განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_19_1_10_სიხარული ცაში და მიწაზე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
სიხარული ცაში და მიწაზე

(თ. 19:1-10)
იოანეს გამოცხადება
ახალი ქართულით:

1. შემდგომ ამისა, მომესმა ცაში მგრგვინავი ხმა, როგორც ხმა ურიცხვი ხალხისა, რომელიც ამბობდა: ალილუია! ხსნა, დიდება და ძალი ჩვენი ღვთისაა! 2. რადგანაც ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვა, ვინაიდან განიკითხა დიდი მეძავი, თავისი სიძვით რომ გახრწნა ქვეყანა, და იძია მისი ხელიდან თავისი მონების სისხლი. 3. განმეორებით ითქვა: ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე. 4. ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხნენ და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს, და თქვეს: ამინ! ალილუია! 5. და გამოვიდა ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მონა მისი და მოშიში მისი, მცირე თუ დიდი. 6. და მომესმა ხმა, როგორც დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა და საზარი ქუხილის ხმა, რომელმაც თქვა: ალილუია! რადგანაც გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი. 7. გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და დიდება მივაგოთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ განიმზადა თავი. 8. და მიეცა მას შესამოსად წმიდა და ნათელი ბისონი, რადგანაც წმიდათა სიმართლეა იგი. 9. და მითხრა მე: დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი. და მითხრა: ესენი არიან ჭეშმარიტი სიტყვები ღვთისა. 10. ფეხქვეშ ჩავუვარდი, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას; თანამონა ვარ შენი და შენი ძმებისა, რომლებსაც აქვთ მოწმობა იესოსი. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი, რადგანაც იესოს მოწმობა არის წინასწარმეტყველების სული.


ძველი ქართულით:

1. შემდგომად ამისა მესმა, ვითარცა ჴმაჲ დიდი ერისა მრავლისაჲ ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუჲაჲ, მაცხოვარებაჲ და ძალი და დიდებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ! 2. რამეთუ ჭეშმარიტებით და სიმართლით არიან საშჯელნი მისნი, რამეთუ საჯა მეძავი იგი დიდი, რომელმან განხრწნა ქუეყანაჲ სიძვითა თჳსითა, და გამოიძია სისხლი მონათა თჳსთაჲ ჴელისაგან მისისა. 3. და მეორედ თქუეს: ალელუჲაჲ. და კუამლი მისი აღვალს უკუნითი უკუნისამდე. 4. და დავარდეს ოც და ოთხნი იგი მღდელნი და ოთხნი ცხოველნი და თაყუანის-სცეს ღმერთსა, მჯდომარესა საყდართა ზედა, და თქუეს: ამინ! ალელუჲა! 5. და ჴმაჲ გამოვიდა საყდრით, რომელი იტყოდა: აქებდით ღმერთსა ჩუენსა ყოველნი მონანი მისნი და მოშიშნი მისნი - მცირენი და დიდნი. 6. და მესმა ვითარცა ჴმაჲ ერისა მრავლისაჲ, და ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ, და ვითარცა ჴმაჲ ქუხილთა ძლიერთაჲ, რომელნი იტყოდეს: ალელუჲა! რამეთუ სუფევს უფალი ღმერთი ჩუენი, ყოვლისა მპყრობელი. 7. ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ და მივსცეთ მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ქორწილი კრავისაჲ, და ცოლმან მისმან განმზადა თავი თჳსი, 8. და მიეცა მას, რაჲთა შეიმოსოს ძოწეული წმიდაჲ და ბრწყინვალე. რამეთუ ძოწეული სიმართლენი წმიდათანი არიან. 9. და მრქუა მე: დაწერე, ვითარმედ: ნეტარ არიან წოდებულნი სერობასა მას კრავისასა, და მრქუა მე: ესე სიტყუანი ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან. 10. და დავვარდი წინაშე ფერჴთა მისთა თაყუანის-ცემად მისა, და მრქუა მე: იხილე ნუ, შენ თანა მონაჲ ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაჲ იესუჲსი; ღმერთსა თაყუანის-ეც, რამეთუ წამებაჲ იესუჲსი არს სული იგი წინაწარმეტყუელებისაჲ.


VI. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეოთხე თანამიმდევრობა (თ. 15-19)

სიხარული ცაში და მიწაზე (თ. 19:1-10)

იმის შემდეგ, რაც 18-ე თავში ნაუწყები იყო უკეთურ ადამიანთა გლოვაზე და ანტიქრისტეანული სამეფოს დედაქალაქ ბაბილონის დაღუპვაზე, მე-19  თავში ლაპარაკია ამავე მოვლენის გამო ცაში გამართულ სიხარულზე. ეს ამბავი  (ბაბილონის დაღუპვა) თუმც დედამიწაზე მოხდა, ის ზეციური ნების აღსრულება  გახლდათ; ის იყო მიზეზი უკეთურთა გლოვის დასაწყისისა და ის შეიძლება იყოს  ზეცის ბინადართა სიხარულის მიზეზიც, რადგან ეს მოვლენა იუწყება სიკეთის  მოახლოებულ და საბოლოო ზეიმზე, ბოროტების სამუდამო დამარცხებასა და სიკეთის  საბოლოო გამარჯვებაზე.

მე-19 თავში წმ. იოანე გვაუწყებს  დედამიწაზე უფლის მეორედ მოსვლის მოახლოვებას და იმასაც, რომ მეძავი  ბაბილონი მალე დაკარგავს თავის ძალასა და ხელმწიფებას, ღმრთის სამსჯავრო  მისთვის უკვე გამზადებულია. გვესმის ვაჭართა (ბიზნესმენთა) და მეფეთა  (მმართველთა) მოთქმა-გოდება, რომლებიც შეაძრწუნა ბოროტების მსოფლიო დედაქალაქის დაღუპვამ და საკუთარი დამპალი ბიზნესის ჩავარდნას გლოვოებენ - მათ საქონელს ხომ უკვე ვეღარავინ იყიდის.

ბაბილონის,  ამ საძაგელი ბოროტი მეძავის დაღუპვა შეუმჩნეველი არც ცაში რჩება. ღვთის  ანგელოზები და ყველა წმინდანი სიხარულისგან უფლის სადიდებელ გალობას  იწყებენ: ბოლოს და ბოლოს განადგურდა მსოფლიო ბოროტება, უდანაშაულოთა  სისხლის გამო დაისაჯნენ ცოდვილნი და აღსრულდა შურისგება. ბიბლია არ  ამტკიცებს, რომ შურისგება - ცუდია; ის ამბობს, რომ შურისძიება ცუდია,  როდესაც მას ადამიანი აღასრულებს და არა ღმერთი. შურისძიება ხომ ღმრთის  განსაკუთრებული და სუვერენული უფლებაა, და არავის, გარდა ღმრთისა,  შურისძიების უფლება არა აქვს. ღმერთია ჩვენი შურისმგებელი, ის აღადგენს  აბსოლუტურ სამართლიანობას მთელ სამყაროში.

1-4.  შემდგომ ამისა, მომესმა ცაში მგრგვინავი ხმა, როგორც ხმა ურიცხვი ხალხისა,  რომელიც ამბობდა: ალილუია! ხსნა, დიდება და ძალი ჩვენი ღვთისაა! რადგანაც  ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვა, ვინაიდან განიკითხა დიდი  მეძავი, თავისი სიძვით რომ გახრწნა ქვეყანა, და იძია მისი ხელიდან თავისი  მონების სისხლი. განმეორებით ითქვა: ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი  უკუნისამდე. ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხნენ და თაყვანი სცეს  ტახტზე მჯდომარე ღმერთს, და თქვეს: ამინ! ალილუია!

აპრინგიუსის თქმით "ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ წმინდანები ხარობენ მეძავი-ქალაქის  დანგრევის გამო, და მზერას მივაპყრობთ იმას, რომ თავისი  სამართლიანობისთვის აქებენ უფალს. რა არის აქ აღწერილი, თუ არა ცოდვილთა  სამართლიანი დასჯა და მართალთა დაჯილდოება? ეს არის ის, რაზეც ამობდა  დანიელი: "მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო  სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის" (დანიელი  12:2), რათა ყოველთვის შეძლონ ამისი ხილვა. ამიტომაც ითქვა: "მისი კვამლი  ადის უკუნითი უკუნისამდე".

ეკუმენიოსი განმარტავს: "ითქვა: მომესმა ცაში მგრგვინავი ხმა, როგორც ხმა ურიცხვი ხალხისა, - რადგან აღურაცხელია წმიდა ანგელოზთა რაოდენობა. როგორც ერთი მამა ამბობს:  ოთხმოცდა ცხრა ცხვარი, რომელიც არ აცდა გზას, მიანიშნებენ ანგელოზებზე,  მაშინ როდესაც ერთი დაბნეული ცხვარი - მთელი კაცობრიობაა (შეად. მათე 18:12-13, ლუკა 15:4-7) (ეკუმენიოსს მხედველობაში აქვს ეპიფანე კვიპროსელი. იხ. მისი სიტყვა ქრისტეს განკაცების შესახებ (PG 43:481). - რედ. შენიშვნა). ისინი ამბობენ: ალილუია! ხსნა, დიდება და ძალი ჩვენი ღვთისაა! - ალილუია არის ებრაული სიტყვა, რომელიც ღმრთის ქებას ნიშნავს. მაშასადამე  ისინი უფალს აღუვლენენ სადიდებელ გალობას სულიერ ბაბილონზე აღსრულებული  სამართლიანი მსჯავრის გამო".

"ალილუია", - ბრძანებს ანდრია კესარიელი, - არის ღმრთის დიდება, "ამინ" კი იყავნ, ანუ ჭეშმარიტად. იგი ანგელოზთა  ძალთა და წმინდანთა მიერ სამგზის ეგალობება სამიპოსტასოვან ღმერთს - მამას, ძეს და სულიწმიდას, რომელმან შური იძია ბაბილონის მიერ დაღვრილ  წმინდანთა სისხლისთვის და მის მცხოვრებთა დასჯით შეწყვიტა ცოდვის  მომძლავრება. სიტყვები "კვამლი მისი ადის უკუნითი უკუნისამდე" მიანიშნებს  ან იმას, რომ საასჯელი არ იქნება დავიწყებული, ან კიდევ იმას, რომ დასჯილნი  მომავალ საუკუნეში უფრო მსუბუქად დაისჯებიან".

წმ. კესარი არლელის განმარტებით "ეს ხმა - ეკლესიის ხმაა, როდესაც მოხდა განცალკევება და ის ყველა ბოროტმა ადამიანმა  დატოვა, რომელთა ხვედრი მარადიულ ცეცხლშია; მათი "კვამლი ადის უკუნითი  უკუნისამდე". ისმინეთ ძმანო, შეძრწუნდით, და იცოდეთ, რომ ბაბილონსა და  მეძავში, რომლის კვამლი უკუნითი უკუნისამდე ადის, ხარბი, გარყვნილი და  ამაყი ადამიანები იგულისხმებიან. ამიტომაც, თუ გსურთ თავი აარიდოთ საუკუნო  წარწყმედას, ნუ მიეცემით ესოდენ მძიმე ცოდვებს. მაშ, დამწვარი ქალაქის  ხილული კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე, თუ კაცთა, რომლებიც ამპარტავნებაში  იხრუკებიან? "ადისო", და არა "ავაო", რადგან აწმყოშიაც ბაბილონი  ადრინდელივით მიექანება წარწყმედისკენ" (Изложение Откровения. Сl. 1016,  18.268.19).

ასე რომ, სასჯელის კვამლი მარადიულია. ეს სოდომისა და  გომორას ნანგრევების კვამლი კი არ არის, ან თუნდაც დიადი ბაბილონისა,  არამედ იმათი, ვინც იქ დაიხრუკა. ეს არის ბოროტმოქმედთა ტანჯვა, რომლებიც  ჰკლავდნენ, რყვნიდნენ და აწამებდნენ მიწის მკვიდრთ. ეს არის ბაბილონის  საზოგადოება, რომლის ტანჯვა ღვთისა და ანგელოზთა წინაშე მარადიული იქნება.  კვამლი - ღმრთის დიდი და სამართლიანი მსჯავრის სიმბოლოა, რომელიც თავს  დაატყდება ბაბილონს. ამიტომაც, ბაბილონის დამხობა სამუდამო და საბოლოოა,  ეს არის მარადიული სუფევის დადგომის გარდამავალი მომენტი, რადგან მარადიული  კვამლი ლაპარაკობს სწორედ გეჰენიის ცეცხლსა და მომავალ საშინელ  სატანჯველზე (14:11), ამიტომაც:

4-5 ოთხი ცხოველი და  ოცდაოთხი უხუცესი დაემხნენ და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს, და  თქვეს: ამინ! ალილუია! გამოვიდა ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აქებდეთ ჩვენს  ღმერთს ყოველი მონა მისი და მოშიში მისი, მცირე თუ დიდი.

"ისინი  ეცემიან, რადგან კვლავ ხედავენ მსოფლიო ისტორიის დასასრულს, ხედავენ, რომ  დამთავრდა ბოროტების ჟამი, რომელიც ნიმროდის დროიდან სივდებოდა და  მწიფდებოდა. კაცობრიობის მრავალათასწლოვანი განდგომილების ისტორია  დამთავრდა, და ამიტომაც კაცობრიობის ზეციერი წარმომადგენლები ანგელოზებთან  ერთად  ღმრთის წინაშე მუხლს იყრიან, რითაც ადასტურებენ თავიანთ თანხმობას  ამ აღსასრულის სამართლიანობაზე. მათ გამოიტანეს საკუთარი განაჩენი - ამაოდ ხომ არ არის ნაწინასწარმეტყველევი წმიდა წერილში, რომ უკანასკნელ  სამსჯავროზე ღმერთი თავის მსჯავრს გადასცემს წმინდანთ. ქრისტეს ნაცვლად  ადამიანები თვითონ გაასამართლებენ ცოდვილთ, მოვა ქრისტე, მაგრამ წმინდანები  დაადასტურებენ მის განაჩენს თავიანთი თანხმობით. მათ ხომ საკუთარი  ცხოვრებით ბრწყინვალედ დაადასტურეს ღვთის მცნებებით ცხოვრების  შესაძლებლობა.

წინასწარმეტყველი ესაია წერს: "მათი დახოცილები  გადაიყრებიან, მათი გვამები სიმყრალეს აუშვებენ და მთები დალბებიან მათი  სისხლისგან. დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება,  ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს. რადგან დაითრო ცაში ჩემი მახვილი; აჰა, დაეშვება ის ედომზე და  ჩემგან შერისხულ ხალხზე დასასჯელად. უფლის მახვილი სავსეა სისხლით,  გაპოხილია ქონით, კრავთა და თიკანთა სისხლით, კერძების თირკმელთა ქონით;  რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის მიწაზე.  კამეჩები დაეცემიან მასთან ერთად და ხბორები ხარებთან ერთად, დაითრობა  სისხლით მიწა და ქონით გაიპოხება მისი მტვერი. რადგან შურისგების დღე აქვს  უფალს, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის. მისი ხევები კუპრად  გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი  გახდება. არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე; უკუნისამდე იდინებს კვამლი,  თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და არავინ იქნება იქ გამვლელი  სამარადისოდ. ჭოტი და ზღარბი დაიმკვიდრებენ მას, ბუკიოტი და ყორანი  დაიბუდებენ მასში; გასჭიმავს მასზე უსახურობის ლარს და უდაბურობის შვეულს.  მისი აზნაურნი სამეფოს ვერ გამოაცხადებენ იქ; მისი მთავარნი გადაშენდებიან.  მის დარბაზებში ეკალი ამოვა, ქაცვი და ძეძვი -მის ციხე-სიმაგრეებში,  ტურების სადგომად იქცევა და სირაქლემათა საცხოვრებლად. ყოველი ჯურის მხეცი  შეეყრება ერთმანეთს, ოჩოკოჩი ოჩოკოჩს დაუწყებს ხმობას; აქ დაიბუდებს ალი  და იპოვის სადგურს. აქ მოიკალათებს გველი, დაყრის კვერცხეხს, გამოჩეკავს და  თავის ჩრდილში მოუყრის თავს; აქ მოიყრიან თავს ძერები სათითაოდ. მოძებნეთ  უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ დააკლდება, სათითაოდ  საძებარნი არ იქნებიან, რადგან თავად მისმა ბაგემ ბრძანა და მისმა სულმა  თავი მოუყარა. მან უყარა მათ წილი და მისმა ხელმა დაუდგინა საზღვარი;  საუკუნოდ დაიმკკიდრებენ მას, თაობიდან თაობამდე იქ იცხოვრებენ" (ესაია  34:3-17).

ასეა ნათქვამი წინასწარმეტყველთან დაწყევლილ მიწაზე.  და მართალნი ადასტურებენ, რომ ძველი წინასწარმეტყველება, რომელიც  ქრისტემდე შვიდი საუკუნით ადრე მიეცა ძველაღთმისეულ ისრაელს, აღსრულდება.  ოცდაოთხი მოხუცი ოთხ ცხოველთან ერთად, როდესაც იხილავენ აღსრულებულ  წინასწარმეტყველებას, იტყვიან: "ამინ" -ყოველივე ასე აღსრულდა. ხოლო  ბოლოს იქნება ვინმე, ვინც ეტყვის "ამინს" მთელს სამყაროს, ანუ გააცხადებს  მისი დასასრულის დადგომას. ეს ვინმე კი იქნება იესუ ქრისტე, და "ამინი"  მისი ერთ-ერთი სახელია. მსოფლიო შეთქმულებას, რომლის წინაშეც დღეს ასე ძრწიან, ოცდაოთხივე მოხუცი ეტყვის - "ამინ". წმინდანები ამბობენ: "აქებდით უფალს, რადგან ეს ყოველივე განადგურდა!" (მღვდ. დანიელ სისოევი).

"ეკლესია  უფალს არა მარტო პირით აქებს, არამედ ღვთისმოშიშების სრული სიტკბოებით,  რადგან ამბობს: "ამინ! ალილუია!" ეს სიტყვები, თუმც შეიძლება გადათარგმნილ  იქნას (რადგან, მათ კავშირი აქვთ რწმენასთან, ჭეშმარიტებასთან და უფლის  ქებასთან), მაგრამ ენის სიწმიდისა და წარმომავლობისადმი პატივისცემიდან  გამომდინარე ადრინდელივით, თარგმნის გარეშე გამოიყენება. ასე აქებს და  ადიდებს ეკლესია ყოველ კვირდღეს და ორმოცდაათი დღის განმავლობაში (ქრისტეს  აღდგომიდან), რადგან თვითონაც სასოებს საყოველთაო აღდგომას და სწამს, რომ  მხოლოდ უფალშია მომავალი ქება-დიდება. აქ ითქვა: "აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მონა მისი და მოშიში მისი, მცირე თუ დიდი", - რადგან ბუნებრივი შესაძლებლობების სიმწირე არაფერს ნიშნავს, თუ გული და ბაგე უფლის ქებითაა სავსე" (ბედა პატივდებული: Изложение Откровения. Cl. 1363,3.19.188.9.)

"ის, რომ მოხუცები და ცხოველები ამბობენ: "ამინ"-ს,  ნიშნავს მათ თანხმობას ანგელოზთა სადიდებელისადმი, რადგან ებრაულიდან  ბერძნულზე "ამინი" ითარგმნება "ჭეშმარიტად", "იყავნ". ტახტიდან გამოსული  ხმა ამბობს: "აქებდეთ ჩვენს ღმერთს ... მცირე თუ დიდი". "მცირეს" იოანე უწოდებს მათ, ვინც მეტად წარემატა წმიდა ღვაწლში, ხოლო "დიდს" - უპირატეს წმინდანებს" (ეკუმენიოსი. Комментарий на Откровение. TLG 2866.001,200.1-7.)

ამრიგად, როგორც კი მინავლდა ანგელოზური გალობა, იმწამსვე  გაისმა ხმა ღმრთის საყდრისგან, მაგრამ არა თვით ღმრთისა ან რომელიმე ერთ-ერთი ანგელოზისა, ან კიდევ ოთხი ცხოველისა, არამედ იესუ ქრისტესი, კრავისა.

"ის, რომ ხმამ ქების აღვლენა ბრძანა - მიანიშნებს იმაზე, რომ ღმერთმა შეიწყნარა მისთვის სათნო რჩეულთა ლოცვები.  მართლაც, მან მოიწონა აღვლენილი ქება და მიუთითა, რომ ის მარადიული იქნება.  "დიდნი" ეკლესიაში არიან ისინი, ვისზეც მოციქულმა თქვა: "სიბრძნეს კი ჩვენ  ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის" (1 კორ. 2:6); და ვისზეც უფალმაც  ბრძანა: "ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში"  (მათე 5:19). "მცირენი" - ისინი არიან, ვისზეც ითქვა: "გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში. რძით გზრდიდით და არა საჭმლით, ვინაიდან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის ატანა და არც ახლა შეგიძლიათ" (1 კორ. 3:1-2) (პრიმაზიუს ჰადრუმენტელი) († 553).

იესუს ღვთაებრივის ხმის საპასუხოდ იოანეს ესმის ახალი გალობა:

6.  და მომესმა ხმა, როგორც დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა და საზარი ქუხილის  ხმა, რომელმაც თქვა: ალილუია! რადგანაც გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი,  ყოვლისმპყრობელი.

"დიდძალი ხალხის ხმა და საზარი ქუხილის ხმა"  ნისნავვ ურიცხვ ანგელოზთა და წმინდანთა შეხმატკბილებულ გალობას, რამეთუ  ზოგჯერ მათ გულისხმობდნენ "წყლებში", რომლებიც არიან "ზესკცნელს ცათანი"  (ფსალმ. 142:4). მათთან ერთად უგალობს უფალს კრებული მართალთა. სუფევს  უფალი იესუ ქრისტე ყოველივეზე თავისი კაცთმოყვარებით, რომელთა უფალი იყო  ადრეც, როგორც მათი შემოქმედი. მისი უფლება იქნება ძლიერებით, როგორც  მეფისა და მსაჯულისა (ანდრია კესარიელი)

"საყვირები (1) იმ  აღმსარებლობას ნიშნავს, რომლის შესახებაც ბრძანებს ესაია: "ხმამაღლა  იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს  მისი დანაშაული და იაკობის სახლს მისი ცოდვები" (ესაია 58:1). ამ  აღმსარებლობაში ასევე ვლინდება ძრწოლა ღვთაებრივი სამსჯავროს წინაშე.  ძრწოლას იწვევს ასევე "საზარი ქუხილის ხმა", როგორც "როგორც დიდძალი ხალხისა",  რომლითაც ნაჩვენებია იმ ადამიანთა სიმრავლე, ღმერთს რომ აღუვლენენ ქებას  და გალობენ: ალილუია. ამრიგად, როდესაც ეკლესია ქადაგებს, და ძრწის, და  აღავლენს ქებას, ის ხარობს თრთოლვით, როგორც ითქვა: "ჰმონეთ უფალსა შიშით  და უგალობდით მას ძრწოლით" (ფსალმ. 2:11). რადგანაც "გამეფდა უფალი ღმერთი  ჩვენი, ყოვლისმპყრობელი".

____________

1. პრიმასიუს ჰადრუმენტელთან  წერია vocem tubarum (საყვირთა ხმა), და არა vocem turbae [magnae] ("ხმა,  როგორც დიდძალი ხალხისა", როგორც ეს არის სინოდალურ თარგმანში - რედ.).

___________

ხმა  სამართლიანად ახსენებს "ღმრთის ყოვლადძლიერებას". რადგან მან არაფრისგან  შექმნა ის, რაც არ არსებობდა, არ დაივიწყა ცოდვაში დანთქმულნი, მოიძია  დასჯის ღირსნი და მათგან თავისი მრავალმოწყალებით გაამართლა ისინი, ვინც  ისურვა. შემდეგ კი მათგანვე, როგორც ასოთაგან შექმნა ეკლესია, და როდესაც  გამოისყიდა ისინი ამგვარი პატივისთვის, მისი პატარძლობის ღირსჰყო ის, ვინც  მის მოახლედ ყოფნადაც კი არ ღირდა" (პრიმაზიუს ჰადრუმენტელი: Комментарий  на Откровение. Сl. 0873, 5.19.33).

"ზოგიერთი ფიქრობს, რომ ცხონება  სრულიად შეუძლებელია, მაგრამ მოციქული იოანე ხედავს და მასვე ესმის  სხვადასხვა მოდგმისა და ტომის ურიცხვ ცხონებულ ადამიანთა ხმები - მათი  რაოდენობის აღრიცხვა შეუძლებელია. ეს არის უსაზღვრო ოკეანე, "როგორც  დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა". რატომ ედრება ხმები "მრავალი წყლის"  ხმას? იმიტომ, რომ ცხონებულნი გალობენ სულიწმიდის ძალით, რომელიც არის  სწორედ წყალი ცხოველი. სულიწმიდის წყალი მოიცავს ურიცხვ ცხონებულს,  რომლებიც მას უგალობენ და აქებენ მათ მამასა და ღმერთს. მათი ხმა ისმის,  როგორც "საზარი ქუხილის ხმა", რადგან ეს არის მცნებათა ხმა, ეს ადამიანები  ღმრთის მცნებათა აღმასრულებელნი იყვნენ. და ისინი უგალობენ ღმერთს  "ალილუიას!  რადგანაც გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი", ანუ  აქებენ არსებულს, რადგან ღმრთის სასუფეველი უკვე დადგა" (მღვდ. დანიელ  სისოევი).

7-8 გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და დიდება მივაგოთ  მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ განიმზადა თავი. და  მიეცა მას შესამოსად წმიდა და ნათელი ბისონი, რადგანაც წმიდათა სიმართლეა  იგი.

"კრავის ქორწილი" ითქვა ქრისტესა და ეკლესიის ერთობისთვის,  რომელიც შეაერთეს წმიდა მოციქულებმა და რომელთა მიერ მიეცა მას (ეკლესიას)  "წინდი იგი სულიერი,ხოლო მაშინ (როდესაც ის მოვა დიდებით), მიეცემა წინდი  ჭეშმარიტი" (ანდრია კესარიელი).

ამრიგად, აქ ლაპარაკია არა  უკვე აღსრულებულ მარადიუილ სასუფეველზე, არამედ მხოლოდ იმგვარ მომენტზე,  რომელიც ძლიერ არის მიახლოვებული მის დადგომას. სასუფეველი ჯერ არ  დამდგარა, მაგრამ ის დადგება სამსჯავროს გამოთქმის შემდეგ: ქორწილი,  საქორწილო ზეიმი უკვე კართანაა. უკეთურნი ჯერაც არ განუგდიათ გარესკნელის  ბნელში და არ მიუღიათ თავიანთი მისაგებელი; ხოლო ქალწული, მართალთა და  რჩეულთა ერთობა, წმიდა ეკლესია, მხოლოდ მოემზადა და ელოდება, როდის  მოეახლება მას მისი ზეციერი სიძე, ქრისტე მაცხოვარი.

"ის, რომ ეკლესია შემოსილია ბისონით, აღნიშნავს მის გაბწყინვებას სათნოებებში, მისი შემეცნების სიფაქიზეს და  მისი ჭვრეტის სიმაღლეს, რადგან სწორედ ამათგან შედგება საღმრთო სიმართლე"  (წმ. ანდრია კესარიელი).

9. და მითხრა მე: დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი. და მითხრა: ესენი არიან ჭეშმარიტი სიტყვები ღვთისა.

ყველაფერი  მზად არის ქორწილისთვის, აინთო სასანთლენი, მხოლოდ სიძის მოსვლასღა  ელოდებიან (შეად. მათე 25:10), რათა მიიღონ მამის მიერ ბოძებული სასუფეველი  "მათთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან" (შეად. მათე 25:34).

ვინ არის "სასძლო", რომელმაც განიმზადა თავი ქორწილისთვის? - ეს არის მართლმორწმუნეთა ერთობა, ქრისტეანნი, რომლებმაც ბოლო ჟამამდე მიაღწიეს, ეს არის ქალწული - ზეციერი სიძის პატარძალი, წმიდა ეკლესია. მან მოამზადა თავი ზეციურ  სიძესთან შესახვედრად. მისი საქორწილო სამოსელი არის "წმიდა და ნათელი  ბისონი, რადგანაც წმიდათა სიმართლეა იგი". ეს სამოსი, რომელიც აცვია  პატარძალს, მის მიერ კი არ არის ნასყიდი, ან მისი გემოვნებისა და პირადი  ახირების გამოხატულება, როგორიც იყო მეძავის სამოსი, არამედ ის წმიდა  ეკლესიას ებოძა თვით ღმრთისგან. ის არის დასტური იმისა, რომ პატარძალი  ესათნოება უფალს და მასთან ერთად შევა მარადიულ სიხარულში, რამეთუ თეთრი და  სპეტაკი სამოსი საერთოდ წარმოადგენს ქრისტეანული სათნოებების სიმბოლოს,  რომლებიც, თავის მხრივნ, განიხილებიან, როგორც საღმრთო მადლისმიერი ნიჭები,  რომლებიც შეეწევიან ქრისტეანთ ზნეობრივ სრულყოფილებაში.

როგორც  წმიდა მამები განმარტავენ "ბისონი" სათნოებათა ბრწყინვალებაზე მიანიშნებს,  ასევე შემეცნების ზედმიწევნით ცოდნაზე, აზრის სიმაღლეზე და საღმრთო  სიმართლის ჭვრეტაზე, რომლებითაც შემოსილია ეკლესია.

""ქრისტეს  სერობა" მართალთა და ცხონებულთა სიხარულია, რომელსაც უბიწო სულთა წმიდა  სიძესთან ერთად მარადიულ სავანეში დაიმკვიდრებენ ნეტარნი. უთვალავია  მომავალი საუკუნის სიკეთენი, რომელიც მიუწვდომელია (ჩვენი) გონებისთვის.  ამიტომაც იწოდება მრავალგვარად: "ზეციურ სასუფევლად" იწოდება იგი დიდებისა  მისისა და პატიოსნებისთვის; "სამოთხედ" - დაუშრეტელ მისთა სიკეთეთათვის; "აბრაამის წიაღად" - დამაშვრალთა მას შინა განსვენებისათვის; და კვალადვე: "საქორწილო სასახლედ" - არა მხოლოდ დაუსრულებელი სიხარულისთვის, არამედ გამოუთქმელი, პატიოსანი და  ჭეშმარიტი შეერთებისთვის ღმრთისა თავის მონებთან და იმ კავშირისთვის,  რომელიც ისე აღემატება ხორციელ კავშირს, როგორც ბნელსა და სიმყრალეს  აღემატებიან ნათელი და მირონი" (ანდრია კესარიელი).

"ნეტარ  არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი, რამეთუ ისინი მიიწვიეს სერობად  და არა სადილად. სერობის ტრაპეზი ხომ დღის ბოლოს იმართება. მაშ ასე,  როდესაც დასრულდება ამცხოვრებისეული ჟამთასვლა, ისინი, რომლებსაც  განუსვენებს უფალი, სადილზე კი არა, კრავის სერობაზე იქნებიან მიწვეულნი" (წმ. გრიგოლ დეოლოგოსი).

10.  ფეხქვეშ ჩავუვარდი, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ  ამას; თანამონა ვარ შენი და შენი ძმებისა, რომლებსაც აქვთ მოწმობა იესოსი.  მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი, რადგანაც იესოს მოწმობა არის  წინასწარმეტყველების სული.

"ნუ იზამ ამას თანა-მონა ვარ შენი" - "ღმრთის ანგელოზი ამბობს: "მე ნუ მცემ თაყვანს, როგორც მომავლის  წინასწარმეტყველს, რამეთუ წინასწარმეტყველების სულია ქრსიტეს აღსარებისა და  მასზე მოწმობის მომცემელი. სხვაგვარად ასეც შეიძლება გავიგოთ ეს სიტყვები:  წინასწარმეტყველებაც იმისთვის იყო, რათა გაცხადებულ ყოფილიყო ქრისტეს  ჭეშმარიტება და დადასტურებულიყო წმინდანთა რწმენა, ამიტომაც მე კი ნუ მცემ  თაყვანს - შენს თანა-მონას, არამედ მას ეცი თაყვანი, ვინც  ყოვლისმპყრობელია. აქედან ვიგებთ თუ რაოდენ მორჩილნი არიან ანგელოზნი,  რომლებიც არ ისაკუთრებენ საღმრთო დიდებას, როგორც იქმან ამას დემონნი,  არამედ განაკუთვნებენ მას ზეციერ მეფეს. მაშ, მოდით და ერთ-ერთის  წინაშე ჩვენც წარვემატოთ მორჩილებაში, აღვასრულოთ სიტყვა ღმრთისა, რომელიც  ბრძანებს: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ  განსუენებაი სულთა თქუენთა" (მათე 11:29), რათა განსვენება ვპოვოთ მომავალ  დაუსრულებელ საუკუნეში, სადაც არა არს ჭირი, ურვა და სულთქმა, არამედ ჩვენი  ღმრთის, ქრისტეს ნათელით გაბრწყინებული, დაუსრულებელი სიხარული, რომელსაც  ეკუთვნის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამითა და სულიწმიდითურთ,  აწდა, მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ" (ანდრია კესარიელი).
Назад к содержимому