"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).


"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
                                                                        წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)

ელ. ფოსტა: 
apocalypticsite@gmail.com
1. მარადიულ ტანჯვათა ბუნება და მიზეზი

რაოდენ ბრწყინვალე, მხიარული და სანუგეშოა ღმრთის სიტყვის მიხედვით მართალთა ნეტარი მდგომარეობა მომავალ ცხოვრებაში, იმდენად მუქი და საშინელია ცოდვილთა ბედკრული მდგომარეობა საუკუნო სამსჯავროს შემდეგ.

რა არის ჯოჯოხეთი?

იმისათვის, რათა დაგვიცვას თვითმოტყუებისა და უმცირესი საცთურისგანაც კი, წმიდა წერილი, მრავალ ადგილას, მთელი სიცხადით და დაწვრილებით გვაფრთხილებს ამ საშინელი ხვედრის შესახებ, ამიტომაც, დოგმატი ჯოჯოხეთში ცოდვილთა მარადიული ტანჯვის შესახებ, ერთ ერთი ყველაზე მკაფიო დოგმატია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში.

მაგრამ, რა სატანჯველებია ეს და რაში მდგომარეობს მათი არსი? წმიდა წერილის მოწმობით, ცოდვილთა ტანჯვა ჯოჯხეთში, უპირველეს ყოვლისა გამოხატულ იქნება ღმრთისგან მათი დაშორებით. "წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მათე 25:41), - ეტყვის მათ სამართლიანი მსაჯული; "არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი" (ლუკა 13:27). ღმრთის პირისგან ეს განგდება უდიდესი სასჯელი იქნება ცოდვილთათვის, რადგან ისინი ღმრთისგან განგდებულ იქნებიან არა დროებით, არამედ მარადის მოწყდებიან ამ უზენაეს სიკეთეს, რომელშიაც არის მხოლოდ საკუთარი სულის ყველა მოთხოვნილების სრული დაკმაყოფილება შესაძლებელი. ცოდვილნი სამუდამოდ იქნებიან უარყოფილნი ზეციერი მამის მიერ, თავიანთი მაცხოვრის მიერ, რომელმაც ამდენი სიკეთე და მადლი უწყალობა ადამიანს, ზრუნავდა მასზე გამოუთქმელი სიყვარულით; უკვე ვეღარასოდეს იხილავენ ისინი ღმრთის პირის ნათელს და ვერასდროს შევლენ თავიანთი პატრონის სიხარულში (იხ. მათე 25:21). სწორედ ეს განშორება ღმრთისგან, ცხოვრების წყაროსგან და მწყალობლისგან იქნება უმძიმესი და უმტკივნეულესი სატანჯველი ცოდვილთათვის.

წმ. იოანე ოქროპირი ასე მსჯელობს ამის შესახებ: "ვისაც ჭკუა და გონება გააჩნია, მისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ღმრთისგან განგდება ნიშნავს განიცადო გეჰენა" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы на Послание к римлянам. Беседа 5. М., 1994. С.534). "აუტანელია გეჰენიის ეს სატანჯველი; ათასი და ათასზე უმეტესი ცეცხლის გეჰენაც რომ წარმოიდგინო, ვერ შეედრება იმ უბედურებას, რასაც განიცდის ნეტარი დიდებისგან განგდებული ცოდვილი, როდესაც ზურგს შეაქცევს მას ქრისტე და მოისმენს მისგან: "არ ვიცი ვინა ხარ" (მათე 7:23); მოისმენს ბრალდება, რომ ჩვენ, ვხედავდით მას მშიერს, და არ დავაპურეთ! უკეთესია ელვამ დაგარტყას უთვალავჯერ, ვიდრე ხედავდე შენი მაცხოვრის და ტკბილი იესუს თვინიერ სახეს, რომელსაც მიაბრუნებს ჩვენგან, მიაქცევს თავის სიყვარულით აღსავსე თვალებს, რომელთაც ჩვენნაირი ცოდვილების ცქერა არ ძალუძს" (Святитель Иоанн Златоуст. Толкование на Евангелие от Матфея. Беседа 23. М, 1993. С.272).

ცოდვილთა ტანჯვა სიკვდილის შემდეგ მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მოაკლდებიან ღმრთის სასუფეველს და ყველა ზეციურ სიკეთეს, რომელიც განმზადებულია მართალთათვის და განგდებულ იქნებიან გარესკნელის ბნელში (მათე 8:12). "სიკეთეთა ეს დაკარგვა, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - ისეთ აუტანელ ტანჯვას მიაყენებს, ისეთ მწუხარებასა და სივიწროვეს განაცდევინებს ადამიანს, რომ არანაირი სასჯელიც რომ არ ემუქრებოდეს აქ შემცოდეთ, მარტო ამას შეუძლია ყოველგვა გეჰენიურ ტანჯვაზე უმეტესად დაუკოდოს გული დარდისგან და შეაშფოთოს ჩვენი სული". და შემდგომ: "მრავალ უგუნურს მარტოდენ გეჰენიის არიდება სურს, მე კი გეჰენაზე უდიდეს და ენით აუწერელ სატანჯველად მიჩნს არ იმყოფებოდე უფლის დიდებაში; და ის, ვინც მას დაკარგავს, ვფიქრობ, გეჰენიის გამო კი არ უნდა ტიროდეს, არამედ ზეციურ სიკეთეთა დაკარგვას უნდა გლოვობდეს, რადგან მარტო ეს არის ყველა სასჯელზე უსასტიკესი სასჯელი" (Святитель Иоанн Златоуст. Творения в двенадцати томах. Т.1, кн.2. Слово первое к Феодору падшему. М., 1991. С.17).

ტანჯვას კიდევ უფრო დაამძიმებს და გაასასტიკებს ისიც, რომ "დატანჯულნი ცოდვილნი, იხილავენ მათ, ვინც ამ ქვეყნად სძულდათ, დევნიდნენ, შეურაცხყოფდნენ, ამწუხრებდნენ, ავიწროვებდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ და ათასგვარ ბოროტებას აყენებდნენ. კაენი იხილავს აბელს, რომელიც უდანაშაულოდ მოჰკლა; ჰეროდე კი - წმ. იოანე ნათლისმცემელს, რომელსაც უდანაშაულოდ წარკვეთა თავი. ნერონი, დიოკლეტიანე, მაქსიმიანე და ქრისტეანთა სხვა მდევნელნი იხილავენ ქრისტეს აღმსარებელთა ურიცხვ რაოდენობას, რომელთაც წარმართები აწამებდნენ.

ბატონები იხილავენ თავიან მონებს, თავადნი თავიანთ გლეხებს, რომელთაც ავიწროვებდნენ და ჩაგრავდნენ. უსამართლო მსაჯულთ თვალწინ წარმოუდგებათ ყოველგვარი ბრალეულობის გარეშე მათ მიერ სასიკვდილოდ გაწირულთა სულნი. ჯალათნი მათ თვალწინ იხილავენ გვირგვინმოსილ მოწამეებს, რომელთაც სასტიკად ტანჯავდნენ და არ ინდობდნენ. იხილავენ და მოისმენენ მათ ღაღადისს ღმრთის მიმართ: "საჯე, უფალო, ჩვენი მტანჯველნი, იძიე შური ჩვენს გამო, რამეთუ გაბოროტდნენ ჩვენზე! სამართლიანო მსაჯულო! მიაგე მატ საქმეთაებრ მათთა". როგორი შიში და ძრწოლა დაეუფლება მაშინ ამგვარი ხილვისგან მტარვალთა და ჯალათთ! მაშინ დადგება მართალი კადნიერად მის შეურაცხმყოფელთა წინაშე და ყოველი მართალი ეტყვის თავის შემავიწროვებელს: "რა დაგიშავე, რისთვის გამწირე, რად მდევნიდი, მაწამებდი და ბოლოს მომკალ, ყოველგვარი მოწყალების გარეშე?" და რას მიუგებენ მტარვალნი მსხვერპლად ყოფილებს? ვერაფერს! სიტყვას ვერ იპოვიან რათა თავი გაიმართლონ. საუკუნო შერცხვენა ელით ქრისტეანთა მდევნელთ.

"მაშინ მართალი დიდი სილაღით წარდგება მათ წინაშე, რომელთაც შეურაცხყვეს და მისი ღვაწლი აბუჩად აიგდეს. მისი მხილველნი მძიმე შიშით შეძრწუნდებიან და გააოცებთ მისი მოულოდნელი ხსნა. ერთმანეთში იტყვიან მონანულნი, აკვნესდებიან და იტყვიან სულშეჭირვებულნი: ეს იყო სწორედ, ვინც ოდესღაც გვყავდა დასაცინად და კიცხვის არაკად უგუნურებს; მისი ცხოვრება სიგიჟედ მივიჩნიეთ, მისი აღსასრული კი უპატიობად. როგორღა შეირაცხა უფლის ძეთა შორის და წმიდათა ხვედრი წილად როგორ ერგო?" (სოლომონის სიბრძნე 5:2-5).

ღმრთის სიტყვა გადაჭრით ამბობს, რომ ცოდვილთა ტანჯვის ადგილი იქნება ყველაზე საშინელი, - და ამგვარ ადგილას ისინი იქნებიან ბოროტ სულებთან (ეშმაკებთან) ერთად. როგორ აღწერს სატანჯველ ადგილებს წმ. წერილი, სადაც ჩაიყრებიან ცოდვილნი? წერილი მათ აძლევს სხვადასხვა სახელწოდებებს: "გარესკნელის ბნელი" (მათე 8:12-13; 25:30), "ცეცხლის გეჰენა" (მათე 5:22); "ცეცხლის სახმილი, სადაც იქნება კბილთა ღრჭენა" (მათე 13:50); "ცეცხლისა და გოგირდის ტბა" (გამოცხ. 19:20; 20:14; 21:8); ჯოჯოხეთი (ლუკა 16:23); "წყვდიადის ქვეყანაში, სადაც არ არის ნათელი და არც კაცთა ცხოვრება" (იობი. 10:22). "უფსკრული", რომლისაც ეშმაკთაც კი ეშინიათ (ლუკა 8:30-31); "საპყრობილე" (მათე 5:25); "ქვესკნელის წყვდიადი და ბნელეთის უკუნი" (იუდა 1:6, 13); "მატლი დაუძინებელი და ცეცხლი დაუშრეტელი" (მარკოზი 9:44); "მარადიული ცეცხლი" (იუდა 1:7); "ჯოჯოხეთის ფსკერი" (იგავნი 9:18); "ქვესკნელი" (ფილიპ. 2:10).
 
ჩვენს შემეცნებას რომ მოვუახლოვოს ეს საგანი, წმ. წერილი ჯოჯოხეთის ტანჯვის აღსაწერად იყენებს სხვადასხვა შედარებას და იღებს მას ჩვენს გარშემო არსებული ხილული ბუნებიდან, რაც ყველაზე მეტად გვზაფრავს და გვაშინებს. 

უპირველეს ყოვლისა, ჯოჯოხეთის სატანჯველს ის წარმოგვიდგენს, როგორც უკუნ ბნელს, რომელშიც ნათლის უწვრილესი სხივიც კი ვერ აღწევს, რითაც შეგვაგონებს, რომ ჯოჯოხეთში აბსოლუტური სიბნელეა და არ არის იქ ნათელი, რაც ასე ახარებს ნებისმიერ ცოცხალ არსებას.

მეორეც, ჯოჯოხეთის სატანჯველი ყველაზე ხშირად ღვთის სიტყვაში წარმოდგენილია მარადიულ ცეცხლში ყოფნად, ანუ გეჰენიის ცეცხლად, ასე, რომ ჯოჯოხეთი და მარადიული ცეცხლი, წმიდა წერილის ენაზე იდენტური ცნებებია. მაგრამ, რა უნდა ვიგულისხმოთ დაუშრეტელ ცეცხლში, რომელშიც ცოდვილნი სამარადისოდ დაიტანჯებიან, მაგრამ არ დაიწვებიან? ღმრთის სიტყვა ამას არ გვიმხელს. ეკლესიის ზოგიერთი მამა, მაგალითად, წმ. ამბროსი მედიოლანელი (Святитель Амвросий Медиоланский. In Luc. Кн. VII. С. 205.), ნეტარი იერონიმე სტრიდონელი (Блаженный Иероним Стридонский. In Is. С. XLVI.), ნეტარი ავგუსტინე (Блаженный Августин. О граде Божием. М., 1994. Т.IV. Кн.21. Гл.9. С.272; Гл.10. С.273-274), მარადიულ ცეცხლში გულისხმობდნენ არა საკუთრივ ცეცხლს, არამედ მასში ხედავდნენ ჯოჯოხეთური სატანჯველის უსასტიკეს სიმბოლოს. მაგრამ, უკეთესი, მართებული და სასარგებლო იქნება ცეცხლი გავიგოთ საკუთრივი მნიშვნელობით, რადგან ასეთი გაგება უფრო ძლიერია და განმწმენდელად მოქმედებს სულზე, აკავებს მას ყოველგვარი ცოდვისგან და ფრთებს ასხამს სათნოებათა საქმნელად და ზეცის დასამკვიდრებლად. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ცეცხლი განსხვავებული იქნება ჩვენთვის ცნობილი, მატერიალური ცეცხლისგან; რადგან ამჟამინდელი ცეცხლი, თუ შეიძლება ითქვას, თვითონაც დაიწვება სამყაროს უკანასკნელ დღეს, როდესაც, წმ. წერილის მოწმობით, "გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი" (2 პეტრე 3:10).

მაგრამ, ნამდვილად შესცოდავს წმ. წერილის წინააღმდეგ ის, ვინც იფიქრებს, რომ ეს ჯოჯოხეთური ცეცხლი, რომელიც უფრო ნატიფია და, თუ შეიძლება ითქვას, უფრო სულიერია მატერიალურ ცეცხლთან შედარებით, ნელი და ადვილად გადასატანი იქნება - პირიქით, თავისი სინატიფის გამო, შეუდარებლად მწველი, სასტიკი და დამტანჯველი იქნება.

ჯოჯოხეთის ცეცხლის სისასტიკე უკვე იქიდანაც ჩანს, რომ თვით ბოროტების სულნი ოდესღაც თხოვდნენ უფალ იესუს დროზე ადრე არ ჩაეგდო ისინი გეჰენიის ცეცხლში სატანჯველად. იმდენად საშინელია ეს ცეცხლი, რომ მას თვით სანატაც კი უფრთხის! და თუკი დემონებსაც კი ეშინიათ გეჰენიის ცეცხლისა, რამდენად საშინელი და შემაძრწუნებელი იქნება ის ცოდვილი ადამიანისთვის. თუკი აქაური ცეცხლოვანი სასჯელი აშინებს მისით დასჯილ ადამიანს, რამდენად შეუდარებელია სასჯელი, რომელიც გეჰენიის ცეცხლს მოჰყვება. ეშმაკთ სულაც არ ეშინიათ ამქვეყნიური ცეცხლის, როგორც ჩვენ არ გვეშინია ტილოზე გამოსახული ცეცხლის სურათისა, მაგრამ გეჰენიის ცეცხლისგან კი ძრწიან. აქაური ცეცხლი მხოლოდ მატერიალურ ნივთიერებას წვავს, ის კი უსხეულო სულთაც. აქაური ცეცხლი საწვავის გარეშე ქვრება, გეჰენიისა კი არასოდეს, როგორც ამას თვით უფალი იესუ მოწმობს: "ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი" (მარკოზი 9:44). აქაური ცეცხლი, როცა იწვის, ანათებს, ხოლო იმქვეყნიური, ჯოჯოხეთური ცეცხლი როდესაც იწვის, მხოლოდ წვავს და იოტისოდენადაც არ ანათებს ჯოჯოხეთის უკუნს; და ოდნავადაც რომ გაენათებინა, ისიც კი უფრო მეტ შიშსა და ძრწოლას მოჰგვრიდა ჯოჯოხეთში შთაყრილთ, - რადან დემონთა საშინელი სახის ხილვა, ყოველგვარ სატანჯველზე უსაშინელესია; საშინელი იქნებოდა ასევე, სხვა ტანჯულთა სახეების ხილვა, რომლებმაც თავიანთი ცოდვებით განარისხეს უფალი.

აქაური ცეცხლი, მასში ჩაგდებულ ადამიანს რომ მოედება, იმწუთასვე მოაკვდინებს, ერთ საათში დაწვავს და ფერფლად აქცევს, გეჰენიის ცეცხლი კი წვავს და არ კლავს - ცოდვილები, რომლებიც გეჰენიაში იქნებიან შთაგდებულნი, არ მოკვდებიან, დაიწვიან და მარადის დაიტანჯებიან. და თუკი ერთი საათი ამქვეყნიური ცეცხლისა საშინლად მტკივნეული და აუტანელია, გულისხმავყოთ, ძმანო, რამდენად აუტანელი და საშინელი უნდა იყოს მათი წამება, რომლებიც ცეცხლში დაინთქმიან და არ დაიწვიან, არამედ ამგვარ მდგომარეობაში იქნებიან უსასრულოდ.

გულწრფელად რომ გვწამდეს უფლის სიტყვებისა, რომელიც ამბობს: "თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში" (მათე 18:9); ან დროზე ადრე გვეძლეოდეს იმისი შესაძლებლობა ვიხილოთ, რა გველოდება გარდაცვალების შემდეგ და ცოდვილი ცხოვრების უკანასკნელ წუთებში, ცხადია, როგორც ერთი წმიდა მამა ამბობდა, მთელი საუკუნე სიამოვნებით ჩავჯდებოდით მატლებით აღსავსე სენაკში და მათ დავახრევინებით საკუთარ სხეულს. 

რამდენად აუწერელია და გამოუთქმელი ამ უფსკრულში ყოფნა კარგად არის ნაჩვენები ერთი განრღვეულის მაგალითზე, რომელმაც, უძლურებისა და სნეულების სიმძიმით შეწუხებულმა უფალს სიკვდილი და ამ აუტანელი სატანჯველის შეწყვეტა სთხოვა. მაშინ გამოეცხადა მას ანგელოზი და უთხრა:

- კეთილი, უფალმა, როგორც გამოუთქმელმა სახიერებამ, შეისმინა შენი ლოცვა; ის შეწყვეტს შენს დროებით ცხოვრებას, ოღონდ ერთი პირობით: დედამიწაზე ტანჯვის ერთი წლის ნაცვლად, რომლითაც ყოველი კაცი, ვითარც ოქრო ცეცხლში, გამოიწრთობა, სამი საათი უნდა დაჰყო სამარადიოს სატანჯველის ადგილას. შენი ცოდვები განწმენდას საჭიროებენ შენივ სხეულის ტანჯვით; ამიტომაც, კიდევ ერთი წელიწადი უნდა ყოფილიყავ სნეულებაში და შემდეგ გაგიყვანდა ღმერთი ამ ქვეყნიდან. რადგან, როგორც შენთვის, ასევე ყოველი მორწმუნისთვის არ არის სხვა გზა ზეცისკენ, თუ არა საკუთარი ჯვრის ზიდვისა, რომელიც უცოდველმა ღმერთკაცმა გაკვალა. მოგწყინდა ეს გზა დედამიწაზე; მაშ, განიცადე რას ნიშნავს სამარადისო ტანჯვა ჯოჯოხეთში, საითკენაც მიდიან ყოველნი ცოდვილნი; თუმცა, განიცადე ის მხოლოდ სამი საატი; შემდეგ კი, ეკლესიის ლოცვით, ისევ უკან აღმოგიყვან.

სნეული დაფიქრდა. "კიდევ ერთი წელიწადი უნდა ვიტანჯო, - რამდენად აუტანელია ეს ვადა! უკეთესია სამი საათი დავითმინო ჯოჯოხეთში, ამ უსასრულო სატანჯველში, ვიდრე კიდევ ერთი წელიწადი ვიტანჯო აქ, ამქვეყნად.

- თანახმა ვარ, წამიყვანე ჯოჯოხეთში, - უთხრა მან ანგელოზს და ანგელოზმაც მშვიდად მიიბარა მისი ტანჯული სული და ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩაიყვანა. განეშორა კი სნეულს სანუგეშო სიტყვებით და უთხრა:

- სამი საათის შემდეგ დავბრუნდები შენს წასაყვანად.

ყველგან გაბატონებულმა უკუნმა სიბნელემ, სივიწროვემ, ტანჯულ ცოდვილთა უცნაურმა და შემაძრწუნებელმა ხმებმა, საიდანღაც რომ აღწევდნენ, დაცემულ ანგელოზთა მყოფობამ ამ უკუნეთსა და ჯოჯოხეთის უსახურებაში ისეთ შიშად და ძრწოლად გადაექცა საწყალ ტანჯულს, რომ ჯოჯოხეთში ყოფნა უკვე პირველივე წუთებიდანვე გაუსაძლისი გახდა. იყო ასე ჯოჯოხეთის ამ უკიდეგანო ბნელში და ყოველი მხრიდან მხოლოდ ტანჯვისა და გოდების ხმა ესმოდა და არსაიდან ხმა შვებისა და სიხარულისა. მხოლოდ დემონთა ცეცხლოვანი თვალები თუ გაიელვებდნენ უკუნით სიბნელეში, და ჩაუქროლებდნენ გიგანტური აჩრდილები, რომლებიც მზად იყვნენ გაეჭყლიტად, შეესანსლათ და თავიანთი მწველი სუნთქვით დაეწვათ მოსაგრე.

ათრთოლდა და აყვირდა საწყალი ტანჯული; მაგრამ მისი ყვირილი და გოდება მხოლოდ ჯოჯოხეთის უფრსკრულს თუ ესმოდა, სადაც შემაძრწუნებელ ექოდ უბრუნდებოდა ქვესკნელიდან, საიდანაც გეჰენიის ცეცხლის ბუყბუყიღა თუ ისმოდა. ტანჯულს ეჩვენებოდა რომ უკვე მთელი საუკუნე გავიდა და წუთი წუთზე ელოდა ნათელ ანგელოზს, რომელსაც მისი სული უნდა ამოეყვნა, მაგრამ ანგელოზი არა და არ მოდიოდა. ბოლოს, ტანჯულს იმედი გადაეწურა, კბილები გააღრჭიალა და დაიგმინა: თუმცა, მისი ოხვრა და გმინვა არავის ესმოდა. ყველა ცოდვილი, რომელიც გეჰენიის უკუნში იყო ჩაგდებული თავისთვის გმინავდა, ყველას საკუთარი თავი ადარდებდა და საკუთარი ტკივილი აწუხებდა, ხოლო საშინელნი ეშმაკნი ბოროტი სიხარულით ამასხარავებდნენ მათ.

და აჰა, როგორც იქნა ანგელოზური დიდების მხიარული ნათელი გამოკრთა უკუნ სიბნელეში. სამოთხისეული ღიმილით მიეახლა ანგელოზი ამ ტანჯულ ადამიანს და ჰკითხა: 

- როგორია ძმაო, ჯოჯოხეთში ყოფნა?

- რას ვიფიქრებდი, რომ ანგელოზის პირიც ტყუილს იკადრებდა, - ძლივს ამოღერღა, ჯოჯოხეთური ტანჯვით გათანგულმა კაცმა.

- და, რა ხდება? - შეეპასუხა ანგელოზი.

- როგორ თუ რა ხდება? - თქვა ტანჯულმა. - შენ ხომ შემპირდი, რომ სამი საათის შემდეგ ამომიყვანდი აქედან, და რა, სამი საათია რაც აქ ვარ თუ, წლები და საუკუნეები გავიდა ჩემი აქ ყოფნიდან?

- მომიტევე ადამიანო, რომელ წლებზე და საუკუნეებზეა ლაპარაკი? - მშვიდი ღიმილით მიუგო ანგელოზმა. - ერთი საათი, მხოლოდ ერთი საათიღა გავიდა რაც დაგტოვე და კიდევ ორი საათიღა დაგრჩა აქ გასატარებლად.

- როგორ თუ ორი საათი? - ჰკითხა შეშინებულმა ტანჯულმა. - კიდევ ორი საათი? და შენ ამბობ, რომ ჯერაც მხოლოდ ერთი საათი გავიდა? არა, გეთაყვა! ამის ატანა არ შემიძლია; ძალა არ მაქვს. თუ შეიძლება, თუ არის ნება ღმრთისა, გვედრებ ჩემო მფარველო ანგელოზო, წამიყვანე აქედან. მირჩევნია დედამიწაზე უკანასკნელ დღემდე ვიტანჯო წლები და საუკუნეები და თვით ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ვეგდო მიწაზე, ოღონდ ამომიყვანე აქედან. აუტანელია ჯოჯოხეთში ყოფნა! ოჰ, ანგელოზო, შემიწყალე მე, - ოხვრით აღმოთქვა ტანჯულმა და ხელი უფლის ნათელ ანგელოზს გაუშვირა.

- ღმერთი, როგორც მწყალობელი მამა და ნუგეში ყოველთა ტანჯულთა, მოგივლენს თავის მადლსა და წყალობას, მაგრამ შენ უნდა იცოდე და გახსოვდეს, რამდენად მტანჯველი, სასტიკი და აუტანელია ჯოჯოხეთში ყოფნა (ციტ. Иеромонах Сергий (Веснин). Святогорец. Письма к друзьям о святой горе Афонской. М., 2002. Письмо 15. С.163-164).