კითხვა-პასუხი - შეიძლება თუ არა ხატის ტარება საფულით/ჯიბით/ჩანთით? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
შეიძლება თუ არა ხატის ტარება საფულით/ჯიბით/ჩანთით?
ხატების პატივისცემის შესახებ
რაოდენ უცნაურადაც ჟღერდეს, მრავალი ჩვენგანი საფულეში ატარებს არა მარტო ფულს, საბანკო, დისკონტურ ან სხვადასხვა სახის სავიზიტო ბარათებს, არამედ შვილების ფოტოებსა და ხატებსაც კი.
 
ფულთან, ბარათებთან და ფოტოსურათებთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვა არ იბადება, მაგრამ მრავალს აინტერესებს შეიძლება თუ არა საფულეში ხატის ტარება. ბევრი ფიქრობს, რომ ამაში ცუდი არაფერია და მსგავსი მოქმედებები რწმენის გამოვლინებადაც კი მიაჩნია, მაშინ როდესაც, სხვები ასეთ მოქმედებას მკრეხელობად მიიჩნევენ და, სრულიად გაუგებარი ხდება, ვინ არის მართალი ასეთ შემთხვევაში.
 
დიახ, საფულეში ხატების ტარება მართლაც აქტუალური თემაა, ამიტომ მოდი განვიხილოთ: უნდა ვატარებდეთ თუ არა ხატებს საფულეში ან ჯიბით ან კიდევ ჩანთით? იგივე ითქმის ხატთა განთავსებაზე მობილური ტელეფონების მთავარ ეკრანზე და ასევე, ავტომობილებში ხატებისა და ჯვრების ჩამოკიდებაზე.




ხატი საფულეში - შეიძლება თუ არა?

თუკი საფულეში ხატების ტარებაზე ვილაპარაკებთ, იმთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი მღვდლები ამგვარი მოდის წინააღმდეგნი არიან. მართლმადიდებელ მამათა აზრით, საფულეში ხატის ტარება არასაჭიროა და დაუშვებელიც კი არის შემდეგ მიზეზთა გამო:
 
როდესაც ადამიანი საფულეში ხატს ატარებს, უმეტესწილად ხატისადმი ამგვარ დამოკიდებულებას გააჩნია წარმართული ქვეტექსტი, რადგან პიროვნება, ასეთ შემთხვევაში, ხატს ერთგვარ კერპად, თილისმად იყენებს.
 
ფულისა და საკრედიტო ბარათების გვერდით ხატის ჩადება საკმაოდ წარუმატებელია, რადგან საფულე შეუძლებელია ხატის სატარებელი ადგილი გახდეს.
 
ხატს ხშირად საფულეში ატარებენ არა იმიტომ, რომ ეს რწმენისა და ღმრთისადმი სიყვარულის გამოხატულებაა, არამედ იმიტომ, რომ მისდამი გააჩნიათ მაგიური დამოკიდებულება. იმათთვის, ვინც ხატს საფულეთი (ან ჯიბით, ან ჩანთით) ატარებს, მას ერთგვარ დამცავ თილისმად მიიჩნევს, რათა ყველგან წარმატებული იყოს. ამგვარი მიმართება ხატისადმი უკვე კერპთაყვანისმცემლურ ხასიათს ატარებს, რასაც ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან შეუძლებელია რაიმე კავშირი ჰქონდეს.
 
მობილურის ან პლანშეტის მთავარ (პირველ) გვერდზეც კი ხატს არ უნდა ვათავსებდეთ, რადგან ეკრანის წინაშე ადამიანი ნამდვილად არ ილოცებს, ხოლო ხატის უბრალოდ, უმისამართოდ, მხოლოდ ლამაზ ფოტოსურათად გამოყენება აშკარად არასწორია.
 
ყველაზე ხშირად ადამიანები, რომლებიც ხატებს საფულეში ატარებენ, უბრალოდ მათ მიმართ ოკულტურ დამოკიდებულებას აყალიბებენ და მიიჩნევენ, რომ თვით ხატის საფულეში (ან ჯიბეში) მდებარეობის ფაქტი შეიძლება უსიამოვნებათაგან დამცავი ან წარმატების მომტანი აღმოჩნდეს, მაგრამ ეს არასწორია. ხატი - სიწმიდეა, რომელსაც ადამიანი ჯეროვნად და უდიდესი მოწიწებით უნდა ეპყრობოდეს. ხატი სალოცავი საგანია, რომლის მეშვეობითაც ჩვენი გონება ლოცვის დროს უკავშირდება პირველხატს, ამიტომაც დაუშვებელია ასეთი საგნის ჩადება საფულეში, საიდანაც ზოგჯერ ის წლების განმავლობაშიც კი არ ამოაქვთ.
 

 

კიდევ რამოდენიმე ფაქტი საფულეში ხატის ტარების წინააღმდეგ
 
საფულეში ხატის ტარების საწინააღმდეგოდ თუ ვილაპარაკებთ, აქ უნდა გავიხსენოთ არა მარტო ზემოთ აღწერილი მომენტები, არამედ ასეთი ფაქტებიც, რომლებიც, მეტყველებენ იმაზე, რომ მსგავს რამეს არ უნდა ვაკეთებდეთ:
 
საფულეში შეიძლება იდოს ფული, რომელიც უცნობია მანამდე სად იმყოფებოდა და სიწმიდის გვერდით მისი ადგილი ნამდვილად არ არის;
 
ადამიანები ხშირად საფულეს შარვლის უკანა ჯიბეში (უკანალზე) იდებენ, რასაც ხშირად აჯდებიან კიდეც, ეს კი ხატისადმი უკიდურესი უპატივცემობა და მკრეხელობაა;
 
ხშირად ჩანდას, სადაც დევს საფულე ნებისმიერ ადგილას მიაგდებენ ხოლმე და ესეც ხატისადმი უპატივცემობის ნიშანია;
 
რა თქმა უნდა, ადამიანებს სურთ თან ატარონ ხატები და ეს აკრძალული როდია, მაგრამ უმჯობესია ის არ მოვათავსოთ საფულეში. კარგი იქნება, თუ ტანისამოსს გულთან პატარა ჯიბეს მივაკერებთ და ხატს იქ მოვათავსებთ, მაგრამ საფულეში ხატის ჩადება სამუდამოდ უნდა მოვსპოთ.
 
ხატი საფულეში - ეს რაღაც სასწაულთმოქმედი ამულეტი როდია, რომელსაც ადამიანის ყველა პრობლემის გადაწყვეტა ძალუძს, ამიტომ ხატის გარდაქმნა კერპის ან მაგიური დამცავი საშუალების მსგავს საგნად უკვე დიდი და ორმაგი ცოდვაა. ერთი მხრივ ეს განიხილება როგორც ცრუმორწმუნეობა - მაგია ან ოკულტიზმი; მეორე მხრივ კი ხატმებრძოლეობა - ხატის უპატივცემობა, რომელიც საეკლესიო კანონებით აკრძალულია. იგივე ითქმის ჯვარზეც.
 
ხატი სალოცავი საგანია და იქ სადაც ის იმყოფება ავტომატურად ჩნდება სალოცავი სივრცე. მართლმადიდებელ ადამიანს მკაფიოდ უნდა ესმოდეს, თუ რას წარმოადგენს ხატი და არ უნდა გამოიყენოს ის არადანიშნულებისამებრ.
 
იგივე ითქმის ავტომობილებში ხატებისა და ჯვრების გამოყენებაზე. ხშირად ასეთი ავტომობილების სალონებში ადამიანები ეწევიან სიგარეტს, ბილწსიტყვაობენ და ხატს (ან ჯვარს) თავის დანიშნულებას უკარგავენ. მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ჯვარცმული ქრისტესადმი სიყვარულისა და რწმენის ნიშნად ჯვარი მკერდით უნდა ატარონ და არა ჯიბით, საფულით ან მანქანით, რაც ამ რელიგიური დატვირთვის მქონე საგნებისთვის შეუფერებელია და მკრეხელურია.
 
მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". 15 მარტი, 2021 წ.
Назад к содержимому