"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).


"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
                                                                        წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)

პასუხი "ნიკოლოზს" სტალინის მეხოტბე "მართლმადიდებლებთან" დაკავშირებით

ამასწინათ, ელექტრონული ფოსტით მივიღეთ წერილი, რომელიც შეეხო ჩვენს საიტ www.apocalypse.ge - ზე განთავსებულ მასალას სათაურით: "სტალინის მეხოტბე მართლმადიდებლები". წერილის ავტორს ელ-ფოსტითვე ვუპასუხეთ, მაგრამ იმ შემაშფოთებელი ტენდენციის გამო, რომლის მიხედვითაც ოფიციალური ეკლესია თავისი მოძღვრების პირით პოპულარიზაციას უწევს ყოფილ დიქტატორ იოსებ სტალინს, საკუთარ ტელეგადაცემებში კი კომუნისტური დროის ფილმებს და აღვივებს ნოსტალგიის გრძნობას კომუნისტური რეჟიმისადმი, საჭიროდ ჩავთვალეთ გამოგვექვეყნებინა ამ წერილის პასუხი. აქვე მივმართავთ ოფიციალური ეკლესიის მრევლს და ნებისმიერ მოქალაქეს - სტალინის პიროვნების გახვევა აპოკალიფსური მომავლის ბურუსში, რასაც იქმს ცრუმოძღვარი არჩილ მინდიაშვილი და ინტერესს აღძრავს ამ დიქტატორისადმი, ანეიტრალებს იმ დანაშაულს, რაც მას ჩაუდენია მისი "გენსეკობის" პერიოდში. სტალიანის საქმიანობა, მიუხედავად ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში მიღებული წვლილისა, ჩვენ მიგვაჩნია დანაშაულად არა მარტო მართლმადიდებლობის, არამედ საერთოდ, მთელი კაცობრიობის წინაშე. 

თუკი, როგორც წმ. სახარება ბრძანებს ხე ნაყოფით იცნობა, "რადგან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი, რომ არც ეკალზე კრეფენ ლეღვს და არც ნარისაგან მოისთვლიან ყურძენს"; და ასევე: "კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი, რადგანაც გულის სისავსისგან მეტყველებს მისი ბაგე" (ლუკა 6: 43-45), მაშინ, ის ხე, რომელსაც არჩილ მინდიაშვილის ქადაგებები ჰქვია, არის დამპალი და საზრდოდ უვარგისი, ხოლო ვინ არის თავად არჩილ მინდიაშვილი მკითხველმა სახარების ზემოთდამოწმებული ციტატებიდან განსაზღვროს. ჩვენ კი მის "წინასწარმეტყველებებთან" დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას სახარებისეულ შეგონებას: "ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები. თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს? ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ" (მათე 7:15-20).

ახლა კი არჩილ მინდიაშვილის მიერ დამოძღვრილი ვინმე "ნიკოლოზის" წერილს მივუბრუნდეთ, რომელიც გვწერს:

"არავინ იცის ვისი მსახური იყო სტალინი, ღმერთისა თუ ეშმაკისა. ამის განსაზღვრას დიდი სულიერი ხედვა სჭირდება. ყველაფერს ღმერთი გამოაჩენს თავის დროზე. ყველა მოძღვარს შეიძლება ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ჰქონდეს. ვის რისი ჯერავს, ეგ მისი საქმეა. ამიტომ ისეთი კომენტარების გაკეთება, რომ  რომელიმე მოძღვარი ჭეშმარიტების გზას აცდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი აზრი გააჩნია, ვფიქრობ, არ უნდა იყოს გამართლებული. ასეთი საქციელით ადამიანი თავის ამპარტავნებას ავლენს, რაც საზიანოა მისი სულისათვის". 


ჩვენი პასუხი:

მშვიდობა შენდა ნიკოლოზ!

ასეთია ქრისტიანული მიმართვის წესი. ჩვენც მშვიდობას გისურვებთ, თუმც ვერ დაგეთანხმებით იმაში, თითქოსდა "არავინ იცის ვისი მსახური იყო სტალინი". ქრისტეს მსახურთა ვინაობა ყველამ იცის, რადგან ქრისტეანობა ყველას აქტიური სიკეთისკენ მოუწოდებს და ეს გარეგნულადაც ეტყობა ჭეშმარიტ ქრისტეანთა ცხოვრებას. ქრისტეანთა ღვაწლი ყველასთვის აშკარაა (თუმცა ბევრი კეთილი საქმეც არის დაფარული) და ყველა ქრისტეანის საქმეს ეტყობა ვისი მორწმუნეა იგი. ჭეშმარიტი ქრისტეანები არასოდეს ყოფილან მკვლელები, მწვალებლები, სადისტები და ა. შ. ხოლო რა ეტყობა სტალინის ცხოვრებასა და საქმეებს ყველამ კარგად ვიცით, და თუ თქვენ და თქვენმა მოძღვრებმა ეს არ იცით, საჭირო ყოფილა ამ თემაზე სპეციალური სტატიების მომზადება, რაზეც ვიზრუნებთ უცილობლივ. 

ღმერთი, რა თქმა უნდა ყველაფერს გამოაჩენს თავის დროზე და იმ "დამსახურებასაც" არ დამალავს, რაც სტალინს მიუძღვის თავისი ხალხის (ქართველების) და მართლმადიდებლობის წინაშე. 

ან იქნებ გამარკვიოთ და, როგორც თქვენ ამბობთ, თუ "არავინ იცის ვისი მსახური იყო სტალინი",  თქვენმა მოძღვრებმა ეს საიდან შეიტყვეს? ამ ლოგიკით იმის თქმაც შეიძლეება, რომ არავინ იცის ვისი მსახურები იყვნენ ჰიტლერი, მუსოლინი; უფრო ძველ დროში თუ გადავინაცვლებთ, ქრისტეანთა მდევნელი რომელიმე რომაელი იმპერატორი, და ა. შ.?! 

წმ. იოანე ოქროპირის თქმით, ჩვენ არ ვართ გულთმისნები, არამედ ადამიანებს გარეგნული საქმეების მიხედვით ვაფასებთ, დაფარული კი ერთმა ღმერთმა უწყის. ის არც მე ვიცი, და არც თქვენმა მოძღვრებმა იციან. ხოლო თუ ამტკიცებენ ვიცითო ან ხიბლში ყოფილან, ან გაუფრენიათ...

ჭეშმარიტ მოძღვარს სტალინისნაირ ადამიანებზე არ უნდა გააჩნდეს დადებითი აზრი და თუ გააჩნია ის ნამდვილად არის ამცდარი მართლმადიდებლურ გზას... თუ არა და, დამისახელეთ სტალინის დამსახურებები ღმრთისა და ეკლესიის ცინაშე... როგორ ფიქრობთ, აქედან დაწყება უფრო ჯეროვანი არ იქნებოდა, ვიდრე ყურადღების გამახვილება ჩემს "ამპარტავნებაზე"?

გულწრფელად გირჩევთ მოეშვათ ამა თუ იმ მოძღვრისადმი ფანატიკურ მიდგომას, ეს ძალზედ დაგაზიანებთ. მოციქულმა თქვა: "ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს... ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს". ამ მცნებას მივდევ მე და როცა ვხედავ მოძღვარს, რომელიც მორწმუნეებში და ერში სადისტის, კაცთამკვლელისა და დიქტატორის პროპაგანდას ეწევა (შეპარვით კი საბჭოური დროების ნოსტალგიას უღვივებს მოსახლეობას), არ შემიძლია არ აღვნიშნო და არ ვამხილო ასეთი უღვთოება.

პოპულარიზაციის მიზნით, თქვენი მოძღვარი, არჩილ მინდიაშივლი, ესქატოლოგიურ სამოსელში ახვევს სტალინის პიროვნებას და არწმუნებს გულუბრყვილო ადამიანებს, თითქოსდა მომავალი გაარკვევს მის ვინაობას და ჭეშმარიტ დანიშნულებას. ჩვენ, არჩილ მინდიაშვილისგან განსხვავებით, არ ვართ წინასწარმეტყველნი და ვერ დავიჩემებთ რა გაირკვევა მომავალში და რა არა, უბრალოდ, ჩვენ იმ საქმეების მიხედვით ვმსჯელობთ, რაც ისტორიისთვის არის უტყუარი.

რატომ ის არ გაკვირვებთ და გაშფოთებთ ძველმართლმადიდებლობისთვის საშინლად ნაწამებ და ნატანჯ მილიონობით ძველმორწმუნეს რომ აძაგებს, დიქტატორ სტალინს კი აქებს და ადიდებს ეს თქვენი სტალინისტი მოძღვარი?

თუ იცის მინდიაშვილმა ამ ძველმორწმუნეებზე და მათ წინააღმდეგ გამოჩენილ ასეთ თავხედობაზე რას იტყვის მომავალი?

თქვენმა სხვა მოძღვარმა, თევდორე გიგნაძემ ერთ თავის ქადაგებაში ბედიც კი გადაგვიწყვიტა ძველმოწესეებს და თქვა, რომ თურმე "სტაროვერებს" სულის ცხოვნების პერსპექტივა არ ჰონიათ... ანუ გიგნაძის აზრით გადაწყვეტილია (ცხადია არა დადებითად) მათი მომავალი... სამაგიეროდ,  ამგვარი როდია, მათთის ძვირფასი "სოსელოს", როგორც ხმობს მას არჩილ მინდიაშვილი, პერსპექტივა და მომავალი…

რა გითხრათ ძვირფასო, არ გვინდა გული გატკინოთ, მაგრამ, ეს ორი მოძღვარი (მე არ ვიცი სხვა რას ასწავლის), ჩვენის აზრით, მთლად თავის ჭკუაზე არ არის...

რაც შეეხება სტალინის პიროვნებას, რაკიღა ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ, "მორწმუნე" ნაწილს, დღემდე ვერ გაუცნობიერებია, ვინ იყო და რა "საქმენი საგმირონი" ჩაუდენია მას თავისი ცხოვრების განმავლობაში,   ჩვენს საიტებზე გავათვალსაჩინოებთ.

პატივისცემით. საიტის ადმინისტრაცია.


ელ. ფოსტა: 
apocalypticsite@gmail.com
კ ი თ ხ ვ ა   პ ა ს უ ხ ი