განმარტება - აპოკალიფსისი. ათასწლოვანი მეუფება. 4 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისი. ათასწლოვანი მეუფება
 
(ქილიაზმი და ქილეგორიზმი)
ათასწლოვანი მეუფება

ავტორი. ვალერი სტერხი
 
 
განყოფილება 4

ძველი ქილიაზმის ანთოლოგია
 
შემდგენლისგან: მიმდინარე განყოფილებაში ნავარაუდები იყო არა მარტო ქილიაზმის, არამედ ქილეგორიზმის ანთოლოგიის წარმოდგენა, ასევე ამ სწავლებათა ჩვენს დრომდე განვითარების მიმოხილვა. წინამდებარე გამოცემის მოცულობის შეზღუდულობიდან გამომდინარე მოცემულ განყოფილებას წარმოვადგენთ შემოკლებული სახით.
 
 
***
 
 
წმ. იოანე ღვთისმეტყველი, 12 მოციქულთაგანი (დაახლ. 2 - დაახლ. 102):
 
ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა. სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა. ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი. ხოლო სამოსსა და თეძოზე აწერია მისი სახელი: მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი. და ვიხილე გზაზე მდგარი ერთი ანგელოზი, ხმამაღლა რომ შესძახა და უთხრა შუა ცაში მფრინავ ყველა ფრინველს: მოდით და ღვთის დიდ სერობაზე შემოკრბით, რათა ჭამოთ მეფეთა, ათასისთავთა და ძლიერთა ხორცი, ცხენთა თუ მხედართა, მონათა თუ თავისუფალთა, დიდთა თუ მცირეთა ხორცი. ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი, ერთად შეკრებილნი, რათა შებმოდნენ ცხენზე მჯდომსა და მის მხედრობას. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში. დანარჩენები კი მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ყველა ფრინველი მიაძღა მათ მძორს.
 
ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი. და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა. ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს. ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან. და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა, მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე. მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში (გამოცხ. 20:1-15)
 
 
წმ. მოციქული ბარნაბა, სამოცდაათთაგანი (I ს.):
 
(...) თქვა უფალმა: " ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოეფინეთ ქვეყანას და გამრავლდით მასზე" (დაბ. 9:7). ეს ითქვა დასაბამში ჩვენზე ძის მიმართ. შემდეგ მე გიჩვენებთ, ბოლო დროს როგორ შექმნა მან ჩვენში მეორე ქმნილება. უფალი ამბობს: "აჰა, მოვიმოქმედებ უკანასკნლეს, როგორც პირველს" (შეად.: ეს. 43:18-19, 2 კორინთ. 5:17; გამოცხ. 21:5). ამ აზრით წინასწარმეტყველებდა წინასწარმეტყველი: "და წადით იმ ქვეყნისკენ, სადაც რძე და თაფლი მოედინება და დაეუფლეთ მას" (გამ. 33:1; ლევ. 20:24). ამრიგად, ჩვენ აღდგენილები ვართ, როგორც კვლავ სხვა წინასწარმეტყველთან ამბობს უფალი: "ამოვართმევ მათ ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს მივცემ" (ეზეკ. 11:19; 36:26), რადგან ის უნდა მოსულიყო ხორცში და ეცხოვრა ჩვენ შორის, რადგან, ძმანო ჩემნო, ჩვენი გულის უფლის ტაძარი და მისი სამკვიდროა. კიდევ ამბობს უფალი: "რომელ ადგილას მივალ ჩემს უფალ ღმერთთან და განვდიდდები?" (შეად. ფსალმ. 41:3). და შემდეგ: "მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიასა გიგალობდე შენ" (ფსალმ. 21:23). ამრიგად, ჩვენ ვართ ისინი, ვინც ღმერთმა შეიყვანა კეთილ ქვეყანაში.
 
მაგრამ რას ნიშნავს რძე და თაფლი? იმას, რომ როგორც ყრმა თავიდან იზრდება რძითა და თაფლით, ასევე ჩვენც, რწმენით, ღმრთის სიტყვითა და აღთქმით ცხოველქმნილნი, ვიცხოვრებთ და ვიბატონებთ დედამიწაზე. თავიდან ადამიანებს ემცნო, რომ უნდა გამრავლებულიყვნენ და დაუფლებოდნენ მხეცებს, ფრინველებსა და თევზებს. აწ ვის ძალუძს ეუფლებოდეს ცხოველებს ან თევზებს ან ზეციური ფრინველთ? ჩვენ კი უნდა გვესმოდეს, რომ ფლობა ნიშნავს ძალაუფლებას, როდესაც ვიღაც განაგებს და განკარგულებებს გასცემს. ასეთი ფლობა დღეს არ არის; მაგრამ, ის აღთქმული გვაქვს: მას, როდის დადგება იგი/ როდესაც თვითონ იმდენად სრულყოფილნი ვიქნებიტ, რომ უფლის აღთქმის მემკვიდრეებად შევიქნებით (მოციქულ ბარნაბას ეპისტოლე, თ. 6).
 
შემდეგ, შაბათის შესახებაც ათ სიტყვაში, რომელიც სინას მთაზე უფალმა პირისპირ უთხრა მოსეს, ნათქვამია: "წმიდა ჰყავით უფლის შაბათი სუფთა ხელებითა და სპეტაკი გულით" (გამ. 20:8; მეორე რჯლ. 5:12; ფსალმ. 23:3-4). და სხვა ადგილზეც ის ამბობს: "თუ იუქმებენ ჩემი შვილები შაბათ დღეს, გადმოვღვრი ჩემს წყალობას მათზე" (შეად.: იერ. 17:24-25). შაბათს წმიდა წერილი ახსენებს შესაქმის დასაწყისში: "გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი" (დაბ. 2:2, 3).
 
შენიშნეთ, შვილებო, თუ რას ნიშნავს: "გაასრულა ღმერთმა ექვს დღეში". ეს ნიშნავს, რომ უფალი ყველაფერს არსულებს ექვს ათას წელში; რადგან მისთვის ერთი დღე უდრის ათას წელს. ის თვითონვე ადასტურებს ამას, როდესაც ამბობს: "ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი" (ფსალმ. 89:5; 2 პეტ. 3:8). ამრიგად, შვილებო, ექვს დღეში, ანუ ექვსი ათასი წლის განმავლობაში დასრულდება ყოველი. "და დაისვენა მეშვიდე დღეს". ეს ნიშნავს, რომ როდესაც მისი ძე მოვა და გაანადგურებს უსჯულო კაცის დროებას, მოიღებს სამართალს უკეთურებზე, შეცვლის მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს, მაშინ ის ბრწყინვალედ დაისვენებს მეშვიდე დღეს.
 
ამასთან ნათქვამია: "წმიდა ჰყავით იგი სუფთა ხელებითა და სპეტაკი გულით". ამრიგად, ჩვენ შევცდებოდით, რომ გვეფიქრა, თითქოსდა ვინმეს, ვისაც არა აქვს სპეტაკი გული, ახლა შეეძლოს წმიდა ჰყოს ის დღე, რომელიც ღმერთმა აკურთხა. შედეგად, მხოლოდ მაშინ დავისვენებთ და წმიდა ვჰყოფთ მას, როდესაც მივიღებთ რა აღთქმულს სამართლიანის კეთების შემძლე ვიქნებით, როდესაც უკეთურება უკვე აღარ იქნება, და უფლის მიერ ყველაფერი განახლდება. მაშინ შევძლებთ იმ დღის წმიდაყოფასაც, თუმცა ჯერ მანამ თვითონვე უნდა ვიქმნეთ განწმენდილნი.
 
დასასრულ, უფალი ეუბნება იუდეველთ: "ახალმთვარობები და შაბათების ჯარობები ვეღარ ამიტანია!" (ეს. 1:13). ნახეთ, როგორ ამბობს: "ვერ ამიტანიაო ახლანდელი შაბათები, არამედ მხოლოდ ისინი მნებავს, რომლებიც მე განვსაზღვრე და, რომლებიც დადგება მაშინ, როდესაც დადგება ყოველივეს დასასრული, როდესაც დავიწყებ მერვე დღეს, ან დასაბამს მივცემ სხვა სამყაროს". ამიტომაც სიხარულით გაგვყავს მეშვიდე დღე, რომელშიც იესუ აღდგა მკვდრეთით, და იმის შემდეგ, რაც გამოეცხადა მორწმუნეთ და ამაღლდა ზეცით (მოციქულ ბარნაბას ეპისტოლე. თ. 15).

 
ჰიმენევსი და ალექსანდრე ფილეტოსი (I ს.).
   
ჰიმენეოსისა და ალექსანდრე ფილიტეს სწავლება აღდგომის ალეგორიულ გაგებაზე ცნობილია მისი დაგმობიდან მოციქულ პავლეს მიერ. გარდა ამისა, მოცემული სწავლების ცდომილება დადასტურებულია წმ. ათანასე დიდისა (არიანელთა წინააღმდეგ, სიტყვა პირველი, 54) და ეკლესიის სხვა მამათა მიერაც.
 
"მოერიდე უწმიდურ ლაყბობას, რომელსაც უფრო და უფრო მიჰყავს ხალხი უღვთოებისკენ. მათი (მწვალებელთა - ავტ.) სიტყვა ღია წყლულივითაა, რომელიც ჭამს ხორცს. ასეთები არიან ჰიმენევსი და ფილეტოსი, რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას, ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და ზოგიერთებს ურღვევენ რწმენას" (2Тим.2:16-18)
 
"ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო, როგორც კეთილმა მეომარმა, გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რომელიც უარყვეს ზოგიერთებმა და დაიმსხვრა მათი რწმენის ხომალდი. მათგან არიან ჰიმენევსი და ალექსანდრე, რომლებიც სატანას გადავეცი, რათა ისწავლონ, რომ აღარ დაგმონ" (1 ტიმ. 1:18-20).
 
 
წმ. კლიმენტი რომაელი, მოციქული სამოცდაათთაგან (გარდ. დაახლ. 99 წ.)
   
ამიტომ მივიჩნევთ, რომ დიდი და საკვირველი რამ იქნება, თუ ყოველთა შემოქმედი აღასრულებს მათ აღდგომას, რომლებიც კეთილი რწმენის გულდაჯერებით, წმინდად ემსახურებიან მას, მაშინ, როცა თვით ფრინველის მიერაც გვიჩვენებს იგი მისი აღთქმის დიდებულებას? რადგან სადღაც ნათქვამია: "და შენ აღმადგენ მე და შეგაქებ". და კიდევ: " მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე" (ფსალმ. 3:6). ასევე იობი ამბობს: "და აღადგენ ამ ჩემს ხორცს, რომელმაც დაითმინა ეს ყველაფერი" (იობი 19,26) (პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. თავი XXVI (26)).
   
მიიღეს რა მოციქულებმა მცნებანი და აღივსნენ რა რწმენით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ, ამასთან, განმტკიცდნენ რა ღვთის სიტყვებში, სულიწმინდით რწმენასავსენი, წავიდნენ და ახარებდნენ, რომ მოსასვლელია ღვთის სასუფეველი (პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. თავი XLII (42)).
   
გადავიდა ყველა თაობა ადამიდან ვიდრე ამ დღემდე, მაგრამ სიყვარულში ღვთის მადლით სრულქმნილნი კეთილმორწმუნეთა ადგილს ფლობენ, რომლებიც მაშინ გაცხადდებიან, როდესაც იქნება მოხედვა ქრისტეს სასუფეველისა. რადგან დაწერილია: ”შედით მცირე ხანს სარდაფებში, ვიდრე გადაივლის ჩემი რისხვა [46]და წყრომა და გავიხსენებ კეთილ დღეს და აღგადგენთ თქვენ თქვენი საფლავებისაგან” (უცნობია. ისაია 26,20; ეზ. 37,12) (პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. თავი L (50)).
   
ამქვეყნად ჩვენი უძლური სხეულის ხეტიალი ძალზე ხანმოკლეა, ხოლო იესო ქრისტეს აღთქმა ყოვლისმომცველი და განმაცვიფრებელი, სახელდობრ: სიმშვიდე მომავალი სასუფევლისა და საუკუნო ცხოვრებისა. რით შეიძლება დავიმკვიდროთ ეს სიმშვიდე თუ არა ღვთისმოსავი და ღვთივსათნო ცხოვრებით, ამქვეყნიურ სიკეთეთა უარყოფით და მოძაგებით. თუკი ეს არ გვსურს, მაშინ სწორ გზას ავცდენილვართ (მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. თავი V  (5)).
 
დავფიქრდეთ, რა უფრო უმჯობესია: მოვიძულოთ ამქვეყნიური სიკეთენი, რომლებიც წარმავალია და ხრწნადი, თუ მიველტვოდეთ უმშვენიერეს და უხრწნელ სიკეთეებს. რამეთუ უფლის ნების აღმსრულებელნი სიმშვიდეს მოვიხვეჭთ, ხოლო მცნებათა უარმყოფელთ საუუნო სასჯელი გველის. ეზეკია წინასწარმეტყველთან წმინდა წერილში უფალი ამბობს: "ვერც ნოე, ვერც იობი და ვერც დანიელი ვერ გადაარჩენდნენ თავიანთ შვილებს, ტყვეობაში მყოფთ" (შდრ. ეზეკ. 14, 14-20). და თუ ეს უფლის წინაშე მართალი ადამიანები უძლურნი არიან თავიანთი სიმართლით იხსნან შვილები, ჩვენ როგორ შეიძლება გვქონდეს უფლის სასუფეველში შესვლის იმედი, თუკი ნათლისღების სიწმინდესა და უმანკოებას შევბღალავთ. ანდა როგორ გვიშუამდგომლებს ვინმე უფლის წინაშე, როდესაც ჩვენს ღვთისმოსავ და მართალ საქმეებს ვერსად აღმოაჩენს? (მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. თავი VI  (6)).
 
ნურავინ იტყვის, რომ სხეული არც განისჯება და არც აღსდგება. იცოდეთ: რომ ცხონდით და აგეხილათ თვალნი მხოლოდ სხეულში. ამიტომ სხეული უნდა დაიცვათ, როგორც ტაძარი ღვთისა. რამეთუ ვითარცა სხეულში მყოფთ მოგიწოდათ უფალმა იესო ქრისტემ ასევე ხორცში მყოფნი წარსდგებით საშინელი სამსჯავროს წინაშე. როგორც უფალ იესო ქრისტეს, მაცხოვრის, ღვთაებრივმა სულმა ხორცნი შეისხნა და განკაცდა, ჩვენც ასევე უფლის სხეულში მივიღებთ ჯილდოს. გვიყვარდეს ერთმანეთი, რათა ერთად დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა (მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. თავი IX  (9)).
   
ამრიგად ძმანო, ნუ დაეჭვდებით, სასოება გვქონდეს, რომ მოგვეცემა მისაგებელი. რამეთუ სარწმუნეობა [61]იგი, რომელმაც აღგვითქვა ყველას მისაგებელი საქმეთაებრ მათდა. თუკი ჩვენი საქმეებით განვმართლდებით უფლის წინაშე, მოვიხვეჭთ ცათა სასუფეველს, იმ გამოუთქმელ მადლს მივემთხვევით "რომელი თვალმან არა იხილა, ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა" (მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. თავი XI  (11)).
 
ამრიგად, დაე დღენიადაგ ღვთის სასუფევლის მოლოდინში ვიყოთ სიყვარულსა და სიმართლეში, რამეთუ არ ვუწყით დღე ღვთისჩენისა (მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. თავი XII  (12)).
 
(31) (...) მღვიძარენი იყავით. "დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლული და თქვენი სანთელი - ანთებული. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი" (ლუკა 12: 12:35, 36,) იქნება ეს მწუხრზე თუ ცისკრად, მამლის ყივილზე თუ შუაღამისას; რადგან უფალი მოვა იმ ჟამს, რომელსაც არ ელოდებით, და თუ გაუღებენ მას, - "ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ" (ლუკა 12:37). მაშ, მღვიძარენი იყავნით და ილოცეთ, რათა სასიკვდილოდ არ ჩაგეძინოთ, რადგან ვერ შეგეწევიან ადრინდელი სათნოებანი, თუკი თქვენი აღსასრულის ჟამს გადაუხვევთ ჭეშმარიტი რწმენიდან.
 
(32) ბოლო ჟამს გამრავლდებიან ცრუწინასწარმეტყველნი და ცრუქადაგნი, ცხვრები მიიქცევიან მგლებად, ხოლო სიყვარული - სიძულვილად გადაიქცევა; უსჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული, ადამიანები შეიძულებენ და გასცემენ ერთმანეთს. და მაშინ გამოჩნდება ქვეყნიერების მაცდური, მტერი ჭეშმარიტებისა, სიცრუის ქომაგი, რომელსაც უფალი ქრისტე შემუსრავს თავის ბაგეთა სულით, რომელიც კლავს უკეთურთ. მრავალი ცდუნდება მისით, ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს ის ცხონდება. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაში, შემდეგ მთავარანგელოზი ჩაჰბერავს საყვირს და განსვენებულები აღდგებიან, მაშინ იქნება დიდი მიწისძვრა მოვა უფალი ღრუბლით ყველა თავის წმინდანთან და ანგელოზებთან ერთად, დაიდგმება საყდარი, რათა განკითხულ იქნას ქვეყნიერების მაცდური, ეშმაკი და ყველას მიეგოს საქმეთაებრ მათთა. მაშინ ბოროტეულნი წავლენ საუკუნო სასჯელში, ხოლო მართალნი მარადიულ სიცოცხლეში, და დაიმკვიდრებენ იმას, რაც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და კაციშვილს გულში არ გაუვლია, რაც მოუმზადა ღმერთმა თვის მოყვარეთ, და გაიხარებენ ღმრთის სასუფეველში... (მოციქულთა დადგენილებები (შედგენილი ეპისკოპოსისა და რომის მოქალაქის კლიმენტის მიერ), წიგნი მე-7).


წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, ანტიოქიელი (გარდ. 107 წ.)
 
ეგნატე ღმერთშემოსილი, ღმრთისა და იესუ ქრისტეს მამის მიერ შეყვარებულ ტრალისელთა წმიდა ეკლესიას აზიაში, რჩეულსა და ღმრთითღირსეულს, მშვიდობა შენდა სულით და ხორცით იესუ ქრისტეს, ჩვენი სასოების მიერ, როდესაც აღვდგებით ხატისაებრ მისისა. მოგიკითხავ სავსებითურთ სახისაებრ სამოციქულოისა, და ვილოცავ, რათა მარადის გიხაროდენ (ეპისტოლე ტრალისელთა მიმართ. პროლოგი).
 
ნუ შეისმენთ, თუკი ვინმე იესუს გარდა რაიმეს გიქადაგებდეთ ვინმე, რომელიც არის ძე ღმრთისა, რომელი იშვა მარიამისგან და იყო ნათესავისგან დავითისა და აბრამისა; ჭეშმარიტად იშვა ღმრთისგან და მარადის ქალწულ მარიამისგან; ჭამდა და სვამდა, ჭეშმარიტად განკითხულ იქნა პონტოელ პილატეს დროს, ჭეშმარიტად ჯვარს ეცვა ხორცით და მოკვდა; ჭეშმარიტად ხედავდნენ მას ზეცისანი და ქვეყანისანი და ქვესკნელთანი. ჭეშმარიტად აღდგა მკვდრეთით, რადგან აღადგინა იგი მისმა მამამ, რომელიც მსგავსადვე აღგვადგენს ჩვენც, იესუ ქრისტესადმი მორწმუნეთ, რადგან მის გარესე არ გვაქვს ჭეშმარიტი ცხოვრება (ეპისტოლე ტრალისელთა მიმართ. თ. მე-9).
 
ვადიდებ იესუ ქრისტეს ღმერთს, რომელმაც ასე განგაბრძნოთ თქვენ; რამეთუ გპოვეთ განმტკიცებულად, შეუძვრელი სარწმუნოებით, როგორც ჩვენი უფლის ჯვარზე შემშჭვალულნი სულითა და ხორცით, სიყვარულში დაფუძნებულნი ქრისტე მხსნელის სისხლით და გულსავსენი ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მიმართ, რომელიც ხორცით ჭეშმარიტად იყო დავითის მოდგმისგან, მაგრამ ძე ღმრთისა საღმრთო ნებითა და ძალით; ჭეშმარიტად იშვა ქალწულისგან, ნათელ-იღო იოანესგან, რათა აღესრულებინა ყოველი სიმართლე, ჭეშმარიტად ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელ პილატესა და ოთხმთავარ ჰეროდეს დროს (ამ ნაყოფისგან, ანუ მისი ღმრთითსანატრელი ვნებებისგან წარმოვიშვით ჩვენც), რათა აღდგომის მიერ საუკუნოდ აღმართოს ნიში თავის წმიდათა და ერთგულთათვის, როგორც იუდეველთა, ასევე წარმართთა შორის, შეერთებულთათვის თავისი ეკლესიის ერთ სხეულში (ეპისტოლე სმირნელებს. თ. 1-ლი).
 
ხოლო არა მარტო მის ხორცით შობას და ჯვარცმას აღვიარებ, არამედ აღდგომის შემდგომაც ხორცითვე აღვიარებ და მწამს. და რაჟამს შევიდა მოციქულებთან, უთხრა მათ: "შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს" (ლკ. 24:39). "მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს" (იოანე 20:27). თომამაც იხილა, ირწმუნა და აღიარა, რომ ის არის ქრისტე და თქვა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი" (იოანე 20:28). ამიტომაც შეიძულეს სიკვდილი და სძლიეს იგი. მეტიც, თავისი მკვდრეთით აღგომის შემდეგ ჭამდა და სვამდა მოციქულებთან ერთად, როგორც ხორციელი, თუმცა სულით შეერთებული იყო მამასთან (ეპისტოლე სმირნელთა მიმართ, თ. მე-3).
 
 
წმ. ჰერმესი, მოციქული 70-თაგან (I- II სს.)
 
"კვლავ მიჩვენა მწყემსმა ხეთა სიმრავლე, რომელთაგან ერთნი გაიფურჩქნენ, სხვები კი გახმნენ.
 
- ხედავ ამ ხეებს?
 
- ვხედავ, უფალო, - ვუპასუხე, - ერთნი გახმნენ, სხვები კი ფოთლებით შეიმოსნენ.
 
- ეს გამწვანებული ხეები, - თქვა მან, - მართალთა სიმბოლოა, რომლებიც მომავალ საუკუნეში იცხოვრებენ. რადგან მომავალი საუკუნე მართალთა ზაფხული და ცოდვილთა ზამთარია. ასე რომ, როდესაც უფლის მოწყალება ამობრწყინდება, ღმრთის მსახურნიც მაშინ გამოჩნდებიან და ყველნი თვალსაჩინონი გახდებიან. რადგან, როგორც ზაფხულში მწიფდება ყოველი ხის ნაყოფი, და გასაგები ხდება როგორია იგი, ზუსტად ასევე გამოჩნდება და ხილული შეიქნება მართალთა ნაყოფიერება, და ყველა მათგანი გაიხარებს მომავალ საუკუნეში.
 
ხოლო გამხმარი ხეები, რომლებიც ნახე წარმართები და ცოდვილებია. ისინი მომავალ საუკუნეშიც გამხმარნი და უნაყოფონი იქნებიან, და მიეცემიან ცეცხლს, როგორც შეშა; მაშინ გამოვლინდება, რომ მთელი მათი ცხოვრება და საქმენი ბოროტი ყოფილა. ცოდვილები ცეცხლს მიეცემიან, რადგან ცოდავდნენ და თავიანთ ცოდვებს არ ინანიებდნენ, ხოლო წარმართები იმიტომ, რომ არ შეიმეცნეს ღმერთი - თავიანთი შემოქმედი.
 
ასე რომ, კეთილი ნაყოფი გამოიღე, რათა გამოჩნდეს იმ ზაფხულის ჟამს. შეიკავე თავი მრავალი საზრუნავისგან და არასოდეს შესცოდავ. რადგან ვინც მრავალ საზრუნავს ეძლევა, მრავალშივე ცოდავს, ვინაიდან საკუთარი საქმეებითაა დატვირთული და ღმრთისთვის არ სცალია.
 
მაშ, როგორ შეძლებს ადამიანი, თუკი ის ღმერთს არ ემსახურება, რაიმეს სთხოვდეს უფალს? ის, ვინც ღმერთს მსახურობს, ითხოვს და იღებს კიდევაც სათხოვარს, ხოლო ვინც ღმერთისთვის ვერ იცლის - ის ვერ იღებს. ვინც ერთი საქმით არის დაკავებული, მას ღმრთისმსახურება შეუძლია; რადგან მისი სული არ უცხოვდება ღმრთისგან, არამედ ღმერთს წმიდა აზრით ემსახურება; ასე რომ, თუკი ამას შეასრულებ - ნაყოფიერი იქნები მომავალ ცხოვრებაში; ასევე ყველა, ვინც ამას შეასრულებს, ნაყოფიერნი იქნებიან" (მწყემსი, წიგნი მე-3, მსგავსება მეოთხე).


"მოძღვრება უფლისა თორმეტი მოციქულის მიერ წარმართთა მიმართ" (დიდაქე) (II ს.)
 
იფხიზლეთ თვენი ცხოვრებისათვის. ნუ ჩაქრება თქვენი სანთლები, ნურც სარტყლები შემოგერღვევათ (ლკ. 12,35); განემზადენით! არავინ იცით, როდის მოვა უფალი ჩვენი (მათე 24,42). ხშირად და ხშირად შეიკრიბეთ; გამოძიეთ უმჯობესი თქვენი სულისა. ვერაფერს გარგებთ თქვენი რწმენის მთელი წინდა დრო, თუ არ იქნებით სრულყოფილნი ბოლო ჟამისთვის.
 
ბოლო დღეებში ცრუწინასწარმეტყველები და გამხრწნელები გამრავლდებიან; შეიცვლებიან ცხვრები მგლებად, სიყვარული კი სიძულვილად გადაიქცევა (მათე 24,11 - 12). განივრცობა ურჯულოება (მათე 24,12) და ერთმანეთს მოიძაგებენ; განდევნიან და გასცემენ ერთურთს (მათე 24,10). სწორედ მაშინ გამოჩნდება ქვეყნისმაცდური, როგორც ძე ღვთისა, და ჰყოფს იგი ნიშნებსა და სასწაულებს (მათე 24,24). მიწაც მის ხელებს მიეცემა. იმგვარ ურჯულოებას აღასრულებს ქვეყნისმაცდური, რაც არ ქმნილა საუკუნიდან (შდრ. იოველ 2,2). გამოცდის ცეცხლს მიეცემა კაცთა არსება. ბევრი მათგანი შეცდება და წარიწყმიდება, ხოლო ვინც რწმენით განიმტკიცდება, გამოიხსნება წყევლისაგან (შდრ. მათე 24,13; 10,22).
 
ჭეშმარიტების ნიშანდებაც სწორედ მაშინ გამოვლინდება: უპირველესად, ეს იქნება ნიშანი ცაში გავრცობისა, შემდეგ - ნიშანი საყვირთა ხმისა (მათე 24,31), ხოლო მესამე - მკვდართა აღდგომა, - არა ყველასი, არამედ ისე, როგორც თქმულა: „მოვა უფალი და მასთან ერთად ყველა წმინდანი“ (ზაქ. 14,5). მაშინ იხილავს სამყარო უფალს „მომავალსა ღრუბელთა ზედა ცისათა“ (მათე 24,30)...


კერინთოსი (I - II )
 
კერინთოსის (სხვაგვარად: კერინტოსი, ცერტინუსი) თხზულებებმა ჩვენამდე სრულად ვერ მოაღწია, ისინი ცნობილია მხოლოდ სხვა მწერალთა (წმ. ირინეოს ლიონელი, გაიუს რომაელი, ევსები პამფილუს კესარიელი, წმ. ეპიფანე კვიპროსელი, ნეტ. თეოდორიტე კვირელი) მიერ ნახსენები ამონარიდებიდან.
 
 
ებიონიტები (I - VII )
 
ებიონიტთა (სხვაგვარად: ევიონიტები, ევიონები) თხზულებები ცნობილია სხვა მწერალთა შრომებიდან (წმ. იუსტინე ფილოსოფოსი და მოწამე, წმ. ირინეოს ლიონელი, ორიგენე, წმ. იპოლიტე რომაელი, წმ. ეპიფანე კვიპროსელი, ნეტ. იერონიმე სტრიდონელი).
 
 
წმ. პოლიკარპე სმირნელი (დაახლ. 70/80 - 155/167)
 
ამიტომ, შემოისარტყლეთ წელნი თქუენი (შდრ. I პეტრე 1, 13) და ემსახურეთ ღმერთს შიშითა და ჭეშმარიტებით (ფსალმ. 2:11). მიატოვეთ ცუდუბრალო ამაოდ მეტყველება და მრავალთა ცთომილება, ერწმუნეთ მას, რომელმაც აღადგინა მკვდრეთით ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მისცა მას დიდება (შდრ. I პეტრე 1, 21) და ტახტი მის მარჯვნივ. რომელსაც დამორჩილებულია ყველაფერი, ზეციური და ქვეყნიური (შდრ. ფილლიპ. 2, 10; II კორ. 4, 14). რომელსაც ყოველი სული მსახურებს. რომელიც მოდის ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად (საქმე 10, 42). რომლის სისხლსაც მოჰკითხავს ღმერთი მათ, რომლებმაც არ ირწმუნეს ის, ხოლო ვინც აღადგინა იგი მკვდრეთით, აღგვადგენს ჩვენც (II კორ. 4, 14), თუ აღვასრულებთ მის ნებას და ვივლით მისი მცნებებით, თუ შევიყვარებთ, რაც მან შეიყვარა, განვიშორებთ რა ყოველგვარ უსამართლობას, ანგარებას, ვერცხლისმოყვარეობას, ბოროტსიტყვაობასა და ცრუმოწმეობას. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტისა წილ და ლანძღვას ლანძღვისა წილ, დარტყმას დარტყმისა წილ, წყევლას წყევლისა წილ. ხოლო გვახსოვდეს ის, რაც უფალმა თქვა, ასწავლიდა რა, რომ "ნუ განსჯით, რომ არ განისაჯოთ" (მათე 7,1)."მიუტევეთ და მოგეტევებათ" (ლუკა 6,37). "შეიწყალეთ, რომ შეგიწყალონ" (მათე 5,7). "რა საზომითაც ზომავთ, იმავეთი გაიზომება თქვენთვის" (ლუკა 6,38). და რომ "ნეტარ არიან გლახაკნი და დევნილნი სიმართლის გამო, რადგან მათია ღვთის სასუფეველი" (მათე 5, 3,10; ლუკა 6,20) (წმიდა პოლიკარპე სმირნელი - ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ, თ. 2).
 
 
წმ. პაპიას იერაპოლელი (დაახლ. 70 - 155/165)
 
წმ. პაპიასის თხზულება "უფლის გამონათქვამთა განმარტებანი" მხოლოდ ფრაგმენტალურად არის შემორჩენილი, ნაწილობრივ წმ. ირინეოს ლიონელთან (მწვალებლობათა წინააღმდეგ, V, 33, 4), ასევე ევსები პამფილუს კესარიელთანაც (საეკლესიო ისტორია, III, 39).
 
 
წმ. იუსტინე ფილოსოფოსი და მოწამე (დაახლ. 100 - 165)
 
"(47) (ებიონიტთა შესახებ) - თუკი ვინმე, ვინც იცის, რომ ეს ყველაფერი ასეა, და იმის შემდეგ, რაც ქრისტეს ცხადად აღიარებს, ირწმუნებს და დაემორჩილება, თან ამ დადგენილებების (მოსეს სჯულის) აღსრულებასაც მოისურვებს, - ცხონდება თუ არა ის? - კვლავ ჩამეძია ტრიფონი.
 
- ჩემი აზრით, ტრიფონ, - მივუგე, - ასეთი ადამიანი ცხონდება, თუ არ შეუდგება სხვა ადამიანების (ანუ იმ წარმართების, რომლებიმაც ქრისტეს მიერ წინადაიცვითეს ცდომილება) ყველა გზით იმაში დარწმუნებას, რომ მათ ისევე უნდა დაიცვან რჯული, როგორც თვითონ (იცავს), მაგრამ რჯულს თუ არ დაიცავენ, - ვერ ცხონდებიან; ისევე, როგორც შენ, ჩვენი საუბრის დასაწყისში რომ განაცხადე, მე ვერ ვცხონდები მათი დაცვის გარეშეო.
 
- რატომ თქვი: "ჩემი აზრით, ასეთი ადამიანი ცხონდებაო", ნუთუ არის ხალხი, ვინც ამტკიცებს, რომ ასეთი ადამიანები ვერ ცხონდებიან? - შემეკითხა.
 
- დიახ, არის, ტრიფონ, - ვუპასუხე, - და მათ ასეთ ადამიანებთან ერთად საუბრის ან ტრაპეზის გაზიარებაც კი ეთაკილებათ.  მე მათ არ ვეთანხმები. თუკი ვინმე სულის უძლურების გამო მოსეს იმ დადგენილებატა დაცვას მოისურვებს, რომელთა დაცვაც ახლაც შესაძლებელია, და რომლებიც, ჩვენი აზრით, ხალხის გულსასტიკობის გამოა მოცემული, და ამასთან ერთად, ქრისტეს სასოება ენქება, საუკუნო და ბუნებითი სამართლის წესებისა და ღვთისმოსაობის დაცვასაც მოინდომებს, ქრისტიანებსა და ერთგულ მორწმუნეებთან ერთად ცხოვრებას აირჩევს და, როგორც ზემოთ ვთქვი, არ დაიწყებს მათ დარწმუნებას, რომ მასავით წინადაიცვითონ, დაიცვან შაბათი და სხვა ყველაფერი, რაც დადგენილია, - მაშინ მე ვაცხადებ, რომ ასეთი ადამიანები უნდა მივიღოთ და უ რთიერთობა გვქონდეს მათთან, როგორც ახლობლებსა და ძმებთან.
 
ტრიფონ, თუკი ზოგიერთები თქვენი მოდგმიდან ამბობენ, რომ სწამთ ქრისტესი, - განვაგრძობდი, - მაგრამ წარმართთაგან მოქცეულ ქრისტეს მორწმუნეებს ყოველმხრივ აიძულებენ, ისე იცხოვრონ, როგორც მოსეს რჯულშია გადმოცემული, ანდა ირჩევენ, რომ მათთან, ვინც ამდაგვარად ცხოვრობს, ურთიერთობა არ ჰქონდეთ, - ამათ მსგავს ადამიანებს მე ასევე ვერ მივიღებ.
 
ვფიქრობ, რომ ალბათ, მათაც შეუძლიათ ცხონება, ვინც ამ ხალხმა დაარწმუნა, რომ რჯულისმიერი ცხოვრება ქრისტეს აღმსარებლობასთან ერთად დაეცვათ. მაგრამ ისინი, რომლებმაც შეიცნეს და აღიარეს, რომ ის არის ქრისტე, და რაღაც მიზეზის გამო რჯულით ცხოვრებას დაუბრუნდნენ, უარყვეს ქრისტე და სიკვდილამდე ეს არ შეინანეს, ჩემი აზრით, ვერანაირად ვერ ცხონდებიან.
 
ასევე ვაცხადებ, რომ მათ მსგავსად ვერ ცხონდებიან ისინიც, რომლებიც აბრაამის თესლიდან არიან, რჯულის მიხედვით ცხოვრობენ და სიცოცხლის აღსასრულამდე ქრისტეს არ იწამებენ; განსაკუთრებით კი (ვერ ცხონდებიან) ისინი, რომელნიც სინაგოგებში წყევლიდნენ და წყევლიან თავად ქრისტეს მორწმუნეებს, რომლებსაც სურთ მიიღონ ცხონება და განერიდონ ცეცხლისმიერ სასჯელს.
 
რადგანაც ღვთის სახიერება, კაცთმოყვარება და განუზომელი სიმდიდრე იმას, ვინც ცოდვებს ნანობს, ეზეკიელის მოწმობით, როგორც მართალსა და უცოდველს იღებს. ხოლო იმას, ვინც ღვთისმოსაობისა და მართალი ცხოვრებიდან ურჯულოებასა და უღმერთობაში ექცევა, ცოდვილად, ურჯულოდ და უწმინდურად მიიჩნევს. ამიტომაც, ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ თქვა: "რაშიც გიპოვით თქვენ, იმაში განსჯით" (წმ. იუსტინე მარტვილის დიალოგი ტრიფონ იუდეველთან. 47).
 
"(80) – ადამიანო, მე უკვე გეუბნებოდი, რომ შენ წერილზე მიჯაჭვით მოგიწადინებია, ყოველი მხრიდან უსაფრთხოდ იყო. - მიპასუხა ამაზე ტრიფონმა. - მაშ, მითხარი, მართლა აღიარებთ თუ არა, რომ ეს ადგილი, იერუსალიმი, კვლავ აშენდება და ელოდებით, რომ თქვენი ხალხი ერტად შეიკრიბება და იმხიარულებს ქრისტესთან, პატრიარქებთან, წინასწარმეტყველებსა და ჩვენი მოდგმის ხალხთან, ასევე მათთან, ვინც ჩვენს რჯულზე თქვენი ქრისტეს მოსვლამდე მოიქცა? ანდა შენ ეს იმიტომ აღიარე, რომ ამ კამათში ჩვენზე გამარჯვების მოპოვება გსურს?
 
- არც ისეთი უბადრუკი ვარ, ტრიფონ, - ვუთხარი, - რომ ერთს ვამბობდე, მეორეს კი ვფიქრობდე. სახელდობრ, შენთვის ადრეც მითქვამს, რომ მეც და მრავალი სხვაც ასე ვფიქრობთ, როგორც ასევე თქვენც კარგად იცით, რომ ეს მოხდება. მეორე მხრივ, როგორც მე უკვე გაგიმხილე, არის ბევრი წმინდა და ღვთისმოსავი გონების მქონე ქრისტიანი, რომელთაც ასე არ სწამთ.
 
ამას გარდა, მე უკვე მოგიყევი, რომ ისინი, რომლებსაც ჰქვიათ ქრისტიანები და სინამდვილეში უღვთო და უკეთური მწვალებლები არიან, ყოველგვარ მკრეხელობას, უღვთოებას და უგუნურებას ასწავლიან. ხოლო რათა იცოდეთ, რომ მე ამას არა მარტო თქვენ წინაშე ვამბობ, ყველა ჩვენს საუბარს, რამდენადაც ძალა შემწევს, ერთ წიგნად გავაერთიანებ და იქ აღვწერ იმ ჩემს დამოწმებებსაც, რომლებიც თქვენ წინაშე წარმოვთქვი. რადგან მე ვირჩევ ღმერთს და მისგან გამომდინარე მოძღვრებას, და არა ადამიანებს ან ადამიანურ მოძღვრებებს.
 
თუკი თქვენ შეხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თვს ქრისტიანებს უწოდებენ და ამ მოძღვრებებს არ აღიარებენ, არამედ აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთის გმობასაც კი ბედავენ და ამბობენ, რომ მკვდართ აღდგომა არ იქნება და მათი სულები სიკვდილის შემდეგ ზეცაში მიჰყავთ, - ნუ მიიჩნევთ მათ ქრისტიანებად! როგორც აგრეთვე ის, ვინც სწორად გამოიძიებს, იუდეველებად არ ჩათვლის სადუკევლებს და მათ მსგავს გენისტების, მერისტების, გალილეველების, ელინიანების, ფარსევლებისა და ბაპტისტთა მწვალებლობებს (ნუ იქნება თქვენთვის უსიამოვნო მოსასმენი, როცა ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ), არამედ იტყვის, რომ ისინი იუდეველები და აბრაამის შვილები მხოლოდ სახელით არიან და, როგორც თავად ღმერთმა თქვა, მას ბაგეებით აღიარებენ, გულები კი შორსაა მისგან.
 
ხოლო მე და ყველა ქრისტიანი, ვინც კი ყოველმხრივ საღად აზროვნებს, ვაღიარებთ სხეულთა აღდგომას და ათასწლოვან განახლებულ, გამშვენებულ და გავრცობილ იერუსალიმს, როგორც ეზეკიელი, ესაია და სხვა წინასწარმეტყველები გვიცხადებენ.
 
(81) – ესაია ამგვარად ამბობს ამ ათასწლეულის შესახებ: "რადგან იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, და აღრ გაახსენდებათა წინანდელი და გულზეც კი არ მიეკარებათ, არამედ ისინი იპოვიან სიხარულს და მხიარულებას იმაში, რასაც მე ვქმნი. რადგან, აჰა, მე ვქმნი იერუსალიმს სიხარულად და ჩემს ერს - მხიარულებად, და გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო; და აღარ გაისმება იქ არც ტირილის ხმა, არც ყვირილის ხმა, და იქ აღარ იქნება არასრულწლოვანი და მოხუცებული, რომელიც ვერ განასრულებს საკუთარ დღეებს; რადგან ახალგზარდა ასი წლის იქნება, ხოლო შვილი, რომელიც ცოდვილი კვდება - ასი წლისაც დაწყევლილი იქნება.
 
და ააშენებენ სახლებს და თავად დაიმკვიდრებენ მათ, და ჩაყრიან ვაზებს და თავად შეჭამენ მის ნაყოფს. არ ააშენებენ, რომ სხვებმა იცხოვრონ, არც დარგავენ, რომ სხვებმა შეჭამონ, რადგან ჩემი ხალხის დღეები სოციცხლის ხის დღეებივით იქნება და მათი ნაშრომის საქმეები გამრავლდება. ჩემი რჩეულები ამაოდ არ დაშვრებიან, არც დაბადებენ შვიელბს წყევლისთვის. რადგან ღვთის მიერ გახდებიან მართალი და კურთხეული თესლი და მათი შთამომავალნი მათტანავე იქნებიან. და იქნება, სანამ მომიხმობენ, მე მოსუვმენ მათ; სანამ ილაპარაკებენ, ვეტყვი: "რა არის?". მაშინ მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ხარივით შეჭამს თივას, ხოლო გველი - მიწას, როგორც პურს. ურჯულოებას აღარ ჩაიდენენ და არც რამეს წაახდენენ წმინდა მთაზე, - ამბობს უფალი (ეს. 65:17 -25).
 
რადგან ამ სიტყვებიდან, რაც ითქვა - "ჩემი ხალხის დღეები სიცოცხლის ხის დღეებივით იქნება და მათი ნაშრომის საქმეები დაძველდება" - ჩვენ გვესმის, რომ ათასი წელი აქ ფარულადაა ნაჩვენები. ვინაიდან როდესაც ადამის მიმართ იყო ნათქვამი: "რომელ დღესაც შეჭამს ხისგან, იმ დღეს მოკვდება, ვიცით, რომ მას ათს წლამდე არ მიუღწევია. ისიც გვესმის, რომ გამონათქვამი: "უფლის დღე, როგორც ათასი წელი" (ფსალმ. 89:5; 2 პეტ. 3:8) - ასევე ამ საკითხთანაა დაკავშირებული.
 
ამას გარდა, ჩვენ გვყავს ერთი კაცი, სახელად იოანე, ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული, რომელმაც იწინასწარმეტყველა "გამოცხადებაში", რომელიც მას მიეცა, რომ ქრისტეს მორწმუნეები იერუსალიმში ათას წელს იცხოვრებენ (გამოცხ. 20:6); ხოლო ამის შემდეგ იქნება საყოველთაო ან, მოკლედ რომ ვთქვათ, საუკუნო აღდგომა ყველასი ერთად და სამსჯავრო. როგორც თქვა კიდევაც ჩვენმა უფალმა, რომ "არც ცოლს შეირთავენ და არც გათხოვდებიან, არამედ ანგელოზთა სწორნი იქნებიან, როგორც აღდგომის ღმერთის ძეები" (ლკ. 20:35 -36).
 
(82) – ჩვენ დღემდე გვაქვს საწინასწარმეტყველო ნიჭები, აქედან გამომდინარე, თვითონ უნდა მიხვდეთ, რომ ის, რაც ძველად თქვენს ხალხში იყო, ჩვენ გადმოგვეცა. ისევე, როგორც თქვენ შორის წმინდა წინასწარმეტყველებთან ერთად ცრუნიც იყვნენ, ასევე ჩვენთან ახლა მრავალი ცრუმოძღვარია, რომელთ შესახებაც ჩვენმა უფალმა წინასწარ გვამცნო ის, რომ მათ უნდა ვერიდოთ. ამგვარად, ჩვენ არ განვიცდით ცოდნის უკმარისობას, რადგანაც ვიცით, რომ ღმერთს წინასწარი ცოდნა ჰქონდა იმისა, რაც გველოდებოდა ჩვენ მისი მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ.
 
ის ამბობდა, რომ მისი სახელის გამო მოგვკლავდნენ და შეგვიძულებდნენ, და რომ მრავაილ ცრუწინასწარმეტყველი და ცრუქრისტე მოვიდოდა მისი სახელით და მრავალს შეაცდენდა (მთ. 10:21-22; 24:5,9,11,24), როგორც მოხდა კიდეც.
 
რადგან მრავალნი, რომლებიც მოძღვრებას რყვნიდნენ, უღვთო, მკრეხელურ და ურჯულო მოძღვრებას მისი სახელით ავრცელებდნენ. ის აზრები, რომლებსაც ქადაგებდნენ, მათ შთააგონა უწმინდურმა სულმა, ეშმაკმა; ისინი ამას დღემდეც ასწავლიან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ის ხალხიც თქვენ მსგავსად გადავარწმუნოთ, რათა თვი არ მოიტყუონ, რადგანაც ვიცით, რომ ყველა, ვისაც სიმართლის თქმა შეუძლია და არ ამბობს მას, ისჯება ღვთის მიერ, როგორც თავად ღმერთმა ეზეკიელის პირით დაამოწმა, როცა თქვა: "მე დაგადგინე შენ იუდას სახლის დარაჯად. თუკი შესცოდავს ცოდვილი და შენ მას არ შეაგონებ, მას მისი ცოდვა დაღუპავს, შენ კი მის სისხლს მოგკითხავ. მაგრამ თუკი შეაგონებ მას, უდანაშაულო იქნები" (ეზეკ. 3:17-19).
 
ამიტომაც, ჩვენ ვცდილობთ, რომ საუბარი, წმინდა წერილის დამოწმებებითურთ, შიშით წარვმართოთ, და არა ვერცხლისმოყვარეობით, დიდებისმოყვარეობით ან სიამეთმოყვარეობით. ასეთ რამეში ჩვენი მხილება არავის ძალუძს. ჩვენ არც კი გვსურს, თქვენი ხალხის მთავართა მსგავსად ვიცხოვროთ, რომელთაც ღმერთი კიცხავს, რაოცა ამბობს: "თქვენი მთავრები მპარავთა თანაზიარნი არიან, უყვართ ძღვენი, ეძიებენ მისაგებელს" (ეს. 1:23). მაგრამ ქრისტიანთა შორისაც თუ იცნობ ამგვარ ხალხს, მათ გამო ნუ დაგმობთ ქრისტეს და ნუ ეცდებით, რომ წმიდა წერილი მზაკვრულად განმარტოთ (წმ. იუსტინე მარტვილის დიალოგი ტრიფონ იუდეველთან, 80-82).


მარკიონი (დაახლ. 85 - 160)
 
მარკიონის თხზულებები ცნობილია სხვა მწერალთა ნაწარმოებებიდან (წმ. იუსტინე ფილოსოფოსი და მოწამე, წმ. ირინეოს ლიონელი, კლიმენტ ალექსანდრიელი, ორიგენე, ტერტულიანე, წმ. ეპიფანე კვიპროსელი).
 
 
ალოგები (II ს. - IV ს.)
 
ალოგების სწავლებები ცნობილია სხვა მწერალთა თხზულებებიდან (წმ. იპოლიტე რომაელი, ევსები პამფილი კესარიელი, წმ. ეპიფანე კვიპროსელი).
 

წმ. ირინეოს ლიონელი (დაახლ. 130 - 202)
 
თხზულებიდან "ხუთი წიგნი მწვალებლობათა წინააღმდეგ" ("მწვალებლობათა წინააღმდეგ"):
 
წიგნი I.
 
თავი 26. კერინთოსის, ებიონიტებისა და ნიკოლაიტების სწავლებანი
 
1. ვინმე კერინთოსი, განსწავლული ეგვიპტეში, ასწავლიდა, რომ სამყარო შექმნილია არა პირველი ღმერთის მიერ, არამედ ძალით, რომელიც შორს დგას ამ უზენაესი პირველადი საწყისისგან და არაფერი იცის უმაღლეს ღმერთზე. იესუ, ამბობს ის, არ დაბადებულა ქალწულისგან (რადგან ეს მას შეუძლებლად მიაჩნდა); არამედ სხვა ადამიანთა მსგავსია, ის იყო იოსებისა და მარიამის ძე, და ყველასგან თავისი სამართლიანობით, ღვთისმოშიშებითა და გონიერებით გამოირჩეოდა. ნათლობის შემდეგ მასზე პირველი საწყისის უზენაესიდან გადმოვიდა ქრისტე მტრედის სახით; შემდეგ მან იუწყა უხილავი მამა და სასწაულებს იქმოდა; ბოლოს, ქრისტე განშორდა იესუს, ხოლო იესუ ევნო და აღდგა; ქრისტე კი, იყო რა სულიერი, ტანჯვასთან მიუახლებელი დარჩა.
 
2. ებიონიტები, პირიქით, ეთანხმებიან იმას, რომ სამყარო ღმრთის მიერ არის შექმნილი; მაგრამ უფალთან მიმართებაში ისინი იმავე აზრისანი არიან, როგორც კერინთოსი და კარპოკრატე. ისინი აღიარებენ მხოლოდ მათეს სახარებას, უარყოფენ მოციქულ პავლეს, და მას სჯულისგან განდგომილს უწოდებენ. წინასწარმეტყველთა წერილთან დაკავშირებით, ისინი ცდილობენ განმარტონ იგი მიკიბულ-მოკიბულად; აღასრულებენ წინადაცვეთას, იცავენ იუდეველთა სჯულის მოთხოვნებს და მათ ცხოვრების წესს, ასე რომ თაყვანს სცემენ იერუსალიმს, თითქოსდა ის ღმრთის სახლია.
 
3. ნიკოლაიტები არიან მოწაფეები ნიკოლოზისა, რომელიც ერთ-ერთი იყო შვიდი დიაკვნიდან, რომლებსაც ხელი მოციქულებმა დაასხეს. ისინი გარყვნილად ცხოვრობენ. მათი თვისებები სრულად არის აღნიშნული იოანეს აპოკალიფსისში, სადაც ნათქვამია, რომ მათი სწავლებით თუ ადამიანი არ იცავს უბიწოებას ამაში არაფერია სჯულსაწინააღმდეგო, ჭამენ კერპშენაწირს. ამიტომ არის მათზე ნათქვამი: "მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმენი, რომელნიც მეცა მძულს" (გამოცხ. 2:6).

 
თავი 27. კერდონისა და მარკიონის სწავლებანი
 
1. ვინმე კერდონი, რომელმაც სწავლება გადმოიღო სიმონიანელთაგან და რომში გიგინუსის დროს ჩამოვიდა, რომელიც რიგის მიხედვით მეცხრე ეპისკოპოსი იყო მოციქულთა შემდეგ, ასწავლიდა, რომ სჯულისა და წინასწარმეტყველთა მიერ ნაქადაგები ღმერთი, არ არის ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მამა, რადგან ის იცოდნენ, ხოლო ეს უკანასკნელი უცნობი გახლდათ: ის მართლმსაჯული იყო, ეს კი სახიერი.
 
2. მას მოსდევს მარკიონი პონტოდან, რომელმაც გაავრცელა ეს სწავლება. ის უსირცხვოდ მკრეხელობდა და ამბობდა, რომ სჯულისა და წინასწარმეტყველების მიერ ნაქადაგები ღმერთი ბოროტების მიზეზია, ეძებს ომებს, არამყარია თავის ზრახვებში და საკუთარ თავსაც კი ეწინააღმდეგება. იესუ კი წარმოდგება იმ მამისგან, რომელიც სამყაროს შემოქმედი ღმერთის ზემოთაა და, მოვიდა რა იუდეაში პონტოელ პილატეს მმართველობისა და ტიბერიუს კეისრის პროკურატორობისას, კაცობრივი სახით გამოეცხადა იუდეის მცხოვრებთ, არღვევდა რა წინასწარმეტყველებსა და სჯულს და ღმრთის ყველა საქმეს, რომელმაც სამყარო შექმნა, რომელსაც ის ასევე ქვეყნისმპყრობელსაც უწოდებდა. მეტიც, მან დაამახინჯა ლუკას სახარება, გააუქმა ყველაფერი, რაც უფლის შობის შესახებ იყო დაწერილი, და მრავალი რამ უფლის სწავლებებიდან და გამონათქვამებიდან, რომლებშიც უფალი ნათლად წარმოდგენილია, როგორც შემოქმედი ამა ქვეყნისა. მარკიონი თავის მოწაფეებს ასევე შთააგონებდა, რომ ის მოციქულებზე უფრო სანდოა, რომლებმაც გადმოგვცეს სახარება, თვითონ კი მათ გადასცა არა სახარება, არამედ ნაწილი სახარებისა. მსგავსადვე ამოკლებდა ის მოციქულ პავლეს ეპისტოლეებსაც, იღებდა რა იქიდან ყველაფერს, რაც კი მოციქულის მიერ იყო ნათქვამი სამყაროს შემოქმედ ღმერთზე, რომ ის არის ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მამა და, რომ მოციქულს მოჰყავდა წინასწარმეტყველთა გამონათქვამები, რომლებიც იუწყებოდნენ უფლის მოსვლას.
 
3. ხოლო ცხონდებიანო ის სულები, რომლებიც მიიღებენ მის სწავლებას; ხოლო ხორცი, როგორც მიწიდან აღებული, შეუძლებელია მონაწილეობდეს ცხონებაში. ღმრთის წინააღმდეგ აღმართულ ამ გმობას, ამ ეშმაკის პირმა, ყოველივე ჭეშმარიტს რომ ეწინააღმდეგება, შემდეგიც მიამატა: კაინი და მისი მსგავსნი, ასევე სოდომელები, ეგვიპტელები და მათი მსგავსნი, ასევე ყველა ხალხი, რომელიც ყოველგვარ გარყვნილებაში ცხოვრობდა, უფლის მიერ ცხონებულია, რადგან როდესაც ის ჯოჯოხეთში ჩავიდა, ყველა მათგანმა მიირბინა მასთან და მიღებულ იქნენ უფლის სასუფეველში; და პირიქით, აბელი, ენოქი, მართალი ნოე, ასევე პატრიარქ აბრაამის შთამომავალნი, ყველა წინასწარმეტყველთან და ღვთივსათნო ადამიანებთან ერთად ვერ ცხონდნენ; ასე ასწავლიდა გველი მარკიონის პირით. რადგან ესენიო, ამბობდა იგი, რადგან იცოდნენ, რომ ღმერთი მათ ყოველთვის გამოსცდიდა, ეჭვობდნენ, რომ ჯოჯოხეთში ჩასვლის დროსაც გამოიცდებოდნენ, არ მივიდნენ იესუსთან, და არ ერწმუნენ მის ქადაგებას, რის გამოცო, ასწავლიდა იგი, მათი სულები ჯოჯოხეთში ჩარჩა.
 
4. რადგან ერთმა გაბედა წმიდა წერილის დამახინჯება, და ყველაზე უნამუსოდ ღმერთის ცილისწამება, ვაპირებ განსაკუთრებულად უარვყო იგი, და მისივე თხზულებებით ვამხილო; ასევე ღმრთის შეწევნით, უფლისა და მოციქულთა სწავლებების დახმარებით დავანგრიო მისი სწავლება, რომლებსაც თვითონაც პატივს მიაგებს და საკუთარ თხზულებებში იყენებს. მაგრამ ახლა მე აუცილებლობით ვახსენე იგი, რათა გცოდნოდა, რომ ყველანი, ვინც რაღაც სახით ამახინჯებს ჭეშმარიტებას და აზიანებს ეკლესიის ქადაგებას, სამარიტელი სიმონ მოგვის მოწაფე და მიმდევარია. მართალია, ისინი არ აცხადებენ თავიანთი მოძღვრის სახელს, სხვები რომ არ დაბრკოლდნენ, მაგრამ ქადაგებენ მის მოძღვრებას. იესუს სახელს სატყუარასავით იყენებენ, თუმცა სხვადასხვა სახით შემოაქვთ სიმონის უკეთურება და ამით ღუპავენ მრავალთ; სიკეთეს ამოფარებულნი მზაკვრულად ავრცელებენ თავიანთ სწავლებას, და ტკბილეულობის სახითა და მომხიბლავობით ადამიანებს აძლევენ გველის შხამს, დამნაშავეს პირველი განდგომილებისა.


წიგნი III.
 
თავი 3. მწვალებელთა უარყოფა მოციქულთა გადმოცემების საფუძველზე.
 
1. პოლიკარპე, რომელიც არა მარტო მოციქულთაგან იყო დამოძღვრილი და ჩვენი უფლის თვითმხილველთა შორის იქცეოდა, არამედ მოციქულთაგანვე იყო ხელდასხმული სმირნას ეკლესიის ეპისკოპოსად აზიაში, და ჩემს ახალგაზრდობაში მეც მინახავს, - რადგან მან დიდხანს იცოცხლა და ღრმა სიბერეში ეს ცხოვრება უდიადესი და უკეთილშობილესი მოწამეობით დაასრულა. - ის ყოველთვის იმას ასწავლიდა, რაც მოციქულთაგან შეიტყო, და გადასცა ეკლესიას მხოლოდ ის, რაც ჭეშმარიტია. ამის შესახებ მოწმობს აზიის ყველა ეკლესია, როგორც ისინიც, ვინც პოლიკარპეს მემკვიდრეები იყვნენ დღევანდლამდე, - ასეთი ადამიანი ჭეშმარიტების ყველაზე მყარი და საიმედო მოწმეა, ვიდრე ვალენტინე, მარკიონი და სხვა მწვალებლები.
 
როდესაც ის ანიკიტეს დროს რომში ჩამოვიდა, ზემოთხსენებულ მწვალებელთაგან მრავალი მოაქცია ღმრთის ეკლესიისკენ, აუწყებდა რა მათ, რომ მან მოციქულთაგან მხოლოდ ის ჭეშმარიტება მიიღო, რომელიც ეკლესიას გადაეცა. არიან ისეთებიც, ვისაც მისგან სმენია, რომ ერთხელ იოანე, უფლის მოწაფე, ეფესოში აბანოში მისულა და იქ კერინთოსი რომ უხილავს, აბანოდან დაუბანლად გამოქცეულა და უთქვამს: გაიქეცით, რათა აბანო აჩამოგემხოთ, რადგან მაგაში ჭეშმარიტების მტერი, კერინთოსიაო.
 
თვით პოლიკარპეს მარკიონთან შეხვედრისას, როდესაც ამ უკანასკნელს უკითხავს: "მიცნობ მე"? უპასუხნია: "გიცნობ სატანის პირმშოვ". ასეთ სიფრთხილეს იჩენდნენ მოციქულები და მათი მოწაფეები, რათა სიტყვითაც კი არ ჰქონოდათ რაიმე ურთიერთობა ვინმე იმათგან, ვინც ჭეშმარიტებას რყვნიდა, როგორც პავლე მოციქულმაც თქვა: "მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი" (ტიტ. 3:10-11). არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეპისტოლე პოლიკარპესი, რომელიც მან ფილიპელებს მიწერა, მისგან მსურველთ და საკუთარ ცხონებაზე მზრუნველთ შეუძლიათ შეიტყონ მისი რწმენის ხასიათიც და ჭეშმარიტების ქადაგებაც. ასევე ეფესელთა ეკლესია, რომელიც პავლემ დააფუძნა და რომელშიც ტრაიანეს დრომდე თვით მოციქული იოანე იმყოფებოდა, ჭეშმარიტი მოწმეა სამოციქულო გადმოცემისა.
 
 
თავი 11. მტკიცებულებები წმ. იოანეს სახარებიდან. სახარებები ოთხია - არც მეტი, არც ნაკლები.
 
1. ამ რწმენას იუწყება იოანე, უფლის მოწაფე, და სახარების ქადაგების მეშვეობით უარყოფს ცდომილებას, რომელიც ხალხში კერინთოსმა და კიდევ მანამდე არსებულმა ე. წ. ნიკოლაიტებმა დათესეს, რომლებიც არიან განშტოებანი ცოდნად (გნოზისად) წოდებული სიცრუისა, რათა შეარცხვინოს ისინი და დაარწმუნოს, რომ ერთია ღმერთი, რომელმაც ყოველივე თავისი სიტყვით შექმნა, და არა ის, რასაც ისინი ამბობენ, თითქოსდა სხვაა შემოქმედი, სხვა მამა უფლისა და კიდევ სხვა ძე შემოქმედისა; რომ სხვაა ზეციური ქრისტე, რომელიც თითქოსდა მიუახლებელი იყო ვნებას, გადმოვიდა იესუზე, შემოქმედის ძეზე, და შემდეგ კვლავ თავის პლირომაში აფრინდა; რომ მხოლოდშობილია - დასაბამი, ხოლო სიტყვა - ჭეშმარიტი ძეა მხოლოდშობილისა; და თითქოსდა ეს ქმნილება, რომელსაც ჩვენც ვეკუთვნით, შეიქმნა არა პირველი ღმერთის მიერ, არამედ რომელიღაც ძალით, რომელიც მასზე ბევრად უქვემოესია და გაცალკევებულია იმის თანაზიარობისგან, რაც უხილავი და გამოუთქმელია.
 
რადგან უფლის მოწაფეს სურდა ასეთი სწავლებების აღმოფხვრა და ეკლესიაში ჭეშმარიტების დაწესება, რომ ყოველივე - ხილულიცა და უხილავიც, ერთმა და ყოვლადძლიერმა ღმერთმა თავისი სიტყვით შექმნა, და ამასთანავე ეჩვენებინა, რომ სიტყვის მეშვეობით, რომლის მიერაც ღმერთმა შექმნა ყოველი ქმნილება, შექმნილ ადამიანებს მიანიჭა ცხონებაც, - თავისი სახარება ასე დაიწყო: "დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა" (ინ. 1:1-5). "ყველაფერიო, - ამბობს, - მის მიერ შეიქმნა, ხოლო "ყველაფერი" გულისხმობს ჩვენს გარემომცველ ქმნილებას, რადგან დაუშვებელია დავუთმოთ მწვალებლებს, თითქოსდა "ყველაფერში" იგულისხმებოდეს ის, რაც მათი პლირომის წიაღშია. რადგან, თუკი მათი პლირომა ამ ქმნილებებსაც შეიცავს, მაშინ ის, როგორც წინა წიგნში (წგ. II, თ. მე-2) ვაჩვენე, მის გარეთ როდია; ხოლო თუკი ის მის გარეთაა, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა, მათი პლირომა უკვე "ყველაფერი" არ ყოფილა; მაშასადამე, ეს ვრცელი ქმნილება პლირომის გარეთაა.
 
2. თუმცა, იოანე თვითონვე უკუაგდებს ყოველგვარ დავას ამის შესახებ, როდესაც ამბობს: "ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს" (ინ. 1:10-11). მაშინ როდესაც მარკიონისა და მის მსგავსთა აზრით, ქვეყნიერება მის მიერ არ არის შექმნილი, და ის თავისიანებთან კი არ მოვიდა, არამედ უცხოებთან. ხოლო ზოგიერთი გნოსტიკოსის აზრით, ეს სამყარო ღმრთის სიტყვამ კი არა, ანგელოზებმა შექმნეს.
 
ვალენტინიანელთა აზრით, სამყარო არა სიტყვის მიერ, არამედ დემიურგის მიერ შეიქმნა. რადგან მან (მაცხოვარმა), როგორც ისინი ამბობენ, ხატებანი ზეციურ საგანთა მსგავსად წარმოქმნა; ხოლო დემიურგმა სამყაროს შექმნა აღასრულა. ისინი ამბობენ, რომ უფალი, - რომლის მიერაც ეს სამყარო შეიქმნა, - წარმოშვა დედამ, როდესაც სახარება ნათლად ამბობს, რომ ყველაფერი შეიქმნა სიტყვის მიერ, რომელიც თავიდანვე იყო ღმერთთან; სწორედ ეს "სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის" (ინ. 1:14).
 
3. მათი აზრით, სიტყვას ხორცი არ შეუსხამს, არც ქრისტეს, არც ყველა ეონთაგან შემდგარ მაცხოვარს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ სიტყვა და ქრისტე ამ სამყაროში არ მოსულა; მაცხოვარი ასევე არ განკაცებულა და არ ვნებულა, არამედ მტრედის სახით გარდამოხდა განგებულებით წარმოგზავნილ იესუზე და, იუწყა რა უხილავი მამა, კვლავ პლირომას დაუბრუნდა.
 
ზოგიერთები ამბობენ, რომ განგებულებით მყოფი იესუ განკაცდა და ივნო, და რომ ის გავიდა მარიამში ისევე, როგორც წყალი მილში; სხვები კი მას დემიურგის ძეს უწოდებენ, რომელზეც გადმოვიდა განგებულებით არსებული იესუ; კიდევ სხვები იმასაც ამბობენ, რომ იესუ იშვა იოსებისა და მარიამისგან, და რომ ზეციური ქრისტე, უხორცო და უვნებო, სწორედ ამ იესუზე გადმოვიდა.
 
მწვალებელთაგან არც ერთი არ ამბობს, რომ ღმრთის სიტყვა ხორცად იქცა. რადგან, თუ ვინმე გამოიკვლევს ყველა მათგანის სისტემას, ჰპოვებს, რომ მათ ღმრთის სიტყვა და ზეციური ქრისტე უხორცო და ვნებას მიუახლებელ არსებებად წარმოუდგენიათ. ისინი ფიქრობენ, რომ ის კი არ იშვა ან განკაცდა, არამედ გარდასახული ადამიანის სახით გამოცხადდა; სხვები პირიქით, ამბობენ, რომ მას არ მიუღია კაცის სახე, არამედ მტრედის სახით გადმოვიდა იესუზე, რომელიც მარიამისგან იშვა. ყველა ამ მოწმობის სიცრუეს აჩვენებს უფლის მოწაფე, როდესაც ამბობს: "სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის" (ინ. 1:14).

 
***
 
7. ასეთია სახარებათა პირველსაწყისი: ისინი ქადაგებენ, რომ ერთია შემოქმედი ღმერთი მთელი სამყაროსი, რომელიც ნაუწყები იყო წინასწარმეტყველთაგან და რომელმაც მოსეს მიერ მოგვა სჯულმდებლობა, - მამა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, და მის გრდა (მახარობლებმა) არ იციან სხვა ღმერთი და სხვა მამა. და რაოდენ დიდია ამ სახარებათა სინამდვილე, რომ თვით მწვალებლებიც კი პატივს მიაგებენ მათ, და, მათგან გამომდინარე ცდილობს ყოველი მათგანი დაამტკიცოს თავისი სწავლება.
 
ებიონიტები, რომლებიც მხოლოდ მათეს სახარებით სარგებლობენ, მისგანვე იმხილებიან საკუთარ არასწორ შეხედულებებში უფალზე. მარკიონი, რომელმაც შეამოკლა ლუკას სახარება, დარჩენილი სახარებით იმხილება, როგორც ერთი ღმერთის მგმობარი. ისინი, ვინც იესუს განაცალკევებენ ქრისტესგან, და ამბობენ, რომ ქრისტე მიუახლებელი იყო ვნებას, იესუმ კი ივნო, უპირატესობას მარკოზის სახარებას ანიჭებენ, მაგრამ შეიძლება მათი გამოსწორება, თუ მას ჭეშმარიტებისადმი სიყვარულით წაიკითხავენ. ხოლო ვალენტინიანეს მიმდევრები, თავიანთი გამოგონების დასადასტურებლად, იყენებენ იოანეს სახარებას, და მისგანვე იმხილებიან, რადგან არაფერს ამბობენ სწორად, როგორც ეს პირველ წიგნში ვაჩვენე. ამიტომაც, როდესაც ჩვენს მოწინააღმდეგეებს თავიანთი მოწმობანი ამავე წყაროებიდან (სახარებებიდან - "აპოკ." რედ.) მოჰყავთ, მტკიცეა და ჭეშმარიტია ჩვენი მტკიცებულება, რომელიც სახარებებსავე ეფუძნება.

ვალენტინეს მიმდევრები, თავიანთი გამონაგონების დასამტკიცებლად, რადგან სრულად იყენებენ იოანეს სახარებას, მისგანვე შეიძლება იქნენ მხილებულნი, რადგან არაფერს ამბობენ მართებულად, როგორც ეს პირველ წიგნში ვაჩვენე. ამიტომაც, როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგეები გვაძლევენ მოწმობას და სარგებლობენ ამავე წყაროებით, ჩვენი მტკიცებულება მყარი და ჭეშმარიტი...
 
 
წიგნი V.
 
თავი 1. მხოლოდ ქრისტეს შეეძლო მოეცა ჩვენთვის ღვთაებრივი სწავლება და გამოესყიდა კაცთა მოდგმა; ამისთვის კი მან არა მოჩვენებითად, არამედ ნამდვილად მიიღო ადამიანური ხორცი ქალწულ მარიამისგან; შენიშვნები ვალენტინესა და ებიონის წინააღმდეგ.
 
[...] 3. უგუნურნი არიან ასევე ებიონიტები, რომლებიც თავიანთ სულში რწმენით არ შეიწყნრებენ ღმერთისა და კაცის შეერთებას, არამედ იმყოფებიან ხორციელი შობის ძველ საფუარში, და არ სურთ გულისხმაყონ, რომ სულიწმიდა გადმოვიდა მარიამზე და უზენაესის ძალა მოეფინა მას, რის გამოც მისგან შობილი წმიდაა და ძეა უზენაესი ღმრთისა, რომელიც არის მამა ყოველთა. მისმა განკაცებამ კი აჩვენა ახალი შობა, რათა როგორც ადრინდელი შობით დავიმკვიდრეთ სიკვდილი, ასევე ამ ახალი შობით მიგვეღო სიცოცხლე.
 
ამრიგად, ისინი უარყოფენ ზეციური ღვინოს შეერთებას და დასაშვებად მიიჩნევენ მხოლოდ ქვეყნიურ წყალს, რადგან არ შეიწყნარებენ ღმრთის შეერთებას (ადამიანურ ბუნებასთან), და იმყოფებიან დამარცხებულსა და სამოთხისგან გაგდებულ ადამში; მათ არ ესმით, რომ ჩვენი შექმნის დასაბამში ადამი ღმრთისგან მონაბერმა სიცოცხლემ გაასულიერა და გონიერ ჰყო იგი; ასევე ბოლოს, მამის სიტყვამ და ღმრთის სულმა, შეუერთდნენ რა ადამის ძველ არსებას, ცოცხალ და სრულყოფილ ქმნეს იგი, რომელიც იტევს მამის სრულყოფილებას, რათა, როგორც მშვინვიერ ადამში ჩვენ ყველანი მოვკვდით, ასევე სულიერში ვიცოცხლოთ. ადამი არასოდეს განრიდებია ღმრთის ხელებს, რომელზეც მამა ამბობდა: "ვქმნათ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად" (დაბ. 1:26). ამიტომაც, დასასრულშიც მისმა ხელებმა არა ხორცისა და მამაკაცური მოსურვებით, არამედ მამა ღმერთის ნებით ადამიანი გააცოცხლა, რათა ადამი გამხდარიყო ღმრთის ხატება და მსგავსება.
 
 
თავი 28. მართალთა და უკეთურთა გარჩევა; ასევე მომავალი განდგომილების შესახებ ანტიქრისტესა და სამყაროს აღსასრულის დროს.
 
2. [...] რადგან "აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:15-18), ე. ი. ექვსჯერ ასი, ექვსჯერ ათი და ექვსი ერთეული, რათა აღადგინოს მთელი განდგომილება, რომელიც არსებობდა მთელი ექვსი ათასი წლის განმავლობაში.
 
3. რადგან რამდენ დღეშიც შეიქმნა ეს სამყარო, იმდენი ათასი წელიც იარსებებს. ამიტომაც ამბობს დაბადების წიგნი: "გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ. გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა" (დაბ. 2:1-2). ეს კი ნათქვამია ადრე არსებულის შესახებ, თუ როგორ დასრულდა იგი, და ეს არის წინასწარმეტყველებაც მომავალზე. რადგან დღე უფლისა როგორც ათასი წელი (2 პეტრე 3:8), ხოლო რადგან შესაქმე დასრულდა ექვს დღეში, ცხადია, რომ ის (ქვეყნიერების არსებობა - "აპოკ." რედ.) დასრულდება მეექვსე ათასწლეულში.


 
 
თავი 30. თუმცა ცნობილია ანტიქრისტეს სახელის რიცხვი, ჩვენ არაფერი უნდა ვამტკიცოთ ნაჩქარევად თვით სახელთან დაკავშირებით, რადგან რიცხვი შეიძლება მიუდგეს მრავალ სახელს; ანტიქრისტეს სამეფოსა და სიკვდილის შესახებ.
 
1. საქმის ამგვარი ვითარების პირობებში, როდესაც ეს რიცხვი (666) მოცემულია გამოცხადების ყველა საუკეთესო და უძველეს ხელნაწერში, და თვით ისინიც კი, ვისაც იოანე პირადად უნახავთ ადასტურებენ ამას, და როდესაც გონებაც გვასწავლის, რომ მხეცის სახელის რიცხვი, შეესაბამება რა ბერძნული ათვლის სისტემას მისი ალფავიტის ასოების მიხედვით, შეიცავს ექვსას სამოცდა ექვსს, ანუ იმდენივე ათეულს, რამდენ ასეულსაც, და ამდენივე ერთეულსაც, - რადგან რიცხვ ექვსის ერთნაირი განმეორება უთითებს ანტიქრისტეს სრული ღმრთითგანდგომილების აღდგენას, რომელიც იყო დასაბამში, შუაში და იქნება ჟამთა აღსასრულს, - მე არ ვიცი, რანაირად შთავარდა ზოგიერთი უმეცრებასა და ცდომილებაში, და დაამახინჯა სახელის შუათანა რიცხვი, მოაკლო მას ორმოცდაათი და ექვსი ათეულის ნაცვლად დატოვა ერთი ათეული.
 
მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდა გადამწერთა შეცდომის გამო, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რადგან რიცხვები გამოისახებიან ასოების მეშვეობით, და ბერძნული ასო (ξ - ქსი), რომელიც გამოხატავს რიცხვს სამოცი, იოლად გადაიქცა ბერძნულ ასო იოტად (ι). შემდეგ სხვებმა ეს მიიღეს გამოკვლევის გარეშე, და თანაც მარტივად და ბრმად იყენებდნენ რიცხვს ათი, ზოგიერთებმა კი თავიანთი უგუნურებით გაბედეს მოეძებნათ სახელი, რომელიც შეიცავდა მცდარ და არასწორ რიცხვს. მათ, ვინც ლიტონად და ბოროტგანზრახვის გარეშე იქმოდნენ ამას, ვფიქრობ, ღმერთი მიუტევებს. ხოლო რაც შეეხება იმათ, ვინც თავიანთი მედიდურობის გამო ბედავენ მცდარად განსაზღვრონ ანტიქრისტეს რიცხვი - ან მათ მიერ მოფიქრებულ სახელწოდებას მიაწერენ მომავალ ანტიქრისტეს, დაუსჯელნი არ დარჩებიან, რადგან ატყუებდნენ საკუთარ თავსაც და მათდამი მორწმუნეთაც.
 
პირველი ზიანი არის ის, რომ განუდგნენ ჭეშმარიტებას და არარსებული ჭეშმარიტებად გამოაცხადეს, შემდეგ ასეთი ადამიანები გარდაუვალად დაექვემდებარებიან არცთუ მცირე სასჯელს, როგორც ელის მათ, ვინც რაიმეს მოაკლებს ან შეჰმატებს დაწერილს. გარდა ამისა სხვა არანაკლები საფრთხე ელოდება იმათ, ვინც ცრუდ მიიწერენ ანტიქრისტეს ვინაობის ცოდნას. რადგან, თუკი ისინი ეფუძნებიან რაიმე სახელს, ის კი სხვა სახელით მოვა, მის მიერ ადვილადვე იქნებიან მოტყუებულნი, რადგან იფიქრებენ ჯერ კიდევ არ მოსულაო ის, ვისაც უნდა ვერიდებოდეთ.
 
2. ამიტომაც, ასეთმა ადამიანებმა უნდა შეიტყონ და დაუბრუნდნენ სახელის ნამდვილ რიცხვს, რათა ცრუწინასწარმეტყველებად არ შეირაცხონ. მაგრამ, ვინც იცის მხეცის სახელის ნამდვილი რიცხვი, რომელსაც წერილი გვაუწყებს, ანუ 666, უპირველესად, დასაშვებად მიიჩნევენ სამეფოს გაყოფას ათ მეფეს შორის, ამის შემდეგ, როდესაც მეფენი იმეფებენ, დაიწყებენ თავიანთი საქმეების მიყოლას და განაძლიერებენ საკუთარ სამეფოებს, მოულოდნელად მოვა ის, ვისაც საკუთარ სახელში აქვს მხეცის რიცხვი, მიისაკუთრებს სამეფოს და ხსენებულ მეფეთ ძრწოლას მოჰგვრის. დაე აღიარონ მათ, რომ ეს, ჭეშმარიტად, არის მოოხრების (გატიალების) სისაძაგლე. ამას ამბობს მოციქულიც: "როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი" (1 თესალონიკ. 5:3).
 
იერემიამ მისი არა მარტო უეცარი გამოჩენა გამოგვიცხადა, არამედ ტომიც, რომლისგანაც ის მოვა, რადგან ასე თქვა: "დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი; მისი მერნების თქარათქურისგან იძვრის დედამიწა; მოდიან, რომ შთანთქან მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი" (იერ. 8:16). ამიტომაც არ არის ჩართული ეს ტომი გამოცხადებაში მოცემულ ცხონებულთა შორის (გამოცხ. 7:5-8).
 
3. ამიტომ, უფრო სანდო და უსაფრთხოა ველოდოთ წინასწარმეტყველებათა აღსრულებას, ვიდრე ვივარაუდოთ და ვიწინასწარმეტყველოთ რომელიღაც სახელები, რადგან შეიძლება ვიპოვოთ მრავალი, რომელიც საკუთარ თავში შეიცავს ზემოთდასახელებულ რიცხვს, და მაინც ეს საკითხი დარჩება გადაუჭრელი. რადგან, თუკი ბევრი იქნება ისეთი სახელწოდება, რომლებიც შეიცავენ მხეცის რიცხვს, მაშინ დაიბადება კითხვა, რომელი მათგანით მოვა ანტიქრისტე? ამას ვამბობ არა სახელწოდებათა უკმარობის გამო, რომელიც მისი სახელის რიცხვს შეიცავენ, არამედ ღმრთის შიშით და ჭეშმარიტებისადმი მოშურნეობით, რადგან სახელი ევანთასი (Ευανθασ) შეიცავს საძიებელ რიცხვს, მაგრამ არაფერს ვამტკიცებ მასთან დაკავშირებით. სახელი ლათინელიც (Λατеινοσ) შეიცავს 666-ს, და საკმაოდ სავარაუდოა, რომ ეს გახდეს ბოლო სამეფოს სახელიც, რადგან ამჯერად ლათინები ბატონობენ, თუმცა არ მინდა თავი ვიქო ამ გარემოებით.
 
თუმცა, ჩვენ მიერ ნაპოვნი ყველა სახელებიდან ტიტანი - თუკი პირველ მარცვალს დავწერთ ორი ბერძნული ხმოვნის Е და I-ს გამოყენებით (Теiтаn), - მეტად სავარაუდოა, რომ შეიცავდეს ზემოთდასახელებულ რიცხვს და თანაც შედგება ექვსი ასოსგან, ყოველ მარცვალში კი არის სამი ასო; ის ძველია და გამოუყენებელი, ამიტომაც ჯერ არც ერთი ჩვენი მეფე არ წოდებულა ტიტანად, და არც ერთ კერპს არ ჰქონია ეს  სახელი, რომელიც კი პატივდებულია ბერძნებსა და ბარბაროსებში; მაგრამ მრავალს ის საღმრთო სახელწოდებად მიაჩნია, რადგან დღევანდელ მმართველებში მზე ტიტანად იწოდება (მასიუეტი იმოწმებს ციცერონს და ოვიდიუსს იმის დასამტკიცებლად, რომ მზეს ადრე ეწოდებოდა ტიტანი) და შეიცავს ერთგვარ მინიშნებას შურისგებასა და შურისმგებელზე, რადგან ის (ანტიქრისტე) ყველას თავს მოაჩვენებს ისე, თითქოსდა შურს იძიებდეს დაჩაგრულთათვის.
 
გარდა ამისა, ეს არის უძველესი, სავარაუდოდ სამეფო სახელწოდება, რომელიც, თუმცა, უფრო ტირანებისთვის არის შესაფერისი. ამიტომაც, თუკი სახელ "ტიტანს" თავის სასარგებლოდ აქვს ამდენი საფუძველი, ძალიან დიდია ვარაუდი დავასკვნათ, რომ მომავალი (ანტიქრისტე), შესაძლოა იწოდოს კიდევაც ტიტანად. თუმცა, მე მაინც ვერ გავბედავ დაბეჯითებით ვამტკიცო, რომ ეს იქნება ანტიქრისტეს სახელი, რადგან ვიცი, თუკი აუცილებელი იქნებოდა მისი სახელის გამომზეურება, ის გამჟღავნებული იქნებოდა იმის მიერ, ვინც იხილა საღმრთო გამოცხადება. რადგან გამოცხადება იყო ჩვენს დრომდე არცთუ დიდი ხნის წინ, თითქმის ჩვენს საუკუნეში, დომიციანეს მმართველობის მიწურულს.
 
4. ის აჩვენებს (ანტიქრისტეს) სახელის რიცხვს, რომ ვიფხიზლოთ, - რადგან როდესაც მოვა, ვიცოდეთ, ვინ არის ის; მისი სახელის შესახებ კი დაიდუმა, რადგან სულიწმიდას არ ენება გაეჟღერებინა ამ ბილწის ვინაობა. რადგან, თუკი გაამჟღავნებდა, შესაძლოა დიდი ხანი დარჩენილიყო. ახლა კი, რადგან "მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა" (გამოცხ. 17:8), თითქოსდა არც არსებობს და მისი სახელიც კი არ არის ნაუწყები, რადგან არ გვეცხადება არარსებულის სახელი.
 
ხოლო როდესაც ანტიქრისტე ყველაფერს გააპარტახებს ამ ქვეყნად, იმეფებს სამი წელი და ექვსი თვე და დაჯდება იერუსალიმის ტაძარში, მაშინ ზეციდან მოვა უფალი ღრუბლითა და მამის დიდებით, და ყველას, ვინც ანტიქრისტეს დაემორჩილა გაუშვებს ცეცხლის ტბაში, მართალთ კი მიანიჭებს სამეფოს ჟამს, ანუ სიმშვიდეს, კურთხეულ მეშვიდე დღეს, და აღუდგენს აბრაამს აღთქმულ შთამომავლობას, სამეფოს, რომელშიც, უფლის თქმით, "მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში" (მთ. 8:11).




თავი 31. ჩვენი სხეულების შენარჩუნება დასტურდება ქრისტეს აღდგომითა და ამაღლებით; წმინდანთა სულები ელოდებიან იმ დროს, როდესაც სრულ დიდებას დაიმკვიდრებენ.
 
1. მაგრამ ზოგიერთს, ვისაც მართლმორწმუნედ მოაქვს თავი, არღვევს მართალთა განდიდების დადგენილ წეს-რიგს და, შეიცავს რა მწვალებლურ შეხედულებებს, უხრწნელებისთვის მზადების მეთოდები არ უწყის; რადგან მწვალებლებს, რაკიღა აკნინებენ ღმრთის ქმნილებას და საკუთარი ხორცის ცხონებას არ აღიარებენ, ეზიზღებათ ღმრთის აღთქმა და საკუთარ აზრებში ღმერთზეა არიან აღზევებულნი, ისინი ამბობენ, თითქოსდა თავისი სიკვდილის შემდეგ იმწამსვე აიწევიან ცაზე და დემიურგზე მაღლა და მიეახლებიან დედას ან მათ მიერ გამოგონილ მამას. ისინი, ვინც სრულ აღდგომას უარყოფენ და, რამდენადაც შეუძლიათ, სრულიად აუქმებენ მას, რაღა გასაკვირია ადგომის თანმიმდევრობაც არ უწყოდნენ? მათ არ სურთ გაიგონ, რომ ასეთ შემთხვევაში, თვით უფალიც, რომელიც, მათი თქმით, სწამთ, მესამე დღეს კი არ აღდგებოდა, არამედ ჯვარზე მომკვდარი იმწამსვე ამაღლდებოდა ისე, რომ სხეულს დედამიწაზე დატოვებდა.
 
მაგრამ ის სამი დღე იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც მკვდრები იყვნენ, როგორც წინასწარმეტყველიც ბრძანებს: "უფალმა გაიხსენა თავისი გარდაცვლილი წმინდანები, რომლებმაც ადრე მიწაში განისვენეს დამარხვით, და ის შთახდა მათთან, რათა ამოეყვანა ისინი და გადაერჩინა" (იხ. ზემოთ, წიგნი III, თ. 20, 4). თვით უფალიც ამბობს: "როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს" (მთ. 12:40). მოციქულიც ამბობს: "მაგრამ რას ნიშნავს "ავიდა", თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო?" (ეფეს. 4:9). ასევე დავითიც, როდესაც მასზე წინასწარმეტყველებს, ამბობს: "რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ, და გადაარჩინე ჩემი სული ქვესკნელის ჯოჯოხეთისგან." (ფსალმ. 85:13). ხოლო მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა მარიამს, რომელმაც პირველად ნახა იგი და თაყვანისცა, უთხრა: "ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან" (ინ. 20:17).
 
2. მაშ ასე, თუკი უფალმა დაიცვა გარდაცვლილთა კანონი, რათა ყოფილიყო პირველშობილი მკვდართაგან და მესამე დღემდე დაჰყო მიწის ქვესკნელში, შემდეგ კი აღდგა მკვდრეთით, მეტიც, მოწაფეებს ნალურსმნევებიც კი უჩვენა და ასევე ავიდა მამასთან: როგორ არ უნდა შერცხვნენ ისინი, რომლებიც ამბობენ, თითქოსდა "დედამიწის ქვესკნელი" - ეს ჩვენი გარემომცველი სამყაროა და, რომ მათი შინაგანი კაცი, აქ ტოვებს რა სხეულს, ცისქვეშეთში ადის? რადგან, თუკი უფალი "შავეთის ველზე იარებოდა" (ფსალმ. 22:4), სადაც იყვნენ გარდაცვლილთა სულები, შემდეგ კი ხორციელად აღდგა მკვდრეთით და აღდგომის შემდეგ ამაღლდა: მაშინ, ცხადია, რომ მისი მოწაფეების სულებიც, რომელთა გამოც მოიმოქმედა ეს უფალმა, უხილავ ადგილას წავლენ, რომელიც მათ ღმერთმა განუმზადა, და იქ იქნებიან აღდგომამდე მისი მოსვლის მოლოდინში, შემდეგ კი, აღდგებიან რა სრულად, მიიღებენ სხეულებს, ანუ ხორციელად აღდგებიან ისევე, როგორც აღდგა უფალი, და მასთან წავლენ. რადგან "არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი; არამედ ყველა, თვითონ სრულქმნილიც, იქნება როგორც მისი მოძღვარი" (ლკ. 6:40).
 
ასე რომ, როგორც ჩვენი მოძღვარი იმწამსვე კი არ აფრინდა ცაში, არამედ ელოდა მამის მიერ განსაზღვრულ დროს თავისი აღდგომისა, რომელიც მინიშნებულ იქნა იონას მეშვეობით, სამი დღის შემდეგ აღდგა მკვდრეთით და ამაღლდა. ასე უნდა ველოდოთ ჩვენც ღმრთითდაწესებულ დროებას ჩვენი აღდგომისა, რომელიც ნაუწყებია წინასწარმეტყველთა მიერ, და, ამის შემდეგ, აღვდგებით რა, ავმაღლდებით, თუკი უფალი ამის ღირსად ჩაგვთვლის" (შემდეგი ხუთი თავი, ირინეოსის ზოგიერთ ხელნაწერ კოდექსში გამოტოვებულია. ფეიარდევტმა (ფეარდანი) პირველმა გამოსცა ეს ხუთი თავი ბოსეს კოდექსის მიხედვით; მათი გამოტოვება მან იმით ახსნა, რომ შუასაუკუნეობრივი გადამწერლები უარყოფდნენ მათში შესულ სწავლებას ქრისტეს ათასწლოვანი მეუფების შესახებ. ჰარვეიმ გამოსცა ამ თავების ციტაციები, რომლებიც დაცული იყო სირიულ და სომხურ ხელნაწერებში. ამავე თავებიდან შენარჩუნდა ნაწყვეტები ევსებისთან და დამასკინოსის პარალელებში).
 
 
თავი 32. წმინდანები თავიანთი ღვაწლის ნაყოფებს მიიღებენ იმ სხეულებში, რომლითაც აქ ბევრი ივნეს,
 
1. რადგან ზოგიერთთა ფიქრებს იტაცებს მწვალებლური მსჯელობები, რომელთაც არც საღმრთო განკარგულებები უწყიან და არც მართალთა აღდგომისა და სამეფოს საიდუმლონი, რაც არის დასაბამი უხრწნელებისა და, რომლის მეშვეობითაც ღირსნი თანდათანობით ეჩვევიან ღმრთისშემეცნებას; აუცილებელია ითქვას, რომ მართლები, რომლებიც ღმრთის სახილველად აღდგებიან, განახლებულ მდგომარეობაში მიიღებენ აღთქმულ მემკვიდრეობას, რასაც ღმერთი მამებს შეჰპირდა, და იმეფებენ მასში, შემდეგ კი დადგება მსჯავრი. რადგან სამართლიანია, რათა იმავე სხეულში, რომელშიც იღვწოდნენ და ათასგვარ განსაცდელებში იტანჯებოდნენ, მიიღონ მათ თავიანთი ღვაწლის შედეგი, და იმავე სხეულში, რომელშიც მოკლულ იქმნენ ღმრთისადმი სიყვარულის გამო, გაცოცხლდნენ, და იმავე სხეულში, რომელშიც ატარეს მათ მონობის უღელი, იმეფონ კიდეც. რადგან ღმერთი ყოვლითურთ მდიდარია, და ყოველივე მას ეკუთვნის.
 
ასევე საჭიროა, რათა მთელი ქმნილება, რომელიც აღდგება პირვანდელ მდგომარეობაში, დაუბრკოლებლად ემსახურებოდეს მართალთ; ეს აჩვენა მოციქულმა რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, როცა ამბობდა: "ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას, იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით, რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში" (რომ. 8:19-21).
 
2. აი ასე მტკიცედ იმყოფება ღმრთის აღთქმა, მიცემული აბრაამისთვის. რადგან უფალმა თქვა: "აახილე თვალი და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ. მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და შენი მოდგმისათვის მომიცია სამარადისოდ" და კიდევ ამბობს: "ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი" (დაბ. 13:14-15, 17). მაგრამ აბრაამს მასზე მემკვიდრეობად არ მიუღია ერთი ნაბიჯიც კი, არამედ ყოველთვის მწირად და მდგმურად  იყო მასში (იხ. დაბ. 23:4 - "აპოკ." რედ.). თავისი ცოლის სარას გარდაცვალების შემდეგაც, როდესაც ხეთელებს სურდათ ეჩუქებინათ მისთვის დასაკრძალავი ადგილი, მან ის არ მიიღო, არამედ საფლავისთვის იყიდა ადგილი, და ოთხასი ვერცხლის დიდრაქმა გადაუხადა ხეთელ ეფრონ სარის ძეს. ღმრთის აღთქმის მოლოდინში მყოფს არ სურდა, ადამიანებისგან მიეღოის, რაც მას ღმერთი შეჰპირდა, და ჯერ კიდევ ასე ეუბნებოდა: "შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე - ევფრატის მდინარემდე" (დაბ. 15:18).
 
ამრიგად, თუკი ღმერთი შეჰპირდა მას მთელ დედამიწას, მას კი ეს აღთქმული მიწა თავისი ცხოვრების პერიოდში არ მიუღია, გამოდის, რომ მან ის თავის შთამომავლობასთან, ანუ ღმრთისმოშიშებთან და ღმრთის მორწმუნეებთან ერთად უნდა მიიღოს მართალთა აღდგომის შემდეგ. რადგან მისი შთამომავლობა არის ეკლესია, რომელიც ღმერთს მიეშვილება უფლის მიერ, როგორც ამბობს იოანე ნათლისმცემელი: "ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს" (ლკ. 3:8). და მოციქულიც ამბობს გალატელთა მიმართ ეპისტოლეში: "ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ" (გალატ. 4:28). და კიდევ უფრო ნათლად ამბობს იმავე ეპისტოლეში, რომ ქრისტეს მორწმუნეები მიიღებენ, ქრისტეს, აბრაამისთვის აღთქმულს: "ეს აღთქმანი აბრაამს და მის თესლს მიეცა. არ თქმულა: "მის თესლთაც", როგორც ითქმის მრავალზე, არამედ ერთზე ითქვა ("შენს თესლსაც"), რომელიც არის ქრისტე" (გალატ. 3:16). და კვლავ, ადასტურებს რა ნათქვამს, ამბობს: "როგორც აბრაამმა ირწმუნა ღმერთი, და სიმართლედ შეერაცხა მას. მაშ, იცოდეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის ძენი არიან. და წერილმა, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარვე ახარა აბრაამს: "შენში იკურთხება ყველა ხალხი". ასე რომ, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან" (გალატ. 3:6-9).
 
აი ასე იკურთხებიან მორწმუნენი მართალ აბრაამთან ერთად, და ისინი არიან სწორედ ძენი აბრაამისანი. ხოლო ღმერთმა აბრაამსა და მის თესლს შეჰპირდა დედამიწის დამკვიდრებას, თუმცა არც აბრაამს და არც მის თესლს, ანუ რწმენით გამართლებულთ, დღემდე ამ მიწაზე თავიანთი სამემკვიდრეო არ მიუღიათ, რადგან მას მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მიიღებენ. რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტია და მართალი; ამიტომაც უწოდა მან ნეტარნი თვინიერთ, "ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას" (მთ. 5:5).




"დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ. ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათა შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას. ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაყოფს ხელს. არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული" (ეს. 11:6-9).


თავი 33. იმავეს დადასტურება ქრისტე მაცხოვრის აღთქმებიდან და იოაკობის კურთხევიდან, პაპიუსისა და პრესვიტერების განმარტებით.
 
1. ამიტომაც, მიდიოდა რა ტანჯვაზე, რათა ეხარებინა აბრაამისა და მასთან ერთად მყოფთათვის მემკვიდრეობის გადაცემა, (ქრისტემ) აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: "ყველამ შესვით აქედან", რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. და მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში" (მთ. 26:27-29). ასევე ის განაახლებს მიწის მემკვიდრეობას და აღადგენს თავისი შვილების დიდების საიდუმლოს, როგორც დავითი ამბობდა: "გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისა" (ფსალმ. 103:30). მან აღუთქვა მოწაფეებს, რომ მათთან ერთად დალევდა ვაზის ნაყოფისგან, და აჩვენებდა ერთსაც და მეორესაც, - მიწის მემკვიდრეობასაც, რომელზეც ილევა ვაზის ახალი ნაყოფი, და მის მოწაფეთა ხორციელ აღდგომასაც. რადგან ახალაღმდგარი ხორცი, ახალ თასს მიიღებს. და შეუძლებელია ახალი ვაზის ნაყოფის დამლევად მისი (ქრისტეს) წარმოდგენა, როდესაც ის თავის მოწაფეებთან ერთად ჯერაც მიწაზე იმყოფება; ხოლო ვისაც ის ჰყავს შეუძლებელია იყონ ხორცის გარეშე, რადგან სწორედ ხორცისთვის, და არა სულისთვის არის თვისობრივი დალევა, რომელსაც ვიღებთ ვაზის ნაყოფისგან.
 
2. ამიტომაც უფალი ამბობდა: "ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო. არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი. და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას" (ლკ. 14:12-14). და კიდევ ამბობს: "და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს" (მთ. 19:29; ლკ. 18:29-30). რადგან რას ნიშნავს ასმაგად მიღება საზღაურისა ამ საუკუნეში, სანაცვლოდ იმისა, რაც გაუკეთე გლახაკთ? ეს მოხდება სასუფევლის დროს, ანუ მეშვიდე განწმენდილს დღეს, როდესაც ღმერთმა თავის საქმეთაგან დაისვენა და, რომელიც არის ჭეშმარიტი შაბათი მართალთა, როდესაც ისინი მიწიერს არაფერს გააკეთებენ, არამედ ექნებათ ღმრთითგანმზადებული ტრაპეზი, რომლიდანაც მათ ყოველგვარ საჭმელი მიეწოდებათ.
 
3. იგივე მნიშვნელობას შეიცავს ისააკის კურთხევაც, რომლითაც მან აკურთხა უმცროსი ძე, როდესაც ამბობდა: "აჰა, სუნი ჩემი შვილისა ვითარცა სუნი უფლის კურთხეული მინდვრისა! მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო! გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი!" (დაბ. 27:27-29).
 
თუკი ამას ვინმე გაიგებს წინასწარგანსაზღვრულ სამეფოსთნ მიმართებაში, დიდ წინააღმდეგობასა და შეუსაბამობაში ჩავარდება, როგორც ეს დაემართათ იუდეველთ, რომლებიც ათასგვარ უაზრობაში გაიბლანდნენ. რადგან არა მარტო ამ ცხოვრებაში არ უმსახურიათ ხალხებს იაკობისთვის, არამედ მისი კურთხევის შემდეგაც, თვით იაკობი, გაემგზავრა რა თავისი სახლიდან, საკუთარ ბიძას ლაბანს ოცი წელი ემსახურა, და არა თუ თავისი ძმის ბატონი ვერ გახდა, არამედ თაყვანი სცა ესავს, თავის ძმას, როდესაც მესოპოტამიიდან მამას დაუბრუნდა, და მრავალი ძღვენი მოუტანა. გარდა ამისა, როგორ დაიმკვიდრა მან "უხვი ხორბალი და ღვინო", თუკი იმ მიწაზე გამეფებული შიმშილობის გამო, სადაც ცხოვრობდა, ეგვიპტეში გადასახლდა და ფარაონს დაემორჩილა, რომელიც იმ დროს ეგვიპტეში მეფობდა?
 
ამრიგად, ზემოთდამოწმებული კურთხევა უდავოდ ეხება სამეფოს დროებას, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი მართლები იმეფებენ, როდესაც განახლებული და გათავისუფლებული ქმნილება გამოიყებს უამრავ და მრავალგვარ ნაყოფს ზეციური ცვარიდან მიწიერ ცხიმამდე.
 
ასევე, პრესვიტერებიც, ვისაც უფლის მოწაფე იოანე უნახავთ, ამბობდნენ, რომ მისგან სმენიათ, თუ როგორ ასწავლიდა უფალი იმ დროებათა შესახებ და ამბობდა: "დადგება დრო, როდესაც გაიზრდებიან ვაზის ხეები და ყოველი მათგანი ათი ათას ლერწამდე გამოიღებს, ყოველ ლერწზე კი იქნება 10 ათასამდე შტო, ყოველ შტოზე 10 ათასამდე წნელი, ყოველ წნელზე კი 10 ათასამდე მტევანი და ყოველ მტევანზე 10 ათასამდე მარცვალი, ყოველი დაწურული მარცვალი კი ოცდახუთ მეტრეტ (1) ღვინოს გამოიღებს.
 
___________________
   
1. სითხის უძველესი საზომი საბერძნეთსა და ეგვიპტეში. ერთი მეტრეტი = 2,2 ვედროს (А. Н. Чудинов. Словарь иностранных слов, вошедших в состав русского языка. 1910). – "აპოკ." რედ.
 
___________________
 
და როდესაც რომელიმე წმინდანი რომელიმე მტევანს ხელს მოჰკიდებს, სხვა (მტევანი) ეტყვის: "მე უკეთესი ვარ, მე ამიღე; ჩემ მიიერ აკურთხე უფალი". მსგავსადვე ხორბლის მარცვალი 10 ათასამდე თავთავს აღმოაცენებს და ყოველ თავთავში იქნება 10 ათასი მარცვალი, ყოველი მარცვალი კი 10 ფუნტამდე სუფთა ფქვილს მოგვცემს; და სხვა ნაყოფიერი ხეებიც, თესლიც და ბალახიც ნაყოფს ამ საზომისაებრ გამოიღებენ, და ყველა ცხოველი, ისარგებლებს რა მიწისგან ბოძებული ნაყოფით, ურთიერთ მშვიდობასა და თანხმიერებაში იცხოვრებენ და სრულიად დაემორჩილებიან ადამიანებს" (მხცოვანთა ეს სიტყვები არსებობს სომხურ თარგმანში, რომლის ნაწყვეტი ნაპოვნია XII ს-ის სომხურ ხელნაწერში და გამოცემულია პიტროს მიერ (Specil Solesm. 1852); აქედან გადაბეჭდა ის თავის გამოცემაში ჰარვეიმ).
 
4. ამის შესახებ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე და პოლიკარპეს (სმირნელი) მეგობარი პაპიუსი (იერაპოლელი), ძველი კაცი წერილობით მოწმობს თავის მეოთხე წიგნში, რამეთუ მან შეადგინა ხუთი წიგნი (სახელწოდებით: "უფლის გამონათქვამთა გადმოცემა". ევს. საეკლ. ისტ. III, 39). მან მიამატა შემდეგი: "ეს ყველაფერი რწმენას იმსახურებს. როდესაც იუდა გამყიდველმა ამას არ დაუჯერა და იკითხა, როგორ შექმნის უფალი მცენარეთა ამგვარ სიუხვეს, - უფალმა უთხრა: ამას იხილავენ ისინი, ვინც იმ ჟამს მიაღწევენ". ამ ჟამთა შესახებ ესაია ასე წინასწარმეტყველებდა: "დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ. ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათა შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას. ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაყოფს ხელს. არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული" (ეს. 11:6-9). და კიდევ, ასეც ამბობს: "მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი" (ეს. 65:25). ვიცი, რომ ზოგიერთი ამას სხვადასხვა ხალხებიდან გამოსულ ველურ ადამიანებს და სხვადასხვა საქმიანობებს განაკუთვნებს, რომლებიც ირწმუნებენ და შეუერთდებიან მართლებს.
 
მაგრამ, თუმც ესეც სამართლიანია ზოგიერთ ადამიანთან მიმართებაში, რომლებიც გამოსულნი არიან სხვადასხვა ტომიდან და მოსულნი არიან სარწმუნოებრივ ერთსულოვნებაში, მაინც, მართალნი აღდგებიან და ის ცხოველებიც, როგორც ნათქვამია: ღმერთი ყველაფრით არის მდიდარი. და საჭიროა, რათა ქმნილების განახლებასთან ერთად ყველა ცხოველი დაემორჩილოს და დაექვემდებაროს ადამიანს - როგორც ისინი თავდაპირველად იყვნენ დამორჩილებულნი ადამს, - და დაუბრუნდეს თავის პირველდასაბამიერ, ღმრთითბოძებულ საკვებს, ანუ მიწისგან აღმოცენებულს. სხვა და არა ახლანდელ დროზე მიუთითებს ის, რომ "ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას". ეს ნიშნავს ნაყოფთა სიუხვესა და ნოყიერებას; რადგან, თუკი ცხოველი ლომი ჩალას შეჭამს, როგორი იქნება თვით ხორბალი, რომლის ჩალაც ლომის საჭმელად გამოდგება?


თავი 34. დადასტურება აზრისა წმინდათა მიწიერი მეფობის შესახებ ესაიას, ეზეკიელის, იერემიას, დანიელის წინასწარმეტყველებათა მოწმობებით, ასევე იგავით ფხიზელი მსახურების შესახებ.
 
1. თვით ესაიამ ნათლად გვაუწყა, რომ იქნება უდიდესი სიხარული მართალთა აღდგომისას: "აღდგებიან მკვდრები და აღემართებიან საფლავებში მყოფნი და გაიხარებენ ქვეყანაზე მყოფნი" (ეს. 26:19). იგივეს ამბობს ეზეკიელიც: "გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო. ჩაგიდგამთ ჩემს სულს და გაცოცხლდებით; დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ" (ეზეკ. 37:12-14). და კიდევ ასე ამბობს: "ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა შევკრებ ისრაელის სახლს იმ ხალხებიდან, სადაც გაფანტულნი არიან, და გამოვაჩენ მათზე ჩემს სიწმიდეს ხალხების თვალწინ, მაშინ იცხოვრებენ ისინი იმ მიწაზე, რომელიც ჩემს მორჩილს, იაკობს, მივეცი. იცხოვრებენ იქ მშვიდად, ააშენებენ სახლებს და ჩაყრიან ვენახს; იცხოვრებენ მშვიდად, როცა დავდებ მსჯავრს მის მოძულეებს მის ირგვლივ და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი" (ეზეკ. 28:25-26).
 
ცოტა ზემოთ მე უკვე ვთქვი, რომ ეკლესია არის აბრაამის თესლი; ამიტომაც, რომ ვიცოდეთ, რომ ის, ვინც ძველი აღთქმის მიხედვით აპირებს ყველა ხალხთაგან ცხონებულთა შეკრებას, ახალ აღთქმაში ქვებისგანაც კი აღუმართავს შვილებს აბრაამს, იერემია ამბობს: "ამიტომ, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ იტყვიან: ვფიცავ უფალს, (რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანაო ისრაელიანები, არამედ: ვფიცავ უფალს, რომელმაც გამოიყვანა) და რომელმაც მოიყვანა ისრაელის სახლის თესლი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც გავყარე ისინი. და იცხოვრებენ თავიანთ მიწებზე" (იერ. 23:7-8) (ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები ირინეოსის თხზულების ხელნაწერებში გამოტოვებულია, როგორც ჩანს გადამწერთა შეცდომით - რედ.)
 
2. ის რომ მთელი ქმნილება (ღმრთის) ნებით მიაღწევს უდიდეს მატებას ისე, რომ გააჩენენ და გამოიღებენ ასეთ ნაყოფს, ბრძანებს ესაია: "ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ შემაღლებულ გორაკზე გაჩნდება ღელეები, წყლის ნიაღვრები დიდი შემუსრვის დღეს, როცა დაეცემიან გოდოლები. მთვარის ნათელი მზის ნათელივით იქნება და მზის ნათელი გაშვიდკეცდება შვიდი დღის ნათელივით; მაშინ შეუხვევს უფალი ჭრილობას თავის ერს და თავის დანარტყამს განუკურნავს" (ეს. 30:25-26).
 
"ჭრილობაში" კი იგულისხმება ის, რომლითაც ადამიანი თავიდანვე მოიწყლა ადამის დაუმორჩილებლობის გამო, ანუ სიკვდილი: მას განკურნავს ღმერთი, რომელიც აღგვადგენს მკვდრეთით და დაგვიბრუნებს მამობრივ მემკვიდრეობას, როგორც კიდევ სხვაგან ამბობს ესაია: "მაშინ ინეტარებ უფალში, დედამიწის მაღლობებზე დაგსვამ და იაკობის, მამაშენის, მემკვიდრეობით გამოგკვებავ, რადგან უფლის ბაგეებმა ბრძანა" (ეს. 58:14). ეს ბრძანა უფალმა: "ნეტარ იყვნენ მონები, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს უფალი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირად ჰპოვოს ისინი, ნეტარ იყვნენ" (ლკ. 12:37-38).
 
გამოცხადებაშიც: "ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში" (გამოცხ. 20:6). ესაიამ გვაუწყა დროც, როდესაც ეს მოხდება: "ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება. და ამის შემდგომ განაგრძობს ღმერთი ადამიანებს, და დარჩენილნი გამრავლდებიან დედამიწაზე" (ეს. 6:11-12) (იხ. LXX ტექსტი).
 
დანიელიც იგივეს ამბობს: "მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის წმინდანებს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება" (დან. 7:27). რათა არავინ იფიქროს, თითქოსდა დაპირება აწმყო დროს ეხება, წინასწარმეტყველმა თქვა: "შენ მოდი და განისუენე, და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს" (დან. 12:13).
 
3. ხოლო დაპირებები მარტო წინასწარმეტყველებსა და მამებს როდი მიეცა, არამედ ხალხებისგან შემდგარ ეკლესიებსაც, რომელსაც სული "კუნძულებსაც" უწოდებს, რადგან მღელვარების შუაში დგანან, მკრეხელთა ქარიშხალს განიცდიან, მაცხოვნებელ ნავთსაყუდელად არიან საშიშროებაში მყოფთათვის და სავანედ ვისაც ზეციური სიმაღლეები უყვარს, და ვინც ცდილობს გაექცეს სიღრმეებს ცდომილებათა. ამიტომაც იერემია ამბობს: "ისმინეთ, უფლის სიტყვა, ხალხებო! გამოუცხადეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: უფალი, ვინც გაფანტა ისრაელი, იგივე შეკრებს, მწყემსივით დაიფარავს თავის ფარას. რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი, გამოიხსნა მასზე ძლიერის ხელიდან. მოვლენ და ზეიმს გამართავენ სიონის მთაზე; გაეშურებიან უფლის დოვლათისკენ - ხორბლისკენ, ღვინისკენ, ზეთისკენ და ცხვარ-ძროხისკენ. თავად მორწყულ ბაღს დაემსგავსებიან და არ მოშივდებათ. მაშინ გაიხარებს ქალწული ფერხულში, გაიხარებენ ჭაბუკები და ბერიკაცები. გლოვას სიხარულად შევუცვლი, ვანუგეშებ და მწუხარებას გავუქარვებ. განვადიდებ და დავათრობ სულს მღვდელთა, ლევის ძეებს, და ჩემი ერი გაძღება ჩემი დოვლათით" (იერ. 31:9-14).
 
წინა წიგნში ვაჩვენე (იხ. წიგნი IV, თ. 8,3), რომ უფლის ყველა მოწაფე ლევიანია და მღვდელია: ისინი ტაძარში არღვევდნენ შაბათებს, მაგრამ უდანაშაულონი არიან. ასეთი აღთქმები საკმაოდ ნათლად უთითებენ იმ ქმნილების ზეიმს მართალთა სამეფოში, რომელთაც ღმერთმა საკუთარი მსახურება აღუთქვა.
 
4. კიდევ იერუსალიმესა და მის სამეფოზე ესაია ამბობს: "შიშით ჩაუვლის თავის კლდეს და დაფრთხებიან მისი მთავრები დროშის წინაშე, ამბობს უფალი, რომელსაც ცეცხლი აქვს სიონზე და სახმილი - იერუსალიმში. ამათ იტყვის უფალი: ნეტარ არს, რომელსაც აქვს თესლი სიონში და სახლეული იერუსალიმში. აჰა,  მართალი მეფე იმეფებს და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ" (ეს. 31:9; 32:1). და საძირკველზე, რომელსაც ის დაეფუძნება, ამბობს: " აჰა, შემოგიშენებ კედლებს ძვირფასი ქვებით და საფუძვლად საფირონს დაგიდებ.  აჰა, განგიმზადო შენ ანთრაკი ქვად და საფუძველთა შენთა საპფირონი. ლალის ქონგურებს და ელვარე ქვის კარიბჭეებს გაგიკეთებ, მთელი გალავანი პატიოსანი ქვებისგან გექნება. შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა. სიმართლით განმტკიცდები, შორს იქნები გასაჭირისგან, რადგან არაფრის შეგეშინდება, და საფრთხისაგან, რადგან არ მოგეკარება" (ეს. 54:11-14).
 
და კიდევ ამბობს: "აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და ჩემს ხალხს - გასახარებლად. აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა. არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ასი წლის კაცი ჭაბუკივით იქნება, ხოლო ცოდვილი ასი წლისაც დაწყევლილი იქნება. ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე დააძველებენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები" (ეს. 65:18-23).


თავი 35. იმავეს თემის გაგრძელება.
 
1. თუ ვინმე ეცდება ალეგორიად მიიღოს ამგვარი აღთქმები, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში აღმოჩნდებიან და მხილებულ იქნებიან იმავე გამონათქვამთაგან; ასეთი სიტყვებია: "ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება" (ეს. 6:11); "აჰა, - ამბობს ესაია, - დადგა უფლის დღე - დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან" (ეს. 13:9); და კიდევ: "მოისპობა უღმრთო, რაჲთა არ იხილოს უფლის დიდება" (ეს. 26:10), და როდესაც ეს აღსრულდება, "განაგრძობს ღმერთი ადამიანებს, და დარჩენილნი გამრავლდებიან დედამიწაზე" (ეს. 6:12), "ააშენებენ სახლებს და თვითონ იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს თვითონ შეჭამენ" (ეს. 65:21). რადგან ეს და სხვა (სიტყვები0 უდავოდ მართალთა აღდგომასთან დაკავშირებითაა ნათქვამი, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლისა და ყველა იმ ხალხთა განადგურების შემდეგ მოხდება, ვინც მას დაემორჩილა: - იმ დროს მართალნი იმეფებენ დედამიწაზე, იმატებენ უფლის ჭვრეტით და მისით უფლის დიდების დატევნას მიეჩვევიან და სამეფოში წმიდა ანგელოზებთან, სულიერ არსებებთან ურთიერთობით დატკბებიან.
 
და, რომ ისინი, ვინც უფლის ზეციდან მოსვლის სასოებით ცხოვრობდნენ და უფალი თავისი მოსვლისას ხორციელად ჰპოვებს, ვინც გადაიტანა დევნულება, მაგრამ უკეთურის ხელებს გაერიდა: მათ შესახებ წინასწარმეტყველი ამბობს: "განაგრძობს ღმერთი ადამიანებს, და დარჩენილნი გამრავლდებიან დედამიწაზე" (ეს. 6:12). ხოლო მორწმუნენი, რამდენიც ღმერთმა განამზადა, რათა დარჩენილნი გამრავლდნენ დედამიწაზე, წმიდათა სასუფეველში ამ იერუსალიმსა და (ქრისტეს) სამეფოს მოემსახურებიან, - ამის შესახებ ამბობს იერემია:
 
"შეხედე, იერუსალიმ, აღმოსავლეთს და იხილე შენსკენ თვით ღვთისგან მომავალი სიხარული. აი მოვლენ შენი შვილები, რომლებიც შენ გაუშვი, მოვლენ შეკრებილნი აღმოსავლეთიდან დასავლამდე შენი წმიდის სიტყვისამებრ, და შენი ღმერთის დიდებით იხარებენ. გადაიგდე, იერუსალიმ, შენი გლოვისა და ტირილის სამოსი და შენი ღმრთისგან მარადიული დიდების სილამაზით შეიმოსე; ჩაიცვი შენი ღმერთის სიმართლის ორმაგი სამოსი, და შენს თავს მარადიული დიდების მიტრა დააფარე. რადგან ღმერთი მთელ ქვეყნიერებაზე გამოავლენს შენს ბრწყინვალებას. შენს სახელს საუკუნოდ წარმოთქვამს თვით ღმერთი - სიმართლის მშვიდობა და დიდება ღმრთის პატივმდებელს.
 
აღდეგ, იერუსალიმ, და დადექ სიმაღლეზე, გახედე აღმოსავლეთს, და ნახავ შენს შვილებს, შეკრებილთ წმიდა სიტყვის მიერ მზის აღმოსავალიდან დასავლამდე, რომელთაც ღმერთის ხსოვნა არ დავიწყნიათ. ისინი ფეხით წამოვიდნენ შენსკენ, როდესაც მტერთათვის იყვნენ სახილველნი, მოიყვანს მათ ღმერთი დიდებით, როგორც საყდარს სასუფევლისა. რადგან ღმერთმა განსაზღვრა, რომ მარადის დაიმდაბლოს ყოველმა მაღალმა მთამ და გორაკმა, რათა მინდვრები აივოსნ მიწის პირის გასასწორებლად, რათა ისრაელმა, ღმრთის დიდებამ, უსაფრთხოდ იაროს მასზე. ღმრთის ბრძანებით ტყე მოგვცემს ჩრდილს და ყოველი ხელი ნელსაცხებელს ისრაელისთვის. რადგან ღმერთი ივლის მხიარულებით, თავისი დიდების ნათლით, მოწყალებითა და სიმართლით" (ეს სიტყვები მოცემულია არა იერემიასთან, არამედ წინასწარმეტყველ ბარუქის არაკანონიკურ წიგნში (ბარ. 4:36-37 და 5 თ. ბოლომდე)).
 
2. ყველა ასეთი გამონათქვამი შეუძლებელია გააზრებულ იქნას ცისქვეშეთის ქვეყნიერებისადმი მიმართებაში; რადგან ნათქვამია: "ღმერთი მთელ ცისქვეშეთს მოუვლენს შენს ბრწყინვალებას" (ბარ. 5:3), მაგრამ ისინი ეხებიან მეფობის დროებას, როდესაც დედამიწა განახლებული იქნება ქრისტეს მიერ (პირველყოფილ მდგომარეობაში) და იერუსალიმი განახლებულ იქნება ზეციური იერუსალიმის ხატად, რომლის შესახებაც ამბობს წინასწარმეტყვეილ ესაია: "აჰა, ხელისგულებზე მყავხარ გამოსახული, შენი კედლები მუდამ ჩემს წინაა" (ეს. 49:16). მსგავსადვე მოციქულიც გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: "ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა" (გალატ. 4:26); და ამას ის ამბობს არა მოხეტიალე ონის ან რომელიმე ძალის შესახებ, რომელიც პლირომიდან გამოძვრა, არამედ იერუსალიმზე, რომელიც ღმრთის ხელებზეა გამოხატული.
 
ეს ზეციური იერუსალიმი იოანემ ნახა, როგორც ციდან ახალ მიწაზე ჩამომავალი (გამოცხ. 21:2, 10). რადგან მეფობის დროების შემდეგ "მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი" (გამოცხ. 20:11-14). ამას (ცეცხლის ამ ტბას) გეენაც ეწოდება, რომელსაც უდალმა უწოდა "საუკუნო ცეცხლი" (მთ. 25:41). და, ნათქვამია, "ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში" (გამოცხ. 20:15).
 
შემდეგ ის ამბობს: " მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი" (გამოცხ. 21:1-4).
 
ესაიაც იგივეს ამბობს: "აჰა, იქნება ახალ ცა და ახალ მიწა, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა. მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე" (ეს. 65:17-18). იგივეა ნათქვამი მოციქულის მიერ სიტყვებში: "წარმავალია საწუთროს ხატი" (1 კორინთ. 7:31). მსგავსადვე ბრძანებს უფალიც: "გადავა ცა და მიწა" (მთ. 5:18). ამათ შემდეგ, უფლის მოწაფის იოანეს თქმით, დედამიწაზე ჩამოვა ახალი ზეციური იერუსალიმი, როგორც პატარძალი, გამშვენებული თავისი სიძისთვის, და ეს არის უფლის კარავი, რომელშიც იქნება ღმერთი ადამიანებთან ერთად.
 
ამ (ზეციური) იერუსალიმის ხატია - იერუსალიმი ადრინდელ მიწაზე, რომელშიც მართლები წინდაწინ ემზადებიან უხრწნელებისთვის და ცხონებისთვის. ამ კარვის წინასახე მიიღო მოსემ მთაზე, და აქ არაფერია ალეგორიული, ყველაფერი ნამდვილია, ჭეშმარიტია და არსებითი; ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა მართალ ადამიანთა სანეტაროდ. რადგან, როგორც ჭეშმარიტად არსებობს ღმერთი, რომელიც აღადგენს ადამიანს, ასევე ჭეშმარიტად აღდგება ადამიანი მკვდრეთით, და არა მეტაფორულად, როგორც მე არაერთხელ ვაჩვენე. და, როგორც ჭეშმარიტად აღდგება იგი, ასევე ჭეშმარიტად მოემზადება უხრწნელებისთვის, წარემატება და განმტკიცდება მეფობის პერიოდში, რათა მამის დიდების მიღების შემძლე იყოს. შემდეგ კი, როდესაც ყველაფერი განახლდება, ის ჭეშმარიტად იცხოვრებს უფლის ქალაქში. რადგან (იოანე) ამბობს: "ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი.  კვლავ მითხრა მე: აღსრულდა" (გამოცხ. 21:5-6). და ეს ასეც უნდა მოხდეს.


თავი 36. ადამიანები ჭეშმარიტად აღდგებიან; ქვეყნიერება არ განადგურდება, არამედ იქნება სხვადასხვა სავანეები წმინდანთათვის ყოველის ღირსების მიხედვით; ყველა დაემორჩილება მამა ღმერთს და ის იქნება ყველაფერი ყოველივეში.
 
1. რადგან ადამიანები ჭეშმარიტად არიან, აუცილებელია მათი ადგილსამყოფელიც ჭეშმარიტად არსებობდეს და არ გაცამტვერდეს, არამედ წარემატოს თავის ყოფიერებაში. რადგან არც სუბსტანცია, არც ქმნილების არსი არ განადგურდება, - ვინაიდან ჭეშმარიტია და ერთგულია მისი მომწყობი, - ვინაიდან "წარმავალია საწუთროს ხატი" (1 კორინთ. 7:31), ანუ ის, რაშიც ჩადენილია დანაშაული, რადგან ადამიანი დაძველდა მასში. ამიტომაც ეს ხატი დროებითად შეიქმნა, ღმრთის წინასწარმცნობელობით, როგორც ეს წინა წიგნში ვაჩვენე (იხ. წიგნი IV, თ. 5,5 (?)), ასევე, შეძლებისდაგვარად ვაჩვენე, ქვეყნიერების დროებით საგანთა შექმნის მიზეზიც.
 
როდესაც გადავა ეს ხატი და ადამიანი განახლდება, უხრწნელებისთვის ისე განმტკიცდება, რომ უკვე ვერ შეძლებს დაძველებას, იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, რომელშიც ახალი ადამიანი დამკვიდრდება, სადაც ყოველთვის ახალზე ისაუბრებს ღმერთთან. ხოლო ეს რომ მარადიულად გაგრძელდება ბრძანებს ესაია: "რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი" (ეს. 66:22). და, როგორც პრესვიტერები ამბობენ, მაშინ ზეცაში ცხოვრების ღირსნი გადავლენ ზეცისკენ, სხვები სამოთხის ნეტარებით დატკბებიან, კიდევ სხვებს ქალაქის სილამაზე დაატკბობს, მაგრამ ყველგან სახილველი იქნება ღმერთი, რადგან ღირსნი იქნებიან მისი ხილვისა.
 
2. გარდა ამისა (ისინი ამბობენ), იმათი ნეტარება ვინც ნაყოფი ასწილ გამოიღო ნეტარებით განსხვავდებიანო მათგან, ვინც სამოცწილ გამოიღო, ზოგმა კი ოცდაათწილ (მთ. 13:3-8); ერთნი მათგან ცაში იქნებიან ატაცებულნი, სხვები სამოთხეში იცხოვრებენ, მესამენი - ქალაქში; ამიტომაც თქვა უფალმა, "მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა" (ინ. 14:2). რადგან ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის, რომელიც ყველას ანიჭებს შესაფერის ბინადრობას; როგორც მისი სიტყვა ბრძანებს, რომ მამამ ყველაფერი იმის შესაფერისად განჰყო, ვინ რისი ღირსიც იქნებოდა.
 
ეს არის მაგიდა, რომელსაც მიუსხდებიან საქორწილო ზეიმზე მიწვეულნი. ასეთია, პრესვიტერთა, ანუ მოციქულთა მოწაფეების თქმით, ცხონებულთა გადანაწილება და თანრიგი, ასე თანთადანობით სრულიყოფიან ისინი, - სულის მიერ აღვლენ ძესთან, ძის მიერ კი მამასთან, რადგან ძე შემდეგ თავის საქმეს გადასცემს მამას, როგორც მოციქულებს ემცნო: "რადგანაც მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს. და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი. რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას. ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში" (1 კორინთ. 15:25-28).
 
3. ამრიგად, იოანემ ნათლად იხილა მართალთა პირველი აღდგომა და მიწიერ სამეფოში მათი მემკვიდრეობა; მასთან თანხმიერად იუწყებოდნენ მომავალზე წინასწარმეტყველნიც. იმავეს ასწავლიდა უფალიც, რომელიც თავის მოწაფეებს ჰპირდებოდა სასუფეველში ვაზის ახალი ნაყოფისგან დალევას (მთ. 26:29). მოციქულმაც აღიარა, რომ "თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში" (რომ. 8:21).
 
ყველაფერ ამაში და ამის მიერ გვეცხადება იგივე მამა ღმერთი, რომელმაც შექმნა ადამიანი და მამებს მიწიერი მემკვიდრეობა შეჰპირდა, გამოიყვანა მონობიდან მართალთა აღდგომისკენ, აღასრულა აღთქმა თავისი ძის სასუფეველში, და შემდეგ მამობრივად გაგვიმზადა ის, რაც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია, და კაცს არ გაუვლია თავის გულში (1 კორინთ. 2:9). რადგან ერთია ძე, რომელმაც აღასრულა მამის ნება, და ერთია კაცთა მოდგმა, რომელშიც აღსრულდება ღმრთის საიდუმლონი, "რისი წვდომაც სურთ ანგელოზებს" (1 პეტრ. 1:12), და არ ძალუძთ ჩაწვდნენ ღმრთის სიბრძნეს, რომლის მიერაც სრულიყოფა მისი ქმნილება, რომელიც თანახატი და თანამესხეულე გახდა ძისა, ასე რომ მისი პირველშობილი სიტყვა ჩამოდის (სხეულებრივ) ქმნილებაში და მოცული ხდება მის მიერ, მეორე მხრივ კი ქმნილება იღებს სიტყვას და აღვალს მასთან ისე, რომ ადის ანგელოზებზე მაღლა, და ღმრთის ხატება და მსგავსება ხდება (გრაბე და სხვა მკვლევრები ხვდებიან, რომ აქ აკლია წმ. ირინეოსის თხზულების ბოლო ნაწილი, რომელიც, სავარაუდოდ, დაკარგულია).


გაგრძელება იქნება.

დასაწყისი იხ. სარჩევი.

წყარო: Валерий Стерх. Апокалипсис. Тысячелетие. Хилиазм и хиллегоризм. 2017. Создано в интеллектуальной издательской системе Ridero.

ნაშრომი თარგმნა და მოამზადა საიტ 'აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2023 წ.
Назад к содержимому