სიზმარი მეცხრე
და თქვა მეფემ მეცხრე სიზმარი: ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი თვლებით მოფენილიყო დედამიწა. მოვიდნენ კაცნი ასაკრებად, მაგრამ ვერ შესძლეს.
ქრისტეანმა მიუგო: დიდი ამბოხი და შეძრწუნება იქნება იმ ჟამს. მდიდარნი შიშის გამო თავიანთ ქონებას მეგობრებს მიაბარებენ, ხოლო ამბოხის ჩაწყნარების შემდეგ, კუთვნილის უკანვე დაბრუნებას მოინდომებენ, რამეთუ არ მისცემენ მეგობარნი დანატოვარს და არა ერთი მდიდარი კაცი გარდაიცვლება იმ დროს დარდით.
სიზმარი მეათე
და თქვა მეფემ მეათე სიზმარი: ვიხილე საოცრად დიდი მთა, რომელზეც ნათელი ქვა იდო; უეცრად მთა დაინგრა, ქვა კი დაიფშვნა.
ქრისტეანმა მიუგო: იმ ბოლო ჟამს ერთ ქვეყანაში მართლმადიდებლური მეუფება დამკვიდრდება, მაგრამ დიდი ურწმუნოებისა და უსამართლობის გამო ქრისტეს სარწმუნოებას მრავალი განუდგება, სამეფო კი ორად გაიყოფა. ამის შემდეგ მართლმადიდებლური სარწმუნოება ისევ შეერთდება, ეკლესია განმტკიცდება, მაგრამ მცირე ხნით.
მეთერთმეტე სიზმარი
და თქვა მეფემ მეთერთმეტე სიზმარი: ვიხილე ერი წუმპეში ამოთხვრილი და შეძრწუნებული.
ქრისტეანმა მიუგო: ბოლო ჟამს ადამიანები ცოდვილნი, მედიდურნი, მევახშენი, ფარისეველნი და ლოთნი იქნებიან. არ დაიცავენ ღვთის მცნებებს და ღვთის შიშ გულში არ შეუშვებენ. თავიანთი ჭკუით დაიწყებენ ცხოვრებას. იშვიათად თუ აღმოჩნდება მათ შორის მართალი.
სიზმარი მეთორმეტე
და თქვა ხელმწიფემ ბოლო სიზმარი: მდინარის პირზე დამპალი ლოქო გაწოლილიყო, რომლის მუცელში თევზი ფართხალებდა. ლოქოს გამო შიშს მოეცვა მთელი დედამიწა, რადგან ქვეყნიერების აღსასრული დამდგარიყო.
ქრისტეანმა მეფეს უპასუხა: მერვე ათასწლეულს იმგვარი მწუხარება იქნება, დასაბამიდან რომ არ ყოფილა; გაუწყებ, მეფეო, ამ სიზმრის არსს, ოღონდ არ შეშინდეს. ოდესღაც ისრაელში წინასწარმეტყველი გედეონი ცხოვრობდა, რომელმაც მიდიანელნი დაამარცხა და ყამალეკიანელნი მათი უსჯულოებისთვის დაამხო. ესენი ფრიად ბოროტნი იყვნენ და ყოველივე სისაძაგლეს ჭამდნენ. ამიტომაც, ღმერთმა გედეონს უბრძანა ჩრდილოეთის ქვეყანათა უდაბნოებში შეერეკა ისინი, სადაც გამრავლდნენ კიდეც და ფართხალებდნენ ვითარცა თევზი ლოქოს მუცელში; ბოლო ჟამს უდაბნოდან გამოვლენ, რომამდე მოვლენ და მთელს დედამიწას დაიპყრობენ. ამის შემდეგ კი მალევე მოიწევა ქვეყნიერების აღსასრული.
დიდება ჩვენს ღმერთს ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.