განმარტება - აპოკალიფსისის მეექვსე საყვირი: "და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი" (გამოცხ. 9:17-21) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის მეექვსე საყვირი:

"და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი"

(გამოცხ. 9:17-21)
ბნელ ძალთა მხედრობა
"ასე ვიხილე ხილვით ცხენები და მათი მხედრები, რომლებსაც ეცვათ აბჯარნი ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი. თავები ცხენებისა, როგორც ლომების თავნი, და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. და ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რასაც აფრქვევენ მათი პირები, კაცთა მესამედი ამოწყდა. რადგან ცხენებისა ძალა იყო მათ თავ-პირსა და მათ კუდებში, ხოლო კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს" (გამოცხ. 9:17-19).
 
 
მეექვსე ბეჭდის მოხსნის შემდეგ მოვლენათა არენაზე ჩნდება იდუმალი მხედრიონი. იდუმალთმხილველის მიერ აღწერილ "ცხენთა და მხედართაგან" მომდინარე მისი "გარეგანი სახე" და მოქმედება ეჭვსაც არ ტოვებს იმაში, რომ ისინი, როგორც "უფსკრულიდან ამომავალი კალიის" ურდო, ორგანიზებული და კარგად შეიარაღებული მხედრობაა.
 
მაგრამ ჩვეულებრივ მეომართაგან განსხვავებით ამ უკეთური მხედრობის მეომრებს არანაირი ბუკვალური იარაღი (ანუ ხმლები, შუბები, მშვილდ-ისრები და სხვა) არ გააჩნიათ, - ხოლო ყოველგვარი "გამანადგურებელი საშუალებები" ეკუთვნით არა თვით მხედრებს, არამედ მათ "სიმბოლურ ცხენებს", რომლებიც თვით მხედრებზე უადრესადაც კი მოიხსენიებიან, რაც შეუძლებელი იქნებოდა, "მთავარი" მეომრები თვით მხედრები რომ ყოფილიყვნენ.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი ის, რითაც "მეექვსე საყვირის მხედრობას" შეუძლია ადამიანებს ზიანი მიაყენოს, გამოდის ან "უკეთური ცხენების" პირიდან (ანუ ცეცხლი, კვამლი და გოგირდი), - ან კიდევ "ცხენის" შხამიანი კუდებიდან (რომლებიც იმდენად წააგავენ გველებს, რომ საკუთარი თავებიც კი გააჩნიათ).
 
რაც შეეხება ამ ცხენებზე ამხედრებულ მეომრებს, - მათი ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავება შემოიფარგლება განსაკუთრებული "აბჯრით", ანუ საჭურველით, რომლებიც ერთდროულად "ცეცხლოვანადაც" იწოდება, და მეწამულადაც ("ჰიაკინთისებრი") ასევე გოგირდის ფერადაც, რაც არა იმდენად მათ ფერზე მოწმობს, რამდენადაც ამ უჩვეულო აღჭურვილობის წარმომავლობაზე, რომლებიც ქვეყნიერებაში "დემონურმა ცხენებმა" შემოიტანეს.
 
ამასთან შეიძლება შევნიშნოთ, რომ "ცხენებისა და მხედრების" ხილვა აგრძელებს მე-9 თავთან დაკავშირებულ იოველის "საყოველთაო" წინასწარმეტყველებას (თავები 1-2), - თუმცა იქვე ხსენებულ "კალიის გამოსვლისგან" განსხვავებით ძველაღთქმისეული მოწმობა "ცხენოსანთა ჯარზე" ეძღვნება არა მთელ ძველაღთქმისეულ დროებას, არამედ მხოლოდ იმ მოვლენებს, რომლებიც წინ უსწრებენ ძველი სამყაროს უკანასკნელ დღეს, შეად.:
 
"ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას. ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, შესაწირავი და საღვრელი უფლისთვის, თქვენი ღვთისთვის. ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა. შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან და პატარძალი - სანთიობოდან!" (იოველ. 2:12-16).
(აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "სიძის თავისი პალატიდან გამოსვლა" აღსრულდება ძველი სამყაროს უკანასკნელი რყევების დროს და მეტაფორულად მაცხოვრის მეორედ მოსვლაზე მოწმობს, თანაც ამ მოვლენას გვიხატავს "საქორწილო სერობის" ძველაღთქმისეულ სიმბოლოებში, შეად. - გამოცხ. 21:2, 9).
მიუხედავად ამისა, რადგან "ცხენოსანთა ჯარის" გამოჩენა პირველი სიმბოლოა გამოცხადებისა, რომელშიც მონიშნულია "მიწიერი" მოვლენები, რომლებიც პირდაპირ უსწრებენ მეორედ მოსვლას, - ამ სიმბოლოში წარმოდგენნილ მოწმობათა გადაწყვეტა "სრული სურათის" გარეშე, რომელიც გამოცხადების 17-19 თავებშია აღწერილი, პრაქტიკულად შეუძლებელია.
 
ასე, რომ საუბარი "მეექვსე საყვირის მხედრობაზე" გაგრძელებას ითხოვს.
 
ამასთან აქვს აზრი კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ იდუმალი "ცხენოსანთა ჯარის" "დამაზიანებელ" იარაღს წარმოადგენენ არა ხმლები, მშვილდ-ისრები და შუბები, რომლებიც მხედრების კუთვნილებაა, არამედ ამ მხედართა ცხენების "თავები" და "კუდები". რადგან "ცეცხლით, კვამლით და გოგირდით" მოწყვლის შედეგი არის "წყლულებანი", - ეს სიმბოლო ზუსტად შეესაბამება ძველაღთქმისეულ მოწმობებს, სადაც მსგავსი ნიშნებით აღინიშნებოდნენ არა ბუკვალური ომები, არამედ უკეთური ხელისუფლებანი, ცრუწინასწარმეტყველებანი და ცრუსწავლებანი, შეად.:
 
"მოსწყვიტა ისრაელს უფალმა თავი და კუდი, რტოები და ღერო ერთ დღეს. მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგმოძღვარი კი - კუდი.  ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან. ამიტომაც თავის ჭაბუკებზე არ ხარობს უფალი და ქვრივ-ობლებს არ იბრალებს, რადგან ყველანი უკეთურნი და ბოროტეულნი არიან, და ყოველი პირი სიბილწეს ლაპარაკობს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი" (ეს. 9:15-16).
 
გარდა ამისა, ყველაზე არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ვითარებას, რომ უკეთური მხედრობა, რომლის რიცხვია "ორასი ათასჯერ ათასი", მთელი თავისი წარმოუდგენელი რაოდენობის გათვალისწინებით ბუკვალურად "აიღებს" მთელ დედამიწას, - მაგრამ მისი აგრესიის ადრესატები გახდებიან არა იმდენად ღმრთის მორწმუნენი (ღმრთის ერი), რამდენადაც ისინი, ვინც თვითონ შთაეფლო უკეთურებაში და საკუთარი უსჯულოების საწყაო აავსო (კერძოდ წყლულებით დაზიანებული მსოფლიო ბაბილონი, რომლის შესახებაც მე-17 თავის კომენტარებში ვილაპარაკებთ).
 
"დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული. არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი" (გამოცხ. 9:20-21).
 
აშკარაა, რომ "ცეცხლით, კვამლით და გოგირდით" მოწყვლის შედეგები, რომლებიც ლომისთავიანი ცხენების პირიდან გამოდის, მომაკვდინებლად საშიშია, - მაგრამ მსგავსი უწმინდური წყლულებით დაზიანებულთაგან ისინი, ვინც ცოცხალი დარჩება, გონს არ მოეგება და არ შეინანებს, არამედ კვლავ გააგრძელებს ყოველგვარ დანაშაულობასა და უსჯულოებას.
 
ამიტომაც უეჭველია, რომ ოთხი დაცემული ანგელოზის გათავისუფლებისა და ქვეყნად დემონური "ცხენოსნური არმიის" გამოსვლის შემდეგაც ბნელეთის ძალები ჯერაც არ წარმდგარან უკანასკნელი დღის სამსჯავროზე, ხოლო "მიწაზე მცხოვრებთ" ჯერაც აქვთ მცირე დრო სინანულისა და მოქცევისთვის (თუმცა მათი უმეტესობა ამ დროს საკუთარ უსჯულოებათა გამრავლებას მოახმარს).
 
გარდა ამისა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ მე-9 თავის ბოლო მუხლებში ნახსენები არ არიან ღმრთის ბეჭდით აღბეჭდილები, - ასე რომ საკითხი იმის შესახებ, მიაღწევენ თუ არა მსგავსი წყლულებანი ქრისტეს ეკლესიას, ბუკვალურ პასუხს ვერ პოულობს. თუმცა, ის ვითარება, რომ ისინი, ვინც არ მოკვდა "ამ წყლულებათაგან", და აგრძელებენ კერპთაყვანისმცემლობას, მოწმობს იმაზე, რომ "ცხენოსანთა ჯარი", ისევე, როგორც მეხუთე საყვირის "კალია", ავნებს მხოლოდ იმათ, ვისაც თავის შუბლზე ღმრთის მაცხოვნებელი ბეჭედი არ გააჩნია, - ხოლო მაცხოვრის მიერ "აღბეჭდილთა" შორის წყლულებათაგან მომკვდარი არავინაა, ისინი არც მათ შორის არიან, ვინც მოიწყლა, მაგრამ არ კვდებიან, და ჯერაც ღმრთისა და ეკლესიის მტრად რჩებიან.
(გამოცხადების წიგნის გასაოცარ და იდუმალ სიმბოლოებს მცირედით თუ მოვწყდებით, ღმრთის კაცთა მსგავსი "დაცულობა" არ შეიძლება იწვევდეს რაიმე კითხვას, რადგან უფალი პირდაპირ მოწმობდა იმას, რომ "თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია" (ლკ. 12:7) და, რომ ის (ანუ ქრისტე) ქრისტიანებთან იქნებოდა "დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე" (მთ. 28:20).

მიუხედავად ამისა, არასწორი "აპოკალიპტური" მოლოდინი ზოგიერთ კომენტატორს აქეზებს "გადასინჯოს" ფუძემდებლური სახარებისეული ჭეშმარიტებები, რის შედეგადაც ზოგიერთი სერიოზული ღვთისმეტყველიც კი გამოცხადების განმარტებისას ისეთ მოვლენებს ვარაუდობს, რომლებსაც ნებისმიერ სხვა კონტექსტში შეუძლებლად გამოაცხადებდა).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტიანებს არანაირი საფუძველი არა აქვთ დაეჭვდნენ იმაში, რომ ყოველი სიტყვა, რომელიც მაცხოვარმა გვაუწყა 2000 წლის წინათ, იოტითაც არ შეიცვლება ვიდრე უკანასკნელ დღემდე,- და რომ მთელი თავისი ძალით და მრავალრიცხოვნობით ვერც "უფსკრულის კალია" (ლომის ღოჯებითა და შხამიანი ნესტრებით კუდში), ვერც "ცხენოსანთა არმია" (ლომების თავებითა და კუდებით, რომლებიც გველის თავებს ჰგვანან), ვერ შეძლებენ სერიოზული ზიანი მიაყენონ ქრისტეს ეკლესიას.
 
მეტიც, ქრისტიანები უკანასკნელ მომენტამდე ძალმოსილნი იქნებიან ამ არმიასთან აწარმოონ სულიერი ბრძოლა, და არა მარტო თავი დაიცვან, არამედ "შეუტიონ" კიდეც ბნელეთის ძალებს (თანაც ისე, რომ ამ დროს თვითონ სულიერად არ დაზიანდნენ), და გაიმარჯვონ კიდეც მათზე:
 
"აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში" (ლკ. 10:19-20).
(მიუხედავად ამისა, მორწმუნე ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ დემონური ძალებისგან დაცულობა არ ნიშნავს სრულ დაუზიანებლობას, რადგან თუმც "ცისქვეშეთის ბოროტი სულები" შემძლენი ვერ არიან ქრისტიანთა დაზიანებისა, ამისი გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც დემონთა მიერ ცდუნდებიან).
გარდა ამისა, ყურადღებას იმსახურებს გამოცხ. 9:20-21-ში აღწერილი "სახეები და ფორმები", რომელიც ახასიათებს კერპთაყვანისმცემლობას და უსჯულოებას, თანაც კერპთა თანმიმდევრული ჩამოთვლა "ოქროდან ხემდე" მეტაფორულად მოწმობს იმაზე, რომ უსჯულო თაყვანისცემა არ დაიყვანება მხოლოდ მატერიალურ საგანთა პრიმიტიულ თაყვანისცემამდე, არამედ შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სულიერ დონეებზე (ცრუ სულიერ არსთა "ოქროს" რწმენიდან ვიდრე მატერიალურ საგანთა "ხის" გაღმერთებამდე) (ანუ უმაღლესი ("ოქროს" კერპები) საცდურებიდან უდაბლეს ("ხის" კერპები) საცდურებამდე - "აპოკ." რედ.).
 
თუმცა რომელ დონესაც გინდ ეკუთვნოდეს (მატერიალურს თუ არამატერიალურს) "ადამიანის მიერ "დამზადებული" და "გაღმერთებული" მკვდარი კერპი, - ყველა მათგანი, შედეგად, "მხეცის კრებით სახეში" იკრიბება (გამოცხ. 13:14-15) და ყოველ ძველ (არაქრისტიან) ადამიანს მიიყვანს იმის თაყვანისცემამდე, ვისაც თვითონ ქმნის თავისთვის, როგორც "უკეთურ სიწმიდეს" და ჭეშმარიტი რწმენის ურჯულო ალტერნატივას).
 
რაც შეეხება "ოთხი ცოდვის" სახეს (ანუ მკვლელობას, მისნობას, მრუშობას და ქურდობას), რომლებიც დაუყოვნებლივ სინანულს ითხოვენ, - ეს სახე ასე თუ ისე მოიცავს ადამიანის მიერ აღსრულებულ უსჯულოებათა ყველა "სახესხვაობას", და რომელშიც ის უარყოფს თავის შემოქმედს (მაგალითად, კერპთაყვანისმცემლობა არის სულიერი მრუშობა, ცილისწამება და ცრუმოწმობა, ან ცრუფიცობა არსებითად კეთილი სახელის მოპარვაა, ხოლო სიძულვილი არის კაცთმკვლელობა - 1 ინ. 3:15. და სხვა).

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому