განმარტება - როგორ უნდა ვებრძოლოთ "მხეცის რიცხვს" - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
როგორ უნდა ვებრძოლოთ "მხეცის რიცხვს"
 
(გამოცხ.13:16-18)
მხეცის რიცხვი
იმის გათვალისწინებით, რაც წინა პუბლიკაციებში ითქვა, არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ თვით ყველაზე სრულყოფილი გულისხმისყოფა იმ მნიშვნელობებისა, რომლებიც იოანეს გამოცხადებაში მოცემულია სიმბოლოებით: "გამოსახულება", "რიცხვი" და "მხეცის სახელი", ადამიანს გარანტიას არ აძლევს, რომ სულიერ გამარჯვებას მოიპოვებს ამ უკეთურ გამოსახულებებზე. რადგან ამ ხატებათაგან თითოეული მოწმობს იმ არსებით უკმარისობაზე, რომლის გამო ადამიანი "შინაგან ბიწიერებაში" იმყოფება, - ხოლო საკუთარ არასრულყოფილებას ადამიანი ასე უბრალოდ ვერ უარყოფს: მხოლოდ ჩვეულებრივი გონებრივი გზით რომელიმე ნაკლის გამოსწორება შეუძლებელია.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "უკეთური გამოსახულების მიღების შედეგთა და მნიშვნელობათა შეგნება მხოლოდ "დაავადების დიაგნოსტიკაა", რომელიც თავისთავად არ ათავისუფლებს ადამიანს უკვე მასში არსებული ბიწიერებისგან.
 
გარდა ამისა, თვით "ნაკლულოვანების" ცნება გულისხმობს რაღაც კონკრეტულის არარსებობას, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში სრულად უნდა არსებობდეს, ყოველგვარი ნაკლულევანების გარეშე. ხოლო "რიცხვისა" და "მხეცის გამოსახულების" მნიშვნელობათა შორის არ არსებობს პირდაპირი და ცხადი მოწმობა იმისა, თუ რა აკლია ყოველ კონკრეტულ ადამიანს.
 
ამ შეკითხვაზე მზა პასუხი არც შინაგან ადამიანთან, ანუ მის გულსა და გონებასთან დაკავშირებით არსებობს, რადგან ადამიანებში არსებული პირადი ნაკლოვანებები თავიანთ თავს არ ამხელენ და ისინი შესამჩნევნი ხდებიან მხოლოდ საღმრთო ჭეშმარიტების შუქზე (ინ. 3:19-21). ამ ნაკლოვანებათა შეგნება და აღვსება (გამოსწორება) შეუძლებელია მხოლოდ კეთილსინდისიერი შედარებით იმისა, რაც გააჩნია ადამიანს და რასაც ხედავს "საკუთარ თავს შიგნით", და იმისა, რასაც ის ხედავს ეკლესიაში განდიდებულ იმ სრულყოფილ ნიმუშებში, რომლებშიც არის ყველაფერი, რაც კი უნდა ჰქონდეს ადამიანს (შეად. 2 ტიმ. 3:17).
 
რაც შეეხება შინაგანი ბიწიერების რეალურ გამოსწორებას, - ასეთი "სრულყოფა" მხოლოდ და მხოლოდ იმის შეძენითა და დაგროვებით არის შესაძლებელი, რაც ადამიანს არ ყოფნის ჭეშმარიტი ქრისტიანული სისრულისთვის (ანუ "სრულყოფილ ადამიანურ ნიმუშებთან" შესაბამისობისთვის). ამიტომაც იმ ადამიანებისთვის, ვინც იმყოფებიან ეკლესიის გარეთ, ბრძოლა "მხეცის გამოსახულებასთან" უბრალოდ შეუძლებელია, - რადგან გააზრება იმისა, როგორი უნდა იყოს სისრულე ნაკლოვანების გარეშე (შეად.: "ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული" (2 ტიმ. 3:17) და ასევე: "მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე" (იაკ. 1:4), არსებობს მხოლოდ ქრისტეს ეკლესიაში, რომელიც ადიდებს იესუ ქრისტეს არა მარტო, როგორც ჭშმარიტ ღმერთს და კაცობრიობის მაცხოვარს, არამედ, როგორც ჭეშმარიტად სრულყოფილ ადამიანს, შეად.:
 
"ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სრულყოფილება (ἀρετὰς), ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი" (1 პეტ. 2:9).
 
მეტიც, მხოლოდ ჭეშმარიტ ეკლესიას ძალუძს განასხვავოს "ქრისტეს წერილი" (2 კორ. 3:3) "კაცთა გაურკვეველი წერილებისგან", - ანუ თავის გულში სანიმუშოდ მიიღოს და განადიდოს სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებითა და სიკვდილით ქვეყნიერებას აჩვენეს ქრისტიანული რწმენის არა მარტო "გარეგანი" ატრიბუტები, არამედ სრულყოფილი შინაგანი თვისებებიც, რომლებიც თვით მაცხოვარს ახასიათებდა (შეად. ებრ. 13:7; 2 კორ. 3:2-3 და სხვა).
 
ამასთან ეკლესიის გარეთ ამისი უეჭველი ნიმუშები უბრალოდ არ არსებობს: რადგან ქრისტეს სათნოებათა მაგალითები, "დახატული" განუნათლებელი ადამიანური გონებით, წააგავს "ეგვიპტურ ხბოს", ანუ იმკვიდრებს იმ ადამიანების შინაგან თვისებებს, რომლებიც ქრისტეს საკუთარი შეხედულებებისა და მსოფლმხედველობის შესაბამისად "ხატავენ" და შედეგად საკუთარ თავში აშენებენ არა მაცხოვრის ხატებას, არამედ საკუთარ ანარეკლს, - ეკლესიის გარეთ მყოფთათვის მრავალი პირადი მწიკვლი კვლავ მათი უმეცრებისა და ბიწიერების ბნელში რჩება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "შუამავლების გარეშე" ქრისტეს თაყვანისცემა და მსახურება, ანუ "საკუთარი თავის შიგნით" და "საკუთარი ჭკუით", ნაკლებად განსხვავდება ქვეყნიერების იმ ხატის თაყვანისცემასთან, რომელსაც საკუთარ თავში და თავიანთთვის ქმნიან ისინი, ვინც პირდაპირ უარყოფენ ეკლესიისა და თვით ჩვენი მაცხოვრის მოწმობას, შეად.:
 
"... შექმნეს ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.  ... და ... მხეცის ხატი მეტყველებდა და მოქმედებდა..." (გამოცხ. 13:14-15).
 
გარდა ამისა, მხოლოდ ქრისტეს ეკლესიის სწავლების სისრულეს შეუძლია დაარიგოს და განამტკიცოს მორწმუნენი იმაში, რომ ყოველი აშკარა და საიდუმლო ადამიანური ბიწი არსებობს, როგორც მხოლოდ სრულიად განსაზღვრულ ქრისტიანულ სათნოებათა ნაკლოვანება.
(ასე, მაგალითად, "სიამაყე", როგორც "ბიწიერება" მოწმობს მორჩილების არქონაზე; "მედიდურობა" - თავმდაბლობის არქონაზე; "ვერცხლისმოყვარეობა" და "თავმოყვარეობა" - თავდადების უკმარობაზე; "მუცელღმერთობა" და "სიძვა" - თავშეკავებისა და უბიწოების არქონაზე და ა. შ.).
ამიტომაც ერთადერთი გზა, რომელსაც შეუძლია ადამიანი მიიყვანოს ქრისტიანულ სრულყოფილებამდე, ანუ "სისრულემდე და სისავსემდე", ყოველგვარი "ნაკლოვანების" გარეშე (1 თესალონიკ. 5:23; იაკ. 1:4), - ეს არის გზა რეალური (და არა წარმოსახვითი ან "გონებრივი", ან "მაჩვენებლობითი") ნამდვილი ქრისტიანული თვისებების შექმნისა და დაგროვებისა (მოხვეჭისა) სულში, გულში და აზრებში, რომლებსაც შეუძლიათ განხორციელდნენ სათნოებებში.
 
მეტიც, გაეკლესიურებულ ქრისტიანთათვისაც ამგვარი გზის გავლა არც ისე იოლია. რა თქმა უნდა, ქრისტიანული ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ასპექტს ეძღვნება მრავალრიცხოვანი ლოცვა, და უთვალავი ქადაგება, წმინდანთა და ღირს მოსაგრეთა მთელი შრომები, - ასე რომ არსებითია არა მარტო ვინანიებდეთ, არამედ ვძლევდეთ საკუთარ შინაგან მანკიერებებს, რომელიც კარგად არის ცნობილი თითოეული ახალმოქცეულისა და გაეკლესიურებული ქრისტიანისთვის (მთ. 12:30, ლკ. 11:23). მაგრამ ამაოებით დაბინდული ამქვეყნიური გონებისთვის მსგავსი აზრები არა მარტო მარტივია და ცხადი, არამედ არც ისე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მიაჩნდეს ნამდვილ ღირებულებად.
 
მიუხედავად ამისა, სწორედ ქრისტიანული სათნოებების სრულყოფაა აუცილებელი ყველასთვის და თითოეულისთვის, ვინც კი ილტვის ცოცხალი გავიდეს საყოველთაო სულიერი ბრძოლის ველიდან. რადგან, როგორც უკვე ადრე აღინიშნა, ეს ბრძოლა იწყება არა რაიმე ფორმალური მოხაზულობებისგან, - არამედ იმ შინაგანი შინაარსიდან ყოველი კაცისა, რომელიც მასში არ შეესაბამება სრულყოფილ ზეციურ ნიმუშს.
 
ხოლო რადგან ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად ცოტაა მათი არსებობის გულისხმისყოფა და გარკვეული საკუთარი ძალისხმევაც, რომელიც მათი "შეზღუდვისა" და "დათრგუნვისკენ" არის მიმართული, - ქრისტიანული სულიერი ბრძოლა არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ გონებრივი სფეროთი. ყოველი ადამიანი უკიდურესად საჭიროებს რეალურ თანაზიარობას ჭეშმარიტ ზეციურ მღვდელმოქმედებასთან, რომელიც წარმართავს მას სისრულისა და სრულყოფილებისკენ არა საკუთარი ხორციელი გონების ნათლით, არა მისი ადამიანური ნებისყოფის ძალით, - არამედ ღმრთის მადლითა და წყალობით, რომელიც მოიცემა ეკლესიის საიდუმლოებებში უშუალოდ ზეციური საყდრიდან (შეად. იერ. 17:12).
(სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მორწმუნენი, რომლებიც არა მარტო იზიარებენ ეკლესიის სწავლებას დარწმუნების დონეზე, არამედ მის ლიტურგიკულ ცხოვრებაშიც მონაწილეობენ, აწარმოებენ ბრძოლას მხეცის ხატთან, მის გამოსახულებასთან და მისი სახელის რიცხვთან იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ ჯერაც ვერ შეუგნიათ ამ ცნებებთან დაკავშირებული მნიშვნელობების მთელი სისრულე. ასეთი ადამიანები ეწინააღმდეგებიან "მხეცს" იმ უბრალო მიზეზით, რომ ეკუთვნიან ქრისტეს ეკლესიას, მისდევენ მის დარიგებებს, და თანაეზიარებიან რა მის საიდუმლოებებს, იძენენ ძალას და შესაძლებლობას აწარმოონ ჭეშმარიტად ქრისტიანული და ღვთისმოსავი ცხოვრება ქრისტესადმი რწმენით.

და პირიქით, ვინც მრავალი საიდუმლო იცის ამ ცოდნით ახლოსაც კი ვერ მიუახლოვდება გამარჯვებას, - რადგან ნაკლოვანებები, რომლებიც ჰკვებავენ მანკიერებებს, ვერ აღმოიფხვრებიან ადამიანში მხოლოდ მათი არსებობის ცოდნით).
რაც შეეხება ძლევას ახალაღთქმისეულ სულიერ ბრძოლაში, - რადგან ასეთი ძლევა შეესაბამება "უბიწო" შინაგან შინაარსს, რომელიც ახლოსაა სრულყოფილებასთან, მხოლოდ განუწვეტელი და თავდადებული რწმენითი აღმავლობით მიიღწევა.
 
(თანაც, აქაც ლაპარაკია არა "გონებრივ" რწმენაზე, ანუ არა მარტო სწორი შეხედულებების ერთგვარ კრებულზე, - არამედ ღმრთისადმი რწმენაზე, რომელიც ადამიანს აღძრავს საკუთარი თავის მუდმივი "უარყოფისკენ", და ილტვის რა ზეცად აზიარებს მას საიდუმლოებებს, თანამონაწილეს ხდის ახალაღთქმისეული დროების დიდი სატაძრო მღვდელმსახურებისა).
 
ხოლო, წარმატებით რომ ვეწინააღმდეგოთ "მხეცის", "მხეცის ხატის", "მხეცის გამოსახულების", "მხეცის სახელის რიცხვის" და ა. შ. შემოტევებს, ერთადერთ შესაძლო მეთოდებს წარმოადგენენ:

თავმდაბლობა (რომელშიც არის მუცელღმერთობის, სიძვის და სხვა ხორციელ ვნებათა სიკვდილი) (იხ. საქმე. 24:24-25, 2 პეტ. 1:5-6, გალატ .5:22-24; 1 თეს. 4:1-5, გამოცხ. 2:14; 2:20-22; გამოცხ. 17-18; 21:8);

მოკრძალება და თავდადება (რომელშიც კვდება სიამაყე, მედიდურობა, ვერცხლისმოყვარება და სხვა სულიერი ვნებები) (იხ. მთ. 10:39, მთ. 16:24, ინ. 15:13; გამოცხ. 3:17, გამოცხ. 17-18);

მორჩილება (რომელიც კლავს სიამაყეს, ამპარტავნებას და სხვა სულიერ ვნებებს) (შეად.: მთ. 11:29, იაკ. 4:6, 1 პეტ. 5:5, 1 ტიმ. 3:6, გამოცხ. 13:5).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ ეკლესიის საღვთისმსახურებო ცხოვრებაში მუდმივი მონაწილეობითა და ქრისტიანული სათნოებების აღსრულებით (შეად.: "ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს" (ლკ. 11:23)) შეძლებს ადამიანი მიუახლოვდეს განწმენდის საიდუმლოს, რომელიც სრულდება არა "მისით", - და არამედ "მასზე". ხოლო მიიღოს და შეინარჩუნოს ასეთი "სულიერი მდგომარეობა" შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ ადამიანი არ ეძებს და არ ქმნის სრულყოფილ ხატს საკუთარ თავში და საკუთარ გონებაში, არამედ მორჩილად იღებს ეკლესიის მიერ ბოძებულ საიდუმლოებებში თვით მაცხოვრისგან მომდინარე მადლსა და ძალას, - ამის შედეგად კი ქვეყნიერებას ძლევს არა საკუთარი გონებით, არამედ ღვთაებრივი ძალით, რომელსაც ძალუძს ადამიანში წარხოცოს "მხეცის ხატი" და მიანიჭოს მორწმუნეს სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი სრულყოფა (შეად.: 2 კორ. 3:3; გალატ. 4:19 და სხვა).
 
ამასთან სრულიად ცხადია, რომ მსგავსი გზის გავლა ყოვლად შეუძლებელი იყო მოსეს სჯულის ბუკვალური მცნებებისა და განწესებების ფორმალური დაცვით. რადაგნ ამ სჯულის საფუძველს წარმოადგენენ შეზღუდვები და აკრძალვები ("არ გააკეთო", "არ ისურვო", "არ შეეხო" და ა. შ.), რომლებიც ხელს უშლიდნენ ბიწიერების გამოვლინებას და აკავებდნენ უსჯულოების გავრცელებას, - მაგრამ ამასთან არ შეეძლოთ მიენიჭებინათ ადამიანისთვის ჭეშმარიტი სათნოებები და გამოესწორებინათ მასში უკვე არსებული არასრულყოფილებანი, შეად.:
 
"რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს" (ებრ. 7:19).
 
შესაბამისად, გამოცხადების წიგნის მოწოდებებში დაცულ იქნას სჯული და მცნებები (მაგ.: გამოცხ. 14:12; 22:14) ლაპარაკია არა მოსეს სჯულის ბუკვალურ მცნებებზე მათი ძველაღთქმისეული გაგებით, სადაც ასო პრევალირებს შინაარსზე (ებრ. 7:16).
 
გამოცხადების ახალაღთქმისეული წიგნი ლაპარაკობს ქრისტეს სრულყოფილი სჯულის მცნებებზე, შეად.:
 
"მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით" (იაკ. 1:25).
 
"აქ არის წმიდათა მოთმინება, რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას" (გამოცხ. 14:12).
 
ამრიგად, ის პირდაპირ მოწმობს იმაზე, რომ მხოლოდ სრულყოფილი სჯულის აღმასრულებელთ, როგორც ქრისტეს სულიერი მეომრებს, რომელიც არის ქრისტეს ეკლესია, შეუძლიათ სძლიონ მხეცის გამოსახულებას და წინ აღუდგნენ უსჯულოებას, რადგან ეკლესია არა მარტო იბრძვის "მხეცის" წინააღმდეგ, არამედ სძლევს კიდევაც მას, მის "ხატებას", და მის "გამოსახულებას", ასევე "მხეცის სახელს" და "ხეცის სახელის რიცხვს".


მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому