განმარტება - იოანეს გამოცხადების განმარტება_22_6_21_ბოლოთქმა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება

გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
ბოლოთქმა

(თ. 22:6-21)
იოანეს გამოცხადება
ახალი ქართულით:

1. და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან. 2. მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს. 3. აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას. 4. იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი. 5. ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე. 6. და მითხრა: ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე. 7. აჰა, მოვალ მალე. ნეტარია, ვინც ინახავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს. 8. მე, იოანემ, ვიხილე და ვისმინე ეს, და როცა ვიხილე და ვისმინე, დავემხე ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა. 9. მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი, შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანა-მონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი. 10. კვლავ მითხრა მე: ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგანაც ახლოა ჟამი. 11. უსამართლო კვლავ უსამართლობდეს, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს. 12. აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს. 13. მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული. 14. ნეტა მათ, რომელნიც რეცხავენ თავიანთ სამოსს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ, რომ ბჭით შევიდნენ ქალაქში. 15. ხოლო გარეთ ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და მკვლელნი, კერპთმსახურნი და სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი დგანან. 16. მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი. 17. სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი. 18. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. 19. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში. 20. ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იესო! 21. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.


ძველი ქართულით:

1. და მიჩუენა მდინარე ერთი წყლისა ცხოველისაჲ, ბრწყინვალე, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა. 2. შორის სივრცესა მის ქალაქისასა, და მდინარისა მის ამიერ და წიაღ, ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თუეთა მომცემელი თჳსისა მის ნაყოფისაჲ, და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა. 3. და ყოველი წყევაჲ არა იყოს მუნ. და საყდარი იგი ღმრთისაჲ და კრავისაჲ მას შინა იყოს. და მონანი მისნი ჰმსახურებდენ მას. 4. და იხილონ პირი მისი, და სახელი მისი შუბლთა ზედა მათთა. 5. და ღამე არა იყოს მუნ, და არა საჴმარ იყოს ნათელი და მზე, რამეთუ უფალმან ღმერთმან განანათლნეს იგინი, და სუფევდენ უკუნითი უკუნისამდე. 6. და მრქუა მე: ესე სიტყუანი სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან, და უფალმან ღმერთმან სულთა წინაწარმეტყუელთამან მოავლინა ანგელოზი თჳსი ჩუენებად, რაჲ-იგი ყოფად არს ადრე. 7. და, აჰა ესერა მოვალ ადრე. ნეტარ არს, რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი. 8. და მე, იოვანე, რომელსა მესმოდა და ვხედევდი ამას ყოველსა, და რაჟამს მესმა და რაჟამს ვიხილე, დავვარდი თაყუანის-ცემად წინაშე ფერჴთა ანგელოზისა მის, რომელი მიჩუენებდა ამათ. 9. და მრქუა მე: იხილე ნუ, რამეთუ შენ თანა მონაჲ ვარ და ძმათა შენთა თანა წინაწარმეტყუელთა, და რომელთა დაიცვნენ სიტყუანი ამის წიგნისანი. ღმერთსა თაყუანის-ეც. 10. და მრქუა მე: ნუ დაჰბეჭდავ სიტყუათა წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისათა, რამეთუ ჟამი ახლოს არს. 11. უსამართლოჲ იგი უსამართლოებდინ ჯერეთ, და შეგინებული შეიგინებოდენ ჯერეთ, და მართალი სიმართლესა იქმოდენ ჯერეთ, და წმიდაჲ იგი წმიდა იქმნებოდენ ჯერეთ. 12. და აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს. 13. მე ვარ ანი და ჵ, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული. 14. ნეტარ არიან, რომელნი იქმოდიან მცნებათა მისთა, რაჲთა იყოს ჴელმწიფებაჲ მათი ძელსა მას ზედა ცხორებისასა, და ბჭეთა მათ მიერ შევიდენ ქალაქად. 15. გარე იყვნენ შეგინებულნი და მწამლველნი და მეძავნი და კაცის-მკლველნი და კერპთმსახურნი და ყოველი მოყუარე და მოქმედი ტყუვილისაჲ. 16. მე, იესუ, მოვავლინე ანგელოზი ჩემი, რაჲთა გიწამოს ესე ყოველი თქუენ, ეკლესიათა. მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისი, ვარსკულავი ბრწყინვალე განთიადისაჲ. 17. და სული და სძალი იტყჳან: მოვიდოდე! და რომელსა ესმას, თქუნ: მოვიდოდე! და რომელსა სწყუროდის, მოვიდოდენ, რომელსა ჰნებავს მიღებად წყლისა მის ცხოველისა უსასყიდლოდ. 18. ვწამებ მე ყოვლისა მიმართ, რომელსა ესმოდიან სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი: უკუეთუ ვინ შესძინოს ამათ ზედა, შესძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა. 19. და უკუეთუ ვინ მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამის წინაწარმეტყუელებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხორებისა. და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა. 20. იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ! 21. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი ყოველთა წმიდათა თანა. ამინ.

ბოლოთქმა

აპოკალიპტური გამოცხადება, როგორც უწყება კაცთა მიმართ ეკლესიისა და სამყაროს მომავალზე დასრულდა 22-ე თავის მე-5 მუხლით.

მე-6 მუხლიდან იწყება მთელი აპოკალიფსისის დასკვნა.

"და მითხრა: ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე".

ყოველივე გამოცხადებულის ბოლოს იოანეს ესმის განსაკუთრებული დარიგებანი, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მასთან. დასკვნითი სიტყვებით იოანეს, როგორც ჩანს, მიმართავს იგივე ანგელოზი, რომელიც მას ადრეც მსგავს შემთხვევებში ელაპარაკებოდა, კერძოდ 19:9 და 21:5 მუხლებში. ეს სწორედ საღმრთო აპოკალიპტური გამოცხადების შუამავალი ანგელოზია. ის მოხსენიებულია ჯერ კიდევ გამოცხადების პირველ თავში (1:1), როგორც პირი, რომლის მიერაც იესუ ქრისტე იოანეს თავის გამოცხადებას აძლევს და, რომელიც მან თვით მამა ღმერთისგან მიიღო. ახლა, იოანეს მიერ ყოველივე ნანახისა და გაგონილის შემდეგ, ეს შუამავალი ანგელოზი მის მზერას ყოველივე ადრე ნანახს მიაპყრობს და შენიშნავს, რომ "ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი".

მაგრამ, ყოველივეს, რაც აპოკალიფსისში დაიწერა კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობა და მნიშვნელობა რომ შესძენოდა იოანე შუამავალი ანგელოზის სიტყვებს საკუთარ შენიშვნასაც ამატებს. ის ადასტურებს, რომ ეს სწორედ ის ანგელოზია, რომელიც მას გამოცხადებით თვით უფალმა ღმერთმა რომ გამოუგზავნა, უფალი ღმერთი კი წინასწარმეტყველთა სულების ღმერთია, ანუ იგულისხმება სულიწმიდა, რომელიც ღმრთის წინასწარმეტყველთა მთელი დასის უშუალო შთამაგონებელია (1 პეტრე 1:11; 2 პეტრე 1:21), და მრავლობითი რიცხვი, რომელიც ბერძნულ დედანშია მოცემული, მეტყველებს არა წინასწარმეტყველთა სულებზე, რომელთაც ღმერთი განანათლებს, არამედ იმ ფორმათა მრავალფეროვნებაზე, რომლის მიერაც სულიწმიდა ადამიანებს საღმრთო გამოცხადებას ანიჭებს. სწორედ თავისი სულის მიერ წარმოაგზავნა უფალმა ღმერთმა ეს ანგელოზიც აპოკალიპტური გამოცხადებით. ამიტომაც ის, რაც გამოცხადებულია აპოკალიფსისში, ისევე როგორც ის, "რაც უნდა მოხდეს მალე", სრული მიღებისა და ნდობის ღირსია.

ეს გამოცხადება ღმერთმა მორწმუნეთა ერთი რომელიმე კლასს ან წინასწარმეტყველთ კი არ მისცა, არამედ მის ყველა მონას, რომლებიც ყველანი ერთად შეადგენენ ქრისტეს ეკლესიას დედამიწაზე (მ. 16). ყოველივე გამოცხადებული, თუნდაც ის უცნაური და აღუსრულებელი გვეგონოს, მალე მოხდება, ანუ როგორც აუცილებელი და განსაზღვრული საღმრთო განგებულებით.

არა პირადად, არამედ თვით იესუ ქრისტეს სახელით შუამავალი ანგელოზი (და არა თვით იოანე) აღძრავს რა მორწმუნეებს ამბობს: "აჰა, მოვალ მალე. ნეტარია, ვინც ინახავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს" (მ. 7). უფლის მეორედ მოსვლის მოახლოვებამ თავისთავად უნდა განაწყოს და აღძრას ადამიანი იფიქროს საშინელ სამსჯავროზე, იმ პასუხისგებაზე, რომელსაც ყოველი ადამიანი მისცემს უფალს თავისი ცხოვრებისთვის და იმ შესაძლო ხვედრზე, რომელიც ადამიანს მისი საქმეების შესაბამისად ელოდება. ამიტომაც, ნეტარია ის, ვისაც ახსოვს აპოკალიპტური გამოცხადების ეს სიტყვები და მის შესაბამისად აწესრიგებს თვის ცხოვრებას, ერთი მხრივ, ყოველი ძალისხმევით ელტვის სრულყოფილებას, და ცდილობს ემსგავსოს იმ წმინდანებს, რომლებიც ახალ იერუსალიმში იცხოვრებენ, და მეორე მხრივ - ცდილობს თავი აარიდოს იმათნაირ ბიწიერებასა და უკეთურებას, რომლებიც ჩაგდებულ იქნებიან ცეცხლოვან ტბაში.

როგორც აპოკალიფსისის დასაწყისში (1:1, 2, 9), ასევე მის დასასრულს, ყოველივე ნაუწყების სანდო მოწმედ იოანე წარმოაჩენს საკუთარ თავს, რადგან ის უფლის ყველაზე უსაყვარლესი მოწაფე იყო. თავს წარმოაჩენს იმ იოანედ, რომელიც თავისი მოძღვრის მკერდს მიეყრდნო და ახლა ღირს იქმნა ესმინა და ეხილა საღმრთო გამოცხადება აღწერილი სხვადასხვა აპოკალიპტურ ხილვაში და მიეღო თვით უფლისგან და მისი ანგელოზებისგან.

"მე, იოანემ, ვიხილე და ვისმინე ეს, და როცა ვიხილე და ვისმინე, დავემხე ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა" (მ. 8). როდესაც ანგელოზმა დაასრულა მის წინაშე გამოცხადების ბოლო სიტყვები, იოანე მის ფერხთით დაეცა თაყვანისცემისთვის. იოანე უკვე მეორედ გვიყვება საკუთარ თავზე მსგავს რამეს (იხ. 19:9). ამიტომ, როგორც მაშინ ახლაც იოანემ ანგელოზისგან მიიღო შენიშვნა: "ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი, შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანა-მონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი" (მ. 9). აქ იგივე განმეორდა არა იმიტომ, რომ მან დაივიწყა ანგელოზის ადრინდელი შენიშვნა, არა იმიტომ, რომ აქ უბრალოდ საქმე გვაქვს მოგონებასთან, არამედ იმიტომ, რომ ბოლო სიტყვები ანგელოზმა იოანეს უთხრა იესუ ქრისტეს სახელით, და იოანემ ის თვით იესუ ქრისტედ თუ არა, მის წარმომადგენლად მაინც მიიღო.

"რადგან არც ანგელოზშია არანაირი ამპარტავნება და არც წმიდა იოანეშიც მედიდურობა, ანგელოზი დაუყოვნებლივ ეუბნება "ნუ იზამ ამას" ... ანგელოზი აცხადებს, რომ შემოქმედს ვერაფერი შეედრება, და ადასტურებს, იმგვარი თაყვანისცემა, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ უფალ ღმერთს, არ შეიძლება მიეგოს ქმნილებას" (აპრინგი. ტრაქტატი გამოცხადებაზე).

ასე რომ, როდესაც ანგელოზს სცემდა თაყვანს, იოანე ფიქრობდა პატივი მიეგო იესუ ქრისტესთვის და ასე იქცეოდა მისთვის ბოძებული გამოცხადების სიდიადის გამო. მაგრამ ანგელოზმა უარი თქვა ამგვარ თაყვანისცემაზე, თავს ძმათა უბრალო თანა-მონა და თანა-მსახური უწოდა, თანაც არა მარტო მისი, ანუ უფლის მოწაფის, იოანესი, არა მარტო სხვა წინასწარმეტყველთა, რომლებიც იყვნენ უფლის ნების მაუწყებელნი, არამედ უბრალო მორწმუნეებისაც კი, რომლებიც იცავენ ღმრთის მცნებებს.

ღმრთის ძლიერებისა და სიკეთის სიდიადე იმდენად მაღალია, რომ მის წინაშე ქედი უნდა მოიდრიკოს ყველა მისმა მსახურმა, და მხოლოდ მას სცენ თაყვანი, მხოლოდ ის აღიარონ მადლობის ღირსად, როგორც ყოველგვარი წყალობისა და გამოცხადების წყარო.

"კვლავ მითხრა მე: ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგანაც ახლოა ჟამი" (მ. 10). ადრე გამოცხადებულს ანგელოზი ამატებს დარიგებას, რათა ყოველივე ნანახი და გაგონილი იოანემ ჩაწეროს წიგნში და არ დაბეჭდოს. წიგნი არ უნდა იყოს დაფარული სხვებისგან, როგორც ეს ოდესღაც ეუწყა დანიელ წინასწარმეტყველს (დან. 8:26; 12:4). მაშინ წინასწარმეტყველების ცოდნას და გულისხმისყოფას, როგორც ნაადრევს, არ შეეძლო ადამიანებისთვის რაიმე სარგებლობის მოტანა. ახლა კი, პირიქით, იოანეს ეუწყება, რომ "ახლოა ჟამი", როდესაც აღსრულდება ყოველივე ის, რაც ჩაწერილია წიგნში (აპოკალიფსისში). ამ წიგნის შინაარსი ცნობილი უნდა გახდეს ქრისტიანთათვის, რადგან მათ სწორედ აპოკალიფსისს უნდა შეადარონ თავიანთი ცხოვრება და მის შესაბამისად ემზადონ უფლის მოახლოვებული მოსვლისთვის: ამ მხრივ აპოკალიფსისს გააჩნია უდიდესი ცხოვრებისეული მნიშვნელობა.

შემდეგში (მ. 11-15) ლაპარაკია არა თვით ანგელოზის პირით და არა იოანეს პირით, არამედ უფალ იესუ ქრისტეს პირით, რომლის წარმომადგენელიც არის მოლაპარაკე ანგელოზი: "უსამართლო კვლავ უსამართლობდეს, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს. აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს. მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული. ნეტა მათ, რომელნიც რეცხავენ თავიანთ სამოსს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ, რომ ბჭით შევიდნენ ქალაქში. ხოლო გარეთ ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და მკვლელნი, კერპთმსახურნი და სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი დგანან" (გამოცხ. 22:11-15).

რადგან ახლოს არის უფლის მოსვლისა და საუკუნო სამსჯავროს ჟამი, მცირე დროა დარჩენილი იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ახლა ეძლევიან ადამიანები. დაე ახსოვდეთ მათ, რომ კიდევ აღარ იქნება ასეთი დრო; მხოლოდ ახლაა სინანულის ჟამი. მაგრამ მხოლოდ ამ დროს უკეთური თავის გულში და უწმინდური თავის საქციელებში უკეთურებენ, ასევე მართალთა და წმიდათ აქვთ შესაძლებლობა იყონ ისეთნივე, როგორიც არიან, მიჰყვნენ თავიანთ ცხოვრებისეულ მიზანს და გამოიყენონ ამ მიზნის მისაღწევი წმიდა საშუალებები. მაგრამ ახლოს არის ჟამი, როდესაც ეს პირობები შეიცვლება, და დადგება პასუხისგების ჟამი. ყოველი ადამიანის ადრინდელი საქმიანობა შეწყდება, და ყოველი საკუთარი საქმეების შესაბამისად მიიღებს თავის მისაგებელს (მ. 12; 2:23; 1:18; 20:12; ესაია 40:10; 62:11).

"მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული" (მ. 16). ამით უფალი უთითებს მის წაურთმეველ უფლებასა და ძალაზე ყოველ ადამიანს მიაგოს მის საქმეთაებრ. იესუ ქრისტე ანგელოზის პირით ადასტურებს, რომ ის არის ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული (1:8), პირველი და უკანასკნელი (1:17; 2:8); ის არის სამყაროს ყოვლადძლიერი შემოქმედი, ის არის ყოველგვარი ყოფიერების მიზანი; მხოლოდ ის ადამიანი ცხოვრობს მართალი ცხოვრებით, ვინც შეესაბამება უფლის მცნებებს და მის გამოცხადებას; ხოლო ვინც განუდგება მას და არ მიჰყვება მის მცნებებს, ის კარგავს თავისი ცხოვრების სწორ საყრდენს და უეჭველად დაიღუპება. ნეტარნი იქნებიან მხოლოდ ისინი, ვინც იცავენ უფლის მცნებებს. მხოლოდ მათი დაცვა, მათი შესაბამისი ცხოვრება მიაახლოვებს ადამიანს ღმერთთან და შეიქს მას საღმრთო სასუფევლის მონაწილედ. იქ შეიძლება შევიდეს მხოლოდ ის, ვინც თავის ნებას შეუთანხმებს საღმრთო ნებას, ვინც მჭიდრო ურთიერთობაშია უფალთან და ტკბება მისი სიდიადის ბრწყინვალებით. მხოლოდ მას ეღირსება ახალი იერუსალიმის კარიბჭის გადალახვა, ვინც ცდილობს უფლის გულის მოგებას დედამიწაზე. მხოლოდ ის მიეახლება თავის უფალ-კრავს, რომლისთვისაც ის იყო ერთგული მონა (მათე 25:23); მხოლოდ მას, როგორც მუშაკს (ლუკა 19:17) აქვს უფლება იგემოს სიცოცხლის ხის ნაყოფი (2:7; 22:2).

ყველა სხვა, ვისაც ღმრთის მცნებებისადმი ექნება სხვა დამოკიდებულება, აღმოჩნდება ცათა სასუფევლის გარეთ (მ. 15). ასეთი უწმინდურია (21:27) ღმრთის წინაშე, ისევე როგორც უწმინდურნი არიან ძაღლები კაცთა წინაშე (მათე 7:6; 2 პეტრე 2:22), რომლებსაც ისინი საკუთარი საცხოვრებლიდან და ოთახებიდან აგდებენ. ამიტომაც ყველა, ვინც მოუნანიებლად ბილწავდა თავს სხვადასხვა ცოდვებით, ვინც, მოგვობითა და ჯადოქრობით უკავშირდებოდა დემონებს, საიდუმლოდ ვნებდა თავის მოყვასთ და ეწინააღმდეგებოდა ღმრთის დიდებას, ვინც ისიძვიდა და მემურშეობდა, ფუფუნებით ვნებდა მოყვასის პატივსა და სიცოცხლეს, ან მკვლელი იყო თავისი სიტყვით, საქმითა და მრისხანებით, ვინც ჭეშმარიტი ღმრთის ნაცვლად ემსახურებოდა კეპრებს, და, საერთოდ, ყველა ის, ვისაც უყვარდა უსამართლობა და აკეთებდა მის საქმეს, - ყველა მათგანი აღმოჩნდება ღმრთის სასუფევლის მიღმა, ღმრთის ნეტარებათა გარეშე. მათი ხვედრი - ცეცხლის გეენის სატანჯველია, სადაც თავს მოიყრის ყოველივე, რაც კი ეწინააღმდეგებოდა ღმრთის სასუფეველს დედამიწაზე.

"მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი. სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში. ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იესო!" (მ. 16-21).

ბოლო მუხლები (16-20) (შუამავალი ანგელოზის სახით, რომელიც ელაპარაკება იოანეს) წარმოადგენენ თვით იესუ ქრისტეს ერთგვარ შემაჯამებელ საუბარს. იოანეს, მის მიერ კი აპოკალიფსისის ყველა მკითხველს მიმართავს იესუ ქრისტე და თავისი გამოცხადების ჭეშმარიტებას ადასტურებს. ეს დასტური თვით იესუ ქრისტეს პიროვნების ავტორიტეტულობაში მდგომარეობს. მან, იესუმ, ქვეყნიერების მაცხოვარმა, მისმა გამომსყიდველმა და განკაცებულმა ძემ ღმრთისამ, ჭეშმარიტების წყარომ და არა სხვა ვინმემ (შეად. 22:8), გამოაგზავნა შუამავალი ანგელოზი (1:1) რათა ადამიანებისთვის გადმოეცა გამოცხადება და დაედასტურებინა მისი ჭეშმარიტება ქრისტიანულ ეკლესიათა წინაშე.

გამოთქმა "ვუმოწმებ ყველას" (ძვ. ქართ.: "ვწამებ მე ყოვლისა მიმართ") თანასწორია გამოთქმისა "თავისი მონებისათვის" (გამოცხ. 1:1), ანუ ყველა ქრისტიანისთვის, რომლებიც შეადგენენ ეკლესიის ცალკეულ ქრისტიანულ თემებს, ერთ საყოველთაო ეკლესიას. "ყველაში" აქ ვინმე ცალკეული პიროვნებები კი არ იგულისხმება, ან წინასწარმეტყველნი, რომელთა წარმომადგენელიც იყო იოანე, არამედ იმ ეკლესიათა ყველა მორწმუნე, რომელთა მეთაურებად, როგორც ერთგვარ ტიპაჟებად, წარმოდგენილი იყო მცირე ასიის შვიდი ეკლესია და, რომლებიც ნახსენებნი არიან აპოკალიფსისის დასაწყისში (გამოცხ. 1:11).

შთააგონებს რა მორწმუნეებს აპოკალიფსისისადმი სრულ ნდობას, იესუ, როგორც მისი მბოძებელი, საკუთარ თავს უწოდებს: 1) დავითის ფესვსა და მოდგმას და 2) ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავს. იესუ ქრისტეს ეკუთვნის იწოდებოდეს დავითის ფესვად და მოდგმად არა გადატანითი მნიშვნელობით (კოლას. 1:15), როგორც შემოქმედს და გვარის მამამთავარს - რომელიც მთელი ქმნილებისა და მათ შორის დავითის ფესვიც არის, არა დავითის სამეფო მოდგმის წარმომადგენლის, არამედ კერძო აზრით (ესაია 11:1, 10; რომ. 15:12), როგორც დავითის ძეს. ის დავითის სამეფო მოდგმის პირდაპირი შთამომავალია, რადგან მომდინარეობს მისგან, როგორც თავისი ფესვისგან და, როგორც ყლორტს გააჩნია უშუალო კავშირი ფესვთან, ასევე განკაცებულ ქრისტეს დავითთან.

ხოლო ცისკრის ვარსკვლავად (2:28) წოდება ქრისტეს ანიჭებს ქრისტიანული სასოებისა და მომავალი ნეტარი სასუფევლის დამფუძნებლის მნიშვნელობას. ქრისტეს, როგორც დავითის შთამომავალს და კაცთა მოდგმის გამომსყიდველს ელოდა ყველა ძველაღთქმისეული მართალი; ამგვარად გამოჩნდა ის ახალაღთქმისეული კაცობრიობისთვის, და განახორციელა ყოველივე, რაც კი ძველ წინასწარმეტყველთა მიერ იყო მისთვის უწყებული.

ახალაღთქმისეული წინასწარმეტყველებით ის კვლავ უნდა გამოჩნდეს ახალი აღთქმის დასასრულს (საქმე 1:11), რათა დასაბამი მისცეს ახალ, მარადიულ სამეფოს, სრულყოფილ ერთობას ადამიანისა ღმერთთან. ამიტომაც არის ის წოდებული "ცისკრის ვარკსვლავად", რომელიც დღის დადგომას იუწყება და ყველა მორწმუნეთა გულებს, ამ წუთისოფლის წკვარამში სასოების სალბუნად ეფინება. ამიტომაც მას, როგორც ქრისტიანულ სასოებათა შემსრულებელს, ლოცვით უნდა მივმართოთ: "მოდი".

"სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი" (მ. 17).

ამ ლოცვას ქრისტეს მიმართ წარმოთქვამს სასძლო (ეკლესია). "სულში" არ უნდა გავიგოთ წინასწარმეტყველნი, ქრისტიანული საზოგადოების მეთაურნი; ასევე არ უნდა ვიგულისხმოთ მასში წინასწარმეტყველებათა შემეცნების სული, რომელიც (შემეცნებაც) თვისობრივია ქრისტიანული ეკლესიისთვის; ზუსტად ასევე დაუშვებელია ეს სული საერთოდ წინასწარმეტყველების სულად იქნას გაგებული; მისი მნიშვნელობა უფრო სიღრმისეულია. ეს სული არის წმიდა სული, რომელიც, იმყოფება და ქრისტიანულ ეკლესიაში, ხელმძღვანელობს მას ჭეშმარიტი რწმენით და აძლიერებს სასოებას. სასძლო, ანუ ქრისტიანული ეკლესია, ქრისტესადმი მორწმუნე მთელი საზოგადოება, თავისი იდეალური სიწმიდითა და ჭეშმარიტებით, რომელსაც, წუთისოფლის საცთურთა და დაბრკოლებათა მიუხედავად, მიუძღვის და წარმართავს სულიწმიდა, ყოველთვის შესცქერის ზეცას, როგორც თავის სამშობლოს, და დაუღალავად და შეურცხვენლად ელის უფლის მიერ დაპირებულ მეორედ მოსვლას და მარადიული ნეტარი სასუფევლის დადგომას.

აძლიერებს რა ქრისტიანული ეკლესიის სწავლების მნიშვნელობას, იესუ ქრისტე იოანეს, მის მიერ კი აპოკალიფსისის ყველა მკითხველს, ეუბნება:  "ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში" (მ. 18, 19). ადრე, ჯერ თავისი მიწიერი ცხოვრების პერიოდში, შემდეგ კი მოციქულთა მიერ, უფალი მოწმობდა, რომ მისმა მორწმუნეებმა უნდა იცხოვრონ მომავალი მარადიული სასუფევლის სასოებით (მათე 25:34; ლუკა 18:29). ახლა ის კიდევ ერთხელ მოწმობს იმავე საგანზე. მაგრამ ეს ბოლო მოწმობა ამ საკითხს ეხება სხვა მხრივ. რადგან აპოკალიფსისში განსაკუთრებული დეტალიზაციით არის გახსნილი სწავლება მომავალ უკანასკნელ სამსჯავროზე და მარადიულ სასუფეველზე, იესუ ქრისტეც იმოწმებს ამ წიგნს, როგორც თავის ახალ და სპეციალურ მოწმოებას, და ამ მოწმობას, - ამ წიგნის წინასწარმეტყველებას, - ყოველი ქრისტიანი სრული ღვთისმოშიშებით უნდა მოეკიდოს.

18-ე და 19-ე მუხლებში ლაპარაკი არ არის გადამწერებზე, მათ მიმართ როდია ეს მუქარა გამოთქმული, არამედ ყველა მკითხველისადმი და ამასთან ლაპარაკია წიგნის არა გარეგნულ მხარეზე, არამედ მის შინაარსზე რომლის საგანიც არის ქრისტიანთა სასოება და ნუგეში. ვინც რაიმეს დაამახინჯებს აპოკალიფსისის შინაარსიდან და მას რაიმე საკუთარ არასწორ გააზრებას მიამატებს, ის დაექვემდებარება ყველა იმ სასჯელს, რომელზეც აქ არის ლაპარაკი და, რომელიც ღმრთის სასუფევლისა და ღმრთის განგებულების მტრებზე მოიწევს.

ზუსტად ასევე, ის, ვინც უნდობლობით მოეკიდება აპოკალიფსისს და არ ისარგებლებს იმით, რაც მასშია ნათქვამი, თითქოსდა ის არ იმსახურებდეს ნდობა, სიცოცხლის წიგნიდან ამოიშლება (მ. 19; შეად. 17:8; 20:15), რომელშიც ჩაწერილნი იქნებიან ახალი იერუსალიმის ნეტარი ბინადრები და იმ სიკეთეთა მოზიარენი, რომლებიც ესოდენ მკაფიო ნიშნებით არის აღწერილი ორ თავში. ზუსტად ისევე, როგორც მოციქული პავლე ემურებოდა წყევლით (გალატ. 1:8, 9) ყველა იმათ, ვინც თავისი ცრუსწავლებით შეგნებულად ამახინჯებს ქრისტიანულ სარწმუნოებას, იოანეც ემუქრება ყველას ქრისტიანულ სასოებაზე სწავლების შემრყვნელთა და გამყალბებელთ.

"ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იესო!" (მ. 20, 21).

დასასრულ, როგორც ეს ბოლო გამომშვიდობებას ახასიათებს ხოლმე, უფალი არაერთხელ მიმართავს იოანეს და, შეახსენებს რა საკუთარი პიროვნების ავტორიტეტს, როგორც გამოცხადებულის მოწმესა და თვითმხილველს, სამი სიტყვით გადმოსცემს აპოკალიპტური გამოცხადების მთელ არსს: "ჰო, მოვალ მალე!" (1:2, 5). ხოლო იოანე, რომელმაც მორჩილად ისმინა ბოლო გამოსამშვიდობებელი სიტყვები, ყველა მორწმუნის სახელით ბრძანებს: "ამინ, ჰო, მოდი, უფალო იესუ!". "ესო, - ბრძანებს ანდრია კესარიელი, - უნდა ნიშნავდეს იმას, რომ წმიდათათვის სასურველია ქრისტეს მოსვლა, რადგან ის თავის მორწმუნეთ მრავალგვარი სიკეთით დააჯილდოვებს".

წიგნის დასასრულს, წმიდა იოანე უკვე თვითონ, პირადად, მოციქულ პავლეს მსგავსად (რომ. 16:24; გალატ. 6:18; ფლპ. 4:23), თვითონვე გადასცემს თავის კეთილ მოსურვებას აპოკალიფსისის მკითხველს:

"ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ" (მ. 21).

წყარო:  Священник Николай Орлов. Апокалипсис святого Иоанна Богослова: Опыт православного толкования. Санкт-Петербург. 1999 г.
Назад к содержимому