ანტიქრისტე - ანტიქრისტე - ქრისტეს მეორედ მოსვლის უმთავრესი ნიშანი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ანტიქრისტე
ანტიქრისტე - ქრისტეს მეორედ მოსვლის უმთავრესი ნიშანი

და კიდევ იმის შესახებ, უნდა გვეშინოდეს თუ არა ელექტრონული ბარათები
ანტიქრისტეს ნიშანი
ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ თავისი უწმიდესი და ფასდაუდებელი სისხლი დაღვარა იმისთვის, რათა ხრწნილებისა და სიკვდილისგან კაცთა მოდგმა გამოეხსნა. მან დედამიწაზე მოიტანა თავისი სწავლება, რომელიც მოიცავს ყოველივეს, რაც კი საჭიროა ადამიანის სულის სახსნელად.ანტიქრისტეს ბეჭედი ანტიქრისტეზე საშიში რომ იყოს, მაშინ, უფალი ამას აუცილებლად გვეტყოდა, მაგრამ ამის შესახებ წმიდა წერილში არაფერი თქმულა. სახარებაში კი წერია: "იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24:4-5). ბოლო ჟამს მსოფლიოში მრავალი მაცთური გამოჩნდება: ცრუწინასწარმეტყველნი და ცრუქრისტენი. ვინც მათ შეიწყნარებს ადვილად მიიღებს უკანასკნელ ანტიქრისტესაც.

ყველა მოციქული და წმიდა მამა, ვისაც კი ბოლო ჟამზე უსაუბრია, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მაცხოვრის მორწმუნეთა ბოლო გამოცდა არის - ანტიქრისტე. "ვინ არის ეს, ნუთუ სატანა? ცხადია, არა: ეს არის კაცი, რომელიც სატანის ძალით იმოქმედებს" (წმიდა იოანე ოქროპირი). "იშვება იგი ბილწი დედაკაცისგან, მაგრამ თვით სატანა კი არ შეიმოსება ხორცით, არამედ მტარვალში შესახლდება იგი და მოვა ვითარც მპარავი" (წმ. ეფრემ ასურელი. სიტყვა 105).

წმიდა მოციქული პავლე გვაფრთხილებს: "ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:3-4).

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი განგვიმარტავს: "ზოგიერთი მაცთური ამბობდა, რომ უფლის მოსვლა მოახლოვდა და, რაც ყველაზე საშიშია, თხზავდნენ ეპისტოლეებს, რომლებსაც პავლე მოციქულს მიაწერდნენ. მაგრამ ეს ეშმაკმა მორწმუნეთა შესარყევად ჩაიფიქრა, რადგან მათ სწამთ მკვდრეთით აღდგომისა და ელიან ჯილდოს თავიანთი სათნოებებისთვის და უწყიან, რომ ბოროტეულნი ღირსეულად დაისჯებიან; ამიტომაც, ეშმაკმა ხელი მიჰყო თავისი მსახურების განსწავლას, თითქოსდა უკვე ახლოვდება ქრისტეს მოსვლა და სამსჯავრო, რათა აჩვენოს, მომავალში არც სასამართლო იქნება, არც სამართლიანი მიგება და არც დასჯა, რათა ამგვარად გაანადგუროს წმიდათა სასოება და სახარების მტრებიც მეტი კადნიერებით აღძრას; მეტიც, თვით ქრისტესაც კი ადანაშაულებდნენ სიცრუეში, რომელმაც თქვა, რომ მისი მეორედ მოსვლის გარკვეული ნიშნებიც იქნება: მაგრამ თუ ეს ნიშნები ჯერ არ ყოფილა, ხოლო მკვდრეთით აღდგომა იყო, როგორც ისინი ცრუობდნენ, მაშინ აშკარად ქრისტეს თავისი მიმდევრები მოუტყუებია. ამიტომაც დაწერა პავლემ ეს ეპისტოლე, სადაც ლაპარაკობს ქრისტეს მეორედ მოსვლაზე ისე, რომ თუმც არ ამჟღავნებს მისი მოსვლის ჟამს, მაგრამ უთითებს ამ დროის უმთავრეს ნიშანს -ანტიქრისტეს გამოჩენას".

მოციქულის ზემოთმოტანილი სიტყვები გვარწმუნებს: არ უნდა ვცთუნდეთ კონტროლის რაიმე საშუალებებით, ელექტრონული დოკუმენტებით, ბარათებით და ა. შ., სანამ არ დადგება განდგომილება და არ გამოჩნდება უსჯულოების კაცი, ანუ ანტიქრისტე.

"განდგომილება მოციქულმა თვით ანტიქრისტეს უწოდა, რადგან წარწყმედს მრავალს და ღმრთის განდგომილებამდე მიიყვანს, როგორც ნათქვამია: "აცთუნებს, თუკი შეძლებს, თვით რჩეულთაც" (შეად. მათე 24:24). უწოდებს მას "უსჯულოების კაცს", რადგან ათასობით უსჯულოებას ჩაიდენს და სხვებსაც წააქეზებს მათ ჩასადენად. ხოლო "წარწყმედის ძედაც" ხმობს მას იმიტომ, რომ თვითონაც წარწყმდება" (იოანე ოქროპირი. თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეს განმარტება).

ეკლესიის წმიდა მამებმა აღწერეს ის მოვლენები (ნიშნები), რომლებიც წინ უსწრებს ანტიქრისტეს გამოჩენას, შემდეგ კი ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს დიდებით მეორედ მოსვლას. განვიხილოთ ისინი თანმიმდევრობით:

1. რომის იმპერიის დანგრევა და თვით ქალაქ რომის გაპარტახება.

2. აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი.

წმ. იოანე ნათლისმცემელის მსგავსად გამოჩნდება ანტიქრისტეს წინამორბედი, რომელიც ჯადოქრობითა და მოტყუებით აცთუნებს მრავალ ადამიანს, რათა ანტიქრისტე ღმერთად მიიჩნიონ.

3. ანტიქრისტეს გამეფების წინ, მორწმუნეთა გასაძლიერებლად უფალი დედამიწაზე გამოაგზავნის თავის წმიდა წინასწარმეტყველთ ილიასა და ენოქს.

"მრავალს შეაჭირვებს გველი იმ დღეებში, იქნება შიში და მიწისძვრა, სიყმილი და გვალვა, ზღვა ახმაურდება და მხეცები გაავდებიან; ყოველი, ვინც კი მიიღო ანტიქრისტეს ბეჭედი და თაყვანი სცა მას, როგორც სახიერ უფალს, ვერანაირ წილს ვერ დაიდებს ქრისტეს სასუფეველში, არამედ გველთან ერთად მიეცემა გეჰენას. ნეტარია ის, ვინც იმ დროს სარწმუნოებრივად მრთელი და წმიდა აღმოჩნდება, ვისი გული უერთგულებს უფალს და უშიშრად უარყოფს გველის ყველა შემოთავაზებას, არ შეუშინდება მის სატანჯველთ და მის სასწაულებს არ აჰყვება. მაგრამ მანამ, სანამ ეს მოხდება, უფალი, თავისი გულმოწყალებით, გამოაგზავნის ილია თეზბიტელსა და ენოქს, რათა კაცობრიობას ახარონ იესუ ქრისტეს მოახლოვებული მეორედ მოსვლა, გაბედულად უქადაგებენ ამას მთელ მსოფლიოს, ასწავლიან ყველას შიშის გამო არ ერწმუნონ მტარვალს და იღაღდებენ: "ო, კაცნო, ეს არის მაცთური და მატყუარა! ნუ ენდობით მას და ნუ დაემორჩილებით ღმრთისმგმობელს; ნურავინ შეშინდება მის გამო, რადგან მალე გაუქმდება მისი ძალა. აჰა, მოდის წმიდა უფალი ციდან თავის ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად და განსჯის ანტიქრისტეს მიმდევარ ყველა უკეთურს" (ღირ. ეფრემ ასურელი. "სიტყვა უფლის მოსვლაზე, სამყაროს აღსასრულზე და ანტიქრისტეს გამოჩენაზე").

"ო, საკვირველო მადლო ღმრთისა! რამეთუ გვთავაზობს ჭრილობის სადარ მკურნალობას. ეშმაკის შეწევნით ანტიქრისტე მოიმოქმედებს ცრუ სასწაულებს, რითაც წარემატება ყველა დროის მოგვსა და ჯადოქარს; ამიტომაც, ღმერთი თავის წმინდანებს (ილიასა და ენოქს) სასწაულთმოქმედების ჭეშმარიტ მადლს მიანიჭებს, რათა ნათლისა და ჭეშმარიტების ძალით განდევნონ სიცრუის ბნელი და ცთუნებულნი, შეგონებებით ან სასჯელებით მოაქციონ. და ეს ორი წმინდანი დასჯიან იმ დროის კაცობრიობას: გვალვით, ცეცხლით, სტიქიათა ცვალებადობით და სხვა მსგავი მოვლენებით, ხოლო თვით მტარვალს ამხელენ და ვერვინ იქნება შემძლებელი რაიმე ავნონ ამ ორ წმინდანს, სანამ მათი ქადაგების დრო არ ამოიწურება" (ანდრია კესარიელი).
ღირს. იოანე დამასკელიც თავის მეოთხე წიგნში ბრძანებს: "ამასთან, მოივლინებიან ენუქი და ელია თეზბიტელი და მოაქცევენ მამათა გულებს შვილებისადმი, ესე იგი - სინაგოგას ჩვენი უფლის, იესო ქრისტესადმი და მოციქულთა ქადაგებისადმი, შემდეგ კი მოკლულნი იქნებიან მისგან (ანტიქრისტესგან)"

მაშასადამე, სანამ ეს ორი წმინდანი არ გამოჩნდება, ანტიქრისტეც ვერ გამეფდება. რადგან ისინი სწორედ ანტიქრისტეს გამეფების  შვიდეულში მოვლენ, როგორც ამას დანიელის წინასწარმეტყველების განმარტებაში წერს წმიდა იპოლიტე.

4. ებრაელთა ნაწილი ქრისტესკენ მოექცევა.

სხვა ნაწილი კი თაყვანს სცემს ანტიქრისტეს, რომელსაც ისინი ელოდებიან ვითარც მესიას. ილია თეზბიტელი შეეცდება დააჯეროს იუდეველნი ირწმუნონ ქრისტე, რათა, როდესაც უფალი მეორედ მოვა, ყველანი არ წარწყმდნენ. ამას ეუბნებოდა იუდეველთ მალაქია წინასწარმეტყველიც, როცა ამბობდა: აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე. ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო" (მალაქია 3:23-24). "ამის თაობაზე საუბრისას, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - ძალიან ზუსტად თქვა: თავდაპირველად მას არ უთქვამს, შეარიგებს შვილების გულს მამების გულთანო, არამედ განაცხადა: მამების გულს შვილების გულთან, რადგან მოციქულთა მამები იუდეველები იყვნენ, ეს ნიშნავდა: მამებს -ანუ ებრაელებს - ელია თეზბიტელი შვილების მოძღვრებაზე, ანუ მოციქულთა სარწმუნოებაზე - ქრისტეანობაზე მოაქცევს, და ამის შემდეგ შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან, ანუ ქრისტეანობაც მიიღებს თავის წიაღში ებრაელებსო" (წმ. იოანე ოქროპირი. ორმოცდამეჩვიდმეტე ჰომილია მათეს სახარებაზე. 17:10).

5. ენოქი და ილია მრავალ სასწაულთ მოიმოქმედებენ.

"ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ" (გამოცხ. 11:4-6).

6. ანტიქრისტე თავს ღმერთად გამოაცხადებს და წმიდა ადგილას დაჯდება ვითარც ღმერთი.

"წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4). წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით: "ის (ანტიქრისტე) კერპთაყვანისცემას კი არ აიძულებს ადამიანთ, არამედ როგორც ღმრთისმოწინააღმდეგე, უარყოფს ყველა ღმერთს და ბრძანებს ღმრთის ნაცვლად, მას სცენ თაყვანი; და დაჯდება ღმრთის ტაძარში, - არა მარტო იერუსალიმისაში, არამედ ეკლესიებში ყველგან და "ღმერთად გამოაცხადებს თავს". არ უთქვამს, "საკუთარ თავს ღმერთად უწოდებსო", არამედ შეეცდებაო ყველას თავი მოაჩვენოს ღმერთად, რისთვისაც დიდ საქმეებსა და სასწაულებს მოიმოქმედებს. მაშ, ხედავთ როგორ გამეფდება ანტიქრისტე და არა მარტო მეფედ, არამედ ღმერთადაც შერაცხავს საკუთარ თავს" (ჰომილია 3 თესალონიკელთა მიმართ მე-2 ეპისტოლეზე).

"წმიდა ღმერთი დაუშვებს მტარვალმა მიიღოს ძალაუფლება და აცთუნოს მსოფლიო; რადგან აივსო კაცთა გულები სიცრუითა და უკეთურებით, ყველგან ათასგვარ სისაძაგლეებს ჩადიან. ამიტომაც უწმიდესი უფალი დაუშვებს სამყაროს ცთუნებას სიცრუის სულით, რამეთუ ადამიანები საკუთარი ნებით დაშორდნენ ღმერთს და შეიყვარეს სიცრუე... მაშინ მიიღებს უსირცხვილო ძალაუფლებას, წარაგზავნის ეშმაკთ დედამიწის ყველა კუთხეში, რათა თამამად იქადაგონ: "გამოჩნდა მეფე დიდებით, მოვედით, იხილეთ იგი და თაყვანი ეცით მას..." (ღირ. ეფრემ ასურელი. "სიტყვა უფლის მოსვლაზე...").

7. ანტიქრისტეს საყდარი იერუსალიმში იქნება.

ამ ქალაქში გაამყარებს მტარვალი თავის სამეფოს და აღმართავს მეფე დავითის სადარ საყდარს, რომლის ხორციელი შთამომავალი იყო ჩვენი ჭეშმარიტი უფალი იესუ ქრისტე. ამით ის შეეცდება აჩვენოს, რომ ქრისტეა, რომლის გამოჩენითაც აღსრულდა წინასწარმეტყველება: "მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს: გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო" (ამოსი 9:11). მაშინ იუდეველები ანტიქრისტეს მოსვლას მესიის მოსვლად და დავითის დამხობილი კარვის აღდგენად ჩათვლიან. (ანდრია კესარიელი."აპოკალიფსისის განმარტება"). წმიდა ეფრემ ასურელიც წერს: "ბილწი იუდეველები მისი გამეფებით სიხარულისგან გადაირევიან, რადგან ანტიქრისტე პატივს მიაგებს მათ ადგილსა და ტაძარს" (სიტყვა 105).

8. ანტიქრისტე მოკლავს ილიასა და ენოქს, მაგრამ ისინი მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებიან (გამოცხ. 11:7-12).

"ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც" (გამოცხ. 11:7-8). "მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას" (გამოცხ. 11:11-12).

9. გაპარტახების სიბილწე წმიდა ადგილას.

"ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ" (მათე 24:15-16). "და აცდუნებს (ანტიქრისტე) მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:14-15). ანდრია კესარიელის განმარტებით: "ანტიქრისტეს წინამორბედი და საჭურველთუხუცესი დემონთა შეწევნით ისე გააკეთებს, რომ მხეცის ხატი ამეტყველდება და გასცემს ბრძანებას დახოცონ ყველა, ვინც კი მას ღმრთის საფერ პატივს არ მიაგებს".

10. ანტიქრისტეს ბეჭდის დადება მისი გამეფების შემდეგ.

"და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე" (გამოცხ. 13:16).
"ანტიქრისტეს წინამორბედი და საჭურველთუხუცესი ... შეეცდება ყველას დაადოს განდგომილის (ანტიქრისტეს) სახელის წარმწყმედელი ნიშანი მარჯვენა ხელზე, რათა ადამიანებს კეთილი საქმეების კეთების ძალა წაერთვათ, ასევე შუბლზე, რათა ცთუნებულნი უფრო მეტად დამკვიდრდნენ ბნელში და კადნიერად იქმოდნ ბოროტებას. მაგრამ ისინი, ვისი პირისახე ღმრთის ნათლით არის გაბრწყინვებული, არ მიიღებენ მხეცის ნიშანს, მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაფერზე გაავრცელებენ, ყიდვა-გაყიდვაში და ცხოვრების ყველა სფეეროში, რათა ვინც მას არ მიიღებს ძალადობრივი სიკვდილით მოკვდეს და არ ჰქონდეს სიცოცხლისთვის აუცილებელი საარსებო საშუალება". აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:18).

"რაც შეეხება ანტიქრისტეს სახელს, - ბრძანებს წმ. იპოლიტე რომაელი, - წინასწარმეტყველი და მოციქული ბრძანებს: "აქაა სიბრძნე, ვისაც აქვს გონება, გამოთვალოს მხეცის რიცხვი, ვინაიდან ესაა რიცხვი კაცისა; და რიცხვი მისი ექვსას სამოცდაექვსი". მაშ, ასე: მის სახელთან დაკავშირებით რაიმე განსაზღვრების თქმა არ ძალგვიძს; ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, მოცემულ შემთხვევაში, რას ფიქრობდა და როგორ განისწავლა იოანე. რამეთუ მისი დაფარული სახელი მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როდესაც გამოჩნდება თვით ანტიქრისტე... საზოგადოდ კი გვმართებს, ღმრთის საიდუმლო წმიდა გულით შევინახოთ და სარწმუნოებით დავიცვათ ის, რაც ნეტარ წინასწარმეტყველთაგან გვეუწყა, - ეს იმისთვის, რათა მომავალში მოსახდენ მოვლენათა მოწევნისას მათ გამო წინასწარ გვამცნოს და გონის შეშლა არ დაგვეუფლოს; ხოლო, როდესაც დაწესებულის ჟამი გაივლის, ფარდა აეხდება საიდუმლო და გაცხადდება ის, ვის შესახებაც ეს წინასწარმეტყველება წარმოითქვა. მაშინ, გაცხადდება მისი სახელის საიდუმლოც".

ანდრია კესარიელი ამბობს: "ანტიქრისტეს რიცხვის მნიშვნელობას და ყოველივეს, რაც მის შესახებ დაწერილა, მღვიძარეთა და საღი აზრის მქონეთ დრო და ჟამი გაუცხადებს. რამეთუ მისი სახელის ცოდნა აუცილებელი რომ ყოფილიყო, როგორც ზოგიერთნი აცხადებენ, იდუმალთმხილველი გამოაცხადებდა კიდეც ამას; მაგრამ ღმერთმა არ ინება რათა მტარვალის უბილწესი სახელი ჩაწერილიყო საღმრთო წიგნში; თუ სიტყვებს გამოვიკლვევთ იპოლიტესა და სხვათა აზრით, შესაძლებელია, ვიპოვოთ მრავალი კერძო და ზოგადი მნიშვნელობა, რომელიც ამ რიცხვს შეესაბამება, მაგალითად, ისეთი კერძო სახელები, როგორებისააა: ლამპეტისი, ტიტანი, ლათინელი ("ლატინოს"), ასევე ბენედიქტე ("ბენედიქტოს"), რაც კურთხეულს ნიშნავს (ოღონდ "კურთხეული" ქრისტესთან მიმსგავსებით), მხეცის რიცხვთან შესაბამისობას ამჟღავნებენ; ხოლო საზოგადოთაგან: ცუდი მმართველი ("კაკოს ოდიგოს"), ძველი შურიანი ("პალევასკანოს"), ჭეშმარიტად მავნე ("ალიფოს ვლავეროს"), უსამართლო კრავი ("ამნოს ადიკოს"). ამ სახელებს შეარქმევენ საცთურების უარმყოფელნი მხეცს, რომელიც დიდებად და სახელოვნად ჩათვლის სამარცხვინოს".

ამრიგად, ანტიქრისტეს კერძო, პირადი სახელი ღვთის ნებით შეგნებულად არის დაფარული და მხოლოდ მომავალი დროება გაუხსნის ქრისტეანთ იესუ ქრისტესა და წმიდა ეკლესიის ამ დაუძინებელი და მძვინვარე მტრის სახელს.

ანტიქრისტეს სახელის ძიება მისი სახელიდან კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ იმ სხვა ნიშნებიდან, რომლებიც წმიდა წერილშია მოცემული. ამიტომაც, ანტიქრისტეს სახელი, რომლის რიცხობრივი მნიშვნელობა იქნება 666, უნდა განვაკუთვნოთ მხოლოდ იმ პირს (ანტიქრისტეს) ვისთვისაც შესატყვისი იქნება ეს ნიშნები.

ანდრია კესარიელის განმარტებით, ბეჭდის დადება მოხდება არა ძალდატანებით, არა ადამიანის სურვილის საწინააღმდეგოდ, არამედ ნებაყოფლობით. "ვინც დაემორჩილება მხეც-ანტიქრისტეს, მონაწილეობას მიიღებს მის უსჯულო საქმეებში და სიტყვითა და საქმით აღიარებს მას ღმერთად (რამეთუ სწორედ ამას შეიძლება ნიშნავდეს შუბლისა და ხელის აღბეჭდვა), ის ანტიქრისტეს წილ სასჯელსაც გაიზიარებს".

წმიდა იპოლიტე რომაელი თავის სიტყვაში "ანტიქრისტეს შესახებ" წერს: "და ცხოვრებისეული სივიწროვისა და საარსებო მინიმუმის არარსებობის გამო მივლენ მასთან და თაყვანს სცემენ მას. ანტიქრისტე კი დაადებს მათ შუბლსა და მარჯვენა ხელზე თავის ნიშანს". იმავე წმინდანის თქმით: "ეს ბეჭედი იქნება გამომხატველი აზრისა: უარვყო შემოქმედს ცისა და ქვეყანისა, უარვყოფ ნათლისღებას, უარვყოფ ჩემი ღმერთის მსახურებას, გიერთდები შენ და შენი მწამს".

წმიდა იოანე ოქროპირი ადამიანის მიერ ანტიქრისტეს შეგნებულ თაყვანისცემაზე ასე მსჯელობს: "შეიძლება მითხრა, რატომ დაუშვა ღმერთმა მომხდარიყო ეს ყოველივე? როგორია მისი განზრახვა? რა სარგებლობა მოაქვს ანტიქრისტეს მოსვლას, თუ ის ჩვენს წარსაწყმედად მოვა? მაგრამ, ნუ გეშინია საყვარელო, არამედ ისმინე, რას ბრძანებს მოციქული: ანტიქრისტე იმეფებს მხოლოდ წარწყმედილებზე, სულმოკლეებზე, რომლებიც ის რომც არ მოსულიყო, მაინც არ ირწმუნებდნენ ქრისტეს. შეიძლება მკითხო, მაშ, რა სარგებლობა შეიძლება იყოს ამისგან? ის, რომ დაიყოფა პირი მათი, ვინც წარსაწყმედად არის განწირული. როგორ? ანტიქრისტე რომც არ მოსულიყო, ისინი მაინც არ ერწმუნებოდნენ ქრისტეს; მაგრამ ის მოვა სწორედ მათი უკეთურების სამხილებლად" ("ანტიქრისტეს შესახებ").

ამ მხრივ საკმაოდ ნიშანდობლივია წმიდათა და ღირსა მამათა თეოდორე აღმსარებლისა და მისი ძმის, თეოფანეს († დაახლ. 840)  ცხოვრება. ეს წმიდა ბერები წარმოშობით იერუსალიმიდან იყვნენ. მათ სახელი გაითქვეს როგორც საეკლესიო ჰიმნოგრაფებმა, მიქაელ სვინკელოსის მოწაფეებმა. 813 წელს ძმები თავიანთ მოძღვართან ერტად კონსტანტინოპოლს ჩავიდნენ, სადაც ხატთაყვანისცემის ერთგულებისთვის ხატმებრძოლ იმპერატორ ლეონ V-სა და თეოფილეს მიერ (821-842) დევნილ იქნენ. ისინი არაერთხელ გაასახლეს დედაქალაქიდან, არაერთხელ დააპატიმრეს და ტანჯეს. ძმები წარმატებით იცავდნენ ხატთაყვანისცემას იმპერატორ თეოფილეს წინაშე, რის გამოც მისი ბრძანებით გაროზგეს, ხოლო მათ შუბლებზე რკინის შანთით ამოწვეს თვით იმპერატორის მიერ შეთხზული შეურაცხმყოფელი "იამბიკოები" (სტროფები).



ღირ. თეოდორე აღმსარებლისა და მისი ძმ თეოფანე

განა არ ჰგავს ეს ანტიქრისტეს ბეჭედს? მაგრამ ამ მოქმედებაზე ძმებმა იმპერატორს უპასუხეს: "წერე, წერე, მეფეო, რაც გნებავს; მას სამართლიანი და საშინელი მსაჯულის წინაშე წაიკითხავენ". წმიდა ეკლესიამაც განადიდა თავისი მოწამეები და წმიდა აღმსარებელთა დასში შერაცხა, ისინი არანაირად შებილწულან იმის გამო, რომ მათ შუბლებზე, მათი ნების საწინააღმდეგოდ მწვალებლური წარწერები ამოშანთეს. ასე იქნება ჩვენს დროშიც - თუ ვინმეს მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე წარწერას ამოშანთავენ შუბლზე (მწვალებლურ ნაწერს ან ბეჭედს), არანაირად ავნებს მათ, რამეთუ თვით ადამიანს ნებით არ მიუღია იგი და, წმიდა აღმსარებელთა ცხოვრების მიხედვით, ამის გამო არც დაისჯება.  

ცალკე უნდა ვახსენოთ ბარათებთან და პასპორტებთან დაკავშირებული ცრუწინასწარმეტყველებანი. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გავრცელდა წინასწარმეტყველება, რომელიც თითქოსდა ეკუთვნის ზინობი ბერს, რომელიც XVI ს-ში ცხოვრობდა და რომელიც ღირ. მაქსიმე ბერძენის მოწაფე გახლდათ. ამ თხზულებებში, რომელიც XIX ს-ზე უადრეს ცნობილი არ არის, მოცემულია მითითება იმაზე, რომ "ანტიქრისტე დაარიგებს ბარათბს, რომლებზეც საიდუმლოდ იქნება აღბეჭდილი მისი სახელი - 666. ვინც ამ ბარათებს აიღებს გაუბედურდება" (რუს.: "... антихрист будет давать карточки, на которых будет писати имя свое тайно 666. И с оными карточками аможе пойдут, без беды минуют") (ციტ. Епископ Арсений Уральский. «Книга об антихристе и о прочих действах иже при нем быти хотящих» - М. Панагия; Языки славянской культуры, 2005. С. 130).

რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ? დიახ, ზინობი ბერის წიგნი მართლაც არსებობს, მაგრამ ზინობი უფრო პროტესტანტ-ლუთერანთა და მათი მწვალებლობის წინააღმდეგ წერდა. ის უპირველეს ყოვლისა წერდა იმაზე, რომ ეს მწვალებლები წმიდა ხატებს არ ეთაყვანებიან. ხოლო ანტიქრისტესა და მის ბეჭედზე ბერ ზინობს არაფერი უწერია, არც სადმე უხსენებია, არამედ გვიანდელი ჩანამატია და მას არ უნდა ვენდოთ.

ენათმეცნიერები და მკვლევარები შენიშნავენ, რომ რუსული ტერმინი "карточки" - საერთოდ არ წარმოადგენს საეკლესიო-სლავურ სიტყვას, არამედ გვიანდელი რუსულენოვანი წარმონაქმნია. ასეთი სიტყვა XVI-XVII სს-ის რუსულ საეკლესიო ლიტერატურაში არსად გვხვდება.

ზუსტად ასევე არ უნდა ვენდოთ თანამედროვე "სტარცების" "წინასწარმეტყველებებს", რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან წმიდა მამათა სწავლებას ამ საკითხზე. ამასთან დაკავშირებით ჯეროვანია გვახსოვდეს წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები: "როგორ წარმოვაჩინოთ, რომ ღმერთი გვწამს მართლმადიდებლურად და ვაზროვნებთ მასზე ღვთისმოშიშად? - მით, რომ ერთსულოვანნი ვართ ჩვენს ღმერთშემოსილ მამებთან. როგორც ღმრთისადმი უტყუარი რწმენა ვლინდება არ მარტო ხორციელ ვნებებთან და მზაკვარ აზრებთან ბრძოლაში, არამედ - ვნებებით შეპყრობილ ადამიანებთან წინააღმდეგობაშიც, რომლებიც ცდილობენ ჩვენს ცთუნებას და უკეთურ სიამტკბილობაში ჩვენს შთაგდებას; ასევე ღმრთისადმი მართლმადიდებლური რწმენა ვლინდება არა მარტო უმეცრებისა და სუპოსტატის შთაგონებათა წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ უკეთურ ადამიანთა წინააღმდეგობაშაც, რომლებიც მზაკვრულად წარიტაცებენ მრავალთ წარსაწყმედად" (Омилия VIII. «О вере. В ней же и изложение Православного Исповедания»).

ამრიგად, წმიდა მამათა სწავლების მიხედვით, ანტიქრისტეს ბეჭდის დადება, რომლის შესახებაც გვამცნობს აპოკალიფსისი, მოხდება ანტიქრისტეს მოსვლის შემდეგ. მანამდე სრულიად უსაფუძვლოა შიში რაიმე ბარათების ან სახელმწიფოთა მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის ნომრების მინიჭებისადმი.

ცდებიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ თითქოსდა არსებობს ანტიქრისტეს "წინაბეჭედი" (თითქოსდა საიდენტიფიკაციო ბარათები, ბიომეტრიული პასპორტები და სხვა), ეშინიათ ნომრების მინიჭებისა და ისინიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქრისტიანებს მათი ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად აძლევენ ამ ბეჭედს. ის, ვინც ასე ასწავლის, გამოხატავს მწვალებლურ აზრს და ექვემდებარება VI მსოფლიო კრების 19-ე კანონს, რომელიც განგვიწესებს წმიდა წერილის განმარტებას ისე, "როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი". ასევე ექვემდებარებიან VII მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებს, რომლებშიც ნათქვამია: "ვინც რაიმეს შემატებს კათოლიკე ეკლესიის სწავლებას, ან მოაკლებს მას, გადავცემთ ანათემას" (საქმე მეშვიდე).

11. ანტიქრისტე დაიწყებს მართლმორწმუნეთა უსასტიკეს დევნას, რის გამოც დადგება ისეთი ჭირი, რომელიც ქვეყნიერების დასაბამიდან არ ყოფილა.

"ანტიქრისტე კაცთა წარსაწყმედად მოვა, რათა ადამიანებს ზიანი მიაყენოს. რას არ მოიმოქმედებს ის იმ დროს? ყველაფერს არევს და შეაშფოთებს როგორც თავისი განკარგულებებით, ასევე შიშის მეშვეობითაც. ის საშინელი იქნება ყველა მიმართებით - როგორც თავისი ძალაუფლებით და სისასტიკით, ასევე უსჯულო განკარგულებებითაც" (წმ. იოანე ოქროპირი. "ჰომილიები თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეზე").

"მაშინ (ანტიქრისტე) დაავალებს დემონებს დაიარონ მთელი დედამიწა. მთებსა და ქვაბულებს, ხეობებსა და ჭალებს ეშმაკთა ხროვა მიაწყდება, რათა ჰპოვონ ანტიქრისტეს თვალთაგან მიმალული ქრისტიანები და მოიყვანონ ისინი მის თაყვანსაცემად და ვინც დაემორჩილება ბეჭედიც მიაღებინონ. ხოლო ვინც ბეჭდის მიღებას არ ისურვებს, საშინელი ტანჯვას დაექვემდებარება და იქნება იმ დროს ისეთი უბედურება, რაც ადამიანის ყურს არ სმენია და თვალს არ უნახავს" (წმ. იპოლიტე რომაელი).

მაგრამ ყველაზე უსასტიკესი დეევნის დროსაც კი არ მიატოვებს უფალი თავის შვილებს. ღირ. ეფრემ ასურელი წერს: "ბევრნი იქნებიან მაშინ უფლის ერთგულნი... და მიაშურებენ უდაბნოს... მიეცემათ მათ შეწევნა ღვთისგან, რომელიც მიასწავლის მათ სპეციალურ ადგილებსა და გამოქვაბულებს, სადაც გადარჩებიან".

12. ანტიქრისტე იმეფებს სამ წელიწად ნახევარს, რის შემდეგაც მისი უღვთო მეფობის აღსასრულიც მოიწევა, რადგან გამოჩნდება დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტე მართალთა და ცოდვილთა განსასჯელად

"დანიელ წინასწარმეტყტველი ბოლო სამეფოს, ანუ ბოლო ათი მეფის შესახებ, რომელთა შორისაც დაიყოფა სამეფო და რომლებზეც მოვა ძე წარწყმედისა, ამბობს, რომ მხეცს ექნება ათი რქა და მათ შორის აღმოცენდება სხვა მცირე რქა და, რომ სამი პირველთაგან აღიხოცვიან პირისაგან მისისა. ის ამბობს: "აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა. ... მოვიწადინე გამეგო იმ ათი რქის შესახებ, თავზე რომ ჰქონდა; იმ ახლადამოსული რქის შესახებ, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; იმ რქის შესახებ, რომელსაც თვალი და პირი ჰქონდა, ამპარტავნულად ლაპარაკობდა და სხვებზე დიდი შეიქნა. მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ, სანამ ძველი დღეთა არ მოვიდა და სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს არ გადაეცა; - მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდანები დაეუფლნენ" (დანიელი 7:8, 20-22, 23-25)

შემდეგ ხილვაში მასე ეუწყა: "მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას. ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს. უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო", ანუ სამი წელი და ექვსი თვე, რა დროითაც გაგრძელდება დედამიწაზე მისი მეფობა" (მღვდელმოწ. ირინეოს ლიონელი).

"ეს იესუ, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი" (საქმე 1:11). ანუ მოვა სრული ღმერთი და სრული კაცი, და მაშინ შემუსრავს უფალი უსჯულოს "თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით" (2 თესალონიკ. 2:8). ამრიგად, არავინ უნდა ელოდეს უფალს დედამიწიდან, არამედ ყოველი ელოდეს მას ზეცით მომავალს, როგორც თვითონვე გვაუწყა" (ღირ. იოანე დამასკელი. "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა").

"მაშ, განმტკიცდი, ადამიანო! ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები უკვე გაგიცხადეს, ამიტომაც შენც სიყვარულით აუწყე ყველას. თუ გყავდეს ძე ხორციელი, დაარიგე! და თუ შეგონებებით სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებაში ჰშევ ვინმე, დაიფარე მომავალი საფრთხისგან, რათა სიცრუე არ შეიწყნაროს ჭეშმარიტების ნაცვლად. "რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7). მაძრწუნებენ მე შფოთნი ერისანი, მაშინებენ საეკლესიო უთანხმოებანი, სიძულვილი ძმისა ძმის მიმართ; დე მოხდეს, რაც მოსახდენია, ოღონდ, ღმერთო, ჩვენს დროში ნუ დაუშვებ ამას. თუმცა მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ანტიქრისტეს შესახებ, რაც ვთქვით ვფიქრობ საკმარისია" (წმ. კირილე იერუსალიმელი. მეთხუთმეტე კატეხეტური სიტყვა. ანტიქრისტეს შესახებ).

წყარო: https://nashavera.com/publikacii/antihrist-znameniya-predvaryayuschie-vtoroe-hristovo-prishestvie
Назад к содержимому