ანტიერეტიკონი - შესაქმე ევოლუციის წინააღმდეგ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
შესაქმე ევოლუციის წინააღმდეგ
უფალი შემოქმედი
კრებულის შინაარსი
 
 
ავტორთაგან. წინასიტყვაობა.
მღვდელი ოლეგ პეტრენკო. მწამს, რათა გავიგო.
მღვდელი კონსტანტინე ბუფეევი. ევოლუციონიზმის მწვალებლობა.
მღვდელი ანდრია ლორგუსი. განვითარების იდეის მეთოდოლოგიური პრობლემები.
მღვდელი დანიელ სისოევი. ევოლუციონიზმი მართლმადიდებლური სწავლების შუქზე.
ს. ვ. ბუფეევი. რატომ არ შეიძლება მართლმადიდებელი იყოს ევოლუციონისტი.
ი. ვ. მაქსიმოვი. ადამიანის წარმოშობის შესახებ მართლმადიდებლური და ევოლუციონისტური სწავლებების შეთანხმების პრობლემა და მისი საღვთისმეტყველო ასპექტები.
ალექსანდრე ხომენკოვი. ევოლუციონისტური მითი და თანამედროვე მეცნიერება.
სერგი შუბინი. "მართლმადიდებლური ევოლუციონიზმის" სიცრუე.
 
 
 
ავტორთაგან. წინასიტყვაობა.
 
 
"ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა"
 
(ინ.1:5)
 
მართლმადიდებლურ საეკლესიო მსოფლმხედველობას, რომელიც წინასწარმეტყველურ, სამოციქულო და წმიდა მამებისეულ ტრადიციას ეფუძნება, ყოველთვის მკაფიო წარმოდგენა ჰქონდა სამყაროს - ცისა და მიწის წარმომავლობაზე, ასევე სიცოცხლესა და ადამიანზე. წინამდებარე გამოცემის პუბლიკაციის აუცილებლობა დაკავშირებულია იმასთან, რომ მართლმადიდებლური სწავლების სახით სხვადასხვა ავტორებმა სულ უფრო ხშირად და ჯიუტად დაიწყეს ევოლუციონიზმის ანტიქრისტიანული იდეების ქადაგება. ამ შხამიანმა თესლმა უკვე მართლმადიდებლური განათლების სისტემაშიც შეაღწია და გამოუცდელი ადამიანების მიერ "პროგრესულ" ქრისტიანობად აღიქმება. სინამდვილეში "ქრისტიანული ევოლუციონიზმი" განმაახლებლობის, საღვთისმეტყველო მოდერნიზმის ერთ-ერთი სახეობაა.
 
ამ კრებულში შემავალი მასალების ნაწილი საჯარო განხილვისთვის გამოტანილ იქნა წმ. მოციქულ იოანეს სახელობის რუსეთის მართლმადიდებლურ უნივერსიტეტში მიმდინარე თათბირზე, რომლის თემა გახლდათ: "სამყაროს, სიცოცხლისა და ადამიანის შესაქმის სწავლება მართლმადიდებლურ სკოლებში", რომელსაც ატარებდა მოსკოვის საპატრიარქოს რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის განყოფილება. თათბირზე დამსწრე ევოლუციონისტების მიერ წარმოდგენილმა ცნობებმა მხურვალე ემოციური რეაქცია გამოიწვია (თუმცა, ეს ცნობები არ იყო გამყარებული არანაირი საღვთისმეტყველო და სამეცნიერო არგუმენტებით).
 
როდესაც ჩვენი წიგნი უკვე აკრეფილი იყო, ცნობილი გახდა მორიგი გამოცემის დაბეჭდვის შესახებ, რომელიც "ქრისტიანული" ევოლუციონიზმის იდეას ქადაგებს. ეს არის წიგნი "მან თქუა და იქმნნეს" (Фонд "Христианская жизнь", Клин. 1999). ამ წიგნს მშვენიერი მართლმადიდებლური სახელწოდება აქვს, მაგრამ არა შინაარსი. მასში ავტორები, თითქოსდა მეცნიერების დაცვისა და სარწმუნოებასთან მის შეთანხმების მიზნით, ერთი მხრივ, ძირს უთხრიან მართლმადიდებლობის ავტორიტეტს, მეორე მხრივ კი პირდაპირ თავს ესხმიან მართლმადიდებელ კრეაციონისტებს. აი წიგნის პათოსი: "ბოლო დროს გამოჩნდა კრეაციონისტული მიმართულების წიგნები, რომლებიც დაწერილია მართლმადიდებელი მღვდელმსახურების მიერ (ბოლო სიტყვები სპეციალურად არის გამოყოფილი მუქი ასოებით - ავტ.), რაც გაკვირვების გარდა სერიოზულ შეშფოთებასაც იწვევს, რადგან წინდაწინ ცრუ, ანტიმეცნიერული იდეები მოცემულ შემთხვევაში სამღვდლო წოდებას არის ამოფარებული..." (გვ. 4-5).
 
სინამდვილეში ჩვენი რწმენით, ერისკაცთა მოშურნეობა და სამღვდლო ხარისხის ავტორიტეტი ზუსტადაც რომ მოწოდებულია დაიცვას არა "სამეცნიერო" ევოლუციონიზმის ახალმოდური მითოლოგიური ჰიპოთეზები, არამედ წმიდა მამებისეული სწავლება ბიბლიურ შესაქმეზე.
 
ჩვენი მოკრძალებული ნაშრომი, ავტორთა ჩანაფიქრით, წარმოადგენს პასუხს ევოლუციონისტ-მოდერნისტთა ზოგიერთ უსაფუძვლო მტკიცებულებაზე.
 
უპირველეს ყოვლისა ევოლუციონისტები ცდილობენ დაარწმუნონ ყველა, თითქოსდა კრეაციონისტები ეს გვიანდელი პროტესტანტიზმის წარმონაქმნია, ამიტომაც, თითქოსდა ის უცხოა მართლმადიდებლობისთვის. მაგრამ ამასთან ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი აზრების დასადასტურებლად დაიმოწმონ თუნდაც ერთი წმიდა მამებისეული ციტატა. ჩვენს კრებულში მკითხველი იპოვის ეკლესიის ძველ და გვიანდელ მამათა უამრავ წმიდად კრეაციონისტულ გამონათქვამს, რომელიც მოწმობს იმაზე, რომ პირიქით, სწორედ ევოლუციონიზმის იდეაა ქრისტიანობაში სიახლე, რომელიც ევროპული განმანათლებლობის ეპოქაში გაჩნდა. და ის უეჭველად დაკავშირებულია წარმართობის აღორძინებასთან.
 
პროტესტანტები მხოლოდ იმ ზომით არიან ქრისტიანობაში არსებულ ნამდვილ კრეაციონიზმთან, რამდენადაც დგანან ისინი ბიბლიურ საფუძველზე (ამიტომაც, სხვათა შორის, პროტესტანტულ სექტათა უმრავლესობა, რომლებმაც მიიღო წმიდა წერილის ავტორიტეტის უარმყოფელი ლიბერალური ღვთისმეტყველება, იზიარებენ ევოლუციონიზმს; იგივე ითქმის ვატიკანის მე-2 კრების შემდგომ დროინდელ მოდერნიზირებულ კათოლიციზმზე. ასე რომ სინამდვილეში დასავლეთის ერეტიკულ ეკლესიებში ეს მწვალებლობა სწორედაც რომ ჰყვავის,  კრეაციონისტებად კი რჩებიან მხოლოდ ფუნდამენტალისტები, რომლებიც ძალიან ხშირად გადადიან მართლმადიდებლობაში).
 
ნებისმიერ შემთხვევაში, კრეაციონიზმის მასწავლებლები მართლმადიდებელთათვის არიან არა ლუთერანები და ბაპტისტები, არამედ ქრისტეს მოციქულები და წმიდა მამები. მოკლედ რომ ვთქვათ, კრეაციონიზმი, ჩვენი გაგებით, უტოლდება მართლმადიდებლურ სწავლებას სამყაროს შექმნის შესახებ.
 
მოდერნისტ "თეოლოგთა" სხვა არაკეთილსინდისიერი მცდელობა, როგორმე ლაფში მოსვარონ კრეაციონიზმი, დაკავშირებულია მის ანტიმეცნიერულ და ანტიკულტურულ მოვლენად გამოცხადებასთან.
 
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში მომუშავე ერთი დიაკვანი თავს ნებას აძლევს მოახდინოს ავტორ-კრეაციონისტთა წიგნების ასეთი დისკრედიტირება, ის წერს: "ანახეთ ნებისმიერი მათგანი რომელიმე მეცნიერს, რომელიც ბუნებისმცოდნეობითაა დაკავებული, და თვითონ ნახავთ, როგორ გაუფართოვდება სპეციალისტს თვალები, ხოლო ყალყზე დამდგარი თმები ისე აიჩეჩება, რომ საჭიროც არ გახდება ამისთვის სპეციალურად განკუთვნილი უცხოური საშუალებები" (გვ. 118).
 
მაგრამ ეს ნამდვილი დევნის მხოლოდ ოპერეტული შესავალია: "მაგრამ აი, მოდიან კრეაციონისტები და აცხადებენ, რომ ყველა თანამედროვე მეცნიერება - ეს ცრუმეცნიერებაა, რომ ყოველგვარი ბუნებისმცოდნეობა - ყალბი ცოდნაა, რომ მეცნიერება ღუპავს ქრისტიანობას და უკვე დაღუპა იგი. რატომ? იმიტომ, რომ მთელი თანამედროვე მეცნიერება მნიშვნელოვანწილად ევოლუციის იდეაზეა აგებული" (გვ. 124).
 
აი ასე, პოლემიკით გატაცებულ ავტორებს ყველაფერი გადააქვთ დაავადებული თავიდან ჯანსაღ თავზე. როგორც ჩანს, ანტიქრისტიანული ფსევდომეცნიერული მითოლოგია ცდილობს რევანში აიღოს ეკლესიის წინაშე შუასაუკუნეობრივი რომაული ინკვიზიციისთვის. ჩვენი კრებული პასუხს გასცემს ყველა უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებას.
 
საეკლესიო მოდერნისტები თავს გვახვევენ ბიბლიის საკმაოდ უცნაურ განმარტებას. ისინი გვთავაზობენ მატერიის ევოლუცია დავინახოთ იქ, სადაც წმიდა წერილში სრულიად მკაფიოდ არის ნათქვამი ცოცხალი ღმერთის თავისუფალ მოქმედებაზე. ციტირებული წიგნის ერთ-ერთი ავტორი წერს: "დაბადების წიგნის ყოველი მკითხველისთვის ცხადია, რომ ამ თავებში ლაპარაკია სწორედ კოსმოსის ჩამოყალიბებაზე, ცვლილებაზე, ანუ ევოლუციაზე (ჩვენთვის სწორედაც რომ საწინააღმდეგოა ცხადი!!! - ავტ.), და მათ შორის დედამიწის ორგანული სამყაროს ჩამოყალიბებაზეც, ვიდრე თვით ადამიანის გაჩენამდე" (გვ. 174).
 
მკითხველითვის შეთავაზებული წიგნი ამ კითხვას პასუხობს არა სამეცნიერო კრიტიციზმის სულისკვეთებით, სადაც ადამიანი განიხილება როგორც კოსმოსის ევოლუციის პროდუქტი, არამედ საყოველთაო ეკლესიის გადმოცემის შესაბამისად.
 
ჩვენ ვიზიარებთ მღვდელმონაზონ სერაფიმეს (როუზი) აზრს: "შესაქმის ექვსი დღე - ეს ბუნებრივი პროცესი როდია; ეს არის ის, რაც მოხდა მანამ, სანამ დაიწყებოდა ყველა მსოფლიო პროცესი. ეს ღმრთის საქმეა; თვისი განსაზღვრებით ეს სასწაულია და ვერ მოთავსდება ბუნებრივ კანონებში, რომლებიც მართავენ იმ სამყაროს, რასაც დღეს ვხედავთ".
 
ყურადღების გარეშე არ ვტოვებთ შემრიგებლობის მცდელობებსაც. მაგალითად: "ღვთისმეტყველებისთვის პრინციპულად დასაშვებია კრეაციონიზმიც, და ევოლუციური ჰიპოთეზაც, იმ პირობით, რომ ორივე შემთხვევაში მთელი სამყაროს ყოფიერების სჯულმდებლად და მომწყობად მიგვაჩნია ღმერთი" (გვ. 89-90); ან ასეთი: "ღმრთის ყოფიერების აღიარება არ გამორიცხავს სამყაროს ევოლუციურ განვითარებას" (გვ. 116).
 
ჩვენს წიგნში საფუძვლიანად არის ნაჩვენები, რომ საკითხი ქრისტიანის დამოკიდებულებისა ევოლუციისადმი არსებითად დოგმატური მნიშვნელობისაა, ამიტომაც ის უფლებას გვაძლევს საკითხი დავსვათ არა რელატივიზმსა და კომპრომისებზე, არამედ ევოლუციონიზმის მწვალებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ევოლუციონიზმი ეფარება დათაფლულ ლოზუნგებს მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთშერიგების შესახებ, სინამდვილეში ის აგრესიულია მართლმადიდებლობისადმი, უარყოფს მაცხოვნებელი სახარებისეული რწმენის საფუძვლებს, და გააჩნია აშკარა ან ფარული ანტიქრისტიანული სული.
 
გაღვთისმეტყველებულ მოდერნისტთა ეკლესიის საწინააღმდეგო ამ ზეწოლას შეიძლება დავუპირისპიროთ მხოლოდ სახარების ნათელი. სწორედ ამ არსენალით აღიჭურვნენ წინამდებარე კრებულის ავტორებიც, რათა ბიბლიური შესაქმე დაიცვან ევოლუციონისტთა თავდასხმებისგან, მკითხველს კი სთხოვენ უფლისადმი აღავლინონ მათთვის წმიდა ლოცვები.

წყარო: "Шестоднев против эволюции". Издательство "Паломник", 2000 г.

გაგრძელება იქნება.
Назад к содержимому