიტალური 12 ტომიანი ნაშრომი სახელწოდებით: "პრაგამოცხადებები, როგორც ღმრთის გამოცხადების დასაწყისი", რომელშიც, მრავალი ისტორიული, არქეოლოგიური, ფილოლოგიური და, რაც მთავარია ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე დაამტკიცა "პრაგამოცხადების" არსებობა ყველა ქვეყნისა და ეპოქის ხალხებში.

_______________

პრა - როდესაც თავსართი "პრა" ერთვის არსებით, ზედსართავ სახელებს, წარმოქმნის არსებით, ზედსართავ სიტყვებს, რომელთაც აქვს პირველდაწყებითის, ყველაზე უძველესის მნიშვნელობა. მაგ.: პრაენა, პრასამშობლო, პრაგერმანული, პრაინდოევროპული და ა. შ.

_______________

მიტროპოლიტმა ფილარეტ დროზდოვმა ეს გამოხატა შემდეგი სიტყვებით: "უძველესი და ძველაღთქმისეული კაცობრიობა თავისი ბუნებით ცხოვრობდა ედემის, პირველყოფილი სამოთხისეული ცხოვრების სულიერი გამოცდილების ნარჩენებით, - ეს იყო ნარჩენები, რომლებიც სამოთხიდან განდევნილ ცოდვილ ადამიანებს დროთა განმავლობაში შემორჩათ. ამ მხრივ უძველესი წარმართული ქმნილებები, როგორიცაა ჰომეროსის ილიადა და ოდისეა, ან უხსოვარი დროის ინდოელი პოეტები გვაკვირვებენ არა თავიანთი მიამიტობით, არამედ რომელიღაც უძველესი, პატრიარქალური ადამიანის სულიერი სიდიადით. რაც უფრო ახლოს არის ადამიანი ედემის პერიოდთან, მით უფრო უხვად და ცხოვლად აისახება მასში ედემისეული ცხოვრების ნარჩენები, პირველყოფილი სულიერი გამოცდილება, როდესაც ის განისწავლებოდა ღმრთისგან, და რომელშიც ასე ნათლად და შესაგრძნობად გამოიხატებოდა მისთვის ღმრთის შემოქმედებაში ჩადებული სიბრძნე..."

ეს დაახლოებით წააგავს იმას, თუ როგორ ეთამაშება პატარა გოგონა თოჯინას - მართალია, მას არაფერი ესმის, მაგრამ რაღაცას ბუნდოვნად გრძნობს, თუმცა, მაინც თამაშობს. ასე ეთამაშებოდა წარმართობაც თავის "თოჯინებს".



2) ადამიანური სულის ერთობა - რომ ჩვენი შემოქმედებითი ინიციატივა თავს ავლენს მეტ-ნაკლებად ერთგვაროვან ფორმებში.

ერთი მკვლევარი წერდა, - "თრთვილი, რომელიც ზამთარში მინას ფარავს, ხშირად მდიდრული მცენარეულობის იერს იღებს, მაგრამ გამადიდებელი შუშით თუ დააკვირდები იმწამსვე ქრება ეს მომატყუებელი გარეგნობა: მასში არ არის იოტისოდენა არც ქსოვილი და არც სიცოცხლე, - თვალი ხედავს მხოლოდ გარეგნულად შეკავშირებულ კრისტალებს და ყინულში გაქვავებულ სიკვდილს". ასე ვპოულობთ ჩვენც ოდენ გარეგნული ფორმების მსგავსებას რელიგიებში, მაგრამ შეუძლებელია მათი თავწყაროების გაიგივება. მსგავს აზრებს ვხედავთ ვედებში, კონფუცისთან, ეგვიპტურ პირამიდებსა და სარკოფაგებში, მაგრამ საიდან შეეძლოთ ყოველივე ამის ცოდნა გაუნათლებელ მოციქულებს?

ცნობილი ორიენტალისტი მაქს მიულიერი ამბობს, რომ შეუძლებელია წავიკითხოთ ვედანტა და არ გავოცდეთ მისი მსგავსებით პითაგორასთან და პლატონთან, - "მაგრამ არავინ დაიწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ ხსენებულმა ფილოსოფოსებმა თავიანთი იდეები ისესხეს ინდოელებისგან, რადგან კაცთა მოდგმის უფრო ვრცელი შესწავლა აჩვენებს, რომ, რაც არის შესაძლებელი ერთ ქვეყანაში, შესაძლებელია მეორეშიც". ასე, მაგალითად, მეცნიერებაში, სხვადასხვა ადამიანები ერთდროულად ახდენენ აღმოჩენას, შემდეგ კი მიდის დავა, თუ ვინ იყო პირველაღმომჩენი.

ადამიანური სულის ერთობის იგივე ანთროპოლოგიური კანონი, მთელი თავისი ძალით, სრულად არის დაცული რელიგიურ ცხოვრებასთან მიმართებაშიც. "სხვადასხვა ადგილას წარმოქმნილმა ერთნაირმა საწყისებმა, - წერს ა. რევილი, - რომლებიც პარალელური ამოსავალი პუნქტები გახდნენ, - თავისი ლოგიკური შედეგებით შეიძლება ყველაზე გასაოცარ დამთხვევებთან მიგვიყვანოს, თუმცა შესაბამის ხალხებში არასოდეს არსებულა არანაირი ურთიერთობანი. იმ ხალხთა რელიგიების შესწავლა, რომლებიც გაუცხოებულნი არიან ცივილიზაციისთვის, სრულად აჩვენებს ამ ჭეშმარიტებას. ნახეთ, რა საოცრად ემთხვევიან ერთმანეთს ისეთი ხალხების წეს-ჩვეულებები და ცრურწმენები, რომლებმაც არაფერი იციან ერთმანეთზე, მაგალითად: ესკიმოსებმა და ჰოტენტოტებმა, ცენტრალური აფრიკის ზანგებმა და ძველმა მექსიკელებმა, პოლინეზიელებმა და ჩრდილოეთ აზიის ხალხებმა".


3) განსაზღვრული დადებითი იდეებისა და წანამძღვრების არსებობა წარმართულ აზროვნებაში (ინდურში, ბერძნულში, რომაულში).

უკვე თვით იოანეს სახარება იწყება სიტყვებით "ენ არქი ინ ლოგოს" - ხოლო სიტყვა ლოგოსი ქრისტიანობამდე ექვსი საუკუნით ადრე გამოიყენებოდა.

ღმერთმა თავისი ნათლის გარეშე მაინც არ დატოვა სხვა ხალხები და ჩააგონა მათ მრავალი მშვენიერი იდეა. თუმცა წარმართულ ერებს "ნება უბოძა თავიანთი გზით ევლოთ" (საქმე 14:16), მაგრამ სიკეთის მოქმედ ღმერთს "მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი" (საქმე 14:17), და წარმართობაშიც ეძიებდნენ ღმერთს ადამიანები "იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო" (საქმე 17:27).

წარმართების გულში ყოველთვის რჩებოდა "რჯულის საქმე", "რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები" (რომ. 2:15) ღმრთისა და მოყვასისადმი ზნეობრივ მოვალეობებს რომ აუწყებდა. ღმერთი წარმართებსაც უცხადებდა საკუთარ თავს, მათი შემეცნებისდა შესაბამისად. უფალმა თავიდანვე განაპნია ყველგან საღმრთო ლოგისის მარცვლები.

წმ. იუსტინე ფილოსოფოსი
ამბობს, რომ ლოგოსი მოქმედებდა "სოკრატეს მიერაც ელინთა შორის", და "ბარბაროს ხალხებშიც". "ყველას გააჩნია ჭეშმარიტების მარცვლები". ქრისტე არის სიტყვა, რომელთანაც თანაზიარია კაცთა მთელი მოდგმა. ისინი, ვინც ლოგოსის თანხმიერად ცხოვრობდნენ, ქრისტიანები არიან, თუნდაც უღმრთოებად მიიჩნეოდნენ, - ასეთები არიან ელინთა შორის სოკრატე, ჰერაკლიტე და მათი მსგავსნი". "ყველა ერში, ამბობს წმ. იუსტინე, - სწამთ ქრისტესი და ელიან მას".

წარმართული აზრი ზოგჯერ ქრისტესთან მიმყვანებელ დამრიგებლად მიაჩნდათ. ძველი იკონოგრაფია დასაშვებად მიიჩნევდა ანტიკურ-წარმართული ფილოსოფოსების - ორფეოსის, ჰომეროსის, სოლონის, პითაგორას, არისტოტელეს, პლატონის, სენეკას გამოსახვას - იმათსას, ვინც წინასწარმეტყველებდნენ უზენაეს ღმერთზე და ქრისტეს ხორციელ შობაზე ღვთისმშობლისგან.



4) ქრისტიანობის გავლენა თვით წარმართულ გარემოზე.

მაგალითდ, საკმაოდ ხშირად უთითებენ ბუდას ცხოვრების მსგავსებას სახარებისეულ თხრობასთან. მართლაც, შეუძლებელია არ აღიარო ეს მსგავსება. ბუდას დაბადების დროს ასევე გაისმა ზეციური გალობა; მეფეებმა ახალშობილს ძვირფასი საჩუქრები მიართვეს; ძველმა ბრამინმა ის ხელში აიყვანა და ყველა ბოროტებისგან დამხსნელად გამოაცხადა; მოწიფულ ასაკში ბუდა გამოცდილ იქნა სატანისგან და ა. შ. მაგრამ, ამ პარალელების მითითების დროს მაცდურად დუმან იმაზე, რომ ბუდისტების ყველა საღვთო წიგნი (მათ შორის ბუდას ცხოვრების აღწერაც) არსებობს ორ რედაქციაში ანუ ორი გადმოცემით: ერთია სამხრეთ-ბუდისტური კანონი (კუნძულ ცეილონზე) და ჩრდილო-ბუდისტური კანონი (ტიბეტი და მონღოლეთი). სამხრეთ-ცეილონური, ე. წ. "პალიური" კანონი ყველაზე ძველი და პირველდაწყებითია, ხოლო ჩრდილოური - გვიანდელი. აღსანიშნავია, რომ ბუდას შობის სასწაულებრივი ვითარებები და მისი ცხოვრების მომენტები მოცემულია მარტო ჩრდილოურ კანონში, ხოლო სამხრეთ-ცეილონურში, ანუ უძველეში - არ არის. ბუდისტური საღვთო წერილის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს მოთხრობები ჩრდილოური კანონის წიგნებში გაჩნდა მხოლოდ ქრისტეს შობიდან მე-5 საუკუნეში, როდესაც ნესტორიანელმა ქრისტიანებმა შეაღწიეს მონღოლეთში და მოასწრეს იქ მრავალთათვის გაეცნოთ თავიანთი მოძღვრება.

სხვა მაგალითი - ქრისტიან მისიონერთა ქადაგებების წყალობით გაჩნდა სხვა ინდუისტური სწავლება ტრიმურტის შესახებ, რომელიც ასევე ჩამოყალიბდა ქრისტეს შობიდან პირველი ათასწლეულის შუაწლებში. ტრიმურტი - ეს არის მცდელობა რაციონალურად ყოფილიყო შეერთებული სამი ღვთაების - ბრაჰმის, ვიშნუსა და შივას საქმიანობები. ყოველს თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ მათი მოქმედება განუყოფელია (მართალია, ამბობენ, რომ ტრიმურტის ამ კულტმა ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა. ბრაჰმის კულტი გაქრა, ხოლო ვიშნუიზმი და შივაიზმი - ინდოეთის ყველაზე ცოცხალი რელიგიებია).

ამრიგად, წარმართობის ზოგიერთი ნიშან-თვისების მსავსება ქრისტიანობასთან - ეს არი დემაგოგიური მიდგომა. ასე, მაგალითად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანისა და ღორის ორგანიზმებს შორისაც არსებობს გარკვეული მსგავსებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა გავაიგივეოთ ღორთან. ან კიდევ, ჩვენ ერთმანეთთანაც გვაქვს უამრავი მსგავსება, მაგრამ სხვადასხვა ადამიანები და პიროვნებები ვართ. ანუ, საჭიროა ყურადღება მიექცეს არა გარეგან მსგავსებას, არამედ მოვლენათა არსს.

წყარო: http://www.biblioteka3.ru/biblioteka/osipov/kurs_1/txt04.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню