აპოლოგეტიკა - სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ ნეტ. ავგუსტინეს "საღმრთო ქალაქის" მიხედვით - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ ნეტ. ავგუსტინეს "საღმრთო ქალაქის" მიხედვით
ზეციური ქალაქი იერუსალემი
შინაარსი:
 
 
ავტორი: კამენეც-პოდოლსკისა და ბრაცლავის ეპისკოპოსი ამბროსი (პოლიანსკი).
 
 
წინათქმა
 
 
შესავალი
 
 
წინასწარი ცნობები ნეტ. ავგუსტინეს "საღმრთო ქალაქის" შესახებ - თხზულების გაჩენის ისტორიული ვითარებები, მისი მნიშვნელობა, მიზანი, ამოცანა, გეგმა, შინაარსის დაყოფა. ჩვენი ნაშრომის წყაროები და სახელმძღვანელოები.
 
 
თავი I
 
სახარებისეული სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ
 
 
თავი II
 
ღმრთის სასუფევლის სახელწოდება მის შესახებ ავგუსტინეს სწავლებაში
 
 
თავი III
 
ღმრთის სასუფევლის შინაგანი ბუნება, არსი და გარეგანი ისტორია ნეტ. ავგუსტინეს სწავლების მიხედვით
 
1. ღმრთის სასუფევლის მეფე და მისი თვისებები
 
2. ღმრთის სამეფოს ქვეშევრდომები და მათი დახასიათება. მიწიერი სამეფოს საწყისი ისტორია, მისი წევრები და მათი დახასიათება


თავი IV
   
ღმრთის სამეფოს "საიდუმლონი" მის შესახებ ნეტ. ავგუსტინეს სწავლებაში. მიწიერი სასუფეველი.
 
 
თავი V
 
დამატებითი შენიშვნები ნეტ. ავგუსტინეს სწავლებასთან დააკვშირებით ღმრთის სასუფეველზე და დეკ. სვეტლოვის შეხედულება ამ სწავლებაზე
 
 
დასკვნა
 
ნეტ. ავგუსტინეს სწავლების მნიშვნელობა ღმრთის სასუფეველზე დედამიწაზე ოქროს საუკუნის დამყარების თანამედროვე მოლოდინებთან მიმართებაში
 
 
***
 
 
წინათქმა
 
საკითხი ღმრთის სასუფევლის შესახებ ჩვენს საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ნაკლებად დამუშავებულია, თუმცა, ახალი აღთქმის ამ სფეროში შრომები ჯერაც გაგვაჩნია. სამაგიეროდ წმიდა ეკლესიის მამათა და მოძღვართა თხზულებების გამოკვლევები საერთოდ არ გვაქვს. არის მხოლოდ ერთი თხზულება, რომელიც თავის მიზნად ისახავს ნეტ. ავგუსტინეს სრული მსოფლმხედველობის გადმოცემას. ჩვენ ვგულისხმობთ თავად ევგენი ტრუბეცკოის ნაშრომს:  "დასავლური ქრისტიანობის რელიგიურ-საზოგადოებრივი იდეალი V საუკუნეში. ნაწილი I. ნეტ. ავგუსტინეს მსოფლმხედველობა". ამ ნაწარმოების ერთი ნაწილი, სხვათა შორის, წარმოადგენს ნეტ. ავგუსტინეს სწავლების გადმოცემას ღმრთის სასუფველზე მისი თხზულების "ღმრთის ქალაქის" მიხედვით. მაგრამ ეს არის მთლიანი გამოკვლევის მხოლოდ ნაწილი, რომელიც თავის სპეციალურ მიზნად არ ისახავს ღმრთის სასუფევლის შესახებ ნეტ. ავგუსტინეს სწავლების სრულ დამუშავებას. ეს უკანასკნელი (სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ) აქ გადმოცემულია მოკლედ, მხოლოდ ზოგადად. თანამედროვე რუსულ საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ღმრთის სასუფევლის შესახებ ამგვარი გამოკვლევის არარსებობის გამო ყოველგვარი ძალისხმევა, რომელიც სპეციალურად მიმართული იქნებოდა ეკლესიის წმიდა მამათა და მოძღვართა თხზულებების მიხედვით ღმრთის სასუფევლის შესახებ სწავლების განსახილველად, ძლიერ სასურველია.
 
თანამედროვე საერო ლიტერატურის ამ მიმართულებას საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებსაც თუ მივუერთებთ, ნაშრომის შექმნის სურვილი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ცნობილია, რომ ბოლო დროს ყველგან შეინიშნება ადრინდელი იდეალებისგან საზოგადოების მობრუნება და ახლის ძიება, საგანთა აწმყო მდგომარეობით უკმაყოფილება და ცხოვრების განახლების წყურვილი. ტანჯვამ და მონობამ შეურაცხყო კაცობრიობა, რაც მას ძლიერ მოყირჭდა; ის ეძებს, ელის შემსუბუქებას, სიმშვიდეს, განახლებას; ის თავის ცნობერებასა და გულში ღმრთის სასუფეველს და დედამიწაზე ოქროს საუკუნეს ნატრობს.
 
ლიტერატურა, როგორც ყოველთვის, ასახავდა რა ამ ოცნებებს, საზოგადოების მოლოდინებს, ამავდროულად მას სთავაზობდა ეს ოცნებები ცხოვრებაში, რეალურ ყოფიერებაში გადაეტანა. დღეს ბევრია კაცობრიობაზე მზრუნველი. ყველა მათგანს ერთმანეთში რაღაც საერთო გააჩნიათ, მომავალი ოქროს საუკუნე დედამიწაზე უხეშ-გრძნობით, მატერიალურ კეთილდღეობად წარმოუდგენიათ.
 
მათი აზრით, ღმრთის სასუფეველი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები ამ მიწიერი ცხოვრების სიკეთეებით დაუბრკოლებლად ისიამოვნებენ იმ ზომით, რა ზომითაც შეძლებს ამას თითოეული მათგანი. ღმრთის სასუფევლის განხორციელების საშუალებებთან დაკავშირებით კი ჩვენს რუსულ ლიტერატურაში შეიძლება აღვნიშნოთ რამოდენიმე მიმართულება. ასე, მაგალითად, ლ. ნ. ტოლსტოი თავისი მიმდევრებითურთ დედამიწაზე ღმრთის სასუფევლის დაფუძნების ერთადერთ პირობად მიიჩნევს  ბოროტებისადმი თავის წინაღუდგომლობას თავისი სახარების სხვა მცნებებთან ერთად. "პროგრესისტები" დედამიწაზე ოქროს საუკუნის დამყარების მთელ სასოებას უკავშირებენ მხოლოდ კაცობრიობის ბუნებრივ პროგრესს, მისი ცხოვრების ყველა სფეროში. მარქსისტები დედამიწაზე უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის საშუალებას ხალხის ეკონომიკური ცხოვრების პირობების გარდაქმნაში ხედავენ. და ბოლოს, ე. წ. სოციალ-დემოკრატები - საზოგადოების გარდაქმნაში, ქვეყნის სახელმწიფოებრივი წესრიგის შეცვლაში, და მნიშვნელობა არა აქვს მათთვის მშვიდობიანი გზით განხორციელდება ეს თუ ძალადობრივი გზით.
 
ყველა ამ მიმართულებებთან დაკავშირებით, ღმრთის სასუფევლის საკითხის გამოკვლევას ეკლესიის მამათა და მოძღვართა სწავლებების მიხედვით ის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, რომ ამ მიმართულებათა წარმომადგენლებს აჩვენებს, თუ როგორ ესმით ღმრთის სასუფეველი ეკლესიის მამებსა და მოძღვრებს, აქედან გამომდინარე, როგორი საშუალებები შეიძლება არსებობდეს მისი (ღმრთის სასუფევლის) განსახორციელებლად დედამიწაზე და რა ზომით არის შესაძლებელი ის (ღმრთის სასუფეველი) დედამიწაზე; ამ ყველაფრით კი აჩვენებს, სწორად ესმით თუ არა ღმრთის სასუფეველი მის თანამედროვე მაძიებლებს, სწორ საშუალებებს გვთავაზობენ თუ არა დედამიწაზე მის დასაფუძნებლად და, აქედან გამომდინარე, შეუძლიათ თუ არა ელოდონ მას, თუ მათი ოცნებები ოცნებებადვე უნდა დარჩეს.
 
ძვირფას თანამემამულეთა ყურადღებას მივაპყრობთ ნეტ. ავგუსტინეს სწავლების შეძლებისამებრ განხილვას ღმრთის სასუფეველზე, როგორც ის არის გადმოცემული მის თხზულებაში "საღმრთო ქალაქის შესახებ". ნეტარი ავგუსტინეს სწავლებას სწორედ იმიტომ გთავაზობთ, რომ მის სწავლებას ეკლესიის სხვა მოძღვრებთან შედარებით, მიცემული აქვს დასრულებული სახე: ეკლესიის ყველა მამათა და მოძღვართაგან მხოლოდ ნეტარმა ავგუსტინემ დაწერა სპეციალური ტრაქტატი ღმრთის სასუფევლის შესახებ.
 
 
შესავალი
 
წინასწარი ცნობები ნეტ. ავგუსტინეს თხზულებაზე "საღმრთო ქალაქის შესახებ" - თხზულების გამოჩენის ისტორიული ვითარებები, მისი მნიშვნელობა, მიზანი, ამოცანა, გეგმა და შინაარსის დაყოფა. ჩვენი თხზულების წყაროები და სახელმძღვანელოები.
 
ვფიქრობთ, ზედმეტია ნეტ. ავგუსტინეს მშვენიერი და იშვიათი ბიოგრაფიის აქ გადმოცემა: ღმრთის სასუფევლის შესახებ მისი სწავლების მართებული გაგებისთვის, შედეგად კი, ჩვენი ნაშრომისაც, მისი ცხოვრების ფაქტებს უშუალო მნიშვნელობა არ გააჩნიათ. ხოლო მისი ცხოვრებით დაინტერესებულთ, შეუძლიათ მას გაეცნონ საკუთრივ მისავ "აღსარებაში", და სხვადასხვა ავტორთა მრავალ წიგნებში, რომლებიც მოკლედ თუ უფრო ვრცლად გადმოსცემენ დიდი იპონიელი ეპისკოპოსის ცხოვრების ვითარებებს. ჩვენ კი პირდაპირ შევუდგების მისი თხზულების "საღმრთო ქალაქის" განხილვას და რამოდენიმე ცნობას მხოლოდ მის შესახებ გაცნობებთ. ჩვენ აქ გავიგებთ თხზულების გამოჩენის ისტორიულ ვითარებებს, მის მნიშვნელობას, მიზანს, ამოცანას, გეგმას და ა. შ. ეს ყოველივე კი ნათელს მოჰფენს თვით ნეტ. ავგუსტინეს სწავლებას ღმრთის სასუფევლის შესახებ.
 
ნეტ. ავგუსტინეს ხსენებული თხზულების გაჩენის ისტორიული ვითარებებისა და წარმართობასთან ბრძოლის მისი მნიშვნელობის გამოსარკვევად, საჭიროა, შეძლებისდაგვარად, მთელი სისრულით განვიხილოთ ისტორიული ვითარებები და ქრისტიანობისა და წარმართობის დაპირისპირების მდგომარეობა იმ პერიოდში, რომელიც წინ უძღოდა მის გამოჩენას. მაგრამ რადგან ეს უკანასკნელი ნაშრომი (იხ.М. Красин "Творение блаженного Августина "De civitate Dei" как апология христианства в его борьбе с римским язычеством". Казань, 1873) გაკეთდა ჯერ კიდევ ჩვენამდე, არასაჭირო განმეორებების თავიდან ასაცილებლად დასაშვებად მივიჩნევთ არ გადმოვცეთ იგი მთელი სისრულით, არამედ მხოლოდ მოკლედ მივანიშნოთ ის მდგომარეობები, რომლებიც საკმარისი სიცხადით მიუთითებენ ავგუსტინეს თხზულების გამოჩენის მიზეზებსა და ვითარებებს.
 
ეს მდგომარეობები შემდეგია.
 
როდესაც ქრისტიანობა გაცნდა, წარმართობას ნებსით თუ უნებლიედ თავისი დამოკიდებულება უნდა გამოემჟღავნებინა მისდამი. თავიდან მან ქრისტიანობას ყურადღება არ მიაქცია, რადგან ქრისტიანობას იუდეველობის ერთ-ერთ სექტად მიიჩნევდა. მაგრამ ქრისტიანობის ახლოს გაცნობამ წარმართებს აჩვენა, რომ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება: მისი ტენდენციები საკმაოდ დიდია, და რაც მთავარია - რომაელ წარმართებს ენათესავება (ჩვენც სწორედ ქრისტიანობასთან მათი დამოკიდებულება გვაინტერესებს). ეს უკანასკნელნი, როგორც ცნობილია, სრულიად იყვნენ გატაცებულნი სახელმწიფოთი. ისინი ყველაფერ დანარჩენს მას სწირავდნენ.
 
რომაელი წარმართებისთვის სახელმწიფო საკუთრივი აზრით ღმერთიც კი იყო, მისი განხორციელება კი - იმპერატორი გახლდათ. მსოფლიო მონარქია - აი ძველ რომაელთა სანუკვარი ოცნება. ქრისტიანობაც სწორედ იმას აცხადებდა, რომ ის მოწოდებულია დაიპყროს ყველა ხალხი. წარმართთაგან ზოგმა მას საკუთარი მიზნის განხორციელების საშუალებად მიიჩნია, რადგან იმ დროისთვის წარმართობა უკვე გაცვდა, დაძველდა და ამიტომაც ქრისტიანობაში გადავიდნენ; სხვები კი, პირიქით, მას შეხვდნენ, როგორც საშიშ მეტოქეს ერთსა და იმავე საქმეში და, რა თქმა უნდა, ყველა ღონეს იყენებდნენ იმისთვის, რათა გზიდან ჩამოეშორებინათ.
 
იწყება ბრძოლა წარმართობისა ქრისტიანობასთან. პირველ პერიოდში, კონსტანტინე დიდამდე და ქრისტიანობის გამარჯვებამდე, ეს ბრძოლა კონცენტრირებული იყო ამ უკანასკნელის გარეგან მხარეზე - კერძო, საშინაო ცხოვრებაზე, ქრისტიანთა ქცევაზე, ღვთისმსახურებაზე და განსაკუთრებით მათ დამოკიდებულებაზე სახელმწიფოსადმი. ქრისტიანობის შინაგანი მხარე, მისი სწავლა-მოძღვრება, წარმართებს არ აინტერესებდათ.
 
კონსტანტინე დიდის დროს ქრისტიანობა გაბატონებული რელიგია გახდა. მაგრამ ბრძოლა მაინც არ წყდებოდა. იმპერატორის მიერ ქრისტიანობის მიღებით, წარმართები არ დაიბნენ. თავიანთი ადრინდელი, დაძველებული ნაგებობა მათ ახალ საფუძველზე გადაიტანეს. ასეთ საფუძვლად მათ გამოადგათ ნეოპლატონიზმი - ეკლექტიკური მსოფლმხედველობა, რომელიც წარმოადგენდა ყველა იმდროინდელი რელიგიური და რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლების ნაზავს, რომლიდანაც არც ქრისტიანობა გამოირიცხებოდა.
 
ამ ნეოპლატონიზმით განახლებული წარმართობა ახალი ძალებით აგრძელებს ბრძოლას ქრისტიანობის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის დროს პირველის რიგებში ქრისტიანობასთან მიმართებაში ჩნდება ორი ძირითადი მიმართულება.
 
წარმართთაგან ერთი პარტია, კონსერვატიულ-პოლიტიკური, ქრისტიანობისადმი თავის დამოკიდებულებებში ადრინდელ ნიადაგზე იდგა. ქრისტიანობას ის უყურებდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით და უარყოფდა მას როგორც რელიგიას, რომელიც სრულებით არ მიესადაგებოდა რომაულ სახელმწიფო წყობილებას. წარმართობამ რომს მისცა დიდება და ბრწყინვალება; მისცემს კი ამ უკანაკსნელს ქრისტიანობა, უცნობია, - აი მათი მთავარი საფუძველი ქრისტიანობის უარსაყოფად.
 
მეორე პარტია, მეცნიერთა და რაციონალისტთა, ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო შორს წავიდა. მან განიზრახა თავს დასხმოდა ამ უკანასკნელის სწავლა მოძღვრებას, მის ძირითად პუნქტებს. ამგვარად, ამ პარტიაში ბრძოლა ქრისტიანობასა და წარმართობას შორის პირველის გარეგანი მხარიდან მის შინაგან მხარეზე გადადის. ამ ფაზაში ის წინამორბედზე უფრო სერიოზული იყო, მაგრამ მაინც დიდ საშიშროებას ვერ უქმნიდა ქრისტიანობას.
 
საქმე იმაშია, რომ ნეოპლატონიზმი, რომელმაც ქრისტიანობის მტრები გააღვიძა, მათ მიერ არ ყოფილა ათვისებული, როგორც მთლიანი სისტემა, რომელიმე პირთან ან სკოლასთან მიმართებაში, არამედ ნაგლეჯებად, ნაწყვეტებად. ამის გამო წარმართების თავდასხმა ქრისტიანობაზე ატარებდა კერძო, ცალკეულ ხასიათს, ანუ წარმართები ვერ უარყოფდნენ ქრისტიანობას, როგორც მთლიან დოქტრინას, მის შინაგან საფუძვლიანობას, არამედ თავს ესხმოდნენ მის მხოლოდ ცალკეულ პუნქტებს, რომლებიც მათ განსაკუთრებულად სუსტად მიაჩნდათ. ეს ბრძოლა, პროფ. კრასინის მოსწრებული გამოთქმით, ატარებდა "პარტიზანულ ხასიათს". უფრო საშიში თავდასხმები ქრისტიანობას ელოდა მომავალში.
 
V საუკუნის დასაწყისი ერთ-ერთი ყველაზე უბადრუკი დროება რომის სახელმწიფოს ისტორიაში. მეზობელი ველური ტომების თავდასხმები, რომლებიც ამ დროიდან დაიწყო, თითქმის არ წყდებოდა. გუთებმა ალარიხის მეთურობით, ერთი წლის შემდეგ კი რადაგაისის ხელმძღვანელობით, რომელსაც შემდეგ უშუალოდ მოჰყვა სტილიქონი, შემდეგ კი ისევ ალარიხი, - სწრაფად დაამხეს რომის ძლიერება. ხოლო რომის იმპერია, ჯერ კიდევ მანამდე, ადრინდელ ხელისუფალთა სულმოკლეობითა და უდარდელობით დაუძლურებული, ვერ იყო შემძლე წარმატებით აღდგომოდა ველურ ტომთა თავდასხმებს და ხანმოკლე, ზოგჯერ წარმატებული წინააღმდეგობისდა მიუხედავად, საბოლოოდ დაეცა.
 
410 წელს რომი აიღო ალარიხმა და თავის მეომრებს გადასცა გასაძარცვავად. თვით ქალაქი დაინგრა; მცხოვრებლები ზოგი დახოცეს, ზოგს კი პატივი აჰყარეს, ნაწილი კი ტყვედ წაასხეს; ქონება, ოქრო და ძვირფასი ქვები გაიტანეს; ხელოვნების ძეგლები დაწვეს და გაანადგურეს. ქებული რომი, მთელი მსოფლიოს ეს ამაყი მმართველი, როგორც წარმართები ფიქრობდნენ, ნანგრევებად იქცა. შთაბეჭდილება, რომელიც რომის დაცემამ ქრისტიანებზე, განსაკუთრებით კი წარმართებზე მოახდინა, გამაოგნებელი იყო.
 
რა იყო ამ საშინელი მოვლენის მიზეზი? აი კითხვა, რომელიც უპირველესად იბადებოდა უკვე გაოგნებული წარმართების გონებაში, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ თავიანთი ისტორიის ყველა მოვლენაში დაენახათ ღმერთების ან წყალობა ან კიდევ სასჯელი. მათ წარმოდგენაში შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ორი მიზეზი: პირველი - ღმერთებმა თავიანთი თაყვანისმცემლები დასაჯეს ქრისტიანობის დაშვებისთვის, რომელიც ღმერთებს უარყოფდა; მეორე კი - ქრისტიანთა ღმერთი სჯიდა წარმართებს ქრისტიანობისადმი მათი მტრობისთვის. მაგრამ წარმართებს არ შეეძლოთ დაეშვათ მეორე მიზეზი, რადგან მათთან ერთად გაპარტახების უბედურება თავს დაატყდათ ქრისტიანებსაც. მაშასადამე, რჩება მხოლოდ ერთი - რომი დაეცა ქრისტიანთა მიზეზით. და აი, ნიაღვარივით წამოვიდა ბრალდებები ქრისტიანებზე. ყველანი აღდგნენ ქრისტესა და ქრისტიანთა წინააღმდეგ. ბრალდებებს, გმობებს, ცილისწამებებს, კიცხევას, დაცინვებს დასასრული არ უჩანდა. ქრისტიანობის არსებობა უკვე საფრთხის წინაშე დადგა. ადრე თუ წარმართობა ქრისტიანული სწავლა-მოძღვრების ცალკეულ პუნქტებს ესხმოდა თავს და მშვიდად განიხილავდა მის ავკარგიანობას, ამჯერად მთელი ძალით და ბოღმით დაატყდა მთელ ქრისტიანობას, მის შინაგან მნიშვნელობას, როგორც რომის დაცემის მიზეზს და თავისი აგრესია მისი ყველა პუნქტის წინააღმდეგ მიმართა. "გმობდა და კიცხავდა მათ, როგორც საღ აზრთან შეუთავსებელთ, როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი პირობების საწინააღმდეგოს", და ამავდროულად, "საკუთარ რაციონალურ და მისტიკურ დოქტრინებს უპირისპირებდა" (Красин М. С. 140).
 
რომაელ ღვთაებათა თაყვანისცემა - იმპერიის თავმომწონეობისა და დიდების მიზეზია; ხოლო ქრისტიანობა, რომელიც მკრეხელურად უარყოფდა იმ ღმერთებს, - რომის დაცემის მიზეზი. აი, ის მთავარი თემა, რომლის ირგვლივაც ტრიალებდა ქრისტიანობის საწინააღმდეგო ყველა ბრალდება. საჭირო გახდა ამ უკანასკნელის დაცვა. მაგრამ იმდროინდელი სასულიერო დასი გამოირჩეოდა არა მარტო უმეცრებით, არამედ განუყოფლად იყო დაკავშირებული ცრურწმენებთან, ფუფუნებასთან, სიმდიდრესთან, სიხარბესთან, აქედან გამომდინარე კი ახასიათებდა უწმინდური ცხოვრება და თვით რწმენის მერყეობაც. ქრისტიანობის ასეთი წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, მის დაცვას ვერ შეძლებდნენ. და ასეთ დროს მხოლოდ ერთს, მაგრამ დიდ ადამიანს შეეძლო საკუთარ მხრებზე ეზიდა ქრისტიანობის წინააღმდეგ წარმართობის მხრიდან წამოყენებულ ბრალდებათა მთელი სიმძიმე, დაეცვა პირველი და  უარეყო მეორე. ჩვენ ვგულისხმობთ ნეტარ ავგუსტინე იპონიელს.
 
თავის თხზულებაში "საღმრთო ქალაქის შესახებ" მან წარმართებს აჩვენა, რომ ქრისტიანობა არა მარტო არ ეწინააღმდეგება საღ აზროვნებას, არამედ სწორედ ის პასუხობს მის მოთხოვნებს, სწორედ ის განსაკუთრებულად სასარგებლოა ადამიანთა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისთვის; რომ ქრისტიანობა არა თუ არ იყო მიზეზი იმპერიის დაცემისა, არამედ ქრისტე კიდევ წყალობდა რომაელ წარმართებს; პირიქით, წარმართობაა სწორედ სიცრუე, მოტყუება, ცრურწმენა, ჯანსაღ აზრთან შეუსაბამობა; სწორედ მან გახრწნა ფიზიკურად და სულიერად რომაელი მოქალაქეები, ხოლო რომის იმპერია დანგრევამდე მიიყვანა. აქედან, რომი თავის წარმართობასთან ერთად უნდა დაცემულიყო - მხოლოდ ღმრთის ქალაქი დგას მარად ურყევად. სწორედ მასში უნდა გადავსახლდეთ, და მხოლოდ მასში არის შესაძლებელი ცხოვრება.
 
ასეთია ისტორიული წარმომავლობა, მნიშვნელობა და უახლოესი მიზეზი ნეტ. ავგუსტინეს თხზულების "საღმრთო ქალაქის"გამოჩენისა.
 
უკვე ნათქვამიდანაც ნათლად ჩანს დიდი წმინდანის შრომის მთავარი მიზანი - ეს არის ქრისტიანობის დაცვა და წარმართობის უარყოფა, ღმრთის ქალაქის სიდიადის ჩვენება მის საპირისპირო მიწიერ ქალაქთან შედარებით.
 
აქედან ნათელი იყო ნეტ. ავგუსტინეს ამოცანაც - გადმოეცა წარმართობის დოქტრინები მათი კრიტიკული განხილვით და წარმოეჩინა ქრისტიანობის დოგმატური შინაარსი და ისტორიული მნიშვნელობა; სხვაგვარად რომ ვთქვათ - აღწერა ღმრთის ქალაქი მის წარსულ, აწმყო და მომავალ მდგომარეობაში, პარალელურად კი - დაეხატა მიწიერი ქალაქი, მათი შედარების მიზნით, რათა განდიდებულიყო ღმრთის ქალაქი, რადგან ყოველი საგანი სხვასთან შედარების გზით უკეთ შეითვისება, ვიდრე თავისთავადი განხილვისას.
 
თავის მხრივ, აქედან პირდაპირ განისაზღვრება ნეტ ავგუსტინეს თხზულების გეგმა და შინაარსის დაყოფა. სრულიად ბუნებრივია, რომ ნეტ. ავგუსტინე თავისი თხზულების პირველ ნაწილს უძღვნის წარმართობის განხილვას და უაროფას, როგორც ის აისახა მისი საუკეთესო წარმომადგენლების - პლატონის, აპულეოსის, ვარონისა და სხვების დოქტრინებში. მეორეში ის გადმოსცემს თავის დადებით შეხედულებებს ქრისტიანობაზე წარმართთა შეხედულებების უარყოფით და ამის პარალელურად - გვაძლევს ქრისტიანობის გარეშე, უფრო ზუსტად, ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე მყოფ ხალხთა ისტორიული ხვედრის აღწერას და გვაძლევს მათ დახასიათებას.
 
ამგვარად ნეტ. ავგუსტინეს თხზულება "ღმრთის ქალაქის შესახებ" იყოფა ორ მთავარ ნაწილად: პირველი - უარყოფითი, რომელიც მოიცავს პირველ ცხრა წიგნს, და მეორე - დადებითი, რომელიც შედგება ბოლო თორმეტი წიგნისგან. ყველა ეს მთავარი ნაწილი კიდევ იყოფა პატარ-პატარა ნაწილებად.
 
პირველი ნაწილის პირველი წიგნი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მთელი თხზულების შესავალი. აქ ნეტ. ავგუსტინე მიმოიხილავს წარმართთა ანტიქრისტიანულ შეხედულებებს, რომლებიც უშუალოდ რომის დანგრევის ფაქტით არის გამოწვეული) ქრისტიანობა - სახელმწიფოს ნგრევის მიზეზია; ქრისტიან ქალთა შეურაცხყოფა და სხვა).
 
პირველი ნაწილის შემდეგი ცხრა თავი შეიცავენ ორ მთავარ აზრს და ამიტომაც იყოფიან ორ მცირე ნაწილად. წარმართთაგან ერთნი თავიანთ ღმერთებს პატივს მიაგებდნენ იმიტომ, რომ მათგან დროებით სიკეთეებს მოელოდნენ. პირველ ოთხ თავებში ცხრიდან, ანუ მე-2 თავიდან მე-5 თავის ჩათვლით, ნეტ. ავგუსტინე უარყოფს წარმართობის ამ ცდომილებას.
 
სხვა წარმართები ამბობდნენ, რომ ღმერთები მარადიული ცხოვრების გამო უნდა იქნან პატივდებულნი. დანარჩენ ხუთ თავში ცხრიდან, ანუ მე-6 თავიდან 10-ე თავის ჩათვლით, ნეტ. ავგუსტინე ამტკიცებს წარმართთა ამ შეხედულების უსუსურობას.
 
მეორე მთავარი ნაწილი იყოფა სამ მცირე ნაწილად: პირველი - თავები 11-დან 14-ეს ჩათვლით - ორივე ქალაქის ღმერთების წარმომავლობა; მეორე - თავები 15-დან 18-ეს ჩათვლით- მათი გაგრძელებაა და, ბოლოს, მესამე - თავები 19-დან 22-ეს ჩათვლით - ერთისა და მეორეს საბოლოო ხვედრი.
 
ახლა შეგვეძლო შევდგომოდით თვით ნეტ. ავგუსტინეს სწავლების გადმოცემას საღმრთო ქალაქის შესახებ. მაგრამ სანამ ამას ვიზამდეთ, სასარგებლოდ მივიჩნევთ გადმოვცეთ ახალაღთქმისეული სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ. ვფიქრობთ, რომ ამით ჩვენი თხზულება არანაკლებ მოიგებს თავისი სისრულითა და სიცხადით. თვით ნეტ. ავგუსტინეს სწავლებით საგნები შედარების მეშვეობით უფრო მკაფიოდ წარმოაჩენენ ჩვენს წინაშე მათ განმასხვავებელ თავისებურებებს (Блаженный Августин. О Граде Божием. Книга 1, глава 35, страница 59. Издательство Спасо-Преображенского Валаамского монастыря. М., 1994, в четырех томах. Репринт. Киев, 1905-1910) (შემდგომ ციტატებში ჩვენ მივუთითებთ მხოლოდ წიგნს (რომაული ციფრი), თავს (არაბული ციფრი) და გვერდს (არაბული ციფრი) ნეტ. ავგუსტინეს ამ გამოცემიდან).
 
ხოლო ახალაღთქმისეული სწავლების გადმოცემაში ჩვენ გვექნება სხვა "საგანი", რომლის შედარებასაც შევძლებთ ნეტ. ავგუსტინეს სწავლებასთნ. ამით თხზულების სისავსეც მოიგებს, რადგან გადმოცემული იქნება არა მარტო ნეტ. ავგუსტინეს სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ, და თავისთავად ნათელიც გახდება მისი (სწავლების) დამოკიდებულება სახარებისეულ სწავლებასთან იმავე საგანზე. გარდა ამისა, ჩვენ რომ არ გადმოგვეცა სახარებისეული სწავლება ღმრთის სასუფეველზე, ასეთ შემთხვევაში მოგვიწევდა სპეციალურ თავში ნეტ. ავგუსტინეს სწავლების სრული შეფასების მიცემა.
 
რაც შეეხება წყაროებს და სახელმძღვანელოებს, რომლებითაც ვიხელმძღვანელეთ წინამდებარე ნაშრომის დაწერისას, ღმრთის სასუფევლის შესახებ ნეტ. ავგუსტინესეული სწავლების გადმოცემისას ხელთ გვქონდა ერთადერთი წყარო - თვით ნეტ. ავგუსტინეს თხზულება "საღმრთო ქალაქის შესახებ".
 
სახელმძღვანელოთა შორის მთავარი მნიშვნელობა ჩვენთვის ჰქონდა მ. კრასინის თხზულებას: "Творение блаженного Августина "De civitate Dei» как апология христианства против язычества"". შემდეგ მას მოსდევენ თხზულებები: თავად ევგენი ტრუბეცკოის "Религиозно-общественный идеал западного христианства в V веке. Часть 1. Миросозерцание блаженного Августина". Москва, 1892; მღვდელმონაზონ გრიგოლის "Сочинение блаженного Августина "О Граде Божием" как опыт христианской философии истории". Харьков, 1891; ა. პ. ლოპუხინი "Промысел Божий в истории человечества". СПб., 1898; სკვორცოვი "Блаженный Августин как психолог"; ზოგიერთი თავი თხზულებებიდან: ლ. ი. პისარევის "Учение блаженного Августина, епископа Иппонского, о человеке в его отношении к Богу". Казань, 1894; ნ. როდნიკოვის "Учение блаженного Августина о взаимных отношениях между государством и Церковью". Казань, 1897.
 
ღმრთის სასუფევლის შესახებ ახალაღთქმისეული სწავლების უმთავრესი სახელმძღვანელოები გახლდათ:
 
"Новозаветное учение о Царстве Божием" —А. Иванов-ის თხზულება ყაზანის სასულიერო აკადემიის სტუდენტთა კრებულში. Выпуск 2-й. Казань, 1901; დეკ. პ. სვეტლოვის "Идея Царства Божия в ее значении для христианского миросозерцания (богословско-апологетическое исследование)", დაიბეჭდა 1902 წლის "საღვთისმეტყველო კრებულში" ("Богословский Вестник"). იწყება მაისის თვის წიგნიდან.
 
წაკითხულ იქნა: მ. ბოგოსლოვსკის "Идея Царства Божия в Ветхом и Новом Завете". დაიბეჭდა გამოცემაში "Православный Собеседник" 1887 წ., ნაწილი 3, გვ. 246-266; Н.Г. "Новозаветное учение о Царстве Божием в новейшей богословской литературе западной" — დაიბეჭდა ჟურნალში "Чтения в обществе любителей духовного просвещения" 1894 წ., წიგნი 12-ე, გვ. 747-814; ნ. მ. ივანცევის "Новое протестантское учение о Церкви в ее отличии от Царства Божия". დაიბეჭდა "მართლმადიდებლურ მიმოხილვაში" ("Православное Обозрение") 1878 წ, ივლისისა და ოქტომბრის წიგნებში; ვლადიმერ სოლოვიოვის "Царство Божие и Церковь в откровении Нового Завета", დაიბეჭდა "მართლმადიდებლურ მიმოხილვაში" ("Православное Обозрение") 1885 წ, ტ. 3, გვ. 23-49.


თავი I
 
სახარებისეული სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ
 
რადგან ახალაღთქმისეული სწავლება ღმრთის სასუფევლის შესახებ ჩვენი კვლევის სპეციალურ საგანს არ წარმოადგენს, ჩვენ გადმოვცემთ ამ სწავლების მხოლოდ არსებით შინაარსს და, თანაც, შესაძლებლობისდა მიხედვით, რაც შეიძლება მოკლედ, თუმცა, ისე, რომ ამ მოკლე მიმოხილვაში მოცემული იყოს ნათელი და სრული წარმოდგენა ღმრთის სასუფეველზე, როგორც ასწავლის მის შესახებ ახალი აღთქმა.
 
ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის საკითხები იმის შესახებ, ღმრთის სასუფევლის ორივე სახელწოდება ("ღმრთის სასუფეველი" და "ცათა სასუფეველი") იესუ ქრისტეს ეკუთვნის თუ არა, და რატომ შეჩერდა მათე მახარობელი უპირატესად სახელწოდება "ცათა სასუფეველზე", სხვები კი - უფრო ხაზს უსვამენ "ღმრთის სასუფეველს".
 
ჩვენი ამოცანისთვის საკმარისია ვიცოდეთ, რომ ღმრთის სასუფევლის ორივე ეს სახელწოდება სრულიად იდენტურია თავისი აზრით, აღნიშნავენ ერთსა და იმავე ღმრთის სასუფეველს, რომლის დასაფუძნებლადაც მოვიდა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. არსებითად მნიშვნელოვანია და საინტერესოა სხვა საკითხი - როგორია ეს სასუფეველი, რომელიც ქრისტემ დააფუძნა, როგორია მისი ბუნება; ერთი სიტყვით, როგორ გავიგოთ იგი.
 
ახალაღთქმისეული ხარების მთელი შინაარსი სრულიად გამოიხატება ღმრთის სასუფევლის იდეაში. ამბობენ, ღმრთის სასუფევლის იდეა არის უმთავრესი, ცენტრალური, ძირითადი ყველა სხვა სახარებისეულ იდეათა შორის. ეს არასწორია. ის არის - სინთეზი ყველა სახარებისეული იდეისა, ზოგადი ჩარჩო, რომლებშიაც არიან მოქცეულნი ეს იდეები: წმიდა მწერლები, როდესაც მათ მთელი სახარებისეული ქადაგების აღნიშვნა სურთ, მას ღმრთის სასუფევლის შესახებ სწავლებას ან სასუფევლის სახარებას უწოდებენ (მკ. 1:14; ლკ. 4:43; 9:11; მთ. 24:14; საქმე 1:3) (Сборник сочинений студентов Казанской Духовной Академии. Вып. 2. Казань, 1902. А. Иванов. «Новозаветное учение о Царстве Божием». С. 34).
 
ღმრთის სასუფევლის სახარებისეული იდეის ამ სირთულიდან გამომდინარე ცნება ამ უკანასკნელის შესახებ შეიძლება მხოლოდ სინთეთიკური გზით შედგეს, საკუთარ სასუფეველზე თვით ქრისტეს გამონათქვამების არჩევის გზით, რომლებიც ამ სასუფევლისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს აღწერენ და მათი მიერთებით ღმრთის სასუფევლის ზოგადი ცნებისადმი, რომელსაც საზოგდოდ სასუფევლის ცნოების ანალიზიდან მოვიპოვებთ.
 
ამრიგად, უპირველეს ყოვლისა, როგორია საერთო ცნება ღმრთის სასუფეველზე, რომელსაც უშუალოდ სასუფევლის საზოგადო ცნების ანალიზიდან მოვიპოვებთ?
 
ყოველი სამეფოს არსებითი და განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ - მისი ყველა წევრის გაერთიანება და დაქვემდებარება მისი ერთი თავის - მეფისადმი. იესუ ქრისტე არაერთხელ უთითებს სასუფევლის ამ საზოგადო განმასხვავებელ ნიშანზე (იხ. მკ. 3:24; მთ. 12:26). თუ ამ სამეფოს (სასუფევლის) ამ არსებით და საზოგადო ნიშანს ღმრთის სასუფეველზე გადავიტანთ, მივიღებთ ამ უკანასკნელის განსაზღვრებას - ღმრთის სასუფეველი ეს არის მისი წევრების ერთობა ერთი თავის - ღმრთის გამგებლობის ქვეშ.
 
მაგრამ ღმრთის სასუფევლის ასეთი განსაზღვრება საკმაოდ ზოგადია, ფორმალურია და არაფერს ეუბნება გონებას და გულს თავის შინაარსზე. რა ქმნის ამ ერთობას? როგორია ეს ერთობა? რაშია მისი არსი? აი კითხვები, რომლებიც უნებლიედ ჩნდება ღმრთის სასუფევლის შესახებ არსებული ზოგადი, განუსაზღვრელი ცნების შემთხვევაში.
 
ღმრთის სასუფევლის ზოგადი განსაზღვრება ჩვენ მოვიპოვეთ სამეფოს ზოგადი ანალიზისა და მასთან ღმრთის სასუფევლის შეფარდების გზით. ამ უკანასკნელის არსის, ბუნების განსაზღვრებისას ამისი გაკეთება დაუშვებელია: ღმრთის სასუფევლის ბუნება არა მარტო არაიდენტურია სხვა სამეფოთა ბუნებისა, არამედ, პირიქით, პირდაპირ განსხვავებულია მათგან. ღმრთის სასუფევლის ბუნებისა და არსის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ მის სასუფეველზე მაცხოვრის გამონათქვამების გამოკვლევით, სასუფევლის თვისებათა განმასხვავებელი ნიშნების ძიებით, რომლებიც დაგვეხმარებიან გავარკვიოთ ღმრთის სასუფეველის ზოგადი განსაზღვრება და დადგენილი ფორმის შინაარსი.
 
იესუ ქრისტეს ქადაგება იწყება სიტყვებით: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი" (მათე 4:17). დაფიქრდით, გონს მოეგეთ! შეცვალეთ თქვენი აზრები და გრძნობები, რათა შეხვიდეთ ცათა სასუფეველში! შემდგომ, ქრისტეს უფრო ადრეულ ქადაგებებში, ეს ზოგადი აზრი ღმრთის სასუფეველში შესვლის პირობებზე უფრო დეტალურად იხსნება. აქ უფალი ეფერება სულით ღატაკთ, რომელთაც თითქოსდა უკვე ეკუთვნის ზეციური სასუფეველი; მგლოვარეთ, სიმართლის მეძიებელთ, რომელთაც ჰპირდება თავიანთი მისწრებებების დაკმაყოფილებას ზეციურ სასუფეველში; თვინიერთ, დევნილთ, რომელთაც უდიდესი ჯილდო ელის ზეცაში (მათე 5:3-11; ლკ. 6:20-23).
 
ჩამოთვლილი სათნოებები ისეთია, რომლებიც თავიანთი არსით, გაუცხოებულნი არიან ეგოიზმისგან, გაყოფის პრინციპისგან, ბუნებრივად მიჰყავთ ადამიანები ღმერთთან და ურთიერთმეგობრობასთან, და ამიტომაც წარმოადგენენ ღმრთის სასუფევლის ფუძემდებლურ ძალას. ამ უკანასკნელისთვის აუცილებელია არა ის, რომ ეკუთვნოდე ღმრთის მორწმუნეთა და მის მომწოდებელთა რიცხვს, რადგან უფალი ამბობს: "ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში" (მთ. 7:21), არამედ საჭიროა სიმართლე, ოღონდ არა მწიგნობრული ან ფარისევლური (მთ. 5:20), არამედ იმგვარი, რომელიც არის ზეციური მამის ნების აღმასრულებელი (მთ. 7:21).
 
ცათა სასუფეველს აღებს არა ამა თუ იმ დიდი სათნოების შესრულება, არამედ ქრისტეს სულით გამსჭვალვა და მისი გარეგანი გამოხატულება თავის წვრილმანებში: "ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში" (მთ. 5:19).
 
აუცილებელია შინაგანი გადატრიალება. ის კი მდგომარეობს იმაში, რომ განეშორო ცხოველური არსებობის დამთრგუნველ საზრუნავს და მთელი ძალები მიმართო ღმრთის სასუფევლისა და მისი სიმართლის, ანუ ღმერთთან ერთობის ძიებისკენ (ღმრთის სასუფეველი, როგორც განვსაზღვრეთ, ეს არის ყველას ერთობა ღმერთში); ასევე შინაგანი სიწმიდის მიღწევისკენ, იმ ღმრთისშვილობითი განწყობისკენ, როდესაც სრულიად ვეძლევით ღმრთის ნებას, და ამ მინებებაში ვშორდებით წუთისოფლის ყოველგვარ ქვენა მოთხოვნილებას, მშვიდობას ვამყარებთ ყველა ადამიანთან, და ყოველ მატერიალურ საზრუნავს ვაკისრებთ მამა ღმერთს: ის ხომ უზრუნველად მცხოვრებ ფრინველებზეც ზრუნავს და ზრდის მათ, მაშასადამე, გამოგვზრდის ჩვენც. ღმერთს დაშორებული ადამიანი, "მთლიანად არის შთაფლული ნივთიერ სამყაროში და მტრობს ადამიანებს; ხოლო ვინც ღმერთში მამა იპოვა ის ტოვებს წუთისოფლის საზრუნავს, განწმენდს თავის გულს და ურიგდება მოყვასთ" (Сборник сочинений студентов Казанской Духовной Академии. Вып. 2. Казань, 1902. А. Иванов. "Новозаветное учение о Царстве Божием". С. 40-41).
 
მაცხოვრის პირველი ქადაგებების შინაარსიდან, რომლებიც ეხებიან ღმრთის სასუფეველს, ცხადი ხდება, სასუფევლის სახელით ღმერთთან ადამიანების როგორი ერთობა იგულისხმება ქრისტეს სწავლებაში. თუკი "ღმრთის სასუფევლის" ცნებით უშუალოდ მოგვეწოდება აზრი ღმერთზე, როგორც მეფეზე, რომელიც თავის ნებაში აერთიანებს ყველა ადამიანს, მაშინ ნათელია, რომ ეს მეფე ადამიანებს ეპყრობა, როგორც მოსიყვარულე მამა, მზრუნველი ყველა მათ მოთხოვნილებაზე, ხოლო ადამიანები მას ეპყრობიან, როგორც - მოსიყვარულე შვილები, რომლებიც ყველაფერში ემორჩილებიან მამას, და სრულიად ენდობიან მის კეთილ ნებას.
 
აქედან გამომდინარე, "ღმრთის სასუფეველი ეს არის მოსიყვარულე შვილების ერთობა მამის, ანუ ღმრთის მეთაურობით" (იქვე. გვ. 41). სწორედ ასეთი აზრი გვეძლევა საუფლო ლოცვაში, და ნეტარების მცნებებში, ასევე ქრისტეს სხვა გამონათქვამებში, სადაც ადამიანებს უფალი სთავაზობს დატოვონ ამქვეყნიური საზრუნავები და ეძებონ ღმრთის სასუფეველი, რადგან ღმერთი - ჩვენი მოსიყვარულე მამაა; ის მოგვაწვდის ყოველივეს, რაც კი საჭიროა სიცოცხლისთვის (იქვე. გვ. 42).
 
ამრიგად, ადრინდელი მშრალი და ფორმალური განსაზღვრების ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ღმრთის სასუფევლის ცოცხალი, გულისთვის მრავლისმთმელი განსაზღვრება: ღმერთი მოსიყვარულე მამაა, - მეფეა; ხოლო ადამიანები, მისი მოსიყვარულე შვილები და ქვეშევრდომები არიან.
 
"თავისი ქადაგებების მომდევნო მეორე ციკლში, როდესაც უფალი იგავებითა და მეტაფორული ენით მსჯელობს, ის თავის მსმენელს ანდობს მის მიერ ნაუწყები სასუფევლის საიდუმლოებებს (იხ. მთ. 13, 11; მკ. 4, 11; ლკ. 8, 10). აღმოჩნდა, რომ ღმრთის სასუფეველს ჰყოლია მტრები, რომელთაც შეუძლიათ შეაკავონ მისი საქმე, - ესენი არიან ეშმაკი და ადამიანური ფუქსავატობა, ამაოება და დაუდევრობა.
 
ამიტომაც არა მარტო "სასუფევლის სიტყვა", მსგავსი თესლისა, სხვადასხვაგვარად მიიღება ყოველი სულის მიერ და ზოგში ის უნაყოფოდ რჩება, სხვებში კი მას მეტ-ნაკლები ნაყოფი გამოაქვს (იგავი მთესველზე), არამედ აქედან გამომდინარე, თვით ცათა სასუფეველიც უნდა იზრდებოდეს დედამიწაზე; მდოგვის მარცვლის მსგავსად, ის მხოლოდ ხანგრძლივი ზრდის გზით გადაიქცევა დიდ ხედ; ის არის შინაგანი და უხილავი, თუმცა ყველაფერის შემცვლელი პროცესი - გამოიხატება ეს ცალკეულ სულსა თუ მთელი კაცობრიობის ცხოვრებაში; ის არის მსგავსი საფუარისა, რომელიც მთელ ცომს აფუებს (იგავი საფუარზე).
 
ღმრთის სასუფეველი იზრდება და მწიფდება დედამიწაზე, როგორც ხორბალი მინდორში, და მოიცავს კეთილ ამონაზარდსაც და ბოროტ ღვარძლსაც (იგავი ღვარძლზე). ის მსგავსია სათხეველისა, რომელიც როგორც სასარგებლო, ასევე უსარგებლო თევზს მოისათხევლებს. საქმის ასეთ მდგომარეობაში სასუფეველი დარჩება წუთისოფლის დასასრულამდე, როდესაც სიკეთე საბოლოოდ გამოეყოფა ბოროტებას. მანამ კი, თუმც ღმრთის სასუფეველი მოახლოვდა და მალე გამოჩნდება ძალმოსილებით (მკ. 9:1), ის არ არის რაღაც მზა და დასრულებული, არ არის ღმრთის მთლიანი ნიჭი, არამედ რაღაც შესამზადებელი, აღსრულებადი და სრულყოფადი (ლუკა. 17:20-21) (იქვე. გვ. 43).
 
ამრიგად, უპირველესად, ღმრთის სასუფევლის ისტორია იყოფა ორ პერიოდად: პირველი - ზრდის, სასუფევლის განვითარებისა და ნაყოფთა მომწიფების პერიოდი; და მეორე - სასუფევლის სრულიად გახსნის მომდევნო, მკის, ნაყოფთა მოკრეფვის პერიოდი, ანუ ღმრთის სასუფეველი ესქატოლოგიური აზრით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოსდა ღმრთის სასუფეველი ორი იყოს. ღმრთის სასუფეველი ერთია, ორია მხოლოდ პერიოდი, მისი განვითარების ორი სტადია.
 
მეორეც, ღმრთის სასუფეველი, ასე ვთქვათ, ორმხრივია: ერთი მხრივ ის არის - "ღმრთის უდიდესი ნიჭი, სერობა და საქორწილო ტრაპეზობა, რომელსაც უფალი ადამიანისთვის აწყობს" (იქვე, გვ. 46); მეორე მხრივ კი - ის არის თვით ადამიანის ძალისხმევის ნაყოფი (მთ. 11:12). "ამ უკანასკნელმა თვითონ უნდა გაამზადოს თავი სერობისთვის... არასაქორწილო სამოსში მოსული იქ ვერ შევა" (იქვე. გვ. 46). ღმრთის სასუფეველი არც მხოლოდ საღმრთო საქმეა და არც მხოლოდ კაცობრივი - ის ერთდროულად ღმერთკაცობრივი საქმეა.
 
მაგრამ თუკი ღმრთის მხრიდან ის არის მისი ყოვლისშემძლე სიყვარულისა და მოწყალების სასწაული, ადამიანისთვის ის ყოველთვის არის იდეალი, მთელი ცხოვრების ამოცანა, რომლის შესრულებაზეც უნდა ზრუნავდეს და რომლის განხორციელებისთვის უნდა ლოცულობდეს: "მოვედინ სუფევა შენი" (მთ. 6:10).
 
ეს ბოლო აზრი ღმრთის სასუფეველზე, როგორც ადამიანის ცხოვრების ამოცანაზე კარგად იხსნება ქრისტეს ბოლო საუბრებში, რომლებიც მან თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულს, იერუსალიმში წარმოთქვა. იგავებში ტალანტებზე (ლკ. 19:11-27) იესუ ქრისტე ამტკიცებს აზრს, რომ სასუფევლის საზეიმო გახსნამდე, რომლის დროის შესახებაც ეკითხებოდნენ მას მისი მოწაფეები, ადამიანებს ეკისრებათ წინასწარი ამოცანა გაამრავლონ მისი, ანუ ღმრთის სასუფევლის მემკვიდრეობა. იგავში ბოროტ მევენახეებზე, ზოგადად, დედამიწაზე ღმრთის სასუფევლის მოვლის იგივე აზრია გატარებული, რის გამოც ღმრთის სასუფეველი წაერთმევა ბოროტ მევენახეებს და გადაეცემა ხალხს "რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს" (მთ. 21:43). უფლის სერობაზე მიწვეულთა შესახებ იგავში მოცემულია მოთხოვნა სრული თავდადებით მიეცე სასუფევლის საქმეს; იგავში ათი ქალწულის შესახებ კი აღნიშნულია - მოუკლებელი გულმოდგინება და მოშურნეობა.
 
ამრიგად, მაცხოვრის ქადაგებების მიხედვით ღმრთის სასუფეველი შეიძლება ასე განვსაზღვროთ: "ღმრთის სახარებისეული სასუფეველი ეს არის ღმერთთან ყველა ადამიანის შვილებრივი ერთობა, როგორც ნიჭი მადლისა და წყალობა ღმრთის, როგორც მუდმივი ამოცანა ადამიანისა" (იქვე. გვ. 47).
 
ამ აზრით გაგებული ღმრთის სასუფეველი არის უზენაესი სიკეთე კაცთათვის, რადგან ის მათ ყოველგვარი სიკეთის წყაროსთან აერთიანებს. ოღონდ ეს სიკეთენი - წმიდად სულიერია, ეს არის - ღმრთის პირის ხილვა, მისი ძეობა (იხ. ნეტარების მცნებები). რაც შეეხება უქვემოეს მატერიალურ სიკეთეთ - საკვებს, სამოსს და სხვა, მათზე ზრუნვა ღმრთის სასუფეველში სრულიად, როგორც უკვე ვთქვი, ეკისრება ღმერთს, ზეციერ მამას. ადამიანებმა არ უნდა იზრუნონ რა ჭამონ და რა სხვან, ან კიდევ რა ჩაიცვან. მათი საქმე, უპირველეს ყოვლისა, ღმრთის სასუფევლის ძიებაა, დანარჩენი კი თავისთავად მიეცემათ მათ (მთ. 6:31-34). ამის მტკიცებულებაა - ღმრთის მზრუნველობა ბუნებაში არსებულ ყოველ ქმნილებაზე (იხ. მთ. 6:28-30).
 
ის ყოველივეს განაგებს, ყველაფერს მართავს, ყველაფერზე ბატონობს. ამ მხრივ მისი სასუფეველი შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ღმრთის უფლობა, მისი მეუფება.
 
ღმრთის ეს მეუფება უახლოესი, უმთავრესი და უპირატესი სახით ვრცელდება ადამიანთა სულებზე, რადგან სული ღმრთის სიყვარულით სავსე განგების უმთავრესი საზრუნავია მთელ სამყაროსთან მიმართებაში. თუმცა, აქედან, როგორც უმთავრესი ცენტრიდან, ღმრთის მეუფება ვრცელდება, როგორც პერიფერიებზე, ანუ ადამიანთა კერძო და საზოგადოებრივ ურთიერთობებზე, ასევე მთელ ხალხებზეც, მთელ კაცობრიობაზე და ბოლოს მთელ გარეგან ბუნებაზე, რომელიც ასევე არ არის მოკლებული ღმრთის სასუფეველი მონაწილეობის სიკეთეს (მთ. 6:28-30; შეად. რომ. 8:19-22). ეს უკანასკნელი (ანუ ღმრთის სასუფეველი) "ყველაფერს ფლობს" (ფსალმ. 102:19; შეად.: მთ. 28:18; 1 კორ. 15:28) (Светлов П., протоиерей. Идея Царства Божия в ее значении для христианского миросозерцания (богословско-апологетическое исследование). Богословский Вестник. 1902. Октябрь. С. 122–123).
 
მაგრამ, თუკი გარეგანი ზომებით ღმრთის მეუფება ყოვლისმომცველია, ხასიათით, თავისი პრინციპით, ის სულაც არ წააგავს ამქვეყნიურ სამეფოებს. ღმრთის მეუფება "არ არის ამქვეყნიური" (ინ. 18:36). ის - არ არის დესპოტია, არც ფიზიკური ძალის გამოვლინება, არამედ ღმრთის მხრიდან - მამობრივი სიყვარულია, ადამიანის მხრიდან კი თავისუფალი და ბავშვური სიყვარულით სავსე მორჩილება. "ღმრთის სასუფეველი ვერ იტანს ვერც ძალაუფლებას, ვერც ძალადობას... მისი ძირითადი კანონია - არა ვნება ძალაუფლებისა, არამედ ყველასთვის და თითოეულისთვის საჭირო თავგანწირული მსახურება ისევე, როგორც თვით მისი დამფუძნებელი "ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს, და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსახსნელად" (მკ. 10:45; მთ. 20:25-28).
 
ამრიგად, ღმრთის სასუფეველს აქვს თავისი ორგანიზება, მაგრამ სწორედაც რომ თავისი, რომელიც არაფრით წააგავს მიწიერი სამეფოების ორგანიზებას. "მისი სფერო და სივრცე - თავისუფლება და სინდისია; ის ეფუძნება მხოლოდ სულებს, ამიტომაც გამორიცხავს ყოველგვარ სამართლებრივ, იძულებით ორგანიზებას" (1).

____________________
 
1. ტრაქტატი ღმრთის სახარებისეული სასუფევლის შესახებ ჩვენ შევადგინეთ ა. ივანოვისა და დეკ. სვეტლოვის თხზულებების მიხედვით. ამასთან უპირატესობა მივანიჭეთ ა. ივანოვის თხზულებას, რადგან მასში უფრო ღრმად არის შესწავლილი საკითხი ღმრთის სასუფეველზე მისი სახარებისეული გაგებით.
 
აქვე საჭიროდ მივიჩნევთ ვთქვათ კიდევ ერთი რამ. ჩვენ შეიძლება გვისაყვედურონ, რომ საკმაოდ ახლოს მივდევთ იმ სახელმძღვანელოთა ტექსტს, რომლებიც ხელთ გვქონდა, საკუთრივ ივანოვის თხზულებას. მაგრამ ჩვენ არც ვაპირებთ საკუთარ თავს დამსახურებად ჩავუთვალოთ ღმრთის სახარებისეული სასუფევლის შესახებ მოცემული ტრაქტატის შინაარსის გადმოცემა. ჩვენ ადრევე ვთქვით, რომ საკითხი ღმრთის სასუფევლის შესახებ არ წარმოადგენს ჩვენი კვლევის სპეციალურ საგანს. ამ უკანასკნელი აზრით მას გააჩნია მხოლოდ ის მნიშვნელობა, რომ მისი არსებობის წყალობით ვაშენებთ ჩვენი თხზულების გეგმას; მის გარეშე ის ვერ შესრულდებოდა. ამიტომ, ამ შემთხვევაში, მთელ ჩვენს ამოცანას ვხედავთ შეძლებისდაგვარად, საკუთარი სიტყვებით გადმოვცეთ ის შინაარსი, რაც სახელმძღვანელოში ვიპოვეთ, იმ ზომით, რა ზომითაც იყო ეს საჭირო ჩვენი მიზნისთვის. ზოგიერთი ადგილი ბუკვალურად დავიმოწმეთ - ეს იქ, სადაც ავტორის მსჯელობის ლაკონურობა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას.

____________________


თავი II
 
ღმრთის სასუფევლის სახელწოდება მის შესახებ ავგუსტინეს სწავლებაში
 
ნეტ. ავგუსტინეს სწავლებაში ღმრთის სასუფევლის შესახებ უპირველეს ყოვლისა ვხედავთ ღმრთის სასუფევლის სხვადასხვა სახელწოდებებს. მათგან ყველაზე ხშირად გვხვდება ის, რომელიც დგას თხზულების სათაურში - "ღმრთის ქალაქი" (წიგნი I. წინათქმა; XV, 26. С. 130, 131; XVI, 2. С. 141; XVIII, 47. С. 79-80 და სხვა მრავალი). ჩანს, საკმაოდ ნათელია, თუ რატომ უწოდა ასე ნეტ. ავგუსტინემ საკუთარ თხზულებას, რომელიც ღმრთის სასუფევლის აღწერას ეძღვნება. საკმარისია გავიხსენოთ, თუ რომელ გარემოში და როგორი გავლენის ქვეშ იზრდებოდა ნეტ. ავგუსტინე, როგორი განათლება მიიღო, ვისთვის წერდა თავის თხზულებას და რას უპირისპირებდა ამ უკანასკნელში ღმრთის სასუფეველს.
 
რომაულ მეცნერებებზე აღზრდილი, რომელთაგან საკუთრივ მეცნიერებას წარმოადგენდნენ იურიდიული მეცნიერებანი, ის წერდა რომაელთათვისვე. მათთვის კი სახელმწიფო ყველაფერი იყო. ძველმა რომაელმა სახელმწიფოზე უახლოვესი და ძვირფასი არაფერი იცოდა. მისთვის, სახელმწიფოსთვის, ის თმობდა თავის საკუთარ და ოჯახურ ცხოვრებას, თმობდა ცოლსა და შვილებს, თავის ქონებას და თვით საკუთარ თავსაც კი მონად იქცევდა სახელმწიფოს გულისთვის (V, 18. С. 275-281).
 
ცხოვრების არც ერთი სფერო, არც ერთი მეცნიერება მისთვის არ იყო ისე საინტერესო და გასაგები, როგორც სახელმწიფოს ცხოვრება და მეცნიერება, რომელიც ეხებოდა ამ ცხოვრებას. სახელმწიფოთი ამგვარი გატაცების პირობებში რომაელთა დაინტერესება უფრო იოლი და სწორი იყო სწორედ სახელმწიფოებრივ ცნებათა და ურთიერთობათა საფუძველზე.
 
ამიტომაც ნეტ. ავგუსტინესთვის ბუნებრივი გახლდათ თავისი თხზულებისთვის ეწოდებინა სწორედ "ღმრთის ქალაქი", და არა რაიმე სხვა სახელწოდება. "მარადიული ქალაქი რომი" ერთგვარი ღვთაება იყო რომაელთათვის. მაგრამ აი, მათ მიერ გაღმერთებული სახელმწიფო განადგურდა. და კვლავ სრულიად ბუნებრივია რომაელთა ყურადღება მიაპყრო საკუთრივი აზრით მარადიულ სახელმწიფოს, მართლაც მარადიულ ქალაქს მათი მოჩვენებითად მარადიული რომის სანაცვლოდ.
 
თავის თხზულებაში ნეტ. ავგუსტინე არაერთხელ მიმართავს სახელმწიფოებრივ, იურიდიულ ტერმინოლოგიას, რითაც თავის სწავლებას ღმრთის სასუფევლის შესახებ აახლოვებს თავის თანამოქალაქეთა ცნობიერებასთან. ასე, მაგალითად, ის ღმრთის სასუფეველს უწოდებს სახელმწიფოს (XVIII,4I. С. 68; III,17. С. 149), ხალხს (XVIII,4I. С. 68), რესპუბლიკას (II, 21. С. 98).
 
ღმრთის ზეციური სამეფო მასთან გამოსახულია, როგორც "ეთგვარი სენატი" (curia) (Х, 7. С. 115), რომელშიც სხედან "ზეციური ხელისუფალნი" (I, 29. С. 116), რომლებიც განსაზღვრავენ კაცობრიობის ხვედრს. ღმრთის ქალაქი აღწერილია ყველა იმ მხრიდან, რომლიდანაც ის ყველაზე უმეტეს შეიძლება იქნას გაგებული რომაელთა მიერ.
 
"ზეციური ქალაქი შეუდარებლად წარჩინებულია ქებულ რომზე; მასში (ზეცის ქალაქში) გამარჯვებულია - ჭეშმარიტება, ღირსება - სიწმინდე (I, 29. С. 116). მასში "არ იქნება საჭიროება საზოგადოებრივი ხაზინის ავსება კერძო მონაპოვრის ხარჯზე": იქ საერთო საგანძური იქნება ჭეშმარიტება (V, 16. С. 272). მასშია ცოდვათა მიტევება, რომელიც მისკენ იზიდავს მოქალაქეთ, ის წააგავს "რომულუსის თავშესაფრის სამართალს, რომელმაც დაუსჯელობის სახელით რომის ამშენებელი ხალხის ყოველგვარი დანაშაულობანი შემოიკრიბა" (V, 17. С. 275). ხოლო თვითონ, თავისი გარეგანი მდგომარეობით, დედამიწაზე მწირობის პერიოდში, - "წმინდანთა ბანაკია", რომელიც მუდმივად ებრძვის თავის მტრებს (XX, 11. С. 193).
 
ეს ყველაფერი უეჭველობით ამტკიცებს იმ აზრის სამართლიანობას, რომ ღმრთის სასუფევლის წოდება "ღმრთის ქალაქად" ნეტ. ავგუსტინეს მიერ გამოყენებულია თხზულების მკითხველთა, ანუ რომაელთა ხასიათთან და ინტერესებთან მიმართებაში, იმ მიზნით, რათა ის გასაგები ყოფილიყო მათთვის.
 
რაც შეეხება სახელწოდების "ღმრთის ქალაქის" მეორე ნახევარს, ის უთითებს, თუ კერძოდ რომელ სამეფოს ასახავს ნეტ. ავგუსტინე - მარადიული ღმერთის სამეფოს; ის არის ამ სამეფოს დამფუძნებელი და მეფე მსგავსად იმისა, როგორც რომაელები არიან დამფუძნებლები და სრულუფლებიანი განმკარგულებელნი თავიანთი სახელმწიფოსი.
 
ქალაქის სახელდება "ღმრთის" ქალაქად შეიძლება უთითებდეს მის წარმომავლობასა და ხასიათზე. ის არის არა მიწიერი, არამედ ზეციური წარმომავლობის. ის დაფუძნდა დედამიწაზე, მაგრამ არა მიწიერი მიზნებისთვის, მოწყობილია არა მიწიერად, არა ძალადობრივად, არამედ, როგორც დავინახავთ, დაფუძნებულია თავისუფალ სიყვარულზე. მისი მოქალაქეები არ არიან მიჯაჭვულნი მიწას, არამედ თავიანთ გულსა და გონებას მიაპყრობენ ღმერთს; ცხოვრებენ დედამიწაზე, მაგრამ სულით თითქოსდა ცაში იმყოფებიან. თვით სახელწოდება "ღმრთის ქალაქი" ნეტ. ავგუსტინემ თვითონ კი არ მოიფიქრა, არამედ წმიდა წერილიდან ისესხა (XIV, 1. С. 2), კერძოდ, დავითის ფსალმუნებიდან: 45, 5; 47, 2-3,9; 86, 3 (V, 19. С. 284; XI, 1. С. 173-174).
 
სახელწოდება "ღმრთის ქალაქი" საკმაოდ ზუსტად განსაზღვრავს ნეტ. ავგუსტინეს შეხედულების ზოგად ხასიათს ღმრთის სასუფეველზე. როგორც დავინახავთ, ის ღმრთის სასუფეველს წარმოადგენს, როგორ თავისებურ სახელმწიფოს. სხვა სახელწოდებები უთითებენ ღმრთის სასუფევლის შესახებ ნეტ. ავგუსტინეს სწავლების კერძო მხარეებზე - მაგალითად, რომ ღმრთის სასუფეველს (სამეფოს) აქვს თავისი განვითარების სხვადასხვა პერიოდები.
 
ასეთი სახელწოდებები: უფალ ქრისტეს გამოსყიდული თესლი და მეფე ქრისტეს მოგზაური ქალაქი (I, 35. С. 58), ზეციური სამშობლო (II, 29. С. 115), გამოსყიდული ქალაქი (X, 6. С. 114) და სხვა მრავალი. ღმრთის სამეფო, რომის იმპერიის საპირისპიროდ, ჭეშმარიტი სამეფოა, რომელიც არასოდეს დაინგრევა. ასეთი სახელწოდებაა - "ნამდვილი სამშობლო" (II, 29. С. 114. იხ. ეს გვერდი მთლიანად). სახელწოდება "ზეციური სამშობლო" უთითებს იმაზეც, რომ აქ, დედამიწაზეც ღმრთის ქალაქი მწირობს, როგორც უცხო მხარეში, ხოლო მისი მუდმივი საცხოვრებელი, მისი სამშობლო - ცაშია, მამა ღმერთის ზეციურ სავანეებში. ეს უკანასკნელი აზრი საკუთარ თავში შეიცავს "ზეციური იერუსალიმის" სახელწოდებასაც (XVIII, 47. С. 80).
 
ღმრთის სამეფო საკუთრივ "სამეფოდაც" იწოდება (IХ, 21. С. 95), ის არის ასევე "მარადიული სამეფო" (IV,28. С. 222), "ეკლესია" (I, 35. С. 58; XV, 26. С. 130; ХVI, 2. С. 141; XХ, 11. С. 193; VIII, 24. С. 51), ღმრთის ქალაქის მოგზაური ნაწილი, და კიდევ მრავალი სხვა. სხვათა შორის, უკანასკნელი სახელწოდებით, როგორც ვხედავთ, ღმრთის მოგზაური ქალაქი გაიგივებულია ეკლესიასთან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ.
 
ამრიგად, ნეტ. ავგუსტინესთან ღმრთის სამეფო ხშირად იწოდება არა იმ სახელწოდებებით, როგორც სახარებაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ღმრთის სამეფო სახარებისგან განსხვავებულად ესმოდა. თუკი თვით ნეტ. ავგუსტინეს შეხედულებას განვიხილავთ ღმრთის სამეფოს არსთან, ბუნებასთან და თვისებებთან დაკავშირებით, ამაში იოლად დავრწმუნდებით.
 
ნეტ. ავგუსტინე სახარებისგან განსხვავებულ სახელწოდებებს იყენებდა, მისი დროების პირობებიდან და ვითარებებიდან გამომდინარე, რაც, რა თქმა უნდა, ეხება მის ქებას, და არანაირად მის ძაგებას.


თავი III
 
ღმრთის სასუფევლის შინაგანი ბუნება, არსი და გარეგანი ისტორია
 
ნეტ. ავგუსტინეს სწავლების მიხედვით
 
ჩვენ უკვე მოვინიშნეთ ღმრთის სასუფეველზე ნეტ. ავგუსტინეს შეხედულებათა ზოგადი ხასიათი. ჩვენ ვნახეთ, რომ ღმრთის სასუფეველი მას ერთგვარ სახელმწიფოდ წარმოუდგენია. ღმრთის სასუფევლის შესახებ ასეთი წარმოდგენა ნეტ. ავგუსტინეს სწავლებას ღმრთის სასუფეველზე ისე წარმოგვიჩენს, თითქოსდა ის საერთოდ არ წააგავდეს მის შესახებ სახარებისეულ სწავლებას.
 
მართლაც, ღმრთის სასუფეველი ნეტ. ავგუსტინეს აღწერაში, როგორც დავინახავთ, გარკვეულწილად სხვაგვარად განისაზღვრება, ვიდრე ეს სახარებაშია. მაგრამ განსაზღვრებათა ეს განსხვავება ხელს არ უშლის იმას, რომ ღმრთის სასუფეველის არსი ნეტ. ავგუსტინეს შეხედულებაში დარჩეს იმავედ, რაც სახარებაშია, კერძოდ - ის ადამიანისა და ღმრთის უერთიერთობასა და ურთიერთსიყვარულს ეფუძნება. ხოლო გარეგანი შეუსაბამობა მომდინარეობს იქიდან, რომ ნეტ. ავგუსტინეს სწავლებაში უპირატესად იხსნება ღმრთის სასუფევლის ერთი მხარე, სახარებაში კი - სხვა. ღმრთის სასუფეველი ხომ ორმხრივად განისაზღვრება - შინაგანად, როგორც შვილებრივი განწყობა ადამიანებისა მამა ღმერთის მიმართ, და გარეგანად, როგორც ადამიანთა საზოგადოება, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ამავე შვილებრივი განწყობით. ნეტ. ავგუსტინე ნაკლებად ხსნის რა სასუფევლის შინაგან ბუნებას, დეტალურად ჩერდება მისი ისტორიის გარეგან მხარეზე - თუ ვისგან და როგორ წარმოიშვა ღმრთის ქალაქი და როგორია მისი შემდგომი ხვედრი.
 
სახარებაში, პირიქით, ნაკლებად არის ლაპარაკი სასუფევლის გარეგან ისტორიაზე, სამაგიეროდ დეტალურად განიმარტება მისი შინაგანი ბუნება, მისი არსი. ის, რომ ნეტ. ავგუსტინე უპირატესად ღმრთის სასუფევლის გარეგან ისტორიაზე ჩერდება და ნაკლებად შინაგანზე, ეს, ვფიქრობ, არა თუ ნაკლი არ არის დიდი მოძღვრის თხზულებისა, არამედ, პირიქით, მისი დიდი ღირსებაცაა. ყოველი თხზულება ფასდება იმ დროების პირობებისა და ვითარებების გათვალისწინებით, რომელშიც ის ჩნდება. ნეტ. ავგუსტინეს თხზულების გაჩენის ვითარებები კი ჩვენთვის ცნობილია.
 
410 წ-ს რომის დანგრევის შემდეგ, წარმართები, რომლებიც მანამდე ქრისტიანობის ცალკეულ პუნქტებს ესხმოდნენ თავს, ახლა მის მთლიან სისტემას უტევენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქრისტიანობა არც საღ აზრთან არის შესაბამისობაში, და არც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებთან; რომ, კერძოდ, ღმრთის ძის განკაცების დოგმატი არა თუ საჭირო არ არის, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანების ცხონებას (2) და ამ თვალსაზრისით გაუგებარია. ქრისტიანობაზე ამ თავდასხმების საფუძველს წარმოადგენდა წარმართთა მხრიდან ისტორიისა და ქრისტიანობის არსის არცოდნა (М. Красин. С. 151). აქედან გამომდინარე, ნეტ. ავგუსტინეს, რომელმაც მიზნად დაისახა "საღმრთო ქალაქის დაცვა" (I, წინათქმა), გარდაუვალად უნდა მიექცია თავისი განსაკუთრებული ყურადღება ქრისტიანობის ისტორიისთვის, მას მართებდა წარმართებისთვის გაეცნო ეს ისტორია, რათა ქრისტიანობა გაემართლებინა.
 
____________________
 
2. ნეოპლატონიზმით გატაცებული წარმართები, სხეულს ცხონების დაბრკოლებად მიიჩნევდნენ; ამიტომაც, მათი თვალსაზრისით, სხეულები უგულებელყოფილნი უნდა იქნან. ქრისტიანობა კი ასწავლის, რომ ძე ღმრთისამ სპეციალურად მიიღო ადამიანის სხეული, რათა ადამიანები ეცხოვნებინა. ასე იქმნებოდა წარმართთა გონებაში დილემა ქრისტიანობასთან დაკავშირებით, რომლის ვერც გაგება შეეძლოთ და ვერც გადაწყვეტა, რის გამოც თავს ესხმოდნენ მას.
 
____________________
 
ამრიგად, სწორად ესმოდა რა ღმრთის სასუფევლის არსი, ნეტ. ავგუსტინე დეტალურად განმარტავს უპირატესად მის გარეგან მხარეს, რადგან ამას ითხოვდა წარმართ რომაელთა გონებრივი მდგომარეობა და განწყობა. ამაში ვლინდება მწერლის საღი აზროვნება, რომელსაც, ესმის რა სრული ჭეშმარიტება, მიმართავს მას თავის მკითხველთა ამა თუ იმ მხარისკენ იმის მიხედვით, თუ როგორ შეძლებენ ისინი მის აღქმას ან რა უნდა აღიქვან.
 
 
_________________________________________
 
 
ყოველი სამეფო, რომელის შედგება მეფისა და მისი ქვეშევრდომებისგან, და რომელი მეფეც მათ საკუთარი ნებით აერთიანებს, იღებს როგორც მეფის, ასევე ქვეშევრდომების ხარისხისა და განწყობის ხასიათს. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ღმრთის სასუფეველთან დაკავშირებით: თუკი ადამიანურ სამეფოში მეფე ყოველთვის როდი ხედავს თავისი სამეფოს ყოველ კუთხე-კუნჭულს და, შედეგად, ვერ ავრცელებს მასზე თავის სრულ ძალაუფლებას; თუკი ადამიანური სამეფოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ, და მართლაც შედიან მეფის შეხედულებებისა და იდეების არა თუ არმიმღებნი, არამედ ზოგჯერ მისი აშკარა მოწინააღმდეეგებიც კი, ზეციური მეფე, მთელ მზისქვეშეთს აკვირდება და ყოველივეს თავისი კეთილი და სანუკვარი მიზნებისკენ წარმართავს, და, როგორც დავინახავთ, მისი სამეფო მხოლოდ მის მოყვარულთაგან შედგება, რომლებიც მისკენ მიისწრაფვიან და თავისი ცხოვრების მიზნად მისი ნების აღსრულებას ისახავენ.
 
აქედან, სამეფოს ხასიათის, ბუნებისა და არსის განსაზღვრა შეიძლება მეფისა და მისი ქვეშევრდომების დახასიათებით. ნეტ. ავგუსტინეს სწავლებასთან მიმართებაში ჩვენ ასეც მოვიქეცით. ეს ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რადგან ნეტ. ავგუსტინეს მიერ აღწერილი ღმრთის სამეფოს გრანდიოზულ სურათზე პირველ პლანზე ჩანს სწორედ მეფე, რომელსაც თავისი დიადი და უსასრულო სიყვარული მოუფენია თავის სამეფოზე; მის ირგვლივ ანგელოზებია, რომლებიც თითქოსდა ღრუბლებში ფრენენ და მისკენ მიეშურებიან, როგორც თავიანთი ცენტრისკენ. ქვემოთ - ქვეშევრდომებია, რომლებიც თავიანთი მეფის სიყვარულს სიყვარულითვე პასუხობენ და ამ სიყვარულში, როგორც ყრმები, ნდობით მიაპყრობენ მას თავიანთ ხელებსა და მზერას. მაშასადამე, თავის თხზულებაში "საღმრთო ქალაქის შესახებ" ნეტ. ავგუსტინე სწორედაც რომ მეფე-ქალაქისა და მის მოქალაქეთა დახასიათებას გვაძლევს, სადაც ნათლად განსაზღვრავს თვით სამეფოს ბუნებასა და ხასიათს.


1. ღმრთის სასუფევლის მეფე და მისი თვისებები
 
უკვე თვით "ღმრთის სასუფევლის" ცნებიდანვე ნათელია, რომ ამ სამეფოს მეფე - უფალია. მაგრამ ნეტ. ავგუსტინესთან ის პირდაპირ არ არის წოდებული (X, 1. С. 174; ХIV,13. С. 35-36; XV, 8. С. 81). იუპიტერის საპირისპიროდ, რომელსაც წარმართი-რომაელები მეფე-ღმერთად მიიჩნევდნენ, მაგრამ რომელიც სინამდვილეში არ იყო ასეთი, ის (ანუ ქრისტე - "აპოკ." რედ.) - ჭეშმარიტი მეფეა საუკუნეთა (IV, 17. С. 203), ჭეშმარიტი მეფეა მეფეთა და უფალი უფლებათა (გამოცხ. 19:16) (IV, 15. С. 202.)ს ყოველივე სამყაროში მისგან წარმოიქმნა (XI, 4. С. 177 и 21. С. 207; XII, 5. С. 241; V, 11. С. 259-260), და მისი ძალითვე ინარჩუნებს ყოფიერებას (VIII, 6. С. 13). ყოველივე მისი ხელმწიფების ქვეშაა (V, 11. С. 259-260); ყოველივეს ის მართავს (I, 36. С. 60; VII, 30. С. 386-387). ის აძლევს მეფობასა და ხელმწიფებას ვისაც უნდა, როდესაც უნდა და რამდენადაც საჭიროა (IV,33. С. 230; V, 21. С. 286-288; V, 8. С. 248). მისგანაა - სწრაფი თუ გაჭიანურებული ომები (V, 22, 23. С. 288-291), გამარჯვება და დამარცხება (იქვე. განსაკუთრებით თ. 23ე-ე); მისგანაა - დროებითი და სამარადისო სიკეთენი (V,18. С. 281); ღმერთ-მეფისგანაა - სრული ბედნიერება (V,16. С. 272-273; VI, 12. С. 335).
 
მაგრამ როგორია ეს მეფე? როგორია მისი თვისებები, რომელიც განსაზღვრავს მისი მეფობის ხასიათს? ამ მიმართებით ის არის მეფე - ყოვლადძლიერი (V, 10. С. 257; VII, 12. С. 358), ყოვლადბრძენი (XII, 18-19. С. 268-271), ყოვლისმცოდნე (V, 9. С. 249-256); სამართლიანი (V, 15. С. 272 и 19. С. 281-284), მაგრამ ყველაზე უმეტესად და განსაკუთრებულად ყოვლადსახიერი. ეს არის მისი - ყოვლისმომცველი თვისება, რომლის წინაშე უკანა პლანზე გადადის სხვა დანარჩენი. ღმერთი მთელ მის სამეფოსთან მიმართებაში არა მარტო სიყვარულის განსახიერებაა, არამედ თვითვეა სიყვარული და წყარო სიყვარულის. მისით არის აღბეჭდილი მისი ყოველი ქმედება საკუთარ ქვეშევრდომებთან და მტრებთან მიმართებაშიც კი, ვინც არ აღიარებენ მას ღმერთად, მეტიც - უარყოფენ მისი ყოფიერებასაც კი.
 
ის არის სწორედ "სახიერი ღმერთი" (XI, 21. С. 207. Ср. IX, 15. С. 85-87), როგორც უწოდებს მას ნეტ. ავგუსტინე. ის არის სრული ბედნიერების მიზეზი და წყარო (V,16. С. 272-273; VI, 12. С. 335), როგორც მარადიულ სიკეთეთა, ასევე დროებითის (V, 18. С. 281; X, 14. С. 129-130). მან ყველაფერი თავისი სიყვარულითა და სახიერებით (სიკეთით) შექმნა (XI, 21. С. 207 и 24. С. 213) და გაამშვენიერა ყოველი (XII, 5. С. 241 и 4. С. 239-240). ის განაგებს ყოველს, ზრუნავს თავის ქმნილებებზე და იცავს მათ, თვით ფრინველის ბუმბულს, ყვავილს, ბალახსა და ფოთლებს (X, 14. С. 130; VIII, 6. С. 13; V, 11. С. 259-260).
 
უფალმა შექმნა გონიერი ანგელოზნი, თავისუფალი ნების მქონენი, მადლითა და სიყვარულით აღვსილნი, რითაც მისცა მათ შესაძლებლობა შეეცნათ საგნები, საკუთარი თავი და, რაც მთავარია, თვით ღმერთი, რათა მასში და მისით ყოფილიყვნენ მარადნეტარნი (XI, 11. С. 192-194; XII, 9. С. 248-250; XII, 6. С. 241). მან ერთი კაცისგან, ერთი წყვილისგან აღმოაცენა კაცთა მთელი მოდგმა, რადგან სურდა სიყვარულით და სიყვარულში გაეერთიანებინა ისინი, რათა ამის მიერ მათი სიცოცხლე ყოფილიყო ლაღი, სიხარულევანი და ბედნიერი (XII, 21. С. 277-278 и 37. С. 285).
 
მან ადამიანსაც, ანგელოზთა მსგავსად, უბოძა გონიერი სული, კეთილი ნება და ერთი სიტყვით, შეამკო ყველა იმ თვისებით, რომელთა დახმარებით მასაც შეეძლო შეემეცნებინა ჭეშმარიტება, თავისი ღმერთი და მის მიერ ყოფილიყო ნეტარი და უკვდავი (XIII, 24. С. 328-336; XIII, 19. С. 316; XIII, 1. С. 287).
 
შექმნა რა ადამიანი თავის ხატებად, მან ის სამოთხეში დაასახლა, მისცა ძალაუფლება მთელ მშვენიერ სამყაროზე, მისი უხვი მატერიალური სიკეთეებითურთ, და შემოსა იგი სრული ბედნიერებით (XIII, 21. С. 320; XIV, 11. С. 31; XIV, 15. С. 38). კაცობრიობის მთელი შემდგომი ისტორია წარმოადგენს ერთ მთლიან ჯაჭვს მისდამი გამოვლენილი საღმრთო სიყვარულისა. კერძოდ, რჩეული ებრაელი ერის ისტორია თავიდან ბოლომდე სწორედ ასეთი მოწყალების უწყვეტი ჯაჭვია (IV, 34. С. 231).
 
მაგრამ ყველაზე მთავარი და ძლიერი გამოვლინება მეფე უფლის სიყვარულისა არა მარტო საკუთარი ქვეშევრდომებისთვის, არამედ მტრების მიმართაც კი - ეს არის ის, რომ უფალმა არ უარყო ადამიანი, როდესაც ამ უკანასკნელმა უარყო თავისი კეთილისმყოფელი, დაარღვია მისი ნება, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ადამიანის აღზრდა, გახრწნა თავისი ძლიერი, ჯანსაღი ბუნება, სამყაროს ცხოვრებაში შემოიყვანა ბოროტება და სიკვდილი, დაარღვია მთელი გარეგანი ბუნების წყობა და წესრიგი. და უფალმა არა თუ არ უარყო ასეთი ადამიანი, არამედ ებრაელი ერის ისტორიის მიწურულს (ჟამთა აღსრულების ბოლოს) მოუვლინა მას თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც დამდაბლდა მონის ხატამდე მისთვის, რათა მიეღო მისი უძლური ხორცი, საკუთარი თავი შეეწირა მსხვერპლად მისი ურჩობისთვის, განეცადა სამარცხვინო სიკვდილი ჯვარცმით, და მით გაეთავისუფლებინა იგი დემონთა მძლავრებისგან, გაეწმინდა მისი გონება, სული და სხეული, და დაებრუნებინა მადლი, რომელიც თვითვეა ღმერთთან კაცის დამბრუნებელი (X, 29. С. 157-158; 20. С. 140-141; 27. С. 153-154; IX, 15. С. 85-87).
 
ოღონდ ჯერ ღმერთმა ადამიანი სიკვდილით დასაჯა. თუმცა, ცოდვისთვის მიცემული ეს სასჯელი, თავისი საკვირველი და უდიდესი მოწყალებით, უფალმა გამართლების იარაღად მიაქცია, ასე რომ "სიკვდილი, რომელიც... სიცოცხლის საპირისპიროა, სიცოცხლის მიღწევის საშუალება გახდა" (XIII, 4. С. 293). საერთოდ, ღმერთმა, კაცის მიერ ქვეყნად შემოყვანილი ბოროტება, რომელმაც შერყვნა მისი ცხოვრება, სიკეთედ მიაქცია, ცოდვა კი - სიმართლედ (XI, 17-18. С. 201-203).
 
თითქოსდა ყოველი სიკეთისა და სიყვარულის სრული გადმოღვრის დასასრულს მეფე უფალმა თავის შვილებს მომავალ საუკუნეში ისეთი სიცოცხლე მოუმზადა, რომელშიც მათი ხორცი არ დაექვემდებარება არც სნეულებებს, არც ხრწნილებას, არამედ იგემებს მხოლოდ ნეტარებას და უკვე აღარ განიცდის ჭირსა და უბედურებებს (XIII, 19. С. 318).
 
მაგრამ უფალი სიყვარულითაა სავსე არა მარტო საკუთარი სამეფოსადმი, არამედ მტრების მიმართაც, ვინ მას არ ცნობენ. მან სათნოებებით დააჯილდოვა წარმართი რომაელები, და თავიანთი მამაცობისთვის მსოფლიო სახელმწიფო უბოძა (V, 15. С. 271-272; 19. С. 283; V, 21. С. 287). მან მისცა სამეფო აშურელებს და სპარსელებს (V, 21. С. 287); მარიუსს, გაიუს კეისარს, ავგუსტუსს, ნერონს, ვესპასიანეს, მამას და შვილს, დომიციანეს, იულიანე განდგომილს და სხვებს (იქვე).

იმისდა მიხედვით, თუ რა იყო სასარგებლო რომაელთათვის, ან სწრაფადვე წყვეტდა ომებს, ან აჭიანურებდა მის დასასრულს, დაიხსნა იგი რადაგაისისგან (V, 22-23. С. 288-293). რომის საბოლოო დაცემის დროს (410 წ.), მან დაღუპვისგან ქრისტიანებთან ერთად ქრისტიანთა ტაძრებს შეფარებული მრავალი წარმართი რომაელიც დაიხსნა და ა. შ. (I, 1. С. 3-4; 7. С. 11).
 
აი ასე ეპყრობა დიადი მეფე უფალი თავის ქვეშევრდომებს და, როგორც მზრუნველი მამა ზრუნავს საკუთარ შვილებზე.


2. ღმრთის სამეფოს ქვეშევრდომნი და მათი დახასიათება მიწიერი მეფობის დასაბამიერი ისტორიის პარალელურად; მისი წევრები და დახასიათება

ღმრთის სამეფოს წევრთა დახასიათებას ნეტ ავგუსტინე ამ უკანასკნელის ისტორიაში გვთავაზობს.
 
ამრიგად, ღმრთის სამეფოს აქვს თავისი ისტორია.
 
მას უნდა მივმართოთ იმისთვის, რათა ღმრთის სასუფევლის წევრებს მივცეთ დახასიათება, რომელიც, თავის მხრივ, ამ უკანასკნელის არსებითი განსაზღვრებისთვის არის საჭირო; გარდა ამისა, უნდა მივუთითოთ თვით ღმრთის სასუფევლის წევრებზე და, ბოლოს, შევინარჩუნოთ ნეტ. ავგუსტინეს სწავლების ზუსტი ხასიათი ღმრთის სასუფევლის შესახებ, რაც მხოლოდ ისტორიის გადმოცემით შეიძლება. მას ჩვენ გადმოვცემთ მოკლედ, ვაჩვენებთ მხოლოდ სამეფოს წევრებს და მათ დახასიათებას ისე, რომ არ შევამოკლებთ ისტორიის დროითი მოცულობებს, რათა სრულად ვაჩვენოთ თვით ეს ისტორია. ქალაქთა დახასიათებას (3) ძირითად თავისებურებებში ნეტ. ავგუსტინე უმთავრესად მათი ფუძემდებლების დახასიათებით იძლევა, თანაც სარგებლობს ქალაქთა წარმომადგენლების სახელებით, მათი საქმიანობის ხასიათით და მათზე წმიდა წერილის შენიშვნებით.
 
____________________
 
3. შემდეგში დავინახავთ, რომ ღმრთის სამეფოს ჰყავს მტრები, რომლებიც შეადგენენ განსაკუთრებულ სამეფოს, რომელსაც ავგუსტინე მიწიერი ქალაქის სახელით მოიხსენიებს. ახლა, ღმრთის სამეფოს ისტორიის გადმოცემისა და მისი წევრების დახასიათებისას, ჩვენ, ამავდროულად, გადმოვცემთ მიწიერი სამეფოს ისტორიასა და მის წევრთა დახასიათებასაც. დასაწყის პერიოდში ორივე სამეფოს ისტორია საკმაოდ მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ამის გამო ორივე სამეფოს დახასიათება ერთდროულად გადმოიცემა. ასე რომ არ გვექნა, მოგვიწევდა მიწიერი სამეფოს ისტორიის გადმოცემისა და მისი წევრების ცალკე დახასიათება. ახლა კი, ღმრთის სამეფოს ისტორიასა და მის წევრთა დახასიათებასთან კავშირში, ამისი გაკეთება უფრო მოხერხებულია.
 
____________________
 
ღმრთის სამეფოს ისტორია ჯერ კიდევ ზეციურ სფეროებში იწყება. ხილული სამყაროს შექმნამდე ღმერთმა ანგელოზთა უხილავი სამყარო შექმნა (XI, 9. С. 186-189 და სხვა). აი ღმრთის სამეფოს პირველი მემკვიდრეები. ღმერთმა ყველა მათგანი კეთილად შექმნა; ყველა ერთნაირად იყო ნათლის ანგელოზი, ფლობდა გონებრივ და ზნეობრივ სიწმიდეს, მონაწილე იყო ღვთაებრივი სიბრძნისა, და ყველანი ნეტარი ცხოვრებით ტკბებოდნენ (XI, 11. С. 192-194; XI, 13. С. 196). მაგრამ მათი ბუნება ღმრთის ბუნების იგივეობრივი არ ყოფილა. ღმრთის ბუნება მარტივი და უცვალებელია. მისი სუბსტანცია და თვისება - ერთი და იგივეა. ქმნილებაში, ცხადია ანგელოზებშიც, ბუნება არ არის მარტივი და ცვალებადია.
 
მხოლოდ ღმერთია - მარტივი და უცვალებელი სიკეთე (XI, 10. С. 189-192). ბუნების ამ ცვალებადობის ძალით ანგელოზებში მოხდა ის, რომ მათი ნაწილი ჭეშმარიტებაში ვერ დამკვიდრდა (XI, 14. С. 198). ყველა მათგანისთვის საზოგადო სიკეთეს წარმოადგენდა ღმრთის ნებისადმი მორჩილება და საღმრთო სრულყოფილებათა ზიარობა. მაგრამ ანგელოზთაგან ზოგიერთმა თავისი მზერა ღმრთისგან საკუთარ თავზე, საკუთარ სრულყოფილებაზე გადაიტანა. მათ თავი საკუთარი ნეტარების წაროდ მიიჩნიეს, სიამაყეში შთავარდნილნი განუდგნენ ყველასთვის საზოგადო სიკეთეს - ღმერთს, და ბოროტების მიზეზნი შეიქნენ (XI, 28. С. 222).
 
ამგვარად, ჩამოყალიბდა ანგელოზთა ორი დასი: კეთილ, ნათელ და წმიდა ანგელოზთა - და ბოროტ, უწმინდურ და ცოდვილთა დასები. ანგელოზთა სწორედ ეს დაყოფა გახდა ორი ქალაქის, ორი სამეფოს - ღვთიურისა და სატანურის საწყისიც, ცხოვრების ურთიერთსაწინააღმდეგო პრინციპებით, ურთიერთსაწინააღმდეგო განწყობებითა და მათ წევრთა საქმიანობით: "ერთნი მუდმივად იმყოფებიან ყველასთვის საზოგადო სიკეთეში, რომელიც მათთვის თვით ღმერთია, მისი მარადიულობაა, ჭეშმარიტება და სიყვარულია; სხვები კი, უფრო ტკბებიან საკუთარი ძალაუფლებით, თითქოსდა თვითონვე იყონ სიკეთე საკუთარი თავისთვის, გადაიხარნენ ყველასთვის საზოგადო სიკეთისგან, რომელიც იძლევა ნეტარებას, და ამპარტავნული მედიდურობით გაამაყებულნი, ნაცვლად იმისა ფლობდნენ უზენაეს მარადიულ ნეტარებას, ნაცვლად იმისა ფლობდნენ უეჭველ ჭეშმარიტებას, ნაცვლად დაუყოფელი სიყვარულისა, განყოფისკენ ლტოლვით გახდნენ ამაყნი, ცრუნი და შურიანნი" (XII, 1. С. 234).
 
ამის შედეგად ერთნი არ წყვეტენ ნეტარებას, სხვები კი გაუბედურდნენ: "ერთი (დასი ანგელოზთა) ტკბება ღმერთით, მეორე კი გაბღენძილია ამპარტავნებით; ერთი ის დასია, რომელსაც ეუბნებიან: "თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა" (ფსალმ. 96:7), მეორეს კი მათი თავადი ეუბნება: "ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე" (მთ. 4:9); ერთი, ღმრთისადმი მხურვალე სიყვარულით ანთებულია, მეორე კი უწმიდური სიყვარულით საკუთარი სიდიადისადმი; მათგან პირველი, შესაბამისად ის, ვისზეც წერია: "ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს" (იაკ. 4:6; 1 პეტ. 5:5), ცათა ცათაში ბინადრობს, ხოლო მეორე, გადმოგდებული ციდან, უქვემოეს საჰაერო ცაში დაეხეტება; პირველი (დასი) ბრწყინვალე ღვთისმოსაობაში სიმშვიდით ტკბება, ხოლო მეორე ბნელი ვნებებით ბობოქრობს; პირველი უფლის ბრძანებით მორჩილად ისწრაფვის შესაწევნად და სიმართლით მიაგებს ყველას, მეორე კი ყველას დამორჩილებისა და დაზიანების ვნებით იწვის; პირველი - საღმრთო სიკეთეს ემსახურება, რათა სურვილისებრ შეეწიოს ყველას, მორე კი ღმრთის ძლიერებით არის შეკავებული, რათა იმდენად მავნე არ გახდეს, რამდენი ვნების მიყენების სურვილი აქვს; პირველი დასცინის მეორეს იმის გამო, რომ მას (მეორეს), საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი, მის მიერ დევნილთათვის სარგებლობა მოაქვს, მეორეს კი შურს პირველისა, რომელიც თავის სამშობლოში მეგზურთ ჰკრიბავს" (XI, 33. С. 229).
 
ღმრთის სამეფო, რომელიც ზეცის წმიდა ანგელოზთაგან შედგება, ღმრთის ქალაქის უკეთესი ნაწილია (XI, 24. С. 213), რომელიც არასოდეს მოგზაურობს უცხო მხარეს (XI, 9. С. 186) და ღვთისმოსავ ადამიანთა მოდგმას ემსახურება - ხოლო ღმრთის სამეფოს ნაკლებად სრულყოფილი ნაწილი, რომელიც ზეციური მამულისგან შორს იმყოფება და მოგზაურობს, ჯერაც მხოლოდ ელტვის მას. წმიდა ანგელოზები და ღვთისმოსავი ადამიანები სწორედაც რომ ერთ სამეფოს შეადგენენ, და არა ორს, იმიტომ, რომ ერთისა და მეორის მორალური ბუნება ისეთია, რომ მათ შორის შესაძლებელია ურთიერთკავშირი და ერთობა.
 
კეთილ ანგელოზთა და ღვთისმოსავ ადამიანთა უზენაესი სიკეთე ერთი და იგივეა - ეს არის მათი მჭიდრო ურთიერთობა ღმერთთან ღმრთის სიყვარულის მეშვეობით, რომელიც მათზე სულიწმიდის მოქმედებით იღვრება. კეთილ ანგელოზებს, ისევე როგორც კეთილ ადამიანებს, ცხოვრების ერთი და იგივე პრინციპი აქვთ, საქმიანობის ერთი მიზანი, ერთნაირი მისწრაფება, გრძნობები, განწყობა, საქმიანობის ერთნაირი ხასიათი. ამ საზოგადოობისა და განწყობის ძალით წმიდა ანგელოზები და წმიდა ადამიანები შეადგენენ ღმრთის ერთ სამეფოს, ერთ ცოცხალ მსხვერპლს და ღმრთის ცოცხალ ტაძარს (XII, 9. С. 250; VIII, 25. С. 54).
 
ღმერთმა თავდაპირველად შექმნა ერთი ადამიანი, "არა იმისთვის, რა თქმა უნდა, რომ ის მარტოკა დაეტოვებინა ადამიანური საზოგადოების გარეშე, არამედ იმისთვის, რათა უფრო ძლიერ აღეძრა მასში მისწრაფება საზოგადო ერთობისკენ და თანხმობის საკვრელებისკენ, რადგან ადამიანებიც ერთმანეთთან არა მარტო ბუნებით, არამედ ნათესაური კავშირებითაც არიან შეკრულნი" კაცის შემდეგ ღმერთმა შექმნა ქალი, იმავე განზრახვით, როგორც კაცი, მაგრამ ამოიღო ის კაცისგან, რათა "კაცთამ მოდგმა ერთისგან ყოფილიყო გამრავლებული" (XII, 21. С. 278).
 
სწორედ ამ პირველქმნილ ცოლ-ქმარში იღებს თავის სათავეს ორი სამეფო დედამიწაზე, რომლებიც შეადგენენ ცაში არსებული იმავე სამეფოების გაგრძელებებს, უფრო ზუსტად ორი სხვა ნაწილი ორი დიდი სამეფოსი, რომელიც უმეტესწილად კეთილ და ბოროტ ანგელოზთაგან შედგება.
 
როგორც ანგელოზები, პირველქმნილი ადამიანებიც სუფთა ბუნებისანი შეიქმნენ. ისინი იყვნენ მოაზროვნენი, ჰქონდათ გონიერი სული და კეთილი ნება (XII, 23. С. 279; XIV, 11. С. 29). სამოთხეში დასახლებულ ადამიანებს (XIII, 21. С. 320) არ აშფოთებდათ არც სულის ვნებები, არც სხეულებრივი უხერხულობანი და იყვნენ სრულიად ნეტარნი (XIV, 10. С. 28). მაგრამ ისინი შექმნილნი იყვნენ არა ისე, როგორც ანგელოზები, რომელთაც შეცოდების შემდეგ სიკვდილი არ შეუძლიათ, არამედ ისე, რომ მათი მორჩილების შედეგი ყოფილიყო ანგელოზური უკვდავება და ნეტარი მარადიულობა, ხოლო დაუმორჩილებლობის შედეგი - სიკვდილი, როგორც სამართლიანი სასჯელი ურჩობისთვის (XIII, 1. С. 287). მათი ნება ისეთი თვისების მქონე იყო, რომ შეეძლოთ თავიანთი ბუნებრივი მიმართულება კეთილიდან ბოროტისკენ წარემართათ. სწორედ ასეც მოხდა.
 
ნების ხარისხი სიყვარულით განისაზღვრება. ნება კარგია მაშინ, როდესაც სიყვარული მიმართულია ღმრთისკენ; ნება ცუდია და გარყვნილია მაშინ, როდესაც ის სიყვარულის საგნის დაუფლებას ცდილობს (XIV, 7. С. 13-16). პირველ ადამიანთა ნება თავიდან კარგი იყო, რადგან მიმართული იყო ღმრთისკენ: სწორედ მისგან (ღმრთისგან), ბუნებრივ ძალთა გარდა, იღებდა იგი ნეტარებას (XIV, 26. С. 58-59). მაგრამ ძალიან მალე ადამიანებმა შეამჩნიეს თავიანთი სრულყოფილება და მზად გახდნენ საკუთარი თავი ქვეყანაზე ყველაზე მეტად შეეყვარებინათ. ამპარტავანმა და ბოროტმა სულმა, რომელსაც პირველ ადამიანთა ნეტარება შურდა, არ დააყოვნა ესარგებლა ამ უკანასკნელთა ამგვარი განწყობით და გველის მეშვეობით კიდევ უფრო გაამძარფა მათი წარმოსახვა საკუთარ სრულყოფილებასთან დაკავშირებით და ამ გზით დაარწმუნა ჯერ ცოლი, შემდეგ კი, მისი მეშვეობით, ქმარიც დაერღვიათ ღმრთის მცნება (XIV, 11. С. 31-32).
 
როგორც ვხედავთ, თავდაპირველ შეცოდებაში დამნაშავენი არიან თვით პირველი ადამიანები, და არა ბოროტი ანგელოზი. ეშმაკმა მხოლოდ გამოიყენა ადამიანთა ნების გარყვნილება, რომელიც მანამდე მოხდა. ეშმაკი ვერ შეაცდენდა ადამიანებს, მათ ჯერ საკუთარი თავი რომ არ ეცდუნებინათ, და სიამაყესა და ქედმაღლობაში რომ არ ჩავარდნილიყვნენ (XIV, 13. С. 36).
 
ზურგი აქციეს რა ღმერთს საკუთარი თავისკენ, პირველყოფილმა ადამიანებმა დაკარგეს ნეტარება, რომლითაც მანამდე ტკბებოდნენ. ღმერთმა ისინი დამსახურებულ სასჯელს დაუქვემდებარა, როდესაც საკუთარი თავის ამარა დატოვა ისინი (XIV, 15. С. 38-39). მაგრამ, თავისი უსაზღვრო სიყვარულით, მან დამსახურებულ სიკვდილს როდი გადასცა კაცთა მთელი მოდგმა, რომელიც პირველი ცოლ-ქმრისგან წარმოსდგა. მას, ყოვლადძლიერსა და ყოვლადკეთილს, "რომელიც განამტკიცებს და აჯილდოვებს კეთილ ნებას, ტოვებს და განსჯის ბოროტს, ერთსაც და მეორესაც ჯეროვან ადგილს უჩნეს; მას (უფალს) არ გააჩნდა წინდახედულობის სიბრძნის უკმარობა, რათა დასჯილ კაცთაგან აღევსო თავისი ქალაქი მოქალაქეთა წინასწარგანსაზღვრული რიცხვით, გამოჰყო რა ისინი არა დამსახურებათა მიხედვით, რადგან მათი მთელი მასა დაისაჯა გაფუჭებულ ფესვში, არამედ მადლით და აჩვენა, როგორც გათავისუფლებულთ, ასევე შებორკილთ, რაოდენ დიდია მათდამი ბოძებული მისი ნიჭები" ( XIV, 26. С. 60-61). ეს მართლები, გათავისუფლებულნი, და არამართლებიც, რომლებიც შებორკილნი არიან (ცოდვით - "აპოკ." რედ.), არის კიდევაც ორი სამეფო კაცთა მოდგმაში, რომლებიც წარმოადგენენ იმ სამეფოთა გაგრძელებებს, რომლებიც არიან ანგელოზთა სამყაროში.
 
კაცთა მოდგმაში არსებული სამეფოები ხასიათდებიან, როგორც ხორციელი, ასევე სულიერი სიცოცხლით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესენია სიცოცხლე კაცისა, საკუთარი თავისთვის, და სიცოცხლე კაცისა ღმრთის მიხედვით და ღმრთისთვის (XIV, 4. С. 8).
 
ეშმაკის სამეფოს წევრები ცხოვრობენ ხორციელად, კაცობრივად, და სახავენ მიზნებს; ხოლო ღმრთის სამეფოს წევრები ცხოვრობენ ღმრთის მცნებების მიხედვით და ღმრთისთვის, ისინი ღმერთს მიიჩნევენ თავიანთი ცხოვრებისა და საქმიანობის ბოლოდ. პირველთ უყვართ საკუთარი თავი და ეზიზღებათ ღმერთი; მეორეთ კი უყვართ ღმერთი და ეზიზღებათ საკუთარი თავი. "პირველი (ქალაქი) თავის დიდებას საკუთარ თავში მოიაზრებს, უკანასკნელი კი - უფალში. რადგან ერთი ეძიებს დიდებას კაცთაგან, ხოლო მეორესთვის უდიდესი დიდება - ღმერთია, მოწმე სინდისისა. ის (პირველი) თავის დიდებას ელტვის, ხოლო მეორე თავის ღმერთს ეუბნება: "შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდებაჲ ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა" (ფსალმ. 3:4). ერთზე ბატონობს მბრძანებლობის ავხორცობა, რომელიც იპყრობს მის მმართველებს, და მისდამი დაქვემდებარებულ ხალხებს; ხოლო მეორეში ადამიანები ერთმანეთს ემსახურებიან სიყვარულით და ემორჩილებიან თავიანთ მმართველებს. ერთი თავის დიდ ადამიანებში საკუთარ ძალას ხედავს, ხოლო მეორე თავის ღმერთს ეუბნება: "შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, და მჴსნელო ჩემო" (ფსალმ. 17:2). ამიტომაც იმ ქალაქში მცხოვრები ბრძენკაცები, ცხოვრობენ რა კაცობრივად, ელტვიან ხორციელ ან სულიერ სიკეთეებს, ან ერთსაც და მეორესაც, ხოლო ზოგიერთებს შეეძლოთ შეეცნოთ ღმერთი, მათ კი, "შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული; სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე" (რომ. 1:21-25). ხოლო მეორე ქალაქში არ არის კაცობრივი სიბრძნე, გარდა ღვთისმოსაობისა, რომელიც სწორად თაყვანსცემს ჭეშმარიტ ღმერთს, და ელის წმინდანთა, - არა მარტო კაცთა, არამედ ანგელოზთა, - დასში იმ ჯილდოს, როდესაც ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველში" (1 კორინთ. 15:28) (XIV, 28. С. 63-64).
 
სამეფოთა შემდგომი ისტორია მოიცავს დედამიწაზე კაცთა მოდგმის არსებობის მთელ პერიოდს, დროს, როდესაც დაბადება და სიკვდილი ერთმანეთს ენაცვლებიან (XV, 1. С. 66).
 
მიწიერი სამეფოს პირველი მოქალაქე იყო კაენი, ღმრთის სამეფოსი კი მისი უმცროსი ძმა - აბელი (იქვე). ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სამეფოთა ორი წარმომადგენლის დახასიათებით მოცემულია ორი სამეფოს ყველა წევრის დახასიათება (XV, 7. С. 80). კაენის შესახებ ნათქვამია, რომ მან პირველმა ააშენა ქალაქი დედამიწაზე (XV, 5. С. 72). ამით მან აჩვენა, რომ ის მთლიანად მიჯაჭვულია მიწას, ეძებს მხოლოდ მიწიერ სიკეთეთ, რომლის იქითაც და რომლის მაღლაც მისი ინტერესები არ მიემართება (XV, 4. С. 71-72; XV, 17. С. 109). ასეთივეა მისი შთამომავლობაც.
 
აბელს ქალაქები არ უშენებია: ის - მწირი და მომთაბარეა დედამიწაზე; წმინდანთა ქალაქი - ღმრთის ქალაქი, ცაშია. ისინი, წმინდანები, თუმც დედამიწაზე იბადებიან, აქ დროებით იმყოფებიან, თუმც სარგებლობენ მიწიერი სიკეთეებით, მაინც არ მიეჯაჭვებიან მას გულით; მათი მამული და ერთადერთი სიკეთე არის იქ, სადაც ისინი თავის უფალთან ერთად გამეფდებიან და დაუსრულებლად იმეფებენ (ХV, 1. С. 67. Вообще характеристику Каина и Авеля, а в лице их — их потомства, см. ХV, 1-6. С. 65-76).
 
კაენზე კიდევ ის არის ცნობილი, რომ მან მოკლა თავისი ძმა აბელი. მან ეს იმიტომ ქნა, რომ მიჯაჭვული იყო მიწიერ სიკეთეთ, შეპყრობილი იყო მბრძანებლობის, სიამაყისა და შურის ვნებებით. უფლისადმი მსხვერპლად მან აირჩია ის, რაც დიდი ხანია მას (უფალს) ეკუთვნის, საკუთარი თავი კი თვითონ დაიტოვა. ასეთია მისი შთამომავლობაც. ხოლო აბელი, პირიქით, ზეციური სამეფოს მოქალაქეა, და მისი ყველა ასო და ორგანო მიმართულია ღმრთისკენ, მიწიერი სიკეთეებით ის სარგებლობს ისე, რათა მათი მეშვეობითაც ღმერთით დატკბეს (ХV, 7. С. 76-81).
 
კაენის შვილი, მაშასადამე მიწიერი სამეფოს მოქალაქე, იყო ენოქი. ხოლო რადგან ღმრთის სამეფოს პირველი წარმომადგენელი აბელი მოკლულ იქნა, უფალმა ადამს აბელის ნაცვლად მისცა სხვა ძე, - შეთი, ხოლო ამ უკანასკნელს ძე - ენოსი. ქალაქთა ამ პირველ შთამომავლებზე მკაფიოდ აისახა განმასხვავებელი ნიშან-თვისებანი. მაგრამ, რადგან ორივე ქალაქის წევრთა განწყობის, ცხოვრებისა და საქმიანობის საზოგადო ხასიათი იგივეა, ხოლო მისი ზოგადი ხასიათი, ვფიქრობ, უკვე საკმარისად აღვწერეთ, ამ ადგილას შთამომავალთა დახასიათებას გამოვტოვებთ: ახალი ნიშან-თვისებები არ ემატებათ, არამედ მხოლოდ უფრო ნათლად იხსნება ადრინდელი, უკვე ნათქვამი, და ამიტომაც შემდგომში ღმრთის სამეფოს ისტორიას გადმოვცემთ მხოლოდ თავად მისა და მისი წევრების საჩვენებლად, ადრინდელივით მიწიერ სამეფოსთან მიმართებაში.
 
შეთისგან, როგორც აბელის სიკვდილის შემდეგ ღმრთის სამეფოს პირველი წარმომადგენელისგან, და კაენისგან, როგორც მიწიერი სამეფოს წარმომადგენელისგან, ერთიც და მეორე სამეფოც ცალკეული გენერაციის გზით მიდის. მათი რაოდენობა წარღვნამდე კაენის მოდგმაში - თერთმეტია (რიცხვი, რომელიც ნიშნავს ცოდვას, სჯულის დარღვევას), ხოლო შეთის მოდგმაში - თორმეტი (წმიდა რიცხვი) (XV, 19-21. С. 111-119). წარღვნით, შეთის მოდგმაში ღმრთის სრული დავიწყების გამო (XV,22-23. С. 120-127), განადგურდა მთელი კაცობრიობა, გარდა ღმრთის სამეფოს მცირე ნატამალისა, რომელიც ნოეს ოჯახში შენარჩუნდა, და ცხოველებისა, რომელიც მან თავისთან ერთად კიდობანში შეიყვანა (XV, 26. С. 130). ამ მოვლენით მთავრდება ღმრთის სამეფოს ისტორიის პირველი პერიოდი (XVI, 43. С. 218).
 
წარღვნის შემდეგ ორივე სამეფოს შესახებ ნათელი მითითებები არ გვაქვს ვიდრე აბრაამამდე (XVI, 1. С. 137). მაგრამ მცირედი მონაცემების საფუძველზე გარკვეული ნაკვალევის პოვნა მაინც შეიძლება. ღმრთის სამეფოს წარმომადგენლები არიან სემისა და იაფეტის კურთხეული შთამომავლები, მიწიერი სამეფოსი კი - ქამის წყეული მოდგმა. თუმცა, ამ მეორე პერიოდში ნოედა აბრაამამდე ორივე სამეფო ისე შეერწყმის ერთმანეთს, რომ როგორც ქამის შთამომავლებშიც გაჩნდნენ, სავარაუდოდ, ღმრთის თაყვანისმცემლები, ასევე იაფეტისა და სემის შთამომავლებშიც, უეჭველად, იყვნენ ჭეშმარიტი ღმერთის მგმობარნი (XVI, 10. С. 159-160). ღმრთის სამეფო სემის მოდგმაში მიდიოდა არფაქსადის, კაენანის, სალას, ებერის, ფალეგის, რაგავის, სერუხის, ნახორის, ფარესისა და აბრაამის მეშვეობით (XVI, 10. С. 159) (აწ მხოლოდ ღმრთის ქალაქზე ვილაპარაკებთ: შემდგომში სამეფოთა ხვედრი იყოფა).
 
აბრაამიდან იწყება მესამე პერიოდი და გრძელდება მეფეებამდე და წინასწარმეტყველებამდე. ამ პერიოდში მითითებანი ღმრთის სამეფოზე საკმაოდ ნათელია. ის მიწიერი სამეფოსგან გამოიყოფა განსაკუთრებულ ებრაელ ერში (XVI, 12. С. 164-165), რომელიც თავისი დაწესებებით მოწოდებული იყო დედამიწაზე გარდაექმნა და მოემზადებინა საკუთრივი აზრით ღმრთის სამეფო, მადლის ახალაღთქმისეული მეფობა. ამ დროისთვის მოხდა შემდეგი მოვლენები: ფარესის გადასახლება ქალდეიდან მესოპოტამიაში (XVI, 13-14. С. 166-168). აბრაამის, ისააკის და იაკობის ცხოვრება აღთქმებითურთ, რომლებიც მათ მიეცა (XVI, 14-16, 18-42. С. 167-173, 175-215); ხოლო პერიოდს მოსეს, იესუ ნავეს ძისა და მსაჯულთა დროებიდან ვიდრე დავითამდე, ნეტ. ავგუსტინე მოკლედ აღწერს (XVI, 43. С. 215-218).
 
დავითიდან ქრისტემდე - ღმრთის სამეფოს მეოთხე პერიოდი იშლება. ეს არის საკუთრივი აზრით წინასწარმეტყველური პერიოდი, როდესაც აღსრულდა აბრაამის, ისააკისა და იაკობისადმი ქანაანის მიწაზე მიცემული აღთქმა, რომელიც სამუდამოდ დარჩებოდა ებრაელთა მფლობელობაში, რომ არ შეეცოდათ.
 
მთელი რიგი წინასწარმეტყველებები, რომელიც გაიხსნა სამოელის დროს, გრძელდება ქრისტემდე. წინასწარმეტყველებათა შინაარსი ეხება არა მარტო ებრაელი ერის ისტორიულ სვე-ბედს და მის წარსულს, არამედ ქრისტეს მომავალ მადლისმიერ სამეფოსაც (XVII, 1-2. С. 219-222). ასეთი წინასწარმეტყველებებია: ანასი, სამუელის დედისა, რომლის მიხედვითაც ებრაელთა ძველი სამღვდელოება იესუ ქრისტეს ახალი სამღვდელოებით შეიცვლებოდა (XVII, 4. С. 225-235); ღმრთის კაცის (სახელი მითითებული არ არის) ილიასი - რომ მღვდლობა, რომელიც ახლა არის აარონის წესით, - შეიცვლება (XVII, 5. С. 236-241) და წინასწარმეტყველება მარადიულ მღვდლობაზე, რომლის წინასახე იყო ებრაული მღვდლობა (XVII, 6. С. 242-244); სამუელის წინასწარმეტყველება საულს ისრაელის სამეფოს გაყოფის შესახებ (XVII, 7. С. 244-248). წინასწარმეტყველებების პარალელურად მოდის ღმრთის აღთქმები დავითისადმი მის ძე სოლომონზე, რომელიც სრულად იესუ ქრისტეზე აღსრულდა (XVII, 8-13. С. 248-260).
 
შემდეგი წინასწარმეტყველებებია: დავითისა - ღმრთის სამეფოსა და მის დამფუძნებელზე (ფსალმ. 44); იესუ ქრისტეს მღვდლობაზე, ვნებაზე, სიკვდილზე და მკვდრეთით აღდგომაზე (ფსალმ. 109, 21, 3, 40, 15 და 67); ებრაელთა სიბრმავეზე, რომელთაც ვერ იცნეს იგი (ჭეშმარიტი მესია) (ფსალმ. 68) (XVII, 16-19. С. 263-272). სოლომონისა - მაცხოვრის ტანჯვასა და სიკვდილზე, რომელიც გადმოცემული აქვს იგავთა წიგნში, ეკლესიასტეში და ქება ქებათაში (XVII, 20. С. 273-277). სოლომონის მემკვიდრეების დროს ქრისტესა და მის სამეფოზე რაიმე განსაკუთრებული ნაწინასწარმეტყველევი არ ყოფილა. მაგრამ წინასწარმეტყველები ამ დროშიც იყვნენ, მაგალითად, ილია და ელისე, რომლებიც ამხელდნენ მეფეთა ბიწიერებას (XVII, 22. С. 279).
 
წინასწარმეტყველებები წარმოითქვა ბაბილონის ტყვეობის დროს. მათ განეკუთვნება: ოსიას და ამოსის წინასწარმეტყველებანი წარმართთა მოწოდების შესახებ (XVIII, 28. С. 40-42); ესაიასი იესუ ქრისტესა და მის ეკლესიაზე (XVIII, 29. С. 42-44), მიქასი, იონასი და იოველისა მაცხოვრის დაბადების ადგილის, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ, ასევე ახალი აღთქმის მადლზე (XVIII, 30. С. 44-45); აბდიასი, ნაუმისა და ამბაკუმისა ქვეყნიერების ცხონებაზე იესუ ქრისტეს მიერ (XVIII, 31-32. С. 45-51); იერემიასი და სოფონიასი ქრისტე მაცხოვარზე და წარმართთა მოწოდებაზე (XVIII, 33. С. 51-53); დანიელისა და ეზეკიელისა იმავე საგანზე (XVIII, 34. С. 53-54); ანგიასი, ზაქარიასი და მალაქიასი ქრისტიანულ ეკლესიასა და მის გავრცელებაზე (XVIII, 35. С. 54-58).
 
ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ იუდეველთა შორის წინასწარმეტყველები არ ყოფილან. მაგრამ, ნეტ. ავგუსტინეს აზრით, სულიწმიდის გამოცხადებას ამ დროშიც ჰქონდა ადგილი. სამოცდაათთა მიერ წმიდა წერილის გადათარგმნა ებრაულიდან ბერძნულ ენაზე - ამისი უეჭველი დადასტურებაა. და თვით კომენტატორთა გადახრა ებრაული ტექსტიდან სულიწმიდის მოქმედებით აიხსნება, რომელიც ტექსტს ასე ასწორებდა.
 
შემდეგ ნეტ. ავგუსტინესთან მოდის - ბაბილონის ტყვეობის შემდგომ ებრაელთა ცხოვრების მოვლენათა ჩამოთვლა და მათი შესვლა მადლის ახალაღთქმისეულ სამეფოში. მოკლე, მაგრამ ძლიერი მონახაზებით აღწერს ავგუსტინე მაცხოვრის შობას, რომელიც ძველი აღთქმის ყველა წინასწარმეტყველებისა და წინასახეების ცენტრი იყო, იუდეველთა განთესვას ყველა ხალხთა შორის ქრისტეზე წინასწარმეტყველებების საქადაგებლად (XVIII, 46. С. 77-79), ეკლესიის შემადგენლობას დღევანდელ ბოროტ საუკუნეში და მის დიდებას (XVIII, 48-49. С. 80-83), ქრისტეს მიერ უბრალო, არაწარჩინებულ, უსწავლელ მოციქულთა არჩევას სახარების საქადაგებლად, სულიწმიდის გარდამოვლას მათზე ქრისტეს ვნების, სიკვდილის, აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდგომ (XVIII, 49. С. 82-83), ეკლესიის გავრცელებას ყველა ხალხში მოწამეობრივი ღვაწლის თანაშეწევნით (XVIII, 50. С. 83-84) და მისი წუთისოფლის მძლეველ ძლიერებას ჟამთა აღსასრულამდე (XVIII, 51. С. 84-87).
 
სამყაროს აღსასრულით იწყება ღმრთის სამეფოს ახალი პერიოდი. ეს არის სამეფო დიდებისა, როდესაც ღმრთის სამეფოს ყველა წევრი, რომელიც აქ დედამიწაზე ყარიბად ცხოვრობდა, შეუერთდება ანგელოზებს, და ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველივეში.
 
როდის იქნება სამყაროს აღსასრული მარტო ღმერთმა უწყის. ჩვენ ამისი ცოდნა არ მოგვნიჭებია (XVIII, 53. С. 90-92). ცნობილია მხოლოდ ის, რომ მაშინ, სამყაროს აღსასრულის დროს, დიდების სამეფოსკენ გადასვლისას, იესუ ქრისტეს მიერ აღსრულდება უკანასკნელი სამსჯავრო, მანამდე კი მოვა - ილია თეზბიტელი, მოხდება იუდეველთა მოქცევა, ანტიქრისტე დაიწყებს ქრისტიანთა დევნას, და მოვა ქრისტე ყოველთა განსასჯელად, იქნება აღდგომა მკვდართა, კეთილთა გამოყოფა ბოროტთაგან, სამყარო დაიწვება და განახლდება (XX, 29. С. 237; 30. С. 239-245).
 
ამის შემდეგ დადგება ღვთისმოსავ ადამიანთა ნეტარი ცხოვრება, იმათი, ვინც აქ, დედამიწაზე ჭეშმარიტებისთვის იღვწოდა და მარადიულ ცხოვრებაში გადავიდა. იქ იქნება სრული და მარადიული სიმშვიდე არა მარტო სულისა, არამედ სხეულისაც. მაშინ ჩვენ გავთავისუფლდებით ყოველგვარი საკვრელებისგან, რომლებითაც ახლა შებოჭილები ვართ, და დავინახავთ უფალს, ანგელოზებს და თავისუფალ, ნეტარ ცხოვრებას მათთნ ერთად, დავინახავთ და შვიყვარებთ, რომ შევიყვარებთ - განვადიდებთ. აი ის, რაშიც ვიქნებით უსასრულოდ (XXII, 30. С. 398-404) (4).
 
____________________
 
4. ღმრთის სამეფოს ისტორია შედგენილია მ. კრასინის თხზულების დახმარებით.
 
____________________
 
ასეთები არიან ღმრთის სამეფოს წევრები, ასეთია მათი განწყობა. ღმრთის სამეფოს წევრია - ყველა ღვთისმოსავი ადამიანი ანგელოზებთან ერთად. მათ განწყობაში მთავარია - სიყვარული ღმრთისა და ერთმანეთისადმი (ХIV, 13. С. 36). როგორც შვილებს უყვართ თავიანთი მამა, ყველაფრისთვის მას მიმართავენ და ცდილობენ ასიამოვნონ მას, ასევე ღმრთის სამეფოს ყველა შვილს ეყვარება მათი მოყვარე მეფე, რომლისგანაც ელიან ყველაფერს, მისკენ ილტვიან, ცდილობენ მხოლოდ მას ესათნოვონ და მხოლოდ მისი ნებით იცხოვრონ (X, 3. С. 108).
 
ყოველივე ნათქვამის შემდეგ ღმრთის სამეფო ნეტ. ავგუსტინეს სწავლებით შეიძლება ასე განვსაზღვროთ. თუკი ახალაღთქმისეული ღმრთის სამეფო არის ადამიანთა შვილებრივი ერთობა ღმერთთან და ღმერთში ცხოვრება, როგორც ნიჭი, ბოძებული ღმრთისგან, და როგორც ამოცანა ადამიანისთვის, მაშინ ღმრთის სამეფო, ნეტ. ავგუსტინეს სწავლებით, ეს არის თავისუფალ-გონიერ არსებათა საზოგადოება, რომლებიც გაერთიანებულნი არიან შვილებრივი სიყვარულით ღმრთისადმი.
 
ღმრთის სამეფოს ორივე განსაზღვრების შეფარდებით საკმაოდ იკვეთება მათ შორის განსხვავებაც. როგორც უკვე ვნახეთ და ვთქვით, ორივე სამეფოს შინაგანი არსი ერთი და იგივეა. მაგრამ, რადგან ამ შინაგან მხარეს, რომელიც სახარებებში იხსნება, ნეტ. ავგუსტინე ნაკლებად განმარტავს, რადგან უმთავრესად სამეფოს შინაგან მატარებლებს, ანგელოზებსა და უპირატესად ადამიანებს მიჰყვება, ღმრთის სამეფოს განსაზღვრება ნეტ. ავგუსტინესთან უფრო გარეგან ხასიათს ატარებს მის სახარებისეულ განსაზღვრებასთან შედარებით.
 
თავის განსაზღვრებაში ღმრთის სამეფო უფრო უახლოვდება იმ სახარებისეულ სამეფოს, რომელიც განისაზღვრება, როგორც ღმრთის უფლობა, მისი მეუფება - ეს უკანასკნელი, ღმრთის სახარებისეული სამეფოს განსაზღვრება ადრე მითითებულისგან უფრო გარეგანი ხასიათით განსხვავდება.
ზეციური ქალაქი იერუსალემი
IV თავი
 
ღმრთის სამეფოს "საიდუმლოებები" მის შესახებ ავგუსტინესეულ სწავლებაში. მიწიერი სამეფო.
 
ღმრთის სამეფოს საიდუმლოებანი, რომლებიც სახარებაში იხსნება, ნათელყოფილია ნეტ. ავგუსტინეს თხზულებებშიც, ანუ ნეტ. ავგუსტინეს ნაშრომებში, ისევე როგორც სახარებებში, ჩვენ ვპოულობთ არა მარტო ღმრთის სამეფოს არსის, ბუნების განსაზღვრებას, არამედ მისი კერძო მხარეების განმარტებასაც.
 
ასე, მაგალითად, როგორც სახარების, ასევე ნეტ. ავგუსტინეს სწავლებით, ღმრთის სამეფო, უეჭველად, - ღმრთის ნიჭია, ღმრთის საბოძვარია. კაცმა თვითონ კი არ იხსნა საკუთარი თავი ცოდვით დაცემის შემდეგ, არამედ ღმერთმა აღმოიყვანა დაცემული კაცობრიობის განსაზღვრული რაოდენობა თავისი სამეფოს შესავსებად, და ეს მან მართალთა დამსახურებების გამო კი არ გააკეთა, არამედ ოდენ საკუთარი მადლითა და სიყვარულით (XIV, 26. С. 60-61).
 
ღმრთის სამეფო - ღმრთისგანაა. ღმრთის ნიჭი სამეფოს შესახებ სწავლებაში და ავგუსტინესთან ღმრთის სამეფოს სხვადასხვა მხარეს ეხება: სახარების მიხედვით - შინაგან მხარეს, განწყობას, ავგუსტინესთან კი - გარეგანს, საკუთრივ საწყისს, სამეფოს საფუძვლებს. მაგრამ ეს უკანასკნელი ხდება ოდენ ნეტ. ავგუსტინეს მიერ ღმრთის სამეფოს შესახებ არსებული სწავლების მითითებული განსაკუთრებულობის ძალით, რომლის მიხედვითაც ის უფრო სამეფოს გარეგან მხარეზე ჩერდება შინაგანი მხარის საზიანოდ.
 
როგორც თავისუფალ-გონიერ არსებათა, ანუ კეთილ ანგელოზთა და ასეთივე ადამიანთა საზოგადოება, ღმრთის სამეფო ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი - ცაშია, ანგელოზებია; მეორე ნაწილი - დედამიწაზეა და ადამიანები არიან (Х, 7. С. 115; ХI, 28. С. 222; XII, 9. С. 250). ერთნი, ადამიანები, ჯერაც მწირობენ, იღვწიან; სხვები შეეწევიან (Х, 7. С. 115). ანგელოზთა მეშვეობით მიეცათ ადამიანებს წმიდა წერილი (იქვე); ანგელოზები ადამიანებთან ერთად ხარობენ, შეეწევიან და ეხმარებიან მათ შეწირონ მსხვერპლი ღმერთს საკუთარ გულებში (Х, 19. С. 139).
 
ასეთია ღმრთის სამეფოს ორივე ნაწილის ურთიერთობა.
 
როგორც ღვთისმოსავ ადამიანთა საზოგადოება ღმრთის სამეფო ერთია, მაგრამ მისი პერიოდები განსხვავებულია. ერთი პერიოდია - ღმრთის სამეფოს დასაბამიდან ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე; მეორე - მთელი მომავალი საუკუნე, რომელიც მკვდართა აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს შემდეგ დადგება. პირველ პერიოდში ღმრთის სამეფოს წევრები ჯერაც მწირობენ, როგორც უცხო მოგზაურნი ამ დედამიწაზე (I, предисловие. С. 1; X, 7. С. 115; XV, 26. С. 130; XII, 9. С. 250; XI, 28. С. 222; XVII, 16. С. 265), ტვირთულობენ ნებაყოფლობით სიღარიბეს, რათა უფრო იოლად და დაუბრკოლებლად მიაშურონ თავიანთ სამშობლოს (V, 18. С. 275-277), იღვწიან ღმრთის ქალაქისთვის, იცავენ მას მწვალებლურ ცდომილებათაგან (V, 18. С. 277), ითმენენ ლანძღვას ღმრთის ქალაქისთვის (V, 16. С. 272), ღვრიან სისხლს მტერთათვის (V, 18. С. 276), ცხოვრობენ რწმენით (ამბაკ. 2, 4), მოთმინებით ელიან (რომ. 8, 25) მარადიულ მკვიდრობას, რადგან "სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი" (ფსალმ. 93:15) (I, предисловие. С. 1), ნუგეშისცემულ იქნებიან ზენა სამშობლოს სასოებით (I, 9. С. 15), ჭეშმარიტი, მტკიცე და ურყევი იმედით (I, 29. С. 52); მიწიერი სიკეთეებით სარგებლობენ, მაგრამ არ ატყვევებს მათ ეს სიკეთე ყოველივე მიწიერისგან განდგომილების გამო, ხოლო ბოროტების მიერ ან გამოიცდებიან ან კიდევ სწორდებიან (იქვე). ამის საპირისპიროდ მეორე პერიოდი - მარადიული მკვიდრობის ჟამია (I, предисловие. С. 1), მამულია, მიწიერ მოგზაურთა სამშობლოა (I, 9. С. 15), დროა მიგებისა და ჯილდოს მიღებისა ღვაწლისთვის (I, 29. С. 53; V, 16. С. 272; V, 18. С. 277), სასოებათა აღსრულებაა (I, 9. С. 15; I, 29. С. 52), რომელიც სავსეა მშვიდობითა და ნეტრებით (XIX, 1-13. С. 96-133). იქ არის ჭეშმარიტი და სრული ბედნიერება; იქ არავინ კვდება; იქ ბრწყინავს მზე სიმართლისა; იქ არის ყველასთვის საერთო სიმდიდრე ერთგული და ნამდვილი ჭეშმარიტებისა (V, 16. С. 272).
 
ამრიგად, პერიოდების ხასიათები სრულიად განსხვავებულია. ერთში - ტანჯვაა, მშფოთვარებაა, შრომა და ღვაწლია; მეორეში კი - მშვიდობა და სიმყუდროვეა, ჯილდო და სიხარულია.
 
ამ უკანასკნელ პერიოდში ღმრთის სამეფო ცნობილი აზრით - იდეალია, და არა კერძო სინამდვილე. თუმცა, ღმრთის სამეფო ახლაც არსებობს; მისი პირველი პერიოდი კაცობრიობის მიწიერი ცხოვრების დროებას მოიცავს. მაგრამ ამ პერიოდში ღმრთის სამეფო არ წარმოჩნდება მთელი თავისი ძალითა და დიდებით. ასეთად ის მომავალ საუკუნეში გამობრწყინდება.
 
თავის წევრთა განწყობასთან მიმართებაშიც ღმრთის სამეფო გარკვეული აზრითაც - იდეალია. სიყვარული, რომელიც დღეს ერთ საზოგადოებად აერთიანებს ადამიანებს, არ არის დასრულებული და ერთხელ და სამუდამოდ დამყარებული რამ. არა, აქ მხოლოდ მისი საწყისებია; აქ, დედამიწაზე მისი დაკარგვაც შესაძლებელია ან შეიძლება საერთოდაც არ გქონდეს იგი, აღზარდო შენში და აქედან გამომდინარე შეიძლება გამოხვიდე ღმრთის სამეფოდან, და, პირიქით, თუკი ადრე მას მტრობდი, შეხვიდე მასში (I, 35. С. 58-59).
 
ამრიგად, ღმრთის სამეფო შინაგანი მხრიდან განვითარებას ექვემდებარება. აქ დედამიწაზე ის მუდმივად იზრდება მორწმუნეთ სულებში.
 
მაგრამ ღმრთის სამეფო იზრდება და ვითარდება გარეგანი მხრიდანაც. "არა მარტო ქრისტეს ხორციელი ცხოვრებისა და მოციქულთა მოღვაწეობის ეპოქიდან, არამედ თვით აბელის, ძმის მიერ მოკლული პირველი მართლის დროიდან", ღმრთის სამეფო თავის საზღვრებში ფართოვდება და "წუთისოფლის აღსასრულამდე" გაფართოვდება" (ХVIII, 51. С. 87).
 
მისი დანიშნულებაა - თავის წიაღში შეიფაროს დედამიწის ყველა ხალხი (ХVIII, 49. С. 83). ყველა ადამიანი მასში შესვლისკენ არის მოწოდებული (VIII, 24 c. 52; XVII, I6. С. 265-266; XIX, 17. С. 140). ამ მიმართებით ღმრთის სამეფო არის უნივერსალური.
 
მაგრამ მისი საზღვრები მარტოდენ ადამიანებით როდი შემოიფარგლება; ისინი ვრცელდება მთელ უქვემოეს, მშვინვიერ და არა მშვინვიერ ბუნებაზეც. ღმრთის სამეფოში ნორმალური წესრიგი ასეთია: ადამიანი ექვემდებარება ღმერთს  (XIX, 27. С. 159), ადამიანს ემორჩილება მისი უქვემოესი ქმნილება, რომელიც ცხოვრობს დედამიწაზე და დაფრინავს ჰაერში, - თვით ღმერთმა მისცა ადამიანს ასეთი ძალაუფლება (XIX, 15. С. 136). მაშასადამე, საკუთრივ ღმერთი ფლობს მთელ დედამიწას და მის ყველა ბინადარს.
 
ღმრთის სამეფო - ერთია ყველა ადამიანისთვის; ყველა მისკენ არის მოწოდებული. მაგრამ ამ სამეფოში შედიან მხოლოდ ისინი, ვინც მასში შესვლის პირობებს აკმაყოფილებს. ხოლო ეს პირობებია - სულიერი აღორძინება, რომელიც აუცილებელია ბუნებითი დაბადების დროინდელი ხრწნილებისგან თავდასაღწევად (ХV, 16. С. 106); ბოროტი ნების შეცვლა სიკეთისკენ (I, 9. С. 17); ყალბი შეხედულებების შეცვლა ჭეშმარიტით (XIX, 19. С. 142-143) — ნამდვილი ღვთისმოსაობა, მართალი ცხოვრება ღმრთის მცნებათა დაცვით (V, 14. С. 269; XIX, 19. С. 142-143). ეს უკანასკნელი კი მდგომარეობს იმაში, "რათა ღმერთი განაგებდეს მისდამი დამორჩილებულ ადამიანს, სული - სხეულს, ხოლო გონება ჯერაც ჯიუტად მდგომ ან თითქმის დათრგუნულ ვნებებს; და, რომ თვით ღმერთს შევთხოვდეთ მადლს, ცოდვათა მიტევებას, და მასვე შევწირავდეთ მადლობას მიღებულ სიკეთეთათვის" (XIX, 27. С. 159).
 
ჩვენ ვნახეთ ორივე სამეფოს წევრთა დახასიათებანი. მიწიერი სამეფოს წევრები მხოლოდ მაშინ შევლენ ღმრთის სამეფოში, როდესაც რადიკალურად შეცვლიან თავიანთ განწყობას. თუკი ახლა, მიწიერ სამეფოში, ისინი თავიანთთვის და საკუთარი სურვილების შესაბამისად ცხოვრობენ, ღმრთის სამეფოში შესასვლელად თავიანთი ცხოვრების ცენტრად უნდა დასახონ არა საკუთარი მოსურვებანი, არამედ ღმერთი და მისი წმიდა ნება.
 
ნათქვამიდან ჩანს, რომ ღმრთის სამეფო - სულიერი სამეფოა. მასში შესვლისთვის საჭიროა არა გარეგანი ცვლილება, მაგალითად, კანონების, უფლებების, დაწესებულებებსი, ტანისამოსის, ცხოვრების გარეგნული წესის, არამედ შინაგანი განწყობის შეცვლა. მას, ღმრთის სამეფოს, არ სჭირდება ადამიანთა ცხოვრების ფორმა და ჩვეულებები, რა თქმა უნდა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება რწმენასა და ღვთისმოსაობას (XIX, 19. С. 142-143). ის მნიშვნელობას არ ანიჭებს უფლებებს, კანონებს და დაწესებულებებს, და ამ ყოველივეს არა თუ არ უარყოფს, არ ანგრევს, არამედ, პირიქით, მხარს უჭერს და იცავს; და კვლავ, თუკი ეს ყველაფერი არ ეწინააღმდეგება რწმენასა და ღვთისმოსაობას (XIX, 17. С. 139-141); ის ლოცულობს მეფეთა და მთავართათვის (XIX, 26. С. 158); ემორჩილება მიწიერი ქალაქის კანონებს, თუკი ისინი არ ანგრევენ მის რელიგიას (XIX, 17. С. 140); სარგებლობს ქვეყნიერებით (XIX, 17. С. 140-141; XIX, 26. С. 158). საერთოდ, მნიშვნელობას არ ანიჭებს, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამოქალაქო მოწყობას, და ადამიანთა ცხოვრების გარეგნულ პირობებს, ღმრთის სამეფო მხოლოდ ღმრთისადმი რწმენას და მის შესაბამის ცხოვრებას ითხოვს.
 
მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოსდა ღმრთის სამეფო თავისთავად უცხო იყოს ყოველგვარი ორგანიზაციისა. არა, მას აქვს იგი, ოღონდ საკუთარი, მიწიერი სამეფოს ორგანიზაციისგან განსხვავებული. თუკი ამ უკანასკნელში მეფეები თავიანთ ქვეშევრდომებზე მბრძანებლობენ, ქვეშევრდომები ემსახურებიან მთავრებს, ღმრთის სამეფოში პირიქით: "მმართველები იქ ემსახურებიან იმათ, ვისაც, როგორც ჩანს, მართავენ. რადგან მართავენ ისინი არა ბატონობის მოსურვებით, არამედ მათზე მზრუნველობის მოვალეობის გამო, და არც თავიანთი მთავრული მდგომარეობის სიამაყით, არამედ თანამგრძნობელობითი წინდახედულობის გამო" (XIX, 14. С. 135).
 
ამგვარად, მმართველთა გულის წადილი სრულიად სხვადასხვაა ღმრთისა და მიწიერ სამეფოებში.
 
მონები, ღმრთის სამეფოში, რა თქმა უნდა, თუკი ისინი არსებობენ, მიწიერი სამეფოს მონების მსგავსნი კი არ არიან, არამედ მათი საწინააღმდეგონი, რადგან თავისუფალნი არიან თავიანთი მონური მდგომარეობისგან. მიწაზე "ისინი მსახურობენ არა მოჩვენებითი შიშით, არამედ გულწრფელი განწყობით, სანამ გარდაივლის უსამართლობა, გაუქმდება ყოველგვარი მმართველობა და კაცობრივი ძალაუფლება, და ღმერთი იქნება ყველაფერი ყოველივეში" (ХIХ, 15. С. 137).
 
ამრიგად ღმრთის სამეფოში მონების საქმიანობის მოტივები სრულიად განსხვავებულია მიწიერი სამეფოს მონათა მოსურვებებისგან. ასევე განსხვავებულია ღმრთის სამეფოსა და მიწიერ სამეფოში მმართველობის დასასრული: პირველში - ეს არის კაცობრივი ძალაუფლების გაუქმება და ყველა ადამიანის დამორჩილება ღმრთისადმი, მეორეში კი - ადამიანთა ერთი ჯგუფის მმართველობის განვითარება და სხვათა მონობა.
 
თვით პრინციპიც კი, რომელიც აყალიბებს ღმრთის სამეფოს, რულიად განსხვავებულია მიწიერი სამეფოს ანალოგიური პრინციპისგან. არა ბატონობის ვნება, არა დიდებისა და მიწიერი სარგებლობის ძიება, როგორც მიწიერ სამეფოშია, აყალიბებს ღმრთის სამეფოს, არამედ ყველა მის წევრთა რწმენა, რომელიც ღმრთისა და მოყვასისადმი, როგორც საკუთარი თავისადმი, ჯეროვან სიყვარულში ვლინდება, რომლის ძალით ღმერთი ადამიანთა სულებს ეუფლება, ხოლო ადამიანები მზადყოფნით და მონდომებით ერთმანეთს ემსახურებიან.
 
ამრიგად, თავისი ხასიათით და ორგანიზებით ღმრთის სამეფო სრულიად განსხვავდება მიწიერი სამეფოსგან.
 
ღმრთის სამეფოს ჰყავს მტრები. ეს უკანასკნელნი - ცალკეული პიროვნებები კი არ არიან, რომელთაც ერთმანეთში საერთო არაფერი აქვთ, არამედ მთელი ორგანიზებული სამეფოა (ХVII, 16. С. 265), რომელსაც თავისი განსაკუთრებული სახელი გააჩნია და, რომელსაც თავისი მეფეები მართავენ. თავიანთი შემადგენლობით, საკუთარი ისტორიით ისინი ღმრთის სამეფოს პარალელურად ვითარდებიან, მისდევენ თავიანთ მიზანს და ამისგან საკუთარი შეფერილობასა და დახასიათებას იღებენ. თუკი მიწიერი სამეფოს ისტორიას აღვწერთ, მონაცემთა ზოგიერთი დამატებით თხზულების პირვეილ ათი თავიდან, მაშინ ამ მიწიერ სამეფოზე ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება. მაგრამ მოდი, ჯერ ორიოდე სიტყვა ამ სამეფოს სახელწოდებაზეც ვთქვათ.
 
ღმრთის სამეფოსთან პარალელში მიწიერი სამეფო "ქალაქად" იწოდება და, რა თქმა უნდა, იმავე მოსაზრებით, როგორითაც იწოდება ღმრთის სამეფო იმავე სახელწოდებით. მაგრამ ღმრთის სამეფოსგან განსხვავებით, მიწიერი სამეფო იწოდება "მიწიერ ქალაქად", და ისიც, როგორც ვფიქრობ, იმ მიზნით, რათა ნაჩვენები იქნას მისი არსებითი ხასიათი, მისი მიდრეკილება მიწისადმი და ღმრთისგან გაუცხოებისა.
 
მიწიერი სამეფოს ყველა სახელწოდებას ჩვენ არ ჩამოვთვლით, არამედ მხოლოდ მის სხვა დამახასიათებელ სახელწოდებას ვახსენებთ - "ბაბილონი", რაც "აღრევას" და უწესივრობას ნიშნავს (იქვე). ნორმალური წესრიგი, ნეტ. ავგუსტინეს შეხედულებით, გონიერ არსებათა ისეთი წყობაა, სადაც ღმერთი უბრძანებს სულებს, სული სხეულს და ყოველს თავისი მოყვასი უყვარს, როგორც საკუთარი თავი. ხოლო მიწიერ სამეფოში სწორედაც რომ პირიქითაა, მასში ღმერთი უარყოფილია, და სამეფოს ყოველი წევრი ცხოვრობს არა სულის ზენაარსისადმი ლტოლვით და მოყვასისადმი სიყვარულით, არამედ თავისი მდაბიო ხორციელი მიდრეკილებებითა და ეგოიზმით.
 
სახელწოდება "ბაბილონი" შეიძლება კიდევ უფრო განსაზღვრულად გვაჩვენებდეს მიწიერი სამეფოს ხასიათს. ბაბილონი - ეს არის სულიერი და ხორციელი სიძვა-მრუშობის სინონიმი. აქედან გამომდინარე, მიწიერი სამეფო ეს გარყვნილების, სიცრუის და ყოველგვარი ცოდვის სამეფოა, როგორც ის მართლაც არის ნეტ. ავგუსტინეს აღწერილობებში.
 
ახლა კი მიწიერი სამეფოს ისტორიაზე გადავიდეთ.


 
გაგრძელება იქნება

წყარო: Учение о Царстве Божием по сочинению блаженного Августина «О Граде Божием» / Священноисповедник Амвросий (Полянский) - Тверь : Изд. Булат, 2003.
 
ნაშრომის ქართული თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.
Назад к содержимому