რელიგია - უკრაინის ავტოკეფალია - ძლიერი დარტყმა "რუსულ სამყაროს" - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > რელიგია

უკრაინის ავტოკეფალია - ძლიერი დარტყმა "რუსულ სამყაროს"

ანტი რუსული სამყარო

23.09.2018.

როგორც კონსტანტინოპოლსა და კიევში მიიჩნევენ, მოსკოვისაგან დამოუკიდებელი უკრაინის ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნა წარმოადგენს ისტორიულად გამართლებულ და გარდაუვალ მოვლენას. მაგრამ რუსეთში ამაზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალზედ ნერვიულად რეაგირებენ. მოსკოვის საპატრიარქოს მორიგ რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 14 სექტემბერს გაიმართა, განაცხადეს, რომ "ღრმა სინანულითა და მწუხარებით მიიღეს კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილება კიევში საკუთერი ეგზარქოსების დანიშვნის შესახებ (ლაპარაკია დანიელ პამფილიელზე (აშშ) და ილარიონ ედმონტონელზე (კანადა) და დაიმუქრნენ, რომ "უკრაინის ტერიტორიაზე კონსტანტინოპოლის ანტიკანონიკური საქმიანობის გარძელების შემთხვევაში იძულებულნი იქნებიან სრულიად გაწყვიტონ ევქარისტული კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან". მაგრამ, მიუხედავად მოსკოვის ამგვარი გამომწვევი ქცევისა, ავტოკეფალურობის დამადასტურებელი ტომოსის მიღების პროცესი როგორც ჩანს უკვე ვეღარ შეჩერდება.

მოვლენის ქრონოლოგია ასეთია:

17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება მიმართოს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს (კიევის მიტროპოლია შვიდი საუკუნის განმავლობაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა) თხოვნით უკრაინის ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიას მისცეს დამოუკიდებლობის აღიარების ტომოსი. 19 აპრისლ უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ამ მიმართვას. სამი დღის შემდეგ მსოფლიო პატრიარქი შეუდგა უკრაინის თხოვნის განხილვას.

ივლისში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა დაადასტურა თავისი განზრახვა აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

აგვისტოში ტომოსის მინიჭების მომზადების ჩარჩოებში კიევში ჩამოვიდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ეგზარქოსები. მათ განაცხადეს, რომ კიევში განსაკუთრებული მისიით ჩამოვიდნენ.

"ჩვენ უკვე გავედით პირდაპირ გზაზე, რომელიც ფინიშამდე მიდის", -
განაცხადა გალიის მიტროპოლიტმა ემანუილმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის ეკლესიისთვის სრული დამოუკიდებლობის მინიჭებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებისთვის. ამ დოკუმენტის მიხედვით კონსტანტინოპოლი უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას განსაზღვრავს როგორც სხვა 14 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის თანასწორ ეკლესიად.

31 აგვისტოს, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს შეხვედრის შემდეგ, სადაც ამ უკანასკნელს ამცნეს უკრაინაში ავტოკეფალიის მიღებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების იმპლემენტაციის შესახებ, ემანუილმა თქვა: "მსოფლიო საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართულია ამ ქვეყანაში მართლმადიდებელთა შორის არსებული განხეთქილების გადასალახავად".

სექტემბრის დასაწყისში კონსტანტინოპოლის ეკლესიის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქოს, "სხვა ეკლესიათა პოზიციისდა მიუხედავად", შეუძლია მიანიჭოს ავტოკეფალია უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას. ამ განცხადებას მოსკოვში საკმაოდ მძაფრი რეაგირება მოჰყვა.

ის, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობის საქციელს (რომელიც, რა თქმა უნდა, კრემლიდან იმართება), გვიყვება უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის რელიგიათმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი იგორ კოზლოვსკი.



- იგორ ანატოლის ძევ, რუსეთის მართლმადიდებელი სინოდის სხდომის შემდეგ მისმა დიაკვანმა ანდრია კურაევმა დაასკვნა: "ახლა ჩვენ სქიზმატიკოსები გავხდით!", თუმცა მოსკოვი სქიზმაში უკრაინას ადანაშაულებს. ამასთან დღეიდან მოსკოვის საპატრიარქოს ტაძრებში აკრძალულია პატრიარქ ბართლომეოსის ლოცვითი მოხსენიება. ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი თუ ისტორიამ იცის მსგავსი მაგალითები?

- ჯერ-ჯერობით ისინი პატრიარქისა და ეპისკოპოსების ლოცვითი მოხსენიების გაწყვეტის დონეს დაკმაყოფილდნენ. ასეთი რამ უკვე მოხდა 1990-იან წლებში, როდესაც გაჩნდა დავა ესტონეთის ეკლესიის გარშემო.

სინამდვილეში რუსების მოქმედება უკვე ნახევრადსქიზმაში გადადის. რადგან, სიგელის თანახმად, რომელიც 1589 წელს გადასცეს რუსეთის ეკლესიას, მას მიეცა უფლება ჰყოლოდა საკუთარი პატრიარქი, მაგრამ ამასთანავე მიეცა განკარგულება მსახურების დროს ყოველთვის მოეხსენიებინა მსოფლიო პატრიარქი.

- ეს ნიუანსი ჯერ კიდევ მაშინ იყო წინასწარ დათქმული?

- დიახ. და თუ მისი (პატრ. ბართლომეოსის - "აპოკ". რედ.) სახელი არ მოიხსენიება, მაშინ ისინი მართლაც გადიან განხეთქილებაში.


- როგორ მოიქცევა კონსტანტინოპოლის ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს დემარშის შემდეგ?

- ის აგრძელებს სექტემბერში აღებული კურსით სვლას და არჩეული მკაფიო ხაზის გატარებას. ეგზარქოსები დაიწყებენ მოლაპარაკებებს ყველა უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთნ, მათ შორის იმათთანაც, ვინც მოსკოვის საპატრიარქოს ეკუთვნის, თუ ისინი, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებს ისურვებენ. ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის არიან ეპისკოპოსები, მღვდლები, მორწმუნეები, რომლებიც მხარს უჭერენ ავტოკეფალიას.

ამიტომაც ისინი უნდა მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას და გადაწყვიტონ კრების ორგანიზაციული საკითხები, რომელზეც გამოცხადებულ იქნება ერთიანი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნისა და მისი პატრიარქის არჩევის შესახებ.

საკუთრივ ტომოსი უკვე დაწერილია. მსოფლიო საპატრიარქოში დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაფერს სწორად და კანონიკურად, საფუძვლიანა და მოზომილად აკეთებენ. მათ არგუმენტებში შეუძლებელია ნაკლის შემჩნევა. ყველაფერი ძალიან მკაფიოდ და საქმის ცოდნით არის შედგენილი. დოკუმენტზე მუშაობდნენ მართლმადიდებლურ მსოფლიოში ცნობილი კანონისტები და საეკლესიო ისტორიის სპეციალისტები. მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან კი ამ არგუმენტებს მხოლოდ ემოციებით პასუხობენ. მეტი არაფერი.

გასაგებია, რომ მათთვის უკრაინის დაკარგვა კატასტროფის ტოლფასია. ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი დარტყმა "რუსული სამყაროს" იდეოლოგიის წინააღმდეგ. ვერ ვიტყვი, რომ უკანასკნელია.

ვიმედოვნებ, რომ მოსკოვში ბევრი გამოფხიზლდება. იქაც ხომ არიან საღად მოაზროვნე ადამიანები.

რუსეთი უწიგნურად მოქმედებს, მე ვიტყოდი - XIX-XX საუკუნეების პოზიციიდან. ჩვენ კიდევ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ. ასე რომ დროა მათ დათმონ იმპერიული ამბიციები და ხელი მოჰკიდონ საკუთარ პრობლემებს: ერი იტანჯება, აუთვისებელი და განუვითარებელია უზარმაზარი ტერიტორიები (ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე აუთვისებელი სივრცე), ტექნოლოგიების განვითარებისთვის სახსრებს არ ხარჯავენ. ფულს მხოლოდ სირიისა და დონბასის ომში, ჩვენთვის მოპარული ყირიმის მისაკუთრებასა და პროპაგანდაში ყრიან.

"რუსული სამყარო" - ეს არის რევანშიზმის კლასიკური ვარიანტი. მისი მთავარი იდეაა - აღდგენილ იქნას რუსეთის იმპერიის ადრინდელი ტერიტორიები. რუსებს მართებდათ დიალოგის საფუძველზე თავიანთ მეზობლებთან მშვიდობიან თანაარსებობაზე ეფიქრათ. მათ კი ირგვლივ მტრები შემოიკრიბეს.

მოსკოვის საპატრიარქოს შეეძლო უკრაინელი მართლმადიდებლებისთვის ავტოკეფალია ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში მიეცა. მაშინ მათ აქ საკმაოდ მეგობრული მართლმადიდებლური საზოგადოება ეყოლებოდათ, ექნებოდათ პატივისცემაც და ავტორიტეტიც. მაგრამ ისინი ჩადიან ცოდვას, რომლებიც ქრისტიანული თვალსაზრისით ყველაზე უმძიმესია.

ჯერ-ერთი, ეს არის სიყვარულის არქონა. სიყვარული არის ქრისტეანული სარწმუნოების საფუძველთა საფუძველი. "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. და გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მათე 22:37-39). ეს მცნება ფარავს ყველაფერს. სიყვარული თუ არ გაქვს - არ ხარ ქრსიტიანი, არ შეგიძლია შეიმეცნო ღმერთი. ხოლო როდესაც მათ (მოსკოვის საპატრიარქოს - "აპოკ." რედ.) ტექსტებს კითხულობს, ხვდები, რომ იქ სიყვარული საერთოდ არა აქვთ. არის ბოღმა, მტრობა, გაღიზიანება, პირმოთნეობა - ყველაფერი რაც გნებავს, სიყვარულის გარდა.

მეორე ცოდვაც კლასიკურია. ეს არის გამოგონილი და წარმოუდგენლად გაბუქებული სიამაყე, აქ კი არ არსებობს არავითარი ქრისტიანული მორჩილება, ქრისტიანული თავმდაბლობა. ჩვეულებისამებრ სიამაყითა და ამპარტავნებით მოწყლულია ის, ვისაც აქვს არასრულფასოვნების სიღრმისეული კომპლექსი, ვისაც აქვს შეგრძნება, რომ ის ვერ დააფასეს, ვერ შეიყვარეს, ვერ გაუგეს.

სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ის, რომ რუსეთის ეკლესია გახდა მექანიზმი, რომელიც ემსახურება რუსეთის "აღორძინებადი" იმპერიის საშინელ აპარატს. მღვდლები ფაქტობრივად ჩინოვნიკები გახდნენ, და არა სულის მწყემსები, რომლებიც მორწმუნეებზე უნდა ზრუნავდნენ და მათი ცნობიერების განათლებაზე წუხდნენ. ამის ნაცვლად მოსკოვის საპატრიარქო ადამიანებს ერთმანეთზე ამტერებს, მათ მუდმივად აშინებენ, ეუბნებიან, რომ უკრაინაში სისხლის მდინარეები დაიღვრება, თუკი უკრაინას ადგილობრივი და ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსს მიანიჭებენ. ნაცვლად იმისა თქვან, რომ "მზად ვარ დიალოგისთვის, მოდი, ერთად დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს შექმნას თავისი ავტოკეფალური ეკლესია...", სისხლისღვრით იმუქრებიან.


- "ჩვენ ხომ მოძმე ერი ვართ"...

- არავითარი ძმობა აქ არ არის. ეს არის აბსოლუტურად პირმოთნე პოზიცია. "თქვენ მხოლოდ ჩვენი თვალსაზრისი უნდა აღიაროთ. არ არსებობს თქვენი დამოუკიდებლობა. თქვენ არარა ხართ. თქვენ ისე უნდა იფიქროთ, როგორც ვფიქრობთ ჩვენ". უკრაინის ერი უკვე გაღიზიანებული და შეურაცხყოფილია ამით. უკრაინის ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას რუსეთმა მიაყენა წარმოუდგენელია... ყირიმის ანექსია, დონბასის ნაწილის ოკუპაცია, ადამიანების მკვლელობა, ყოველგვარი პროვოკაციები - ეს ხომ საშინელი დანაშაულია არა მარტო საერთაშორისო კანონმდებლობის, არამედ სულიერი, ქრისტიანული თვალსაზრისითაც.

ყველაზე საშინელი ის არის, რომ მოსკოვის საპატრიარქომ არცერთხელ არ დაგმო თავისი მთავრობის მოქმედება. ისინი მუდმივად იმეორებენ, რომ უკრაინაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი. მაგრამ ჩვენ ხომ ზუსტად ვიცით, დონბასსა და ყირიმში რომ მეზობელი ქვეყნის ჯარები არ შესულიყვნენ, არაფერიც არ მოხდებოდა. როდესაც მესმის "კარგ რუსულ სამყაროზე" და "ცუდ ამერიკელებზე", ვპასუხობ: "ამერიკელებს არ წაუღიათ ჩვენი მიწები. მე ამერიკელები არ მაწამებდნენ სარდაფებში, არამედ რუსები. რისთვის? იმისთვის, რომ მე ვარ უკრაინელი და ჩემს მიწა-წყალზე ვცხოვრობ" (ომამდე იგორ ანატოლის ძე ასწავლიდა დონეცკის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში; 2016 წლის იანვარს მეცნიერი "ДНР"-ს ბოევიკებმა აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებების გამო შეიპყრეს და საპყრობილეში ჩაამწყვდიეს; თითქმის ორი წელი გაატარა მან ტერორისტების ციხეში, სადაც ამცირებდნენ და აწამებდნენ; მეცნიერი გაცვლით გაათავისუფლეს გასული წლის 27 დეკემბერს - ავტ.).

როდესაც მთელი მსოფლიო აღდგა ჩემს დასაცავად, ერთადერთი ეკლესია, რომელმაც დაიდუმა - მოსკოვის საპატრიარქო იყო. რაზე მეტყველებს ეს ყოველივე? - ქრისტიანული სიყვარულისგან განდგომაზე. არადა ქრისტემ მტრების შეყვარებაც კი მოგვიწოდა. რომელ ძმობაზეა აქ ლაპარაკი?

ეს ყველაფერი მეტყველებს იმ კრიზისზე, რომელიც რუსეთში უკვე დიდი ხანია მეფობს. მღვდლები იქ საკმაოდ მჭიდროდ შეესისხლხორცნენ სახელმწიფოს და ფაქტობრივად ეკლესიურ პრობლემებზე მთელი საზრუნავი მას დააკისრეს ნაცვლად იმისა, თვითონ ეწეოდნენ საეკლესიო მშენებლობას, საეკლესიო პრობლემების გადაწყვეტას.

რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ მართლაც უნიკალური ქვეყანა გვაქვს. უკრაინა ყოველთვის იყო სულიერი საგანძურის საცავი. საბჭოთა კავშირის დაშლის დროისთვის აქ მდებარეობდა საბჭოპთა კავშირის რელიგიური ორგანიზაციების 50 პროცენტი (იეღოვას მოწმებიიდან მოყოლებული მუსლიმებით დამთავრებული). მაშინ როდესაც თვით რუსეთსა და დანარჩენ 13 რესპუბლიკაში მათი რაოდენობა გახლდათ - 25 პროცენტი.

დღეს უკრაინაში სხვადასხვა მიმართულების 40 ათასამდე რელიგიური ორგანიზაციაა. შედარებისთვის, რუსეთში, სადაც მოსახლეობა სამჯერ მეტია, დაახლოებით 25-26 ათასი. რაზე მეტყველებენ ეს ციფრები? უკრაინისა და უკრაინელი ერის განსაზღვრულ ფენომენზე და მის სულიერ ძიებებზე.

ჩვენი მორწმუნეები უფრო განათლებულები არიან, უფრო აქტიურები. ეს თვალშისაცემია მთელ რელიგიურ მსოფლიოში. ჩვენ ვართ პოლიკონფესინალური სახელმწიფო. ჩვენთან არის პლურალიზმი, არჩევანის თავისუფლება.

თუკი შეიქმნება ადგილობრივი ეკლესია, რა თქმა უნდა, მორწმუნეთა ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს ომფორის ქვეშ დარჩება. ისინი ღელავენ საკუთარ ბედზე. განვმარტავ. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ყოველ ადამიანს სარწმუნოებრივი თავისუფლების შესაძლებლობას აძლევს; ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება გააჩნდეს თავისი სარწმუნოება ან საერთოდ არ გააჩნდეს, და კანონი "სინდისის თავისუფლებასა და რელიგიურ ორგანიზაციებზე". ყველა რელიგიური ორგანიზაცია - ყველაზე მცირედან ყველაზე დიდამდე - ერთ სამართლებრივ სივრცეში მოქმედებს. ჩვენ არ გვაქვს პრეფერენციები, ან ვინმეს პრიორიტეტები ვინმეს წინაშე.

ავტოკეფალიის მიღება არ ნიშნავს, რომ ჩვენში გაჩნდება გაბატონებული ეკლესია. ეს ყოვლად დაუშვებელია, რადგან მაშინ ჩვენ რუსეთის დონემდე დავეშვებით.

წყარო: https://credo.press/monitoring-smi-ukrainskaya-avtokefaliya-ochen-silnyj-udar-po-ideologii-russkogo-mira-prof-igor-kozlovskij/

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню