პუბლიკაციები - ქრისტიანობა გსურს?! - სიკვდილისთვის გაემზადე! - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ქრისტიანობა გსურს?! - სიკვდილისთვის გაემზადე!
ქრისტიანული მოწამეობრივი ღვაწლი
"შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი"
სიბრძნე ზირაქისა 2:1
 

მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური
 
იოანე 18:36
 

ყველას სრულყოფილად როდი აქვს შეგნებული ეს აზრი. მიუხედავად რწმენისა მარადიული ცხოვრებისადმი ცათა სასუფეველში, მრავალი ჩვენგანი საკმაოდ მიჯაჭვულია მიწიერ ცხოვრებას, წუთისოფელს. ამიტომაც ქრისტიანობასაც მიმართავენ, როგორც შესაძლო საშუალებას დაიცვან და მოაწყონ მიწიერი ცხოვრება, და არა როგორც გზას მარადიული ნეტარი ცხოვრებისკენ. არადა ქრისტიანობა - ეს დედამიწაზე თავდაცვისა და გაძლების მეთოდი არ არის. მთელი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მომზადება სიკვდილისთვის. და ხშირად, ადამიანები, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებენ, ამას ივიწყებენ.
 
ქრისტემ, როდესაც ცათა სასუფეველზე ლაპარაკობდა, მოიყვანა ასეთი მაგალითი: "და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა" (მათე 13:44).
 
ვიქცევით თუ არა ისე, როგორც მოიქცა ეს ადამიანი? მთავარი საგანძური, რომელსაც ქრისტე გვთავაზობს - ეს, რა თქმა უნდა, არის მარადიული სიცოცხლე ღმრთის სასუფეველში. უსასრულო სიცოცხლე ღმერთთან, სადაც არ არის არც სიკვდილი, არც სნეულება, არც ჭირი, არც ტანჯვა! გვწამს თუ არა ამისი? თითქოსდა გვწამს. მაგრამ, იმდენად თუ გვწამს ამისი, რათა ყოველივე მიწიერი ჩავთვალოთ უსარგებლო ნაყარ-ნუყარად? არის კი იმდენად ძლიერი ჩვენი რწმენა ამ საგანძურის ღირებულებისადმი, რათა მზად ვიყოთ გავაუფასუროთ ყოველივე დროებითი და მიწიერი?
 
რა თქმა უნდა, წუთისოფლისგან სრული განდგომა, ალბათ, მხოლოდ ბეჯით მონაზვნებს თუ ახასიათებთ, რომლებმაც გაიარეს არცთუ მცირე სულიერი მანძილი. ერისკაცები უფრო მიწას არიან მიჯაჭვულნი თავიანთი მიწიერი ვალდებულებებით, ამ წუთისოფელში სატარებელი თავიანთი ჯვრის ძალით. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ღირებულება იმ საგანძურისა, რასაც ღმრთის სასუფეველი ჰქვია, მრავალგზის უნდა აღემატებოდეს ყოველივე მიწიერს. უნდა აღემატებოდეს, მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის როდია ასე ჩვენს ცხოვრებაში.
 
როდესაც ქრისტიანისთვის ცათა სასუფეველში მარადიული ცხოვრება სადღაც ჩაიკარგება ხოლმე, რომელიღაც ბუნდოვანი მომავალის ხანგრძლივ გეგმაში - ეს სინამდვილეში ძალიან საშინელი მდგომარეობაა. ასეთი მიდგომა ქრისტიანობას ნამდვილ წარმართობად და ევუალირებულ კერპთაყვანისმცემლობად აქცევს; როდესაც ქრისტიანულ რწმენას მთლიანად ამსახურებენ მიწიერ ცხოვრებას, ხოლო ქრისტეს, ღვთისმშობელს და ყველა წმინდანს მხოლოდ მშვიდი, უშფოთველი ცხოვრების დამცველებად წარმოიდგენენ. ამგვარი ადამიანებისთვის, ზეციური სამყაროს შეწევნა, ღმერთის ჩათვლით, ხდება ჯანმრთელობის, მატერიალური კეთილდღეობის, მიწიერ ძნელბედობათაგან დაცვისა და უფრო იოლი ცხოვრების მისაღწევი საშუალება.
 
მაშ, სადაა ის უძვირფასესი განძი? ოჰ, მანამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია, ის ჯერაც ეფემერულია. ჩვენ უარს არ ვამბობთ მასზე, თითქოსდა ის ძალიან გვსურს, მაგრამ ოდესღაც მომავალში, შემდეგ, როდესაც მისი დრო დადგება და მისთვის მოვიცლით. მანამ კი - ჩვენ გვსურს, რათა კარგად ვიყოთ აქ და ახლა. ჩვენ არ ვართ მზად ყველაფერი ახლავე გავყიდოთ, რათა მოვიპოვოთ ის უზენაესი საგანძური, ჩვენ ამ ყოველივეს გავყიდით მაშინ, როდესაც ამისი დრო მოვა. მანამ კი ვისიამოვნებთ მით, რისი მიღებაც აქ შეგვიძლია. სად გვეჩქარება?!
 
თითქოსდა ყველაფერი ლოგიკურია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ასეთი მდგომარეობა გვიჩვენებს, თუ რაოდენ შორს ვართ ჭეშმარიტი ღირებულებებისგან და საბოლოო ჯამში ღმრთისგანაც.
 
როდესაც ქრისტემ ორმოცი დღე იმარხულა უდაბნოში, ეშმაკმა მას ყოველი მიწიერი სიკეთე შესთავაზა:
 
"კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი. და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე" (მათე 4:8, 9).
 
უფალმა სატანას უფლება მისცა ამ წუთისოფლის თავადი ყოფილიყო. მეტიც, ნება დართო მას ივაჭროს იმით, რაც ეშმაკს არასოდეს ეკუთვნოდა. ღმერთმა მისცა მას ასეთი შესაძლებლობა. სატანისადმი თაყვანისცემით შეიძლება მიიღო წუთისოფლის მთელი სამეფონი და მათი დიდება. ხოლო ღმრთის სასუფეველი უკვე არ არის ამქვეყნიური...
 
ამრიგად, ნახეთ რას იძლევა სატანა - დედამიწის ყოველ სამეფოს და მათ დიდებას. ანუ ეშმაკს შეუძლია მოგვცეს ყოველივე მიწიერი, ამქვეყნიური სიკეთენი: წარმატება, დიდება, ფული, ჯანმრთელობა და ხანდაზმულობა. რას იძლევა ღმერთი? ყველაზე ღირებულს - მარადიულ სიცოცხლეს ცათა სასუფეველში. ახლა ვიფიქროთ - რას უფრო ისურვებდით? იმას, რასაც ღმერთი იძლევა თუ იმას, რისი მოცემის შემძლეა სატანა? და თუკი ყველაზე მეტად მოისურვებთ იმ სიკეთეთა მიღებას, რასაც ეშმაკი იძლევა - მაშინ სატანისტი ხომ არ აღმოჩნდებით? თუმც კი უწოდებთ თავს ქრისტიანს და ცხოვრობთ ქრისტიანულ დეკორაციებში, არსებითად აღმოჩნდებით სატანისტი.
 
ჩაიხედეთ თქვენს გულში და შეხედეთ საითკენ არის მიმართული თქვენი ძირითადი ძალები და სურვილები? რას უმიზნებს თქვენი ლოცვების უმრავლესობა? რის გამო აკეთებთ ტაძარში მეტანიათა უმრავლესობას? რისთვის ანთებთ სანთელთა უმრავლესობას ხატების წინაშე? რომელი ღირებულებისთვის ემთხვევით წმინდანთა უხრწნელ ნაწილებს და მიმართავთ წმინდანთ? ქრისტე ამბობს: "სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი" (მათე 6:21). თქვენი გული კი მიწაზეა და მიწის მტვერს შესცქერის, ამიტომაც მტვერი იქნება თქვენი საბოლოო ხვედრიც.
 
დღეს ზოგიერთი მობილიზებული მამაკაცი მოდის ტაძარში და ითხოვს პარაკლისს. ეს კარგი საქმეა. ძალიან კარგი. თუნდაც ასეთ მომენტში მაინც ვიღაცამ გაიხსენა ღმერთი - და ეს ძალიან კარგია, რადგან ყველანი როდი ფიქრობენ ღმერთზე ასეთ ვითარებებში. მაგრამ, კვლავაც, ტაძრებში მოსიარულეთაგან ყველა როდი არის მზად სიკვდილისთვის. უმეტესობა აქ თავდაცვისთვის დადის. რათა არავინ გაკაწროს, არავინ მოჰკლას, რომ ცოცხალი დაბრუნდნენ სახლებში. ეს კარგი სურვილია, მასში ცუდი არაფერია, მითუმეტეს, მრავალს ჰყავს ოჯახი და მოვალეობა ზიდოს ოჯახური ჯვარი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სიკვდილის ხსომება და ის, რომ სიკვდილისთვის მზადება - ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეა, ვიდრე ზრუნვა მიწიერი ცხოვრების მოწყობისთვის.
 
ილოცა, აღსარება თქვა, ეზიარა, სრულიად მიენდო ღმრთის ნებას - და მოემზადა სიკვდილისთვის წმიდა გულით, თუკი ღმერთი ასე ინებებს. აი ჭეშმარიტი ქრისტიანული განწყობა. ქრისტეს ჯვარიც - ეს ხომ უპირველესად სამსხვერპლო სიკვდილია. ის უბადლო ნიმუშია ჩვენთვის. სამკერდე ჯვარიც - ყოველგვარ ჭირვებათაგან თავდასაცავი ავგაროზი კი არ არის, არამედ შეხსენება იმისა, რომ ქრისტეს მიერ ჩვენთვის გაღებული სისხლი სამსხვერპლო სისხლი იყო ჩვენდა საცხოვნებლად. სამკერდე ჯვარი მიწიერი უკვდავებისა და ხელშეუხებლობის სიმბოლო კი არა არის, არამედ შეხსენებაა იმისა, რომ მომავალ საუკუნეში გველის მარადიული სიცოცხლე ქრისტეში.
 
ღირ. აბბა ესაია ამბობს: "ყოველდღიურად გქონდეთ სიკვდილი თქვენს თვალთა წინაშე. დაე მოგიცვათ განუწყვეტელმა საზრუნავმა იმაზე, თუ როგორ დაშორდებით საკუთარ სხეულს, როგორ შეძლებთ ბნელეთის ძალთა სფეროების გავლას, რომლებიც შეგხვდებიან საჰაერო სივრცეში, როგორი წარმატებით წარსდგებით ღმრთის წინაშე. მოემზადეთ ღმრთის სამსჯავროს საშინელი დღისთვის, როდესაც პასუხს მისცემთ თქვენი ცხოვრებისთვის და ყოველწამ თვალწინ წარმოიდგინეთ იგი. მაშინ ყველას მიეგება თავისი საქმეების მიხედვით, მაშინ შეფასდება თქვენი ყოველი სიტყვა და საქმე, რადგან ყველაფერი შიშველი და აშკარაა უფლის თვალწინ, ვისაც უნდა წარვუდგინოთ ანგარიში ჩვენი მიწიერი ცხოვრებისთვის. ამინ".

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". თბილისი 2022.10.
Назад к содержимому