ანგელოზები - შეუძლიათ თუ არა დემონებს განკურნონ ადამიანები? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანგელოზები
შეუძლიათ თუ არა დემონებს განკურნონ ადამიანები?
ოკულტიზმი
თავიდან აუცილებელია გავერკვეთ - რას ვგულისხმობთ ტერმინში "განკურნება". ყველაზე ხშირად მასში ესმით სხეულის დაავადებათაგან გათავისუფლება. უფრო იშვიათად ლაპარაკი მიდის ფსიქიურ დაავადებებზე. და კიდევ უფრო ნაკლებად - სულის სნეულებებზე. მაგრამ რადგან ლაპარაკია დემონებზე - სულიერ არსებებზე, განკურნების შესახებ საკითხის განხილვისას აუცილებელია განსაკუთრებულად შევეხოთ სწორედ სულიერ საკითხს.
 
ადამიანი - სულისა და სხეულის ერთობლიობაა. ეს ურთიერთკავშირი გვავალდებულებს დაავადება და განკურნება განვიხილოთ, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ პლანში. დაავადება, იქნება ის სხეულებრივი თუ სულიერი, ასე თუ ისე, ადამიანზე მთლიან ზემოქმედებას ახდენს. ამიტომაც, მანამ, სანამ განკურნებაზე ვილაპარაკებდეთ, მნიშვნელოვანია დაავადებათა მიზეზებში გავერკვეთ.
 
ეკლესია, წმიდა წერილზე დაფუძნებით, ასწავლის, რომ დაავადებები და სიკვდილი პირველ ადამიანთა ცოდვით დაცემის შედეგია. ღმრთისგან განდგომა გახდა მიზეზი იმისა, რომ სიკვდილი არაბუნებრივი მდგომარეობა იყო პირველდაწყებითი ადამიანისთვის, გარდაუვალი გახდა ადამისა და მისი შთამომავლობისთვის.
 
მთელი ისტორიის განმავლობაში, ადამიანს, ესმის რა, რომ ადრე თუ გვიან მოკვდება, არ შეუძლია მიეჩვიოს სიკვდილს, რადგან ის არ წარმოადგენს საღმრთო ჩანაფიქრის ნაწილს ადამიანზე. ექიმების ძალისხმევისდა მიუხედავად, არც ერთ ადამიანს არ ძალუძს სნეულებებისა და სიკვდილის გადალახვა. გტკივა სული - გტკივა სხეულიც.
 
ცოდვები, წარმოადგენენ რა სულიერ სნეულებას, ანგრევენ ადამიანის ცხოვრებას. ასე, მაგალითად, ლოთობის ცოდვა, ანგრევს არა მარტო სულს, არამედ ადამიანის სხეულსაც, რადგან უარყოფით გავლენას ახდენს ალკოჰოლიკისა და მისი ახლობლების ურთიერთობაზე. ასევე ხდებიან სხვა ცოდვითი მიდრეკილებები და დამოკიდებულებები მრავალგვარ დაავადებათა მიზეზები. ამასთან სხეულებრივი სნეულება, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს ცოდვათა - განკითხვის, გაღიზიანების, შურის, უიმედობის, მკრეხელობის, მთელ სამყაროსა და ახლობლებზე გაბოროტებისა და ა. შ. მიზეზი.
 
უფალი იესუ ქრისტე უთითებს, რომ ადამიანის მიერ დაშვებული ცოდვები სნეულებათა მიზეზია. "აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესუმ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები" (მათე 9:2); სხვა დავრდომილს, რომელიც დაავადებით 38 წელი იყო შეკრული, ქრისტე ეუბნება: "აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს" (იოანე 5:14). აქ ვხედავთ პირდაპირ კავშირს ცოდვათა სიმძიმესა და სნეულებათა სიმძიმეს შორის.
 
სნეულება შეიძლებაადამიანს რწმენის გამოცდად მოევლინოს და მთლიანობაში სარწმუნოებისკენ მისი მოქცევის ან სარწმუნოებაში განმტკიცების საშუალებად ექცეს. სახარებაში აღწერილია მრავალი შემთხვევა, როდესაც იესუ ადამიანებს კურნავდა სხვადასხვა სნეულებათაგან, და მკვდრებსაც კი აცოცხლებდა. ეს საკვირველი კურნებანი აღესრულებოდნენ თვით სნეულთა ან მათ ახლობელთა რწმენით. ასე, მაგალითად, მათე მახარობელი მოგვითხრობს ორ ბრმაზე, რომელთაც უფალი კურნავს: "როდესაც მივიდა სახლში, მიეახლნენ უსინათლონი; და უთხრა მათ იესომ: გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? ხოლო მათ თქვეს: დიახ, უფალო. მაშინ თვალებზე შეეხო ბრმებს და უთხრა მათ: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ!" (მათე 9:27-29). როდესაც უფალმა განკურნა ქალი, რომელიც სისხლდენით 12 წელი იტანჯებოდა, ქრისტემ მას უთხრა: "ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან" (მარკოზი 5:34).
 
სასწაულები მათ მომსწრე ადამიანთათვისაც ხდებოდა რწმენის საფუძველი. ასე, მაგალითად, ქრისტეს მიერ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ "ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესუმ, ირწმუნა იგი" (იოანე 11:45). მახარობელი იოანე ღვთისმეტყველი მოგვითხრობს, რომ მეფის კარისკაცის ძის განკურნება მაცხოვრისადმი მთელი მისი სახლეულობისა და მომსახურეთა რწმენის საფუძველი გახდა (იოანე 4:53).
 
კურნება არასოდეს ხდება რწმენის გარეშე. ამასთან სხეულებრივი ჯანმრთელობა, რომელსაც ღმერთი სასწაულის მეშვეობით იძლევა, არ წარმოადგენს თვითმიზანს, კურნება ყოველთვის ადამიანის გარდაქმნისკენ არის მიმართული. უფალი კურნავს სხეულსაც და სულსაც, ანუ - სრულ ადამიანს. საღმრთო შეწევნა ზეციური სასუფევლის მიღწევაში - აი ღმრთის მიერ აღსრულებულ სასწაულთა მიზანი. საკვირველი განკურნებანი - საკუთარი ქმნილებისადმი ღმრთი სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინებაა და ის უდიდეს ნუგეშს წარმოადგენს ადამიანისთვის.
 
ამავდროულად ჭირვებათა და სნეულებათა მოთმინებითი ატანა ადამიანისთვის სიკეთეც არის და მას რწმენაში აძლიერებს: "ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ" (იაკობი 1:12). ჭირვებათა და უბედურებათა მორჩილად მიმღები კაცისთვის, რომელსაც ესმის ღმრთის მიერ მასზე დაშვებული განგება და სასოებით არის აღვსილი ღმრთის მიმართ, უდიდესი სიკეთეა აღიჭურვოს წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებით: "აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი" (ესაია 12:2). ლოცულობს რა ღმრთის მიმართ, ის მორჩილად შეევედრება უფალს ცოდვათა მიტევებას და ამასთან ერთად სნეულებათა და ჭირვებათა დაძლევასაც. მაშინ, როგორც კი უფალი იხილავს ადამიანის თავმდაბლობას და გამოსწორების სურვილს, მიაქცევს თავის მრისხანებას და შეეწევა უბედურებებსა და ჭირვებებში. ადამიანი კი იტყვის: "გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე" (ესაია 12:1).
 
სნეულებათა ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ღმრთის განსაკუთრებული განგება. ქრისტე კურნავს ბრმადშობილს, მაგრამ მანამდე იმართება საინტერესო დიალოგი მოციქულებთან: "იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა? მიუგო იესუმ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშობლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში" (იოანე 9:1-3).
 
და, ბოლოს, სნეულებათა მიზეზი შეიძლება იყოს დემონური შეპყრობილობა, დემონური ზემოქმედება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია განსახილველი საკითხისთვის, რომელიც თავიდანვე დავსვით. ამ მიმართებთ საკმაოდ ნიშანდობლივია ლუკა მახარობელის მონათხრობი: "შაბათ დღეს ერთ-ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი. იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩსუღს რომ არ შეეძლო წელში გამართვა. იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან. როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს. მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესუმ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს. მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად? ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს? ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი" (ლუკა 13:10-17).
 
ჩვენ ამ სახარებისეული მონაკვეთიდან არ ვიცით, თუ რა გახდა ამ ქალის დემონით შეპყრობილობის მიზეზი, მაგრამ ვხედავთ, რომ დემონებს შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ ადამიანის ორგანიზმზე. ასეთი ზემოქმედება შესაძლებელია ღმრთისგან ადამიანის განდგომის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი თვით აძლევს უფლებას საკუთარ თავზე.
 
ეშმაკი - ღმრთის ანტიპოდია. მას სძულს ადამიანი და მიზნად მის წარწყმედას იზრახავს. წარწყმედა - ეს ცათა სასუფევლისა და ცხონების დაკარგვას ნიშნავს. ამისთვის ეშმაკი ათასგვარ ხრიკებზე მიდის, მათ შორის, ინიღბება სასწაულებით და კურნებებით. უფალი იესუ ქრისტე, როდესაც ეშმაკის სულიერ არსს აღწერს, ამბობს: "დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა" (იოანე 8:44).
 
რადგან საღად მოაზროვნე კაცს იშვიათად თუ მოუვა აზრად პირდაპირ ეშმაკს სთხოვოს დახმარება, ეშმაკიც ეძებს ისეთ შესაძლებლობას, რათა მოტყუებით აცთუნოს და შეცდომაში შეიყვანოს ადამიანი, შემდეგ კი ჭეშმარიტ გზასა და ცხონებასაც განაშოროს. ამისთვის დემონი მოქმედებს ჯადოქართა, ექსტრასენსთა, ექიმბაშთა და სხვათა მეშვეობით. მრავალი ადამიანი, რომელიც პრობლემათა და სნეულებათაგან თავდასაღწევ გზას ეძებს, ყოველგვარი ეჭვის გარეშე მიმართავს ოკულტისტებს, რომლებიც არსებითად არიან ეშმაკის მსახურნი. ამ მოქმედებით ისინი განუდგებიან ღმერთს, და თავიანთ გულებს და სურვილებს ეშმაკს აძლევენ, რითაც ნებაყოფლობით ხდებიან მასზე დამოკიდებულნი. ამის შედეგად ხშირად ხდება ძლიერი დემონური ზემოქმედება, რომელიც თვით დემონურ შეპყრობილობამდეც კი მიდის. იმისთვის, რომ კურნების მეძიებელი დარწმუნდეს ექსტრასენსის ან მკურნალის ძლიერებაში, მას "სასწაული" სჭირდება. და აი, დემონებიც სთავაზობენ მას ამგვარ "სასწაულს".
 
მაგრამ ყველა მათგანი, საღმრთო სასწაულთაგან განსხვავებით, - უსულოა, ეს არის სასწაული სასწაულისთვის, გაკვირვებისთვის. მაგალითად, ადამიანის წარსულის გადმოცემა ან "წინასწარმეტყველება" მომავალზე. დემონებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს გაიგონ, თუ რა სჭირდა ადამიანს წარსულში, ასევე არ არის მათთვის ძნელი სხვადასხვა ხრიკები მოუწყონ მას მომავალში. რადგან თუკი ადამიანის შეასრულებს ოკულტისტის, არსებითად კი დემონის მითითებებს, მაშინ ლოგიკურად ამ ყოველივეს შედეგი იქნება სწორედ დემონის ჩანაფიქრი.
 
ეშმაკს წინდაწინ აქვს გათვლილი მრავალი ნაბიჯი, ზოგჯერ წლების შემდგომიც კი, და დიდი გამოცდილება აქვს ადამიანის ცთუნების საქმეში, მაგრამ რეალურად მას არ შეუძლია შეიცნოს მომავალი. ამიტომ ოკულტისტების წინასწარმეტყველებანი ან სრულდებიან ან არა. აღსრულებული წინასწარმეტყველებები ადამიანებში ნერგავს რწმენას მკურნალთა და ჯადოქართა სიმართლეში. როგორც კი მათ დაუჯერებენ, ადამიანები იმწამსვე სცილდებიან ღმერთს და კვლავ და კვლავ ებმებიან მზაკვარის მახეში.
 
ქრისტიანი ყოველთვის უნდა ავლენდეს სულიერ მღვიძარებას და გამოცდიდეს სულებს (1 იოანე 4:1), რადგან ყოველი კაცი, ვინც კი იტყვის "მე განგკურნავ შენ ღმერთის სახელით", როდია ღმერთის კაცი და როდი ცხოვრობს ღმერთის მცნებებით. ხშირად თვით ოკულტისტებიც კი ტყუვდებიან მზაკვრისგან, რომელიც შთააგონებს მათ, თითქოსდა ესოდენ გასაოცარი ნიჭები ღმრთისგან ჰქონდეთ მიღებული. მაგრამ ღმერთი ნიჭებს ასე ჰაიჰარად როდი არიგებს, ისინი მხოლოდ სწორი სულიერი ცხოვრებისა და სიწმიდის შედეგია.
 
ჯადოქრები და მკურნალები კი შორის არიან სიწმიდისგან და მხოლოდ ამოფარებულნი არიან ჯვრებსა და ხატებს, რითაც ადამიანები შეჰყავთ შეცდომაში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ყველა ადამიანი როდი წავა მკითხავთან და ექსტრასენსთან, თუკი ის პაციენტს ასე ეტყვის: "მე მივდევ შავ მაგიას, ვიმყოფები უშუალო კონტაქტში დემონებთან, ხოლო შენ, ჩემი დახმარება რომ მიიღო მათ უნდა სცე თაყვანი".
 
კლიენტის მოსაზიდად, აუცილებელია ამოეფარონ სიწმიდეს, რომელიც ადამიანში არანაირ ეჭვს არ იწვევს. ხშირად საკუთარ თავსაც კი ასაღებენ წმინდანად. მოდის, მაგალითად, კაცი მკითხავთან ან ექსტრასენსთან, მას კი მთელი სახელი მოფენილი აქვს ხატებით, კანდლებით, აფრქვევს საკმეველს, ანთებული აქვს სანთლები, თვით ოკულტისტი კი ჯვრებით არის გამშვენებული და ნეტარი მზერით უძღვება კლიენტს თავის სამყოფელში.
 
კაცი ვერ ჩამოთვლის დღეს გამრავლებულ "ნეტარ დედათა და მხცოვანთა" რაოდენობას. ხშირად ოკულტისტები ადამიანებს ტაძრებშიც აგზავნიან იქიდან სანთლების, ხატების, საკმევლის მოსატანად, არაც ასევე აბნევს გამოუცდელ ადამიანებს და რწმენას მატებს ოკულტისტთა მოქმედებების მართლზომიერებისადმი. მაგრამ შედეგად ყველა ეს ნაკურთხი საგანი გამოიყენება მაგიურ რიტუალებში, რითაც - იბილწებიან, ხოლო ოკულტისტთა კლიენტები ამ მკრეხელობის ხელშემწყობებად წარმოჩინდებიან.
 
ზოგჯერ მკურნალები და ექსტასენსები ადამიანს მოსანათლავად გააგზავნიან, და მკაცრად დაარიგებენ ხოლმე, რომ ნათლობის შემდეგ აუცილებლად უნდა ჩაატაროს "შედეგის გამყარების" რიტუალი. მოსანათლავად აგზავნიან არა მარტო მოუნათლავებს, არამედ უკვე მონათლულებსაც - განმეორებით ნათლობაზე. ეკლესიაში მეორე ნათლობა დაუშვებელია, ამიტომ ოკულტისტები არიგებენ თავიანთ კლიენტებს მოატყუონ მღვდლები ან დამალონ თავიანთი პირველი ნათლობის ფაქტები, რაც, არსებითად, მოტყუებაა. ჯადოქართა და ექსტრასენსთა ამგვარ მოქმედებაში არაფერია უცნაური, ამის შესახებ წერდა ჯერ კიდევ მოციქული პავლე: "ვინაიდან ასეთები არიან ცრუ მოციქულნი, მზაკვარი მუშაკნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი. და არ არის საკვირველი, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზად გარდაისახება. ამიტომ დიდი ამბავი არ არის, თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურებად გარდაისახებიან. მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეთამებრ იქნება" (2 კორ. 11:13-15).
 
შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მკურნალი-დემონი, რომელიც უანგაროთ ეხმარება ადამიანს სხეულებრივი უძლურების დაძლევაში. ნებისმიერი დახმარებისთვის ადამიანს ხარკის გადახდა მოუწევს ეშმაკისთვის. ეს საფასური კი გახლავთ - საკუთარი ცხონების, სულის გაწირვა. როდესაც ეშმაკს მიმართავს, ადამიანი ზურგს აქცევს ღმერთს და სხეულებრივი დაავადებისგან განკურნების მოსურნე, სინამდვილეში ცხონების შესაძლებლობას ისპობს.
 
რადგან სნეულებათა მიზეზი შეიძლება იყოს დემონური ზემოქმედება, აუცილებელია აღინიშნოს, რომ უმეტესი მოტყუებისთვის და ღმრთისგან განშორებისთვის, დემონებს შეუძლიათ მოახდინონ განკურნების იმიტირება. ამის შესახებ მსჯელობდნენ მოსაგრე მამები.
 
ჯადოქარს შეუძლია "განკურნოს" ეშმაკისგან გატანჯული ადამიანი, რისთვისაც ის მის დემონს გააგზავნის სხვა ადამიანთან. ჯადოქარი და ეშმაკი ხომ თანამშრომლები არიან. ჯადოქარი ეტყვის ეშმაკს: "გამოდი ამ კაცისგან და შედი სხვაში". ანუ, განდევნის რა დემონს მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანისგან, ჯადოქარი ჩვეულებისამებრ გააგზავნი მას ვინმე მის ახლობელთან ან ნაცნობთან, რომელიც ასევე დაშორებულია ღმერთს და ეშმაკის ძალაუფლებას არის მიცემული. ამის შემდეგ, დემონისგან გათავისუფლებული კაცი იტყვის: "მე ვიტანჯებოდი, მაგრამ ამა და ამ მკურნალმა განმკურნა". ასე იქმნიან ჯადოქრები რეკლამას. მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანისგან გამოსული ეშმაკი მის ახლობლებში ტრიალებს. დავუშვათ, დემონს დაქვემდებარებული ადამიანი კუზიანი გახდა. ჯადოქარს შეუძლია ამ კაცისგან განდევნოს დემონი და შეიყვანოს სხვა ადამიანში. მოხდება ისე, რომ კუზიანი გასწორდება. მაგრამ, თუკი მას კუზი გაუჩნდა რაიმე უბედური შემთხვევის შედეგად, ჯადოქარი მას ვერ განკურნავს.
 
ერთხელ მომიყვნენ, რომ ერთი ქალი სხვადასხვა წმიდა სიმბოლოებისა და საგნების გამოყენებით "კურნავსო" სნეულთ. გასაოცარი იყო ამ ქალის მეშვეობით მოქმედი ეშმაკის "ხელოვნება". თავისი სეანსების დროს ჯადოქარი ხელში იღებდა ჯვარს და გალობდა სხვადასხვა საეკლესიო საგალობლებს. მაგალითად, ის გალობს, "ღვთისმშობელო ქალწულო" და, როდესაც მიდის სიტყვებამდე "კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა", ჯვრის გვერდით აფურთხებს, ანუ ამგვარად გმობს ქრისტეს სახელს, და ამიტომაც ეშმაკიც მას შეეწევა. ასე "კურნავს" ის, მაგალითად, დეპრესიისგან ზოგიერთ ადამიანს, რომლებსაც ეს სნეულება შეეყარათ დემონური ზემოქმედებით. ექიმებს არ შეუძლიათ ამგვარი ადამიანების განკურნება, ეს ჯადოქარი კი მათ ერთ წამში "კურნავს", რადგან დევნის მათგან დემონს, რომელიც აწუხებს მათ სულს. შემდეგ კი იმავე დემონს სხვა ადამიანთან აგზავნის. ამიტომ მრავალი გაუცნობიერებელი ადამიანი ამგვარ ჯადოქრებს წმინდანებად მიიჩნევენ. ისინი მას რჩევებსაც კი ეკითხებიან და ჯადოქარიც ნელ-ნელა აზიანებს მათ სულებს, რითაც უეჭველად წარწყმედისკენ მიჰყავს.
 
აუცილებელია ყურადღება და სიფხიზლე. შორს უნდა ვიყოთ ჯადოქრებისგან, ჯადოქრობისგან და ყოველგვარი მისნობისგან. უნდა გავურბოდეთ მათ, როგორც ცეცხლს ან უხსენებელს. არ უნდა ავურიოთ ორი რამ ერთმანეთში. ეშმაკს არ შეუძლია ქმნას სიკეთე. მას შეუძლია "განკურნოს" მხოლოდ ის სნეულებები, რომელსაც თვითონ იწვევს.
 
ამგვარად, კითხვაზე: "შეუძლიათ თუ არა დემონებს განკურნონ ადამიანები"? შეიძლება ვუპასუხოთ "ჰო"-ც და "არა-ც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი კუთხით შევხედავთ საბოლოო შედეგს. თუკი ადამიანი ნებისმიერ ფასად ცდილობს კურნების მოპოვებას, მაშინ ის მას, სავარაუდოდ, მიიღებს. რწმენა - მძლავრი რამეა. მაცხოვარი, სანამ განკურნავდეს, ამაოდ როდი ეკითხება სნეულთ რწმენაზე. თუკი კაცს სწამს, რომ მას განკურნავენ ჯადოქრები და ექსტრასენსები, არსებითად ის გამოდის ეშმაკის მორწმუნე, და ამასთან მზად არის გაქელოს ღმრთის მცნებები და მსხვერპლად გაიღოს საკუთარი სულის ცხონება, ამიტომაც დიდია ვარაუდი იმისა, რომ ეშმაკისგან მიიღოს კურნება. და ამაში არაფერია საკვირველი. რაც უფრო მეტია ფასი, მით უფრო ღირებულია საქონელი.
 
ხშირად ადამიანები იოლად და დაუფიქრებლად მიმართავენ ოკულტისტებს, და მათთან ურთიერთობამდე თვითონაც მისდევენ ოკულტიზმის პრაქტიკას ამა თუ იმ ფორმით. მაგალითად, კითხულობენ შელოცვებს, ატარებენ სპირიტულ სეანსებს, აკეთებენ ჯადოს, სწამთ ჰოროსკოპების, თავიანთ ცხოვრებას აგებენ სხვადასხვა ცრურწმენებზე, მისდევენ "თერთ" მოგვთა პრაქტიკულ რჩევებს, ფიქრობენ რომ "თეთრ" მაგიას სარგებლობა მოაქვს ადამიანისთვის. შედეგად სნეულება შეიძლება გახდეს ამგვარი "ყოფითი" ოკულტიზმისა და დემონის პირდაპირი ზემოქმედების შედეგი. ოკულტისტისადმი მიმართვა კიდევ უფრო აშორებს ადამიანს ღმრთისგან და მეტ უფლებებს ანიჭებს სმაკთ საკუთარი მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად.
 
სადაც არ არის ღმერთი, იქ იწყება ეშმაკის ხელმწიფება. როდესაც ადამიანი დემონთა ძალაუფლების ქვეშაა, მათ უკვე არაფერი დააბრკოლებს იმოქმედონ მასზე, მაგრამ "კურნება" ასეთ შემთხვევაში არ იქნება ნამდვილი, არამედ ფიქცია, დემონური ფოკუსი. ასე რომ, ადამიანი ფაქტობრივად მიიღებს მოსალოდნელ შემსუბუქებას რაიმე სნეულებისგან, და ზოგჯერ სრული განკურნების შეგრძნებაც შეიძლება დაეუფლოს, მაგრამ ყოველგვარ ეჭვს გარეშე დააზიანებს ის საკუთარ სულს, და დიდი ვარაუდით "საჩუქრად" მიიღებს სხვა სნეულებებს - სხეულებრივსაც და სულიერსაც.
 
მღვდელმსახურთა და მართლმადიდებელ ექიმთათვის კარგად არის ცნობილი ტრაგიკული შედეგები, რასაც იწვევს მკურნალობა ექსტრასენსებთან, ბიოენერგეტიკოსებთან და ჯადოქრებთან. თუ ესენი არიან არა უბრალო შარლატანები არამედ ნამდვილად ექსტრასენები, მაშინ მთელ რიგ შემთხვევებში მათთან მისულები მოკლე დროის განმავლობაში თავს კარგად გრძნობენ და ზოგჯერ იკურნებიან კიდეც სნეულებათაგან. მაგრამ რამოდენიმე თვის (იშვიათად წლის) შემდეგ, სნეულება კვლავ ახალი ძალით ბრუნდება, მისი მკურნალობა რთულდება და ხშირად ზიანდება სხვა ორგანოებიც. ვითარდება მძიმე ფსიქიური დარღვევები, რომლებსაც ადამიანი ხშირად თვითმკვლელობამდეც კი მიჰყავთ.
 
იმ ადამიანებთან მუშაობის სულიერ-სამედიცინო გამოცდილება, რომლებმაც მკურნალობის კურსები გაიარეს ექსტრასენსებთან და ჯადოქრებთან, შესაძლებლობას იძლევა გამოვყოთ "ოკულტური დაავადებების" შემდგომი სინდრომები, კერძოდ: ფსიქოტიური ან ფსიქო-სომატური სინდრომები, რომლებიც ვითარდებიან ფსიქიატრიაში კარგად ცნობილი კანდინსკი-კლერამბოს სინდრომის ტიპით. ეს სინდრომი შემდეგში ვლინდება: ჩვეულებრივ ფსიქიურად სრულიად ჯანმრთელ ადამიანს უჩნდება გაუგებარი, ე. წ. არამოტივირებული შიშები; გაურკვეველია რისგან და რის გამო ჩნდება იგი. შემდეგ ახალი ძალით განახლდება ის დაავადება, რომლის გამოც მიმართავდნენ ისინი ოკულტისტებს, ან დაავადება გადადის სხვა ორგანოზე. ამასთან სნეულება ძნელად თუ ექვემდებარება მკურნალობას. ამის შემდეგ ჩნდება მოტივირებული შიშები აკვიატებული შიშის ნევროტული განხრით, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, სიკვდილის შიში ან შიში იმისა, რომ რაიმე შეიძლება დაემართოთ შვილებს ან ახლობელ ადამიანებს, ტრანსპორტში მგზავრობის შიში და სხვა. ამ ფონზე ადამიანს ეწყება "ხმოვანი" ჰალუცინაციები, რომლებიც უბრძანებენ მას კონკრეტული საქმის გაკეთებას. ჩნდება დეპრესიული მდგომარეობა, რომელიც თანდათანობით ძლიერდება, ხმები უფრო აკვიატებული და მომაბეზრებელი ხდება, იწყება ფსიქიკის მართვა, აზრების მოწოდება თვითმკვლელობაზე. ავადმყოფები ცდილობენ კიდევაც ამ საშინელებისგან თავის გათავისუფლებას თვითმკვლელობით, და ხშირად ასეც მთავრდება მათი სიცოცხლე.
 
 
განსაკუთრებული სიმძიმით მიმდინარეობს "ოკულტური სნეულებები" ბავშვებში. ა. კაშპიროვსკის სეანსების შემდეგ ზოგიერთ მოზარდს, რომლებიც მიდრეკილები იყვნენ ეპილეფსიისკენ, მძიმე ეპილეპტიკური შეტევები უვითარდებოდათ თვით ეპილეპტიკურ სტატუსამდეც კი, როდესაც შეტევის შეჩერება სამედიცინო ღონისძიებებით შეუძლებელი ხდება. ასეთი ბავშვები პირდაპირ მიჰყავდათ სარეანიმაციო განყოფილებებში. ყოველთვის როდი ხდებოდა შესაძლებელი მათი გადარჩენა. იყო ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევები, ან უმძიმესი გართულებები დეკორტიზაციამდე - თავის ტვინის ქერქის კვდომამდე, და მაშინ ეს ბავშვები უმძიმესი ინვალიდები ხდებოდნენ.
 
თვითმკვლელობა ან მისი მცდელობა დამახასიათებელია მოზრდილთა და ახალგაზრდებისთვის. არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ახალგაზრდები "ოკულტური სნეულების" ფონზე ცდილობდნენ თავის მოკვლას, რომელიც განვითარდა ექსტრასენსორული ან ოკულტიზმის სხვა სახეობებით გატაცების შემდეგ.
 
 
"ოკულტური დაავადების" სხვა გამოვლინებას წარმოადგენს აკვიატებული შიშების სინდრომი. ჩვენთვის ცნობილია ავადმყოფები, რომლებსაც ექსტრასენსებთან და ჯადოქრებთან მისვლის შემდეგ განუვითარდათ აკვიატებული შიშების სინდრომი, რომელიც ჩვეულებრივი მეთოდებით მკურნალობას არ ექვემდებარება. მხოლოდ მრავალჯერადი აღსარება, ზიარება, ზეთის ცხება ხსნიან შიშთა სიმძაფრეს და შესაძლებელს ხდიან სნეულთა მკურნალობას.
 

 
"ოკულტური დაავადების" მესამე გამოვლინებაა იმუნოლოგიუირი დარღვევები და იმუნიტეტის დაქვეითება. უფრო ხშირად ეს შეიმჩნევა მოზარდებში. მათ ეს დაავადება ეწყებათ ხშირი გაციებებით, პნევმონიებით და ოტიტებით.
 
 
"ოკულტური დაავადების" მეოთხე და არცთუ იშვიათ გამოვლინებას წარმოადგენენ ონკოლოგიური დაავადებები და სნეულებში სიმსივნეების უსწრაფესი ზრდა და კეთილთვისებიანი სიმსივნეების მალიგნიზაცია (ანუ გადასვლა ავთვისებიანში)ს.
 
ნამდვილი კურნება, რომელიც მხოლოდ ღმრთისგან არის, გულისხმობს ფიზიკური დაავადებისგან განკურნებას არა მარტო სულისთვის რაიმე ზიანის მიყენების გარეშე, არამედ მისთვის სასარგებლო შედეგებით. ნამდვილი განკურნება - ეს, უპირველეს ყოვლისა, სულიერი მკურნალობაა. მხოლოდ საკუთარი ცოდვილიანობის შეგნებას, გულწრფელ სინანულსა და ღმრთისადმი მოქცევას შეუძლია გამოსტაცოს ადამიანი დემონებთან "მკურნალობის" დამღუპველ შედეგებს.
 
ეკლესია, რომელსაც გააჩნია უმდიდრესი სულიერი გამოცდილება, არასოდეს განიხილავს სხეულის სნეულებას სულის სნეულებისგან მოწყვეტით და ამიტომაც, უპირველეს აუცილებლობად მიიჩნევს სულის განკურნებას ცოდვათაგან სინანულის მეშვეობით.
 
ზეთის ცხების ლოცვებში, რომელსაც ავადმყოფ ადამიანს უტარებენ, მღვდლები ღმერთს სთხოვენ არა მარტო მაკურნებელი, არამედ განმწმენდი მადლის გარდამოსვლას, რომელიც კურნავს სხეულებრივ უძლურებებსაც და ცოდვათა მიტევებასაც იძლევა.
 
ზეთის ცხებას წინ უძღვის აღსარების საიდუმლო, ხოლო ყველა მათგანს აგვირგვინებს ზიარება.
 
ეკლესია საიდუმლოთა ასეთ "კომპლექსურ" მკურნალობაში ხედავს იმ აუცილებელ საშუალებას, რომელიც ეძლევა ადამიანს განკურნებისთვის - ეს გახლავთ საღმრთო შეწევნა და მადლი, რომელიც კურნავს სნეულთ და აღავსებს დანაკლისს. ასეთი შეწევნა წარმოუდგენელია თვით ადამიანის ღმრთისკენ შემობრუნების გარეშე, მისი გულწფრელი და ღრმა სინანულის გარეშე. მთელი სასოება ადამიანმა უნდა მიმართოს ღმრთისკენ, და არ უნდა ეძებოს "კურნება" საეჭვო გზებით. და ბოლოს, მიიჩნევს რა ღმრთისკენ მოქცევას ყველაზე უმთავრეს და აუცილებელ საშუალებად, ეკლესია არავითარ შემთხვევაში არ უარყოფს სამედიცინო დახმარებას, რადგან სწამს, რომ ღმერთის ექიმთა ხელებითაც ანიჭებს ადამიანთ განკურნებას.
 
წყარო: sueverie.net
Назад к содержимому