ესქატოლოგია - ბერძნული ხალხური ესქატოლოგია: უკანასკნელი მეფის ხატება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
ბერძნული ხალხური ესქატოლოგია: უკანასკნელი მეფის ხატება
კონსტანტინოპოლის აღება
ავტ. მღვდელმონაზონი დიონისე (შლენოვი).

წინამდებარე მოხსენების დაწერის მიზეზი გახდა თანამედროვე ათონელი მხცოვანის ეფრემ ფილოთეველის სიტყვიერი საუბარი, რომელიც ეძღვნება საშინელი სამსჯავროს და სამყაროს უკანასკნელი ხვედრის აღწერას (1).
 
________________________
 
1. საუბარი თარგმნილია მაგნიტოფონის ჩანაწერის მიხედვით. მხოცვნის საუბრების პირველი ტომი გამოქვეყნებულ იქნა არცთუ დიდი ხნის წინათ ((Γέροντος Ἐφραίμ Φιλοθέιτου. Ἠ τέχνη τῆς σωτηρίας. Ὁμιλίαι. Τ. Ά. Ἔκδ. Ἱ. Μ. Φιλοθέου. Ἅγιον   Ὄρος, 2005). რადგან ის მიუწვდომელია, მისი ზუსტი შინაარსი უცნობია.
 
________________________
 
მისი შინაარსის შესწავლისას არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ თვით მხცოვანი, თუმც კი ლაპარაკობს იმაზე, რომ შეუძლებელია კაცისთვის მომავლის ცნობა, მიუხედავად ამისა, მაინც ძველი ესქატოლოგიური ტრადიციის ერთგული რჩება, რომელსაც, თუმც პირობითობის საკმაო ხარისხით, შეიძლება "ხალხური" ვუწოდოთ, რადგან მისი მატარებელი სწორედ ხალხია, რომელიც ამაღლებულ ტონებში მსჯელობს სამყაროს მომავალზე და მის "ბერძნულ" თავისებურებებზე, განსხვავებით, მაგალითად, "რუსულისგან".
 
უეჭველად, ხალხური ესქატოლოგიური წარმოდგენები ყოველთვის მოცემულ ისტორიულ ნიადაგზე ყალიბდება. მათი საწყისი, როგორც თანამედროვე ბერძენი ეთნოგრაფი მ. სერგისი წერდა: "ხალხის ისტორიულ მეხსიერებაშია" (Σεργής 1996. Σ. 7), მაგრამ მკვლევარის ამოცანა მდგომარეობას არა იმდენად იმის გარკვევაში, რეალურობის ამა თუ იმ ხარისხით რამდენად შეესაბამებიან ისტორიულ სინამდვილეს ეს წარმოდგენები ან "გადმოცემები", არამედ იმის მცდელობაში გაიგოს, რამდენად სწორად გამოხატავენ ისინი ხალხური ცნობიერებისა და მენტალიტების ზეციურ მისწრაფებას, რომელიც ქრისტიანობის განმსაზღვრელი ზემოქმედებით ჩამოყალიბდა (Σεργής 1996. Σ. 8).
 
დღეისთვის, როდესაც ხელმისაწვდომია მასალათა საკმაოდ საფუძვლიანი კრებულები, რომლებიც რუსული ხალხური ესქატოლოგიის საკითხებს ეძღვნება (იხ. Фомин 1998), უინტერესო არ იქნებოდა მიგვემართა ბერძნული ხალხური ესქატოლოგიისთვის, აღგვენიშნა მისი ძირითადი მახასიათებლები და თვალი მიგვედევნებინა მისი ისტორიისთვის. ეს უკანასკნელი გარკვეული ხარისხით აღწერილია, როგორც დასავლელი მეცნიერების მიერ (უპირველესად დავასახელებთ კ. მანგოს), რომლებიც მეტად არიან დაინტერსებულნი მისი, როგორც ბიზანტიური (იხ.: Mango C. The Legend of Leo the Wise // Zbomik Radova Vizantoloskog Instituta 6. 1960. P. 59-93; Mango 1990. P. 238-257 (Глава "Будущее человечества")), ასევე ბერძნული თავწყაროებით (ა. კარიოთოღლუ (2) და სხვები). ამასთან ორივე ტრადიციის შედარებითი ანალიზი მნიშვნელოვანი ამოცანაა მომავალი მკვლევარებისთვის.
 
________________________
 
2. 1984 წელს კარიოთოღლუმ ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ისლამი და ქრისტიანული წინასწარმეტყველური ლიტერატურა (ქრისმოლოგია)". იხ. Καριωτόγλου Ἀ. Ισλάμ και χριστιανική χρησμολογία. Ἀπὸ τὸν μύθο στὴν πραγματικότητα. Ἀθήνα, 2000.
 
________________________
 
ცხადია, რომ ბერძნულ და რუსულ ხალხურ-ესქატოლოგიურ ტრადიციებს მრავალ საერთო ელემენტთან ერთად არსებითი განსხვავებანიც გააჩნიათ, რომლებიც მათზე ადგილობრივი ნიადაგის ზემოქმედებითა და ცხოვრების თავისებურებების ზემოქმედებით გაჩნდნენ. როგორც ცნობილია, გვიანბიზანტიური, და ბიზანტიის დაცემის შემდგომდროინდელი ბერძნული ესქატოლოგია აღმოცენდა და განვითარდა მუდმივ თურქულ საფრთხესთან დაპირისპირების ვითარებაში. ხოლო რუსული ხალხური ესქატოლოგია, რომელიც ზოგადად მოსკოვის სამეფოს გაფურჩქვნის პიერიოდშია ჩამოყალიბებული, თავის აპოგეას აღწევს რუსეთის იმპერიის ნგრევისა და შემდგომი "საბჭოურ-ათეისტური ტყვეობის" პერიოდში.
 
ამასთან ბერძნები ყოველთვის სამართლიანად როდი წუწუნებდნენ რუსებზე, რომ ისინი მხოლოდ ჰპირდებოდნენ ბერძნებს თურქული უღლისგან მათ გამოხსნას. მეორე მხრივ, რუსებსაც ჰქონდათ წყენის მიზეზი, გავიხსენოთ I მსოფლიო ომის პერიოდში პროგერმანულად განწყობილი ბერძენი მეფე კონსტანტინე, რომელსაც არ შეეძლო თუნდაც ირიბად მაინც არ შეეწყო ხელი რუსეთში განვითარებული რევოლუციური მოვლენებისთვის. ამრიგად, მიუხედავად საბერძნეთსა და რუსეთშ შორის არსებული უმჭიდროვესი მეგობრული და სულიერი კავშირებისა, გარკვეული პირობითობით შეიძლება ითქვას, რომ ისინი დღემდე სხვადასხვანაირად უყურებენ თავიანთ მსოფლიო მისიას და როლს კაცობრიობის მომავალში.
 
ბერძნულმა ხალხურმა ესქატოლოგიამ სამეცნიერო ლიტერატურაში მიიღო განსაკუთრებული სახელწოდება - "ქრისმოლოგია (χρησμολογία), რომელიც უმჯობესია უთარგმნელად დავტოვოთ. ქრისმოლოგია - ეს არის სწავლება ქრისმებზე, ერთგვარ ხალხურ წინასწარმეტყველებებზე, რომელთაც გააჩნიათ ესქატოლოგიური ხასიათი.
 
"ქრისმად" (ბერძნ.: χρησμός) ძველბერძნულ ლიტერატურაში იწოდებოდა ორაკულის წინასწარმეტყველება. ბიბლიური ან წმიდა მამებისეული ესქატოლოგიისგან განსხვავებით ქრისმოლოგია უფრო მჭიდროდ დაკავშირებულია ისტორიასთან. ტერმინი "ქრისმოლოგია" აღაირებულია თვით ხალხური ესქატოლოგიის მატარებლების მიერ, რომლებიც დასავლელ "ნათელმხილველთაგან" განსხვავებით, თვითონ არასოდეს ბედავდნენ საკუთარი წინასწარმეტყველებანი გაეთანაბრებინათ ძველაღთქმისეული ან ახალაღთმისეული წინასწარმეტყველებებისთვის, თუმცა ისინი სრულიად სანდოდ და მართებულად მიაჩნდათ (См.: Κυριακοῡ. Σ. Οι ιστορημένοι χρησμοὶ του Λέοντος ς ' του Σοφοῦ. Χειρόγραφη παράδοση και εκδόσεις κατά τους ΙΕ' ΙΘ' αιώνες. Αθήναι, 1995) (3).
 
________________________
 
3. წმიდა მამებისეულ ლიტერატურაში "ქრისმი" ხშირად აღნიშნავდა წინასწარმეტყველებას. იხ., მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირთან: ἔνϑαεχρησμοὶ ἄνωϑεν συνεχεῑς ἐφέροντο, ἔνϑα προφῆται ἔνϑεοι ἐγένοντο Ad populum Antiochenum, hom. 17, PG 49,177:27–28).
 
________________________
   
ბერძენი პოეტი მათე მირეელი, ესმოდა რა ამგვარი ლიტერატურის პირობითი ხასიათი, ზედმეტად კნინობითი აზრით წერდა: "ჩვენ მხოლოდ ნათელმხილველობისა და ცრუწინასწარმეტყველებების იმედად ვართ დარჩენილნი" (Ζώρας Σ. 208.)
 
ბერძენი მეცნიერი ქარიოთოღლუ აღნიშნავს, რომ ბიზანტიაში არსებობდა ქრისმოლოგიური მწერლობის სამი სახეობა: 1. წინასწარმეტყველებანი ("ქრიზმები"); 2. გამოცხადებანი (ἀποκαλύψεις) და 3. ხილვები (οράσεις).
 
1. პირველი ყველაზე გავრცელებული სახეობა დამოკიდებული იყო, ერთი მხრივ, სიბილებსა და ასტროლოგიაზე, და მეორე მხრივ ქრისტიანულ ესქატოლოგიაზე. ის ასევე ჩამოყალიბდა ბიზანტიის პოლიტიკური, საზოგადოებრივი და რელიგიური ცხოვრების განვითარებასთან მჭიდრო კავშირში.
 
წინასწარმეტყველების შედგენა, კერძოდ, მიეწერებოდა იმპერატორ ლეონ ბრძენს (886-912) (4), მრავალ გამოჩენილ პატრიარქს (უპირველეს ყოვლისა ტარასის და გენადი სქოლარიუსს), ასევე ეკლესიის მამებს, ბერებს და სხვა (5).
 
________________________
 
4. იოანე ზონარა განმარტავს, რომ თუ როგორ იღებდა ცოდნას მომავალზე ლეონი, რომელიც არ გამოირჩეოდა ღვთისმოსაობითა და უბიწო ცხოვრებით... Joannes Zonaras. Epitome historiarum (lib. 13-18), 330:12-331:1. TLG 3135/2.
 
5. Βέη. Ιστορημένον Χρησμολόγιον. Σ. 244 (Цит. по: Καριωτόγλου 2000. Σ. 32).  
 
________________________
 
წინასწარმეტყველებანი, რომლებიც მიეწერებოდა ლეონ ბრძენს, აღმოსავლეთში, XII ს-დან დაწყებული უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. კ. მანგო მიიჩნევდა (Mango. 1990. P. 251), რომ ამ წინასწარმეტყველებათა საფუძვლად აღებული იყო ერთგვარი დინასტიური წინასწარმეტყველებანი ხუთი თვითმპყრობელის სამეფოზე, რომელიც შემდეგში დაიშლება და აღზევდება (PG 107, 1129).
 
ლეონ ბრძენის "წინასწარმეტყველებებიდან" ბერძნებს ეძლეოდათ იმედი იმისა, რომ ელინიზმი და ბიზანტია თავის წარსულ დიდებას დაიბრუნებდა. საკითხი მათი დაწერის თარიღისა და ადგილის სინამდვილეზე, ასევე მათი ნამდვილი ავტორის ვინაობისა ღიად რჩება; ის არსებითად რთულდება მით, რომ ეს წინასწარმეტყველებები არსებობენ სხვადასხვა რედაქციებში, და დაწერილია სხვადასხვა დიალექტებზე. თანამედროვე ბერძენი მეცნიერის ა. კარითოღლუს აზრით პირველად ეს vaticinia ex eventu - წინასწარმეტყველებანი, შედგენილნი არიან არა ამა თუ იმ მოვლენამდე, არამედ მათ შემდეგ (КариотоуЛои 2000. 2. 36).
 
ამავე კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ კონსტანტინოპოლელი პროფესორის სტეფანე ალექსანდრიელის ტექსტებიც, რომელიც VII ს-ში ცხოვრობდა, და ცდილობდა გადმოეცა ისლამის მომავალი ბედი ასტროლოგიური გათვლების საფუძველზე.
 
ქრისმოლოგიური დამწერლობის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ასევე "ანდრია სალოსის ცხოვრებას", რომელსაც ქრონოლოგიით მიჰყვება კ. მანგო და, რომელიც დაწერილია VIII ს-ში, სადაც ანდრია თავის მოწაფე ეპიფანეს მსოფლიოს მომავალ ბედს აღუწერს.
 
2. ძველ დროთა ბერძნული ხალხური ესქატოლოგიის ერთ-ერთი საკვანძო ტექსტი იყო "გამოცხადება", რომელიც მიეწერება მეთოდე პატრელს († 311). თანამედროვე მკლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ტექსტი დაწერილია ვინმე სირიელის მიერ, რომელიც მესოპოტამიაში ცხოვრობდა 655 და 674 წწ., - ასეთია სავარაუდო დათარიღება მასში აღწერილი უკანასკნელი მოვლენებისა. ორიგინალური სირიული პროტოტექსტი საკმაოდ სწრაფად გადაითარგმნა ბერძნულ და ლათინურ ენებზე.

ვ. ისტრინი თავის ფუნდამენტურ გამოკვლევაში, რომელიც მოცემულ ძეგლს ეძღვნება (Истрин 1897), უთითებს მის წინამორბედ ტრადიციაზე, რომელიც წარმოდგენილია შემდეგი ძეგლებით: 1) ე. წ. ტიბურტინური ლეგენდა ანუ სიბილა, რომელიც შედგენილი იყო კონსტანტინე II-ის მეფობის დროს (337-340); 2) "თქმულება ანტიქრისტეზე", რომელიც დაწერილია ბერ ადსოს მიერ; 3) ეფრემ ასურელისა და ისიდორე სევილიელის ჰომილიები "უკანასკნელ ჟამზე, ანტიქრისტესა და სამყაროს აღსასრულზე", რომელიც "მეთოდეს გამოცხადებასთან" ერთად ერთი და იგივე წყაროებიდან მომდინარეობენ (Истрин 1897. С. 10-11).
 
***

1. ხილვებში, რომელიც ეკუთვნის ქრისმოლოგიურ თხზულებათა მესამე ჯგუფს, ძირითადად აღწერილია "ისმაილიტელთა" მომავალი ხვედრი, და მათი პირქუში დასასრული. ხილვები შედგენილი იყო დანიელ წინასწარმეტყველის ხილვების მიბაძვით, მათი ქრონოლოგიისა და ავტორობის დაზუსტება მეტად ძნელია.
 
 
ძირითადად ამ ტექსტებში, რომლებიც უპირატესად ისლამთან პოლემიკაში ჩამოყალიბდა, გახსნილია შემდეგი საერთო აზრები (Καριωτόγλου 2000. Σ. 39):
 
1.    რწმენა ზოგადსაკაცობრიო ისტორიის დასასრულისადმი, რომელიც განუყრელად არის დაკავშირებული ბიზანტიისა და კონსტანტინოპოლის ხვედრთან.
 
2.    ანტიქრისტეს წინამორბედთან და მის მიმდევრებთან ისლამური რელიგიის დამფუძნებლის გაიგივება
 
3.    წინასწარმეტყველებანი მომავალ (ან აწმყო) დროში კონსტანტინოპოლის, როგორც ქრისტიანული სამყაროს ცენტრის დაკნინებაზე.
 
4.    ისლამის მომავალი დამხობა.
 
5.    უკანასკნელი ძლევამოსილი მეფის უეჭველი გამოჩენა, რომელიც აღდგენს ბიზანტიის დედაქალაქს და შეურაცხყოფისგან დაიცავს ქრისტიანულ სარწმუნოებას.
 
6.    სამყაროს აღსასრული, რომელიც მინიშნებული იქნება ანტიქრისტეს მოსვლით იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისის მიხედვით.
 
ბერძნული ხალხური ესქატოლოგიის ერთ-ერთი მუდმივი ლეიტმოტივი და ყველაზე დამახასიათებელი თავისებურება გახდა სწავლება უკანასკნელი იმპერატორის გამეფების შესახებ, რომელსაც თავისი წარმომავლობის შესაბამისად ეწოდება ღარიბი, და ასევე ეწოდება მშვიდობიანი, იმ აზრით, რომ მისი მეფობის დროს დადგება მშვიდობისა და კეთილდღეობის პერიოდი. უკანასკნელი მეფის პირველდაწყებითი იდეა ორგანულად ერწყმოდა დაურღვეველი და მართლმადიდებლური აბსოლუტური სამეფოს კონცეფციას.
 
ასე, მაგალითად, პრესვიტერი ანასტასი სინელი IX ს-ში წერდა: "ის სამეფო, რომელსაც ღმერთი ჩვენს უფალს განკაცებულ ქრისტეს შეჰპირდა, მუდმივად მყოფობს, მან ის ჩააბარა ერთგულ მეფეებს, რომლებთან ერთადაც, როგორც ვთქვით, მეფობს (ქრისტე), და არ არსებობს ამაზე უფრო სახელგანთქმული სხვა სამეფო ან დინასტია... განა ბაბილონელთა სამეფო, ან მიდიელთა, ან სპარსთა არ განადგურდა ამ ბარბაროსი თურქების მიერ?
 
________________________
 
6. თხზულებაში "იუდეველთა წინააღმდეგ" ნახსენები თურქები - არიან ხაზარები, რომელთა სახელმწიფოში თანაცხოვრობდნენ იუდეველები, მუსლიმები და ქრისტიანები. Христу. Т. 5. С. 212.  
 
________________________

განა მაკედონიანელთა სამეფომ არ შეწყვიტა თავისი არსებობა, ხოლო რომაელთა, ანუ ქრისტიანთა სამეფო, რაკიღა მასში თანამეფობს ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, სამყაროს აღსასრულამდე იარსებებს, და როგორც მეფე მეფეთა და უფალი უფლებათა, მის მიერ დამწყემსავს საკუთარ ერს, თვით თავის მეორედ მოსვლამდე. ის სხვა ხალხის მონაპოვარი არ გახდება" (Anast. Sin. Adv. Jud. 1, PG 89, 1212А–C). ცოტა ხნის შემდეგ კი ანასტასი თითქმის სრულიად აიგივებს სამეფოს და რწმენას: "და შეწყდა ავგუსტუს კეისრის ძალაუფლება, ხოლო ქრისტეს მეფობა არ დასრულდება საუკუნოდ. ის ამაღლებულია, უძლეველია და დაუმორჩილებელია, ის არავისზე არ გადავა, რადგან ასეთია ჩვენი უ ფლის იესუ ქრისტეს სახელი და სამეფო, და ჩვენი რწმენა მისდამი. რამდენი ელინი და ბოროტი მეფე და ერი იბრძოდა ჩვენი ქრისტიანული რწმენის წინააღმდეგ და ვერ შეძლეს მისი ჩაქრობა? არამედ წარწყმდნენ და გარდახდნენ, ხოლო რწმენა მუდმივად ბრწყინავს და ვრცელდება" (Anast. Sin. Adv. Jud. 1, PG 89, 1213D–1216А).
 
ანასტასი სინელის თვალსაზრისით რწმენისა და სამეფოს გავრცელების საზღვრები ზუსტად ერთმანეთს ემთხვევა. "შემოიარე დასავლეთი, - აგრძელებს ის თავისი ოპონენტის შეგონებას, - ეწვიე აღმოსავლეთს, ეძიე მთელ ცისქვეშეთში, თვით ბრიტანეთის კუნძულები, ქვეყანის ეს უკანასკნელი საზღვარი; ის, რაც ეკუთვნოდა იუდეველებს და ელინებს, დაძველდა და გაქრა, ხოლო ყველაფერი ის, რაც ეკუთვნის ქრისტეს, გამსჭვალულია რწმენით, პატიოსანია და ურღვევი" (Anast. Sin. Adv. Jud. 1, PG 89, 1221C).
 
ეს სამეფო ბიზანტიური იდეოლოგია ასევე გამოიხატებოდა მოკლე ფორმულირებით: β(ασιλεύ)ς β(ασιλέων), β(ασιλεύων) β(ασιλεύουσιν) ("მეფე მეფეთა, მეფეებზე აღმატებული" - რუს.: "Царь царей, царствующий над царями" "აპოკ." რედ.) (Landmauer. Doc. 56,1). ხოლო მომდევნო პერიოდში, განსაკუთრებით უმძიმესი ისტორიული კატაკლიზმების შემდგომ მან დამატებით სულ უფრო და უფრო მესიანური ხასიათი მიიღო.
 
მოცემულ იდეას თავის წინაისტორიად გააჩნია ებრაელთა მესიანური მოლოდინი, რომელიც ქრისტიანულ ეპოქაშიც გრძელდება. ვ. ისტრინი სანიმუშოდ უთითებს "დანიელის ხილვას" სპარსეთში, რომელიც გადმოთარგმნილია ებრაულიდან, აქ ლაპარაკია მესიაზე, რომელმაც ებრაელები უნდა გაათავისუფლოს ქრისტიანთა უღლისგან (!) და დაამყაროს მარადიული სასუფეველი (См.: Истрин 1897. С. 10). ანტიკურ რომაულ ესქატოლოგიაში გავრცელებული იყო ლეგენდები მსოფლიოს მეფე-მომწყობზე, კერძოდ ავგუსტუსზე, ნერონსა და ტრაიანზე (См.: Истрин 1897. С. 10).
 
თავდაპირველად, "როდესაც გამოჩნდა ქრისტიანობა, იდეა მსოფლიო სამეფოს შესახებ არ გაქრა ... (უკანაკსნელი) არ აცხადებდა პრეტენზიას მსოფლიო ბატონობაზე, არამედ სხვა ერთა დაცვის ფუნქციით იფარგლებოდა" (Истрин 1897. С. 10). "რომის დაცემისა და ბიზანტიის აღზევების შემდეგ მსოფლიო მმართველობის იდეა გადავიდა ბიზანტიაში" (Истрин 1897. С. 10).
 
მოგვიანებით ეს იდეა თავის თავშესაფარს პოულობდა ბიზანტიის იმპერიის საზღვრებს გარეთაც, მის აღმოსავლეთ რეგიონებში. ამის მკაფიო ნიმუშად გამოდგება სირიელ ქრისტიანთა მესიანური სასოებანი, რომლებიც არაბთა მიერ იყვნენ დაპყრობილნი. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მათ მდგომარეობაში ჩაერეოდა ეთიოპიოელი მეფე, რომელმაც თავისი ასახვა ჰპოვა მეთოდე პატრელის "გამოცხადებაში".
 
ამ ხელმწიფის მმართველობაში ისინი ხედავდნენ მეფე დავითის წინასწარმეტყველების აღსრულებას: "მოვიდენ მოციქულნი ეგჳპტით, ჰინდოეთმან უსწროს ჴელისა მიცემად ღმრთისა" (ფსალმ. 67:32). თავის მხრივ "გამოცხადების" ავტორი ამტკიცებდა, რომ რომის მმართველი არქელაოსი, ბიზანტიის მმართველი ურბანოსი და ალექსანდრიის მმართველი კლავდიუსი წარმომავლობით იყვნენ ფილიპე მაკედონელის მეუღლის, ეთიოპიელი დედოფლის ხუზეფას (ოლიმპიადას), შთამომავლები, რომელიც ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა ბიზანტიუსზე, ამავე სახელწოდების ქალაქის მმართველზე (Mango 1990. P. 244). მოცემული დინასტიური მსჯელობანი "გამოცხადების" ავტორს სჭირდებოდა იმისთვის, რათა საზოგადო შეხედულების საწინააღმდეგოდ ეჩვენებინა, რომ გადარჩენა მოვა თვით ბიზანტიიდან, თუმცა ეთიოპიის დახმარებით.
 
ამრიგად, უნდა აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელი მეფის ხატება ბერძნებისთვის, ერთი მხრივ, იყო სრულიად ისტორიული, მეორე მხრივ კი, ესქატოლოგიური და მესიანური.
 
ჯერ მივმართოთ ისტორიულ ასპექტს, იმ მაგალითებს, როდესაც უკანასკნელ მეფეში იგულისხმება ერთი რომელიმე რეალურად გაბატონებული იმპერატორი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზრი უკანასკნელ მეფეზე მართლმადიდებელ ბერძენთა გონებასა და გულებს განსაკუთრებით აღელვებდა ესქატოლოგიური სასოების პერიოდებში, რომლებიც განპირობებულნი იყვნენ: 1) წმიდა ქრონოლოგიის ვადებით; 2) ძლევამოსილი გამარჯვებებით მტრულ ხალხებზე; 3) ქრისტიანთა გარეგანი ისტორიული დამარცხებით.
 
1) როგორც ცნობილია, ბიზანტიელები განსაკუთრებული მგრძნობელობით ეპყრობოდნენ წმიდა ქრონოლოგიას და დროთა სისრულის დადგომას. ისინი სამყაროს აღსასრულს ელოდნენ 500 და 532 წლებში (ქრ. შ.-მდე 5500 წელს მიმატებული 500 წელი ზუსტად შეადგენს 6000 წელს), შემდეგ 1324 წელს (კონსტანტინოპოლის დაარსებიდან 1000 წლის შემდეგ), და ბოლოს 1492 წელს (მე-7 ათასწლეულის მიწურულს) (См.: Mango 1990. P. 240, 241). მაგალითად, VI ს-ის ერთი სირიელი მწერალი, შეცვალ არა IV ს-ის სიბილას წინასწარმეტყველება, დედაქალაქ კონსტანტინოპოლს უწინასწარმეტყველებდა: "ნუ იამაყებ, ბიზანტიის ქალაქო, შენ ვერ იმეფებ სამჯერ 60 წელი" (რეკონსტრუირებულია Mango-ს მიხედვით. Mango 1990. P. 240). კონსტანტინოპოლის დაარსებიდან 180 წლის შემდეგ უნდა დამდგარიყო სწორედ 500 წელი, რამაც მოუწია ანასტასის მეფობას, რომელიც ამის გამო შეიძლებოდა მიეჩნიათ უკანასკნელ იმპერატორად (7).
 
________________________
 
7. თავის სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე (518 წ.) იმპერატორმა ანასტასიმ იხილა სიზმარი, რომელშიც ანგელოზმა მას უთხრა: "აი, შენი გაუმაძღრობის გამო წაგართმევ თოთხმეტ წელს". მალე ის გარდაიცვალა 88 წლის ასაკში. ბიზანტიელებს ამ ხილვის ინტერპრეტირება შეეძლოთ იმ აზრით, რომ შეიძლებოდა ანასტასის მისცემოდა საკვირველი შესაძლებლობა ეცხოვრა სამყაროს აღსასრულამდე, რომელიც უნდა დამდგარიყო 532 წელს. იხ.: Mango 1990. P. 241.
 
________________________

2) მეფის, როგორც მხედართმთავრისა და სახალხო ბელადის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი ხალხის ან თუნდაც ორი ცივილიზაციის - ქრისტიანულისა და არაქრისტიანულის - ურთიერთდაპირისპირების პერიოდში. სპარსელები, არაბები და თურქები, ასევე ჰუნები და ავარები (Ср.: Истрин 1897. С. 14), რომლებიც განსაკუთრებულად ავიწროვებდნენ ბიზანტიის იმპერიას, ყოველი ამ ხალხიდან თავისებურად და შესაბამის დროს ბიზანტიელების მიერ აღიქმებოდნენ, როგორც უკანასკნელი მტერი ხალხი, რომელზე გამარჯვებაც მთელი კაცობრიობის ესქატოლოგიური ხვედრის დასრულების მომასწავებელი იყო.
 
სწორედ მოცემულ პერსპექტივაში განიხილებოდა იმპერატორ ჰერაკლეს ომი სპარსეთთან (Mango 1990. P. 242, 243). წინასწარმეტყველების თანახმად, რომელიც სპარსეთის მეფე ხოსრო II-ს მიეწერებოდა, ბიზანტიელთა დამარცხებიდან ოთხი კვირის შემდეგ უნდა დამდგარიყო შვიდეული, როდესაც სპარსელებზე მოპოვებული იქნებოდა გამანადგურებელი გამარჯვება.
 
ამასთან ამ ძლევამოსილი შვიდეულის ექვსი დღე, რომელიც სიმბოლურად დაახლოვებული იყო შესაქმის ექვს დღესთან, ემსგავსებოდა მანამდე სპარსელებთან წარმოებულ ექვსწლიან ომს (619-626). მაშინ, როდესაც 628 წელს ჰერაკლეს საზეიმო დაბრუნება დედაქალაქში  ტიპოლოგიურად შეესაბამებოდა დიდ შაბათს და ჟამთა აღსასრულს (Mango 1990. P. 242). ბიზანტიელები ჰერაკლეს ასევე აიგივებდნენ მეფესთან, რომელიც ძილისგან იღვიძებს და თავის სამეფოს გადასცემს ღმერთს გოლგოთაზე, როგორც ეს იყო ნათქვამი მეთოდე პატრელის "გამოცხადებაში" (Истрин 1897. С. 13), რომელიც, სამეცნიერო კვლევების თანახმად, შექმნილია სწორედ ამ ეპოქაში.
 
3) და ბოლოს, განსაკუთრებულად მძიმე უბედურებების პერიოდში, როგორიცაა სამხედრო დამარცხებები ან სახელმწიფოებრიობის სრული დაკარგვა, როგორც ეს მოხდა 1204 წელს (8) ლათინთა მიერ კონსტანტინოპოლის გაპარტახების ან 1453 წელს ბიზანტიის საბოლოოდ დაცემის შემდგომ, წინასწარმეტყველებანი მომავალ სევდიან ხვედრსა და შემდგომ დროინდელ გათავისუფლებაზე, ასევე დაკარგული სიმართლის აღდგენაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნუგეში, შთაგონების წყარო და ძალის მომცემი იყო ბიზანტიელთათვის.
________________________
 
8. ასე, მაგალითად, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ "განმათავისუფლებელი მეფის" ხატება კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ერთ-ერთ წინასწარმეტყველებაში მთელ იმედს საპყრობილეში დამწყვდეულ კანონიერ იმპერატორ იოანე IV ლასკარისზე (Ιωάννης Δ΄ Λάσκαρις) ამყარებდნენ. ანგელოზი აგვირგვინებს მას წმიდა სოფიის ტაძარში და აძლევს მახვილს სიტყვებით: "გამხნევდი, იოანე, და სძლიე მტერს!" ის გაიმარჯვებს "ისმაელიტებზე" და გააგდებს მათ ვიდრე "მონოდენდრონამდე", ანუ მიწის კიდეებამდე. შემდეგ აღწერილია მისი წარმატებული და მდიდრული მეფობა, რომლის ოთხ ნაწილს (რომს, ალექსანდრიას, კონსტანტინოპოლს და თესალონიკეს) მისი ოთხი ვაჟიშვილი დაინაწილებს. ამის შემდეგ კი მოვა ანტიქრისტე. ციტ.: Mango 1990. P. 252–253.
 
________________________

იოსებ ვრიენიოსის სიტყვებიდან შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რაოდენ ძლიერი იყო ესქატოლოგიური განწყობა კონსტანტინოპოლის დაცემის წინ: "აი, მოგვისწრო ორმაგმა აღსასრულმა, და ქვეყნიერების სიბერემ..." (Слово «О конце». Цит. по: Καριωτόγλου 2000. Σ. 39). ეს დასასრული წინდაწინ იყო განსაზღვრული, როგორც მომდინარეობდა ლეონ ბრძენის იდუმალი 11-ე წინასწარმეტყველების ხალხური განმარტებიდან. მასში სამჯერ არის გამოყენებული ბერძნულ სახელ იოანეს პირველი ორი ასო:
 
Этот конец заранее был предопределен, как следовало из народного толкования загадочного 11-го прорицания Льва Мудрого. В нем трижды использовались первые две буквы греческого имени Иоанн: Ἰω Ίσαάκιος συγκοπὴν φόνου αἵματος. Ἰω Εὐχαριστία. Κῶ. Καὶ Κῶ. ἡ τοῦ πτωχοῦ ἐπικράτησις. საკმაოდ ცხადია, რომ აქ ლაპარაკია ვინმე იოანეზე, მაგრამ ვინ ჰყავთ მხედველობაში - ისტორიული პირი თუ მესიანური? ამასთან დაკავშირებით გამოითქვა სხვადასხვა თვალსაზრისი (9).
 
________________________
 
9. მკვლევარი კნოსი ვარაუდობდა, რომ იოანე - ეს არის პატრიარქი, როგორც ეს ცხადი ხდება გვიანდელი მიმოწერიდან (რადგან წინასწარმეტყველების მე-7 მუხლში ნახსენებია "მღვდელმთავარი"), ანუ აქ იგულისხმება წმ. იოანე ოქროპირი. Knös B. Les Oracles de Léon le Sage d après un livre d oracles illustrés récement découvert // Αφιέρωμα στε μνήμη τοῦ Μανόλη Τριανταφυλλίδε. Θεσσαλονίκε, 1960. S. 155–188. (S. 180–181).
 
________________________
 
კ. მანგო ამ წინასწარმეტყველების იოანეს უკანასკნელ ბიზანტიელ იმპერატორ იოანე IX პალეოლოგთან აიგივებს (Mango C. The Legend of Leo the Wise // Zbornik Radova Vizantoloskog Instituta 6. 1960. P. 59–93. P. 60), ხოლო დ. მ. ნიკოლი, რომელიც ნაწილობრივ ეთანხმება მანგოს, მეორე Ἰω-ში გვთავაზობს კონსტანტინოპოლის პატრიარქი იოსებ II (1416-1439) ვიგულისხმოთ (Nicol D.M. Church and Society in the last centuries of Byzantium, 1977. P. 17  (The Birkbeck Lectures)).
 
ამგვარად, ლეონ ბრძენის ამ წინასწარმეტყველების განმარტებაში შეიძლებოდა დაგვენახა ძველი წინასწარმეტყველების აღსრულება, რომ კონსტანტინოპოლი დაეცემა სწორედ მაშინ, როდესაც იმპერატორისა და პატრიარქის სახელები დაიწყება ერთი და იგივე ასოებით (იხ.: Κυριακοῡ 1995 . S. 131.).
 
კონსტანტინოპოლის დაცემა და უკანასკნელი ბიზანტიელი იმპერატორის კონსტანტინე IX პალეოლოგის დაღუპვა ბიზანტიელთა გაგებით უეჭველად ცენტრალური და ყველაზე ტრაგიკული მოვლენა იყო არა მარტო ბიზანტიის, არამედ მსოფლიო ისტორიისთვისაც. მართლმადიდებელთ სამეფო წაერთვათ და ის "სხვა ხალხს" გადაეცა (Crusius. Turcograecia. P. 475 (ციტ.: Καριωτόγλου 2000. Σ. 40)). მაგრამ უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე IX პალეოლოგი ისე ვერ მოკვდებოდა, რომ თავისი ხალხი ბედის ანაბარა მიეტოვებინა. ზოგერთებს შეეძლოთ გაეხსენებინათ პრესვიტერ ანასტასის სიტყვები, რომელიც გასული შვიდი საუკუნის განმავლობაში წინასწარმეტყველური გახდა: "არც ერთი ქრისტიანი მეფე არ დაქვემდებარებია ბარბაროსთაგან სიკვდილს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ხალხი ეომებოდა სამეფოს..." (Anast. Sin. Adv. Jud. 1, PG 89, 1224А).
 
ხალხური გადმოცემის თანახმად, 1453 წლის 29 მაისს, უკანასკნელი შეტაკების დროს, ზეგარდმო წარმოგზავნილმა ანგელოზმა, გადაარჩინა თურქების მიერ გარშემორტყმული იმპერატორი, და დაიფარა იგი მიწისქვეშა გამოქვაბულში ოქროს კარიბჭეების გვერდით, კონსტანტინოპოლის დასავლეთ ნაწილში. იქ იქნება იგი ამოქოლილი და მძინარე, სანამ ანგელოზი კვლავ არ გააღვიძებს მას და დაუბრუნებს მახვილს. ამის შემდეგ იმპერატორი თავის ჯართან ერთად გამოვა გამოქვაბულიდან, შევა დედაქალაქში იმავე ოქროს კარიბჭით და განდევნის თურქებს თვით დედამიწის კიდეებამდე (სადაც იზრდება ლეგენდარული "წითელი ვაშლი" (?)), იქ ამოწყდება ყველა მტერი" (Βρυώνης 1996. Σ. 388–389)
 
კონსტანტინე პალეოლოგის მარადიულ მეფობასთან დაკავშირებულია ორი შესანისნავი ესქატოლოგიური თხრობა. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, რომელიც ინგლისელმა მოგზაურმა ჯ. ბენტონმა კუნძულ ნაქსოსზე ჩაწერა 1883 წელს, პარანაქსიელი ეპისკოპოს გრიგოლის თქმით, პატრიარქი გენადი სქოლარიუსი ერთ-ერთ ლიტურგიაზე, რომელიც უკვე თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ტარდებოდა, ქრისტიანებს იმით ამშვიდებდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, "სამეფო გვირგვინი შენარჩუნებულია, ეკლესიამ ის უნდა შეინახოს მანამ, სანამ სამეფო არ აღდგება" (Bent 1966. P. 341. ციტ.: Σεργής 1996. 2. 19).
 
სხვა თხრობის თანახმად, რომელიც ძველი ხელნაწერიდან ამოუწერია ს. ლამბროსს, "კონსტანტინე პალეოლოგის გვირგვინი და სკიპტრა დაუცავს და დღემდე იცავს უწმიდეს ქალწულს, სანამ "უბედური ქრისტიანი ხალხი შეწყალებული არ იქნება"" (Λάμπρος 1908а. 2. 250. Σεργής 1996. 2. 20).
 
ამავე თემასთან დაკავშირებული პოეტური ვარიაცია, - "გვირგვინი გადმოცემამ აიღო თავის უკვდავ ხელებში" (ციტ.: Σεργής 1996. 2. 23), - არისტომენე პროველენგოსის პოემიდან უთითებს, რაოდენ ცოცხლად აღიქმებოდა მარადიული სამეფოს იდეა ბერძენი ერის ცნობიერებაში.
 
მაგრამ ყველა როდი იყო მზად ამ იდეის მისაღებად. ცნობილ ბიზანტიელ ისტორიკოსთან და კონსტანტინოპოლის დაცემის თვითმხილველ დუკასთან, ვხედავთ, უკანასკნელი მეფის ისტორიული კონკრეტიზაცია თუ როგორ უთმობს ადგილს დღემდე უცნობ მეფე-გამათავისუფლებელს.
 
ცდილობს რა ახსნას, რატომ მიაწყდნენ კონსტანტინოპოლის მცხოვრებნი თურქების მიერ მისი აღების დღეს წმიდა სოფიის ტაძარს, ის წერს: "რატომ ივლოტა ყველა დიდი ეკლესიისკენ? მრავალი წლის წინ მათ ცრუწინასწარმეტყველთაგან სმენოდათ, რომ ქალაქი გადაეცემა თურქებს, და ისინი მასში ძალდატანებით შევლენ, რომაელებს (იგულისხმებიან ბერძნები - "აპოკ." რედ.) კი სრულიად ამოწყვეტდნენ ვიდრე კონსტანტინეს კიონამდე. ამის შემდეგ ციდან ჩამოვა ანგელოზი მახვილით ხელში და სამეფოს მახვილთან ერთად გადასცემს ვინმე უსახელო კაცს, რომელიც მაშინ კიონში იდგება, სრულად მარტივსა და ღარიბს, და ეტყვის: "აიღე ეს მახვილი და დაიცავი უფლის ქალაქი". მაშინ თურქები მოჰკურცხლავენ, რომაელები დაედევნებიან მათ, ამოწყვეტენ და განდევნიან ქალაქიდან, როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის რაიონებიდან თვით სპარსეთის საზღვრებამდე, იმ ადგილამდე, რომელსაც მონოდენდრიონი ეწოდება" (Ducas. Historia Turcobyzantina 39,18:1–10. TLG 3146/1...).
 
ყველა ზემოთდამოწმებული ვარაუდები, რომლებიც დაკავშირებულია ბიზანტიის უკანასკნელ იმპერატორთან, - განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კონსტანტინე პალეოლოგი მეფედ არ უკურთხებიათ და ამიტომაც ვერ მოასწრო მიეღო მიწიერი გვირგვინი (Σεργής, 1996. Σ. 21 (შენიშვნა 42) - უეჭველად ატარებენ მესიანურ აზრს და ისტორიის კანონების თვალსაზრისით შესაძლებლობის ფარგლებს სცილდებიან. თუმცა მესიანური მეფის ხატება ხალხურ შეგნებაში კონსტანტინოპოლის დაცემამდე დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდა, უეჭველია, რომ ამ ხატების ჩამოყალიბებაში გარეგანმა კატაკლიზმებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
 
მაგრამ, როგორ წარმოუდგენია ხალხურ ცნობიერებას ეს მესიანური მეფე? აღწერილობების თანახმად, რომლებიც ჩვენამდე მოღწეული ქრისმოლოგიური დამწერლობის ძეგლებში გვხვდება, ის აღწერილია, როგორც ღატაკი, ჩუმი და მდაბალი ადამიანი, რომელსაც თავის გამეფებამდე არავი იცნობს, ან კიდევ, როგორც წარჩინებული კაცი, წმიდა და მოციქულთასწორ კონსტანტინეს მეგობარი (10).
 
________________________
 
10. გადმოცემით პატრიარქი გენადი სქოლარიუსი, ჯერ კიდევ ერისკაცად ყოფნის პერიოდში, როდესაც ის სამეფო სასამართლოს მოსამართლე გახლდათ, განმარტავდა რა წმ. კონსტანტინეს კუბოს სახურავზე არსებულ იდუმალ წარწერებს, აღწერდა თურქების გაბატონებას და მსოფლიო ბატონოებას, ასევე მათ შემდგომ დამარცხებას: "მაშინ აღიმართება ველური შინაომი მეხუთე საათამდე. და მესამეჯერ გაიჟღერებს საზოგადო მოწოდება: იდექით, იდექით შიშით, გულდასმით იჩქარეთ. საზღვრებში მარჯვნივ ჰპოვებთ წარჩინებულ კაცს, საკვირველს და გაბედულს, მას შეიქმთ მეუფედ, რადგან ის ჩემი მეგობარია. და მიიღებთ რა მას, აღასრულებთ ღმრთის ნებას..." (ციტ.: Σεργής, 1996. Σ. 13. შეად. რუს. თარგმ.: Архипов 2002. С. 71). ეს წინასწარმეტყვეელბა დაიწერა 1463-1464 წლებში, პელოპენესში (Turner 1968. P. 44 sqq.). დასავლეთელი მკვლევრის ტიურნერის ვარაუდით, "თეთრ მოდგმაში" (რომელიც ადრე იხსენიება) იგულისხმებიან არა რუსები (ასეთი ინტერპრეტაცია ჩნდება მოგვიანებით XVI ს-ში), არამედ ვენეციელები და სხვა დასავლეთ ევროპელები (Turner 1968. P. 44 sqq.).
 
________________________
 
   
მას ჰპოვებს და მეფედ აკურთხებს ანგელოზი. თავისი გამეფების შემდეგ წმიდა სოფიის ტაძარში ის ხდება ძლევამოსილი და მრისხანე მმართველი სარწმუნოების მტერთათვის (11), ბერძენი ხალხის ცხოვრების გონიერი მომწესრიგებელი (12).
 
________________________
 
11. ანდრია სალოსის ცხოვრება: "უკანასკნელ დღეებში ღმერთი სიღატაკიდან აღამაღლებს ვინმე თვითმპყრობელს, რომელიც ივლის დიადი სიმართლისკენ, შეაჩერებს ყოველგვარ ომს და ღარიბებს გაამდიდრებს. მოგვიანებით თვითმპყრობელი თავისკენ მოაქცევს აღმოსავლეთს და დაიმორჩილებს აგარიანელთ (არაბებს), რადგან ღმერთი განრისხებულია მათ უკეთურებათა გამო... ის გაანადგურებს მათ შვილებს ცეცხლითა და მახვილით... მთელ ილირიკას კი რომაელთა ბატონობაში დააბრუნებს. ეგვიპტე კვლავ გადაუხდის მას თავის ღალას. თავის მარჯვენას დაადებს ზღვაზე და მოათვინიერებს თეთრ ხალხებს (...) და მტრებსაც, რომელთაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მოაქცევს..." ციტ.: Mango 1990. P. 246-247.
 
12. ანდრია სალოსის ცხოვრება: "იმ დროს ღმრთის ნებით თვითმპყრობელს გაემხილება, თუ რამდენი ოქროა დაფარული ამა თუ იმ ადგილას, და მისი დიდებულები მეფეებივით გახდებიან, ღარიბები კი თავადებივით შეიქნებიან. ის უდიდესი მოშურნეობით იუფლებს ქვეყანას და დევნას დაუწყებს იუდეველთ ისე, რომ არც ერთი ისმაელიტელი არ დარჩება ამ ქალაქში... არავინ დაუკრავს ლირას და კითარას, არ იმღერებენ და არც ჩაიდენენ სამარცხვინო საქმეებს, რადგან ყველაფერ ამას მოიძულებს და ქალაქიდან განიდევნება ამპარტავნება". ციტ.: Mango 1990. P. 246–247).
 
_______________________
 
მის ღირსეულ აღზევებაში სიღარიბიდან სამეფო ძალაუფლებამდე არაფერია ეგოისტური და თვითნებური, იმავე გზის გავლა მოუწევს მთელ დამონებულ ხალხს, რათა, თუნდაც მოკლე დროით, იგემოს მიწიერი კეთილდღეობა. "ანდრია სალოსის ცხოვრების" თანახმად მისი მეფობა 32 წელს გასტანს (ანდრია სალოსის ცხოვრება. ციტ.: Mango 1990. P. 246) (13).
 
________________________
 
13. კოსმა ეტოლიელის თქმით, "(წმიდა ხელმწიფე) იმეფებს ოცდაცამეტ წელიწადს". წმ. ტარასის წინასწარმეტყველებით ერთ დღე-ღამეს და საათის მეოთხედს; თუ საათს გავუტოლებთ წელიწადს, მაშინ გამოვა 24 წელი და სამი თვე. წმ. გიორგი ხოზევიტის წინასწარმეტყველებით (იხ. ქვემოთ), მეფე იოანე იმეფებს 36 წელიწადს (S. 254).
 
________________________
 
 
უკანასკნელი მეფე უნდა გამოჩნდეს ანტიქრისტეს გამეფებამდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. მეთოდე პატრელის "გამოცხადების" თანახმად, ანტიქრისტეს გამეფების დროს ის, იქნება რა იერუსალიმში (შეად.: Patria Constantinopoleos 3,170. TLG 3168/6), ავა გოლგოთაზე, დადებს თავის სამეფო გვირგვინს პატიოსან და ცხოველმყოფელ ჯვარზე, რომელიც მაშინ ზეცად ამაღლდება (ციტ.: Mango 1990. P. 244). მისი უცნობი წარმომავლობის გამო მისი სახელი არ იხსენიება ან დრომდე დაიფარება (14), ის დაშიფრულია ან მას იოანე ეწოდება (15).
 
 
________________________
 
14. "ჭეშმარიტი მეფე..., რომელიც სახლიდან შინაურებმა გამოაგდეს... ისმაილიტელთა დასასრულის წინ გამოჩნდება... პარასკევ დღეს, დღის სამ საათზე... მეფის სახელი კი დაფარულია წარმართთა შორის... ღმერთი მას გააცხადებს და დღეთა აღსასრულს ზეთს სცხებს ... თავად (მეფე) კი ასე გაცხადდება... წამოიყვანს მას ადამიანის მსგავსი და ევნუქივით თეთრად შემოსილი ორი ანგელოზი, რომლებიც ყურში ეტყვიან, თუ რა უნდა აღასრულოს მან" (Κόμπου 1999 . S. 254–257).
   
 
15. მეთოდე პატრელის "გამოცხადებაში": "მარჯვენა ხელში მახვილს მისცემენ და ეტყვიან: "გამაგრდი, იოანე და განმტკიცდი, გაიმარჯვე შენს მტრებზე" (Κόμπου 1999 . S. S. 247, 248. შეად. ლეონის გამონათქვამებს. გვ. 13).
 
________________________
 
 
სახელი იოანე უკანასკნელ ქრისმოლოგიურ დამწერლობასი ქრესტომათიული გახდება. გასაოცარია, რაოდენ მყარი აღმოჩნდა უკანასკნელი მეფის ხატება, და ის უბრალო ბერძნების შეგნებაში დღემდე ცოცხალია.
 
 
 
***
 
 
თურქული ბატონობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ბერძნებს მარადიული სამეფოს იდეა თითქოსდა უნდა მიევიწყებინათ. მაგრამ სამეფოს აღდგენისა და უკანასკნელი მეფის მოსვლის სასოებამ ყველა ისტორიული მღელვარება გადაიტანა, და აღმოუფხვრელად დარჩა. ბერძნული ხალხური შეგნებისთვის მეორე რომი სულაც არ დაცემულა, არამედ ძილს მიეცა. მესამე რომს, მოსკოვს, როსთა "თეთრი მოდგმის" დედაქალაქს, მთელი თავისი გარეგანი და შინაგანი ძლიერებისდა მიუხედავად, ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა გააჩნია. მისი ამოცანა უპირველეს ყოვლისა იმაშია, რათა გაათავისუფლოს დედაქალაქი კონსტანტინოპოლი თურქებისგან და გადასცეს იგი თავიანთ კანონიერ მფლობელთ. ყველა ეს ესქატოლოგიური სასოება ბერძნებში კვლავ დაცემულ ბიზანტიასა და ელინიზმს უკავშირდება.
 
 
საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიტანოთ სამი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ არის გავრცელებული XIX-XX სს ბერძნებში თქმულება უკანასკნელი მეფის შესახებ. კერძოდ, სინას მთაზე, თანამედროვე კვიპროსსა და ათონზე.
 
 
1. სინას მთის მონასტრის მღვდელმონაზონი გაბრიელი XIX ს-ის დასაწყისში დასაქმებული იყო იმით, რომ განმარტავდა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ტარასის წინასწარმეტყველებებს (16).
 
________________________
 
16. Описание греческих рукописей монастыря святой Екатерины на Синае. Т. I: Замечательные рукописи в библиотеке Синайского монастыря и Синаеджуванийского подворья (в Каире), описанные архимандритом Порфирием (Успенским) / под ред. и с дополнениями В. C. Бенешевича. СПб., 1911. С. 533–541. ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს 10 - 16-ე წინასწარმეტყველებები. მოცემული ტექსტი გამოაქვეყნა ბენეშევიჩმა არქიმ. პორფირის (უსპენსკის) ჩანაწერების მიხედვით, რომელმაც XIX ს-ის შუაწლებში სინას მონასტერში გადაწერა ნაწყვეტი Sinaiticus 565-დან.
 
________________________
 
 
12-ე წინასწარმეტყველების განმარტებაში, სადაც წერია: "და გაიღვიძებს წმიდა მეფე. მისი სახელის პირველი ასოა ι, ხოლო ბოლო ასო - ς", გაბრიელი წერდა: "... მსგავსად იმ შვიდი ყრმისა, რომლებმაც კერპთაყვანისმცემელი და ქრისტიანთა მდევნელი მეფის დროს გამოქვაბულში მიიძინეს, მაგრამ საღმრთო ძალით კვლავ გაიღვიძეს იმ დროს, როდესაც ქრისტიანთა დევნა შეწყდა და ქრისტიანობა გაბრწყინდა, ეს წმიდა მეფეც, სანამ მმართველობს უკეთური მეფე აგარიანელთა, წმიდა სოფიის რომელიღაც კუვუკლიაში განისვენებს ან, სხვათა თანახმად, სადღაც ბიზანტიის შორეულ მხარეს. ოსმანთა სამეფოს სრული განადგურების შემდეგ ის საღმრთო ძალითა და განგებულებით გაიღვიძებს, რათა გამეფდეს კონსტანტინოპოლში. მისი სახელი იწყება ასოთი ι, ხოლო ბოლო ასოა - ς", სახელი იოანეც ამ ასოებს შეიცავს (ბერძნულად "იოანე" იწერება, როგორც - Ιωάννης (იოანის) – "აპოკ." რედ.).
 
ამ გაღვიძებულ წმიდა მეფეზე, - რომელიც ამხედრებულია თეთრ ცხენზე და, რომლის შესახებაც იდუმალად მსჯელობს ღვთისმეტყველი იოანეც თავის აპოკალიფსისში, - წმიდა ტარასი წინასწარმეტყველებს: "... ამრიგად, როგორც მიწიერი მეფე ცხენზე შემჯდარი ებრძვის თავის მოწინააღმდეგეებს, ასევე ძე და სიტყვა ღმრთისა, მეფე მეფეთა და უფალი უფლებათა, რადგან, - სრულიად წმიდაა და წმიდათა შორის განისვენებს და ცხოვრობს, ამიტომაც აღწერს ღვთისმეტყველი მას თეთრ ცხენზე ამხედრებულს. გაიხსნება ცა, ანუ აგარიანელთაგან დაკეტილი წმიდა ეკლესია, ახალი სიონი, ღმრთის სიბრძნის სახელზე აგებული, და მისგან გამოვა ამჯერად მასში მძინარე წმიდა მეფე..."
 
ამრიგად, უკანასკნელი მეფე აქ ედრება აპოკალიფსისის თეთრ მხედარს, რომელზეც ამხედრდება ქრისტე ღმერთი. ამგვარად, სინას მთაზე არსებობდა მცდელობა ხალხური ესქატოლოგიური წარმოდგენა შეეერთებინათ აპოკალიფსისთან. ბოლო წინასწარმეტყველების კომენტარში მღვდელმონაზონმა გაბრიელმა ოსტატურად განმარტა ყველა ასოს მნიშვნელობა, რომელიც კი გვხვდება სახელში - იოანე.
 
2. კუნძულ კვიპროსზე თუ გადავინაცვლებთ, აღმოვაჩენთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, აქ, ტრაქონიაში, შეიქმნა მეფე იოანეს ნამდვილი კულტი. იმთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ ლაპარაკია ცრუეკლესიურ მოძრაობაზე, ნათლად გამოხატული სექტანტური ტენდენციებით, რომელიც აღმოცენდა ზოგიერთი, ვითომცდა წმიდა ნიშნის განმარტებასთან დაკავშირებით, რაც სახლის კდლებზე გამოისახებოდა.
 
 
ამ მოძრაობის წმიდა წიგნი გახდა წმ. გიორგი ხოზევიტის წინასწარმეტყველებანი, რომელიც მან მიწერა კიპრიოტ იოანე იანაკისს, სადაც დეტალურად არის აღწერილი უკანასკნელი მეფის, იოანეს პორტრეტი. მას უწოდებენ ახალ წინამორბედს, მხედართმთავარს, ადამიანს, რომელმაც მიაღწია სრულყოფილ ასაკს (59), წმიდა მეფეს, რომელიც აპოკალიფსისის თეთრ ცხენზეა ამხედრებული. ის იცავს ყველა ტრადიციულ ნაკვთს, რომელიც მას ბიზანტიურმა შუასაუკუნეებმა მიაკუთვნა, და ამავდროულად მისი ცხოვრება შევსებულია მთელი რიგი აპოკრიფული წვრილმანებით. ყოვლად მიუღებელია ამ მეფის გაიგივება ჩვენს უფალ იესუ ქრისტესთან. 12-ე წინასწარმეტყველების მიხედვით ის წარდგება, როგორც სულიწმიდის მადლისმიერ ნიჭთა განსაკუთრებული მფლობელი.
 
 
3. და ბოლოს, ჩვენი მოხსენება შეიძლება დავასრულოთ ბერძენი მხცოვნის მოგონებებით. ის ერთგვარად აჯამებს მეფე იოანეს შესახებ არსებულ ადრინდელ ტრადიციას, მაგრამ ამავდროულად ანიჭებს მას აბსოლუტურ და თვითკმარ მნიშვნელობას. მხცოვანი ეფრემ ფილოთეველი ამის შესახებ ლაპარაკობდა ერთ-ერთ თავის ქადაგებაში, რომელიც ამერიკელი მრევლისადმი იყო მიმართული:
 
"... არსებობს მძინარე მხედართმთავარი, სახელად იოანე, რომელზეც მიუთითებს ქრისტიანებს მთავარანგელოზი მიქაელი, და ეტყვის მათ, რომ ამჟამად ის იმეფებს, თავისი თითით მიუთითებს ადგილს, და ისინიც მოუწოდებენ მას გაუძღვეს ერს წინ და იმეფოს ბერძენ მართლმადიდებელ ხალხზე. ზუსტად ასე იქნება ყველაფერი".
 
შემდეგ მხცოვანი ეფრემი, იხსენებს რა თავისი სიყმაწვილის წლებს, თავიდან ჰყვება ათონზე შემდგარ საუბარს მიტროპოლიტ იეროთეოსთან, რომელმაც თქვა:
 
"- არსებობს ეს მძინარე მხედართმთავარი და ის აღდგება.
 
ჩვენ ვეკითხებით:
 
- როდის, მამაო, როდის, გამოჩნდება ღმრთის წმიდა მღვდელმთავარი?
 
ის პასუხობს:
 
- როდესაც იქნება მსოფლიო ომი.
 
 
მან ასევე გვითხრა, რომ მისი (მძინარე მეფის - "აპოკ." რედ.) მარჯვენა ხელი დევს მახვილის ტარზე, თვით მახვილი კი ქარქაშშია; და როდესაც, ამბობს, ეს მახვილი დაიძრება ქარქაშიდან, მაშინ დაიწყება მესამე მსოფლიო ომიც".
 
შემდეგ მხცოვანი ეფრემი კოსმა ეტოლიელის სიტყვებით აღწერს ამ წმიდა მეფის სამეფოს გაბრწყინებასა და განადგურებას, რადგან დადგება ანტიქრისტეს მეფობა.
 
ნიშანდობლივია, რომ სამივე ზემოთმოტანილ შემთხვევაში კონკრეტული ესქატოლოგიური აღწერა ჩნდება უშუალოდ თურქულ საშიშროებასთან დაკავშირებით. აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ დასვკნა, რომ ეს აღწერები არ ითვალისწინებენ XX და XXI საუკუნეებში ძლიერ შეცვლილ რეალობებს მსოფლიო ომებითა და ხალხთა ახალი გლობალური გადაადგილებებით. აქ დაფარულია ამ წარმოდგენათა ძალაც და სისუსტეც. ძალა - მათ ტრადიციონალიზმსა და პატრიოტიზმშია. სისუსტე კი - მათ უუნარობაში რეაგირება მოახდინონ ახალ კატაკლიზმებზე რომლებიც კონსტანტინოპოლის ხვედრთან არ არიან დაკავშირებულნი.
 
აქდან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ ხალხური ესქატოლოგიური წარმოდგენები, იმის შემდეგ, რაც ბერძნებმა მოიპოვეს თავისუფლება და გარეგანი კეთილღდეობა, მათში თითქმის მივიწყებულ იქნა. ამასთან ერთად, ეს წარმოდგენები გადაინერგა სხვა ხალხებში, რომლებმაც XX ს-ში ბოლომდე შესვეს თავიანთი ტანჯვის მწარე სასმისი...
 
 
***
 
დასასრულ შეიძლება აღინიშნოს, რომ ბერძნული ხალხური ესქატოლოგია, ერთი მხრივ, არ შეიძლება განვაკუთვნოთ ცარიელ და არაფრის მომცემ ცრურწმენებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მასში არსებობს განუხორციელბელი ისტორიული უტოპიის მომენტებიც.
 
მისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითიდან, - უკანასკნელი მეფის იდეიდან, - ჩანს რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ბერძნებისთვის თავიანთი დაკარგული მიწიერი სამეფოს აღდგენა. არსებითად აქ ჩადებულია ღრმად განცდილი მესიანური იდეა, რომელშიც უმჭიდროვესად არის გადაწნული პოლიტიკური და რელიგიური მოტივები.
 
უკანასკნელი მეფის ხატება უდავოდ ოპტიმისტური და მაცოცხლებელია. მიწიერი ისტორია, რაოდენ ტრაგიკულიც იყოს, შეუძლებელია უეცრად მოისპოს კატასტროფით, არამედ მოწოდებულია დასრულდეს სიმართლის გამარჯვებით. ამ ზეიმის გარეშე მსოფლიოს ისტორია არასრული იქნებოდა.
 
უკანასკნელი მეფის ხანმოკლე კეთილდღეობისა, - რომელიც საკმაოდ მოკლეა და წარმავალი, - და ერის მიერ მოპოვებული ამ კეთილდღეობის როლი მდგომარეობს იმაში, რათა იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც მნიშვნელობას არ ანიჭებენ მას, და იმყოფებიან ზეციური სასუფევლის კარებთან, კიდევ უფრო თავდადებული გახადოს.
 
რა თქმა უნდა, ზედმეტად ბუკვალისტური, უკიდურესობებამდე მისული ინტერპრეტაციები შეიძლება ხელს უწყობდეს ეგზალტირებულ, არაჯანსაღ რელიგიურობას, რომელიც ადამიანის თვითნებური გაღმერთებიდან და ზეციურისა და მიწიერის დაუშვებელი აღრევიდან მომდინარეობს. ბერძენთა უკანასკნელი მეფის ტრადიციული თვალსაზრისით უფრო გაწონასწორებული იდეა დარჩება დამატებით ჰარმონიულ აკორდად კაცობრიობის წმიდა ისტორიაში, რომელსაც საღმრთო განგებულება მართავს. ამავდროულად ის საკუთარ თავში ატარებს განსაზღვრულ და, შეიძლება ითქვას, ჯერაც ამოუწურავ, სულიერ-ზნეობრივ მნიშვნელობას, რომელიც, როგორც ეს ბერძენთა ესქატოლოგიურმა წარმოდგენებმა აჩვენა, მთელი ისტორიის განმავლობაში არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ცვლილებებს.
 
 
 
 
ბიბლიოგრაფია:
 
 
Архипов 2002Архипов В.В. Византийские пророчества о судьбе Царьграда. М., Паломник, 2002.
 
Истрин 1897Истрин В. Откровение Мефодия Патарского и апокрифические видения Даниила в византийской и славяно-русской литературах. Исследование и тексты. М.: Университетская типография, Страстной бульвар, 1897.
 
Фомин 1998 Россия перед Вторым Пришествием (Материалы к очерку русской эсхатологии) / сост. С. и Т. Фомины. Т. 2. Изд. 3 исправленное и расширенное. М., 1998.
 
Bent 1966Bent J.Th. Aegean Islands. Cyclades, or life among the insular Greeks. Chicago, 1966.
 
Mango C. The Legend of Leo the Wise // Zbornik Radova Vizantoloskog Instituta 6. 1960. P. 59-93.
 
Mango 1990 — Mango C. Βυζάντιο.  ῾Η αὐτοκρατορία τῆς Νέας Ρώμης. Ἀθήνα, 1990., 1990.
 
Βρυώνης 1996 — Βρυώνης Σ. Ἠ παρακμὴ τοῦ μεσαιωνικοῦ Ἑλληνισμοῦ στη Μικρὰ Ἀσία καὶ ἡ διαδικασία ἐξισλαμισμοῦ (11–15 αἰῶνας). Ἀθήνα, 1996.
 
Καριωτόγλου 2000 — Καριωτόγλου Ἀ. Ισλάμ και χριστιανική χρησμολογία. Ἀπὸ τὸν μυύο στήν πραγματικότητα. Ἀθήνα,  2000.
 
Κυριακοῡ  1995 — Κυριακοῡ. Οι ιστορημένοι χρησμοί του Λέοντος ς ´ του Σοφοῡ. Χειρόγραφη παράδοση και εκδόσεις κατά τους ΙΕ´ ΙΘ´ αιώνες.   Ἀθήνα,  1995.
 
Λάμπρος  Σ.  1908a — Λάμπρος  Σ.  Μονωδίαι καὶ θρῆνοι ἐπὶ τῆ ἁλώσει τῆς Κωνσταντινουπόλεως Νέον Ἑλληνομνήμων` 1908. Σ. 190 и дал.

Σεργής 1996 — Σεργή M. Г. Γεώργιος Σχολάριος Β´ ὁ πρῶτος μετὰ τὴν ἅλωση οἰκουμενικὸς πατριάρχης. Ἐθνοιστορικὴ μελέτη. Ἀθήνα,  1996.

***

წყარო: "Греческая народная эсхатология: образ последнего царя" (Православная эсхатология. Международная конференция, ноябрь 2005) // Эсхатологическое учение Церкви: материалы. М.: Синодальная Богословская Комиссия, 2007. С. 492–506.
https://azbyka.ru/otechnik/Dionisij_Shlenov/grecheskaja-narodnaja-eshatologija-obraz-poslednego-tsarja/

თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023.01.
Назад к содержимому