საეკლესიო სამართალი - მოციქულთა კანონები 1-10 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
მოციქულთა კანონები
ქრისტეს მოციქულები


1. ზონარას, არისტინესა და ბალსამონის განმარტებები ნათარგმნია გამოცემიდან: Правила святых апостол и святых отец с толкованиями. Москва. 1876 г.

2. კანონთა ფორმულირებები და განმარტებები სლავური Кормчая-დან ("მესაჭე") ნათარგმნია იმავე გამოცემიდან.

3. კანონთა განმარტებები ბერძნული ΠΗΔΑΛΙΟΝ-იდან ("პიდალიონი" - "მესაჭე") ნათარგმნია გამოცემიდან: Пидалион. Том I. Правила Святых Апостолов. Изд. Александро-Невский Ново-Тихвинский  женский монастырь. 2019 г.
1

ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ.


ზონარა: ქიროტონიას დღეს ხელდასასხმელად არჩეულ კანდიდატისთვის წასაკითხ და მასზე  სულიწმიდის გარდამომწვევ ლოცვებს უწოდებენ, რადგან მღვდელმთავარი ხელის გაწვდენით აკურთხებს ხელდასასხმელს. მაგრამ ძველად ქიროტონიას თვით არჩევას უწოდებდნენ, რადგან, როდესაც ქალაქის მოსახლეობას მღვდელმთარვის არჩევის  ნება ეძლეოდა, შეკრებილთაგან ზოგნი ერთს უჭერდნენ მხარს, სხვები კი მეორეს. ამიტომაც, მრავლის მიერ არჩეულს უპირატესობა რომ ჰქონოდა, ამომრჩევლები, როგორც ამბობენ, ხელს იწვდენდნენ და მღვდელმთავარსაც ამ გაწვდენილი ხელების დათვლით აირჩევდნენ, ანუ ვინც ხმათა უმრავლესობას მიიღებდა, მღვდელმთავრადაც იმას აირჩევდნენ. აქედან არის აღებული ქიროტონიის სახელწოდებაც, რომელსაც იმავე აზრით იყენებდნენ კრების მამები, რა აზრითაც იყენებდნენ მას ძველად და ქიროტონიას არჩევას უწოდებდნენ. ლაოდიკიის კრების  მე-5 განწესებაში ნათქვამია: "ხელდასხმები არ უნდა მოხდეს მსმენელთა თანდასწრებით" - ქიროტონიები კი კრებამ უწოდა არჩევებს. მღვდელმთავრის ხელდასხმაზე  ჩვეულებისამებრ მრავალი იკრიბება, მაგრამ არჩევის დროს, ასარჩევი კანდიდატის წინააღმდეგ რაიმე ბრალდების წამოყენების გამო, ზოგიერთს ამ  ბრალდებათა გახმოვანებისას იქ ყოფნა და მოსმენა ეკრძალება. - ეპისკოპოსის ხელდასხმის უფლებას ეს კანონი აძლევს ორ ეპისკოპოსსაც; ხოლო ეპისკოპოსის არჩევის უფლებას პირველი კრების მეოთხე კანონი იმ ეპარქიის  ყველა ეპისკოპოსს განუწესებს, უკიდურეს შემთხვევაში სამს მაინც, თუკი  სხვები თავიანთ წერილობით თანხმობას განაცხადებენ ამ ხელდასხმაზე.

არისტინე:  ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ. ხოლო  ეპისკოპოსის არჩევაში სამ ეპისკოპოსზე ნაკლები არ უნდა მონაწილეობდეს, თუ ამ ღონისძიებაზე ეპარქიის ყველა ეპისკოპოსის შეკრებას რაიმე მიზეზი არ აბრკოლებს. ეძებე აგრეთვე, ნიკეის კრების მე-4, კართაგენის მე-13 და ანტიოქიის მე-19 კანონები.

ბალსამონი: მოციქულთა ეს კანონი ლაპარაკობს ქიროტონიაზე, რომელსაც ეკლესიაში მღვდელმთავარი აღასრულებს, პავლე მოციქული სიტყვისამებრ: "ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა" (1 ტიმ. 5:22) და არა ხელის გაწვდენით არჩევაზე, როგორც ძველად აკეთებდა ამას ქალაქის მოსახლეობა და როგორც ამბობდა ზოგიერთი, რომლებიც დაუწერელ გადმოცემას მისდევდნენ.  მართალია, ლაოდიკიის კრება თავის მეხუთე კანონში ბრძანებს, რომ ხელდასხმები არ უნდა მოხდეს მსმენელთა თანდასწრებით, რომლის გამოც ზოგიერთები ასკვნიდნენ, რომ ეს კანონი ლაპარაკობს არჩევაზე, მე მიმაჩნია, რომ ისინი ცუდად მეტყველებდნენ, რადგან ეკლესიაში ქიროტონიები მრავალთა თვალწინ, მაგრამ საიდუმლო ლოცვებით აღსრულდება. მეტიც, როდესაც ნიკეის კრების მეოთხე  კანონი განსაზღვრავს, რომ ეპისკოპოსის არჩევა აღესრულდება ეპარქიის ყველა,  უკიდურეს შემთხვევაში სამი ეპისკოპოსის მიერ, - თუკი სხვები, ასეთ შემთხვევაში, თავიანთ წერილობით თანხმობას განაცხადებენ, - მიკვირს, როგორ ამბობდა ზოგიერთი, რომ ეს კანონი, რომელიც ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ ეპისკოპოსის ხელდასხმაზე ლაპარაკობს, შეიცავს აზრს  მღვდელმთავრის არჩევაზე.
2

მღვდელი ხელდასხმული უნდა იყოს ერთი ეპისკოპოსის მიერ, ასევე დიაკონიც და სხვებიც სამღვდელო დასიდან.


ზონარა: მღვდლებისა და დიაკვნების არჩევისა და ხელდასხმის უფლებას ეს კანონი აძლევს ეპისკოპოსს, რომელსაც ხელდასმულები უნდა დაექვემდებარონ.

არისტინე: ერთ ეპისკოპოსს შეუძლია ხელი დაასხას მღვდელსა და დიაკონს. ნათელია.

ბალსამონი: თანამიმდევრულად გვეძლევა რა განწესებანი ქიროტონიების შესახებ, ეს კანონიც საფუძველს გვაძლევს წინამორბედი კანონი ეპისკოპოსთა ხელდასხმებს განვაკუთვნოთ და არა მათ არჩევებს. რადგან არ არის განწესებული მღვდელი, დიაკონი ან სხვა რომელიმე კლერიკოსი ჯერ აირჩიონ, შემდეგ კი ხელი დაასხან.
3

თუ  ეპისკოპოსი ან მღვდელი საკურთხეველზე მსხვერპლად შესწირავს უფლის მიერ განწესებულის გარდა სხვა რამეს, თაფლს, ან რძეს, ან ღვინის ნაცვლად თაფლუჭს  (მათრობელ სასმელს), ან ფრინველს, ან რომელიმე ცხოველს, ან ცერცვეულიდან რაიმეს ახალი ხორბლის თავთავის კონისა და ყურძნის გარდა, თავის დროზე, განიკვეთოს, რადგანაც არ არის ჯეროვანი საკურთხეველში სხვა რამის შეტანა, გარდა ზეთისა ასანთებლად და საკმევლისა წმიდა შესაწირავის დროს.


ზონარა: უფალმა, ასწავლა რა თავის მოწაფეებს უსისხლო მსხვერპლის აღსრულება, ამცნო მათ შეესრულებინათ იგი პურითა და ღვინით. ამიტომაც, მოციქულებმა აკრძალეს პურისა და ღვინის ნაცვლად საკურთხეველში სასმელის სხვა რომელიმე სახეობის  გამოყენება, მაგალითად, თაფლუჭისა. თაფლუჭად კი იწოდება ყოველივე, რაც ათრობს, გარეშე ღვინისა. ასეთია ადამიანების მიერ ხელოვნურად წარმოებული სასმელები, მაგალითად, არაყი, ან სხვა მსგავსი რამ. მოციქულებმა ნება დართეს მწიფე ყურძნის, ახალმოწეული ხორბლის თავთავებისა და მომწიფებული, ანუ საჭმელად ვარგისი ბოსტნეულის მოტანაც (რადგან ამაზე მიანიშნებს გამოთქმა: "თავის დროზე"); თუმც, ამათი შეწირვა ნებადართულია არა როგორც მსხვერპლისა, არამედ, როგორც პირველმოწეული ნაყოფისა. ნებადართულია ზეთის შეწირვაც, ასანთებად ნათლისა ჭეშმარიტი ნათლისა მიმართ და საკმევლისა წმიდა  შესაწირავის დროს. წაიკითხე აგრეთვე ტრულის კრების კანონები 28, 32, 57.

არისტინე: მღვდელი, რომელიც საკურთხეველში შესწირავს რძეს, თაფლს ან თაფლუჭს ან ცხოველებს და ბოსტნეულს - გარდა ახალმოწეული თავთავებისა, ყურძნისა, ზეთისა და საკმევლისა, დაემხოს თავისი პატივისგან.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილიდან ზოგიერთის შეტანა საკურთხეველში აკრძალულია იმიტომ, რომ ასეთია ელინური ჩვეულება, ზოგისა კი იმიტომ, რომ წესია იუდეველთა. ხოლო ახალი ნაყოფის, ბოსტნეულისა და ყურძნის შეწირვა უფლის მიმართ, როგორც სამადლობელისა, ნებადართულია.

ბალსამონი: ღვთაებრივმა მოციქულებმა, რომლებმაც აკრძალეს ძველაღთქმისეული სისხლიანი მსხვერპლი, როდესაც პირუტყვი იკვლებოდა, ყველას უფლის მიერ მოცემული უსისხლო მსხვერპლის აღსრულება ამცნეს
და განაწესეს იმ მღვდლის დამხობა, რომელიც ამის საწინააღმდეგოს მოიმოქმედებს. თაფლუჭად კი იწოდება ყოველივე, რომელიც ღვინის გარეშე იწვევს თრობას. როდესაც კანონი ამბობს: "ხორბლის თავთავის  კონისა და ყურძნის გარდა", არ იფიქრო, რომ მათი შეწირვაც ნებადართულია, არამედ, ესეც აკრძალულია. მაგრამ, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მათი ეკლესიაში  მიტანა ვითარც შეწირულობისა და მიეცემა მღვდელს, როგორც მოწეული  პირველნაყოფი, რათა გვიკურთხოს და ვმადლობდეთ უფალს, რომელიც გვაძლევს პურს  ჩვენი არსობისა და ყოველივეს რაც ჩვენი სიცოცხლისთვის საჭიროა. ამიტომაც, ჩვეულებისამებრ პატრიარქთანაც მიაქვთ ყურძენი ვლაქერნის ღვთაებრივ ტაძარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დასრულების შემდეგ. მე ვიცნობდი ერთ-ერთი მონასტრის პატიოსან იღუმენს, რომელიც დაამხეს თავისი პატივისგან იმისათვის, რომ ბოროტი ადამიანის შეგონებით ყველი და ხორცი შეიტანა საკურთხეველში, თითქოსდა მათით შესაძლებელი იყო მრავალ დაავადებათა განკურნება. ზეთი და საკმეველი საკურთხეველში მიაქვთ არა  სამსხვერპლოდ, არამედ ტაძრის გასანათებლად და ჭეშმარიტი ნათლისა და  ღმრთისადმი მადლობის აღსავლენად. წაიკითხე აგრეთვე VI მსოფლიო კრების 28 და  32-ე კანონები.
4

ხოლო სხვა ყველაფერი, პირველი ნაყოფები და ხილი,  უნდა გაეგზავნოს ეპისკოპოსსა და მღვდელს სახლში და არა საკურთხეველში.  ცხადია, ეპისკოპოსი და მღვდლები ამას გაუყოფენ დიაკვნებსა და ეკლესიის სხვა  მსახურებს.


ზონარა:  მწიფე ნაყოფი საკურთხეველში კი არ უნდა შეიტანონ, არამედ, ღმრთის სამადლობლად. ნაყოფის შეწირვის მსურველმა სახლში უნდა გაუგზავნოს ის ეპისკოპოსსა და მღვდელს, ხოლო მათ არა მარტო თავიანთთვის გამოიყენონ შემოწირულობა, არამედ კლერიკოსთა მთელ დასსაც დაუნაწილონ.

არისტინე: მწიფე ნაყოფს სახლში უგზავნიან ეპისკოპოსსა და მღვდელს; წინამძღვარნი კი მათ კლერიკოსებსაც დაუნაწილებენ.

ყურძნის გარდა, სხვა, პირველმოწეული მწიფე ნაყოფი საკურთხეველში კი არ უნდა  შეიწიროს, არამედ სახლში გაეგზავნოს ეპისკოპოსებსა და პრესვიტერებს, რომლებიც შემდეგ გაუყოფენ მათ დიაკვნებსა და სხვა კლერიკოსებს. ხოლო  ყურძენს, რომელიც ეკლესიაში მიაქვთ დანარჩენი ნაყოფებისგან განსხვავებით, ასეთი უპირატესობა იმიტომ აქვს, რომ მისგან იწურება ღვინო უსისხლო მსხვერპლშეწირვისთვის.

ბალსამონი: დააკვირდი, ამ კანონშიც  განწესებულია, რომ ტაძარში ეპისკოპოსს მიუტანენ ბოსტნეულსა და ყურძენს, როგორც პირველმოწეულ ნაყოფს; ხოლო სხვა დანარჩენს სახლში გაუგზავნიან, რათა მით ღმერთს ღირსეული მადლობა აღუვლინონ. ხოლო თუ როგორ შეიწირება წმინდათა  და გარდაცვლილთა სახელზე მიტანილი წანდილი, ანუ კორკოტი, რომელსაც  სხვადასხვა ნაყოფებითაც ამშვენებენ, შეიტყობ ათანასე დიდის სიტყვიდან  გარდაცვლილთა შესახებ. შენ კი იგულისხმე, რომ მოცემული კანონი აქეზებს ეპისკოპოსებს იზრუნონ თავიანთ კლერიკოსებზე და ეკლესიის შემოწირულობანი  მათაც შეარგონ.
5

ეპისკოპოსი,  მღვდელი, ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის  მომიზეზებით და თუ განიშორებს, თავი უნდა დაანებოს მღვდლობას. თუ განაგრძობს ამას, უნდა განიკვეთოს.


ზონარა: ძველად ცოლ-ქმრისთვის უმიზეზო გაყრა ნებადართული იყო და ეყრებოდნენ ერთმანეთს როდესაც მოესურვებოდათ; მაგრამ უფალმა, როგორც სახარებებში წერია, ეს უარყო. ამრიგად, უფლის მცნების თანახმად, მოციქულები კრძალავენ გაყრას. აქ ჯერ ხელდასხმულებზეა ლაპარაკი, რომელთაც განუწესებენ, რომ ხელდასხმული კლერიკოსი თუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით, უნდა  დაყენდეს მანამ, სანამ ისევ უკან არ დაიბრუნებს. ხოლო თუ არ დაიბრუნებს,  მაშინ სრულად უნდა დაემხოს პატივისგან, რადგან ასეთ შემთხვევაში კნინდება  ქორწინება, თითქოსდა საქორწილო თანაცხოვრება უწმინდურებას წარმოშობდეს; არადა წმიდა წერილი ქორწინებას წმიდას უწოდებს და ცოლ-ქმრის საწოლს კი  შეუგინებელს. კანონმა ახსენა ეპისკოპოსებიც, რომლებსაც ცოლები ჰყავდათ, რადგან იმ დროს, სჯულიერად დაქორწინებულ ეპისკოპოსებს თავიანთ ცოლებთან  ცხოვრების უფლება ჰქონდათ. ტრულის კრებამ, რომელსაც მეექვსესაც უწოდებენ,  მეოცე კანონით ეს აკრძალა. უმიზეზო განქორწინება სამოქალაქო კანონითაც აკრძალულია, თუმცა დაწესებულია გარკვეული მიზეზები რომელთა საფუძველზეც შესაძლოა მოხდეს კანონიერი განქორწინება.

არისტინე: მღვდელი, თუ მეუღლეს განიშორებს, განიკვეთოს; ხოლო ამის შემდეგაც თუ არ შეიწყნაროს, დაემხოს პატივისგან.

ვინმე  პრესვიტერი ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს მოჩვენებითი ღვთისმოსაობის და არა საფუძვლიანი მიზეზის გამო, უნდა განეყენოს. ხოლო  განყენების შემდეგაც თუ არ გამოსწორდება, - დაემხოს თავისი პატივისგან. იხილე აგრეთვე ტრულის მეექვსე კრების კანონები 12 და 13, რომელშიც განიხილება იგივე საკითხი.

ბალსამონი:  მეექვსე მსოფლიო კრებამდე, რომელიც ტრულის სამეფო პალატებში ჩატარდა,  ეპისკოპოსებს უფლება ეძლეოდათ ჰყოლოდათ ცოლები საეპისკოპოსო ხარისხის მიღების შემდეგაც, როგორც ჰყავთ ცოლები, მაგალითად, მღვდლებსა და დიაკვნებს  მათი ხელდასხმის შემდეგ. ამრიგად, რადგან იუსტინიანეს 117-ე ნოველის გამოცემამდე, რომელიც მოთავსებულია ბასილიკონის 28-ე წიგნის მე-7  ტიტლოსში, ყოველ მსურველს უფლება ჰქონდა გაყროდა თავის მეუღლეს ყოველგვარ მიზეზს გარეშე, წინამდებარე კანონი განაწესებს, რომ ეპისკოპოსს, მღვდელს ან დიაკონს, უფლება არა აქვთ ღვთისმოსაობის მომიზეზებით გაეყარონ თავიანთ მეუღლეებს. ამ კანონის განწესებამ მღვდლებთან და დიაკვნებთან დაკავშირებით (რადგან ეპისკოპოსს, ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ, უკვე აღარა აქვს ცოლთან თანაცხოვრების უფლება) ძალა დაკარგა, რადგან ამჯერად, ყოველს, ვინც  უნდა იყოს ის, შეუძლია გაეყაროს თავის ცოლს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზთა გამო, რომლებიც ჩამოთვლილია ხსენებულ ნოველაში. კერძოდ: 1) რომელიმე მეუღლის შეთქმულება მეფის წინააღმდეგ; 2) ცოლის მრუშობა; 3) მეუღლეთაგან ერთის მიერ მეორის სიცოცხლის ხელყოფა; 4) თუ ცოლმა იქეიფა ქმრის ნების გარეშე ან ტანი დაიბანა უცხო მამაკაცებთან ერთად; 5) თუ ცოლმა ღამე გაათია ქმრის სახლის გარეთ, თანაც არა თავის მშობლებთან; 6) თუ ცოლი, ქმრისგან მალულად დაიარებოდა დოღზე; 7) თუ მეუღლეთაგან ერთ-ერთმა აირჩია მონაზვნური ცხოვრება და კიდევ სხვა მიზეზები, რომლებიც ჩამოთვლილია ამ ნოველაში.
6

ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონმა საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს ამსოფლიური საზრუნავი; წინააღმდეგ შემთხვევაში სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს.
 
 
ზონარა. ჩამოთვლილ პირებს კანონის მიხედვით ეკრძალებათ საერო საქმეებისადმი შედგომა; რადგან კანონს სურს, რომ ისინი თავისუფლად ეწეოდნენ საღმრთო მსახურებას, და თავს უფლებას არ აძლევდნენ ჩაერიონ საერო საქმეებსა და სახალხო მშფოთვარებაში; თუ ასე არ აღასრულებენ, მაშინ უნდა დაემხონ. იგივეს განაწესებენ კრებათა სხვადასხვა განწესებები. სამოქალაქო კანონებიც უკრძალავენ სამღვდელო პირებს საერო საქმეებისადმი შედგომას და ნებას რთავენ მხოლოდ ობოლ ბავშვებზე მზრუნველობას, თუკი ისინი ამ საქმისთვის კანონიერად იქნებიან მოწოდებულნი.
 
არისტინე. საერო საზრუნავს შედგომილ მღვდელს, მღვდლობა ჩამოერთმევა.
 
არა აქვთ უფლება ეპისკოპოსს ან პრესვიტერს, ან დიაკვანს სამარცხვინო მონაგების გამო საკუთარ თავზე აიღონ საერო საზრუნავი, გარდა იმისა, როდესაც არასრულწლოვნებზე მზრუნველობისკენ კანონით იქნებიან მოწოდებულნი, ან სხვა რაიმე სახით მოუწოდებენ მათ აიღონ მზრუნველობა ქვრივებზე, ობლებსა და ავადმყოფებზე. იმის შემდეგ, რაც მათ გააფრთხილებენ დატოვონ საერო საქმეები, და არ შეისმენენ, არამედ კვლავ გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, უნდა დაემხონ პატივისგან.
 
ბალსამონი. მღვდელმსახურებზე, რომლებიც შედგომილნი არიან საერო სამსახურს, ჩვენ საკმარისად ვწერეთ წინამდებარე კრებულის (1) მე-8 ტიტლოსის მე-13 თავში. მაგრამ რადგან მოციქულთა ეს კანონი ამბობს, რომ კლერიკოსი, რომელიც ასე მოიქცევა, უნდა დაემხოს, ხოლო მოციქულთა 81-ე კანონი და სხვა კანონებიც ამბობენ: ან შეწყვიტოს ან დაემხოს, ვინმემ შეიძლება იკითხოს: რას უნდა მივდევდეთ? და მე ვფიქრობ, რომ იმ კანონს, რომელიც უფრო კაცთმოყვრულია; რადგან წმიდა სინოდი დიდ და უპატიოსნეს ეკონომოს არისტენს ოცდაათი დღის განმავლობაში შეახსენებდა თავი შეეკავებინა მოსამართლის საერო სამსახურისგან.
_______________
 
1. იგულისხმება ბალსამონის განმარტებები პატრიარქ ფოტიოსის ნომოკანონზე.
 
_______________
7

თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი  ბრწყინვალე აღდგომას ბუნიობის წინ იდღესასწაულებს იუდეველებთან ერთად, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს.
 
 
ზონარა. ზოგიერთი გაზაფხულის ბუნიობად მიიჩნევს 25 მარტს, სხვები კი - 25 აპრილს. მე კი ვფიქრობ, კანონი არც ერთს გულისხმობს და არც მეორეს. რადგან ხშირად პასექი იდღესასწაულება 25 აპრილამდეც, და ხდება, როდესაც მას 25 მარტამდეც ვდღესასწაულობთ, ასე რომ, (თუკი ასე გავიგებთ გაზაფხულის ბუნიობას) შეიძლება ისეც მოხდეს, რომ პასექი ამ კანონის საწინააღმდეგოდ იქნას ნაზეიმები. ამრიგად, როგორც ჩანს, პატივსაცემი მოციქულები გაზაფხულის ბუნიობას სხვა რაღაცას უწოდებენ. ამ კანონის მთელი მცნება კი შემდეგშია: ქრისტიანებმა პასექი არ უნდა იდღესასწაულონ იუდეველებთან ერთად, ანუ მათთან ერთად ერთსა და იმავე დღეს; რადგან ჩვენს პასექს წინ მათი არასაზეიმო ზეიმი უნდა უძღოდეს, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აღსრულდეს ჩვენი პასექი. მღვდელმსახური, ვინც ასე არ შეასრულებს სასულიერო პატივისგან უნდა დაემხოს. იგივე განსაზღვრა ანტიოქიის კრებამაც თავის პირველ განწესებაში, როდესაც თქვა, რომ პასექის ზეიმობის განსაზღვრება ნიკეის პირველი (მსოფლიო) კრების განსაზღვრებაა, თუმცა, ნიკეის კრების განწესებებში ასეთი კანონი არ მოიპოვება.
არისტინე. ვინც იუდეველებთან ერთად აღასრულოს პასექი დაემხოს. ნათელია.
 
ბალსამონი. ღვთაებრივ მოციქულებს არ სურთ პასექი იუდეველებთან ერთად ვიზეიმოთ, ამიტომაც განსაზღვრეს, რათა უფლის პასექი ჩვენში იუდეველთა სჯულიერი პასექის დადგომის შემდეგ აღესრულოს. ისინი პასექს გაზაფხულის ბუნიობის წინ ასრულებენ, ხოლო გაზაფხულის ბუნიობა დგება არა 25 ან 20 მარტს, როგორც ზოგიერთი ამბობს, ან კიდევ რომელიმე განსაზღვრულ დღეს, არამედ სხვადასხვა დროს, რადგან გაზაფხულის ბუნიობას მზისა და მთვარის წრიული გამოთვლებით ანგარიშობენ. მოსემ სჯულად დააწესა, რათა იუდეველებს პასექი, ანუ ბოროტებისგან გამოსვლა, ყოველწლიურად, ეგვიპტის მონობიდან დავდახსნის მოსაგონებლად აღესრულებინათ, და ის სხვა დროს არ აღესრულება, თუ არა გაზაფხულის ბუნიობამდე, როდესაც ახალმთვარეობა დგება, ანუ მარტის თვის მეთოთხმეტე დღემდე.
 
უფლის პასექს, ანუ ჩვენს გამოხსნას ეშმაკის ტყვეობიდან, ჩვენც ვზეიმობთ, რომელი გამოხსნაც ჩვენმა ღმერთმა ქრისტემ ჯვარზე თავისი ვნებით გვიბოძა. მაგრამ ჩვენ პასექს ვდღესასწაულობთ არა მაშინ, როდესაც იუდეველთა პასექი აღესრულება, არამედ მას შემდეგ, რაც გაზაფხულის ბუნიობა დადგება და პირველი თვის (მარტის) მე-14 დღე შესრულდება ან მარტის თვის პირველ მთვარეს, სწორედ ამ შვიდეულში, რადგან სწორედ მაშინ იყო ქრისტეს ვნება და მკვდრეთით აღდგომა. იხილე ასევე წმიდათა შორის მამის ჩვენის იოანე ოქროპირის მე-8 ჰმილია, რომელიც მან პასექზე დაწერა; ასევე კართაგენის კრების 73-ე განწესება და ის, რაც მასში პასექს ეხება.
8

თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან კრებულის სხვა წევრი, მსხვერპლშეწირვის დროს არ ეზიარება, დაე, მიზეზი წარმოადგინოს, და თუ იგი საპატიოა, შენდობილ იქნეს; იმ შემთხვევაში კი, თუ მიზეზი ვერ დაასახელა, საეკლესიო ერთობიდან განიკვეთოს, როგორც მორწმუნე ერისათვის ზიანის მომტანი და, თავისი საქციელით მწირველის მიმართ ეჭვის აღმძვრელი, რომ მან თითქოს მსახურება არასწორად აღასრულა.
 

ზონარა. კანონს სურს, რომ ყველანი ყოველთვის მზად და ღირსნი იყონ ზიარების მისაღებად, განსაკუთრებით კი მღვდელმსახურნი. ამიტომაც ამბობს, თუ ვინმე მათგან მსხვერპლშეწირვის დროს არ ეზიარებაო ან მიზეზი უნდა დაასახელოსო, და საპატიო თუ აღმოჩნდა, შენდობილ იქნასო, ხოლო თუ არ იტყვის, განიკვეთოსო. რადგან ამით ის მწირველი მღვდელმსახურის მიმართ ეჭვს აღძრავს, თითქოსდა არ სურდა მისგან ზიარების მიღება, რადგან მის მსახურებას თითქოს რაღაც აბრკოლებდა.
 
არისტინე. მღვდელმა, რომელიც არ ეზიარება, უნდა თქვას მიზეზი; თუ არ იტყვის, განიკვეთოს; რადგან მწირველის მიმართ ეჭვი აღძრა.
 
მღვდელი ან სხვა ვინმე სამღვდლო დასისგან, თუ არ ეზიარება და არ იტყვის მიზეზს, ასე რატომ იქცევა, დე განიკვეთოს, რადგან ეჭვს აღძრავს უსისხლო მსხვერპლის აღმასრულებელის მიმართ.
 
ბალსამონი. არავის სმენია, ეპისკოპოსი ან პრესვიტერი შესულიყოს საკურთხეველში, აღესრულებინოს მღვდელმსახურება და საღმრთო სიწმიდეებს არ ზიარებულიყოს. თუ ვინმე რამე ამდაგვარს იზამს, ის არა მარტო განკვეთილ უნდა იქნას, არამედ მკაცრადაც დაისაჯოს, თუკი არ დაასახელებს ყველაზე საპატიო და ცხად მიზეზს, რომელიც უბრკოლებდა მას საღმრთო სიწმიდის ზიარებას, რათა მისი ამ ქმედებისგან რამენაირი საცთური არ წარმოიშვას. მაგრამ დიაკვანთაგან ბევრი შეგვინიშნავს, რომლებიც შედიან საკურთხეველში და არათუ არ ეზიარებიან, სიწმიდეს ახლოსაც არ ეკარებიან. თუკი ვინმე მათგანი ხელით შეეხება სიწმიდეს და არ ეზიარება, წინამდებარე კანონის საფუძველზე განიკვეთება. ზოგიერთები ასე განმარტავდნენ ამ კანონს; სხვები კი ამბობენ, რომ ამ განწესებით განიკვეთება ყოველი მღვდელმსახური, ვინც არ ეზიარება, თუნდაც ის საკურთხევლის გარეთ იდრეს, რაც მეტად მძიმეა.
 
სხვა განმარტება. მე-8 და მე-9 კანონების შინაარსს ზოგიერთები თავისებურად განმარტავდნენ, ჩვენ სხვაგვარად. ამიტომაც, შევაჯამებთ რა ამ კანონებში ნათქვამს, ვამბობთ, სამღვდლო დასის წევრები და წმიდა საიდუმლოთა მსახურები, რომლებიც წირვის დროს არ ეზიარებიან, უნდა განიკვეთონ, თუ არ დაასახელებენ საპატიო მიზეზს. ხოლო ის მღვდელმსახურები, რომლებიც არ ეხებიან სიწმიდეს საკურთხეველში და ყველა ერისკაცი, ვინც არ იმყოფება ან არ რჩება ტაძარში წირვის დასრულებამდე და ღირსეულთა ზიარებამდე, როგორც უწესივრობის მოქმედი უნდა განიკვეთოს. ამბობენ, რომ ჩვენ ყველანი, მართალნი ერისკაცნი და მღვდელმსახურნი, რომლებიც არ ვეხებით სიწმიდეთ, წმიდა საიდუმლოთ ყოველთვის უნდა ვეზიარებოდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დავექვემდებარებით განკვეთას, მაგრამ ეს გაწესების საწინააღმდეგოცაა და შეუძლებელიც. ამიტომ მე-9 კანონში განსაზღვრულია იმ მართალთა დასჯა, რომლებიც ბოლომდე არ ესწრებიან წირვას, მაგრამ არ უმატებს: თუ არ ეზიარებიანო. ასე გაიგე ეს კანონიც ანტიოქიის კრების მეორე განწესების საფუძველზე.
9

ყველა მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში შედის, წმიდა წერილს ისმენს, მაგრამ ბოლომდე არ ესწრება ლოცვასა და წმიდა ზიარებას, როგორც ეკლესიაში უწესობის ჩამდენი, საეკლესიო თანაზიარობიდან განყენებულ იქნეს.
 
ზონარა. წინამდებარე კანონი ითხოვს, რათა წმიდა მსხვერპლის აღსრულების დროს, ყველანი ბოლომდე რჩებოდნენ ლოცვისა და ზიარების დასრულებამდე. რადგან მაშინ ერისკაცთ მოეთხოვებოდათ მუდმივი ზიარება. არსებობს სარდიკიისა და ტრულის კრების კანონები, ასევე ანტიოქიის კრების კანონი, რომლებიც განაწესებენ, რომ განკვეთას ექვემდებარება ის, ვინც ზედიზედ სამი კვირა დაესწრება ღვთისმსახურებას და არ ეზიარება. ამიტომაც წინამდებარე კანონი, როგორც უწესობის მოქმედთ, განკვეთს მათ, ვინც ლოცვების დასრულებასა და ზიარებას არ ესწრება. ანტიოქიის კრების მეორე კანონიც იგივეს ბრძანებს.
 
არისტინე. განკვეთე ის ვინც არ ესწრება ლოცვას და ზიარებას. განკვეთას უნდა დაექვემდებაროს ის, ვინც ეკლესიაში ბოლომდე არ დგას, არამედ ჯერ კიდევ წმიდა ლიტურგიის მიმდინარეობისას ეკლესიიდან გადის; რადგან ასეთი ეკლესიაში უწესობას ჩადის.
 
ბალსამონი. წინამდებარე კანონის განსაზღვრება მეტად მკაცრია. რადგან განკვეთს ეკლესიაში მისულთ, მაგრამ ბოლომდე არ დამსწრეთ და არ მოზიარეთ. მსგავსადვე განაწესებენ სხვა კანონებიც, რათა ყველანი მზად და ღირსეულ იყვნენ ზიარებისა, და განკვეთას უქვემდებარებენ მათ, ვინც სამი კვირის განმავლობაში არ ეზიარება.
10

ვინც საეკლესიო თანაზიარობიდან განყენებლთან ერთად ილოცებს, თუნდაც სახლში, თვითონაც განყენებით დაისაჯოს.

 
ზონარა. განკვეთილნი, რა თქმა უნდა ცოდვის გამო განიკვეთებიან. ამიტომ მათთან თანაზიარობა არავის უნდა ჰქონდეს. რადგან თანაზიარობა აჩვენებდა ზიზღს განმკვეთელისადმი ან ბრალდებას, თითქოსდა არასწორად განკვეთა. ამრიგად, ვინც საეკლესიო თანაზიარობიდან განყენებულთან ერთად ილოცებს, თუნდაც არა ეკლესიაში, არამედ სახლში, ისიც განკვეთას დაექვემდებარება. იგივეს ბრძანებს კართაგენის კრების მე-9 განწესება.
 
არისტინე. განყენებულთან ერთად მლოცველი იმავე მსჯავრს დაექვემდებაროს. ვინც მწვალებლებთან ერთად ილოცებს ეკლესიაში, ან სახლში მათსავით განკვეთილ იქნას.
 
ბალსამონი. გამოთქმა თანაზიარობიდან განყენებული ნიშნავს - განკვეთას. ამრიგად, ვინც განკვეთილთან ერთად ილოცებს, სადაც გინდ იყოს და როდესაც გინდ იყოს, თვითონაც უნდა განიკვეთოს. ეს დაწერილია მათთვის, ვინც ამბობს, რომ განკვეთილი გაგდებულია ეკლესიიდან და მაგრამ, თუკი ვინმე მასთან ერთად იგალობს სახლში, ან მინდორში, დამნაშავე არ იქნება. მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა ეკლესიაში ილოცებ განკვეთილთან ერთად თუ მის გარეთ. თუმცა, განკვეთილთან ლაპარაკი აკრძალული არ არის. წაიკითხე ასევე კართაგენის კრების მე-9 განწესება.
 
 
***
  
დამატებითი განმარტებები:
 
სლავური "კორმჩაია" (მესაჭე). განკვეთილთან ერთად მლოცველი, თვითონაც განიკვეთოს.
 
განმარტება: ვინც მწვალებელთან ერთად ილოცებს ეკლესიაში ან სახლში ილოცებს ეკლესიისგან განკვეთილებთან, თვითონაც განიკვეთოს.
 
 
ბერძნული "პიდალიონი" (მესაჭე). გამოთქმას თანაზიარობიდან განყენებული (κοιννητος) სამი მნიშვნელობა გააჩნია. ის მიანიშნებს (1) ან იმას, ვინც დგას ეკლესიაში და სხვა ქრისტიანებთან ერთად ლოცულობს, მაგრამ საღმრთო საიდუმლოებებს არ ეზიარება; (2) ან იმას, ვინც არ ეზიარება, არ დგას მართლებთან და არ ლოცულობს ეკლესიაში მათთან ერთად, არამედ განკვეთილია, ანუ გამოსულია ეკლესიიდან და არ მონაწილეობს საზოგადო ლოცვებში; (3) ან ნიშნავს ისეთ კლერიკოსს, რომელიც განკვეთილია კლერიკოსთაგან, მაგალითად: ეპისკოპოსი თავის თანა-ეპისკოპოსთაგან, პრესვიტერი თავის თანა-პრესვიტერთაგან ან დიაკვანი თავის თანა-დიაკვანთაგან და ა. შ.
 
მართლაც, ყოველი ვინც გაუცხოებულია თანაზიარობას (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკლესიაში მყოფ მართალთაგან განკვეთილია) ერთდროულად საიდუმლოთაგანაც განიკვეთება, მაგრამ საიდუმლოთაგან განკვეთილი ყოველთვის როდი განიკვეთება მართალთა კრებულისგან. ასე მაგალითად, კლერიკოსთა დასისგან დამხობილი (თანამოდასეთაგან განკვეთილია), ან სინანულში მყოფი - მართლებთან ერთად არ ეზიარება, მაგრამ არ გადის ეკლესიიდან კათაკმევლებთან ერთად.
 
წინამდებარე კანონში გამოთქმა თანაზიარობიდან განყენებული ნაგულისხმევია მეორე მნიშვნელობით. ამიტომაც ამბობს: ვინც საეკლესიო თანაზიარობიდან განყენებულთან ერთად ილოცებს, თუნდაც არა ეკლესიაში, არამედ სახლში, ვინც გინდ იყოს, - ღმრთისმსახური თუ ერისკაცი, დე მასავით განკვეთილ იქნეს ეკლესიისგან და ქრისტიანთა ლოცვისგან. რადგან ლოცვაში თანაზიარობა, რომელსაც ის განკვეთილთან ერთად აღასრულებს, თანაც მაშინ, როდესაც დანამდვილებით იცის, რომ ის განკვეთილია, შეურაცხყოფას აყენებს განმკვეთელს და ჩირქს სცხებს მას, როგორც უსამართლოდ მოქმედს (Пидалион. Том I. Правила Святых Апостолов. Изд. Александро-Невский Ново-Тихвинский  женский сонастырь. 2019 г. Стр. 203).
Назад к содержимому