ადამიანის ცხოვრება არ შეიძლება მოთავსდეს მხოლოდ სამეცნიერო ცოდნის ჩარჩოებში, ეს არის რელიგიური აზროვნების სფერო. რადგან ასეა, მაშინ, იქნებ იმ კარზე არ აკაკუნებს კაცობრიობის ცნობისმოყვარე წადილი? ჯონ კილის აზრით, რომელსაც ალბათ უნდა დავეთანხმოთ: "... ამო-ს ფენომენის მთავარი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ასპექტი, სამეცნიეროს გარდა, არის თეოლოგიური და ფილოსოფიური ასპექტი. ამო-ს პრობლემას ვერასოდეს ამოხსნის მეცნიერება, თუკი ისინი თავისუფალი ხელოვნების, თოლოგიის და ფილოსოფიის ცოდნით არ აღიჭურვებიან. სამწუხაროდ, სამეცნიერო დისციპლინათა უმეტესობის შესწავლას იმდენი დრო და ძალა სჭირდება, რომ უბრალოდ არ არსებობს ფიზიკური შესაძლებლობა კიდევ სხვა რაღაცა იქნეს შესწავლილი" (Киль Джон А. НЛО: операция «Троянский конь». Нью-Йорк. 1970. Гл. 12. Космические шутники).
მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ვიცით ამ არსებათა შესახებ და იდუმალებით მოცულ "უცხოპლანეტელთა" ფენომენს შევხედოთ ქრისტეანული რელიგიის კუთხით. ჩვენ ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ადვილად გადაადგილება სივრცეში, ფიზიკური კანონების აბსოლუტური დარღვევით და ასევე, ადვილად შეუძლიათ თავიანთი ფორმის შეცვლა. მათი მოახლოვება შიშს გვრის პირუტყვთა და ადამიანთ. მათთან ურთიერთობა დამანგრეველია ადამიანის ფსიქიკისა და ჯანმრთელობისთვის. ისინი აქტიურად ესწრაფვიან შეცვალონ კონტაქტორთა ფსიქოლოგია და მსოფლმხედველობა.
ხშირად ადამიანთა კონტაქტები "უცხოპლანეტელებთან" მთავრდება კონტაქტორთა თვითმკვლელობით. ეს არსებები აქტიურად ნერგავენ იდეას, რომელიც მიმართულია "უცხოპლანეტელთა", როგორც კაცობრიობის "მხსნელთა" თაყვანისცემისკენ, - ეს იდეები, როგორც ჩანს, უკვე თავისთავად ანტიქრისტეანულია, სამაგიეროდ თანხმიერია ოკულტური იდეებისა და სწავლებებისა. თქვენ არაფერს გახსენებთ ზემოთნათქვამი? "უცხოპლანეტელები" დეტალურად იმეორებენ იმ სულიერ არსებათა თვისებებს, რომელთა გვერდითაც კაცობრიობა ცხოვრობს თავისი არსებობის განმავლობაში და რომლებიც კარგად არიან ცნობილი მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერი გამოცდილებით.
ამ არსებათა ქცევის ხასიათი და მათთან ურთიერთობის შედეგები აშკარად გვაძლევენ უფლებას ვუწოდოთ მათ დემონები. თვით სტანდარტული გარეგნობა ამ "უცხოპლანეტელებისა", გვაგონებს იმ არსებათა გარეგნობას, რომელიც ხშირად ევლინებათ სპირიტუალური სეანსების მონაწილეებს: "... არქიეპისკოპოსი ტომას კოლი აღწერს მატერიალიზაციის საინტერესო შემთხვევას, რომელიც მოხდა ექიმთა და სასულიერო პირთა ჯგუფის თვალწინ: "სულმა დაიწყო ფორმირება, დოქტორ მონკზე (ფრენსის მონკი - მედიუმი) 8 დიუიმით მეტი გახდა, თანდათანობით გაიზარდა და საბოლოოდ ჩვენს თვალწინ წარსდგა ბრინჯაოს სკულპტურის მსგავსი დაკუნთული ეგვიპტელი გიგანტი, ძლიერი და დამოუკიდებელი... მე მივედი სულთან, რათა გამეზომა მისი ხელები, რომლებიც, მოკლე ჰქონდა, როგორც აღმოსავლელი ხალხებისთვის არის დამახასიათებელი, წვრილი მაჯები, მაგრამ მასიური, თმებით დაბურძგვნილი კუნთები. სულს თვალები ჰქონდა შავი და გამჭოლი, მაგრამ არა სასტიკი; თმები პირდაპირი და კუპრივით შავი, ულვაშები ჩამოშვებული და გრძელი წვერი. არსება აღსავსე იყო სიცოცხლითა და ექსპრესიით, რომელიც ოდნავ წააგავდა სფინქსს. სულის თავსაბურავი იყო ძალიან უცნაური, რომელიც მოგაგონებდა მეტალის არახჩინს წინიდან ემბლემით. ჩამოწეული ჰქონდა შუბლზე, რომელიც ბრწყინავდა და ნაოჭებად ერთდებოდა წარბს ზემოთ. სიცივემ დამიარა ტანში როდესაც შევეხე, მისი ასოები თითქოსდა დნებოდნენ, როგორც თოვლის ფიფქები, და მყისიერ თავდაპირველ ფორმას უბრუნდებოდნენ" (იქვე).
ჯონ კილი ამ შემთხვევას ასე განმარტავს: "სპირიტისტულ წრეებში ასეთ არსებას ავტომატურად უწოდებენ სულს, ანუ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ეგვიპტელის აჩრდილს. და თუკი იგივე არსება, იმავე მეტალის არახჩინიში შემოსილი, გამოძვრება დასავლეთ ვირჯინიის ბუჩქებიდან და განმარტოებულ შეყვარებულთ დააფრთხობს, მაშინ მას უცხოპლანეტელ კოსმონავტად შერაცხავენ. ოკულტური შემთხვევები იმდენად ბევრია, რომ არ მაქვს შესაძლებლობა მიმოვიხილო თუნდაც უფრო მნიშვნელოვანი მათ შორის, მაგრამ არსებობს უამრავი შესანიშნავი წიგნი ამ თემაზე, რომლებიც სრულიად ააშკარავებენ მოცემულ პრობლემას. თუ გექნებათ დრო და მოთმინება წაიკითხოთ ეს წიგნები, მათში დამოწმებულ მაგალითებში შეამჩნევთ ამო-ს ფენომენის ზუსტ ანალოგიებს. თქვენ მიხვდებით, რამდენად მკაფიოდ გამოიხატება ერთი და იგივე ძალთა მოქმედების სურათი ორივე შემთხვევაში" (იქვე).
ამ პოზიციას იზიარებდა, აწ, სამწუხაროდ, უკვე ტრაგიკულად დაღუპული აკადემიკოსი ვიქტორ იოზეფის ძე ვეინიკი, კერძოდ, ის წერდა: "... ამო-ს "უცხოპლანეტური" წარმოშობა - ეს მხოლოდ ნიღაბია, სატყუარაა, რომლის ჭეშმარიტი არსი და მიზანი მდგომარეობს სხვა რამეში. ამ სატყუარას დღეს მრავალი წამოეგო, უფრო ისინი, ვინც ტანჯული კაცობრიობის გადარჩენას უმაღლესი კოსმიური გონის დახმარებით ელის... განსაკუთრებული ყურადღება მინდოდა გამემახვილებინა "უცხოპლანეტელთა" მისწრაფებაზე, ადამიანთა ცნობიერებაში ჩანერგონ ამ ფენომენის უცხოპლანეტური წარმომავლობის იდეა, რომელიც თითქოსდა უბედურებაში გახვეული ცივილიზაციის ხსნას ისახავს მიზნად..." (Вейник А.И. Термодинамика реальных процессов. Минск. Наука и техника. 1991. С. 527, 530).
მოდი მივმართოთ წმიდა წერილს და გავიხსენოთ, რას გვასწავლის ის ბოროტების სულთა შესახებ. უპირველეს ყოვლისა წერილი დემონთ პირდაპირ უწოდებს "ამ ბნელი საწუთროს მპყრობელებსა და ცისქვეშეთის უკეთურ სულებს" (ეფეს 6:12). ისინი არიან მზაკვარნი, გამოსცდიან ადამიანებს, თამაშობენ მათ ვნებებზე. შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ფორმა ადამიანის სახიდან მოყოლებული ნათლის ანგელოზით დამთავრებული და თვით ქრისტეს სახეც კი: "თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც" (2 კორინთ. 11:14-15).
დემონებს შეუძლიათ სივრცეში უდიდესი სისწრაფით მყისიერი გადაადგილება. ბიბლიაში მოტანილია მრავალი შემთხვევა შეპყრობილობისა და იმ ტანჯვისა, რასაც დაცემული სულები შეამთხვევენ ადამიანებს. ეშმაკი არის მკვლელი (იოანე 8:44), ამიტომაც მასთან ან მის მსახურებთან შეხვედრამ შეიძლება ადამიანის სულში გამოიწვიოს ძრწოლა და შიში.
"უცხოპლანეტელთა" სულიერ წარმომავლობაზე ამავე აზრისაა ჯონ კილიც: "დემონოლოგია - ეს მორიგი აბსურდოლოგია როდია. ძველი ნაშრომებიდან გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მონსტრები და დემონები ადამიანთან ერთან თანაარსებობდნენ მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. ამ თემაზე დაწერილია მრავალი წიგნი, რომელთა ავტორები იყვნენ უგანათლებულესი მღვდლები, ობიექტური მკვლევარები და მეცნიერები, რომლებიც ეყრდნობოდნენ ურიცხვ ბრწყინვალედ დოკუმენტირებულ მოწმობას და აღწერდნენ ამ ე. წ. დემონურ შემთხვევებს. მოვლენები, რომლებიც აღწერილია ამ ძლიერ შთამბეჭდავ ლიტერატურაში, თუ იდენტური არ არის, ძალზედ წააგავს ამო-ს ფენომენს. დემონომანიის მსხვერპლნი კი დაქვემდებარებულნი არიან იმავე ემოციურ და ფიზიოლოგიურ სტრესებს, რასაც ამო-ს კონტაქტორები (Киль Джон А. НЛО: операция «Троянский конь». Нью-Йорк. 1970. Гл. 12. Космические шутники).
მაშ, რატომ არის, რომ ჩვენს დროში ადამიანთა ცდუნება ხორციელდება "უცხოპლანეტელთა" სახით? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა სულაც არ არის ძნელი. დემონები ადამიანებს აცდუნებენ იმით, რითც შეიძლება მათი ცდუნება. როგორიც არის საზოგადოების მენტალიტეტი, ისეთია ცდუნების ფორმაც! "XX საუკუნე დაბეჯითებით ითხოვდა ახალ მეთოდებს. კაცობრიობა სწრაფად მიიწევდა წინ მეცნიერულ პროგრესთან ერთად, ამიტომაც, ბოროტ და დაცემულ სულებს რელიგიური კამუფლიაჟი აუცილებლად უნდა შეეცვალათ ფსევდომეცნიერულით. ძნელი არ იყო იმის წინასწარგანჭვრეტა, რომ მეცნიერული დემონსტრაციის მთელი სერია (უცხოპლანეტელებზე მინიშნებებით) დაიპყრობდა რელიგიისგან მოწყვეტილ ადამიანთა ცნობიერებას" (იქვე.Гл. 13. Лучшее средство против укусов аллигатора).
რადიოტელესკოპები უსმენენ კოსმოსს და ეძიებენ "გონიერ თანამოძმეთ". სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის იდეა სრულიად მისაწვდომი და გასაგებია თანამედროვე ადამიანისთვის. თანამედროვე საზოგადოება სეკულარულია თავისი არსით. XIX და XX საუკუნეები იყო ტექნიკური პროგრესის ეპოქა და დედამიწის ბინადართათვის "უცნობი, არამიწიერი ტექნოლოგიებისადმი" რწმენა შესანიშნავი სატყუარა აღმოჩნდა დემონთათვის. არა, დღეს ადამიანები ღმერთს როდი უარყოფენ. მაგრამ მათი რწმენა არ არის ღრმა, გააზრებული და მტკიცე. სარწმუნოება ადამიანისგან ითხოვს სულიერ ძალისხმევას, ღვაწლს (მათე 7:13), მაგრამ ადამიანს მაინც დინების მიმართულებით ცურვა ურჩევნია. ეკლესიაში შესული ის "ყოველ შემთხვევისთვის" აანთებს სანთელს, თუმცა იგივე ადამიანს, თავისუფალ დროს, შეუძლია გაერთოს ოკულტური ლიტერატურით ან შეიაროს ასტროლოგთან და მომავალი აწინასწარმეტყველებინოს; ან კიდევ, ცუდად გახდომის შემთხვევაში მიაშუროს ექსტრასენსს.
ასეთია ჩვენი თანამედროვე ადამიანის სულიერი სახე. შედეგად, საზოგადოება თანდათანობით უფრო იჟღინთება ოკულტიზმით. ყველაფერი მარტივადაა: პოპულარულ საქონელს თუ გააყალბებ, ხელსაც კარგად მოითბობ. ასე იქცევა ეშმაკიც და ამგვარი მეთოდით "ითბობს ხელს" ადამიანთა სულების მიმხრობითა და მათი საბოლოო წარწყმედით. მისი მიზნების შესახებ ასე გვაფრთხილებს წმიდა წერილი: "განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (1 პეტრე 5:8). დანარჩენი კი მეთოდის საქმეა. ამის შესახებ წერს ჯონ კილიც: "... წარსულში ფენომენს რელიგიური თვალსაზრისი გადაჰქონდა საკუთარ თავზე, ზუსტად ისე, როგორც დღეს იწოდება იგი უცხოპლანეტელთა ვერსიად. ოპერაცია "ტროას ცხენი" - ეს არის ძალიან ძველი თამაში, რომელსაც დღესაც, ოღონდ უფრო განახლებული ფორმით, თამაშობენ დემონები. ეშმაკის გუშინდელი ემისრები შეიცვალა საიდუმლო "ადამიანებით შავებში". ბიბლიური ჟამის კვაზიანგელოზები შეიცვალნენ შთამბეჭდავი კოსმონავტებით. დემონები, ეშმაკები და ფსევდოანგელოზები ძველად ყოველთვის მატყუარებად და მძარცველებად მიაჩნდათ. ასეთ მატყუარებად და თვითმარქვიებად გვევლინებიან ჩვენს დროში "უცხოპლანეტელი" "ჰუმანოიდებიც" (იქვე. Гл. 12. Космические шутники).