პროპაგანდა - აგიტაცია და პროპაგანდა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > პროპაგანდა
აგიტაცია და პროპაგანდა
აგიტაცია და პროპაგანდა
უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიამ ყველანაირად თავი უნდა აარიდოს ორ რამეს - აგიტაციას და პროპაგანდას.
 
რა არის აგიტაცია? მარტივად თუ ვიტყვით, ეს არის ვინმეს მიდრეკა საკუთარი იდეოლოგიის, საკუთარი მსოფლმხედველობის შესაწყნარებლად. მაგრამ ატიგაცია არასოდეს არ გამოხატავს ერთი ადამიანის თვალსაზრისს, აგიტაცია ყოველთვის გამოდის კოლექტივის, პარტიის, ხოლო ეკლესიების შემთხვევაში - დენომინაციის სახელით.
 
აგიტაცია ჩვეულებისამებრ ხორციელდება სურათების, ფოტოების, ლოზუნგების, ბანერების, ვიდეო-რგოლების, ლექსების და ა. შ. სახით. აგიტაციის საფუძველია - მიუთითოს, თუ რა არის "სწორი და სასარგებლო" (მაგალითად, ხმა მიეცით X-ს, ეწვიეთ ახალგაზრდულ კონფერენციას, დაეხმარეთ ამა და ამ მღვდელს ეკლესიის აშენებაში და სხვა) და რა არის "არასწორი და უსარგებლო" ("თუ ჩვენს შეკრებას არ დაესწრები, ხელიდან გაუშვებ ბედნიერბას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას", "გსურს ფინანსური წარმატება? - ეწვიე, შესწირე, კიდევ შესწირე").
 
აგიტაცია კონტრასტებზე თამაშობს - "ჩვენ მღვდლებთან ერთად მწვადებს მივირთმევთ და ეპისკოპოსებთან ერთად ექსკურსიებზე დავდივართ, თქვენ კი რას მიაღწიეთ?" "შენ გერიდება გოგოების გაცნობა, მოდი ჩვენთან, აქ გოგონები ხელგაშლილები და ადვილად მისაწვდომები არიან, მოხვალ, უკვე ხვალვე დაქორწინდები, გარანტიას გაძლევთ". - ეს არის აგიტაცია.
 
აგიტაციაა, როდესაც გეუბნებიან - "მსოფლიოს ქაოსშია, მსოფლიოში კრიზისია, ჩვენთან კი - არა. ჩვენთან ეკონომიკა დუღს და გადმოდუღს. ჩვენ ვიკრიბებით, ვსვამთ ჩაის ორცხობილებთან ერთად, ჩვენ ყოველთვის ვჭამთ ხორცს, დავდივართ რესტორნებში, ექსკურსიებზე. ეს არის პირველი, რასაც ისწავლი თუკი ქრისტიანი გახდები. ზოგჯერ ვიმარხულებთ, მაგრამ ექსკურსიებს არასოდეს დავტოვებთ, გვექნება კარგი ხორცი, კარგი საჭმელი, დროს კარგად გავატარებთ, მოდი..." - ესეც აგიტაციაა.
 
ვინმე იტყვის: რა არის აქ დანაშაულებრივი? ეს ხომ აუდიტორიის მიზიდვის ხერხია და სრულიად ნორმალურია? არა, არ არის ნორმალური! აგიტაცია ყოველთვის აბუქებს ერთ რამეს, პოზიტიურ ზღვარს, და სხვა არაფერს ახსენებს. ფაქტობრივად ეს არის მცდელობა მიდრიკოს მასები პარტიის, სახელმწიფოს, თემის და ა. შ. თვალსაზრისისკენ. მაგალითად, ევანგელური ბროშურები სტილში: "გიწვევთ ექსკლუზიურ საღამოზე დიჯეისთან ერთად. გვექნება თამაშობები და ვიქტორინები" - აშკარა აგიტაციაა.
 
საერთოდ, აგიტაციის არსი იმაშია, რათა დააკნინოს რაიმეს არსი და აქცენტი ილუზორულზე ან არარსებულზე გააკეთოს. კერძოდ, ზოგიერთი ლამაზად გაფორმებული მიწვევით ვუალირებულია (შენიღბულია) სხვა მიზანი: "გიწვევთ ოჯახურ წვეულებაზე, სადაც ოჯახურ ღირებულებებზე ვისაუბრებთ", სინამდვილეში კი შეიძლება ვუალირებული იყოს მოწოდება: "ჩვენ კიდევ გვჭირდება ეკლესიის წევრები, შემოწირულობები ეცემა, გააძლიერეთ აგიტაცია".
 
ეკლესიებში, სადაც აგიტაცია ჰყვავის, "ლიდერებს" ბუკვალურად ქსელური მარკეტინგის პრინციპებით აიძულებენ ადამიანები ნებისმიერ ფასად დაარწმუნონ, რომ საჭიროა ამ კონკრეტულ ეკლესიაში მოსვლა, სადაც მისვლის შემდეგ უკვე მოქმედებაში მოდის პროპაგანდა.
 
აგიტაციის პირველი ფაზაა - აიძულონ, დაარწმუნონ ადამიანები მოვიდნენ, დასხდნენ მოსასმენად და უკვე... აღარ გაუშვან. ხოლო რომ არ წავიდნენ, ირთვება კორპორაციული ეკლესიის მომდევნო მექანიზმი - პროპაგანდისტული მანქანა.
 
პროპაგანდა, ეს არის ინფორმაციის გავრცელება, კერძოდ, - ფაქტების, არგუმენტების, ჭორების, ნახევრადსიმართლის ან სიცრუის - რათა გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზეს.
 
პროპაგანდა - ცნობიერების მანიპულირების მეტ-ნაკლები სისტემატური ძალისხმევაა; ის სიმბოლოთა დახმარებით ცდილობს სხვა ადამიანთა ცნობიერების, მოქმედებებისა და ურთიერთობების მანიპულირებას. ეს სიმბოლოები შეიძლება იყონ (სიტყვები, ჟესტები, ბროშურები, პლაკატები, მონუმენტები, მუსიკა, ტანისამოსი, განმასხვავებელი ნიშნები, ვარცხნილობა, მორთულობა, ნახატები მონეტებსა და საფოსტო მარკებზე და ა. შ.).
 
წინასწარგანსაზღვრული და შედარებით ძლიერი აქცენტირება მანიპულაციაზე პროპაგანდას განასხვავებს ჩვეულებრივი ურთიერთობისგან ან იდეების თავისუფალი გაცვლისგან. პროპაგანდისტს გააჩნია კონკრეტული მიზანი ან მიზანთა კრებული. მათ მისაღწევად პროპაგანდისტი მიკერძოებულად ირჩევს ფაქტებს, არგუმენტებს, სიმბოლოებს და მათ ისე წარმოაჩენს, რომ უმეტეს ეფექტს მიაღწიოს. ეფექტის მაქსიმიზირებისთვის, მან შეიძლება გამოტოვოს არსებითი ფაქტები ან დაამახინჯოს ისინი, შეიძლება ეცადოს აუდიტორიის ყურადღება ინფორმაციის ერთი წყაროდან სხვა წყაროებზე გადაიტანოს.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროპაგანდაა, როდესაც ლოზუნგებით, ნახევარსიმართლით, ბრალდებებით, ცილისწამებებით, ფაქტების დამახინჯებებით თავს ერთადერთ მართალ და ჭეშმარიტ ადამიანად, პარტიად თუ მოძრაობად წარმოაჩენენ და სოციუმში ნერგავენ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპებს. პროპაგანდა არასოდეს ამბობს, რომ თეთრი - თეთრია, და შავი კი - შავი. პროპაგანდა ყოველთვის ნათლით მოსავს საკუთარ თავს (საკუთარ დენომინაციას) და ამუქებს სხვას და ამას ფაქტების აშკარა გაყალბებით აკეთებს.
 
პრობლემა იმაშია, რომ პროპაგანდა ყოველთვის ცუდია, რადგან ეს ყოველთვის საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირება და ყოველთვის აზროვნებისა და ქცევის კონტროლია. მრავალი დაგვეთანხმება, რომ ლგბტ-ს პროპაგანდა ცუდია, და რომ ნარკოტიკების პროპაგანდა ამაზრზენია, მაგრამ ქრისტიანობის პროპაგანდაც არ არის კარგი. ქრისტიანობას არ სჭირდება პროპაგანდირება, როგორც პროპაგანდირებენ ჯანსაღი ცხოვრების წესს ან პაციფიზმს, ან კიდევ ტოლერანტობას თუ რომელიმე პარტიას და სხვა.
 
"აირჩიე ქრისტე! აირჩიე მარადიული ცხოვრება!" - განა ლოზუნგურად არ ჟღერს?! ეს ისეთივე აგიტაციაა, როგორიც მაგალითად - "იფრინეთ აეროფლოტის თვითმფრინავებით!"
 
სახარების პროპაგანდა იმითაა ცუდი, რომ მას სწორედაც რომ პროპაგანდირებენ. "მოდი ეკლესიაში და დაოჯახდები! მოდი მსახურებაზე და შენი პრობლემები გაქრება! იესუ ყველა შენს ნატვრას აასრულებს! გელოდებით, შენ უკვე წინდაწინ უყვარხარ ყველას, მიუხედავად იმისა, რომ არც გიცნობენ!"
 
თანამედროვე ეკლესიებში აგიტაცია და პროპაგანდა რა თქმა უნდა ეკლესიის ბიუჯეტზეა დამოკიდებული და ყველას როდი შეუძლია ამ ფუფუნებით სარგებლობა (ამისთვის დიდება უფალს!), მაგრამ საკუთარი უბნის, დაბის თუ სოფლის საზღვრებში "მოდი და ყველაფერი გექნება", "იესუს უყვარხარ", "მოდი ერთად გავიდეთ პიკნიკზე, ექსკურსიებზე"... და ა. შ.
 
პროპაგანდის პრობლემა იმაშია, რომ ის ადამიანებს თავს ახვევს დამახინჯებულ წარმოდგენას ღმერთზე, ეკლესიაზე, რწმენასა და ქრისტიანობაზე. პროპაგანდაა, როდესაც შენს ეკლესიაში წმიდა წერილს იმდენად არ ქადაგებენ, რამდენადაც თუ როგორ უნდა დამორჩილდე მოძღვარს, მისი ნების გარეშე არაფერი აკეთო, ლამის მოიკვეთო საკუთარი ნება და ყველაფერში მოძღვარს დაემორჩილო. ამგვარ მონასტრულ მორჩილებას საერო ტაძრებში დამღუპველი შედეგები მოაქვს, რაც უკვე ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიაში (მაგ.: რუსეთში) განსაკუთრებულ პრობლემად იქცა. თანაც ისეთ პრობლემად, რომ ეკლესიის მღვდელმთავრები განსაკუთრებულ და სპეციალურ დადგენილებებს იღებენ მის წინააღმდეგ.
 
რაც მთავარია, - აგიტაციაა, როდესაც მუდმივად ჩაგჩიჩინებენ მოტივაციას "წადი და ყველას სახარება უქადაგე". შენც მიდიხარ და ... ქადაგების ნაცვლად ქრისტეს პროპაგანდას ეწევი: "გამარჯობათ, იესუს უყვარხარ, მოდი ჩვენს შეკრებაზე, ჩვენთან სიხარულია, ჩვენთან კარგი საქმროებია (ან კარგი საცოლეებია), ჩვენ ექსკურსიებზე დავდივართ, ჩვენ ყველა გვიყვარს და ა. შ.
 
დაუქორწინებელი ხარ? - მოდი, ჩვენთან არაჩვეულებრივი, მორწმუნე გოგონები გელოდებიან! მუსიკალური ნიჭი გაქვს? - მოდი ჩვენთან გუნდში ჩაეწერები! კარგად ხატავ? - ხატმწერლობას გასწავლიან!
 
ეს სახარების ქადაგება არ არის, ეს პროპაგანდაა!
 
თქვენს ეკლესიაში (ან თემში) თუ აგიტაცია და პროპაგანდა ყვავის, მაშინ იქ ყოველთვის იქნება ლოზუნგი "პარტია ყოველთვის მართალია", იქ ყოველთვის იქნება ფინანსური პირამიდა და ქსელური მარკეტინგი, იქ ყოველთვის იქნება ფარული იერარქია და ელიტა.
 
და რაც ყველაზე სასაცილოა, აგიტატორების უმთავრესი მიზანი შენი გააგიტატორებაა... რომ გახვიდე და უკვე სხვებს ისეთივე აგიტაცია-პროპაგანდა ჩაუტარო, რაც ოდესღაც შენ ჩაგიტარეს...
 
ვისაც ყური აქვს ისმინოს...
 
გამგები გაიგებს...

საიტ "აპოკალიფსისის" რედაქცია. მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით. 23 აგვისტო. 2021 წ.
Назад к содержимому