განმარტება - იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო… - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო
 
(იერუსალიმის დანგრევის საყოველთაო მნიშვნელობა)
უკანასკნელი ჟამის აპოკალიპტური მოვლენები
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ იერუსალიმის დანგრევისა და იერუსალიმის მეორე ტაძრის მშენებლობის მოვლენები ახალი აღთქმის წმიდა ტექსტებში მხოლოდ წინასწარნაუწყებია (ანუ პირდაპირი მოწმობები იმისა, რომ ეს მოვლენა ნამდვილად მოხდა, ახალაღთქმისეულ წერილში არ გვაქვს), - ის, რომ ქალაქი დაინგრა, ისევე როგორც ამ მოვლენის მრავალი არსებითი დეტალი, დღეისთვის კარგად ცნობილია (მაგალითად, იუდეველთა 66-71 წლების ომის უშუალო მონაწილის, იოსებ ფლავიოსის შრომებიდან).
 
ეჭვს არ იწვევს იერუსალიმში მცხოვრები ყველა ქრისტიანის გადარჩენა გარდაუვალი დაღუპვისგან, რომლებმაც თვით უფლისადმი რწმენით დაიჯერეს მისი წინასწარმეტყველება, - და ამიტომაც განწირული ქალაქიდან მისი ალყის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ქალაქიდან გაიხიზნენ.
 
ამ მოვლენათა გათვალისწინებით საკმაოდ მნიშვნელოვან აზრს იძენს მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის უკომპრომისო მამხილებელი პოზიცია ურწმუნო იუდეველთა მიმართ, რომელიც იოანეს სახარებაშიც არის ასახული, და იოანეს გამოცხადებაშიც, - ანუ იმ წიგნებში, რომლებიც, ბიბლეისტთა უმრავლესობის აზრით, იერუსალიმის დანგრევის შემდეგ დაიწერა.
 
ასე, მაგალითად, სამი სხვა მახარობლისგან განსხვავებით, რომლებიც არ მიმართავენ განზოგადებებს, და კონკრეტული ეპიზოდიდან გამომდინარე ურწმუნო ებრაელებს "ფარისევლებსაც" უწოდებენ, "სადუკეველებსაც", "მწიგნობრებსაც" და ა. შ. - მოციქული იოანე არ მიმართავს ასეთ "დეტალიზაციას", და "იუდეველებად" ხმობს ყველა ისრაელელს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად სახარების მოწინააღმდეგეებად გამოდიოდნენ (იოანე 2:18; 3:25; 5:10 და სხვა). თანაც მეოთხე სახარების რიტორიკა ასეთი ადამიანებისადმი ცალსახა და კატეგორიულია (შეად. - იოანე 8:38-55; 9:22; 10:31-32 და სხვა), - ხოლო გამოცხადების წიგნში სწორედ "იუდეველებისადმია" მიმართული ყველაზე მკაცრი მხილებანი, რომლის მსგავსს სხვა ახალაღთქმისეულ ავტორებთან ვერ ვპოულობთ (შეად.: გამოცხ. 2:9; გამოცხ. 3:9).
 
ხოლო რადგან ყველაფერი ის, რაც იერუსალიმის დანგრევამდე ხდებოდა, პირველი სამი სახარების ესქატოლოგიურ თავებში განისაზღვრება როგორც "სნეულებათა დასაწყისი", რის შემდეგაც უნდა მოხდეს დროთა გარკვეული ცვლილება, სწორედ ურწმუნო იუდეველთა მიმართ, რომელიც ვლინდება იოანეს სახარებაში და გამოცხადების წიგნში, პირდაპირ მოწმობს იმის შესახებ, რომ დროთა ცვლილება, რომლითაც აღინიშნა ელეონის მთაზე წარმოთქმული მაცხოვრის წინასწარმეტყველება, ამ წიგნების დაწერის მომენტისთვის უკვე აღსრულდა. ხოლო ის დრო, როდესაც ახალაღთმისეული ქადაგება ძირითადად "სჯულსა და წინასწარმეტყველებს" ეყრდნობოდა, და მიმართული იყო უპირატესად იუდეველთა მიმართ (შეად.: მთ. 10:5-6; 15:24; ებრ. 1:1-2 და სხვა), სრულიად და საბოლოოდ ამოიწურა.
 
ამგვარად, იერუსალიმისა და ძველაღთქმისეული ტაძრის დანგრევა - ეს უბრალოდ მორიგი ეპიზოდი როდია პირველი საუკუნეებისა, რომელიც ამ ქალაქში დაბადებული ახალათქმისეუილ ეკლესიის ისტორიაში შევიდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ყველაფერი, რაც იუდეაში 69-70-იან წლებში მოხდა ქრ. შ.-დან მხოლოდ ბუკვალურად აღიქმება, - სრულიად ცხადია, რომ "ისტორიული" იერუსალიმის დანგრევა უბრალოდ კი არ აღასრულებს წინასწარმეტყველებას, რომელიც ნაუწყები იყო ელეონის მთაზე, არამედ გამოდის, როგორც ახალაღთქმისეული მინიშნება, რომელმაც მსოფლიოს დროთა გლობალური ცვლილება აუწყა.
 
მაგრამ ზემოთხსენებული მოვლენის შემოფარგვლა მხოლოდ "ხილული" მნიშვნელობებით არასწორი იქნებოდა. თუკი ყოველივე მომხდარს განვიხილავთ იმავე პრინციპებით და ლოგიკით, რომელთა შესაბამისად განიხილებოდა სოდომი, ეგვიპტე, იერიქონი და ბაბილონი, შეიძლება შევნიშნოთ, რომ იერუსალიმის დანგრევის მოვლენათა მიღმა საყოველთაო მნიშვნელობები იხსნება, რომლებიც ამთავრებენ "დიად ქალაქთა" წინასწარმეტყველურ სიმბოლოთა რიგს (ანუ იმ სიმბოლოთა რიგს, რომლებშიც ისტორიულ მოვლენათა გარდა მონიშნულია მომავალი ახალი აღთქმის და "წუთისოფლის" უკანასკნელი დღეების რეალიები).
 
მაშასადამე, იერუსალიმის დანგრევის პანორამა კიდევ ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველური სიმბოლო გახდა მომავალი დროებისა, და მან გააგრძელა მომავლის ისტორიული მოვლენების წინამონახაზი, რომლებიც აღწერილი იყო ძველ აღთქმაში (შეად.: "ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს" (1 კორინთ. 10:11)).
 
ხოლო იოანე ღვთისმეტყველის წიგნი "გამოცხადება" ამ კონტექსტში სრულიად განსაკუთრებულად გამოიყურება, - ეს ხომ ერთადერთი წიგნია წმიდა წერილში, სადაც იერუსალიმი ბუკვალურად მოიხსენიება არა როგორც არსებული "მიწიერი" ქალაქი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ, როგორც ხატი იმ უხილავი მომავლისა, რომელთანაც ჟამთა აღსასრულს მთელი ხილული სამყარო მივა.
(თანაც ამ მნიშვნელობების მეშვეობით ყალიბდება ყველა ახალაღთქმისეული ტექსტისთვის საზოგადო მოწმობა, რომელიც ყველა დროის ქრისტიანებს მოუწოდებს წუთისოფელს თავი დააღწიონ ისე, როგორც ალყაშემორტყმულ იერუსალემს გაურბოდნენ ის ქრისტიანები, რომლებმაც ქრისტეს შობიდან I ს-ში არა უბრალოდ ირწმუნეს მაცხოვრისა, არამედ იმოქმედეს კიდეც და იხელმძღვანელეს ამ რწმენით).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაცხოვრისადმი ურწმუნო იერუსალიმი არის განუყოფელი ნაწილი ბიბლიურ წინასწარმეტყველურ სიმბოლოთა მთელი რიგისა, რომლებიც ამხილებელ მსოფლიო ურწმუნოებას. და ეს მით უფრო ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ მაცხოვარმა ელეონის მთაზე არა უბრალოდ აუწყა ისრაელს მნიშვნელობითა და მასშტაბით განსაკუთრებული მოვლენა, რომლის შესახებაც არ უწინასწარმტყველია ძველი აღთქმის არც ერთ წინასწარმეტყველს, - არამედ პირდაპირ დაუკავშირა იერუსალიმის დანგრევის გარდაუვალობა მისდამი (ანუ ქრისტესადმი) ურწმუნოებას (შეად. მთ. 23:37-38; ლკ. 13:34-35).
 
ეს ვითარება, თავის მხრივ, წარმოადგენს იმ ერთადერთ და უალტერნატივო საფუძველს, რომელსაც ძველაღთქმისეული აღთქმები ეფუძნებოდა, რომელიც იუდეველთ პირველშობილობის უფლებით მიენიჭათ, - და რომლითაც უნდა განმტკიცებულიყო მთელი "ისტორიული" ისრაელი, და მათ შორის მიწიერი ქალაქი იერუსალიმიც. შეად.:
 
"ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ, გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს" (მეორე სჯლ. 30:19-20).
 
ამიტომაც, იმის შემდეგ, რაც იერუსალიმმა საბოლოოდ უარყო ღმრთის ხმა და ძე ღმრთისა, მან მით თვით სიცოცხლე უარყო, და შედეგად უსიცოცხლო გვამს დაემსგავსა.
 
სწორედ ასეთი შედარება ჟღერს მაცხოვრის სიტყვებში, რომლებიც ერთდროულად მოწმობენ მისი დანგრევის დროზეც და მიზეზებზეც. შეად.:
 
"რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც" (მათე 24:28; იგივეა ნათქვამი ლუკასთანაც, იხ.: ლუკა 17:37).
 
ამასთანავე "დაძველდა" მიწიერი იერუსალიმი თავის პირველ აღთქმასთან ერთად, ანუ თავის ბუკვალურ დანგრევამდე დიდი ხნით ადრე. შეად.:
 
"ხოლო "ახალიო" რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა, მაგრამ რაც ძველდება და ბერდება, გასაქრობად განწირულია" (ებრ. 8:13).
 
მაგრამ დრო და ვადები, რომლებიც მხოლოდ უფალმა უწყის, ქრ. შ.-დან 70 წლამდე ურწმუნო იუდეველთათვის ტოვებდნენ პირობებს და შესაძლებლობებს გამოსაღვიძებლად, სარწმუნებლად და მოსანანიებლად.
 
მაგრამ, რადგან ახალაღთქმისეული დროის  განმავლობაში, რომელიც მიეცა მიწიერ იერუსალიმს, ის არ მოექცა და არ ირწმუნა - დადგა მომენტი, როდესაც რომაელ ლეგიონეერთა აკვილებმა (ანუ არწივის ფორმის სტანდარტებმა) ყველა მხრიდან ალყა შემოარტყეს ქალაქს. ამის შედეგად ყოველივე მომხდარში აღსრულდა გასაოცარი წინასწარმეტყველური მნიშვნელობები, რომლებიც პირდაპირ მოწმობდნენ იმაზედ, რომ არჩევის დრო ამოიწურა, და რომ ამიერიდან ურწმუნო იერუსალიმის ადგილზე მხოლოდ "გვამი" იმყოფება, რომელიც ოდენ "არწივებს" მიიზიდავს (შეად.: მათე 24:28).
 
მეტიც, ეს რომაელი "არწივები" საკმაოდ ნიშანდობლივად შეიკრიბნენ, იუდეველთ სრული რელიგიური მსოფლმხედველობის შესაბამისად, რომლის თანახმადაც სამყაროს ოთხი ქარი წარმოადგენს იმ ძალას, რომლის მეშვეობითაც უფაილ მართავს მთელ სამყაროს (შეად.: იერემია 49:36; დანიელი 7:2; ზაქარია 2:6; მათე 24:31; მარკოზი 13:27).
 
შესაბამისად, ეპიზოდში, სადაც იოანეს გამოცხადების წიგნი "არწივების" სიმბოლოს გვამებთან შეკრებას უკავშირებს, გულისხმობს გლობალურ "აპოკალიპტურ" მოვლენას, - ის მიმართავს უკვე დანგრეულ იერუსალიმს, როგორც ერთ-ერთ უდიადეს წინამაუწყებელ სიმბოლოს, რომელმაც დახატა დაძველებული და წარსაწყმედად დაქანებული მსოფლიოს ბოლო დღეები. შეად.:
 
"და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა" (გამოცხ. 9:14).
 
"და ვიხილე გზაზე მდგარი ერთი ანგელოზი, ხმამაღლა რომ შესძახა და უთხრა შუა ცაში მფრინავ ყველა ფრინველს: მოდით და ღვთის დიდ სერობაზე შემოკრბით, რათა ჭამოთ მეფეთა, ათასისთავთა და ძლიერთა ხორცი, ცხენთა თუ მხედართა, მონათა თუ თავისუფალთა, დიდთა თუ მცირეთა ხორცი" (გამოცხ. 19:17-18).
 
ამასთან თვით დანგრეული იერუსალიმი ყოველივე მომხდარის შედეგად ურწმუნო კაცობრიობის სიმბოლო გახდა, რომელიც თვით ჟამთა აღსრულებამდე "განწირული ქალაქის კედლებს" ამოეფარება.
 
რაც შეეხება იერუსალიმის ამაღლებულ სიმბოლოთ, რომლებიც ძველი აღთქმის პერიოდში აღწერდნენ "ზეციურ" მნიშვნელობებს (ისეთები, როგორიცაა "წმიდა ქალაქი ... იერუსალიმი" (დანიელი 3:28; ფსალმ. 47:3); "დიდი მეფის ქალაქი" (მათე 5:35); "ქალაქი სიონისა" (ფსალმ. 86) და სხვა), - ასეთი მნიშვნელობები "ფიზიკური" ქალაქის დანგრევასთან ერთად "მიწიდან ატაცებულ იქნა", და ამ მომენტიდან ის უშუალოდ ზეციურ ქალაქს უკავშირდება (ებრ. 11:16; 12:22; გამოცხ. 21:2), რომელიც ყველა ქრისტიანის ჭეშმარიტი სამშობლოა (გალატ. 4:26; ებრ. 11:13-16; ფსალმ. 86:5-6), და განსაზღვრავს ნებისმიერი ერის მორწმუნე წარმომადგენლის "ზეციურ მოქალაქეობას" (გამოცხ. 5:9; 7:9; 22:14).
 
თანაც "ამაღლება", რომელიც დაკავშირებულია იერუსალიმთან, წარმოადგენს კიდევ ერთ მკაფიო ბიბლიურ მოწმობას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სამყარო საბოლოოდ შევიდა ახალაღთქმისეულ დროებაში, - და რომ ამიერიდან ღმრთის ჭეშმარიტი ქალაქი ურყევ სულიერ საფუძველზე შენდება (1 კორინთ. 3:11; ეფეს. 2:20; ებრ. 11:10).

მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому