განმარტება - სპილენძის ძველაღთქმისეული სამსხვერპლო - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
სპილენძის ძველაღთქმისეული სამსხვერპლო
სპილენძის ძველაღთქმისეული სამსხვერპლო
ხელთქმნილი კარვის ერთ-ერთი ყველაზე "შესამჩნევი" წმიდა საგანი, რომელსაც ძველაღთქმისეულ ღვთისმსახურებაში განეკუთვნებოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი (შეად.: გამ. 29:37; 40:10, მთ. 23:18-20), გახლდათ სპილენძის სამსხვერპლო ყოვლადდასაწველი მსხვერპლისთვის (გამ. 20:24), რომელიც კარვის შიდა ეზოში იდგა წმიდათა წმიდაში შესასვლელთან (გამ. 40:6; ლევ. 4:7, 18; 2 პარ. 1:5-6).
 
მოსეს საველე კარავში ეს სამსხვერპლო დამზადებული იყო სეტიმისგან (ლათ. lignis setthim), ანუ უდაბნოს აკაციისგან, რომლის მერქანი გამოირჩევა სიმტკიცითა და სილამაზით, და შემოჭედილი იყო სპილენძით (გამ. 27:1-2; 38:1-2), - ხოლო სოლომონის ტაძარში ის მთლიანად სპილენძისა იყო (2 პარ. 4:1). ამ სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეულობა (ქოთნები, ნიჩბები, თასები, ჩანგლები, აქანდაზები და სხვა, ასევე სპილენძისგან იყო დამზადებული.



"გააკეთე სამსხვერპლო ურთხელისგან, ხუთი წყრთა ჰქონდეს სიგრძე, ხუთი წყრთა - სიგანე. ოთხკუთხა იყოს სამსხვერპლო და სამი წყრთა ჰქონდეს სიმაღლე. გაუკეთე რქები ოთხსავე კუთხეში; კუთხეებიდან უნდა ამოდიოდეს რქები. სპილენძით მოჭედე ისინი. გაუკეთე ქვაბები ნაცრისთვის, ნიჩბები, ჩანგლები და აქანდაზები. მისი ყველა იარაღი სპილენძისგან გააკეთე" (გამ. 27:1-3).

გარდა ამისა, ყოვლადდასაწველი მსხვერპლის სამსხვერპლოს გააჩნდა ე. წ. "რქები", რომლებიც წარმოადგენდნენ კუთხეებზე, სამსხვერპლოს "საცავზე" ამაღლებულ გამონაშვერებს (გამ. 27:2; 38:2). რაც შეეხება სპილენძის სამსხვერპლოს ზომებს, - ის საკმაოდ დიდი იყო: მოსეს კარავში ყოვლადდასაწველი სამსხვერპლოს სიგანე იყო ხუთი წყრთა, სიგრძე ხუთი წყრთა და სამი წყრთა იყო სიმაღლე (გამ. 27:1; 38:1), - ხოლო სოლომონის ტაძარში მისი ზომები გახლდათ ოცი წყრთა ოცზე, სიმაღლე კი ათი წყრთა (2 პარ. 4:1).
(ე. ი. სპილენძის სამსხვერპლოს საერთო სიმაღლე, რომელიც სოლომონის ტაძრის შიდა ეზოში იდგა, შეადგენდა დაახლოებით 5 მეტრს, - "სტაციონარული" სატაძრო სამსხვერპლოს მნიშვნელოვან გაზრდას "საველე" სამსხვერპლოსთან შედარებით სრულიად პრაქტიკული აზრი ჰქონდა: სხვადასხვა მსხვერპლთა რცხვი, რომლებიც სოლომონის ტაძარში შეიწირებოდა, იმდენად დიდი იყო, რომ მცირე ზომის სამსხვერპლო უბრალოდ ვერ მისცემდა შესაძლებლობას ხალხს შეესრულებინათ მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებული სჯულის მოთხოვნები).
ძველაღთქმისეული ღვთისმსახურების წეს-განგების თანახმად, შიდა ეზოს სპილენძის სამსხვერპლოზე ისრაელის მღვდლებს უნდა დაეწვათ სხვადასხვა სახის პირუტყვი (რომლებიც იწოდებოდნენ მსხვერპლად "აღსავლენისთვის", "საძღვნოსთვის", "ცოდვისთვის", "დანაშაულისთვის", "ხელავსებისთვის" და "სამადლობელად" (ლევ. 7:37 და სხვა), ასევე "პურის შესაწირავი" (რომელსაც ემატებოდა "საძღვნო მარილი" (ლევ. 2:13) შეად. მკ. 9:49; კოლას. 4:6). ამასთან თვით ყოვლადდასაწველი სამსხვერპლოს სახელწოდება განპირობებული იყო ყოველდღიური შეწირვით, რომელსაც "ყოვლადდასაწველი მსხვერპლი" ეწოდებოდა და მთლიანად იწვებოდა. ეს იყო ორი კრავი, რომელთაგან ერთი სამსხვერპლოზე იდებოდა დილით, მეორე კი საღამოს (გამ. 29:38-43; 1 პარ. 16:40), ასევე ხორბლის ფქვილი, ზეთი და ღვინო (გამხ. 29:40-42) შეად. გამოცხ. 6:6).
 
ცხადია, რომ მრავალრიცხოვანი ყოველდღიური მსხვერპლშეწირვა ყოვლადდასაწველ სამსხვერპლოსთან მოითხოვდა "მსახურებას კაცთა ხელით" (საქმე 17:25), თანაც სჯულით განწესებული ყველა მოქმედებას აღასრულებდნენ კარავთან მომსახურე მღვდელ-ლევიტელები. თუმცა, ის ცეცხლი, რომელიც მუდმივად ენთო მოსეს კარვის სამსხვერპლოზე და იერუსალიმის ტაძარში, კარვისა და ტაძრის კურთხევის დროს სასწაულებრივად აღენთებოდა, ანუ პირდაპირ ჩამოდიოდა ციდან (ლევ. 9:24; 2 პარ. 7:1), - და შემდეგ მთელი დღე-ღამის განმავლობაში, დღითი დღე და წლიდან წლამდე არ აქრობდნენ.
 
ასე რომ ტაძარში შესვლისას სპილენძის სამსხვერპლოზე მუდმივად ენთო არა ჩვეულებრივი, არამედ "ჩაუქრობელი" წმიდა ცეცხლი, რომლის ჩვეულებრივი ცეცხლით შეცვლა არ შიძლებოდა (შეად."უცხო ცეცხლთან" დაკავშირებული მოვლენები (ლევ. 10:1-2; რიცხვ. 3:4)).
 
"უბრძანე აარონს და მის შვილებს: ეს არის-თქო აღსავლენის წესი: სამსხვერპლოზე უნდა იდოს აღსავლენი მთელი ღამე დილამდე; სამსხვერპლოს ცეცხლი უნდა ენთოს იქ ... ცეცხლი ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს; ყოველ დილას შეშა შეუკეთოს მღვდელმა და აღსავლენი დააწყოს ზედ; დაწვას მასზე სამადლობელი მსხვერპლის ქონი. ცეცხლი მუდამ ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს" (ლევ. 6:9-13).
 
რაც შეეხება ყოველდღიურ მსხვერპლშეწირვას, - ყოვლადდასაწველი მსხვერპლი სამსხვერპლოზე დილამდე უნდა დარჩენილიყო, და მთლიანად დამწვარიყო, ბუკვალურად ჩაფერფლილიყო (თუმცა, მსხვერპლშეწირვის სხვა სახეებში მსხვერპლის ნაწილი ეკუთვნოდათ ლევიტელებს, რომლებიც სამსხვერპლოდან იკვებებოდნენ (მეორე რჯლ. 12:27; ლევ. 6:14-16, 58-26; 7:6-10, 31-34). მეტიც, ყოვლადდასაწველი მსხვერპლის სისხლი სამსხვერპლოს არ ეპკურებოდა, როგორც ეს სხვა შემთხვევაში იყო მიღებული, არამედ მთლიანად ეძლეოდა ცეცხლს (ლევ. 1).
 
ამასთან მსხვერპლის სისხლი აუცილებლად  უნდა დაღვრილიყო მიწაზე "სამსხვერპლოს ძირში" (გამ. 29:12; ლევ. 4:7, 18 25, 30, 34; 8:15; 9:9), და ამავე სისხლით კარვის შიგნით უნდა ცხებულიყო კარვის მეორე სამსხვერპლოს რქები, ანუ ოქროს სასაკმევლე სამსხვერპლოდან (გამ. 30:10, ლევ. 4:5-7, 16-18). მაგრამ თვით ცოდვისთვის შეწირული მსხვერპლი, რომლის სისხლის განწმენდდა სპილენძის სამსხვერპლოს და შეიტანებოდა "განსაწმენდი ცხებისთვის" საკურთხეველში, სამსხვერპლოზე არ იდებოდა, და არც ლევიტელებს მიეცემოდა, - არამედ გაჰქონდათ კარვის გარეთ და ბანაკის გარეთ "სუფთა ადგილზე" უნდა დაეწვათ (გამ. 29:14, ლევ. 4:11-12, 21; 6:30; 8:17; 9:11, შეად. – ებრ. 13:12).
 
ყოვლადდასაწველი სამსხვერპლოს ნიშანდობლივ თავისებურებებს განეკუთვნება ის ვითარება, რომ ასეთი სამსხვერპლოს მოწყობა შესაძლებელი იყო მიწისგან, ან დაუმუშავებელი ქვებისგან. გარდა ამისა, არსებობდა განსაკუთრებული აკრძალვა ყოვლადდასაწველ სამსხვერპლოსთან არ ასულიყვნენ საფეხურების მეშვეობით (ანუ "ათი წყრთით" ასულიყვნენ იქ, სადაც მსხვერპლი ცეცხლზე იდებოდა, მღვდელ-ლევიტებს მხოლოდ პანდუსზე დახრა შეეძლოთ):
 
"მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა. ყოველ ადგილას, სადაც კი დავთქვამ ჩემი სახელის ხსენებას, გამოგეცხადები და დაგლოცავ. თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისაგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა კვერს, წაიბილწება იგი. საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე" (გამ. 20:24-26).  
(საველე კარვის სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც ბანაკიდან ბანაკზე გადასვლისას ლევიტელებს გადაჰქონდათ კარვის მთელ მოწყობილობასთან ერთად, შიგნით ცარიელი იყო, - და ყოველი ახალი დადგმის შემდეგ ეს სიცარიელე მიწით ივსებოდა. ანუ "გადასატანი" სამსხვერპლო მოწყობილი იყო გამ. 20:24, 27:8-ის შესაბამისად.

ხოლო "სტაციონარული" სამსხვერპლო ღმრთის გამოცხადების ადგილებში, ანუ სინას მთაზე, ბეთელში და ა. შ., აიგებოდა არა "მიწისგან", არამედ "გაუთლელი ქვებისგან". გარდა ამისა, ქვებისგან იყო შემდგარი იესუ ნავეს მიერ აგებული სამსხვერპლო იქ, სადაც მან იორდანეზე გადაიყვანა ისრაელი და გებალის მთქაზე, - ასევე წინასწარმეტყველ ილიას სამსხვერპლო კარმელის მთაზე).

ამასთან ისრაელის ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც შესაწირი მსხვერპლის უზარმაზარი რაოდენობის გამო ყოვლადდასაწველი სამსხვერპლოს როლს ასრულებდა სატაძრო ეზოს მთელი ცენტრალური ნაწილი, - ანუ "მიწისგან აგებული სამსხვერპლო" ხდებოდა ბუკვალურად "სატაძრო" მიწა, შეად.:
 
"განწმინდა სოლომონმა შუა ეზო უფლის სახლის წინ, რადგან აღავლინა იქ აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლის ლურთი, რადგან სოლომონის გაკეთებულმა სპილენძის სამსხვერპლომ ვეღარ დაიტია აღსავლენი ძღვენი და ლურთები" (2 პარ. 7:7).
 
აღსანიშნავია ის ვითარება, რომ სამსხვერპლოები, რომლებზეც იწირებოდა ყოვლადდასაწველი მსხვერპლი, პატრიარქებისა და ისრაელი ხალხის ისტორიაში საკმაოდ ბევრი იყო (ნოეს სამსხვერპლო, აბრაამის სამსხვერპლო, იოაკობის სამსხვერპლო, მოსეს სამსხვერპლო, იესუ ნავეს ძის სამსხვერპლო, გედეონის, საულის და დავითის სამსხვერპლოები და სხვა). მაგრამ იერუსალიმის ტაძრის აგების შემდეგ ერთადერთ "მუდმივ" და ჭეშმარიტ სამსხვერპლოდ ისრაელისა მიიჩნეოდა სატაძრო სამსხვერპლო, რომელიც შიდა ეზოში იდგა საწმიდარში შესასვლელის წინ:
 
"ნუმც იყოფინ, რომ განვდგომოდით უფალს და ზურგი შეგვექცია მისთვის, რომ სამსხვერპლო აგვეშენებინა აღსავლენისთვის, ძღვენისათვის და საკლავისთვის გარდა უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოსი, მისი სავანის წინ რომ დგას" (ის. ნავ. 22:29).
 
ამგვარად, სპილენძის სამსხვერპლოს წესები, და ის სჯულდებები, რომელთა თანახმადაც ხორციელდებოდა მსახურება ამ სამსხვერპლოსთან, წარმოადგენდა წეს-განგებათა და სჯულდებათა საკმაოდ რთულ სისტემას. და თუმც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს დეტალები შორეულ წარსულს ჩაბარდა, და დღეს უკვე არააქტუალურია, - ბუკვალურად ყოველი დეტალი, რაც სპილენძის სამსხვერპლოს უკავშირდება ძველაღთქმისეულ დადგენილებებში, წინასახეობრივი წინასწარმეტყველური მოწმობაა იმ დროებასა და მოვლენებზე, რომლებიც ახალაღთქმისეულ პერიოდში უნდა აღსრულებულიყო, და რომელსაც ყველაზე უშუალო კავშირი უნდა ჰქონოდა იოანე მახარობლის გამოცხადების სიუჟეტებთან და სიმბოლოებთან.


მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому