განმარტება - აპოკალიფსისის წიგნის საიდუმლო - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის წიგნის საიდუმლო
იოანეს გამოცხადება
ავტორი: მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი).

შინაარსი:

 
 
1. არასწორი მიდგომა.

2. საიდუმლოთა გამოცხადება.

3. დევნილი ეკლესიის ნუგეშისცემა.

4. საშიშია თუ არა დავეყრდნოთ საკუთარ აზრს?

5. სწორი მიდგომა.

6. აპოკალიფსისის წიგნის ქრონოლოგიური განმარტების შეცდომა.

7. ქრისტეს მოსვლის სიახლოვე.


***

 
1. არასწორი მიდგომა

ჩვენი დროება - XX საუკუნე და განსაკუთრებით მისი ბოლო ნაწილი - ყველა ადრინდელ დროებაზე უფრო ესადაგება აპოკალიპტურის განსაზღვრებას, ანუ იმ დროისას, რომელშიც სამყაროს აღსასრულის წინა მოვლენები აღსრულდება. ჩვენი დროების გამოგონებათა არსი ისეთია, რომ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებიც კი უკვე მთელი ქვეყნების განადგურებასა და თვით კაცობრიობის მოსპობაზეც კი მსჯელობენ ან იარაღით, როგორიცაა თერმობირთვული ბომბები, ან კიდევ თანამედროვე მონსტრულ საწარმოთა საქმიანობით, რომლებიც გარემოს ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტებით აბინძურებენ.

ჩვენი დროის თავისებურებებს თუ მივიღებთ მხედველობაში, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ "აპოკალიფსისის" წიგნი ახლა უფრო პოპულარულია, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც ამ კურსის დასაწყისში მინდა მიგითითოთ იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი მიდგომა ამ წიგნისადმი. დღეს მისდამი, და მის შესახებ დაწერილ წიგნთადმი ინტერესი, უპირატესად, საკმაოდ ზედაპირულ ხასიათს ატარებს. ამ თემაზე დაწერილ წიგნთაგან ერთ-ერთი, რომელიც გარკვეული პოპულარობით სარგებლობს, ასე იწოდება: "უკანასკნელი დიადი პლანეტა დედამიწა".

ეს გახლავთ პროტესტანტ-ევანგელისტის ჰელ ლინდსეის წიგნი. მის გარეკანზე ვკითხულობთ: "გამჭოლი მზერა წარტმოუდგენელ წინასწარმეტყველებებზე, რომელიც ეხება ჩვენს თაობას". ის ლაპარაკობს ისრაელზე, რუსეთზე, გოგსა და მაგოგზე, სამყაროს აღსასრულზე და ბირთვულ ომზე. ყველაფერ ამის კითხვისას თავბრუ გეხვევა. ის დაწერილია კადნიერი ტონით: "რუსეთი - ეს გოგია", "გოგ, რა ჩაიფიქრე?" და ა. შ. ზედაპირული კითხვისას წიგნმა შეიძლება ადვილად გაგიტაცოს. ხოლო როდესაც ამთავრებ მის კითხვას, შეიძლება მღელვარებამ შეგიპყროთ ყოველივე იქ აღწერილის გამო. ისეთი ფრაზებიც გვხვდება, როგორიცაა: "შეხედეთ ირანს", "დააკვირდით, რას გააკეთებს მომავალში რუსეთი". წიგნში ლაპარაკია, რომ, როდესაც ევროპაში ათი ერი გაერთიანდება, ანუ როდესაც საერთო ბაზრის ქვეყნებს მეათე ქვეყანა მიუერთდება, - ეს ნიშანია, ეს მხეცის ათი რაა. ჩრდილოეთის მეფე - ეს, ცხადია, რუსეთია; ეგვიპტე - სამხრეთის მეფეა; ჩინეთი - აღმოსავლეთისა და ა. შ., რაღაც დროის შემდეგ მკითხველს უკვე თავბრუ ეხვევა.

მღელვარება, რომელსაც იწვევს ასეთი წიგნის წაკითხვა, არ შეეფერება წმიდა წერილის შემსწავლელ ადამიანს. ეს უფრო კინემატოგრაფის ან ტელევიზიის დონეა. ავტორი წერს ბულვარულ ენაზე. მთლიანობაში მისი მიდგომა ამ საკითხისადმი ვერ ააშკარავებს, თუ რაზეა წიგნი, კითხვის ერთადერთი შედეგი - მკითხველის აღგზნებაა. შესაძლოა, რაღაც, რასაც კი ავტორი ამბობს, სიმართლეა. ვინ იცის? იქნებ რუსეთი მართლაც ჩრდილოეთის მეფეა, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. ავტორისთვის კი სწორედ ესაა მთავარი. არადა მთავარი - სულ სხვა რამეა.

ამისთვის როდი უნდა ვკითხულობდეთ აპოკალიფსისს. მე ვიცი ადამიანები, ვინც წაიკითხეს ეს წიგნი და კითხვისას საშინელი განცდები ეუფლებოდათ. მათ მთელი წიგნი (იგულისხმება პროტესტანტი ავტორის წიგნი - "აპოკ." რედ.) ერთ ღამეში წაიკითხეს, მაგრამ როცა კითხვა დაამთავრეს, ის მათთვის სულიერი საკვები ვერ გახდა. აღელვებულები მზად იყვნენ გაქცეულიყვნენ ქუჩაში გაზეთების საყიდლად, რთა ენახათ, რის გაკეთებას აპირებს რუსეთი, ვინ ვის ააფეთქებს და ა. შ. სულიერ პრიზმაში ამ ადამიანებმა ვერაფერი მოიპოვეს, რადგან ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, - ვარაუდებსა და ეჭვებში იკარგება, "აპოკალიფსისის" მიზანი კი ამაში როდია.

 
2. საიდუმლოს გამოცხადება
 
ამიტომაც აპოკალიფსისს, ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა ამ შეჯამებას, სულ სხვანაირად უნდა მივუდგეთ. ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: "რატომ ვკითხულობთ აპოკალიფსისს?" ჩვენ ჯერ უნდა გავიგოთ ამ წიგნის დაწერის მიზანი. შეიძლება ითქვას ეს - საიდუმლოთა წიგნია. ამ საიდუმლოებებში მოცემულია ერთგვარი ღრმა აზრი, რომელიც დაკავშირებულია მთელი არსების დასაბამთან და დასასრულთან, სამყაროსა და კაცორიობის საბოლოო მიზანთან და ღმრთის მარადიული სასუფევლის გამოცხადებასთან.

წმიდა წერილში აქა იქ გვხვდება ეს სიტყვა. ჩვენს ღვთისმსახურებებში ვგალობთ ანგელოზთათვის მიუწვდომელ საიდუმლოზე, რომელიც იყო დასაბამიდან, ანუ ჩვენი უფლის განკაცების საიდუმლოზე. ის, რაც წუთისოფლისთვის ჩვეულებრივია, საიდუმლოდ არ იწოდება. ისეთი მოვლენები, როგორიცაა ლოხ-ნესის ურჩხული ან ბერმუდის სამკუთხედი, - ეს საიდუმლოებები როდია. ეს უცნაური, იდუმალი შემთხვევებია ან გამოცანები, მაგრამ არა საიდუმლონი იმ აზრით, რა აზრსაც ანიჭებს ამ სიტყვას წმიდა წერილი.

მეორე მხრივ, "დროთა სიღრმეში დაფარული საიდუმლო", - ეს არის საიდუმლო ჩვენს ცხონებაზე, ჩვენი განკაცებული უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს მიერ ცოდვის წყევისგან ჩვენს გამოხსნაზე. ამ საიდუმლოს უკვე სხვა სამყაროში, ღმრთის მარადიულ სასუფეველში შევყავართ.

ჩვენ ბიბლიაშიც ე. წ. უსჯულოების საიდუმლოზეც ვკითხულობთ (იხ. 2 თესალონიკ. 2:7 და გამოცხ. 17 – "აპოკ". რედ.). ესეც არც ისე ღრმა საიდუმლოა, რადგან, გარკვეული აზრით, ესენი ჭეშმარიტ საიდუმლოთა დაპირისპირებულობაა, რომელიც დრო-ჟამის სიღრმეშია დაფარული, - ეს არის საიდუმლო იმისა, თუ რას იქმს ეშმაკი წუთისოფელშის. ეშმაკსაც აქვს მარადიული სამყოფელი და მას სურს ყველას ჯოჯოხეთში ჩაგდება. იმით წააგავენ დედამიწაზე ქმნილი ფარული საქმეები საიდუმლოს, რომ ისინი აქ, ამ წუთისოფელში იწყებიან, მაგრამ მათი ბოლო უცნობია, მათი ბოლო ქვესკნელის უკუნ სიბნელეშია.

სწორედ იმიტომაც უნდა ვკითხულობდეთ აპოკალიფსისს, რომ ის დაკავშირებულია კაცობრიობის მთელი მომავლისა და სამყაროს აღსასრულის საიდუმლოსთან. ისტორიის კურსიდან თქვენ დანამდვილებით ვერ გაიგებთ სად იწყება იგი და სად მთავრდება. თქვენ შეისწავლით ერთა აღზევებას, მონარქიათა დაცემას, მაგრამ ვერსად ისტორიაში ვერ წაიკითხავთ, როდის დასრულდება უეცრად ქვეყნიერების ისტორია. ხოლო ეს წიგნი (ანუ "აპოკალიფსისი" – "აპოკ." რედ.) სწორედ ქვეყნიერების აღსასრულზეა, ანუ იმაზე, თუ როდის დასრულდება კაცობრიობის ისტორია. ეს არის საიდუმლოს ნაწილი იმაზე, თუ როგორ გადავალთ მომავალ სამყაროში, ახალ საუკუნეში.





3. დევნილი ეკლესიის ნუგეშისცემა

ამ წიგნის დაწერის მიზანი, რომელიც მის პირველივე მუხლში გვეცხადება, მდგომარეობს იმაში, რომ მან თავის მონებს უნდა აჩვენოს, "რაც უნდა მოხდეს მალე" (გამოცხ. 1:1). ანუ, აპოკალიფსისის თემა - ეს არის ქრისტეს ეკლესიის და მთელი სამყაროს მომავლის მისტიკური გამოსახვა. წიგნი აღწერს ეკლესიის ბრძოლას სუპოსტატთა, განსაკუთრებით დაცემულ ანგელოზთა წინააღმდეგ, და მის გამარჯვებას ყველა მტერზე.

ეს უდიდესი ნუგეშია, განსაკუთრებით ქრისტიანთა დევნისა და ჭირვების პერიოდში - თუნდაც ისეთში, როგორიც ჩვენი დროებაა. ამ წიგნის წყალობით ისტორიული მოვლენები, რომელსაც დღეს ვაკვირდებით, ეკლესიის მთელი იმ ბრძოლის კონტექტში ექცევა, რომელსაც ის ბოროტების ძალთა წინააღმდეგ აწარმოებს და, რომელიც ეკლესიის გამარჯვებითა და ცათა სასუფევლის დადგომით დაგვირგვინდება.

ყოველი, ვისაც კი დევნილი ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები წაუკითხავს, იცის, რომ, ამ მხრივ, ეკლესიას ხშირად ადარებენ დედაკაცს, რომელიც ბოლო დროს უდაბნოში გაიქცა (გამოცხ. 12:6, 14). დევნილი ეკლესიის წევრები საკუთარ თავს აპოკალიპტურ ჟამში მცხოვრებებად აღიქვამენ.

რადგან მთელ საზოგადოებაში გამეფებულია ღმრთისმბრძოლობა, ქრისტიანთა ნუგეში არსაიდან არის, და თვით ისინი ემალებიან მადევართ, ერთადერთ ნუგეშად მათ აპოკალიფსისის სიმბოლოები რჩებათ. ისინი აჩვენებენ, რომ მიუხედავად იმისა მთელი საზოგადოება ფეხქვეშ გაგებია მტერს, ეკლესია, ბოლოს და ბოლოს, მაინც იმარჯვებს. ამიტომაც, დევნილი ადამიანები, რომლებიც ამ წიგნს (აპოკალიფსისს) ასეთ დროებაში კითხულობენ, მასში პოულობენ ძალას თავიანთი მრავალგანსაცდელიანი ღვაწლისთვის.

როდესაც ბოროტების ძალები ისეთ მძლავრ ფორმას იძენენ, როგორიც თანამედროვე ღმრთისმბრძოლი სახელმწიფოებია, შესაძლოა იმ ადამიანებმა, რომლებსაც კარგად ვერ გაუცნობიერებიათ საკუთარი ბრძოლის არსი, ფარხმალი დაყარონ, რადგან მათ ეჩვენებათ, რომ ბოროტებამ უკვე გაიმარჯვა და არ იციან, რომ ქრისტეს ეკლესია უძლეველია და დასასრულს სწორედ ის გაიმარჯვებს.

ამგვარად, ეს წიგნი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ქრისტიანებში და დიდი განსაცდელებისა თუ დევნულებების ჟამს ქრისტიანთა მიერ მრავალმხრივ განიმარტებოდა. მაგრამ, სექტანტები მას სრულიად არასწორად აღიქვამენ: დევნულების დროს ისინიც მიმართავენ აპოკალიფსისს, თუმცა ვერ წვდებიან მის სიღრმეს, მისი სიმბოლოებით მოცულ მისტიკურ აზრს, და იგონებენ ახალ-ახალ დოქტრინებს, რომლებიც მთლიანობაში ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდეგებიან, და შედეგად, სრულ უაზრობას ქადაგებენ. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ რიცხვი 666 ეხებაო ამა თუ იმ პიროვნებას - რომის პაპს ან კიდევ ვინმეს და ამიტომაც მათთან ყველაფერი აზრს მხოლოდ ამ ფაქტთან მიმართებაში იძენს, ხოლო როდესაც ისტორია ამ შეხედულების არასწორობას აჩვენებს, ეს მათ თრგუნავს. რა თქმა უნდა, აპოკალიფსისს ასე არ უნდა ვკითხულობდეთ.

 
4. საშიშია თუ არა დავეყრდნოთ საკუთარ აზრს?

ამრიგად, არ უნდა გაგვიტაცოს ამ წიგნის სპეციფიკურმა, ძალიან დამამახსოვრებელმა და დრამატულმა სიმბოლოებმა: მხეცებმა, ურჩხულებმა, ცაში გამოსახულმა დედაკაცმა და ა. შ. ჩვენ თვითონ, დამოუკიდებლად არ უნდა გავაკეთოთ რაიმე ფანტასტიკური დასკვნები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უბრალოდ ავიღოთ, წავიკითხოთ და შემდეგ ისე განვმარტოთ აპოკალიფსისი, როგორც მოგვეპრიანება ან როგორც თავში აზრად მოგვივა. მისი კითხვის დროს საჭიროა გავითვალისწინოთ წმიდა წერილის მთლიანი შინაარსი და ის, თუ როგორ განმარტავს მას ეკლესია.

უპირველეს ყოვლისა, მისი კითხვა გვმართებს მუდმივი სულიერი დაპურების მდგომარეობაში, ანუ ეკლესიაში უნდა დავდიოდეთ, ყოველდღიურად ვლოცულობდეთ, წმიდა საიდუმლოებებს უნდა ვეზიარებოდეთ და ვკითხულობდეთ, როგორც წმიდა წერილს (და არა მარტო აპოკალიფსისს), ასევე სხვა სულიერ ლიტერატურას. თუკი ადამიანი მთლიანობაში ქრისტიანულ ცხოვრებას ეწევა, და შეგნებული აქვს, რომ ჩვენი მართლმადიდებლური ქრისტიანობა გამუდმებული და ყოველდღიური ბრძოლაა, რომელსაც ის საკუთარ პირობებში ეწევა, - მაშინ მას ვერავითარი კატასტროფა, რომელიც მის ცხოვრებაში ხდება, ვერ გააოგნებს, ვერც ამ წიგნის რომელიმე სიმბოლოს ყალბი განმარტება შეაცდენს და ცრუ მოძღვრებიც ჭეშმარიტებისგან მათ მიდრეკას ვერ შეძლებენ.

მთავარია, ეს წიგნი ღმრთისმოშიშებით წავიკითხოთ და საკუთარ აზროვნებას არ დავეყრდნოთ. ყოველს, ვინც მსგავს წიგნებს კითხულობს, მათ შორის დანიელის წინასწარმეტყველებას, რომლის სიმბოლოები ძლიერ წააგავს გამოცხადების სიმბოლოებს, უნდა ახსოვდეს, რომ არ ენდოს ყოველივეს, რაც თავში მოუვა. თუკი ჩვენ გვეჩვენება, რომ საკუთარი გამოცდილებით ან საკუთარი ცოდნის წყალობით ვწვდებით აპოკალიფსისის ამა თუ იმ სიმბოლოს, ან მის თუნდაც რომელიმე აბზაცს, დაუყოვნებლივ უნდა უკუვაგდოთ ასეთი აზრი. არ უნდა გავაკეთოთ არანაირი დასკვნა, სანამ მას წმიდა მამათა სწავლებებთან არ შევადარებთ, რჩევას არ ვკითხავთ საკუთარ მოძღვრებს და მას საკუთარ ქრისტიანულ გამოცდილებას არ შევუფარდებთ.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ თითქოსდა საკუთარი გამონაგონი აპოკალიფსისის შინაარსის წვდომაა. მაგალითად, მრავალმა ადამიანმა შეთხზა მრავალი უცნაური სწავლება რიცხვ 666-ის შესახებ. ზოგი ირწმუნება, რომ ეს ნაპოლეონია ან ჰიტლერია, ან კიდევ რომის პაპია, კეისარია და მრავალი სხვა. მაგრამ ეს მსგავსი "მიგნების" ჭეშმარიტებაზე სულაც არ მეტყველებს: ეს უბრალოდ პირადი შეხედულებებია და სხვა არაფერი.

წმიდა წერილის წვდომა - მთელი ცხოვრების საქმეა, და ამიტომაც შეცდომაა ფიქრი, თითქოსდა რაღაცას მივხვდით. რაც უფრო მეტია ჩვენში ეჭვი საკუთარი წვდომის მიმართ, მით უფრო ღრმად შევიმეცნებთ რაოდენ შორს ვდგავართ წმიდა წერილის ჭეშმარიტი გაგებისგან, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ვკითხულობთ, როგორც სხვა წიგნებს ამავე თემაზე, ასევე წმიდა მამათა თხზულებებსა და განმარტებებს.

მაგალითად, ძირითადი მართლმადიდებლური განმარტებები, რომელიც ჩვენ ავიღეთ მოცემული კურსისთვის, ეკუთვნის ჯორდანვილის არქიეპისკოპოს ამბერკის - ეს გახლავთ ახალი აღთქმის წმიდა წერილის შესასწავლი სახელმძღვანელოს ბოლო თავი. თავისი განმარტებების უდიდესი ნაწილი მან ისესხა V ს-ის წმიდა მამის ანდრია კესარიელის თხზულებიდან. ანდრია კესარიელი - ერთ-ერთია იმ მცირე ავტორთაგან, რომელმაც აპოკალიფსისის მთელი წიგნი თავიდან ბოლომდე განმარტა.
 
 
5. სწორი მიდგომა

აპოკალიფსისის განმარტებისას ჩვენი უპირველესი მიზანია მისი სიმბოლოები არ გავაიგივოთ თანამედროვე მოვლენებთან. ზოგიერთ ადგილებში მცირედით ამ თემასაც შევეხებით, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს მიზანს. მსგავსება გაირკვევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მოვლენები ნამდვილად მოხდება. მანამ კი უნდა შევიკავოთ თავი რაიმე განსჯისგან და ძალიან ყურადღებიანნი ვიყოთ. შესაძლოა, რუსეთი იყოს ჩრდილოეთის მეფე, შესაძლოა ეს წინასწარმეტყველებები ჩვენს სიცოცხლეშივე მოხდეს, მაგრამ სანამ ნამდვილად არ ვიხილავთ იმ მოვლენებს, რომლებიც აპოკალიფსისშია აღწერილი, ამ საგანს ზედმეტად არ უნდა მივეძალოთ.

აპოკალიფსისის განმარტებისას ჩვენი საზრუნავი უფრო ღრმა და სულიერია. ჩვენ მას უნდა განვიხილავდეთ, როგორც ქრისტეს ეკლესიისა და მისი მტრების: ეშმაკის, წუთისოფლისა და ანტიქრისტეს ხვედრის მისტიკურ აღწერას. ამისი შეგნება დაგვეხმარება თავი ავარიდოთ მრავალ ელემენტარულ შეცდომას, რომელსაც უშვებენ პროტესტანტები სხვადასხვა საკითხში: ათასწლოვანი მეუფება, ანტიქრისტეს ნამდვილი ბუნება და მისი მეფობა და სხვა.

როგორც მთელი წმიდა წერილის განმარტებისას, აპოკალიფსისის კითხვისა და განმარტების დროსაც, ჩვენ მას წერილის სხვა წიგნებთან მიმართებაში უნდა განვიხილავდეთ, რომლებიც ბევრ რამეს ჰფენენ ნათელს იდუმალებით მოცულ ამ წიგნში. განსაკუთრებით გავუსვამდი ხაზს დანიელის წინასწარმეტყველებას, რომლის სიმბოლოები ზუსტად ემთხვევა აპოკალიფსისის სიმბოლოებს. და კვლავ, გვახსოვდეს ძველ ღმერთშემოსილ მამათა განმარტებები და არ დავეყრდნოთ საკუთარ გონებასა და შეხედულებებს.

რაც უფრო ღრმაა და წმიდა ჩვენი სულიერი ცხოვრება, მით უფრო ღრმა და უცთომელი იქნება ამგვარ წიგნთა შემეცნება. ამიტომ ეს წიგნი მანამ არ უნდა წავიკითხოთ, სანამ სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით არ შევუდგებით მუდმივ სულიერ ცხოვრებას, უწყვეტ ლოცვას და სულიერ საკითხავთა შესწავლას. სწორედ მაშინ ვიდგებით სწორ და უცთომელ გზაზე.

 
6. აპოკალიფსისის წიგნის ქრონოლოგიური განმარტების შეცდომა

აპოკალიფსისი შედგება რთულ ხილვათა თანმიმდევრობისგან, ასე რომ, თუკი მას ყოველგვარი განმარტებების გარეშე წაიკითხავთ, სრულიად დაიბნევით. ზოგიერთი ხილვა ეხება წარსულს, ზოგიერთი - აწმყოს, ზოგი კი - მომავალს. წმიდა იოანე ოქროპირი დაბადების წიგნისა და დანიელის წინასწარმეტყველების განმარტებებში ბრძანებს, რომ დაბადების წიგნის პირველი ნაწილი - ეს არის წინასწარმეტყველება წარსულზე, რადგან არავის შეეძლო იმისი ხილვა, რაც მაშინ ხდებოდა, და იყო მათზე ისეთივე გამოცხადება, როგორი გამოცხადებაც მიეცათ მომავალზე დანიელსა და იოანეს.

აპოკალიფსისის წიგნის მთავარი შინაარსი ეხება მოვლენებს, რომლებიც სამყაროს აღსასრულის წინ უნდა მოხდეს. ზოგჯერ სამყაროს აღსასრული განიხილება როგორც მთელი ის დროება, რომელიც ქრისტეს პირველი მოსვლიდან იწყება, ანუ უკვე ორი ათასი წელია გრძელდება. სხვა შემთხვევებში სამყაროს აღსასრული აღნიშნავს უშუალოდ სამყაროს დასასრულის წინა ჟამს. ქვეყნიერების აღსასრულის მთელი სურათი რომ მოგვცეს, ზოგიერთი ხილვა, მაგალითად, ანგელოზთა ბრძოლა ცაში (გამოცხ. 12 – "აპოკ". რედ.), ეხება მოვლენებს, რომლებიც ჯერ კიდევ სამყაროს არსებობის დასაწყისამდე მოხდა. ამიტომაც, აქ უბრალო განმარტებები შეუძლებელია. ასევე, შეუძლებელია ითქვას, თითქოსდა ყველა მოვლენა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ვითარდება. აქაც ცდებიან პროტესტანტები თავიანთი ცრუ ინტერპრეტაციებით, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი უბრალოდ ქრონოლოგიურად მიმდინარეობს, ზუსტად ისე, როგორც დაწერილია. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ტექსტი ხან მომავალს ეხება, ხან წარსულს, ხან კიდევ აწმყოს, თანაც უეცრად ჩნდება ერთი და იგივე მოვლენასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხილვა. აქ რაიმე ქრონოლოგიის დანახვა აბსოლუტურად შეუძლებელია.

წიგნი აპოკალიფსისი - ეს მომავალ მოვლენათა უბრალო ქრონოლოგია კი არ არის, არამედ ქრისტეს ეკლესიის მთელი ისტორიის მისტიკური ხედვაა, და მხოლოდ ზოგჯერ გვეძლევა აქ მომავალ მოვლენათა გამოცხადებანი.

ასევე არსებობს ამ წიგნის ხილვათა განმარტების რამოდენიმე განსხვავებული ხარისხი. ასე, მაგალითად, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, შეუძლებელია ითქვას, რომ ერთი რომელიმე სიმბოლო შეესაბამება ერთ რომელიმე რეალურ მოვლენას (ისევე როგორც მთელ წმიდა წერილში): ერთი სიმბოლოს უკან შეიძლება იდგეს მრავალი სხვადასხვა მოვლენა. ჩვენ დეტალურად გავერკვევით ამაში, როდესაც დავიწყებთ ამ წიგნის სიმბოლოთა გარკვევას და დავინახავთ, რომ ესა თუ ის გამოცხადება ერთი წმიდა მამის თქმით ნიშნავს ერთ რამეს, ხოლო სხვა წმიდა მამის თქმით - სხვას; კიდევ მესამე წმიდა მამას შეუძლია თქვას, რომ იგივე მოვლენა სხვა რაღაცაზე მიანიშნებს და ა. შ. და ეს განსახვავებული განმარტებები სრულიად სწორი შეიძლება იყოს, რადგან სიმბოლოთა რეალობის ცალსახა შესაბამისობანი არ არსებობს.

რა თქმა უნდა, ამ წიგნის კითხვის წინ საჭიროა გავეცნოთ სხვა წიგნებსაც, მაგალითად, მოციქულ იაკობის, პეტრეს, იოანეს ეპისტოლეებს, რომლებშიც უფრო მარტივ თემებზეა მსჯელობა. მაგალითად, იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ზნეობრივი ცხოვრება, როგორი უნდა იყოს ქრისტიანი, როგორ ვაწარმოოთ უხილავი ბრძოლა ეშმაკებთან, ვნებებთან და ა. შ.

თავისი შინაარსით აპოკალიფსისი ვარაუდობს, რომ თქვენ უკვე გაეცანით მსგავს წიგნებს, რადგან ივარაუდება, რომ უკვე იცით, როგორი ბრძოლაა გაჩაღებული ეკლესიასა და ეშმაკს შორის; რომ იცით, თუ რა არის ქრისტიანული ცხოვრება და როგორი ბრძოლების გავლა მოგვიწევს. თუკი ამ საგნებზე წარმოდგენა არ გაქვთ, მაშინ თქვენ ამ წიგნს საერთოდ ვერ გაიგებთ.

 
7. ქრისტეს მოსვლის სიახლოვე

იოანეს გამოცხადების წიგნი ასე იწყება: "გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს" (გამოცხ. 1:1).

რა იგულისხმება სიტყვებში: "რაც უნდა მოხდეს მალე?" ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ რა არის ნათქვამი პეტრესთან: "უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი, და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან. რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით. ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.  ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად. ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი" (2 პეტრე 3:3-10).

ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ თვით წმ. პეტრეს დღეებშიც კი, ანუ ქრისტეს მოსვლის დროს, ადამიანები უკვე ეუბნებოდნენ ქრისტიანებს: "თქვენ ლაპარაკობთ სამყაროს აღსასრულზე, მაგრამ სამყარო ისევ ისეთად რჩება, როგორიც ყოველთვის იყო, და არაფერი იცვლება". დღეს კი იმ დროიდან უკვე ორი ათასი წელი გავიდა და ადამიანეი ისევ იმავეს ამტკიცებენ: "თქვენ ლაპარაკობთ სამყაროს აღსასრულზე, ქრისტიანებს ყოველთვის ეგონათ, რომ სამყაროს აღსასრული ახლოა, მაგრამ უკვე ორი ათასი წელი გავიდა და არაფერი მომხდარა. სამყარო კი ათასობით და ათიათასობით წელი კიდევ იარსებებს".

რა თქმა უნდა, როდესაც წმ. იოანე ამბობს: "რაც უნდა მოხდეს მალე", არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "მალე" შეიძლება აღნიშნავდეს სწორედ ამ ორი ათას წელს. თუკი უფლის თვალში ერთი ათასი წელი - ერთი დღეა, მაშინ ორი ათასი წელი - ეს მართლაც მოკლე პერიოდია. ეს დრო საჭიროა იმისთვის, რათა ყველა, ვინც კი უნდა გადარჩეს, მოვიდეს ქრისტესთან და კიდევ იმისთვის, რათა უსჯულოების საიდუმლო გამჟღავნდეს.

ყველა საუკუნეში წმიდა მამები ამბობდნენ, რომ სამყაროს აღსასრული ახლოა, რომ ქრისტე მალე მოვა, მაგრამ ის არ მოდის. ჩვენ ვცხოვრობთ დროის იმ პერიოდში, რომელსაც თვითონაც ბოლო ჟამს ვუწოდებთ, როდესაც სამყარო დაიწვება და გვეჩვენება, რომ ისტორიის დასასრული ახლოვდება. რატომ არის ასე? ნუთუ ქრისტიანები მუდმივად ცდებიან, ამაოდ მშფოთვარებენ, და ფიქრობენ, რომ აღსასრული მოახლოვდა, სინამდვილეში კი ის ჯერაც შორსაა?

ჯერ-ერთი, ქრისტე მოდის ყოველ ადამიანთან, ყოველმა კაცმა უნდა განვლოს თავისი დრო ამ სამყაროში და გარდაიცვალოს. ამ აზრით ყოველი ჩვენგანისთვის ქრისტეს მოსვლა ძალიან ახლოსაა. ეს სრული სიმართლეა.

მეორეც, ვინც რწმენით ცხოვრობს და ყოველივეს მისტიკური თვალსაზრისით უმზერს, ანუ ისტორიულ მოვლენებში გარკვევას ცდილობს, ხედავს, რომ მართლაც, ის, რაც უნდა მოხდეს, უკვე ხდება. მაგალითად, თვით წმ. იოანე ერთ თავის ეპისტოლეში ბრძანებს: "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია" (1 იოანე 2:18). მის დროსაც კი, ანუ პირველი საუკუნის მიწურულს, უკვე მოსული იყო მრავალი ანტიქრისტე, ანუ ადამიანი, რომელიც ანტიქრისტეს სულით მოქმედებდა, და ბევრი ჯერ კიდევ უნდა მოვიდეს.

ანტიქრისტე მოქმედებს, როგორც ეკლესიის გარეთ, ასევე შიგნით. რა თქმა უნდა, ღმრთისმბრძოლები (მწვალებლები) გარკვეული თვალსაზრისით ანტიქრისტეები არიან, ისევე როგორც ადამიანები, რომლებიც შიგნიდან ცდილობენ ეკლესიის დანგრევას. ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მრავალს, ვინც ანტიქრისტეს წააგავს, მაგრამ, მაინც, არც ერთი მათგანი არ არის ის ანტიქრისტე, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ უნდა მოვიდეს. ანტიქრისტეს სული არსებობდა ეკლესიის ისტორიის დასაწყისში, რადგან ეშმაკმა დაუყოვნებლივ, ეკლესიის დაფუძნებისთანავე დაიწყო ბრძოლა მის წინააღმდეგ.

ამიტომაც, რადგან აპოკალიფსისი - ეს არის წიგნი ქრისტეს ეკლესიის ბრძოლის შესახებ ეშმაკის წინააღმდეგ, ყოველივე ის, რაც დასასრულს უნდა მოხდეს, თავის აღსრულებას ეკლესიის ისტორიის დასაბამიდანვე იწყებს.

და ბოლოს, სიტყვა "მალეს" ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევხედოთ საკუთარ სიკვდილთან მიმართებაში, რადგან ესქატოლოგია, სწავლება სამყაროს აღსასრულის შესახებ, ეხება არა მარტო სამყაროს, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლის აღსასრულსაც, რამეთუ, როდესაც ყოველი ჩვენთაგანი კვდება, ის საიქიო სამყაროში გადადის და ხილული, მატერიალური სამყაროს აღსასრულს იქ ელოდება. აპოკალიფსისის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ჩავწვდეთ ისტორიის სიღრმეს, მოვლენებს, რომლებიც მოხდება ხუთი, ექვსი, შვიდი ათასი წლის შემდეგ. ორი ათასი წელი - ეს მხოლოდ მისი მცირედი ნაწილია.

წყარო: Отец Серафим (Роуз). Знамения времени. Тайны книги Апокалипсис. - Братство Преподобного Германа Аляскинского, Платина, Калифорния, Российское Отделение Валаамского Общества Америки, Москва, 2000. С. 46-63.
Назад к содержимому