ესქატოლოგია - დანიელ წინასწარმეტყველის გამოცხადება მიქაელ მთავარანგელოზისა და სიცოცხლის წიგნის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
აპოკალიპტური მოვლენები წმიდა წერილის მიხედვით

1. დანიელ წინასწარმეტყველის გამოცხადება მიქაელ მთავარანგელოზისა და სიცოცხლის წიგნის შესახებ
სამყაროს განახლება
ძველი ქართულით:

და მას ჟამსა შინა აღდგეს მიქაილ, მთავარი დიდი, რომელი დგას ზედა ძეთა ერისა შენისათა, და იყოს ჟამი ჭირისა, ჭირი, რომელი არა იყო, ვინათგან იქმნა ნათესავი ქუეყანასა ზედა და ვიდრე ჟამამდე, და მას ჟამსა განერეს ერი შენი, ყოველი პოვნილი დაწერილ წიგნსა შინა.

ახალი ქართულით:

იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება.

(დანიელი 12:1)



დანიელის წინასწარმეტყველების მეთორმეტე წიგნი ბოლოა ებრაულ ტექსტში. საქმე იმაშია, რომ ძველი აღთქმის ებრაული და ბერძნული ტექსტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ამისი მიზეზი ის არის, რომ ებრაულ ტექსტში გადაკეთებულია და ამოღებულია ზოგიერთი საკითხი, რომელიც იუდეველი მღვდელმთავრებისთვის მიუღებელია, კერძოდ, დანიელის წინასწარმეტყველების მეცამეტე და მეთოთხმეტე თავები. მეთორმეტე თავში კი ლაპარაკია ჟამზე, როდესაც იქნება დიდი დევნულება. ეს არის ანტიოქე ეპიფანეს დევნულების პერიოდი, მაგრამ მის სიმბოლოში უკვე იმალება ანტიქრისტეს დროინდელი დევნულება, რომლის წინასახესაც წარმოადგენდა ანტიოქე ეპიფანე.

"იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება" (დანიელი 12:1).

ანტიქრისტეს დევნულება ყველაზე უმძიმესი დევნულება იქნება კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ოდესმე აღუმართავთ ქრისტიანთა წინააღმდეგ. მაგრამ ამ დროს ღვთის ერს დაეხმარება მთავარანგელოზი მიქაელი - ზეციურ ძალთა მხედართმთავარი. ის არის დიდი მთავარი, რადგან წინ უძღვის ღვთის ყველა ანგელოზს და მისი შუამავლობა იხსნის ღმრთის ერს.

აქ უნდა შევიმეცნოთ, რომ ღმრთის ერი მარტო ეკლესია როდია, არამედ ებრაელი ხალხიც. რატომ არის აქ მითითებული მთავარანგელოზ მიქაელის ჩარევა? საქმე იმაშია, რომ მთავარანგელოზი მიქაელი წარმოადგენს ებრაელი ერის (და ასევე ქრისტეს ეკლესიის -ჭეშმარიტი ისრაელის) მფარველ ანგეოლოზს და ამიტომაც ის განსაკუთრებულად ჩაერევა ანტიქრისტეს დროინდელ დევნულებაში, რადგან იმ დროს ებრაელი ერი მიიღებს უფალ იესუ ქრისტეს და მოექცევა მისკენ; მოციქულ პავლეს თქმით ებრაელები შეინანებენ, შევლენ ღმრთის ერის (ეკლესიის) შემადგენლობაში და ცხონდებიან (რომ. 11:26).

"შენი ხალხის შვილთა მფარველი", ანუ ის შეცდენისგან დაიცავს ებრაელებს. ქრისტეს უკანასკნელი მტრის (ანტიქრისტეს - რედ.)ძალაუფლების დროს მთავარანგელოზი მიქაელი მორწმუნე ქრისტიანებს განსაკუთრებულ მფარველობას აღმოუჩენს და მისი მძლავრი და ცეცხლოვანი მფარაველობა დაიცავს მათ მტრის ხრიკებისგან. ანტიქრისტე ვერავის ვერაფერს აიძულებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენთვის ცნობილია, რომ როდესაც მრავლდება ბოროტება, მრავლდება მადლიც - რაც უფრო მატულობს სიბნელე, მით უფრო მკაფიოა ნათელი. აქ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმრთის უკანასკნელი მტრის დროს ანგელოზთა ძალები განსაკუთრებულად ჩაერევიან მიმდინარე მოვლენებში. გასული საუკუნეებიდანაც ცნობილია, რომ სასწაულები ყველაზე მეტად მოწამეთა დროს, ქრისტეანთა დევნულების პერიოდში ვლინდებოდა.

ანტიქრისტეს ჟამს მთელ მსოფლიოში ისეთი დიდი ჭირი მოიწევს, "რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება". აი რა არის ნათქვამი ამის შესახებ მათეს სახარების 24-ე თავში: "ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება. და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ" (მათე 24:20-25).

ამრიგად, სამყაროს აღსასრულის წინ იქნება დიდი ჭირი, რომელიც გამოვლინდება ღმრთის მიერ სამყაროზე დაშვებულ სტიქიურ სასჯელებში. ამ საშინელ სასჯელებზე აპოკალიფსისიდანაც ვიცით: ეს არის ქარების შეჩერება, გვალვა, ცეცხლოვანი სეტყვა, წყლის გადაქცევა სისხლად და სხვა. ისინი დაემსგავსებიან იმ სასჯელთ, რომლებიც ოდესღაც ღმერთმა ეგვიპტეს მოუვლინა,  ხოლო უკანასკნელ ჟამს უკვე მთელ მსოფლიოს დაატყდება თავზე თავისი განდგომილებისთვის.

ღმერთი წყალს სისხლად გადააქცევს ბოროტეულთა მიერ უდანაშაულო ადამიანთა სისხლის საზღაოდ, რათა ამხილოს მათ მიერ ჩადენილი სისასტიკე. ეგვიპტეშიც ხომ წყლები სისხლად იქცეოდა, რადგან ეგვიპტელები კლავდნენ ებრაელთა ბავშვებს და იძულებულნი იყვნენ წყლის ნაცვლად სისხლი დაელიათ. სხვა დანარჩენი სასჯელებიც დაკავშირებულ იქნება კაცობრიობის გარყვნილებასთან, ისინი, საკუთრივ, შესაგონებლად იქნება მოვლენილი.

მაგრამ იქნება ამაზე უძლიერესი ჭირი - ეს არის საყოველთაო გარყვნილება, როდესაც საზოგადოებრივი აზრი შეიშლება. როგორც წმიდა ანტონი დიდი ამბობდა, ბოლო ჟამინდელი ადამიანები მიეცემიან ისეთუგუნურებას, რომ, როგორც კი საღად მოაზროვნე ადამიანს დაინახავენ, იტყვიან: "აი სულელი, რადგან არ ცხოვრობს ჩვენსავით". სწორედ ამაში იქნება გამოხატული უდიდესი ჭირი, რადგან მასობრივი მორევი ჩაითრევს ადამიანებს ბოროტებაში. მათთვის ჩვეულებრივი გახდება სისასტიკე და გარყვნილება, რადგან ყველა ასე იცხოვრებს.

ასე იყო ნოეს დროსაც, როდესაც ყველა ადამიანი ბოროტებას ჩადიოდა, ხოლო როდესაც მათ ნოემ სინანულისკენ მოუწოდა, ისინი ამბობდნენ, ყველანი ასე ცხოვრობენ და ჩვენც ასე ვიცხოვრებთო. იგივე იქნება ბოლო დროსაც.

ცნობილია, რომ ანტიქრისტე დაიწყებს ქრისტიანთა დევნას, აწამებს მათ იმისთვის, რომ არ ეთაყვანებიან მას, როგორც ღმერთს. ყველა დანარჩენი რელიგია, ყველა სხვა ხალხი, რომელიც არ შევა ქრისტიანულ ეკლესიაში, ანტიქრისტეს თაყვანისმცემელი აღმოჩნდება. ხოლო ქრისტიანებს ანტიქრისტე ყველგან დაუწყებს დევნას და ძლიერ შეავიწროვებს. სწორედ მაშინ "ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა".  

დანიელის წინასწარმეტყველების მეთორმეტე თავის პირველ მუხლში ასევე ნათქვამია: "იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება" (დან. 12:1). აქ ლაპარაკია სიცოცხლის წიგნზე. ყველა ადამიანი, ვინც ჩაწერილი იქნება სიცოცხლის წიგნში ნაპოვნი აღმოჩნდება.

როგორ უნდა ჩავეწეროთ ამ წიგნში?

სიცოცხლის წიგნში ჩასაწერად არსებობს ერთადერთი, შესანიშნავი და სრულიად გასაოცარი წესი, როდესაც ადამიანს სამჯერ შთაფლავენ წყალში - ეს არის სწორედ სიცოცხლის წიგნში ჩაწერა. ამიტომ ჩვენც ვლოცულობთ: "ჩაწერე ის სიცოცხლის შენს წიგნში და შენი სასუფეველის მოზიარედ ჰყავ იგი".

როდესაც ადამიანს ნათლისღების დროს ეძლევა სახელი, ის სიცოცხლის წიგნში იწერება. შემდეგ, შესაძლოა ეს სახელი, ჩვენი ცოდვების გამო გაუფერულდეს, მაგრამ თუ ადამიანი შეინანებს, ის წიგნში მაინც შენარჩუნდება და ასეთი ადამიანი ხსნილ იქნება ყველა დროში, მათ შორის ანტიქრისტეს პერიოდშიც, რადგან ყველა ჟამი და ყველა საუკუნე ღმრთის ხელშია, ღმრთის განგებულების ქვეშაა.  

დრო-ჟამი ეშმაკის ხელში არასოდეს ყოფილა, არც ახლა არის და არც ოდესმე იქნება. ყოველთვის ღმერთი გვიცხადებდა საკუთარ თავს და შეგვაგონებდა. არ ყოფილა დრო ღმერთს არ გამოევლინოს თავისი მოწყალება კაცობრიობაზე, და არც არასოდეს იქნება ისეთი დრო, როდესაც ღმერთი შეწყვეტს ადამიანთა გადარჩენას.

გამოცხადების ისტორიას არა აქვს შუალედები - უფალი ყოველთვის უცხადებდა თავს ადამიანებს, სხვაგვარად ის არ იქნებოდა სახიერი (კეთილი); თუ არა და, მაშინ ის აღმოჩნდებოდა იმგვარი ღმერთი, რომელმაც არ დაიცვა თავისი სიტყვა; მაშინ მასზე დანდობა იქნებოდა შეუძლებელი, მაგრამ ამგვარი როდია ჩვენი უფალი. ჩვენ გამოცდილებით ვიცით, - ღმერთი ყოველთვის მხარს უჭერს მის მორწმუნეებს და შეეწევა მათ განსაცდელში.



განმარტების ავტორი: მღვდელი დანიელ სისოევი (1974 - 2009).

წყარო: ekzeget.ru
Назад к содержимому