ანტიერეტიკონი - ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება 1 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
მღვდელი გეორგი მაქსიმოვი

ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება

(ქვეყნდება უმნიშვნელო შემოკლებით)
სულის ცხონება

1. რა უნდა ითქვას იმათ შესახებ, რომლებიც დაიბადნენ და გარდაიცვალნენ არამართლმადიდებლურ ქვეყნებში და, რომელთაც ობიექტურად არ ჰქონდათ შესაძლებლობა შეეცნოთ მართლმადიდებლობა?

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ თვით საკითხის ასე დაყენება ღმრთის უარყოფას ვარაუდობს. უკეთეს შემთხვევაში ის ჩნდება ჩვენი სიკვდილის შემდეგ, საიქიოში, ხოლო აქ, დედამიწაზე, ჩვენ ჩვენთვის ვცხოვრობთ, და ამიტომაც სწორედ ჩვენს საქმეებზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა არამართლმადიდებლურ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი შესაძლებლობას გახდეს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი. აჰა, თუ მიაღწია რომელიმე მისიონერმა ახალ კალედონიამდე - ეკლესია იქ დაფუძნდება და თუ ვერ მიაღწია, დავუშვათ, გემის ჩაძირვის, ბილეთების სიძვირის ან უბრალოდ მისიონერთა სიზარმაცის გამო, - ეკლესია იქ არ დაფუძნდება. ანუ, თითქოსდა ყველაფერს ჩვენი მოქმედება და შემთხვევითობა განაპირობებს, და თუკი ჩვენ საკუთარი არასრულყოფილებითა და უძლურებით ვერ შევძლებთ ღმრთის სიტყვის მიტანას რომელიმე მიწამდე, ღმერთს სხვა რა გზა დარჩენია შეწუხდეს ამაზე და იფიქროს გარდაცვლილ ახალკალედონიელთა ცხოვნებაზე.

მხოლოდ ამგვარი შეხედულების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს ზემოთხსენებული კითხვა.

მაგრამ ასეთ შეხედულებას არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლურ რწმენასთან ღმერთზე, რომელიც არის ყოვლისმპყრობელი და განმგებელი, რომლმაც "შექმნა ქვეყანა. ... და ყოველი, რაც არს მასში" (შეად. იობ. 34:13). ნუთუ ღმერთი, რომელიც იმაზეც კი ზრუნავს, რომ გამოზარდოს ყვავის ბახალა ან ლამაზად შეამკოს შროშანი (იხ. ლუკა 12:24, 27), არ იზრუნებს ადამიანის ცხონებაზე, რომელიც "ბევრად სჯობია ფრინველთ" (შეად. ლუკა 12:24)?

ჩვენ ვიცით, რომ "კეთილია უფალი" (ფსალმ. 134:3), რომ მას "ნებავს, ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას" (1 ტიმ. 2:4). მას ყველაფერი შეუძლია, ამიტომაც თქვა საკუთარ თავზე: "მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი" (დაბ. 17:1, 35:11). ის ყოვლისმცოდნეა (იერ. 15:15; ესთ. 4:17), მისთვის თვალსაჩინოა ისიც, თუ რა ხდება კაცთა გონებასა და გულებში: "ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა" (1 ნეშტთა 28:9), "მან იცის საიდუმლონი გულისა" (ფსალმ. 43:22). ამიტომაც უწოდებს წმიდა წერილი ღმერთს "გულთამხილველს" (საქმე 1:24; 15:8).

მაშ, თუკი ღმერთი ასეთია, შეუძლებელია მან თავისთან არ მოიყვანოს და მის მიერ დაფუძნებულ მართლმადიდებლურ ეკლესიას არ აზიაროს ადამიანი, რომელიც უფალს გულწრფელად ეძებს, და რომლის გული ღიაა ღმრთისადმი სიყვარულისთვის.

ხოლო თუკი მაინც დავიწყებთ დავას და მტკიცებას, რომ ღმერთი უყურადღებოდ ტოვებს მისდამი მოღაღადეთ, რომ ცოდვისა და სიცრუის ზღვაში ტოვებს მათ, ვინც გულწრფელი მართლმადიდებელი გახდებოდა მის გონებამდე და გულამდე მართლმადიდებელ მისიონერთა ქადაგება რომ მისულიყო, - მაშინ ჩვენს წინაშე დადგება კითხვა: რატომ მოიქცა ღმერთი ასე? რატომ არ გააგზავნა მან მისიონერი ამ ადამიანთან? და ამ კითხვაზე პასუხისას, ჩვენ მივადგებით ტრილემას:

1. ან ღმერთმა იცის, რომ რომელიღაც მართლმადიდებელ ხალხში არის ადამიანი, ვისი გულიც ღიაა და მზად არის ღმრთის მისაღებად, სურს ამ ადამიანის ცხონება, მაგრამ არ ძალუძს - მაშინ ის ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერი არ ყოფილა.

2. ან ღმერთს შეუძლია ასეთი ადამიანის გადარჩენა, სურს მისი ცხონება, მაგრამ არ იცის, რისკენ იხრება ამ ადამიანის გული და ვერ არჩევს, კაცთაგან ვინ არის ღია ჭეშმარიტების მისაღებად, - მაშინ ღმერთი ყოვლისმცოდნე არ ყოფილა.

3. ან კიდევ ღმერთმა იცის, რომ არის კაცი, რომელიც ღიაა ჭეშმარიტების მისაღებად, სწყურია იგი, ღმერთსაც შეუძლია მისი გადარჩენა, მაგრამ არ სურს ამისი გაკეთება - და მაშინ ღმერთი სიყვარული და სიკეთე არ ყოფილა.

ამ გადაწყვეტილებათაგან ნებისმიერი მიდის უკიდურეს ღმრთისგმობამდე, რომლის შესახებაც წერდა ეპისკოპოსი ეგნატე.

მაგრამ არის მეოთხე გადაწყვეტილებაც. ერთადერთი, რომელშიც არ არის მკრეხელობა. ის ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ უკუვაგდებთ უსაფუძვლო ფანტაზიას იმის შესახებ, თითქოსდა ამ სხვაგვარადმორწმუნე ერში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ ჭეშმარიტება და მზად არიან მიიღონ ღმერთი თავიანთ გულებში, ოღონდ რატომღაც ღმერთმა ან არ უწყის, ან არ შეუძლია, ან არ სურს მათი ცხონება, და მივდივართ კითხვამდე: რა მოხდება თუკი მიზეზი სულ სხვა რამეშია? თუკი ღმერთმა იცის, სურს კიდეც კაცთა ცხონება, მაგრამ ამ ერში, მისი ისტორიის მოცემულ მომენტში "არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს. ყველა გზას ასცდა; ერთიანად უმაქნისნი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ" (რომ. 3:11-12)? და ამიტომაც ღმერთი არ უგზავნის მათ მისიონერთ, რადგან კარგად იცის: მათი ღვაწლი მოცემულ მომენტში წარუმატებელი იქნება.

"მოციქულთა საქმეებში ვკითხულობთ: "ფრიგია და გალატელთა ქვეყანა რომ მოიარეს, სულმა წმიდამ აუკრძალა ასიაში ექადაგათ სიტყვა. მისიას რომ მიაღწიეს, ბითვინიაში დააპირეს წასვლა, მაგრამ სულმა არ დართო ნება" (საქმე 16:6-7). კი მაგრამ, ეს როგორ? იმავე მოციქულ პავლეს, რომელმაც დაწერა, რომ ღმერთს "ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას" (1 ტიმ. 2:4), თვით ღმერთი არ უშვებს, რათა იქადაგოს ამ მხარეებში. რატომ?

ნუთუ ღმერთს არ სურდა, რათა ადამიანები, რომლებიც იმ მომენტში ასიასა და ბითვინიაში ცხოვრობდნენ, ცხონებულიყვნენ? რა თქმა უნდა, სურდა. მაგრამ ღმერთმა, რომელიც ხედავს კაცთა გულებსა და აზრებს, იცოდა, რომ მათგან ამ მომენტში არავინ არ ეძიებდა ჭეშმარიტებას და არ შეიწყნარებდა მოციქულთა ქადაგებას ("ფრიგია და გალატელთა ქვეყანა რომ მოიარეს, სულმა წმიდამ აუკრძალა ასიაში ექადაგათ სიტყვა" (საქმე. 16:6)); და მაინც, იმავე სულმა, რომელმაც ადრე აუკრძალა მოციქულებს ქადაგება, შემდეგ იგი ასიელებსაც აღირსა. რადგან უკვე დიდი ხანია ასიამაც ირწმუნა. შედეგად, ის რაც ადრე აკრძალული იყო, შემდგომში ნებადართულ იქნა, რადგან ადრე მასში არ იყო არავინ, ვინც კი ცხონების მოსურნე იქნებოდა. - მაშინ მასში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ იმსახურებდნენ ცხოვრებისთვის აღდგომას, მაგრამ არც იმას იმსახურებდნენ სრულიად მოწყდომოდნენ მაცხოვნებელ ქადაგებას. ამრიგად, საკმაოდ ფაქიზი და დაფარული მსჯავრით წმიდა ქადაგება ზოგიერთის სმენამდე არ მიდის, რადგან ისინი ჯერ კიდევ არ არიან ღირსნი აღდგენილ იქნან მადლის მიერ" (Свт. Григорий Двоеслов. Сорок бесед на Евангелия. 4.1).

რა მოხდებოდა, მოციქულები რომ მისულიყვნენ ასეთ ადგილებში და ექადაგათ სახარება, ხოლო იქაურ მცხოვრებთ ყველას სათითაოდ უარეყოთ სამახარობლო ქადაგება? ამის შესახებ თვით ქრისტე გვამცნობს: "ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის" (ლუკა. 10:10-12).

სამართლიანია, რომ ის ცოდვილები, ვინც ისმინა ქადაგება ქრისტეს შესახებ, და უარყო იგი, უფრო მძიმედ დაისჯებიან, ვიდრე ისინი, ვინც სცოდავდა და ემონებოდა ცოდვას ისე, რომ არც კი უწყოდა რამე მაცხოვრის შესახებ. მაგრამ უფალს, რომელიც "კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ" (ლუკა 6:35), სურს, რათა ასეთი ქალაქები რაც შეიძლება ნაკლები იყოს. ამიტომაც დრომდე და ჟამამდე არ მიაგზავნის იქ მოციქულებს, ზოგჯერ კი პირდაპირ აკავებს კიდეც, რათა იმ ადამიანებს, ვინც ღმერთს ცოდვა არჩიეს, მიეცეთ ვითარება, რომელიც შეამსუბუქებს მათ დანაშაულს. უმეცრებაში მათი ეს დატოვება მათთვის ღმრთის მოწყალების გამოხატულება ხდება, რადგან "ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება. ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება" (ლუკა 12:47-48). სწორედ ამაში ვხედავთ ღმრთის სიყვარულს, ვხედავთ, თუ როგორ ზრუნავს ღმერთი იმათზეც კი, ვინც თავის გულში ღმერთს უკუნი სიბნელე არჩია.

მაგრამ თუკი უფალი ასე ზრუნავს მათზე, ვინც ცოდვა ირჩია და ღმერთს გადაემტერა, როგორ უნდა ზრუნავდეს ის მათზე, ვის გულებშიც არსებობს წყურვილი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა?

სწორედ ასეთებს ეძებს ის ყველა ერში, როგორც ნათქვამია: "უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს"(ფსალმ. 13:2). სილუან ათონელი ამბობს, რომ "სულიწმიდა ყოველ ადამიანს აღძრავს ღმრთის საძიებლად" (Прп. Силуан Афонский. О смирении. Писания Старца Силуана. Ивановское, 1997. С. 42). და თუკი რომელიმე ადამიანის სული გამოეხმაურება ამ მოწოდებას და იწყებს ღმრთის ძიებას, მასზე აღსრულდება ის, რაც უფალმა აღგვითქვა წმიდა წერილში: "ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც. თუ შენ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს" (1 ნეშტთა 28:9). თუკი არის ადამიანი, ვისი გულიც სიწრფელით ეძიებს ჭეშმარიტებას, თუნდაც ისეთ ხალხში ცხოვრობდეს, რომელმაც არც კი უწყის მართლმადიდებლობის არსებობა, უფალი ასეთ ადამიანს შეუქმნის გარემოებას მართლმადიდებლობის მისაღებად.

ასე შექმნა უფალმა გარემოება ერთი გერმანელი-კათოლიკესთვის შეემეცნებინა მართლმადიდებლობა, და ისიც, მოექცა რა, ცნობილი გახდა როგორც წმიდა პროკოფი უსტიუჟელი;იმავე საუკუნეში ანალოგიური შესაძლებლობა მისცა მან ერთ ვოლგელ ბულგარელ-მუსლიმს, და ისიც, მოექცა რა შემდგომში ცნობილი გახდა როგორც წმ. აბრაამ ბულგარელი;მომდევნო საუკუნეშიც უფალი ასეთ შესაძლებლობას აძლევს ერთ მონღოლ-წარმართს, და ისიც, მოქცევის შემდეგ სახელგანთქმული ხდება როგორც წმიდა პეტრე ორდინელი († 1290 წ.). ეკლესიის მთელი ისტორია, ისევე როგორც თანამედროვეობა, სავსეა მსგავსი მაგალითებით, რომელიც ადასტურებს ფსალმუნთმგალობლის სიტყვას: "შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს" (ფსალმ. 9:11).

ახალ აღთქმაში ჩვენ ამას ვხედავთ ეთიოპიელი საჭურისის მაგალითზე (საქმე 8:27-
39). რამდენი რამ მოაწყო უფალმა იმისთვის, რათა მიეცა მისთვის ნათლისღების შესაძლებლობა! საჭირო იყო, რომ ეს კაცი მშვიდობიანად ჩასულიყო იუდეაში; რომ გაეგო ერთი ჭეშმარიტი ღმრთის შესახებ; რომ შეესწავლა ებრაული ენა; რომ ხელში ჩავარდნოდა წინასწარმეტყველ ესაიას წიგნი; რომ შემდეგ ეს საჭურისი შეხვედროდა მოციქულ ფილიპეს, რომელმაც აუწყა მას ქრისტეს შესახებ, შემდეგ კი მონათლა. მაშ, რაოდენ მზრუნველობას ვხედავთ მთელ ამ ისტორიაში, რომელიც ღმერთმა ერთი ადამიანის სულზე გამოიჩინა, რამდენი რამ მოაწყო განგებამ ისე, რომ მიეცა ამ ჭეშმარიტების მოყვარული კაცისთვის ჭეშმარიტი ნათლისღება და მისი მეშვეობით ეკლესიის წევრი გამხდარიყო.

და თუკი ვინმე, რომელიც ხედავს ყოველივე ამას, დაიწყებს ფანტაზიორობას იმაზე, თითქოსდა ამავე დროს ეთიოპიაში ან სხვა ქვეყნებში კიდევ იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ გულში ასევე განწყობილნი იყვნენ ღმრთის შემეცნებისკენ და ეძიებდნენ ღმერთს, მაგრამ, ამ საჭურისისგან განსხვავებით, ღმერთმა რატომღაც მათთან მოციქული არ მიაგზავნა, არ მისცა მათ შესაძლებლობა გაეგოთ ჭეშმარიტება და მიეღოთ ნათლისღება, მაშინ რა შეიძლება ითქვას? ამგვარ მეზღაპრეს ან საერთოდ არ სწამს ღმერთი და ფიქრობს, რომ სამყაროში ყველაფერს შემთხვევითობა განაპირობებს, ან ის ღმერთს სახისმოყვარებასა და უსამართლობაში ადანაშაულებს, და ფიქრობს, რომ ღმერთი, თანაბარი შესაძლებლობების შემთხვევაში, რატომღაც ერთს აძლევს ცხონების შესაძლებლობას, მეორეს კი - არა.

მაგრამ წმიდა წერილი ნათლად ბრძანებს, რომ უფალმა "არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს" (2 რჯლ. 10:17) და ამ ჭეშმარიტებას, რომ ღმერთი მიუკერძოებელია, მოციქული კიდევ სამჯერ იმეორებს (რომ. 2:11; ეფეს. 6:9; კოლას. 3:25). ჩვენ თუ გვწამს ღვთის განგების, მაშინ გვესმის, რომ ყველაფერი ისე როდი ხდება, თითქოსდა თვიდან სადღაც მივდივართ და ვქადაგებთ და სწორედ ამის შემდეგ ჩნდებიან იქ მორწმუნენი, - არა, ჯერ გულთამხილველი ღმერთი ხედავს, რომ ამა და ამ ხალხში არიან სულები, რომლებიც მზად არიან ჭეშმარიტების მისაღებად და წყურიათ იგი, და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწყობს ისე, რომ ან მისიონერი მივიდეს ამ სულებთან საქადაგებლად, ან ეს სულები აღმოჩნდნენ იმ ქვეყანაში, სადაც არის მართლმადიდებლური ეკლესია.

წმ. ათანასე დიდის თქმით: "ჭეშმარიტების ზუსტი გაგებისა და შემცენებისთვის ჩვენ სხვა არაფერი გვჭირდება, თუ არა მხოლოდ საკუთარი თავი. ღმრთისკენ გზა შორი როდია... ის ჩვენს გარეთ როდი ძევს, არამედ თვით ჩვენში მდებარეობს და როგორც მოსე ასწავლიდა: ""ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში"; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ" (რომ. 10:8; მეორე რჯლ. 30:14)... დაე, თავს ნუ გაიმართლებენ კერპთაყვანისმცემელი ელინები, და საერთოდ, ნურავინ მოიტყუებს თავს, თითქოსდა მას არ ჰქონდეს ასეთი გზა, რითაც ამართლებენ თავიანთ უღმრთოებას. ყველა ჩვენგანი შედგა ამ გზაზე, და ის ყველასთვის თვალსაჩინოა, თუმცა ყველა როდი მისდევს მას" (Свт. Афанасий Великий. Слово на язычников, 30).

ამრიგად, ღმრთის უცოდინრობით თავს ვერავინ გაიმართლებს. როგორც ნიკონ ოპტინელი ამბობს, "ცხონების შესაძლებლობა ყველგან ეძლევა ყველას ღმრთის მიერ" (Прп. Никон Оптинский. Заметки и примечания к V тому сочинений епископа Игнатия (Брянчанинова). К Гл. Х). რადგან ადამიანის ღმრთისკენ შემობრუნება იწყება არა რაიმე გარეგანი ვითარებებიდან გამომდინარე -
არა იმისგან, რომ მან დაინახა მართლმადიდებლური ტაძარი და შევიდა მასში, ან მას ხელში ჩაუვარდა მართლმადიდებლური წიგნი, ან მან გაიცნო მართლმადიდებლური ქრისტიანი, შეხვდა წმიდა ადამიანს და დაინახა სასწაული, - არამედ მისი გულის შინაგანი არჩევანით.

დიახ, ყველა არ იბადება მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ყველამ არ იცის მართლმადიდებლობასა და ქრისტეზე, არიან ხალხები, რომელთა კულტურაში საერთოდ არ არსებობს წარმოდგენა ერთ ღმერთზე. მაგრამ აბსოლუტურად ყოველმა ადამიანმა უწყის ისეთი ცნებები როგორიცაა "ბოროტება" და "სიკეთე", "ჭეშმარიტება" და "სიცრუე", და ყოველ ადამიანს აქვს სინდისი, რომელიც ეხმარება მას გაარჩიოს ერთი მეორისგან.და ამის მეშვეობით აკეთებს ყოველი კაცი თავის არჩევანს. ღირ. იუსტინეს (პოპოვიჩი) თქმით, "ამ სამყაროში ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს პრობლემა: იყოს ქრისტესთან თუ იყოს მის წინააღმდეგ. და ყოველი ადამიანი, სურს მას ეს თუ არ სურს, წყვეტს ამ პრობლემას. ან ის გახდება ქრისტესმოყვარე, ან ქრისტეს მოწინააღმდეგე. მესამე გზა არ არსებობს" (Прп. Иустин (Попович). Толкование на 1 соборное послание св. ап. Иоанна. М., 1999. С. 110–111).

უფალი გვპირდება "ეძებეთ და ჰპოვებთ" (მათე 7:7), ამიტომაც სიმართლის ნებისმიერ გულწრფელ ძიებას ადამიანი მიჰყავს ქრისტემდე, რადგან "სიმართლე - ეს ღმერთკაცი ქრისტე და მისი სახარებაა. და უსამართლობა არის ყოველი, რაც კი არ არის ქრისტე; ყოველი, რაც არ არის მის სახარებაში და სახარების საწინააღმდეგოა. ამიტომაც არის ქრისტესადმი რწმენა "სიმართლის მსახურება" (2 კორ. 3:9). ვინც ქრისტეს არ ემსახურება, ის ემსახურება სიცრუეს" (Прп. Иустин (Попович). Указ. соч. С. 162). ვერ პოულობს სიმართლეს და მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ რჩება მხოლოდ ის, ვინც არ ეძებს ჭეშმარიტებას. მაგრამ ძიების ეს არმოსურვებითაც ის მაინც აკეთებს თავისი ცხოვრების არჩევანს, და ეს არჩევანი, სამწუხაროდ, არ არის ჭეშმარიტების მხარეს.

ხოლო ის, ვინც ირჩევს სიყვარულს ჭეშმარიტებისადმი, ვინც ელტვის მის შემეცნებას (ცხადია, როდესაც ლაპარაკია სურვილზე შეიცნო ჭეშმარიტება, მხედველობაშია არა უბრალო ცნობისმოყვარეობა, არამედ სურვილი, რომელიც შეუღლებულია საკუთარი თავის ჭეშმარიტების შესაბამისად შეცვლის მზადყოფნასთან, - მხოლოდ ის, ვისაც აქვს ასეთი მზადყოფნა, ღირსია შეიმეცნოს ჭეშმარიტება), შედგება ღმრთის გზაზე, ვინც, წმიდა ათანასეს თქმით, იმყოფება ჩვენშივე, და ასეთ ადამიანს უფალი უგზავნის შესაძლებლობას გახდეს მისი ეკლესიის წევრი, მიიყვანს მართლმადიდებლურ ტაძრამდე, გაუგზავნის საჭირო წიგნს, მეგობარს და სხვა გარეგან ნივთებს, რომელიც დაეხმარება მას მივიდეს ეკლესიაში, და თუ ვინმეს ჭეშმარიტი მოქცევისთვის სჭირდება წმინდა ადამიანთან შეხვედრა ან სასწაული, - უფალი მას წმინდანსაც მოუვლენს და სასწაულსაც, რადგან ის იძლევა ყველაფერ იმას, რაც საჭიროა იმ ადამიანის წყურვილის დასარწყულებლად, სიმართლესა და ჭეშმარიტებას რომ ეძიებს.

უფალი მოგვიწოდებს: "ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ" (მათე 7:7). ხოლო ვინც არ ითხოვს, ის ვერც იღებს, ვინც არ ეძებს, ის ვერც ჰპოვებს, ვინც არ აკაკუნებს, მას არც უღებენ. თუკი მთელი ხალხი ასეთი ადამიანებისგან შედგება, მაშინ ამ ხალხთან უფალი არ გააგზავნის სახარების მქადაგებელს. ნეტ. ავგუსტინე ამის შესახებ პირდაპირ წერს: "რაც შეეხება იმ დროსა და ადგილს, სადაც უფლის სახარება არ იყო ნაქადაგები, მან წინდაწინ უწყოდა, რომ იქ, იმ დროს ყველა ადამიანი ამ ქადაგებისადმი ისეთივე გულგრილი იქნებოდა, როგორებიც იყვნენ დედამიწაზე მისი განკაცების დროს; სწორედ ისინი, ვინაც არ ისურვა ერწმუნა მისი, მაშინაც კი, როდესაც ის კურნავდა სნეულთ, დევნითა ეშმაკთ და მკვდრეთით აღადგენდა მიცვალებულთ... მაშ, რა არის გასაკვირი, თუკი ქრისტე, რომელმაც საუკუნეებით ადრე უწყის, რომ სამყარო სავსეა ურწმუნოებით, დამსახურებულად არ ისურვა ექადაგა მათთვის, ვისზეც ადრევე უწყოდა, რომ არც მის სიტყვებს ირწმუნებდნენ და არც მის სასწაულებს?" (Блаженный Августин. О даре пребывания, 23. Антипелагианские сочинения позднего периода. М., 2008. Сс. 400–401).

ზუსტად ასევე ლუკა ვოინო-იასენეცკი განხილავს საკითხს იმის შესახებ, თუ რატომ იბადებიან კაცთაგან ერთნი მართლმადიდებლურ ოჯახებში და სიყრმიდანვე ღებულობენ ცოდნას ცხონებაზე, "სხვა უბედურნი კი... იბადებიან თითქოსდა წარსაწყმედად... ცხოვრობენ და იზრდებიან ცხონებისთვის ყველაზე არახელსაყრელ პირობებში... ამიტომაც ვეკითხებით საკუთარ თავს, რას ნიშნავს ეს, რატომ განუკუთვნა უფალმა ზოგს ცხონება, ხოლო ზოგი ადრიდანვე გაწირა წარსაწყმედად... არა! უფალს არავინ გაუწირავს, მას ყველა ადამიანის ცხონება და ჭეშმარიტებაში მოსვლა სურს.

რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: "ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად..." (რომ. 8:28-29). განუზომლად დიდია მოციქულ პავლეს ამ სიტყვების მნიშვნელობა. წინასწარვე ცნო და აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად ისინი, ვისზეც წინდაწინვე უწყოდა, რომ დაადგებოდნენ ქრისტეს მიერ ნამცნობ გზას და ღმრთის სასუფევლის ღირსნი იქნებოდნენ" (Св. Лука (Войно-Ясенецкий). Беседа от 4 февраля 1951 г. // Проповеди, Т.1. Симферополь, 2003. С. 47).

ღვთისმეტყველებაში ჩაუხედავი ზოგიერთი ადამიანი, ამ წმიდა მამებისეულ სწავლებას კალვინისტურს უწოდებს და უახლოვებს მუსლიმურ შეხედულებას წინასწარგანსაზღვრულობაზე, რადგან ფიქრობს, რომ მართლმადიდებლობას საერთოდ არ გააჩნია სწავლება წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ. მაგრამ ეს ასე არ არის, წმიდა წერილში ნათლად წერია: "რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა" (რომ. 8:30). მაგრამ მართლმადიდებლობა არ შეიწყნარებს წინასწარგანსაზღვრულობის მცდარ, მწვალებლურ გაგებას.

მწვალებლური სწავლების თანახმად, ღმერთი წინასწარგანსაზღვრავს ადამიანების საქციელს, ასევე მათ არჩევანს და მათ ხვედრს, ხოლო მართლმადიდებლური სწავლების თანახმად უფალი არც ადამიანის არჩევანს განსაზღვრავს წინასწარ და არც მის საქმეებს, არც მის საიქიო ხვედრს, არამედ, უწყის რა თავისი წინასწარმცნობელობით ის, თუ როგორ თავისუფალ არჩევანს გააკეთებს ესა თუ ის ადამიანი თავის გულში, უფალიც ჭეშმარიტების ამრჩევთათვის განსაზღვრავს იმ გარეგან ვითარებებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემენ მათ განახორციელონ ეს არჩევანი და გახსნან ის საუკეთესო მხრიდან, შედეგად კი - მიაღწიონ ღმრთის სასუფეველს.

1723 წლის "აღმოსავლეთ-
კათოლიკე ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლეში მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ" ნათქვამია: "რადგან ღმერთმა წინასწარ უწყის, რომ ერთნი კარგად გამოიყენებენ მათდამი ბოძებულ თავისუფალ ნებას, სხვები კი ცუდად, -
ერთნი დიდებისთვის ირჩია, სხვები კი გაკიცხა". შემდეგ პატრიარქები ამბობენ, რომ მთელ კაცთა სამყაროში მოქმედებს "განმანათლებელი მადლი", რომელიც "ნათლის მსგავსად, ყველა ბნელში მავალს უნათებს და ყველა მათგანს უძღვება", ამიტომაც, "ვისაც სურს მისდამი ნებსითი მორჩილება (რადგან ის შეეწევა მის მაძიებელთ, და არა მოწინააღმდეგეთ), და ცხონებისთვის საჭირო მისი განკარგულებების აღსრულება, ღებულობენ კიდეც განსაკუთრებულ მადლს ამისთვის", ხოლო ეს მეორე უკვე "სრულყოფს მათ ღმრთის სიყვარულში... წინასწარ რჩეულ ჰყოფს მათ და ამართლებს". ხოლო იმათი აზრი, ვინც "ანადგურებს ადამიანის თავისუფალ ნებას" და ჯოჯოხეთური სატანჯველის მიზეზად თვით ღმერთის სურვილს წარმოსახავს, პატრიარქებმა "ღმერთზე საშინელ ცილისწამებად" შერაცხეს, რადგან ღმერთი "არ არის არავითარი ბოროტების მიზეზი, და თანაბრად სურს ყველას ცხონება. ღმერთში არ არის პირმოთნეობა", და ანათემას გადასცემენ ყველას, "ვინც კი მსგავსად ფიქრობს და მეტყველებს".
Назад к содержимому