ესქატოლოგია - მარადიული საიქიო საიდუმლონი I.1 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
მარადიული საიქიო საიდუმლონი

გარდაცვლილთა ცხოვრება და მათი კავშირი ცოცხლებთან, მათი ნეტარება და სატანჯველნი
 წმიდა წერილისა და ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებით
კერძო სამსჯავრო
წინათქმა

ღვთისმოსავო მკითხველო! ყურადღება მიაქციე სიბრძნის ამ სიტყვას. მათში მოცემულია რჩევა უდმივად, არა ჩვენს მარტო ყოველგვარ საქმიანობაში, არამედ ყოველ სიტყვაში გვახსოვდეს ჩვენი აღსასრული - იმისთვის, რათა არ ვცოდოთ.
 
მაგრამ რაოდენ მცირედნი ფიქრობენ ამ აღსასრულზე. უმრავლესობა მას მხოლოდ მაშინ იხსენებს, როდესაც დადგება ეს უკანასკნელი დღეები, როდესაც მთელი ცხოვრება თითქმის გავლილია, ზოგჯერ ხანმოკლედ, ზოგჯერ ხანგრძლივად, მაგრამ როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში, ეს ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს უძღვნიან წუთისოფლის ამაოებას.
 
ექიმები ავადმყოფთა განკურნების პირობად მათ მიერ გაწერილი დანიშნულების შესრულებას მიიჩნევენ. ისინი სნეულთ უწერენ წამლებს, უნიშნავენ დიეტას, რომლის დაცვასა და შესრულებაზეა დამოკიდებული მათი ხორციელი ჯანმრთელობა. და აი, ღმერთმაც, როგორც ჩვენი სულების გამოცდილმა მკურნალმა, დაგვიწესა პირობები, - ცოდვებითა და მისი შედეგებით მოწყლულთ. დიახ, ჩვენ ყველანი სნეულები ვართ ცოდვებით, ჩვენი სულები და სხეულები ატარებენ და ავითარებენ ცოდვათა საშინელ წყლულებს.
 
მოციქული პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "ცოდვის საზღაური სიკვდილია" და კიდევ: "როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში" (რომ. 5:12; 6:23). ამრიგად, ცოდვა არის სიკვდილის მიზეზი; და არა მარტო ხორციელისა, არამედ სულიერისაც, ანუ იმგვარისა, როდესაც ცოდვებში სრულად ჩაფლული სული, კარგავს ღმრთის ხატებასა და მსგავსებას და, ამგვარი სახით, თითქოსდა კვდება მარადიული ნეტარებისთვის, რომელიც მას მისმა ღმერთმა და შემოქმედმა განუწესა.
 
ცოდვილი, ბიწიერი ცხოვრების და, მის მიერ სულიერი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, უფალი გვირჩევს ჩვენი "აღსასრულის" ხსომებას. ღმრთის შეწევნით, სწორედ ამ უკანასკნელი დღეების შესახებ ვაპირებ მეც თქვენთან საუბარს, ღვთისმოსავო მკითხველო, რადგან ისე არაფერი განაწყობს წმიდა და სათნო ცხოვრებისკენ, როგორც ფიქრი "აღსასრულზე", რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ: 1) ხორციელი სიკვდილი, როგორც ადამიანური ცხოვრების საზღვარი; 2) ჩვენი უკვდავი სულის საიქიო ცხოვრება საყოველთაო სამსჯავროს დადგომამდე; 3) ჩვენი საყოველთაო აღდგომა და 4) მეორე და დიდებით მოსვლა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელსაც მოჰყვება საყოველთაო საშინელი სამსჯავრო თავისი შედეგებითურთ.


I
 
ხორციელი სიკვდილი, როგორც ადამიანური სიცოცხლის საზღვარი
 
 
"ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ...
როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი,
ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა"
 
რომ. 6:23; 5:12.
 
 
1. ხორციელი სიკვდილის მიზეზი
 
როდესაც ქვეყნიერებაზე არ იყო ცოდვა, არც სიკვდილი არსებობდა; თითქოსდა არ იყო სიკვდილზე ფიქრის საჭიროება. მაგრამ, თვით ღმერთმა მცნებად მისცა უბიწო პირმშოს ეფიქრა სიკვდილზე. როგორც კი შეიყვანა ადამიანი ედემის ბაღში, უთხრა: "ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით" (დაბ. 2:16, 17).
 
ამრიგად, რისთვის სჭირდებოდა ყველაზე უბიწო, უდანაშაულო და უკვდავ ადამს სიკვდილის შეხსენება? მას, ვისაც ჯერაც სულში არანაირი ცოდვითი აზრი არ ჰქონია, რატომ უნდა ეფიქრა ხრწნილებაზე? ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ადამიანს, როგორც ქმნილებას, შეიძლება და უნდა ჰქონდეს შიში; რადგან სიკვდილის შიშს თავისი კეთილი მოქმედება აქვს იქ, სადაც არ წარემატება სიყვარული, ან სიცოცხლის დაპირება.
 
კარგი იქნებოდა სიყვარულით აღძრულ ადამიანს თავისი უფლის მორჩილება შეძლებოდა, რათა ყოველთვის თავისუფალი ყოფილიყო და ადვილად შეესრულებინა თავისი უფლის მცნებები, მაგრამ თავისუფლება საკუთარ თავში შეიცავს მერყეობისა და დაცემის შესაძლებლობასაც, ამიტომ, თავისუფლება უფრო ძლიერით გამყარებას საჭიროებს, რომელიც შეაკავებს ბოროტებისკენ მიდრეკილებას, - ასეთი ძალა კი სიკვდილის შიშია.
 
მაგრამ, სანამ სიკვდილის შიშზე ვილაპარაკებდეთ ვიტყვით, - რა არის თვით სიკვდილი. წმიდა წერილი ასეთი სიტყვებით გვაძლევს სიკვდილის ზუსტ განსაზღვრებას: "მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა" (ეკლ. 12:7). მაშასადამე, სიკვდილი ეს არის სულის გაყრა სხეულისგან. როდესაც სული სხეულს გაცილდება, მაშინ ამგვარ ადამიანს ჩვენ მკვდარს (მიცვალებულს) ვუწოდებთ. მხოლოდ სხეული სულის გარეშე არ წარმოადგენს სრულ ადამიანს, ის - გვამია, და არა ადამიანი; ზუსტად ასევე სული სხეულის გარეშე მხოლოდ სულია, და არა კაცი.
 
ადამიანის სხეული, თავისთავად, სულის გარეშე - მკვდარია; მის გარეშე ის ექვემდებარება ხრწნილებას და, ამგვარად, აკლდება სიცოცხლესა და ქმედითობას. წმ. იოანე ოქროპირი სხეულის კვდომაზე ასე მსჯელობს: "ჩვენი სხეული თიხის ჭურჭელს წააგავს. როგორც ცეცხლის მიერ შემტკიცდება თიხა, ასევე ჩვენი სხეულიც სულის მხურვალების მიერ შემტკიცდება. როგორც თიხის ჭურჭელი, თუკი დაეცა, მცირე ნაწილებად დაიშლება, ასევე ჩვენი სხეულიც, სიკვდილის მიერ დაცემული, მცირე ნაწილებად ცალკევდება: ცალკე რჩება ძვლები, როგორც მყარი ნაწილები სხეულისა, და ცალკე რბილობი" (წმ. იოანე ოქროპირი. მე-6 ჰომილია ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეზე. თ. 2).
 
დროს სულის სხეულისგან გაყრისა ვიდრე დედამიწაზე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე წმ. წერილი "სიკვდილის აჩრდილს" (ფსალმ. 22:4) უწოდებს. როგორც კი ადამიანის სხეული შევა ამ "სიკვდილის აჩრდილში" ის მიწას დაუბრუნდება ვიდრე მთავარანგელოზის უკანასკნელი საყვირის ჩაბერვამდე და დაემსგავსება მიწაში ჩათესილ მარცვალს, რათა აღდგომისას შემძლე გახდეს მომავალ ნაყოფთა გამოღებისა. თესლი, ანუ მარცვალი, თუ კი დალპება (მოკვდება) მრავალ ნაყოფს გამოიღებს.


2. სიკვდილი და მისი გარდაუვალობა
 
"სხეულის სიკვდილი არის ერთგვარი ბუნებრივი, დროებითი მიძინება, რომელიც ხელს უწყობს სულიერ და ხორციელ ძალთა განახლებას; ეს არის თესლის ჩათესვა ნიადაგში, რომელიც უნდა გაიხრწნას, რათა ახალი სიცოცხლის ფესვი აღმოაცენოს, და მარადმწვანე, ყვავილოვან და მრავალნაყოფიერ მცენარედ აღმოიფურჩქნოს დაუსრულებელი სიცოცხლისთვის" (Прав. Собес. 1858 г,, ч. I, стр. 417).
 
"როდესაც მომაკვდავს ხედავ, იმას კი ნუ უყურებ, რომ თვალებს ხუჭავს და უხმოდ წევს, არამედ იმას, როგორ აღდგება და მიიღებს გაოუთქმენ, ენით აუწერელ და საკვირველ დიდებას; სინამდვილის ხედვიდან მზრა მიაპყარი მომავალ სასოებას. მკვდარი იხრწნება და მტვრად მიიქცევა. და მერე რა? უნდა გვიხაროდეს, რომ ის, ვისაც სურს განაახლოს დანგრევის პირას მისული ძველი სახლი, ჯერ მისგან მასში მცხოვრებთ გამოასახლებს, შემდეგ სახლს დაანგრევს და კვლავ აღადგენს მას უკეთესი სახით. სახლიდან გამოსულები ამის გამო როდი გლოვობენ, არამედ კიდევ უფრო მეტად ხარობენ; რადგან თავიანთ მზერას არა ხილულ დარღვევას მიაპყრობენ, არამედ მომავალს, თუმც კი ჯერაც უხილავ ნაგებობას.
 
იგივეს იქმს ღმერთიც. ის, არღვევს რა ჩვენს სხეულს, ჯერ მისგან მასში მცხოვრებ სულს გამოიყვანს, როგორც ერთგვარი სახლიდან, რათა შემდეგ შეუდარებლად უკეთესი სახით აღადგინოს და კვლავ შეასახლოს მასში სული ოღონდ უმეტესი დიდებით" (Христ. Чт. 1842 г., стр. 137).
 
წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: "თუკი ვინმეს ქანდაკება ჟანგისგან ან ჟამთა მსვლელობისგან გაუფუჭდება, და მისი სხვადასხვა ნაწილები დაშლის პირას მივა, მფლობელი მას ჯერ დაამტვრევს, ქურაში ჩააგდებს და უკეთესად გამოადნობს; როგორც დამტვრეული ქანდაკება არ არის განადგურება, არამედ განახლება, ასევე ჩვენი სხეულების სიკვდილიც არ არის განადგურება, არამედ განახლებაა. ასე რომ, ჩვენი სხეული, როგორც ქურაში, იხრწნება და იშლება, მაგრამ შემდეგ კვლავ აღდგება. მოქანდაკე, სპილენძის ქანდაკებას ქურაში ჩააგდებს და იმავე ქურიდან სპილენძის ისეთივე ქანდაკებას ამოიღებს, ხოლო მიწა, მიიღებს რა ხრწნად და მოკვდავ სხეულს, მას უკვდავი და უხრწნელი თვისების მქონედ დააბრუნებს" (იქვე. გვ. 138).
 
იესუ ქრისტეს უწმიდესი სხეულის მიწაში დაკრძალვისას, ჩვენ ვხედავთ ტანჯვით დაძაბუნებული ადამიანური ბუნების სახეს, მაგრამ ვჭვრეტთ ღმრთის სიძლიერეს, საკუთარ თავში კაცობრივი ბუნების განმაახლებელს; გვანცვიფრებს სიკვდილის სევდიანი სახე, მაგრამ სიკვდილზე გამარჯვება გვანუგეშებს; ამავე სიკვდილში აღვასრულებთ გარდაცვლილის სხეულის დაკრძალვას, მაგრამ უეჭველად ველით მის დიდებით აღდგომას.
 
ამრიგად, ღმრთის ძის გამომსყიდველი მსხვერპლის შემდეგ, თუმც სიკვდილი, ჩვენი ბუნების უძლურებისა და კანონების გამო, ჯერ კიდევ მოქმედებს ქვეყანაზე - და სიკვდილი გარდაუვალია, - ოღონდ ასეთია იგი კაცთა მოდგმის დიდებით აღდგომამდე.
 
ქრისტესადმი ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნე და ქრისტეში გარდაცვლილი ყოველი ქრისტიანი სიკვდილის საფარველს გადაიძრობს არა სხვაგვარად, თუ არა მძლეველის (ქრისტეს) სიკვდილის მიერ, რომელმაც უკვე გაიარა და გაანათა სიკვდილის ეს აჩრდილი თავისი ღვთაებრივი ნათელით (Прав. Соб, 1858 г., стр. 400-409).
 
ამრიგად, სიკვდილი ყოველი ადამიანის გარდაუვალი ხვედრია, - მას ვერავინ გაექცევა; რადგან, როგორც წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: "ვინ არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა იხილოს სიკუდილი და იჴსნეს სული თჳსი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა?" (ფსალმ. 88:49); ამასვე გვასწავლის წმიდა მოციქული პავლე, როდესაც ამბობს: "ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა" (ებრ. 9:27).
 
მაგრამ, სიკვდილის ჟამზე იდუმალიც არაფერია, როგორც ეკლესიასტე ბრძანებს: "რადგან ადამიანმა არ უწყის თავისი ჟამი ... რომელიც მოულოდნელად ეწევა მას" (იხ. ეკლ. 9:12).



"ჰე, ვითარ დიდ არს ტირილი და გოდება, დიდ არს სულთქმა და წუხილი, ოდეს განიყოფის სული ხორცთაგან, ჯოჯოხეთ არს და წარსაწყმედელ, საწუთო არს ცხოვრებაი ამაო, და აჩრდილი წარმავალი და ხიბლ სიზმრისეულ, უვარგისი ოცნებაი არს მომუშაკეთა ამსოფლიურისა. ჰე, განვეშოროთ ცოდვათა ამა სოფლისათა, რათა დავიმკვიდროთ ზეცათა სასუფეველი" (კურთხევანი. დაკრძალვა ერისკაცსა ზედა შესუენებულისა).


3. სიკვდილის საყოველთაოობა
 
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მოვკვდებით, მაგრამ როდის? - ეს არ ვიცით; რადგან სიკვდილი არ არჩევს და არ აწესებს დროებს, არც ითვლის, რამდენი წელი იცხოვრა ადამიანმა, არ ელოდება სიბერეს, არ ინდობს სიყმაწვილეს, ყურადღებას არ აქცევს მოამზადა ადამიანმა თავისი თავი მომავალი ცხოვრებისთვის თუ არა, - ის მოიმკის ყველას. ის წააგავს მიწათმოქმედს, რომელიც მოსათიბად გამოვიდა ველზე, და არ უყურებს და არ არჩევს ყვავილებს ბალახისგან, რამედ ყველაფერს თიბავს, იქნება ეს ძველი ბალახი, თუ სულ ახლადამოსული ქორფა, შემდეგ მთელ მოთიბულ მასას ან ზვინად დადებს ან კიდევ ამისთვის გამოყოფილ სპეციალურ შენობაში მოათავსებს; ასეა სიკვდილიც, ისიც არავის ინდობს: არც ახალგაზრდებს, არც მოხუცთ, არც ყმაწყვილებს და არც დაბერებულთ, არც მათ ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას, და არც ხანდაზმულთ, არც ძლიერთ და არც უძლურთ; აკვდინებს ერთნაირად ყველას, - ჯერაც სახვევებით შეხვეულ ახალშობილთაც და ჭაღარა თმით დამშვენებულთაც, ყველას, განურჩევლად ჩაალაგებს კუბოში, როგორც ერთგვარ ზვინში; რის გამოც წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: "კაცი, ვითარცა თივა არიან დღენი მისნი; ვითარცა ყუავილი ველისა, ეგრეთ აღყუავდეს;  რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი" (ფსალმ. 102:15-16).
 
წმიდა წერილიდან ცნობილია, რომ ჩვენი პირველმშობელნი - ადამი და ევა, რომელთაგან წარმოდგა კაცთა მთელი მოდგმა, შექმნილნი იყვნენ უკვდავებად:"შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ. 1:27), "შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად" (დაბ. 2:7). მაშ საიდან და როგორ გაჩნდა სიკვდილი? იგივე წმიდა წერილი გვასწავლის, რომ სიკვდილი არის ცოდვის შედეგი. "ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა" (რომ. 5:12), - ბრძანებს მოციქული პავლე, და თავისი სახელწოდება თვით უფალი ღმერთისგან მიიღო იმ დროს, როდესაც ჯერაც არ იყო, რადგან უფალმა ღმერთმა, ჩვენს პირველმშობლებს ადამსა და ევას, როდესაც ამცნო არ ეჭამათ სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის  ნაყოფისგან, უთხრა: "მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამოთ, რადგან როგორც კი შეჭამთ, მოკვდებით" (დაბ. 2:17).
 
ზემოთნათქვამიდან ნათლად ჩანს, რომ სიკვდილი, ღმრთის გარდაუვალი მსჯავრით, არის განსაზღვრული ცოდვის შედეგი, რომელიც პირველმშობელთა მიერ მთელ კაცთა მოდგმაზე გავრცელდა, რადგან ღმრთის მსჯავრი, რომელიც მან გამოთქვა პირველმშობელთა მიმართ: "მოკვდებით" ასევე: "მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" (დაბ. 3:19) ეხება ყოველ ადამიანს, როგორც პირველი ადამიანების შთამომავალს, რის გამოც მოციქული პავლე ამბობს: "ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი" (ებრ. 9:27).
 
ეშმაკმა, მიიღო რა გველის სახე, პირველმშობლები ღმრთის მცნების დასარღვევად აცდუნა და მათ უთხრა: "არ მოკვდებით", არამედ "... შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი" (დაბ. 3:4-5). მათაც დაუჯერეს მას, იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი, მაგრამ არა თუ ღმერთივით ვერ გახდნენ, არამედ განიდევნენ სამოთხიდნ და სიკვდილის სასჯელს დაექვემდებარნენ, თანაც არა მარტო თვითონ, არამედ მათი შთამომავლობაც და კაცთა მთელი მოდგმაც. თუ ცოდვით დაცემამდე ისინი ღმერთივით უკვდავები, უვნებონი და ჯანმრთელები იყვნენ, დაცემისთანავე დაკარგეს ღმრთის მსგავსება და უკვდავება, სიკვდილმა კი მათზე, და მათი მეშვეობით ყველა ადამიანზე, თავისი უფლება მოიპოვა; ამიტომაც ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი: "მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი;  ხოლო თქუენ, ვითარცა კაცნი, მოსწყდებით და, ვითარცა ერთი მთავართაგანი, დაეცემით" (ფსალმ. 81:6-7).


4. სიკვდილის ჟამი არავინ უწყის
 
ყველაფერი, რაც კი ჩვენს ცხოვრებაში ხდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რაც შეეხება სიკვდილს, ჩვენ მასში დარწმუნებულები ვართ, და ეს ეს განსაკუთრებით ჩანს იქიდან, რომ, ყრმის დაბადებისთანავე, მისი მშობლები უკვე ფიქრობენ როგორ აღზარდონ იგი, რომ ის მიაღწევს სიბერეს, და შეიძლება ჯანმრთელიც კი იყოს, შეიძლება გამდიდრდეს, იყოს პატიოსანი, ძლიერი, სახელოვანი, გონიერი, და ეს ყველაფერი, როგორც ზემოთ ითქვა, მხოლოდ სავარაუდოდ, მაგრამ თუ მათ ჰკითხავთ: მოკვდება თუ არა ოდესმე მათი შვილი, ისინი პირდაპირ გიპასუხებენ, რომ მოკვდება, მაგრამ როდის - ადრე თუ გვიან, სიყმაწვილეში თუ სიბერეში, დღისით თუ ღამით არავინ იცის.



რემბრანდტი. "ბალთაზარის ნადიმი". 1635 წ.

 
ზუსტად ასევე არც ერთ ადამიანს არ შეუძლია დანამდვილებით თქვას იცოცხლებს თუ არა საღამომდე ან გაუთენდება თუ არა მეორე დღე, რადგან მრავალნი დაწოლილან ღამით ჯანმრთელ მდგომარეობაში, მაგრამ დილით მომკვდარან, და მრავალი, რომელიც დილით ამდგარა სრულიად საღ-სალამათი, იმავე საღამოს გამოსალმებია სიცოცხლეს. ბალთაზარი, ქალდეველთა მეფე, ერთხელ თავის ამალასთან და მეგობრებთან ერთად გვიან ღამემდე ნადიმობდა, სრულიად ჯანმრთელი იყო და მხიარული, სულაც არ უფიქრია სიკვდილზე, მაგრამ აი, უეცრად, შუა წვეულების ჟამს უხილავმა ხელმა მას კედელზე დაუწერა განაჩენი: "მენე, მენე, თეკელ, ფარესი" (დან. 5:25). როგორც ბიბლია იუწყება: "იმავე ღამეს იქნა მოკლული ბალთაზარი, ქალდეველთა მეფე" (დან. 5:30). ან ავიღოთ ოლოფერნე, აშურელთა მხედართმთავარი, როდესაც ის ქალაქ ბეთულს მიადგა და ივდითთან ნადიმობდა, დილისთვის მთელი ქალაქის გაპარტახებას გეგმავდა, მაგრამ ამის ნაცვლად თვითონ იქნა თავმოკვეთილი (ივდითი 13).
 
ასევე გვახსენდება სახარებისეული მდიდარი. როდესაც მან დიდი მოსავალი მოიწია, თქვა: "დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?" (ლუკა 12:18-28). ფიქრობდა თუ არა ეს გემოთმოყვარე, რომ სიკვდილი ეწვეოდა მას იმავე ღამით? - არა, ის გეგმავდა ხანდაზმულ სიცოცხლეს, და თანაც აპირებდა ეცხოვრა მდიდრულად, მხიარულად და განცხრომით, ღმრთისგან ბოძებული მთელი სიკეთე მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ჰქონდა გამიზნული.
 
ამრიგად, უეჭველია, რომ ყველა ადამიანი მოკვდავია და ყველას ელოდება გარდაცვალების ჟამი; ეს ჭეშმარიტება ყოველდღიურად და ყოველწუთიერად დასტურდება და მას არანაირი მტკიცება არ სჭირდება; რადგან როგორც შეუძლებელია კაცისთვის ქვეყანაზე დედის გარეშე გაჩენა, ასევე შეუძლებელია მისთვის იცხოვროს დედამიწაზე და არ მოკვდეს. "ვინ არს კაცი, - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი, - რომელი ცხონდეს და არა იხილოს სიკუდილი და იჴსნეს სული თჳსი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა?" (ფსალმ. 88:49). ამიტომაც, რაკიღა არ ვიცით არც ჟამი, არც ადგილი, სადაც გველოდება სიკვდილი, მუდმივ მოლოდინში უნდა ვიყოთ მასთან შესახვედრად არა შიშითა და ძრწოლით, არამედ მომავალი საიქიო სიცოცხლისთვის მზადყოფნით. რადგან ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩვენი სულები სხეულის კვდომის შემდეგაც მარადიულად ცხოვრობენ და, რომ სიკვდილი ეს მხოლოდ გადასვლაა დროებითი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში, სადაც მივიღებთ ან ჯილდოს ან სასჯელს წუთისოფელში გატარებული ცხოვრებისთვის.


5. ზოგიერთ ღვთისმოსავ ადამიანს წინასწარ ეუწყა საკუთარი გარდაცვალების ჟამი
 
შემდეგ, ვაგრძელებთ რა საუბარს იმის შესახებ, რომ სიკვდილი არის ყველა ადამიანის ხვედრი და, რომ მისი ჟამი არავინ უწყის, საჭიროა ითქვას, რომ ღვთისმოსაობისთვის დედამიწაზე, წმიდა ცხოვრებისთვის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობით, ზოგიერთ ღვთისმოშიშ ადამიანს რამოდენიმე წლით, ზოგჯერ თვითა და დღეებით ადრეც კი ეუწყა საკუთრი გარდაცვალების ჟამი.
 
1) ასე, მაგალითდ, წმიდა მღვდელმოწამე კლიმენტს, ანკვირელ ეპისკოპოსს, უფალმა გამოუცხადა, რომ 28 წლის განმავლობაში დაიტანჯებოდა და ამ 28 წლის შემდეგ მოწამეობრივად აღესრულებოდა (საკითხავი თვენი. 23 იანვ.).
 
2) წმ. ბასილისას ეწინასწარმეტყველა, რომ მის სიკვდილამდე ექვსი თვით ადრე, მისი მონასტრის ქალწულები გარდაიცვლებოდნენ. მართლაც, ნახევარი წლის განმავლობაში მონასტრის ყველა ქალწული გარდაიცვალა. წმიდა ბასილისას სიკვდილის წინ, ყველა, მანამდე გარდაცვლილი ქალწული, ძილში გამოეცხადნენ მას ნათელ, სამეფო სამოსებში და უთხრეს: "გელოდებით, ჩვენო დედაო! რათა ერთად თაყვანი ვცეთ ჩვენს უფალსა და მეფეს, მოვედ და წარგვადგინე ქრისტეს წინაშე, რომლის მიმართაც დაგვწინდე" (საკითხავი თვენი. 8 იანვ. იულიანასა და ბასილისას ცხოვრება).
 
3) წმიდა სტეფანეს, პერმის ეპისკოპოსს, საკუთარი გარდაცვალების დღე სამი თვით ადრე ეუწყა (საკითხავი თვენი. 5 აპრ.).
 
4) ღირ. მაკარი ეგვიპტელის წინაშე წარდგა ორი კაცი: ანტონი დიდი და პახომი, რომლებმაც მას უთხრეს: "ქრისტემ გამოგვაგზავნა, რათა გახაროთ შენი სიხარულევანი გარდაცვალება: დღეიდან მეცხრე დღეს მარადიულ სიცოცხლეში გადასახლდები, ჩვენც იმ დღეს მოვალთ შენთან, რათა მიგაახლოთ უფლის საყდარს, რომ დატკბე უკვდავებით".  უსურვეს რა "მშვიდობა", მამები მის თვალთაგან მიეფარნენ და გაუჩინარდნენ. დადგა მე-9 დღე, ღირს მამას წარუდგა ქერუბიმი მრავალ ანგელოზთან ერთად და უთხრა: "აღდექ, უფლის მიმბაძველო, წამოდი ჩვენთან მარადიულ სიცოცხლეში, თვალი მიმოავლე ირგლივ და იხილე, რამდენი უხორცო ძალი და წმინდანი მოგეახლა ყოვლისმპყრობელისგან, რათა მასთან მიგიყვანოთ; იხილე მოციქულთა დასი, წინასწარმეტყველნი, მოწამენი, მღვდელმთავარნი, მმარხველნი, ღირსნი და მართალნი; გადმომეც შენს ხორცში მცხოვრები შენი სული, ხოლო აწ ხორციელი კავშირებისგან გათიშული, რადგან ღმერთმა მისი დაცვა მე დამავალა; მივიღებ მას, როგორც უდიდეს საგანძურს და, გავივლი რა სუპოსტატებს, წარვადგენ ღვთაებრივი საყდრის წინაშე, რათა იხაროს ღმრთის ყველა წმინდანთა ერთად ღმრთის სასუფეველში" (19 იანვ. მაკარი ეგვიპტ. ცხოვრება).
 
5) ღირ. ექვთიმემ ძმებს უთხრა: "შაბათს შუაღამით დაგშორდებით, ხოლო ჩემი მოწაფე დიმიტრიანე მეშვიდე დღეს ჩემთან ერთად გარდაიცვლება". ამასთან საძმო ასე დაარიგა; "როგორც მარილია საჭირო პურისთვის, ასევე მორჩილება და სიყვარული სათნოებისთვის; სიწმიდეში უნდა დაიცვათ სული და სხეული, იაროთ ღმრთის ტაძარში საზოგადო ლოცვისთვის". გარდაცვალებამდე ის სამი დღის განმავლობაში არ გამოსულა ეკლესიიდან და შაბათ ღამეს გარდაიცვალა. ამის შემდეგ მისი მოწაფე განუშორებლად იმყოფებოდა მის საფლავთან ექვსი დღე-ღამის განმავლობაში. მეშვიდე დღეს მას გამოეცხადა სახეგაბრწყინვებული ღირ. ექვთიმე და სიხარულით ამცნო: "მოვედ შენთვის განმზადებულ სავანეში, ვევედრე უფალ ქრისტეს, რათა ჩემთან ერთად იყო". დიმიტრიანე მოვიდა ეკლესიაში, აუწყა ეს ყოველივე ძმებს და მათ თვალწინვე გარდაიცვალა. დიმიტრიანე თავისი სულიერი მამის ღირ. ექვთიმეს საფლავთან დაკრძალეს (საკითხავი თვენი. 20 იანვ. ექვთიმე დიდის ცხოვრება).
 
6) ღირ იოანე გლახაკს (კალივიტი) ასე ეუწყა თავისი გარდაცვალების ჟამი: "გიხაროდენ, იოანე, რომელიც მიემსგავსე ჩემს საყვარელ მოწაფეს, იოანე ქალწულს, რომელმაც ყველაფერი მიატოვა და ქალქულობაშ წმიდად შემომიდგა მე; უკვე დასრულდა შენი მსვლელობა და მოახლოვდა მრავალი შენი სნეულების დასასრული. სამი დღის შემდეგ მოხვალ ჩემთან (ღმერთთან) და სავანეებში ღირს მამებთან ერთად დამკვიდრდები" (იანვ. 15. იოანე გლახაკის ცხოვრება.  საკითხავი თვენი. დიაჩენკო, სტატ. 131).





6. იმის შესახებ, რომ აუცილებელია მოვემზადოთ სიკვდილისთვის
 
ღმრთის განსაკუთრებული მოწყალებითა და განგებით ყველა ჩვენგანს არ ეხსნება სიკვდილის ჟამი; ჩვენ, უფრო და უფრო უნდა ვლოცულობდეთ და ვზრუნავდეთ იმისთვის, რათა ჩვენი აღსასრული იყოს უმტკივნეულო და მშვიდობიანი; რომ ყოველ დროს და ყოველ ჟამს მზად ვიყოთ უფლის წინაშე წარსადგომად და კეთილი პასუხი გავცეთ ქრისტეს ჩვენ მიერ დედამიწაზე განვლილი ცხოვრებისთვის.
 
ამისთვის კი გვჭირდება სიკვდილის ჟამის განუწყვეტელი ხსომება: "ყველა საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას" (ზირ. 7:36), - ბრძანებს ბრძენი ზირაქი. ცოდვის ჩადენის შემთხვევაშიც, მალევე აღიარე შენი დანაშაული სულიერი მოძღვრის წინაშე, და არ გადადო აღსარება დღიდან დღემდე, როგორც ეს ხდება ხოლმე ჩვენი დაუდევრობით.
 
ზოგი იტყვის, სიბერეში შევინანებო, მაგრამ ასე მსჯელობენ მხოლოდ ზარმაცები და უგუნურნი, რადგან, თუკი ჩვენ ისიც კი არ ვიცით ხვალინდელი დღე გაგვითენდება თუ არა, საიდან უნდა ვიცოდეთ მივაღწევთ თუ არა სიბერემდე?! აქედან გამომდინარე, რამდენად უგუნური იქნება საკუთარი გამოსწორების გადადება და სიკვდილისთვის მზადება მხოლოდ სიბერეში?!
 
ვინ დაგვარწმუნებს, რომ ხანდაზმულობამდე ვიცხოვრებთ?! განა ხშირად არ გვიწევს ახალგაზრდების დანახვა, რომლებიც უმძიმესი სნეულებებით არიან შეპყრობილნი, მაგრამ ცოდვების შენანებისთვის ვერ იცლიან, რადგან დატანჯული სული თვით სიკვდილის საშინელებით არის შეძრწუნებული. უფლისადმი რომელ მიმართვასა და წარსულის რომელ სინანულზე შეიძლება მაშინ ლაპარაკი, როდესაც სიკვდილის მიერ იტანჯება მთელი სხეული და ადამიანი ან საერთოდ უგონოდ არის ან კიდევ ყოველგვარი გამბედაობასა და ძალას არის მოკლებული?!
 
ამიტომაც, საყვარელნო, სიკვდილისთვის მზადება უფრო ადრეა საჭირო. მაშინ უკეთ გავიაზრებთ ჩვენს ცხოვრებას, მეტს ვიფიქრებთ აღსასრულის ჟამზე და სიკვდილის მარად მხსომებელნი მეტ ნაყოფს მოვკრიფავთ მარადიული ცხონებისთვის. სწორედ მაშინ დავაფასებთ ჩვენს ცხოვრებას და განვკარგავთ ისე, რომ არასოდეს შეგვეშინდება მარადისობისკენ გადამყვანი მომენტის. ძლიერ საცდურებთან ყოველი შეხვედრისას, სიკვდილის მრისხანე სახის წინაშე ყოველთვის ჩაცხრება ჩვენში ბიწიერი ვნებები, ხოლო ღმრთის სიყვარულისა და მარადიული სასუფეველისკენ ლტოლვის სურვილი დაუცხრომლად მუდმივ ინათებს ჩვენში. "ყველა საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას" (ზირ. 7:36), ამბობს ბრძენი იესუ ზირაქი.


7. იმის შესახებ, რომ ქრისტიანი მედგრად უნდა შეხვდეს თავის სიკვდილს
 
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ სიკვდილისადმი ქრისტიანული შიში ხელს ვერ შეგვიშლის ღვთივსათნო ცხოვრებაში; პირიქით, - ეს შიში კი არ გვავიწროვებს, არამედ აქეზებს ჩვენს სულს დიდი ღვაწლისთვის; მშფოთვარებაში კი არ მოჰყავს ქრისტიანის სული, კი არ აფორიაქებს და სასოწარკვეთილებაში აგდებს, არამედ ამშვიდებს და დევნის იმ მღელვარებას, როგორსაც ცოდვები ნერგავენ ჩვენს სულში.
 
ჭეშმარიტი ქრისტიანი სიკვდილს ხვდება არა როგორც მრისხანე საშინელებას, არამედ, როგორც მშვიდობის მაუწყებელს. სიკვდილი მას მიეახლება არა იმიტომ, რომ დააშოროს იგი იესუ ქრისტეს, რომელმაც ჩვენს მაგიერ აღასრულა რჯულის სიმართლე, არამედ იმისთვის, რათა შეგვაერთოს მასთან.
 
თუკი ასე არ წარმოიდგენენ სიკვდილს, ეს ნიშნავს, რომ არ ცოდნიათ სხვა ცხოვრება, მიწიერის გარდა, სხვა სიკეთეები, წუთისოფლის სიამტკბილობის გარდა, სხვა ღმერთი ქვეყნიერების კერპების გარდა. ასეთ შემთხვევაში უბედურია ის ღრმად მძინარე სული, რომლის გამოძღვიძებას არ ცდილობენ სიკვდილის შიშით; უბედურნი არიან ის ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ მხოლოდ იმაზე, როგორმე მათ სმენამდე არ მივიდეს სიკვდილის უწყებანი. ეს იგივეა, რაც ზღვის ტალღებში ჩავარდნილ ადამიანს წაართვა ის დაფა, რომელსაც ეჭიდება, როგორც გადარჩენის უკანასკნელ საშუალებას.
 
რაც უფრო გვაშინებს სიკვდილი, მით მალე გაქრება ცოდვის მომხიბლავობა, მით უფრო გავუფრთხილდებით იმ ტალანტებს, ღმერთმა რომ გვიბოძა. მართალია, ჩვენგან არავინ ამბობს, რომ არ იხილავს სიკვდილს, მაგრამ, მრავალი ადამიანი ისე ცხოვრობს, თითქოსდა საერთოდ არ აპირებდნენ მოკვდომას.
 
ყველასთვის ცნობილია მარადიული სიმართლის განაჩენი: "მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" (დაბ. 3:19), - ჩვენი ნაცნობები და მეგობრები ჩვენს თვალწინ აღასრულებენ მას. მაგრამ, ისე ხომ არ ვცხოვრობთ, თითქოსდა ეს განაჩენი ჩვენ არ გვეხებოდეს? ჩვენ სხვებს ვაცილებთ საიქიოში, მაგრამ თვითონ თუ ვემზადებით იმავე გზის გასავლელად? პირიქით, ფიქრი სიკვდილზე არც ისე ახლოსაა ჩვენი სულისთვის, რომელსაც ცივად ვიღებთ და თუკი ვიღებთ, ვცდილობთ არასასურველი სტუმარივით მალე მოვიცილოთ თავიდან; და თუკი ასეა, მაშინ აღარ უნდა გვიკვირდეს მცირედ რომ ვიღწვით სიკეთისთვის ამ წუთისოფელში.


გაგრძელება იქნება.

წყარო: Вечный загробные тайны (1908). Составил игумен Антоний. Репринт. Москва 1999.

წიგნი ითარგმნა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2024 წ.
Назад к содержимому