ბოროტების მომძლავრება
უპირველეს ყოვლისა ლაპარაკია უღმრთოებასა და ანტიქრისტეანობაზე. ბოლო ჟამის უკეთურებას წმ. მოციქული პავლე უწოდებს უსჯულოების საიდუმლოსა და განდგომას (ბერძნ. apostasia) (2 თესალონიკ. 2, 3 და 7).
ბოროტების მომძლავრების ნიშნები:
ცრუქრისტეებისა და ცრუწინასწარმეტყველების გამოჩენა; ასევე, ცრუ სწავლებების გავრცელება.
"ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24:5); "მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს" (მათე 24:11); "ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას" (1 ტიმ. 4:1); "მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას" (2 ტიმ. 4:3).
ზნეობის დაცემა
"და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული" (მათე 24:10). სიძულვილი და განყოფა თვით ოჯახებსაც კი შეეხება: "და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ" (მარკ. 13:12; იხ. აგრეთვე ლუკა 21:10).
ამ დროს გაბატონდება უსასოობის, უდებების, გაურკვევლობისა და შიშის სული (ლუკა 21:25-26), ასევე დაისადგურებს ვაება და შეიძვრიან ზეციურნი ძალნი (მათე 24:29). მოციქული პავლე ტიმოთესადმი მიწერილ 2-ე ეპისტოლეში ასე აღგვიწერს იმდროინდელი კაცობრიობის მორალურ მდგომარეობას: "ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი. რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი, კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა, მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი" (2 ტიმ. 3:1-5).
საზოგადოებრივი უბედურებები და ომები
" გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ" (მათე 24:6-7). "აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია" (მარკოზი 13:8).
ბუნებრივი კატაკლიზმები
საზოგადოებრივ-სოციალური უბედურებების გარდა, დაიწყება სხვადასხვა სახის უმძიმესი ბუნებრივი კატაკლიზმები: "რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ" (მათე 24:7), ასევე "და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა" (ლუკა 21:25).
უშუალოდ ქრისტეს მოსვლის წინ ეშმაკი აღძრავს სიცრუისა და ბოროტების განსაკუთრებულ იარაღს - ანტიქრისტეს, რომლის დროსაც განდგომილება და სხვადასხვა სახის უბედურებანი თავის აპოგეას მიაღწევს.
ანტიქრისტე და მისი მოსვლის დრო
სწავლება ანტიქრისტეს შესახებ წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის მიხედვით
თვით თავსართ "ანტი"-ს ("anti") ბერძნულში გააჩნია ორი მნიშვნელობა: "წინააღმდეგ" და "ნაცვლად". ანტიქრისტესთან მიმართებაში გამოიყენება ორივე ეს მნიშვნელობა, რადგან ანტიქრისტე, საეკლესიო სწავლების თანახმად, არის ქრისტეს მოწინააღმდეგე, მეორეს მხრივ კი - ის, ვინც შეეცდება თავისი თავი დააყენოს ქრისტეს ადგილას.
წმ. წერილში ეს სახელწოდება გამოიყენება ორგვარი აზრით. სიტყვის ფართე მნიშვნელობით "ანტიქრისტედ" იწოდება ყოველი, რომელიც "უარყოფს მამასა და ძეს" (1 იოანე 2:22), "ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად" (1 იოანე 4:3), ანუ ყოველი, ვინც უარყოფს იესუ ქრისტეს ღმერთკაცობასა და ღმრთის ძეობას, შეიძლება იწოდოს ანტიქრისტედ. ამ აზრით ითქვა, რომ "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია" (1 იოანე 2:18). მაგრამ, სიტყვის მკაცრი გაგებით, ეს სახელწოდება გამოიყენება კონკრეტული პიროვნების მიმართ, რომლის შესახებაც ლაპარაკობს მოციქული იოანე ღვთისმეტყველი: "როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე" (1 იოანე 2:18).
ისტორიაში მრავალგზის გამოუთქვამთ აზრი, რომ ანტიქრისტე არ არის პიროვნება, არამედ ეს არის ერთგვარი ღმერთს დაპირისპირებული ძალა. ასეთ აზრს გამოთქვამდა, მაგალითად, მარტინ ლუთერი; რუსეთში ამ აზრს იზიარებენ ე. წ. "ბეზპოპოვცები". წმ. იოანე დამასკელი, თავის თხზულებაში "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა... წიგნი 4-ე, თ. 26) წერს: "გვმართებს ვიცოდეთ, რომ უნდა მოვიდეს ანტიქრისტე. თუმცა ყველა ის, ვინც არ აღიარებს ღვთის ძის და ღმერთის ხორციელად მოსვლას, აგრეთვე იმას, რომ არის იგი სრული ღმერთი და რომ ღმერთად ყოფნასთან ერთად გახდა იგი სრული ადამიანი, - ანტიქრისტეა, მაგრამ თვითგვარად და გამორჩევითად ანტიქრისტედ ითქმის ის, ვინც საუკუნის აღსასრულს მოვა" (მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. IV. 26).
წმ. წერილი ანტიქრისტეზე, როგორც კონკრეტულ პიროვნებაზე ასწავლის:
"ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე" (2 თესალონიკ. 2:3).
გადმოცემით, ანტიქრისტე გამოვა იუდეველი ხალხისგან და იქნება დანის, იაკობის 12 შვილიდან, ერთ ერთის შთამომავალთაგან. პატრიარქ იაკობის წინასწარმეტყველება დანისა და მის შთამომავალთა შესახებ ასე ჟღერს: "გველი იქნება დანი გზაზე, უნასი - ბილიკზე; დამგესლავი ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკან მხედარი. შენგან მოველი ხსნას, უფალო!" (დაბ. 49:17-18). არანაკლებ საშინელი სიტყვები გვესმის დანის შესახებ იერემიას წინასწარმეტყველებაშიც: "დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი; მისი მერნების თქარათქურისგან იძვრის დედამიწა; მოდიან, რომ შთანთქან მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი. აჰა, მოგისევთ მოუნუსხავ უნასებს და დაგგესლავენ, ამბობს უფალი" (იერემია 8:16-17).
იოანეს გამოცხადებაში (აპოკალიფსისი) ჩამოთვლილია ისრაელის ყველა ტომი, რომლებიც უფლის მიერ არიან აღბეჭდილნი, მაგრამ მათ შორის დანი არ მოიხსენიება, რაც ასევე განიხილება როგორც მითითბა იმაზედ, რომ დანის ტომიდან იქნება ანტიქრისტე (იხ. გამოცხ. თ. 7).
არსებობს მცდარი შეხედულება, რომ ანტიქრისტე იქნება განკაცებული სატანა: ისევე, როგორც უფალი განკაცდა ქალწულ მარიამისგან, სატანაც, ბოლო ჟამს განკაცდება მეძავი დედაკაცისგან და ადამიანად მოგვევლინება. მართლმადიდებლური ეკლესია არ იზიარებს ამ აზრს. წმ. იოანე დამასკელი თავის ზემოთხსენებულ თხზულებაში ამბობს: "ამრიგად, არათუ თვით ეშმაკი ხდება ადამიანი უფლის განკაცებისებრ (ნუმც იყოფინ!), არამედ იშვება ადამიანი სიძვისგან და შეიწყნარებს იგი სატანის მთელ მოქმედებას, რადგან ღმერთი, რომელმაც წინასწარ უწყის მისი სამომავლო არჩევანის უკეთურება, დაუშვებს რომ შთამკვიდრდეს მასში ეშმაკი" (ღირ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წიგნი IV, თ. 26). წმ. იოანე დამასკელის სიტყვები ანტიქრისტეს შესახებ თანხმიერია წმ. წერილისა, რომელიც ბრძანებს, რომ ანტიქრისტე "მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:9).
ანტიქრისტეს სახელი უცნობია, ცნობილია მხოლოდ მისი სახელის რიცხვი - "666". წმ. მღვდელმოწამე ირინეოსის განმარტებით, "მისი სახელი არავინ იცის, რადგან არ არის ღირსი უწყებულ იქნეს სულიწმიდის მიერ" (მწვალებლობათა წინააღმდეგ. წიგნი V, თ. 30).
მოვლენა, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს ანტიქრისტეს მოსვლას, იქნება "შემკავებლის აღხოცვა წრიდან". წმ. მოციქული პავლე ბრძანებს: "რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7). ეს სიტყვები გააზრებულ უნდა იქნეს ბერძნული ტექსტის მიხედვით. 6-ე მუხლში ნათქვამია: "ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში (to ketechon), რომ თავის დროზე გამოჩნდეს". ბერძნული ტექსტის ანალიზი ცხადყოფს, რომ პავლე მოციქულს მხედველობაში ჰქონდა არა ადამიანის პიროვნება, არამედ რაღაც ძალა. 7-ე მუხლში ნათქვამია: "რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას (ანუ, შემკავებელი - ბერძნ. (o ketechon))."
აქ გამოყენებულია მამრობითი სქესი, რაც უთითებს იმაზე, რომ მამრობითი სქესის პირზეა ლაპარაკი. მოციქულთან ვერ ვხვდებით ამ სიტყვის უშუალო განმარტებას, ამიტომ, სიტყვაში "შემკავებელი", და "მპყრობელი" შეიძლება გავიგოთ გარკვეული პოლიტიკური ან რელიგიურ-პოლიტიკური ძალა და ამ ძალის წარმომადგენელი.
ანტიქრისტეს შებრძოლება ქრისტეს სამეუფოსთან და უფლის მიერ მისი დამარცხება
წმ. იოანე დამასკელის თქმით (მართლმ. სარწმ. ზუსტი გადმოცემა IV, თ. 26) ანტიქრისტე "აღიზრდება ფარულად, წარმოდგება ანაზდეულად, აჯანყდება და გამეფდება". ის შეებრძოლება ყველა რელიგიას და "მოვა თავისი სახელით" (იოანე 5:43). მოციქული პავლე ამბობს, რომ ანტიქრისტე არის "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4), ანუ ის საკუთარ თავს გამოაცხადებს ღმერთად, როგორც ქრისტეანული, ასევე წარმართული გაგებით და ყველა რელიგიის მხრიდან მოითხოვს თაყვანისცემას.
გამოცხადების (აპოკალიფსისის) თანახმად, ანტიქრისტეს განსაკუთრებული და დამახასიათებელი ნიშანი იქნება ღმრთის გმობა და მკრეხელობა: " მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი" (გამოცხ. 13:5-6). ანტიქრისტე მიისაკუთრებს ღვთაებრივ ღირსებასა და პატივს და მოითხოვს მისდამი, როგორც ღმრთისადმი თაყვანისცემასა და მსახურებას: "ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4).
ზუსტად რომელ ტაძარზეა აქ ლაპარაკი ძნელი სათქმელია - იქნება ეს იმ დროისთვის აღდგენილი იერუსალიმის ტაძარი თუ სხვა რომელიმე, რომელიც ყველაზე პატივდებული და ცნობილი იქნება იმ დროისთვის.
ქრისტეანობასთან და ყველა თავის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში ანტიქრისტე გამოიყენებს შემდეგ საშუალებებს: მას დაეხმარებიან ცრუწინასწარმეტყველნი, რომლებიც "მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24); ანტიქრისტეს მოსვლა იქნება: "სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:9).
ანტიქრისტეს ექნება უზარმაზარი ძალაუფლება. სატანა მისცემს მას "...თავის ტახტს და უსაზღვრო ხელმწიფებას" (შეად. გამოცხ. 13:2). რომელი ხელმწიფება და ძალა იგულისხმება ამ მუხლში? თვით სატანა ამბობს თავისი ხელმწიფების შესახებ: "და უთხრა მას (ქრისტეს - მთარგმნ.) ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ" (ლუკა 4:6). როგორც ჩანს, აქ ლაპარაკია რელიგიური და პოლიტიკური ძალაუფლების შერწყმაზე, თანაც, როგორც ჩანს, ეს ხელმწიფება იქნება ერთპიროვანი, შესაძლოა მონარქიული, რადგან სატანის ხელმწიფება თავისი არსით მონარქიულია.
ანტიქრისტეს ხელმწიფება იქნება მსოფლიო: "და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას" (გამოცხ. 13:7). ძველ აღთქმაში ანტიქრისტეს წინასახეს წარმოადგენს მძლავრი, ყოვლისგამანადგურებელი დამპყრობი (დან. 7:8, 11). ამგვარი დამპყრობი იყო იუდეველთა ცნობიერებაში ანტიოქოს ეპიფანე. ანტიქრისტესეული დევნულება განსაკუთრებით სასტიკი იქნება ქრისტეანთათვის. ის გამოსცემს დეკრეტს, "მოკლან ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:5).
აპოკალიფსისში (თ. 11) მოთხრობილია ორი მოწმის მკვლელობის შესახებ, რომლებიც ამხელენ ანტიქრისტეს ხელმწიფებას. იმ პერიოდში ქრისტეანები სამოქალაქო უფლებების ვერ ისარგებლებენ: "და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი" (გამოცხ. 13:16-17).
ამ დროის ეკლესია იძულებული იქნება დაიმალოს "უდაბნოში" (გამოცხ. თ. 12). მიუხედავად მძიმე ჯამისა "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ ეკლესიას" (მათე 16:18) და ევქარისტული მსხვერპი არ შეწყდება ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე (1 კორ. 11:26). წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებით, ანტიქრისტეს ზემოქმედება განსაკუთრებულად ძლიერი იქნება წარწყმედულთათვის, მათთვის, ვინაც "არ შეიწყნარა ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი" (2 თესალონიკ. 2:10).
ანტიქრისტეს ხელმწიფება მრავალ აიმხედრებს და დაიწყება აშკარა, მისი საწინააღმდეგო მოძრაობა. აპოკალიფსისში ლაპარაკი ორ მოწმეზე, რომლებიც იწინასწარმეტყველებენ 1260 დღე. გადმოცემის მიხედვით, ერთ ერთი ამ წინასწარმეტყველთაგანი არის - ილია. მეორეს შესახებ წმ. წერილი არაფერს ამბობს, მაგრამ გადმოცემით, ეს იქნება ან ენოქი (უფრო გავრცელებული ვერსია) ან მოსე.
ანტიქრისტეს წინააღმდეგ ადამიანებს საღმრთო შეწევნაც მოევლინებათ (მაგალითად, აპოკალიფსისი გვამცნებს შვიდი ანგელოზის შესახებ, რომელთაც ხელთ უპყრიათ შვიდი წყლულება (გამოცხ. 15:16)). გარდა ამისა, საღმრთო განგებულებით, რჩეულთა გამო (რომლებმაც შეინარჩუნეს წმიდა სარწმუნოება) შემოკლდებიან ის დღენი (მათე 24:22). თუმცა სატანის ძალის დამარცხება ადამიანური ძალისხმევით შეუძლებელი იქნება: "და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა" (გამოცხ. 13:7).
დანიელის წინასწარმეტყველების თანახმად, ანტიქრისტეს ხელმწიფება სამნახევარი წელიწადი გაგრძელდება (დან. 7:25). გამოცხადებაც 42 თვეზე (გამოცხ. 11:2; 13:5), ანუ 1260 დღეზე ლაპარაკობს (გამოცხ. 12:6), რაც შეადგენს სამწელიწადნახევარს. ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები თავიანთ წინასწარმეტყველებებში იყენებდნენ დროის განსაკუთრებულ ზომას, ე. წ. წინასწარმეტყველურ წელიწადს, რომელიც ზუსტად 360 დღეს უდრის. ამგვარად, ანტიქრისტეს მეფობის ხანგრძლივობა შეადგენს სამ წელიწადსა და ნახევარს - ზუსტად იმდენს, რამდენი ხანიც გრძელდებოდა უფალ იესუ ქრისტეს ამქვეყნიური მსახურება.
ანტიქრისტეს უშუალოდ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე დაამარცხებს თავისი მეორედ მოსვლით: "უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით" (2 თესალონიკ. 2:8). აპოკალიფსისში ნათქვამია: "შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში. დანარჩენები კი მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ყველა ფრინველი მიაძღა მათ მძორს" (გამოცხ. 19:20-21).