განმარტება - რა აუწყა სამყაროს მაცხოვრის ნიშნებმა და სასწაულებმა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
რა აუწყა სამყაროს მაცხოვრის ნიშნებმა და სასწაულებმა?
ლაზარეს აღდგინება მკვდრეთით
მრავალი ღვთისმეტყველი აქცევდა ყურადღებას იმ ვითარებას, რომ უფლის მიერ აღსრულებული სასწაულები, იოანეს სახარებაში "ნიშნებადაც" იწოდება.
 
"ხალხში მრავალმა იწამა იგი და თქვა: როდესაც ქრისტე მოვა, ნუთუ იმაზე მეტ სასწაულს (ნიშანს) (1) მოახდენს, რაც ამან მოახდინა?" (იოანე 7:31).
 
________________
 
1. σημεια (სემეია) ნიშნები. სტრონგის ნომრით: #4592, 4592, σημεον - ნიშანი, ნიშან-თვისება; სინ.1411 (δναμις), 5059 (τρας); LXX: 0226 (אוֹת‎).
 
________________
 
მაგრამ მწიგნობრები და ფარისევლები მიმდინარე მოვლენებში ვერავითარ ნიშნებს ვერ პოულობდნენ, სხვაგვარად არ მოსთხოვდნენ მაცხოვარს სწორედ "ნიშნებს", ანუ ღვთაებრივ მტკიცებულებებს, თანაც ისე, თითქოსდა ჯერაც არც ერთი მათგანი არ ეხილოთ: "მაშინ ზოგმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: მოძღვარო, გვსურს სასწაული (ნიშანი) (σημειον) ვიხილოთ შენგან" (მათე 12:38).
 
ეს საკმაოდ მკაფიო დეტალი ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ გვეჩვენება, მაგრამ თუ ყურადღებით განვიხილავთ მასში საკმაოდ მნიშვნელოვან აზრობრივ განსხვავებას ვპოვებთ სასწაულებსა და ნიშნებს შორის. მეოთხე სახარებაში ბევრი ისეთი ახალაღთქმისეული მოწმობაა, რომლებიც "ჩვეულებრივი" ისტორიის ჩარჩოებს სცილდებიან.
 
ასე, მაგალითად, "ღმრთის სასწაულის" მართლმადიდებლური გააზრება არავითარ შემთხვევაში არ შემოიფარგლება იმ ფაქტით, რომ მორწმუნე ადამიანთა ცხოვრებაში მოხდა რაღაც უჩვეულო, ან აბსოლუტურად ზებუნებრივი რამ.
 
მეორე მხრივ, ყოველთვის არსებობდნენ და შემდეგაც იარსებებენ სულაც ბუნებრივი, მაგრამ ადამიანისთვის სრულიად ან ნაწილობრივ უცნობი ძალები, ბუნებრივი მოვლენები, ფიზიკური კანონები და ა. შ. ამიტომაც თუკი ადამიანი რაიმე მოვლენას აფასებს, როგორც ზებუნებრივს, - ის ამ შეფასებაში ყოველთვის (ან ნაწილობრივ მაინც) სუბიექტურია.
 
მეორე მხრივ, ქრისტიანებისთვის ცნობილია, რომ ზებუნებრივი მოქმედებების აღსრულება შეუძლიათ ბნელეთის ძალებსაც (მათე 24:24; 2 თესალონიკ. 2:9 და ა. შ.).
 
შესაბამისად, "ღმრთის სასწაულის" ცნება რომ შეზღუდულიყო მომხდარი მოვლენის მხოლოდ ზებუნებრივობით, მაშინ საღმრთო სასწაულთა მოწმენი უბრალოდ ვერ შეძლებდნენ უშეცდომოდ გაერჩიათ ბუნებრივი ზებუნებრივისგან და განესაზღვრათ ძალის წყარო, რომელმაც აღასრულა სასაწაული. ადამიანური ცოდნა ხომ არასოდეს იქნება ყოვლისმომცველი, ხოლო ფორმალური შეხედულება ცალკეულ მოვლენაზე შესაძლებლობას არ გვაძლევს დავინახოთ ის სულიერი წყაროები, რომელთაგანაც იღებს ეს მოვლენა თავის საწყისს. შეად.:
 
"საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 იოანე 4:1).
 
"შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს (σημεια), რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი..." (გამოცხ. 19:20).
 
ამიტომაც საღმრთო სასწაულთა აღქმა და შეგნება მორწმუნეთა მხრიდან არ იზღუდება ცალკეული ზებუნებრივი მოვლენით. არანაკლები, პირიქით, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სასწაულები ხდება ცალკეულ ადამიანებზეც, განსაზღვრულ დროს, განსაზღვრულ ადგილას და განსაზღვრულ პირობებში, - ასე რომ შედეგში ღმრთის სასწაულზე უთითებენ არა იმდენად თვით მოვლენები, რამდენადაც ადამიანის ცხონებისთვის დაშვებული ის განგებულებითი და მაცხოვნებელი აზრები და ჭეშმარიტებები, რომლებიც გვეხსნება ამ მოვლენებით.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმრთის სასწაული იცნობა არა განკერძოებულ მოვლენაში, - არამედ ამ მოვლენით გახსნილი საღმრთო განგებულების აღსრულებაში, რომელიც ამთლიანებს, როგორც თვით მოვლენას, ყველა მისი დეტალითა თუ ვითარების ერთობლიობით, და ადამიანის მიერ ყველა მისი მაცხოვნებელი შედეგის გაცნობიერებასა და შეგნებას.
 
გარდა ამისა, მორწმუნე ადამიანები საღმრთო განგებულებას ხედავენ წუთისოფელში აღსრულებად სრულიად საერო და ნორმალურ საგნებში: არაშემთხვევით შეხვედრებში, დროულად ნათქვამ სიტყვებში, თავიანთ წარმატებებსა თუ წარუმატებლობებში, და ა. შ. ანუ რწმენის თვალსაზრისით ღმრთის სასწაული, არსებითად, შიძლება იყოს მთელი ადამიანური ცხოვრება. და რადგან ეს "მუდმივი" სასწაული ადამიანის შობიდანვე იწყება, რაც მას მთელი მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში თანსდევს, - მხოლოდ თვით ადამიანი განყოფს ამ უწყვეტ ღვთაებრივ მოქმედებას ბუნებრივ და ზებუნებრივ, ცხად და არაცხად, გაცნობიერებულ და გაუცნობიერებელ, შეუმჩნევენლ, იგნორირებულ ან უარყოფილ მოვლენებად, და სხვა.
 
ამგვარად, ღმრთის ყველაზე გასაოცარ სასწაულებსაც კი შეიძლება ჰქონდეს ვიწრო (ლოკალური) და გარეშეთათვის სრულად დაფარული აზრი; და ნაწილობრივ სუბიექტური აზრიც კი (როდესაც ობიექტურის და სუბიექტურის განყოფა ძალიან ძნელია). მაგალითად, ღმრთის სასწაულად შეიძლება აღქმულ იქნას და იწოდოს მოვლენა, რომლის ძირითადი აზრი ადამიანისთვის შემოფარგლულია ცნებებით "აქ და ახლა", - შემდეგ მას გაიხსენებენ როგორც ღვთაებრივი ჩარევის ან ღვთაებრივი განგებულების მოწმობას, რომელიც გამოვლინდა განსაზღვრულ დროს, განსაზღვრულ ადგილას, შექმნილ ვითარებებთან დაკავშირებით. და, რა თქმა უნდა, რომელმაც გამოიწვია მაცხოვნებელი შედეგები.
 
ამასთან ის ვითარებები, რომლებიც თან ახლდა მსგავს მოვლენას, არც ადამიანისთვის და არც ეკლესიისთვის არ იძენენ იმაზე მეტ მნიშვნელობას, რასაც სასწაულის შეგნება ითხოვს, რომელიც საღმრთო მოქმედების პირდაპირი და აშკარა ჩარევის ფაქტად აღიქმება, და ადამიანისგან არც ღრმა საღვთისმეტყველო გააზრებას ითხოვს (ანუ, თანმდევი ვითარებები აღიქმება მხოლოდ როგორც პირობები, რომლებიც აზრობრივად განაპირობებენ სასწაულს, ადგილის, დროის და ა. შ. მიხედვით - შემდეგ კი ადამიანი უბრალოდ მომხდარი მოვლენის სულიერი შედეგებით იკვებება, და ამ ნაყოფის მაცხოვნებელი გემო თავისთავად აკმაყოფილებს მის შინაგან მოთხოვნილებას, პასუხს იძლევა მის კითხვებზე, ეჭვებსა და მერყეობებზე).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმრთის სასწაულები უპირველეს ყოვლისა არის ღმრთის მაცხოვნებელი მოწყალების გამოვლინება, რომელიც განამტკიცებს ადამიანის რწმენას, და მისი პირადი რწმენის გამყარებასა და სრულყოფილებას.
 
მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც წმ. წერილში ლაპარაკია საღმრთო ნიშნებზე (σημεια - სემეია), - ამ სიტყვების მიღმა უფრო ხშირად იგულისხმება განსაკუთრებული და აშკარად ზებუნებრივი მოვლენა, რომელსაც ისეთი დონე და მასშტაბი გააჩნია, რომ მისი წყაროს არსებობასა და სიდიადეში დაეჭვება უბრალოდ შეუძლებელია (სწორედ ამ მიზეზით ძველი აღთქმის სასწაულებრივი ნიშნები დაკავშირებულნი იყვნენ ზეციურ მნათობებთან და მსოფლიო სტიქიონებთან, შეად. - დაბ. 1:14; 9:12-13, 4 მეფ. 20:8-11, ეს. 7:10-11 და ა. შ.). თანაც მსგავს მოვლენებში მორწმუნეთათვის აუცილებლად იხსნება საყოველთაო, გლობალური, განსაკუთრებული აზრები, - ხოლო ურწმუნოებს სრულიად განსაზღვრული საჯარო მოწმობები ეგზავნებათ, შეად.:
 
"ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის" (1 კორინთ. 14:22).
(რადგან სასწაულებრივი ნიშნების მთავარი მიზანი დადასტურებაა, - ის აშკარა და მკაფიო უნდა იყოს როგორც მორწმუნეთა, ასევე ურწმუნოთათვისაც. თანაც ის უნდა იყოს იმდენად აშკარა, მკაფიო და უდავო, რომ ისინი, ვინც არ იღებს მსგავს მოწმობას, უსჯულოებენ არა მარტო საკუთარი სინდისის, არამედ საზოგადოების წინაშეც. შეად.: 1 ინ. 5:9, ინ. 3:11.
 
მეორე მხრივ, სწორედ იმ მიზეზით, რომ სასწაულებრივი ნიშნის მიზანი გახლავთ დამოწმება, ის, სასწაულისგან განსხვავებით, შეიძლება საკუთარ თავში არ ატარებდეს ერთგვარ "გამიწიერებულობას" რომელიმე კონკრეტული ადამიანის სასარგებლოდ. ასე მაგალითად, საწმისის დაცვარვა (მსაჯ. 6:36-40), ან მზის ჩრდილის გადაწევა ათი საფეხურით უკან (ესაია 38:8), როგორც თვითკმარი მოვლენა, კონკრეტულად არავისთვის იყო რაიმე სარგებლობის მომტანი).
გარდა ამისა, ნიშანი, როგორ გასაოცრადაც გინდ გამოიყურებოდეს იგი "თავისთავად", არსებითად ნიშანი და სიმბოლოა, ანუ ის გვაუწყებს რაღაც უფრო მეტს, ვიდრე ის, რაც მასში, როგორც ცალკეულ დამოუკიდებელ მოვლენაში მოიაზრება, - ამიტომაც შესაბამის გაცნობიერებას და გაააზრებას ითხოვს. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც მოწმენი გახდნენ სასწაულებრივი ნიშნისა, არ უნდა რჩებოდნენ მის პასიურ მჭვრეტელებად, არამედ მოწოდებულ უნდა იქნენ გამოცხადებული საღმრთო მოწმობის აზრთა და მიზეზთა შესაგნებად (რადაგნ სწორედ ამ მოწმობის მეშვეობით იუწყება ღმერთი კონკრეტული მომენტისთვის აქტუალურ წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას).
 
ხოლო რადგან დრო ყოველგვარი სჯულიერი მოწმობის განუყოფელი ნაწილია, - სასწაულებრივი ნიშნები ყოველთვის გვაუწყებენ განსაზღვრული დროების დადგომა, რომელიც რაღაც კრიტერიუმებით განსხვავდება იმისგან, რასაც ადრე ჰქონდა ადგილი (ან ძალა თუ აქტუალობა).
(სრულიად ცხადია, რომ ყოველი სახარებისეული ნიშ-სასწაული, რომელიც იესუ ნაზარეველმა აღასრულა, გვიხსნიდა იმ დროების სულიერ ნიშნებს და იმ უხილავ რეალობას, რომელიც არა მარტო მხოლოდ იმ დღიდან გახდა შესაძლებელი, არამედ გარდაუვალიც, შეად.: "... საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია.  დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ" (მათე 16:2-3; იგივე აზრები იხ. ლუკა 12:5-57)).
მაგრამ ყველაზე მთავარია უფლის მიერ ისრაელის მიწაზე აღსრულებულ სასწაულთადმი ქრისტიანული და ფარისევლური მიდგომა ამ სასწაულთა განსხვავებისა და აღიარების მეშვეობით. ის იყოფა ისე, რომ ერთნი "ხედავენ" ამ სასწაულებს, დანარჩენები კი - "ბრმებად" რჩებიან. ქრისტეს მორწმუნეები ხედავდნენ და სწამდათ, რომ მაცხოვრის მიერ აღსრულებულ სასწაულებს გლობალური ახალაღთქმისეული ნიშნების აზრი ჰქონდათ (იოანე 7:31), ანუ ისინი არა მარტო ხედავენ ღმრთის ყოვლადძლიერებას და მოწყალებას კონკრეტულ ადამიანთა მიმართ, - არამედ პირდაპირ ადასტურებენ მაცხოვრის პიროვნებასა და მისიას, და ცათა სასუფევლის მოახლოვებას იუწყებიან; ისინი ასევე უთითებენ "აქ და ახლა" აღსრულებულ წინასწარმეტყველებას, დროთა ცვალებადობას და სხვა.
(თანაც ვინც ქრისტე ირწმუნა მიხვდა ამ მნიშვნელობებს მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის "კლასიკური" ნიშნებისგან განსხვავებით ახალაღთქმისეული მოწმობები მტკიცდებოდა არა იმდენად მიმდინარე მოვლენების უპრეცედენტო "ზეციური" მასშტაბით, რამდენადაც მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაულების უფრო შინაგანი, აზრობრივი მოცულობით).
ამასთან ურწმუნო იუდეველებმა, რომლებიც უფლის მიერ აღსრულებული უამრავი სასწაულის თვითმხილველები იყვნენ, რომლებიც მაცხოვარმა პირდაპირ მათ თვალწინ, მათი ქალაქების ქუჩებში აღასრულა (შეად. – "მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი" (ლუკა 13:26)), ამჯობინეს არ დაენახათ და არ გულისხმაეყოთ ამ მოვლენებში მინიშნებული და გაცხადებული მნიშვნელობები. ისინი მაინც ეძიებდნენ "სასწაულებს ზეცით", ანუ ყოვლისმპყრობელისგან ითხოვდნენ რეაქციას საკუთარ ურწმუნოებას იმისადმი, რომ იესუ ნაზარეთიდან არის ისრაელისთვის აღთქმული მესია (იხ. (მთ. 16:1, მკ. 8:11, ლკ. 11:16 სადაც ხაზგასმულია, რომ იუდეველები ამას ქრისტეს "საცდუნებლად" ითხოვდნენ. ასე რომ მათი მოლოდინის სწორედ უწმინდურმა მოტივმა და მოსურვებამ განაპირობა ის, რომ პასუხად მიიღეს მაცხოვრისგან: "უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს" და "რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს?" (მთ. 16:4; მკ. 8:12).
(დღეს ქრისტიანთათვის გასაგებია, რომ მესიის აღიარება უნდა ხდებოდეს არა ზეციურ ნიშანთა ზებუნებრივი ძალის "ზეწოლით", თანაც ადამიანის შინაგანი მოლოდინის, მისწრაფებებისა და არჩევანის საწინააღმდეგოდ, - არამედ თავისუფლად და ნებაყოფლობით).
 
ხოლო რაკიღა ისრაელის მეფე მოვიდა არა იმისთვის, რათა ეიძულებინა მსოფლიო დამორჩილებოდა "ფიზიკურ" ძალას, არამედ ეპასუხნა მწყურვალთა სასოებისთვის და მათთვის, ვინც სწორედ იმ მესიანურ მნიშვნელობებს ეძებდა, რომლებიც გამოვლინდა უფლის ქადაგებებში, და მის მკურნალობებსა და სასწაულებში, - მხოლოდ ასეთმა ადამიანებმა შეძლეს აღსრულებული სასუფეველის ძალის დანახვა ჩვეულებრივ კაც იესუში, რომელიც ისრაელში "ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ" (ესაია 53:2).
 
სწორედ ამ მიზეზით ერთადერთ უდავო სასწაულებრივ ნიშნად, რომელიც გამოეგზავნა მთელ სამყაროს მიუხედავად მისი შინაგანი მდგომარეობისა და ყოველი ადამიანის პირადი მოლოდინებისა, გახდა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა: "... უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა" (მათე 12:39).
ამგვარად, ერთადერთი გზა ქრისტეს რწმენისკენ ვარაუდობს ადამიანის შინაგანი მოლოდინის შესაბამისობას იმ ღვთაებრივ ჭეშმარიტებებთან, რომლებიც მსოფლიოს უფალმა აუწყა.
 
სწროედ ამიტომაც დაინახეს იესუ ნაზარეველში თავიანთი მესია და მაცხოვარი მხოლოდ იმათ, ვისაც სურდა და ვინც სწორედ ასეთ ჭეშმარიტებას და სწორედ ასეთ ქრისტეს ეძიებდა: სამართლიანს, მიუკერძოებელს, მოწყალეს, თავმდაბალს და სხვა. შეად.:
 
"სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი" (იოანე 3:21).
 
"ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას" (იოანე 18:37).
 
"თვალთმაქცნო, ცის ფერსა და მიწის ფერს არჩევთ და ამ დროის გარჩევა კი არ შეგიძლიათ?  ან რატომ თქვენდა თავად არ განსჯით, თუ რა არის სამართლიანი?" (ლუკა 12:56-57).
 
შედეგად ყველა იმათ, ვინც ელოდა ქრისტეს, როგორც წარამავალი წუთისოფლის მეფეს, არ მიიღეს იესუ ქრისტეს სრულყოფილი აღთქმა, - ხოლო იესუში თავიანთი მაცხოვარი ჰპოვეს მხოლოდ მათ, ვინც სრულყოფილი კაცისთვის წარუვალ, უხრწნელ სასუფეველს ელოდა და ეძიებდა.

მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.
Назад к содержимому