საუბრები ბიბლიაზე - ესაიას წინასწარმეტყველება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა: ისაიას, იერემიას, ეზეკიელისა და დანიელის წიგნთა განმარტება
წმიდა მამათა განმარტებების საფუძველზე
წმ. ესაია წინასწარმეტყველი

I. წმიდა წინასწარმეტყველი ესაია
 
შესავალი
 
 
1. ცნობები წინასწარმეტყველ ესაიას შესახებ
 
წმ. წინასწარმეტყველი ესაია, მისი წიგნის ცნობით, იყო ამოსის ძე (ეს. 1:1; 2:1). ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ წინასწარმეტყველ ესიას მამა ამოსი თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი იყო (ამ. 1:1). მაგრამ წინასწარმეტყველი ამოსი, მისი საკუთარი სიტყვებითვე, მდაბიო წარმომავლობისა იყო (ამ. 7:14-15); მაშინ როდესაც წინასწარმეტყველ ესაიას მამა, ძველი იუდაური გადმოცემით, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამაც მიიღო, სამეფო გვარის წარმომავალი იყო, კერძოდ ის იყო იუდეველთა მეფის ამასიის ძმა, აქედან გამომდინარე ძე მეფე იოასისა (1).
 
_____________
 
1. Doctores nostri per traditionem habent, Amotsum et Amasiam fratres fuisse, ამბობს რაბინი კიმხი წინასწარმეტყველ ესიას მამაზე (ეს. 1:1 განმარტება). იგივეს იმეორებს წინასწარმეტყველ ესაიას ცხოვრების აღწერაში საკითხავი თვენი (9 მაისი).
 
_____________
 
ამიტომაც, წინასწარმეტყველ ესაიას მამა, უნდა განვასხვავოთ ამოსისგან, რომელიც იყო ერთ-ერთი თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი. თვით წინასწარმეტყველ ესაიას ზოგიერთი მითითებიდან ჩანს, რომ ის ეწეოდა ოჯახურ ცხოვრებას, ჰყავდა ცოლი და შვილები (ეს. 7:3; 8:3), რომ მისი საწინასწარმეტყველო ადგილი იყო იერუსალიმი (ეს. 7:3; 37:2; 38:1; 39:3), რადგან იერუსალიმის გარეთ მის საქმიანობაზე არ არსებობს არანაირი მითითებანი.
 
ჩვენი ეკლესია წმ. წინასწარმეტყველ ესიას ხსენებას აღასრულებს 9 მაისს.
 
წინასწარმეტყველური წიგნის გარდა ესაიას ეკუთვნის იუდეველთა მეფეების: ოზიასა და აზარიას კეთროვანის (2 პარ. 26:22) და ეზეკიას (2 პარ. 32:32) საქმეთა აღწერანი. მაგრამ მისმა ამ ჩანაწერებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწიეს. ხოლო მას, გადმოცემის მიხედვით, განაკუთვნებენ სოლომონის იგავთა ბოლო შვიდი თავის შეკრებას და მოწესრიგებას (იგავნი 25:1).
 
 
2. საწინასწარმეტყველო მსახურების დრო
 
წინასწარმეტყველი ესაია, როგორც ამას მისივე წიგნი მოწმობს (1:1) თავის წინასწარმეტყველურ მსახურებას გადიოდა იუდეველთა მეფეების: ოზიას, იოაფამის, ახაზისა და ეზეკიას დროს. ამ მეფეთა მმართველობის სრულ წლებს თუ დავითვლით, კერძოდ: ოზიასი - 52 წ. (2 პარ. 26:3), იოაფამის 16 წელი (2 პარ. 27:1), ახაზისა 16 წელი (2 პარ. 28:1), ეზეკიასი 29 წელი (2 პარ. 29:1), მაშინ წინასწარმეტყველ ესაიას მსახურების დრო გამოვა 113 წელიწადი. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივობა იმ დროს არცთუ იშვიათია (მაგალითად, მღვდელმთავარი იოდაი გარდაიცვალა 130 წლისა, - 2 პარ. 24:15), ეკლესიის ზოგიერთი მოძღვარი ესაიას წინასწარმეტყველური მსახურების წლებად მიიჩნევდა არა სრულ 52 წელიწადს ოზიას მეფობისა.
 
ასე, მაგალითად, კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს, რომ წინასწარმეტყველმა ესაიამ თავისი მსახურება დაიწყო ოზიას მეფობის 34-ე წელს, ევსებიმ მისი მსახურების დასაწყისად ოზიას მე-17 წელი მიიჩნია, ხოლო ნეტ. იერონიმეს აზრით ეს მოვლენა ოზიას მეფობის 25-ე წელს ემთხვევა.
 
თვით ესაიას მითითებით, მისი წინასწარმეტყველური მსახურების დასაწყისი ოზიას გარდაცვალების წელი იყო (6:1), შედეგად, ეს არის ბოლო 52-ე წელი ამ მეფის მმართველობისა. ესაიას მსახურება დასრულდა უკიდურეს შემთხვევაში არა უადრეს მე-14 წელს ეზეკიას მსახურებისა (ეს. 36:1); მაგრამ, გადმოცემით ის გრძელდებოდა ეზეკიას შემდეგ მანასეს დროსაც, რომლის ხელიდანაც მიიღო ესაიამ მოწამეობრივი აღსასრული.
 
გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც უკეთურმა მეფემ მანასემ, რომელიც აღშფოთებული იყო მისი მხილებებით, გასცა განკარგულება ესაიას შეპყრობისა, მაშინ წინასწარმეტყველი ერთი დიდი ხის ფუღუროში დაიმალა, მაგრამ მსტოვრებმა ეს შეამჩნიეს და ხე გადახერხეს, მასთან ერთად კი წინასწარმეტყველი ესაიაც. შეიძლება სწორედ ეს მოვლენა აქვს მხედველობაში მოციქულ პავლეს, როდესაც ლაპარაკობს ძველაღთქმისეულ მართლებზე, რომ ზოგიერთი მათგანი "შუაზე გადახერხეს" (ებრ. 11:37). უკიდურეს შემთხვევაში, ნეტ. იერონიმეს მოწმობით, ძველ ქრისტიანულ ეკლესიაში ასე მრავალი ფიქრობდა (ეს. 57:1-2 განმარტება). ეს აზრი ირიბად დასტურდება იმითაც, რომ მანასემ, წერილის მოწმობით, უბრალო სისხლიც ბევრი დაღვარა: "და სისხლიცა უბრალო დასთხია მანასე დიდად ფრიად, ვიდრე აღივსო იერუსალჱმი კიდით კიდემდე" (4 მეფ. 21:16). გადმოცემა იმის შესახებ, რომ წინასწარმეტყველი ესაია ეზეკიას მეფობის შემდეგაც ცხოვრობდა, საფუძველს პოულობს იმაში, რომ მას, წმიდა წერილის მოწმობით, ეკუთვნის ამ მეფის საქმეებისა და სიკეთეების აღწერა (2 პარ. 32:32).


3. წინასწარმეტყველ ესაიას თანამედროვე იუდეველობისა და წარმართობის მდგომარეობა

ესაიას საწინასწარმეტყველო მსახურების დროისთვის იუდეის სამეფომ პოლიტიკურ მიმართებაში მნიშვნელოვან ძლიერებას მიაღწია. ასე, მაგალითად, ოზიას მეფობის დროს არსებობდა მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული მხედრობა, რომლითაც ოზია წარმატებით იბრძოდა მეზობლების წინააღმდეგ, ასე რომ მან სახელი ეგვიპტის საზღვრებამდეც კი გაითქვა (2 პარ. 26:8). მეწამული ზღვის ნაპირებზე (ელანითის ყურეში) ის დაეუფლა აელანის ნავსადგურს 92 პარ. 26:2; 4 მეფ. 14:22); დასავლეთით მან დაიპყრო ფილისტიმელთა ქვეყანა და მასში ქალაქები ააშენა (2 პარ. 26:6), სავარაუდოდ, მათ მიერ ამ ქვეყანაში მორჩილების გასამყარებლად; აღმოსავლეთით მას ხარკს ამონეველნი უხდიდნე და არაბებიც დამორჩილებული ჰყავდა (2 პარ. 26:7-8).
 
სახელმწიფოს გარეგან პოლიტიკურ გაძლიერებას თან ახლდა ხალხში სიმდიდრისა და საერთოდ მატერიალური კეთილდღეობის ზრდა, რომელსაც ხალხი ფუფუნებამდე მიჰყავდა; სამხედრო იარაღის წარმატება კი საფუძველს აძლევდა თავდაჯერებულობასა და სიამაყეს. ამის გამო წინასწარმეტყველ ესაიას მსახურებაზე გამოსვლის დროისთვის იუდეველი ხალხის რელიგიურ-ზნეობრივი მდგომარეობასაკმაოდ დაბალ დონეზე იყო. თვითონ მეფე ოზია, წმიდა წერილის მოწმობით, "კეთილს იქმოდა უფლის წინაშე" (4 მეფ. 15:3), მაგრამ მარტო მისი მაგალითი საკმარისი არ იყო იმისთვის, ქვეშევრდომებიც ანალოგიურად მოქცეულიყვნენ; უფრო ძლიერ ღონისძიებებს კი, როგორც ჩანს, ის არ მიმართავდა, ასე რომ "გორაკები არ იყო გაუქმებული: გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი და აკმევდა საკმეველს" (4 მეფ. 15:4-5).
 
იგივე ხდებოდა იონათამის მეფობისას, რომელიც თვითონ თუმც კეთილს იქმოდა უფლის წინაშე, გორაკები ვერ გააუქმა და ამიტომაც ხალხი კიდევ აგრძელებდა მსახურებას გორაკებზე (4 მეფ. 15:34-35 შეად. 2 პარ. 27:2-4). მეფის პირადი ღვთისმოსაობა, წერილის მოწმობით, მიზეზი იყო იმისა, რომ იონათამს სამხედრო წარმატებები ჰქონდა: "გაძლიერდა იონათამი, რადგან თავის გზებს უფლის, თავისი ღმერთის, წინაშე წარმართავდა" (2 პარ. 27:6). როდესაც, ამონეველებმა სცადეს იუდეველთა მეფისადმი ხარკის გადახდისგან თავის არიდება, მან იარაღის ძალით აიძულა ამონეველნი შეესრულებინათ ეს მოვალეობა (2 პარ. 27:5).
 
მხოლოდ იონათამის მეფობის ბოლო წლებში დაემუქრა იუდეის სამეფოს საშიშროება სირიისა და ისრაელის ურთიერთმოკავშირე მეფეთაგან. აქაზის მეფობის დროს საქმის ვითარება უარესისკენ შეიცვალა. თვით მეფე არა თუ არ ზრუნავდა თავისი ქვეშევრდომების ჭეშმარიტ ღვთისმოსაობაზე, არამედ თვითონაც კი აშკარად ემსახურებოდა კერპებს. აი რას ამბობს წერილი მის შესახებ: "ოცი წლისა იყო აქაზი, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. არ იქცეოდა ისე სწორად უფლის თვალში, როგორც მამამისი დავითი. დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით. ბაალების ქანდაკებებიც კი ჩამოასხა. საკმეველს აკმევდა ბენიამენის ველზე. ცეცხლში ატარებდა თავის შვილებს იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან. მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ" (2 პარ. 28:1-4).
 
ასეთი უკეთური მეფის ხელში, შეუძლებელი იყო ხალხს ღვთისმოსაობა შერჩენოდა. ჭეშმარიტი რელიგია ხალხში ძლიერ დაეცა, ასე რომ მისი მეფობის დროს იერუსალიმის ტაძარი სრულად მიტოვებული იყო, ყოვლადდასაწველი მსხვერპლი იქ არ შეიწირებოდა, საკმეველი არ იკმეოდა, სასანთლეები ჩამქრალნი იყვნენ და კარიბჭეები კიდევ დაკეტილნი. კერპთაყვანისმცემლობა კი პირიქით, თითქმის საზოგადო და საყოველთაო გახდა (2 პარ. 28:24-25; 29:3-7). ჭეშმარიტი ღმერთის დავიწყების შედეგად ერში ათასგვარი მანკიერებები გაჩნდა: შეურაცხყოფანი, ძლიერთა მიერ უძლურთა დაჩაგვრა, სასამართლო საქმეები ქრთამით გვარდებოდა, და არა სიმართლით, გამეფებული იყო ფუფუნება, თავშეუკავებლობა, ამპარტავნება, პირმოთნეობა და სხვა. ეს მანკიერებები, როგორც უკვე ვთქვით, საყოველთაო გახდა.
 
რელიგიისა და ზნეობის დაკნინებასთან ერთად ერში შეირყა იუდეის სამეფოს პოლიტიკური სიძლიერეც. სირიისა და ისრაელის მეფეთა მტრულმა მოქმედებებმა, რომლებიც ჯერ კიდევ იონათამის მეფობის ბოლოს იჩინა თავი (როგორც ეს ზემოთაც აღვნიშნეთ), აქაზის დროს განსაკუთრებული ძალით გამოვლინდა (4 მეფ. 16:5; ეს. 7:1-6).
 
იმის ნაცვლად, ამ მტრების წინააღმდეგ დახმარება ჭეშმარიტი ღმრთისთვის ეთხოვა, აქაზმა შემწეობის ძებნა სირიელ ღმერთებთან განიზრახა (2 პარ. 28:22-23) და დახმარებისთვის ასირიელ მეფეს თეგლათფალსარს მოუწოდა. ამ შემწეობისთვის კი ძღვნად ტაძრის კუთვნილებაში მყოფი საგანძური გაუგზავნა (ს4 მეფ. 16:7). მაგრამ სირიელმა ღმერთებმა მას მოსალოდნელი სარგებლობა ვერ მოუტანეს. "არამის მეფეთა ღმერთებია მათი შემწენი, შევწირავ მათ მსხვერპლს და მეც შემეწევიანო" (2 პარ. 28:22-23), მაგრამ ეს ყველაფერი მისი და მთელი ისრაელის დაცემის საფუძველი გახდა.
 
ნაკლები დახმარება მიიღო აქაზმა თეგლათფალსარისგანაც: მისი დახმარებით აქაზი სირიელ და ისრაელელ მეფეთაგან განთავისუფლდა, მაგრამ სანაცვლოდ თვით თეგლათფალსარის მოხარკე გახდა, ასე რომ თეგლათფალსარი, წერილის თქმით, "გაძარცვა ახაზმა უფლის სახლი, მეფის სახლი, და მთავრები, და მისცა აშურის მეფეს, მაგრამ არა თავისდა შესაწევად, არამედ უფრო საჭირველად" (2 პარ. 28:21).
 
აქაზის შვილი და მემკვიდრე ეზეკია სულაც არ ჰგავდა მამამისს. ის, წერილის მოწმობით, კეთილს იქმოდა უფლის წინაშე და უფლის მიმართ ჰქონდა სასოება 4 მეფ. 18:3-5) და ამიტომ მისი უპირველესი საზრუნავი იყო: კერპთმსახურების ყოველგვარი ფორმის ამოძირკვა (4 მეფ. 18:4) და სჯულიერი ღვთისმსახურების აღდგენა მთელი მისი ბრწყინვალებით 92 პარ. 29:3-36). მაგრამ ვერც მეფის პირადმა მაგალითმა, ვერც იმ ზომებმა, რომელიც მან მიიღო კერპთაყვანისცემისა და უკეთურების წინააღმდეგ, ღრმა ზემოქმედება მის ქვეშევრდომებზე ვერ მოახდინა, უკიდურეს შემთხვევაში, მისი გავლენა მხოლოდ მცირე ნაწილზეღა თუ ვრცელდებოდა.
 
კერპთაყვანისმცემლობა და უკეთურება მის დროს, როგორც ჩანს, მხოლოდ დროებით მინავლდა და ისე თვალშისაცემი აღარ იყო, როგორც ადრე; მაგრამ ხალხი არ ივიწყებდა კერპებს და მისი მიდრეკილება ჭეშმარიტი ღმრთისადმი არ ძლიერდებოდა. მეფის შიშით შეიწირებოდა მსხვერპლი და სხვა სჯულით დაწესებული წეს-ჩვეულებებიც სრულდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი გარეგნულად და პირმოთნეობით კეთდებოდა. ამიტომაც, როდესაც ეზეკიას გარდაცვალების შემდეგ სამეფო საყდარზე უკეთური მეფე მანასე ავიდა, კერპთაყვანისმცემლობამ და უკეთურებამ ისეთი სიძლიერით იჩინა თავი, როგორც აქაზის ეს დროს იყო (4 მეფ. 21:2-10).
 
აი ასეთი რელიგიურ-ზნეობრივი მდგომარეობის პირობებში იუდეველი ხალხის პოლიტიკური ძლიერება მყარი ვერ იქნებოდა. უკვე ეზეკიას მეფობის დროს იუდეველთა სამეფომ საშინელი გაპარტახება განიცადა ასირიელი მეფის სენექერიმისგან და იძულებული გახდა მისთვის დიდი ყოველწლიური ხარკი გადაეხადა (4 მეფ. 18:13-16). მაშინ წინასწარმეტყველმა ესაიამ იუდეველთა მეფეს ახალი და უარესი უბედურებები უწინასწარმეტყველა (4 მეფ. 20:16:18).
 
მისი მემკვიდრე მანასე თავისი უკეთურების ნაყოფს უკვე იმკიდა და წინასწარმეტყველის მუქარის აღსრულებას ნაწილობრივ უკვე ხედავდა: მის დროს, ღმრთის ნებით, აღსრულდა იუდეაზე ასირიელთა ახალი თავდასხმა, თანაც მეფე დაატყვევეს და შეკრული ბაბილონში წაიყვანეს, ოღონდ, როდესაც შეინანა ამ ტყვეობისგან გათავისუფლდა (2 პარ. 33:10-13).
 
ასეთი იყო იუდეველთა სამეფოს მდგომარეობა. ღმრთის ერის მეორე ნაწილი, ისრაელის სამეფო, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში იყო. კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც იერობოამ I-მა დაამკვიდრა (3 მეფ. 12:26-30) და მასთან შეერთებული უკეთურება აქ თავის განვითარებაში არანაირ დაბრკოლებას არ აწყდებოდა: ისრაელის მეფეები ერთი მეორის მიყოლებით აჭარბებდნენ ერთმანეთს უკეთურებაში და მოშურნეობას იჩენდნენ კერპთაყვანისმცემლობისადმი; მღვდლებს და ლევიტელებს, როგორც თვით ხალხის წიაღიდან გამოსულებს (3 მეფ. 12:31), არ შეეძლოთ მათზე მაღლა დგომა, ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებს აქ დევნიდნენ და კლავდნენ.
 
ამის გამო კერპთაყვანისმცემლობა და უკეთურება აქ იუდეველთა სამეფოზე უფრო სწრაფად გავრცელდა, სადაც მღვდლები და ლევიტელები ლევიანთა ღმრთითრჩეული ტომის შთამომავლები იყვნენ; და მეფეთა შორის მრავალი თუ უკეთური იყო, ღვთისმოსავებიც ერივნენ და ამის გამო ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებს მეტი თავისუფლება ჰქონდათ. ამის შედეგად, პოლიტიკური თვალსაზრისით, ისრაელის სამეფო იუდეველთა სამეფოზე უფრო დაეცა: იუდეველთა მეფის ეზეკიას მეფობის მე-6 წელს, მან უკვე საბოლოოდ დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა, რადგან ის ქრ. შობამდე 722 წელს ასირიელთა მეფემ სალმანასარმა გაანადგურა (4 მეფ. 17:1-6).
 
წინასწარმეტყველ ესაიას თანამედროვე ღმრთის ერი თუ ასეთ შავბნელ დღეში იყო, კიდევ უფრო პირქუში იყო იუდეველ ერთან შეხებაში მყოფი იმდროინდელი წარმართული სამყაროს მდგომარეობა. მაშინ იუდეველთა ყველაზე ძლიერი მეზობლები იყვნენ: სამხრეთით - ეგვიპტელები, ჩრდილოეთით - სირიელები, აღმოსავლეთით - აშურელები და ბაბილოვნელები. პოლიტიკურ მიმართებაში ყველა ეს ხალხი ურთიერთს ექიშპებოდა და გაუთავებელ ომებში აუძლურებდნენ ერთურთს. იუდეველ ხალხთან მიმართებაში ყველა მათგანი მხოლოდ ერთ მისწრაფებას ავლენდა - დაეპყრო იგი და თავისი მოხარკე გაეხადა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მეზობელთა ომის დროს - საიმედო მოკავშირე და დამხმარე ჰყოლოდა.
 
რელიგიურ-ზნეობრივ მიმართებაში ყველა მათგანი ცრურწმენებსა და ცოდვებში იყვნენ დანთქმულნი. წარმართულმა კულტმა ყოველგვარი აზრი დაკარგა, ის ცარიელი ფორმალობა გახდა, და მხოლოდ ჩვეულებისდა გამო სრულდებოდა, ამიტომაც მას უკვე აღარ გააჩნდა ის უმცირესი გავლენაც კი, რომელსაც ადრე ერის ზნეობაზე ახდენდა. აქედან გამომდინარე - გასაქანი მიეცა ყოველგვარ ბიწიერებას და ზნეობრიობის სრულ მოშლას. წარმართთა ყველა გაბატონებული ვნება და მათი მტრული დამოკიდებულება ღმრთის ერთან ძალიან ხშირად არის მხილების საგანი ესაიას წინასწარმეტყველებაში.


4. ესაიას წინასწარმეტყველების გადმოცემის ხასიათი

წინასწარმეტყველ ესაიას წიგნს ახასიათებს შემდეგი თავისებურებები:
 
ა) ენის სიწმინდე და დახვეწილობა, რომლისთვისაც უცხოა ხალხური, უხეში და მეტყველების არასწორი ფორმების გამოყენება, მსგავსი იმისა, როგორიც, მაგალითად, წინასწარმეტყველთა იერემიას და ეზეკიელის წიგნებში გვხვდება. ამ თავისებურებას ზოგიერთი წინასწარმეტყველის დიდგვაროვნობას მიაწერს. "ესაიას შესახებ - ამბობს ნეტ. იერონიმე, - უნდა შევნიშნოთ, რომ თავის მეტყველებაში ის ძალიან დახვეწილია, როგორც სამეფო მოდგმისა და მეტყველების ქალაქური ტიპის (urbanae eloquentiae) კაცი. მას არა აქვს მდაბიური და უხეში გამონათქვამები", ეს თავისებურება განსაკუთრებულად შეიმჩნევა დედანში, ამიტომაც მისი სრულად შენარჩუნება თარგმანებში ვერ ხერხდება.
 
ბ) მომავალ მოვლენათა უჩვეულოდ მკაფიო წინასწარმეტყველება, განსაკუთრებით ქრისტეს სასუფევლის შესახებ (2).
 
_____________
 
2. ყველაზე მკაფიო წინასწარმეტყველებებს განეკუთვნება: წინასწარმეტყველება ქალწულისგან ემანუელის შობის შესახებ (ეს. 7:14· შეად. მთ. 1:18–25), მესიის დამკვიდრებაზე ზაბულონისა და ნეფთალიმის ქვეყნებში (ეს. 9:1–2 შეად. მთ. 4:15–16), იესუს მიერ აღსრულებულ მრავალ სასწაულთა შესახებ (ეს. 35:5–6 შეად. მთ. 11:4–5), იესუ ქრისტეს მორჩილებისა და თავმდაბლობის შესახებ (ეს. 42:1–4 შეად. მთ. 12:18–20), იუდეველთა ტყვეობისგან გამათავისუფლებელ კვიროსსა და მის ლაშქრობებზე (ეს. 44:27–28; 45:1–15), მესიის დაკნინებული მდგომარეობის გამოხატვა, როგორებიცაა: ზიზღი კაცთაგან, ტანჯვა მათ ცოდვათა გამო, ამ სატანჯველთა მოთმინებით და უხმოდ ატანა, მისი შედარება ბოროტმოქმედებთან (ეს. 52:14–15; 53:1–12 შეად. მთ. 26:62–64; 27:14; მკ. 15:28), წინასწარმეტყველება ქრისტეს ეკლესიისკენ წარმართთა მოწოდების შესახებ (ეს. 60:6–16; 66:18–23).
 
_____________
 
როგორც ნეტ. იერონიმე ამბობს, "ჯეროვანია მას ვუწოდოთ არა იმდენად წინასწარმეტყველი, რამდენადაც მახარობელი (non tam propheta, quam evangelista dicendus est), რადგან მან იმ დონეზე დეტალურად გადმოსცა ქრისტესა და მისი ეკლესიის საიდუმლო, თითქოსდა მომავალზე კი არ წინასწარმეტყველებს, არამედ წარსულის ისტორიას გადმოგვცემსო. აქედან ვასკვნი, - აგრძელებს ნეტ. იერონიმე, - რომ სამოცდაათმა კომენტატორმა (ესაიას წიგნის თავიანთ თარგმანში) არ ისურვეს თავის დროზე ნათლად გადმოეცათ წარმართებისთვის თავიანთი რწმენის საიდუმლო (რომელთათვისაც ამზადებდნენ თავიანთ თარგმანებს), რათა ძაღლებისთვის არ დაეყარათ თავიანთი სიწმიდე და მარგალიტები ღორთა წინაშე".
 
იესუ ზირაქის ძე წინასწარმეტყველ ესაიას საქებრად წერს: "... ესაია წინასწარმეტყველმა, დიდმა და სარწმუნომ თავისი ხილვებით. მის დროს იყო, რომ უკუიქცა მზე და შეჰმატა მეფეს სიცოცხლეს ხანი. თავისი დიდი სულით იხილა უკანასკნელი ამბები და ანუგეშა სიონში მგლოვარენი.      გამოაცხადა მოწევნადი საუკუნის დასასრულამდე და დაფარულნი - მათ ახდომამდე" (ზირ. 48:22-25).


წინასწარმეტყველ ესაიას წიგნის შინაარსის მიმოხილვა, წინასწარმეტყველებათა უმთავრესი საგნების მითითებითა და აუცილებელი განმარტებებით

ესაიას წინასწარმეტყველების წიგნი იყოფა ორ ნაწილად. პირველი ნაწილი მოიცავს პირველ 39 ათავს და, თავისი შინაარსის ხასიათით, შეიძლება მამხილებლურად იწოდოს: მასში უპირატესად შეკრებილია წინასწარმეტყველის ქადაგებანი, რომლებშიც იმხილება უმთავრესად ღმრთის ერის სხვადასხვა დანაშაულობანი და ბიწიერებანი, ნაწილობრივ კი სხვა ხალხებისაც (13-23 თთ.), აქვე გამოთქმულია მუქარები ამ უკეთურებისთვის; მხილების უპირატეს საგანს წარმოადგენს: იუდეველთა წინააღმდეგ - კერპთაყვანისმცემლობა, წარმართთა წინააღმდეგ - მათი მტრული მოქმედებები იუდეველთა წინააღმდეგ; ამ ცოდვებისთვის მათ წინდაწინ ეუწყებათ სასჯელები: იუდეველთ - წარმართთაგან დატყვევება, ხოლო წარმართებს - მათი სამეფოების საბოლოო განადგურება.
 
მეორე ნაწილი იწყება 40-ე თავიდან და გრძელდება წიგნის დასასრულამდე. ის უპირატესად მანუგეშებელი ხასიათის ქადაგებათაგან შედგება: აქ წინასწარმეტყველი იწყებს ისრაელის ნუგეშს, რომ მალე დაბრუნდება ტყვეობიდან, რომლითაც პირველ ნაწილში ემუქრებოდა, ამის შემდეგ კი აგრძელებს ცხონების საიდუმლოს გადმოცემას არა მარტო იუდეველთათვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის; ესაია ყველას უწინასწარმეტყველებს, რომ კაცთა მოდგმა მალე გათავისუფლდება ცოდვისა და ეშმაკის მონობისგან და წინასწარმეტყველებას ამთავრებს უწყებით, რომ ისინი, ვინც წარმართთაგან ირწმუნებენ შევლენ ქრისტეს მადლმოსილ სასუფეველში, ხოლო თავიანთ ცდომილებაში მოუნანიებელი უდეველები გაშორდებიან მას. უფრო ნათლად ამ საგანთა განმარტება შეიძლება ვნახოთ შინაარსობრივად წიგნის მომდევნო მნიშვნელოვან განყოფილებებში.


თავი 1
 
 
ახ. ქართ.:
 
1. ხილვა ესაიასი, ამოსის ძისა, იუდაზე და იერუსალიმზე რომ იხილა, იუდას მეფეების - ოზიას, იოათამის, აქაზის და ეზეკიას დროს.
 
2. ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი იტყოდა: ძენი ვშვი და აღვამაღლენ, მათ კი შეურაცხ-მყვეს მე.
 
3. ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს.
 
4. ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიგიტოვებიათ უფალი, განარისხეთ ისრაელის წმიდა, უცხო ექმნენით და განსდექით!
 
5. სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული.
   
6. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი.
   
7. მოოხრებულია თქვენი ქვეყანა, გადამწვარია თქვენი ქალაქები, თქვენს მინდვრებს გადამთიელნი ჭამენ თქვენს თვალწინ და მოოხრებულია, თითქოს ურდოებს დაერბიოთ.
 
8. დარჩება სიონის ასული, როგორც როგორც როგორც კარავი ნავენახარში, როგორც ხულა ნაბოსტნარში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
 
9. ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ უფალს, სოდომად ვიქცეოდით, გომორას დავემსგავსებოდით!
   
10. ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!
 
11. რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!
 
12. რომ მოდიხართ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა?
 
13. ნუღა მომიტანთ მაგ ფუჭ შესაწირავს, საძაგელია ჩემთვის საკმეველი, ახალმთვარობები და შაბათები ჯარობები ვეღარ ამიტანია! უკეთურება და დღესასწაული?
 
14. თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით.
 
15. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!
 
16. განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა.
 
17. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ.
 
18. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება.
 
19. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ;
 
20. თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ.
 
21. როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი სიონი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან.

22. ვეცხლი თქვენი გამოუცდელია, ხამარნი თქვენნი ღვინოს წყალს ურევენ.

23. შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ.

24. ამიტომ ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი: ვაი ისრაელის ძლიერთ, რადგან არ დასცხრება ჩემი გულისწყრომა მათზე, რომლებიც მეწინააღმდეგებიან, და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.

25. მოვაქცევ შენკენ ხელს და, გამოგახურვებ სიწმიდედ, შეუსმენელთ კი წარვწყმედ, და მოვსპობ ყოველ უსშჯულოთ შენგან და ყოველ ამპარტავანს დავიმორჩილებ.

26. მოვაქცევ შენს მსაჯულებს, როგორც წინათ იყვნენ, და შენს მრჩეველებს, როგორც დასაწყისში იყვნენ; ამის შემდეგ სიმართლის ქალაქი დაგერქმეეა, უტყუარი სატახტო - სიონ.

27. სიონი მსჯავრით გამოისყიდება და მისკენ მოცეულნი - სიმართლით!

28. დამნაშავენი და ცოდვილნი ერთად გაწყდებიან და უფლის მიმტოვებელნი დაიღუპებიან.

29. რადგან შერცხვენილნი იქნებიან თავიანთი კერპების გამო, რომლებიც ინებეს და გაწბილდებიან გამოქანდაკებულთა გამო, რომლებიც ქმნეს. გაწბილდებიან ბაღების გამო, რომელთაც შეჰხაროდნენ.

30. რადგან ფოთოლდამჭკნარ მუხასავით და ურწყავი ბაღივით შეიქნებით.

31. ძლიერი ძენძად იქცევა და მისი საქმე - ნაპერწკალად; ორივე ერთად აბრიალდება და ჩამქრობი არავინ იქნება.

 
ძვ. ქართ.:
 
1. ხილვა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან, რომელი იხილა ძჳნად იუდეასა და ძჳნად იერუსალიმისა მეფობასა შინა ოზიაჲსასა და იოათამისა და აქაზ, და ეზეკიაჲსასა, რომელნი მეფობდეს იუდეას.
 
2. ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქვეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა: ძენი ვშვენ და აღვამაღლენ, ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე.
 
3. იცნა ჴარმან მომგებელი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა; ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო.
 
4. ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა და ერსა სავსესა ცოდვითა, თესლი ბოროტი, ძენი უსჯულონი! დაუტევეთ უფალი, განარისხეთ წმიდაჲ ისრაილისა, და უცხო ექმნენით და განსდექით.
 
5. რად მერმეცა იწყლვით დამრთველნი უშჯულოვებისა? ყოველი თავი ტკივილად და ყოველი გული მწუხარებად.
 
6. ფერჴთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძჳლი განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი.
 
7. ქვეყანა თქვენი ოჴერ, ქალაქნი თქვენნი ცეცხლით მომწუარ, სოფელსა თქვენსა წინაშე თქვენსა უცხონი მოშჭამენ მას და მოოჴრებულ არს გარდაქცეული ერისა მიერ უცხოთასა.
 
8. დატევებულ იქმნეს ასული სიონისა, ვითარცა კარავი ვენაჴსა შინა და ვითარცა ხილისსაცავი ნესოანსა შინა, ვითარცა ქალაქი გამოღებული.
 
9. და არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომიამცა ვიქმნენით და ვითარ გომორრასმცა ვემსგავსენით.
 
10. ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მთავართა სოდომისათა, ეკრძალეთ შჯულსა ღმრთისასა ერი გომორრაჲსა.
 
11. რად ჩემდა სიმრავლე მსხუერპლთა თქვენთა? _ იტყჳს უფალი, _ რამეთუ სავსე ვარ მე ყოვლად დასაწველებითა ვერძთა, და ცმელთა კრავთათა, და სისხლი კუროთა და ვაცთაჲ არა მნებავს.
 
12. არცა მოხვიდეთ ჩვენებად ჩემდა. ვინ გამოიძინა ესენი ჴელთაგან თქვენთა, დათრგუნვად ეზოჲსა ჩემისა არა შესძინოთ?
 
13. უკეთუ მომართვათ სამინდოჲ ამაო, საკმეველი საძაგელ არს ჩემდა. ახალთთუენი თქვენნი და შაბათნი და დღე დიდი არა თავს-ვიდვა.
 
14. მარხვა და უქმობაჲ და დღესასწაულნი თქვენნი ძულან სულსა ჩემსა. მექმნენით მე სიმაძღრედ. არღა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა.
 
15. ოდეს განიპყრნეთ ჴელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან და, უკეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არ შევისმინო თქვენი, რამეთუ ჴელნი თქვენნი სისხლითა სავსე.
 
16. განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა.
 
17. ისწავეთ კეთილსა ქმნაჲ გამოიძიეთ მშჯავრი, იჴსენით მიმძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი.
 
18. და მოვედით და შევიტყუნეთ, _ იტყჳს უფალი, _ და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო.
 
19. და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ.
 
20. ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ:
 
21. ვითარ იქმნა მეძავ ქალაქი სარწმუნოჲ სიონ, რომელსა შინა სიმართლემან დაიძინა მის შორის, ხოლო აწ კაცისმკლველთა.
 
22. ვეცხლი თქვენი გამოუცდელ, ხამარნი თქვენნი შერევენ ღვინოსა წყლითა.
 
23. მთავარნი თქვენნი ურწმუნო, ზიარებ მპარავთა, მოყუარე ძღვენთა, მდევარ მოსაგებელთა ობოლთა არა მშჯელ და მშჯავრსა ქურივთასა არ მიმხედველ.
 
24. ამისთვის ამათ იტყვის მეფჱ, უფალი საბაოთ ძლიერი ისრაჱლისა: ვაჲ ძლიერთა ისრაჱლისათა, რამეთუ არ დასცხრეს გულისწყრომაჲ ჩემი წინააღმდგომთა შორის, და მშჯავრი მტერთა ჩემთაგან ვყო.
 
25. და მოვაწიო ჴელი ჩემი შენ ზედა და გამოგაჴურვო შენ სიწმიდედ, ხოლო უსმნი წარვწყმიდნე, და მოვსპნე ყოველნი უშჯულონი შენგან და ყოველნი ამპარტავანნი.
 
26. დავადგინნე მსაჯულნი შენნი ვითარცა პირველ, და თანმზრახვალნი შენნი ვითარცა დასაბამსა და ამის შემდგომად გეწოდოს! ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ - სიონ.
 
27. რამეთუ მშჯავრისა თანა ცხოვნდეს ტყუეობაჲ მისი და მოწყალებისა თანა.
 
28. და შეიმუსრნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და დამტევებელნი უფლისანი მოესრულნენ
 
29. მით, რამეთუ სირცხჳლეულ იქმნენ კერპთა მათთა ზედა, რომელნი მათ ინებნეს, და ჰრცხუენეს გამოქანდაკებულთა მათთა ზედა, რომელნი მათ ქმნნეს. და კდემულ იქმნნეს მტილთა მათთა ზედა, რომელთა გული უთქმიდა,
 
30. რამეთუ იყვნენ, ვითარცა ბელეკონნი, განმყრელნი ფურცელთანი, და ვითარცა სამოთხე, არმქონებელი წყლისაჲ.
 
31. და იყოს ძალი მათი, ვითარცა ლელწამი სელისაჲ, და მოქმედებანი მათნი, ვითარცა ნაბერწყალი ცეცხლისაჲ. და დაიწუნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და არა იყოს დამშრეტელ.
 
 
***
 
თავი 1
 
 
1. წინასწარმეტყველ ესაიას დროინდელ იუდეველთა ზნეობრივი მდგომარეობის აღწერა
 
ესაიას წინასწარმეტყველების პირველი თავი შეიცავს წინასწარმეტყველ ესაიას მამხილებელ ქადაგებას, რომელიც მის თანამედროვე იუდეველთა წინააღმდეგაა მიმართული. ამ ქადაგებაში ის მათი კეთილისმყოფელი ღმრთისადმი უმადურობაში ამხელს თავის თანამედროვეთ (2-4), ასევე ამხელს მათ პირმოთნეობაში (11-15) და სხვა ბიწიერებებში (21-23); მოუწოდებს მათ სინანულისკენ იმ უბედურებებზე მინიშნებით, რომლის ნაწილი უკვე აღსრულდა, და რომლის ნაწილი ჯერაც მომავალში იქნება აღსასრულებელი, თუკი იუდეველი ერი არ გამოსწორდება (16-20; 5-9); დასასრულ ესაია ამ უბედურებათა დასრულებას, ანუ - ტყვეობიდან დაბრუნებას იუწყება.
 
ყველაზე წინ ესაიას წინასწარმეტყველებაში ეს ქადაგება დგას არა იმიტომ, რომ ის ყველაზე ადრე იყო წარმოთქმული, არამედ, სავარაუდოდ, მისი საზოგადო შინაარსის მიზეზით, რომელიც უფლებას იძლევა შევხედოთ მას, როგორც შესავალს მთელი წიგნისადმი. ამ ქადაგების წარმოთქმის თარიღი ზუსტად არ არის მითითებული, მაგრამ ზოგიერთი მოსაზრების გათვალისწინებით, რომელიც მასში გვხვდება (2–4, 5–9, 21–29), შეიძლება ვიფიქროთ (იაკიმოვთან ერთად), რომ ის წარმოთქმულია აქაზის დროს (1) იმის შემდეგ, რაც იუდეველთა სამეფო გაპარტახტა ისრაელელთა, სირიელთა, იდუმეველთ და ფილისტიმელთა მიერ (4 მეფ. 15:37; 16:6; 2 პარ. 28:5-8; 17-18).
 
_______________
 
1. ხოლო მიტრ. ფილარეტის აზრით, აქაზის მემკვიდრის ეზეკიას დროს, როდესაც ისრაელის სამეფო სრულიად დაანგრიეს ასირიელებმა, რითაც აიხსნება ამ ქადაგებაში ისრაელის ათი ტომის არმოხსენიება.
 
_______________
 
 
1. ხილვა ესაიასი, ამოსის ძისა, იუდაზე და იერუსალიმზე რომ იხილა, იუდას მეფეების - ოზიას, იოათამის, აქაზის და ეზეკიას დროს.
 
 
ეს მუხლი შეიძლება განვიხილოთ, როგორც მთელი წიგნის წარწერა, რომელშიც მითითებულია: ა) მწერლის პიროვნება: ესაია, ძე ამოსისა (იხ. ზემოთ); ბ) დრო მისი წინასწარმეტყველებისა: იუდეველ მეფეთა - ოზიას, იოათამის, აქაზისა და ეზეკიას დროს (იხ. ზემოთ) და გ) წინასწარმეტყველების მთავარი საგანი: ხილვა იუდეასა და იერუსალიმზე.
 
"ხილვად" (ὂρασις) კერძო აზრით იწოდება ერთ-ერთი ფორმა, რომლის მეშვეობითაც ღმერთი წინასწარმეტყველებს აუწყებდა თავის ნებას, უფრო ფართე აზრით კი "ხილვა" შეიძლება ნიშნავდეს (არა ერთ, არამედ) გამოცხადების ყველა ფორმას; მოცემულ შემთხვევაში ეს სიტყვა უმჯობესია გავიგოთ ამ ბოლო აზრით და გადმოვცეთ ის სიტყვით "წინასწარმეტყველება" (შეად. ეს. 13:1).
 
ესაიას წიგნში ჩაწერილ წინასწარმეტყველებათა უმთავრეს საგანს, წიგნის ზედწერილის მიხედვით, წარმოადგენს იუდეის სამეფო თავის დედაქალაქ იერუსალიმთან ერთად: "ხილვა ესაიასი, ამოსის ძისა, იუდაზე და იერუსალიმზე რომ იხილა". ეს არ ეწინააღმდგება იმას, რომ წინასწარმეტყველ ესაიასთან არსებობს წინასწარმეტყველებანი ზოგიერთ წარმართ ხალხებზეც (13-21 და 23 თთ.) რადგან, ასეთი წინასწარმეტყველებები შედარებით ნაკლებია (9 თავი 66-დან), ასე რომ წინასწარმეტყველი სიტყვა ამ ხალხებს ერთგვარად ზედაპირულად ეხება და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ იუდეასთან.
 
 
2. ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი იტყოდა: ძენი ვშვი და აღვამაღლენ, მათ კი შეურაცხ-მყვეს მე.
   
 
ძლიერ რომ მიიპყროს იუდეველთა ყურადღება და განაწყოს ისინი სინანულისკენ, წინასწარმეტყველი უპირველეს ყოვლისა მიანიშნებს მათ, რომ ლაპარაკობს არა საკუთარს რასმეს, არამედ მისი პირით მეტყველებს თვით ღმერთი; ამიტომაც არა მარტო ადამიანები, გონიერი ქმნილებები, არამედ თვით ცა და მიწაც უნდა ისმენდნენ მის სიტყვას: "ისმინე, ცაო, - ამბობს ის, და - ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი იტყოდა (ὄτι)". მეტყველების ეს ფორმა, რომელსაც პროსოპოპეა, ანუ განხორციელება ეწოდება, ხშირად გვხვდება წმიდა წერილის სხვა ადგილებშიც. ასე, მაგალითად, თვით იესუ ქრისტემ თქვა: "დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე" (ლკ. 19:40).
 
ამგვარი, ასე ვთქვათ, შეტევის შემდეგ, წინასწარმეტყველი იწყებს ღმრთისგან მიღებული გამოცხადების გადმოცემას და ნათქვამის შესაბამისად ("უფალი იტყოდა") მეტყველებს არა საკუთრივ საკუთარი პირისგან, არამედ ღმრთის სახელით: "ძენი ვშვი და აღვამაღლენ, მათ კი შეურაცხ-მყვეს მე".
 
ამ მცირეოდენ სიტყვებში მითითებულია წინასწარმეტყველის ქადაგების მთავარი საგანი, კერძოდ - ერთი მხრივ ღმერთის დამოკიდებულება თავისი ხალხისადმი და მეორე მხრივ - ხალხის დამოკიდებულება ღმრთისადმი:
 
ა) ღმერთის დამოკიდებულებას ღმრთისადმი წინასწარმეტყველი ადარებს მამის დამოკიდებულებას შვილისადმი: "ძენი ვშვი", ანუ უფალმა ღმერთმა თითქოსდა მიიშვილა თავისი ხალხი, განსაკუთრებულად შეიყვარა და მიიახლოვა სხვა ხალხებთან შედარებით.
 
ღმერთის დამოკიდებულება იუდეველი ერისადმი, როგორც მამისა შვილისადმი, აღნიშნულია წმიდა წერილის სხვა ადგილებშიც. ასე, მაგალითად, თვით ღმერთი, ესაუბრება რა მოსეს, იუდეველ ხალხს თავის პირმშოს უწოდებს: "ძე ჩემი პირმშო არს ისრაელი" (გამ. 4:22 შეად. ოსე. 11:1). ამიტომაც უწოდებს მოსე იუდეველთ ღმრთისგან შობილთ: "ნაშობ იყვნეთ თქუენ უფლისა ღმრთისა თქუენისა" (მეორე რჯლ. 14:1). ღმრთის მიერ იუდეველი ხალხის მიშვილება მოხდა მოსეს დროს, ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც აღთქმა დაიდო ღმრთისა სინას მთაზე. მაშინვე დაიწყო იუდეველი ერის ის აღზევება სხვა ხალხების წინაშე, რომელზეც წინასწარმეტყველი უთითებს სიტყვებით: "აღვამაღლენ". აქ ამაღლებაში იგულისხმება, როგორც რელიგიურ-ზნეობრივი, ასევე პოლიტიკურ-სამოქალაქო ამაღლება.
 
სხვა ხალხებისგან თავისი ღვთივრჩეულობით, იუდეველი ხალხი უკვე განკუთვნილი იყო სიწმიდისთვის, ღმრთის სჯულით ცხოვრებისთვის (გამ. 19:6); ხოლო სამოქალაქო გაგებით, დიდებული ამაღლებისთვის სხვა ხალხთა წინაშე (მეორე რჯლ. 26:18-19), რათა ყოფილიყო იგი ხალხთა მეთაური (მეორე რჯლ. 28:13 შეად. იერ. 31:7). აზრი იუდეველი ხალხის აღზევების შესახებ დეტალურად არის გახსნილი ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში (16:3-14).
 
ბ) მაგრამ იუდეველი ერი ღმერთთან მიმართებაში, რომელმაც მიიშვილა და აღამაღლა იგი, უკიდურესად უმადური აღმოჩნდა: "მათ კი შეურაცხ-მყვეს (ἠθέτησαν) მე", ანუ "მიღალატეს და კერპებს დაუწყეს მსახურება" (წმ. ეფრემ ასურელი).

 
3. ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს.


იუდეველთ ასეთი უმადური დამოკიდებულება ღმრთისადმი, თავისი მამისადმი და კეთილისმყოფელისადმი, მათ პირუტყვ და უგუნურ ცხოველებზე უარესად ქმნის: "ხარმა იცის თავისი მფლობელი ("იცნა ხარმან მომგებელი") და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს" (ანუ ცოდნით არ იცოდნენ, და არც სურდათ ცოდნოდათ).
 
ისრაიტელთა შესახებ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ და არ ჰქონდათ თავიანთი ღმერთის გაგება იმ აზრით, რომ მათ დაავიწყდათ და მიატოვეს იგი, არ უნდოდათ მისი თაყვანისცემა და მსახურება. მათ იცოდნენ, რომ ყოველი სიკეთე, რომლითაც სარგებლობენ, ღმრთისგან ჰქონდათ, მაგრამ, მიატოვეს თავიანთი ღმერთ-კეთილისმყოფელის პატივისცემა, რითაც აჩვენეს, რომ არ სურთ ამ სიკეთეებით სარგებლობა, თვითონვე მიატოვეს თავიანთი ბაგა, საიდანაც იკვებებოდნენ და წავიდნენ სხვა ღმერთების საძიებლად, ანუ კერპთაყვანისცემას მიჰყვეს ხელი (დეტალური აზრი იხ. იერემიას წინასწარმეტყველებაში - 2:13).
 
 
4. "ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიგიტოვებიათ უფალი, განარისხეთ ისრაელის წმიდა, უცხო ექმნენით და განსდექით!"
 
 
ღმრთისგან ასეთი განდგომისთვის წინასწარმეტყველი იუდეველ ხალხს უბედურებას უწინასწარმეტყველებს. "ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიგიტოვებიათ უფალი, განარისხეთ ისრაელის წმიდა, უცხო ექმნენით და განსდექით!"
   
ამ განსხვავებულ, მაგრამ დანიშნულებით მსგავს გამონათქვამებს წინასწარმეტყველი იყენებს იმ მიზნით, რათა ძლიერ გამოხატოს თვისი აზრი იუდეველი ხალხის ღმრთის წინაშე ჩადენილი უკიდურესი დანაშაულისთვის. ეს ბრალეულობა კი შემდეგში მდგომარეობს: ღმრთის მიერ მიშვილებულ და გაკეთილშობილებულ (მ. 2) იუდეველ ხალხს თავისი ღმრთისა და მამისადმი, თავისი კეთილისმყოფელისადმი მორჩილებით უნდა მოეპოვებინა მისი სიყვარული, ამის ნაცვლად კი ღმრთის წმიდა ნებისადმი დაუმორჩილებლობით, რომელიც გამოხატული იყო რჯულში, განარისხეს იგი ("განარისხეთ ისრაელის წმიდა"), და მასთან მიახლოვების ნაცვლად (ლოცვებში) განუდგნენ მას და მიატოვეს იგი ("უცხო ექმნენით").
 
"ისრაელის წმიდად" აქ, ისევე როგორც წმ. წერილის სხვა ადგილებში, იწოდება ღმერთი, რომელმაც თვითონ ინება ასე წოდებულიყო: "ელაპარაკე ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და უთხარი: წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი" (ლევ. 19:2).
 
სიტყვებით: "განსდექით", შეიძლება მითითებული იყოს ის, რომ იუდეველი ხალხი თავისი მამის აბრაამის ერთ ოჯახში მყოფი თავდაპირველად გამოხმობილი იყო ქალდეველთა ურიდან, შემდეგ კი უკვე მრავალრიცხოვანი ხალხის შემადგენლობიდან, ანუ - ეგვიპტიდან, რათა შენარჩუნებულიყო მასში ღმრთისადმი რწმენის სიწმიდე, რადგან სხვა შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ ჭეშმარტი რწმენა ღმრთის ხალხში დაიჩრდილებოდა კერპთაყვანისმცემლობის საყოველთაო გავრცელებით (ნავ. 24:2). მაგრამ იუდეველი ერი, რომელიც ღმერთს სიწმიდისკენ მიჰყავდა, არ უსმენდა თავის სულიერ ბელადს და განუდგებოდა მას, ანუ კვლავ კერპთაყვანისმცემლობისკენ მიიდრიკებოდა, რომლისგანაც განაშორებდა მას ღმერთი.
 
 
5. კიდევ რატომღა იწყლვით უსჯულოების დამრთველნო? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული.
 
6. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი.
   
 
უბედურება, რომლის შესახებაც ახლა ითქვა, ნაწილობრივ უკვე თავს დაატყდა იუდეველთ. ეს სწორედ ის პოლიტიკური უბედურებებია, რომელთაც დაექვემდებარა იუდეველთა სამეფო აქაზის დროს მეფისა და მისი ქვეშევრდომების უკეთურებისთვის. ხოლო, რადგან არც მეფე და არც ხალხი ამ სასჯელებით გონს არ მოეგებოდნენ და სინანულის ნაცვლად ძველ ცოდვებს უმეტეს უსჯულოებებს ამატებდნენ და მით ახალ უბედურებებს გარდამოიწვევდნენ საკუთარ თავზე, - წინასწარმეტყველი, მიმართავს რა იუდეველთ, ამბობს: "კიდევ რატომღა იწყლვით უსჯულოების დამრთველნო?" და უთითებს იმაზე, რომ ამგვარი მათი საქციელის შედეგია მათი ქვეყნის სავალალო მდგომარეობა. აზრს ქვეყნის უბადრუკ მდგომარეობაზე წინასწარმეტყველი თავდაპირველად მეტაფორულად გამოხატავს, წარმოადგენს რა მას სხეულის სახით, რომელიც თავიდან ფეხებამდე წყლულებით არის დაფარული (5-6 მ.). "მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა (2), და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი".
 
_______________
 
2. ძვ. თარგმანებშია: "ფერჴთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძჳლი განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი". უარყოფითი გამონათქვამები: არცა (οὔτε) წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძვილი განსივებული, წინმსწრობ სიტყვებთან კავშირში ("მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ"), სადაც კი არ  უარიყოფა, არამედ პირდაპირ იგულისხმება ეს ჭრილობები, - თანამედროვე ენაზე ჯობია გადმოიცეს უარყოფითი ნაწილაკის გამოუყენებლად: "ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი". მეტყველების უარყოფითი ფორმა ძვ. ბერძნულსა და სლავურში (მ. შ. ძვ. ქართულშიც - "აპოკ." რედ.) შეიძლება გავიგოთ, როგორც მითითება იმაზე, რომ მკაცრი აზრით აქ ლაპარაკია არა უშუალოდ ჭრილობებზე, წყლულებსა და იარებზე, არამედ მათი სახით რაღაც სხვაზე.
 
_______________
 
"თხემს" (თავს) აქ წინასწარმეტყველი უწოდებს მეფესა და წარჩინებულთ, რომლებიც მმართველობის სათავეში დგანან, "გულს" - მღვდლებსა და ლევიტელთ, ხოლო "ტერფებს" (ფეხებს) - უბრალო ხალხს, რითაც გამოტახავს იმ აზრს, რომ უბედურებები, იუდეველთა სამეფოს რომ დაატყდა, მარტოდენ უბრალო ხალხის ხვედრი კი არ იყო, არამედ ყველა მათგანის, მეფიდან დაწყებული უბრალო მოქალაქით დამთავრებული, გამონაკლისის გარეშე. ასე რომ საჭირო იყო განსაკუთრებული ზომების მიღება უბედურებებით შერყეული სახელმწიფოს აღსადგენად, რადგან ჩვეულებრივი საშუალებები არასაკმარისი იყო ამისთვის.
 
ეს ბოლო აზრი გამოხატულია სიტყვებით: "შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი". როგორც ზემოთ ჭრილობებში, წყლულებსა და იარებში იგულისხმება პოლიტიკური უბედურებები, ასევე აქ, "სახვევებსა" და "მალამოში", წინასწარმეტყველი გადატანითი მნიშვნელობით გულისხმობს სამოქალაქო-პოლიტიკურ ჭირვებათა მკურნალობის ჩვეულებრივ საშუალებებს, ანუ ჩვეულებრივ ღონისძიებებს, რომელსაც მიმართავენ ხოლმე სახელმწიფოთა მმართველები მოსალოდნელი უბედურებების დროს და ასევე იმ აშლილობათა გასასწორებლად, რომელიც მიაყენა სახელმწიფოს უკვე მომხდარმა გასაჭირმა.
 
გამოდის ასეთი აზრი: მეფემ და წარჩინებულებმა თავიანთი ძალით და ხელმწიფებით ვერ შეძლეს უბედურებათა აღმოფხვრა, რომელიც თავს დაატყდა იუდეველთა სამეფოს. ეს უბედურებანი (როგორც ზემოთ ითქვა) იუდეველ ხალხზე მოვლენილი სასჯელები იყო ღმრთისადმი დაუმორჩილებლობისთვის. შედეგად ისინი მხოლოდ სინანულითა და ერის ზნეობრივი გამოსწორებით თუ განიკურნებოდნენ. ამისკენვე  უნდა მოუწოდებდნენ ერს მისი რელიგიური ხელმძღვანელები, მღვდლები და ლევიტელნი, მაგრამ მათ არაფრის ქმნა არ შეეძლოთ ამ მიმართებით.

 
7. მოოხრებულია თქვენი ქვეყანა, გადამწვარია თქვენი ქალაქები, თქვენს მინდვრებს გადამთიელნი ჭამენ თქვენს თვალწინ და მოოხრებულია, თითქოს ურდოებს დაერბიოთ.
 
8. დარჩება სიონის ასული, როგორც როგორც როგორც კარავი ნავენახარში, როგორც ხულა ნაბოსტნარში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი".
 
9. ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ უფალს, სოდომად ვიქცეოდით, გომორას დავემსგავსებოდით!

 
ზემოთ (5-6) მეტაფორულად გამოთქმულ აზრს, ახლა წინასწარმეტყველი პირდაპირ გამოხატავს: "მოოხრებულია თქვენი ქვეყანა, გადამწვარია თქვენი ქალაქები, თქვენს მინდვრებს გადამთიელნი ჭამენ თქვენს თვალწინ და მოოხრებულია, თითქოს ურდოებს დაერბიოთ" (მ. 7).
 
ამ სიტყვებით (ისევე, როგორც 5-6 მუხლებში მოცემული შედარებებით) წინასწარმეტყველი ესაია უთითებს იმ მდგომარეობაზე, რომელშიც იმყოფებოდა იუდეა ისრაელიტელებთან, სირიელებთან, იდუმეველებთან და ფილისტიმელებთან აქაზის გამანადგურებელი ომების შემდეგ. დაახლოებით ამავე დროს უნდა განვაკუთვნოთ წინასწარმეტყველის წინამდებარე ქადაგება (იხ. ზემოთ). ეს ნაწილობრივ დასტურდება შემდეგი სიტყვებით (მ. 8).
 
(საზოგადო გაპარტახების პირობებში, რომლის შესახებაც სულ ახლახან ითქვა) "დარჩება (ἐγκαταλειφθήσεται) იერუსალიმი, სიონის ასული (3), როგორც კარავი ნავენახარში, როგორც ხულა ნაბოსტნარში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი".
 
_______________
 
3. სიონის ასული იგივეა, რაც - ასული იერუსალიმისა (როგორც ასული ბაბილონისა), ანუ იერუსალიმი, რომელიც ასე იმიტომ იწოდება, რომ განლაგებულია სიონის მთაზე (შეად. ზაქ. 2:6 და ეს. 60:1).
 
_______________
 
კარავს (σκηνή) ვენახში და ხულას ბოსტანში (οπωροφυλάκιον) გააჩნდათ ერთი და იგივე დანიშნულება - ყოფილიყვნენ დარაჯის თავშესაფარი, რომელიც იცავდა ვენახს ან ბოსტანს, და ამიტომაც, იმის შემდეგ, რაც მოიკრიფებოდა ყურძენი და აიღებოდა ბოსტნეული, ისინი უკვე არასაჭირო და მიტოვებულნი იყვნენ დაცარიელებულ ვენახსა თუ ბოსტანში (წმ. ეფრემ ასურელი). აქედან გამომდინარე იერუსალიმის შედარება ასეთ კარავთან და ხულასთან იღებს შემდეგ მნიშვნელობას: საზოგადო გაპარტახების პირობებში (ყოველ შემთხვევაში გარკვეული დროით) იერუსალიმი ხელუხლებელი იქნება, ვენახში მდგომი სადარაჯო ქოხივით ან ხულასავით ბოსტანში მოსავლის აღების შემდეგ.
 
იგივე აზრს გვაძლევს სიტყვებიც: "როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი" (ὡς πολις πολιορκουμενη), კერძოდ - იერუსალიმი არ იქნება გაპარტახებული, მაგრამ დაემსგავსება ქალაქს, რომელიც მტრის მიერაა ალყაშემორტყმული: ქალაქის ირგვლივ, რომელსაც მტერი აკრავს, ყველაფერი მტრის ნადავლია და ნადგურდება, ასევე გაპარტახდება ყველაფერი იერუსალიმის ირგვლივაც. მართლაც, აქაზის მეფობის დროს, იუდეველთა ქვეყნის საზოგადო გაპარტახების დროს იერუსალიმი მტრისგან ხელუხლებელი იყო: "იუდას მეფის ახაზის დროს, იოათამის ძისა, ოზიას ძისა, გამოვიდნენ რაასონ არამის მეფე და ფაკე რემალიას ძე, ისრაელის მეფე, იერუსალიმის ასაღებად, მაგრამ ვერ აიღეს" (ეს. 7:1 შეად. 4 მეფ. 16:5).
 
წინასწარმეტყველის თქმით, ეს იყო ღმრთის მოწყალების ერთადერთი საქმე: "ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ უფალს, სოდომად ვიქცეოდით, გომორას დავემსგავსებოდით!" (მ. 9). როგორც ცნობილია, სოდომისა და გომორას მცხოვრებნი დაიღუპნენ თავიანთი უკიდურესი უსჯულოების გამო: მათ შორის 50 ან თუნდაც 10 მართალიც რომ ყოფილიყო, განადგურება თავიდან აცდებოდა ამ ქალაქებს (დაბ. 18:20-33). აქედან წინასწარმეტყველის სიტყვებში: "ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ უფალს" - შეიძლება დავინახოთ ასეთი აზრი: აქაზის მეფობის დროს იუდეის სამეფომ სოდომისა და გომორას ხვედრი იმიტომ არ გაიზიარა, რომ ღმრთის წყალობით მასში ჯერ კიდევ ცხოვრობდა რამოდენიმე მართალი, რომელთა გამო სასჯელი სამეფოს საბოლოო განადგურებით დრომდე გადაიდო. ეს კი ღმრთის მოწყალება იყო საკუთარი ხალხისადმი: რადგან მან თვითონ დატოვა გარკვეული ნატამალი, და დაიცვა იგი ზნეობის სრული გარყვნისგან. ამ აზრით წინასწარმეტყველის ეს სიტყვები გამოსადეგია ყოველი სახელმწიფოსა და ხალხისადმი, რომელ დროშიც გინდ ცხოვრობდნენ ისინი. უფალი ღმერთი, როგორც ძველ აღთქმაში იცავდა თავის რჩეულთ საბოლოო ზნეობრივი გახრწნისა და წარწყმედისგან, ისე ახლაც იცავს მათ: თუკი ისინი იმყოფებიან მისი ბანაკის ფარგლებში, ანუ ქრისტეს ეკლესიაში, და ამის მეშვეობით აძლევს მათ მადლმოსილ ძალებს ცხონებისთვის; ხოლო თუკი ისინი ჯერაც ეკლესიის გარეთ იმყოფებიან (წარმართები), მაშინ იზრახავს მათ შესვლას ეკლესიაში. სწორედ ასეთი აზრით ესმის ეს ადგილი მოციქულ პავლეს (რომ. 9:29).
 
"ცაბაოთ უფალი", ანუ უფალი მხედრობათა, იგივე უფალი ძალთა (ეს. 8:13; იერ. 5:14; 15:16; 38:67), რადგან ზეციურ მხედრობად (3 მეფ. 22:19) და ზეციურ ძალებად (2 პარ. 18:18) იწოდებიან ანგელოზთა დასნი, რომლებიც ზეციური მეფის საყდარს ეკვრიან გრს და აღიარებენ მას საკუთარ ღმერთად, დაუღალავად უგალობენ რა მას: "წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი!" (ეს. 6:1-3). ზეციურ მხედრობად ან ზეციურ ძალებად წმ. წერილში კიდევ იწოდებიან ზეციური მნათობები, რომელთაც ზოგჯერ ღმრთის საფერ პატივს მიაგებდნენ ებრაელები (4 მეფ. 17:16; 21:3, 5; იერ. 8:2). სახელწოდებაში "უფალი მხედრობათა ან ძალთა", მხედრობაში ან ძალებში, რა თქმა უნდა, შეიძლება ვიგულისხმოთ ზეციური მნათობები, ეს გამოთქმა კი გავიგოთ იმ აზრით, რომ ჭეშმარიტი ღმერთი არის ღმერთების ღმერთი, ღმერთი ცისა და მიწისა და ყოველივესი, რაც მათშია. მაგრამ უმჯობესია მათში ვიგულისხმოთ ანგელოზები.


10. ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!
 
11. რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!
 
12. რომ მოდიხართ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა?
 
13. ნუღა მომიტანთ მაგ ფუჭ შესაწირავს, საძაგელია ჩემთვის საკმეველი, ახალმთვარობები და შაბათები ჯარობები ვეღარ ამიტანია! უკეთურება და დღესასწაული?
 
14. თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით.
 
15. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!
 
 
ამ განყოფილებაში წინასწარმეტყველი მოუწოდებს იუდეველ ხალხს დატოვოს თავისი ფარისევლური მსახურება ღმრთისადმი, გულწრფელად შეინანოს თავისი ცოდვები და ისწავლოს სიმართლისა და მოწყალების საქმეთა კეთება, რადგან მხოლოდ ამ პირობით შეძლებენ ისინი უსაფრთხოდ ყოფნას და კეთილღეობაში ცხოვრებას ("თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ"), წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ გარდაუვალი დაღუპვა ელოდებათ ("თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ!").
 
მიმართავს რა იუდეველთა სამეფოს ქვეშევრდომთ მათ მმართველებთან ერთად, წინასწარმეტყველი უპირველესად მოუწოდებს მათ ყურადღებით მოუსმინონ სიტყვას ("ისმინეთ", "ყურადიღეთ") ან უფლის დარიგებას (4), რომელსაც ის (წინასწარმეტყველი) ეტყვის მათ; ამასთან იუდეველ მმართველებს ის "სოდომის მთავრებს", ხოლო მათ ქვეშევრდომებს - "გომორელებს" უწოდებს (მ. 10). ასეთი მიმართვით წინასწარმეტყველი გვამცნობს, რომ მათი უკეთურება სოდომის მთავართა და გომორას მცხოვრებთა უკეთურებას ედრება, და თუმც, ღმრთის წყალობით, ამჟამად თავს არ დაატყდათ ამ ქალაქების ხვედრი, მომავალში, თუკი არ გამოსწორდებიან, იგივე სასჯელი არ ასცდებათ.
 
_______________
 
4. აქ ღვთის რჯულში იგულისხმება არა მოსეს რჯული, არამედ იგივე, რაც აქ უფლის სიტყვად იწოდება, კერძოდ - წინასწარმეტყველის მიერ ღმრთის სახელით წარმოთქმული მომდევნო ქადაგება (იხ. 11-18).
 
_______________
 
ასეთი შედარება იუდეველთათვის შეურაცხმყოფლად შეიძლება მოგვეჩვენოს და მათ თავის გასამართლებლად შეეძლოთ ეთქვათ, რომ ისინი ასრულებენ მსხვერპლის ღმრთითდადგენილ განწესებებს და ზეიმობენ დღესასწაულებსაც, ამიტომ შეუძლებელია მათი შედარება სოდომისა და გომორას მცხოვრებლებთნ. მაგრამ, ამის უარსაყოფად და გასაფრთხილებლად წინასწარმეტყველი ღმრთის სახელით მათ ეუბნება (11-15 მმ.):
 
1) რომ ღმერთს არ სჭირდება მათი მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ("რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს"), რომ მას ყელში ამოსდის ("გამძღარი ვარ") ყოვლადდასაწველი კურატები (ანუ ეს ყველაფერი მას ეზიზღება) და არ სურს "მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!" (მ. 11).
 
ამ სიტყვებით ის აზრი კი არ გამოიხატება, თითქოსდა სჯულით განწესებული მსხვერპლშეწირვები არ ესათნოვებოდა უფალს: ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ის არც იქნებოდა დაწესებული. უფალს ესათნოვება ან არ ესათნოვება მსხვერპლი არა თავისთავად, არამედ იმისდა მიხედვით, თუ როგორი გულით არის ის შეწირული: "მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს" (ფსალმ. 50:19). ეს კი ნიშნავს, რომ გარეგან მსხვერპლს თან უნდა სდევდეს შინაგანი, სულიერი ან გულითადი შემუსვრილობა ცოდვათა გამო, ის უნდა იყო ამ განწყობის გამოხატულება. ამიტომაც, როდესაც ღმერთს შემწირველნი მხოლოდ გარეგნულად სწირავენ მსხვერპლს მათი შეუსაბამო გულითადი განწყობილებით, მაშინ ასეთი მსხვერპლი ღმერთისთვის არასათნოა (შეად. ოსია 6:6). სწორედ ამ წმიდად გრეგან და შედეგად ფარისევლურ მსხვერპლზე ლაპარაკობს აქ წინასწარმეტყველი.
 
2) რომ ღმერთს არ განუწესებია მათთვის ამგვარი პირმოთნეობითი მსხვერპლით ტაძარში მისვლა; ამიტომაც უმჯობესი იყო საერთოდ არ შესულიყვნენ შიგ: "რომ მოდიხართ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა?" - პასუხი უარყოფითია: არავინ! მაშ, ნუღარ მოდიხართ და ჩემს ეზოებს ნუ თელავთ (იხ. მ. 12).
 
გამოთქმა: "ნუ მოდიხართ ჩემთან" (ძვ. ქართ.: "არცა მოხვიდეთ ჩვენებად ჩემდა" – "აპოკ."რედ.) (ანუ უფალთან), შემდეგში განიმარტება სიტყვებით: "ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა?" უკანასკნელ შემთხვევაში უფლის ეზოში (წმ. ეფრემ ასურელის აზრით) იგულისხმება საწმიდარის ანუ ტაძრის ეზო. ხოლო ტაძრის ეზოში, თვით ტაძრის შესასვლელთან იდგა ყოვლადდასაწველი შესაწირის სამსხვერპლო, რომელზეც მსხვერპლი შეიწირებოდა.
 
აქ (5), სჯულის განწესების თანახმად, ყოველ იუდეველს უკიდურეს შემთხვევაში წელიწადში სამჯერ მაინც მართებდა (პასექზე, შვიდეულისა და კარვების დღესასწაულობაზე) შეწირულობით მისვლა ("ხელცარიელი არავინ გამოცხადდეს უფლის წინაშე" (2 რჯლ. 16:16). აქედან გამოთქმა უფლის წინაშე გამოცხადება - ტაძრის ეზოში შეწირულობით მისვლას ნიშნავს.
 
_______________
 
5. იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, როგორც ეს მოსესთან არის ნათქვამი (2 რჯლ. 16:15; გამ. 34:23); მაგრამ, 3 მეფ. 8:16-თან შედარებით, ამ ადგილას როგორც ჩანს იგულისხმება მოსეს კარავი, რომელიც შემდეგ იერუსალიმის ტაძრით შეიცვალა.
 
_______________
 
მაგრამ, როგორ კრძალავს წინასწარმეტყველი ესაია იმას, რაც მოსეს რჯულით არის განწესებული? რჯულში ნათქვამია: "წელიწადში სამჯერ უნდა გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, შენი ღვთის წინაშე" (2 რჯლ. 16:16), წინასწარმეტყველი კი ამბობს: "ნუღარ მოდიხართ" და კიდევ: "ჩემს ეზოებს ნუ თელავთ". რჯული ამას იუდეველებს განუწესებს, წინასწარმეტყველი კი მათ ეკითხება: ვინ მოითხოვა ეს თქვენგან? მოცემულ შემთხვევაში წინასწარმეტყველი რჯულის განწესებას კი არ აუქმებს, არამედ მხოლოდ განმარტავს და იუდეველთა შეგნებამდე დაჰყავს, რომ ფორმალური, ოდენ გარეგანი შესრულება რჯულის მოთხოვნისა, როდესაც მას შესაბამისი გულითადი განწყობილება არ ახლავს, სულაც არ არის რჯულის აღსრულება: რჯული თითოეული იუდეველისგან მარტო გარეგან მსხვერპლს კი არ ითხოვდა, არამედ ამასთან ერთად სულის შემუსვრილობას და გულის დამდაბლებას (იხ. მ. 11; ფსალმ. 50:19).
 
3) რა იქნება, თუკი ისინი ღმერთს მსხვერპლად შეწირავენ სემიდალურ ფქვილს ან საკმეველს? - ესეც ამაო იქნება, რადგან ესეც ეზიზღება უფალს (მ. 13).
 
სემიდალური (σεμίδαλις) (საუკეთესო ხარისხის) ფქვილი (სუფთა, ხორბლისა - დაბ. 28:6; გამ. 29:2, 40) რჯულით განწესებული იყო მსხვერპლშეწირვად, როგორც უსისხლო მსხვერპლი (ლევ. 2:1), ანალოგიურად შეიწირებოდა სურნელოვანი საკმეველიც (θυμίαμα, ქართ.: საკმეველი - "აპოკ." რედ.), როგორც განსაკუთრებული მსხვერპლი და რჯულის მიხედვით საწმიდარის სასაკმევლეში იკმეოდა ყოველდღიურად, ცისკრად და მწუხრად (გამ. 30:1) და წელიწადში ერთხელ განწმენდის დღეს წმიდა წმიდათაში (ლევ. 16:12-13).
 
გარდა ამისა, საკმეველი ფქვილთან ერთად (ლევ. 2:2) სამსხვერპლო შესაწირავად გამოიყენებოდა, გარდა მხოლოდ იმ შემთხვევბისა, როდესაც ეს შესაწირავი შეიწირებოდა ცოდვისთვის (ლევ. 5:11). სემიდალური ფქვილისგან დამზადებული შესაწირავისა და საკმაველის შესახებ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ისინი უსარგებლოა მათ შემომწირველთათვის და სისაძაგლეა უფლის თვალში, რითაც გამოხატავს არა იმ აზრს, რომ თვით ამ შესაწირავთა ნივთიერებანი არ ესათნოვებოდა ღმერთს და ამიტომაც ეს შესაწირავი უაზრო იყო, არამედ იმიტომ, რომ ის შეიწირებოდა არაწრფელი გულით (იხ. ზემოთ მმ. 11-12) და მოპოვებული იყო არა სამართლიანი შრომით (რაზეც უთითებს წინასწარმეტყველის სიტყვები: "ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!" (მ. 15), არამედ მოტყუებითა და ძალადობით (როგორც ბრძანებს წმ. ეფრემ ასრუელი).
 
ღმერთს ესათნოვება და სიამოვნებს ყოველი მსხვერპლი, თუნდაც უმცირესი რაოდენობით და იაფი ფასის მიხედვით, თუკი ის მორჩილებითა და თავმდაბლობით არის შეწირული, როდესაც შემომწირველს შეგნებული აქვს თავისი უღირსება ღმრთის წინაშე და თავისი მსხვერპლის არარაობა, და როდესაც ეს უკანასკნელი მართალი კაცის შრომის ნაყოფია, და არა მოტყუებისა და ძალადობის. ამ აზრს წინასწარმეტყველი ნათლად გამოხატავს სხვა ადგილას: "აი, ვის მივაპყრობ მზერას - მდაბალს, მდუმარეს და ჩემი სიტყვების მოშიშს. ხოლო უსჯულო, ხარის დამკვლელი, ვითარც კაცის მცემელი და ძაღლის დამკვლელი: სემიდალის მომღებელი ვითარც ღორის სისხლივით, და გუნდრუკის მიმცემელი, ვითარც მგმობარი" (ეს. 66:2-3). იგივეს ამბობს სოლომონ ბრძენიც: "ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის" (იგავნი 15:8).
 
4) რომ თვით მათ მიერ აღსრულებული დღესასწაულები და მარხვებიც კი, სძაგს უფალს ("თქვენი მარხვა და უქმობა და დღესასწაულნი სძულან ჩემს სულს" (მ. 14)) და არ გაგათავისუფლებენ სასჯელისგან, რომელიც თქვენი ცოდვების გამო მოიწევა თქვენზე ("არ მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს" (მ. 14)) (ძვ. ქართ.: "არღა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა" – "აპოკ." რედ.).
 
დღესასწაულები დაწესებული იყო ღმრთის განსაკუთრებული დიდებისთვის; საამისოდ რჯული განაწესებდა ამ დღეებში თავი შეეკავებინათ ცხოვრებისეული საქმიანობისგან და აღესრულებინათ გაძლიერებული ლოცვები და მსხვერპლშეწირვები ღმრთის სადიდებლად და სამადლობელად მის მიერ მოღებული მოწყალებისთვის.
 
მარხვები დაწესებული იყო საკუთარ შეცოდებათა გლოვისთვის, მათ გამო საზოგადოებრივი სინანულისთვის და განმწმენდელი მსხვერპლის შესაწირად. ამ მიზნით აღსრულებული დღესასწაულები და მარხვები, როგორც რჯულის დაწესებანი, რა თქმა უნდა, სათნო იყო სჯულმდებელი ღმრთისთვის. თუკი წინასწარმეტყველი ამბობს, რომ უფალს სძულს ეს დღესასწაულები და მარხვები, ამით გვამცნობს, რომ ისინი აღესრულებიან არა ისე და არა იმ მიზნით, როგორც ეს რჯულის მიერ იყო განწესებული. მაშასადამე, იუდეველებმა სადღესასწაულო დღეების თავისუფლება ყოველდღიური საქმიანობისგან მიაქციეს არა ღმრთისმსახურებისკენ, არამედ ფუჭი უსაქმურობისკენ და მარხვის დღეებში მხოლოდ ტანისამოსს იხევდნენ და სულაც არ გლოვობდნენ გულით (შეად. იოველ. 2:13); ანუ ისინი პირმოთნედ მარხულობდნენ. ასეთი მოჩვენებითი მარხვა და დღესასწაულები კი, როგორც არაღმრთივსათნონი ("შეიძულა ჩემმა სულმა"), ვერ იქნებოდნენ ღმრთის გულის მომგებნი, და მათ გამო შეუძლებელი იყო იუდეველთ მიეღოთ ცოდვათა მიტევება ("არ მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს").
 
და ბოლოს დ) რომ მათი ლოცვები თუნდაც ხანგრძლივი და გაძლიერებულნი (შედეგ. გულმოდგინენი, უკიდურეს შემთხვევაში, გარეგნულად მაინც), ღმრთის მიერ შესმენილი არ იქნება (მ. 15).
 
ლოცვის ძალაზე წმ. წერილში ნათქვამია: "ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ" (მთ. 7:7-8). არადა აქ წინასწარმეტყველი ამბობს: ხელებიც რომ აღაპყროთ (ლოცვით) ჩემკენ (6), რომც გაამრავლოთ თქვენი ლოცვები (ანუ ბევრს ილოცებთ), მაინც პირს მივაქცევ თქვენგან ("თვალს გარიდებთ" (მ. 15)) და "არ შევისმენ თქვენსას". ეს არ ნიშნავს იმას, რომ წინასწარმეტყველი ეწინააღმდეგება წმიდა წერილის მითითებულ სიტყვებს. აქ წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ბიწიერი ადამიანების ლოცვა არ ესათნოვება უფალს, რაც სრული სიცხადით ჩანს სიტყვებიდან: "თქვენი ხელები სისხლით არის შებღალული" (7).
 
_______________
 
6. ანუ ილოცებთ ჩემდამი გაშლილი ხელებით, რადგან ხელების გაშლა, ხელაპყრობა იყო დახმარების თხოვნის, უბედურებისგან თავდასხნის ვედრების გამოხატულება (3 მეფ. 8:22; იერ. 4:31; გამ. 9:29).
 
7. სისხლი ხელებზე - ეს არის თავიანთი მოყვასისადმი იუდეველთა დანაშაულებრივი, უსამართლო დამოკიდებულების მტკიცებულება, კერძოდ - მკვლელობათა ნაკვალევები (რაზეც მოცემულია მითითება 21-ე მუხლში).
 
_______________
 
მსგავსად იმისა, როგორც სხვა ადგილას ამბობს იმათი ლოცვის უსარგებლობაზე, ვინც მხოლოდ გარეგნულად ლოცულობს: "პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან. ამაოდ თნობენ ჩემდამო" (ეს. 29:13).
 
იგივე აზრებს ვხვდებით წმ. წერილის სხვა ადგილებშიც: "ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს; არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს" (ინ. 9:31). სხვათა შორის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცოდვილთა ლოცვები არასოდეს შეისმინება ღმრთის მიერ; არა, როდესაც ცოდვილები ევედრებიან უფალს საკუთარი დანაშაულობის შეგნებით და მორჩილების სულით, მაშინ ისინი იღებენ სათხოვარს. ამის ნიმუშად გამოდგება ერთ-ერთი ავაზაკის ლოცვა, რომელიც იესუ ქრისტესთან ერთად იყო ჯვარცმული (ლკ. 23:42-43). აი, რატომ მოუწოდებს სინანულისკენ წინასწარმეტყველი ესაია უკეთურ იუდეველთ, რომლებზეც სულ ახლახან თქვა, რომ მათ ლოცვას ღმერთი არ შეისმენს, და ჰპირდება მათ ღმრთის წყალობას (16-19, შეად. 58:9-11).
 
 
16. განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა.
 
17. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ.
 
18. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება.
 
 
მიუთითა რა არა მარტო ღმრთის გარეგანი და პირმოთნე მსახურების ამაოებაზე, არამედ ლოცვებზეც კი, რომლებსაც სისხლისღვრაში დამნაშავე ადამიანები აღავლენენ, წინასწარმეტყველი იუდეველებს მოუწოდებს, რათა მათ: ა) გარეგანი წეს-ჩვეულებებისა და პირმოთნე ლოცვების ნაცვლად გულმხურვალედ შეინანონ თავიანთი ცოდვები და სრულიად დაუტევონ (მ. 16); და ბ) ბოროტ საქმეთა ნაცვლად სიკეთის ქმნა ისწავლონ, უსამართლობის ნაცვლად სამართლიანობა ეძებონ, იმის ნაცვლად შეავიწროვონ და დაჩაგრონ მოყვასნი, თვითონვე იხსნან დაჩაგრულები ("შეეწიეთ ჩაგრულს"), ქვრივებს გამოესარჩლონ  და ობლები განიკითხონ (ამ შემთხვევაში - "დაიცვან" – "აპოკ." რედ.) (მ. 17)
 
ამგვარი გულწრფელი სინანულის ნაცვლად, რომელსაც თან უნდა სდევდეს გამოსწორება ("მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას" (ფსალმ. 33:15)), წინასწარმეტყველი მათ ჰპირდება ადრინდელ ცოდვათა მიტევებას, რაოდენ მძიმეც იყოს ისინი (მ. 18). შეასრულეთ ეს (ანუ 16-17 მუხლებში მითითებული მოწოდება), და "მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება" (მ. 18).
 
მუქ-წითელი და მეწამული ფერებით ის შეგვახსენებს სისხლს; ამიტომაც ცოდვები, რომლებიც ჰგვანან მუქ-წითელსა და მეწამულს, ნიშნავს იმ მძიმე უსჯულოებებს, რომლებსაც თან სდევს სისხლისღვრა ან მკვლელობები (მ. 15 შეად. მ. 21).
 
მაგრამ ასეთ მძიმე ცოდვათა განწმენდასა და მათ სრულიად მიტევებასაც კი ჰპირდება უფალი, რადგან ამბობს: "მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება", ანუ ჩამოგბანთო ცოდვის ამ ჭუჭყს, სრულიად განგბანთო მათგან (შეად. ფსალმ. 50:9). - ესოდენ უსაზღვროა ღმრთის მოწყალება კაცთადმი! ღმერთი სრულიად მიუტევებს მათ ცოდვებს, თვით უმძიმესთაც კი, მხოლოდ გულწრფელი სინანულისა და ზნეობრივი გამოსწორების შემთხვევაშ. ესაია წინასწარმეტყველი ამ აზრს უფრო დეტალურად სხვა ადგილას განგვიმარტავს (იხ. ეს. 55:6-9 შეად. ეზეკ. 33:11-16). ღმრთის ასეთი უსაზღვრო მოწყალების პირობებში, ყველაზე მძიმე ცოდვილიც კი არ უნდა კარგავდეს თავისი ცხონების სასოებას.
 
 
19. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ;
 
20. თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ.
 
 
თავის დარიგებას წინასწარმეტყველი ამთავრებს სინანულისკენ შეგულიანებით და მისი აღსრულებით: პირველი შეგულიანება გადმოცემულია ზემოთ (16-18), რომლის შედეგადაც წინასწარმეტყველი იუდეველთ ჰპირდება კეთილდღეობას, ოღონდ თუკი ისინი უფლისადმი მორჩილებას გამოაცხადებენ ("თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ" (მ. 19)), ხოლო მეორე - ეს არის მუქარა დასჯისა წინასწარმეტყველის სიტყვების შეუსრულებლობისთვის: "თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ!" (მ. 20).
 
თავისი მსმენელისთვის ეს შეგულიანება და წაქეზება უფრო ქმედითი რომ გახადოს, წინასწარმეტყველი ამატებს, რომ ამ ყველაფერს იუწყება არა საკუთარი თავისგან, არამედ ღმრთისგან; რომ ეს თვით ღმერთის სიტყვებია: "რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ" (მ. 20). ხოლო თუკი ასეა, მაშინ დაპირება კეთილდღეობისა და მუქარა სასჯელის შესახებ უეჭველად აღსრულდება, რადგან ღმრთის სიტყვა ჭეშმარიტია; ის აუცილებლად აღსრულდება: "ჩემი სიტყვა, - ამბობს უფალი წინასწარმეტყველ ესაიას პირით, - რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე" (ეს. 55:11; შეად. რიცხვ. 23:19; დაბ. 18:14).


21. როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი სიონი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან.
   
22. ვეცხლი თქვენი გამოუცდელია, ხამარნი თქვენნი ღვინოს წყალს ურევენ.
   
23. შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ.
   
 
ჯერ თქვა იმის შესახებ, რაც ელოდება იუდეველთ მომავალში მათთვის შეთავაზებული დაპირებების შესრულების ან არშესრულების შემთხვევაში, შემდეგ კი წინასწარმეტყველი იწყებს იუდეველთა იმდროინდელი რელიგიურ-ზნეობრივი მდგომარეობის აღწერას. ის არ ეხება იუდეის ყველა ქალაქს და მცხოვრებს, არამედ თავის ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ა) იერუსალიმსა და მის მცხოვრებლებზე (მმ. 21-22) და ბ) იუდეველ მმართველებზე (მ. 23).
 
1) იერუსალიმის შესახებ წინასწარმეტყველი გაკვირვებით კითხულობს:  "როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან".
 
"გამოუცდელია შენი ვერცხლი", მიმართავს იერუსალიმის მცხოვრებთ წინასწარმეტყველი, დუქნების მფლობელები გაუსინჯავად ურევენო წყალს და ღვინოს (მმ. 21-22).
 
წინასწარმეტყველის გამონათქვამები: "ერთგული ქალაქი სიონი!" და "სამართლით სავსე" - თანაბარმნიშვნელოვანია (პარალელურია), რადგან, როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში ლაპარაკია იერუსალიმზე, რომელიც აგებული იყო სიონზე, უფრო ზუსტად - ლაპარაკია მის მცხოვრებლებზე. იერუსალიმი (ამასთან ერთად მთა სიონიც, რომელზეც ის იდგა) "ერთგულად" იწოდება (იგულისხმება - ღმერთთან მიმართებაში), უწინ ის აღსავსე იყო სამართლით, როგორც ეს ჩანს თვით მსჯელობის თანმიმდევრობიდან ("სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი..." ). მეფე დავითის დროს, ბრძანებს წმ. ეფრემ ასურელი, ის მართლაც ასეთი ქალაქი იყო. მაგრამ, წინასწარმეტყველ ესაიას დროისთვის მეძავთა ქალაქი გახდა. უკვირს რა ასეთი უკეთური შეცვალება, წინასწარმეტყველი კითხულობს: "როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი სიონი? სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან".
 
სიძვად წმ. წერილში ჩვეულებისამებრ იწოდება ჭეშმარიტი ღმრთის ღალატი, კერპთმსახურება (გამ. 34:15; მსაჯ. 8:33) და სხვა), რადგან  იუდეველი ხალხის კავშირი (აღთქმა, διαθήκη) ღმერთთან წარმოდგენილია კაცისა და ქალის, შეყვარებულების, სასიძოსა და პატარძლის სახით (იხ. ქება ქებათა).
 
როგორც საქორწილო კავშირის დარღვევა არის მრუშობა, ასევე სულიერი აზრით ღმერთთან კავშირის დარღვევა, კერპთმსახურება, სხვა "ღმერთთა" კვალობაზე სიარული - მრუშობაა, მითუმეტეს, რომ კერპებისადმი მსახურების ზოგიერთ ფორმას თან ახლდა ყოველგვარ ბიწიერებათა გამრავლება. შემდგომში, უფრო ვრცელი აზრით სიძვა-მრუშობად წმიდა წერილში ზოგჯერ იწოდება უკეთურებაც, როგორც დანაშაულობათა ერთობლიობა მიმართული ღმრთის ნების წინააღმდეგ. მოცემულ ადგილში წინასწარმეტყველი იერუსალიმს მეძავს (ან სამეძაო ქალაქს) უწოდებს ამ უკანასკნელი აზრით, ანუ იმ აზრით, რომ ეს არის უკეთურ ადამიანთა საცხოვრისი. ამაზე უთითებენ წინასწარმეტყველის სიტყვები: "როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი სიონი? სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან. ვეცხლი თქვენი გამოუცდელია, ხამარნი თქვენნი ღვინოს წყალს ურევენ" (მ. 21-22).
 
ჩამოთვლის რა დანაშაულობათა გარკვეულ სახეობებს, რომელიც იერუსალიმში ხდებოდა, წინასწარმეტყველი მოტყუების ორ სახეობაზე ჩერდება, რომელთაც თავიანთი ანგარების გამო მიმართავდნენ ვაჭრობით დასაქმებული ადამიანები: ა) იყენებდნენ უსუფთაო, გაუწმენდელ ვერცხლს გაწმენდილის ნაცვლად და ბ) ღვინოში წყალს ურევდნენ.
 
ა) "ვერცხლი თქვენი გამოუცდელია", ამბობს წინასწარმეტყველი. აქ აშკარად ლაპარაკია ვერცხლის ზოდებზე, რომლებიც მონეტების, ახლანდელი ფულადი ნიშნების ნაცვლად გამოიყენებოდა. ეს ზოდები სხვადასხვა წონისა იყო, მაგრამ ყველა მათგანი სუფთა ვერცხლისგან უნდა ყოფილიყო. მაგრამ, წინასწარმეტყველის თქმით, ამ პირობას იერუსალიმში არ იცავდნენ, იქ იყენებდნენ გამოუცდელ (ἀδόκιμον, improbatum), არმოწონებულ ან ისეთ ვერცხლს, რომელმაც შემოწმება ვერ გაიარა, შედეგად, ეს იყო ვერცხლი დაღის ან სინჯის გარეშე, როგორც წმ. ეფრემ ასურელი ამბობს, "ყალბი დაღით", მაშასადამე, - უსუფთაო, გაუწმენდელი, სხვადასხვა მინარევებით, და საერთოდ, ამ ვერცხლს არ ჰქონდა არანაირი ღირებულება.
 
ბ) "ხამარნი თქვენნი ღვინოს წყალს ურევენ". როგორც ვერცხლთან მიმართებაში, აქაც ეს იყო მოტყუების ან თაღლითობის ახალი ფორმა, როდესაც ხამარნი (κάπηλοι, ანუ დუქანში ღვინის გამყიდველები, მიკიტნები, ამ ზომას მიმართავდნენ იმისთვის, რათა ღვინოს გაყიდვით მეტი ვერცხლი მიეღოთ" (წმ. ეფრემ ასურელი).
 
2) მმართველთა შესახებ იუდეველთა წინასწარმეტყველი ამბობს: "შენი მთავრები განდგომილნი არიან (იგულისხმე: განდგომილნი არიან ღმერთს და მის სჯულს) და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ" (მ. 23).
 
წინა მუხლებთან კავშირში ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ მრავალგვარ უკეთურებას, ამას სრულიად დაუსჯელად იქმოდნენ, რადგან თვით იუდეველთა მმართველები (თავადები, ἂρχοντες), რომელთაც ევალებოდათ ცრუთა და მატყუარათა, ქურდთა და ბოროტმოქმედთა დასჯა, თვითონ იყვნენ ამ უკანასკნელთა თანამზრახველნი, რის გამოც არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ დაჩაგრულთა საჩივრებს, არ განიკითხავდნენ ობლებს და ქვრივთა საჩივრები მათ არ სწვდებოდათ. ამგვარი მმართველების ხელში ხალხის მასის ზნეობრივი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, სავალალო იყო.
 
 
24. ამიტომ ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი: ვაი ისრაელის ძლიერთ, რადგან არ დასცხრება ჩემი გულისწყრომა მათზე, რომლებიც მეწინააღმდეგებიან, და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
   
25. მოვაქცევ შენკენ ხელს და, გამოგახურვებ სიწმიდედ, შეუსმენელთ კი წარვწყმედ, და მოვსპობ ყოველ უსშჯულოთ შენგან და ყოველ ამპარტავანს მოგაცილებ.
 
 
ზემოთ მითითებული უკეთურების გამო იერუსალიმის მცხოვრებთა და იუდეველთა მმართველთ (მათთან ერთად კი ყველა იუდეველს, რომლებიც, რა თქმა უნდა, არაფრით ჯობდნენ თავიანთ წინამძღოლებს) წინასწარმეტყველი ღმრთის მრისხანე მსჯავრს აუწყებს, როგორც მტრებს ღმრთისა.
 
ღმრთის ეს მსჯავრი უპირველესად იუდეველ მთავრებს ეუწყებათ, შემდეგ კი ღმრთის ყველა მტერს, ანუ ყველა უსჯულოს. "ამიტომ (ამისთვის, რაზეც უკვე 21-23-ე მუხლებში ითქვა) - ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი: ვაი ისრაელის ძლიერთ (ძლიერთა ისრაჱლისათა, ზემოთ მათ მთავრები ეწოდებათ, მ. 23), რადგან არ დასცხრება (არ დასცხრეს, οὐ παύσεται) ჩემი გულისწყრომა მათზე, რომლებიც მეწინააღმდეგებიან (წინააღმდგომთა შორის), და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე" (მ. 24).
 
ღმრთის მტრებში ანუ მისი ნების მოწინააღმდეგეებში (სლავ. противные, ბერძნ. ἀπειθοῦντες) (ძვ. ქართ. წინააღმდგომნი - "აპოკ." რედ.) ყველაზე უფრო, როგორც ეს მსჯელობის მიხედვით ჩანს, იუდეველი მთავრები იგულისხმებიან, რომელთა შესახებაც ზემოთ (მ. 23) ნათქვამია, რომ ისინი უფალსა და მის სჯულს არ ემორჩილებიან. წინასწარმეტყველის შემდეგი სიტყვების საფუძველზე უნდა ვიფიქროთ, რომ აქ (როგორც ზემოთ - 2, 6, 10 მუხლები) მთავრებთან ერთად მთელი იუდეველი ერიც იგულისხმება, რომელიც თავისი დანაშაულობებითა და უსჯულოებით ამტკიცებს ღმრთის ნებისადმი დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობას.
 
შემდეგ ღმრთის იგივე მსჯავრი ეუწყება იერუსალიმის მცხოვრებთ, თანაც გასაგები ხდება, რომ ზოგიერთისთვის, კერძოდ მათთვის, ვინც შეიგნებს ღმრთის ამ შეგონებას, ეს მსჯავრი ზნეობრივი გამოსწორების წინაპირობა შეიქნება, ხოლო სხვებისთვის, კერძოდ - მოუნანიებელ ცოდვილთათვის, სასტიკი სასჯელი და მათი ამოწყვეტით დასრულდება.
 
"მოვაქცევ შენკენ ხელს" (იერუსალიმ), ანუ მოგივლენ უბედურებებს, - ამბობს წინასწარმეტყველი ღმრთის სახელით, - და, ამ უბედურებებით აღვანთებ მისწრაფებას ზნეობრივი სიწმიდისკენ ("გამოგაჴურვო შენ სიწმიდედ"): ხოლო შეუსმენელთ, ("ხოლო უსმნი") რომლებიც ამას არ იზამენ, წარვწყმედ და ამგვარად მოვსპობ ყოველგვარ უსჯულოებას შენგან და ყველას, ვინც აქამდე ამპარტავანი იყო, დავიმორჩილებ"
 
ამ სიტყვებში მოცემულია წინასწარმეტყველება ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის აღებისა და შემდგომი უბედრებების შესახებ (წმ. ეფრემ ასურელი). მაშინ უსჯულოთაგან ერთნი მოშორებულ იქნენ იერუსალიმისგან მით, რომ მტრის მახვილისგან მოწყდნენ, ხოლო სხვები ტყვედ წაასხეს. მაშინ აღსრულდა ამპარტავანთა მორჩილება, რომლის შესახებაც ბრძანებს წინასწარმეტყველი: "ვინც აქამდე ამპარტავანი იყო, დავიმორჩილებ".
 
ხატოვანი გამოთქმა: "მოვაქცევ შენკენ ხელს" (ან როგორც სხვა ადგილებშია: "მივყო ხელი ჩემი" - გამ. 7:4-5), ნიშნავს - მოგწყლავ, დაგსჯი. სიტყვის ფორმა აღებულია ადამიანისგან, ვინც სჯის ან სცემს ვინმეს. სხვა ასეთივე გამოთქმაა: "გამოგახურვებ სიწმიდედ" და შეიძლება ასე გადმოიცეს: იუდეველ ხალხს მისი ზნეობრივი გამოსწორებისთვის მე (ღმერთი) ისე მოვექცევი, როგორც ექცევიან ჩვეულებრივ მეტალებს, როდესაც მათი გაწმენდა სურთ ბინძური მინარევებისგან, ასე ვთქვათ, გადავადნობ მათ გაწმენდის მიზნით. ეს კი ნიშნავს, რომ იუდეველი ხალხი განსაცდელის ან უბედურებათა ცეცხლით იქნება განწმენდილი ისე, როგორც მეტალს ახურვებენ ცეცხლში გასაწმენდად.
 
 
26. მოვაქცევ შენს მსაჯულებს, როგორც წინათ იყვნენ, და შენს მრჩეველებს, როგორც დასაწყისში იყვნენ; ამის შემდეგ სიმართლის ქალაქი დაგერქმეეა, უტყუარი სატახტო - სიონ.
 
27. სიონი მსჯავრით გამოისყიდება და მისკენ მოცეულნი - სიმართლით!
 
 
დანგრევითა და ტყვეობაში წასხმით დაემუქრა რა იერუსალიმს, წინასწარმეტყველი სულმოკლეთა სანუგეშოდ ამ ტყვეობის ბოლოსა და იერუსალიმის გაპარტახებასაც წინასწარმეტყველებს. ის ამბობს, რომ იერუსალიმში კვლავ ისეთი მმართველები ("მსაჯულნი და თანმზრახვალნი") იქნებიან დაწესებულნი, როგორებიც თავდაპირველად იყვნენ ("ვითარცა დასაბამსა"), რის შემდეგაც ეს ქალაქი კვლავ სიმართლის ქალაქად იქნება წოდებული, დედად (სატახტოდ, μητρόπολις) ყველა ქალაქისა, და უტყუარ სატახტოდ სიონ (შეად. მ. 21-ე), რადგან იერუსალიმელი ტყვენი (მისი ტყვეობა) ღმრთის სიმართლისა და სიყვარულის წყალობით გადარჩებიან ანუ დაიხსნებიან ტყვეობისგან.
 
უახლოესი აზრით აქ ლაპარაკია იუდეველთა დახსნაზე ტყვეობისგან, რომლითაც ზემოთ იმუქრებოდა წინასწარმეტყველი (მ. 25). ეს დახსნა მოხდა სპარსეთის მეფე კვიროსის დროს (536 წ. ქრ. შ.-მდე) და მხოლოდ ღმრთის მართლმსაჯულებისა და მოწყალების საქმე იყო: ღმრთის მართლმსაჯულებამ ტყვეობით დასაჯა უკეთურებას მიცემული იუდეველი ხალხი, ხოლო მოწყალებამ ბოლო მოუღო ამ ტყვეობას. მაგრამ, რადგან ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ იუდეველთ მცირედნი ჰყავდათ ისეთი მმართველები, როგორებიც პირველად იყვნენ, მათი დედაქალაქი იერუსალიმი ჯერაც ვერ იწოდებოდა სიმართლის ქალაქად და სატახტო სიონად, შემდეგში, სიტყვის უფრო ვრცელი და ნამდვილი აზრით წინასწარმეტყველის სიტყვებში უნდა გავიგოთ ის დროება, რ9ომელიც უცებ როდი დადგა ბაბილონის ტყვეობის დასრულების შემდეგ, არამედ საკმაოდ მოშორებული, კერძოდ, - დრო მესიის მოსვლისა, როდესაც იერუსალიმი სამართლიანად იწოდა სიმართლის ქალაქად, რადგან მასში გამოჩნდა მეუფე სიმართლისა, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე ("სიმართლის მორჩი", იერემია წინასწარმეტყველის გამოთქმისებრ) და დედამიწაზე დააწესა მსჯავრი და სამართალი (იერ. 33:15).
 
ამრიგად, კვიროსის დროს იუდეველთა გათავისუფლება იყო ცოდვისა და ეშმაკის მონობისგან იმ სულიერი გათავისუფლების წინასახე, რომელიც აღასრულა უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ. ამ მოვლენას ასეთ წინასახეობრივ მნიშვნელობას სხვა წინასწარმეტყველებიც აძლევენ (იხ. იერ. 23:3-6; 33:14-16).
 
 
28. დამნაშავენი და ცოდვილნი ერთად გაწყდებიან და უფლის მიმტოვებელნი დაიღუპებიან.
 
29. რადგან შერცხვენილნი იქნებიან თავიანთი კერპების გამო, რომლებიც ინებეს და გაწბილდებიან გამოქანდაკებულთა გამო, რომლებიც ქმნეს. გაწბილდებიან ბაღების გამო, რომელთაც შეჰხაროდნენ.
 

ტყვეობიდან ზემოთ ნაუწყები გამოხსნა ყველას ხვედრი როდი იქნება: ყველა უსჯულო და ცოდვილი, რომლებმაც უფალი მიატოვეს, მოაკლდებიან ამ სიხარულს, ისინი დაიმსხვრევიან (συντριβήσονται, დაიმტვრევიან, წაიშლებიან) და საბოლოოდ წარწყმდებიან (συντελεσθήσονται) (მ. 28). და ეს წარწყმედა გარდაუვალია: თუ ისინი მაშინ კერპებში ისურვებენ ხსნის პოვნას, რომელთაც თავიანთ საყვარელ კორომებში (8) ემსახურებოდნენ, მაშინ სულ ამაო იქნება მათი მცდელობა. მათი სასოება კერპთადმი თავს შეირცხვენს (მ. 29).
 
_______________

8. აქაზის დროიდან იუდეველებში კორომები კერპთაყვანისცემის ადგილები იყო (იხ. 4 მეფ. 16:4)
_______________

 
30. რადგან ფოთოლდამჭკნარ მუხასავით და ურწყავი ბაღივით შეიქნებით.
 
31. ძლიერი ძენძად იქცევა და მისი საქმე - ნაპერწკალად; ორივე ერთად აბრიალდება და ჩამქრობი არავინ იქნება.
 
 
თავისი მხილების დასასრულ წინასწარმეტყველი გვთავაზობს ცოდვილთ წარწყმედის მოკლე, მაგრამ ძლიერ აღწერას (რაზეც ნათქვამია ზემოთ მ. 28). "ისინი, ანუ უსჯულოები და ცოდვილნი, ფოთოლდამჭკნარ მუხასავით ან ურწყავი ბაღივით იქნებიან (შესაბამისად გახმებიან, რაც ასევე ფოთლების დაჭკნობაზე მიანიშნებს). და რაშიც იმედოვნებდნენ თავიანთ ძალას, "ძენძად იქცევა", მათი საქმე კი - ნაპერწკლად, ასე რომ უსჯულოები და ცოდვილები დაიწვებიან და ვერავინ ჩააქრობს მათ ცეცხლს (მ. 31).
 
რადგან უფლის მიმტოვებელი უსჯულონი თავიანთ კერპთა ძლიერებასა და, როგორც ისტორია აჩვენებს, თავიანთ მოკავშირეთა სამხედრო ძალაზე აფუძნებდნენ საკუთარ იმედებს (მაგ. აქაზი, რომლის დროსაც არის, სავარაუდოდ, ეს სიტყვა წარმოთქმული და, რომელიც მტრების წინააღმდეგ შეწევნას ასურელ მეფე თეგლათფალსართან ეძიებდნენ (იხ. 4 მეფ. 16:7-8; 2 პარ. 28:21), - წინასწარმეტყველი ამბობს კიდეც, რომ საშიშროების ჟამს ისინი სრულიად უმწეონი აღმოჩნდებიან მსგავსად იმისა, როგორც ფოთოლგაცვენილი მუხაა დაუცველი მზის ხვატისგან (წმ. ეფრემ ასურელი); და დაიღუპებიან, როგორც მოურწყველი ბაღი, ანუ მათი საკუთარი საქმეები დაღუპავს მათ. ამიტომაც, ის, რისი იმედიც ჰქონდათ და რასაც აფუძნებდნენ მთელ თავიან ძალას (მეზობელთა შეწევნას), მერყევი აღმოჩნდება (საშიშიც კი - როგორც აალებადი მასალა), როგორც ძენძი, ხოლო მათი საქციელი იქნება ის ნაპერწკალი, რომელიც ამ ჩალაში ჩაგდებული დიდ ცეცხლს ააბრიალებს. ასე რომ, ისინი დაიღუპებიან (დაიწვებიან) და ვერავინ იხსნის მათ ამ ხვედრისგან ("ჩამქრობი არავინ იქნება"). ასე შეემთხვევა ყველას, ვინც თავის იმედებს ღმერთზე არ ამყარებს. უფრო დეტალურად ეს აზრი გაშლილია წინასწარმეტყველ იერემიასთან (იხ. 17:5-9).
 
განხილული თავი პარემიების სახით ნაწილ-ნაწილ გამოიყენება საეკლესიო ღვთისმსახურებაში. ასე, მაგალითად, მისი პირველი ნაწილი (1-20) წარმოადგენს პარემიას ორშაბათის ჟამნებზე, ხოლო მეორე ნაწილი (19-31) მეორე თავის პირველი სამი მუხლის დამატებით - დიდი მარხვის პირველი შვიდეულის სამშაბათის ჟამნებზე. მარხვის დროს ეკლესიის მიერ ის უპირატესად დანიშნულია იმისთვის, რომ მორწმუნეები დაფიქრდნენ თავიანთ ცოდვებზე, შეინანონ ისინი და თავშეკავების (მარხვის), გაძლიერებული ლოცვებისა და სინანულის საიდუმლოთი იხსნან საკუთარი თავი.
 
ამიტომაც წინასწარმეტყველის მიერ იუდეველთა სამხილებლად, და მათსავ გამოსასწორებლად თქმული, ჩვენ საკუთარ თავს უნდა მივუყენოთ: მივაყურადოთ წინასწარმეტყველის მხილებას და ჩვენს თავს ვკითხოთ, ხომ არ არის ჩვენშიც იმ ბიწიერების მსგავსი რამ, რითაც მოწყლულნი იყვნენ იუდეველები, და თუ ასეა, ღვთის წინაშე გულწრფელად შევინანოთ. გარდა ამისა, ამავე თავიდან აიღება პარემია უფლის განცხადების ანუ უფლის ნათლისღების დღესასწაულის მწუხრზე.
 
ეკლესია ამით კვლავ გვაცნობებს, რომ წინასწარმეტყველის მიერ თქმული ღმრთის მიერ იუდეველთათვის ყველა ცოდვის მიტევებაზე მათი სინანულის შემთხვევაში, და იუდეველთა გამოსწორებაზე, ჩვენც გვეხება - ქრისტიანებს. თავისი ნათლისღებით უფალმა იესუ ქრისტემ აკურთხა იორდანის წყლები და დასაბამი დაუდო ნათლისღების საიდუმლოს, რომელშიც მორწმუნეს მიეტევება ყველა ცოდვა, ასე რომ ისინი სანათლავი ემბაზიდან თოვლივით განსპეტაკებულნი ამოდიან.


გაგრძელება იხ. სარჩევში.

წყარო: П. Н. Спасский, преп. Новгородской духовной семинарии. Толкование на пророческие книги Ветхого завета, составленное на основании святоотеческих толкований, применительно к славянскому (и греческому 70-ти) тексту по программе для 4 класса духовных семинарий : Вып. 1-2 / Новгород. 1893-1894.

თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2023 წ.
Назад к содержимому