ესქატოლოგია - პარალელი: ეგვიპტის სასჯელები და აპოკალიპტური მოვლენები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
პარალელი: ეგვიპტის სასჯელები და აპოკალიპტური მოვლენები
აპოკალიპტური მოვლენები
არსებობს უეჭველი პარალელი ეგვიპტის სასჯელებსა და აპოკალიპტურ მოვლენებს შორის.

თუმცა, არის განსხვავებაც: ეგვიპტის სასჯელებს მიზნად ჰქონდათ ფარაონის იძულება ქანაანში გაეშვა ებრაელები. აპოკალიპტურ სასჯელებს კი მიზნად აქვთ აჩვენონ სატანას, მხეცსა და ანტიქრისტეს ღმერთი რომ მართავს სამყაროს; რომ ისინი არარაობანი არიან ღმრთის წინაშე და, რომ ღმერთს იოლად შეუძლია უგულებელყოს მთელი მათი ძალა და გეგმაზომიერად გაანადგუროს ის, რასაც თავიანთი მომხრეების დახმარებით აშენებენ ანტიქრისტიანული ძალები.

ეგვიპტის ყველა სასჯელი ზებუნებრივი იყო.

"უთხრა უფალმა: რა გიჭირავს ხელში? მიუგო: კვერთხი.  უთხრა: მიწაზე დააგდე! დააგდო მიწაზე და გველად იქცა. და გაერიდა მას მოსე. უთხრა უფალმა მოსეს: გაიწოდე ხელი და კუდზე მოკიდე. გაიწოდა ხელი და მოჰკიდა, და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში. ამით დაგიჯერებენ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი" (გამოსვლა 4:2-5).

პირველი სასწაულიდან, ანუ კვერთხის გველად ქცევიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ მოვლენათა ზებუნებრივობას. მოსეს მიერ კვერთხის მიწაზე დაგდება საცირკო ფოკუსი როდი გახლდათ, თითქოსდა ეს ნახევრად დამპალი კვერთხი ყოფილიყო შიგნით მოკალათებული გველით, და როდესაც კვერთხი დაიშალა, გველიც გამოჩნდა. არა, მოხდა სასწაული - მწყემსის ჩვეულებრივი და მტკიცე კვერთხი გველად იქცა! შემდეგ კი ისევ კვერთხად! და მაინც, თუკი ვინმე იტყვის, თითქოსდა კვერთხი ყალბი იყო და მასში თავიდანვე იყო გველი, მაშინ იქნებ აგვიხსნას როგორ განხორციელდა უკუპროცესი და გველი კვლავ ხის კვერთხად როგორც იქცა? ამისი ახსნა-განმარტება შეუძლებელია და აქ უკვე მხოლოდ სასწაული უნდა დავინახოთ.

შემდეგი სასწაული - "კვლავ უთხრა მას უფალმა: უბეში ჩაიყავი ხელი! მანაც ჩაიყო უბეში ხელი. უკან გამოიღო და, აჰა, ხედავს, თოვლივით გასთეთრებია კეთრისგან ხელი.  უთხრა: ისევ ჩაიყავი ხელი უბეში! ისევ ჩაიყო ხელი უბეში. უკან გამოიღო უბიდან და, აჰა, ხედავს ხორცისფერი დაბრუნებია ხელს" (გამოსვლა 4:6, 7). რა ჰქონდა მოსეს უბეში - ბიოლოგიური იარაღი? კეთრის პათოგენი, რომელიც მყისიერად კეთრის უკიდურეს სტადიას იწვევს? რა თქმა უნდა, არა! ეს იყო ღმრთისგან დაშვებული ზებუნებრივი სასწაული, არც მეტი არც ნაკლები.

შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ფარაონის ჯადოქრებმაც შეძლეს თავიანთი კვერთხების გველებად ქცევა - კი, მაგრამ როგორ? - იბადება კითხვა. იქნებ ფოკუსია, ან იქნებ შავი მაგიაა?! მოსე არც დაეჭვებულა, რომ ეს ფოკუსია - ღმრთის დაშვებით მოსეს გველმა ჩაყლაპა ყველა მოგვის გველი და კვლავ კვერთხად იქცა!

"უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს. და მათაც, ეგვიპტის გრძნეულებმა, თავიანთი ჯადოსნობით იგივე გააკეთეს.  მოისროლეს თავ-თავიანთი კვერთხები და იქცნენ გველებად. მაგრამ შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები" (გამოსვლა 7:11, 12). ეს წარმოუდგენელი და არნახული სასწაულია!

რა თქმა უნდა ეგვიპტის სასჯელები ნამდვილი ნიშები და სასწაულები იყო, რომლებსაც ეგვიპტელთა შიში და ძრწოლა უნდა გამოეწვია ებრაელთა ღმერთის წინაშე.

პირველი სასჯელი: ნილოსის წყალი მოკლე დროით სისხლად იქცა.

"ისე მოიქცნენ მოსე და აარონი, როგორც უფლისაგან ჰქონდათ ნაბრძანები. მოიქნია კვერთხი და დაჰკრა ნილოსის წყალს ფარაონისა და მისი მსახურების თვალწინ, და იქცა სისხლად ნილოსის წყალი. ამოწყდა თევზი ნილოსში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს. სისხლი ჩადგა მთელს ეგვიპტის ქვეყანაში" (გამოსვლა 7:20-21).

წყალი წითელი წყალმცენარეების გამო კი არ გაწითლდა, როგორც ზოგიერთი ირწმუნება, ან რადიოაქტიური მასალის გაჟონვა კი არ მოხდა, - რადგან მაშინ არც ქარხნები არსებობდა და არც ის ტექნოლოგიები, რასაც წყლის გაწითლება შეეძლო, - არამედ სისხლად იქცა. როგორ? სრულიად სასწაულებრივად. აიღეთ ხის კვერთხი და დაარტყით მდინარეებს, როგორც ეს მოსემ ქნა და დააკვირდით რა მოხდება? - კვერთხის დარტყმისგან წყალი მხოლოდ ათქაფუნდება, სხვა არაფერი! ურტყით კვერთხი წყალს რამდენიც გნებავთ, რა მოხდება? - წყლის შხეფები შემოგესხურებათ და გამვლელ-გამომვლელი თქვენს დანახვაზე საფეთქელთან თითს დაატრიალებს ამან ხომ არ გააფრინაო...

ხოლო როდესაც მოსემ უფლის სიტყვისამებრ დაარტყა თავისი კვერთხი ნილოსის წყალს მოხდა არაჩვეულებრივი რამ, - წყალი უეცრად სისხლად იქცა - მიხრწნილი გვამის შესქელებულ ამყრალებულ სისხლად ისე, რომ "ამოწყდა თევზი ნილოსში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს. სისხლი ჩადგა მთელს ეგვიპტის ქვეყანაში" (გამოსვლა 7:21). ცხადია, რომ ამგვარი წყლის დალევა უკვე შეუძლებელი გახლდათ. მაგრამ, ეგვიპტელებს რომ არ ეფიქრათ, თითქოსდა ეს მოვლენა წყალმცენარეებს უკავშირდებოდა ან მათი ღმერთების მრისხანებას, მოკლე დროით ეგვიპტეში მთელი წყლები სისხლად იქცა! ისიც კი, რაც დოქებში ესხათ!!! "სისხლი ჩადგა მთელს ეგვიპტის ქვეყანაში" (გამოსვლა 7:21).

მაშ ასე, აქ მინდა შევჩერდე და დავსვა კითხვა - რატომ არის რომ, ეგვიპტის სასჯელთა ღვთაებრივი წარმომავლობა არ გვაეჭვებს, რადგან პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს ყოველივე ღმრთის ხელმა ქნა, და არა კაცმა, ხოლო როდესაც ვკითხულობთ აპოკალიფსისის მეორე საყვირის შესახებ, სადაც ნათქვამია: "მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა" (გამოცხ. 8:8, 9); ან კიდევ მესამე საყვირის შესახებ, როდესაც "მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა. ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ" (გამოცხ. 8:10-11), რატომღაც ვიწყებთ ჰიპოთეზების აგებას "ტექნოგენურ კატასტროფებზე", "ბიოლოგიურ იარაღზე", "ბირთვულ რაკეტებზე" და სხვა?

განა ვერ ხედავთ მოვლენათა პარალელურობას, როდესაც ეგვიპტეში ნილოსის წყალი სისხლად იქცა და მთელი ეგვიპტის წყლები: ტბები, წყალსაცავები და თვით დოქის წყლებიც კი სისხლად იქცნენ, აყროლდნენ და სასმელად გამოუსადეგარნი გახნენ, ხოლო მეორე და მესამე საყვირზე (გამოცხ. 8:10-11), ასევე ღმრთის რისხვის მეორე და მესამე თასების გადმოღვრისას (გამოცხ. 16:3, 4) მთელი დედამიწის მარილიანი და მტკნარი წყლები აყროლებულ სისხლად იქცნენ? განა ვერ ხედავთ, რომ განსხვავება მხოლოდ მასშტაბურობაშია?

ეგვიპტეში ყველაფერი ეგვიპტის საზღვრებში ხდებოდა, აპოკალიპტური მოვლენების დროს კი სასჯელებს პლანეტარული მასშტაბი მიეცემა! განა ძნელი იქნება ღმერთისთვის მთელი დედამიწის წყლები სისხლად აქციოს? ხომ არ დაავიწყდა ვინმეს ღმერთის ყოვლისშემძლეობა?

ღმერთი გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე იგივეა - მითუმეტეს მაშინ, როდესაც პირადად, თავის მონათა და წინასწარმეტყველთა მიერ აფრთხილებს კაცობრიობას მომავალ აპოკალიპტურ მოვლენებზე, სასჯელებსა და უკანასკნელი შვიდეულის ვაებაზე.

ბუნებრივია, რომ უფალი უკეთურ ადამიანთა და დემონთა დასასჯელად ხშირად იყენებს ადამიანებს და თვით დემონებსაც; და კვლავაც, როგორც ეგვიპტეში, ასევე უკანასკნელ აპოკალიპტურ მოვლენებში, როდესაც ანგელოზები დასცემენ შვიდ საყვირს და გადმოღვრიან ღვთის რისხვის შვიდ თასს, უპირველეს ყოვლისა ამ მოვლენებში დავინახავთ "ხელს უფლისა", და მის პირდაპირ ჩარევას ფიზიკური სამყაროს მსვლელობაში თავისი საკვირველი ნიშებითა და სასწაულებით, რომლებიც გლობალურ მასშტაბს მიიღებენ.

ჩვენ ეს ვიცით თუნდაც წმიდა წერილიდან. კერძოდ, იოანეს გამოცხადებაში (აპოკალიფსისში) ნათქვამია: "დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქვს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის" (გამოცხ. 16:9). მაშასადამე საყვირთა დაცემა და თასების გადმოღვრა სრულიად ღვთაებრივი საქმეა და მხოლოდ მისგან მოვლენილი სასჯელია - სწორედ ამიტომაც წარმოადგენენ ეს მოვლენები უკეთურ კაცობრიობაზე მოვლენილ ფინალურ სასჯელთ.

უკეთურებაა აზრის დაშვება, თითქოსდა ღმერთი შეზღუდული იყოს - თუკი ის დაუშვებს ციდან გადმოცვივდეს "სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული", თავს დაატყდეს დედამიწას, რის შედეგადაც "ხეთა მესამედი დაიწვება და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგება" (გამოცხ. 8:7), იგივე ყოვლისშემძლე ღმერთი მოაწყობს ისე, რომ მისი წმინდანები, რომლებიც ჩაწერილნი არიან სიცოცხლის წიგნში არ დაექვემდებარონ ამ სასჯელებს, როგორც ეგვიპტეში განარიდა მან ებრაელები ეგვიპტის დასჯას. მაშინ, როდესაც ყველა ეგვიპტელს საქონელი ბუზებისგან დაეხოცა, - ებრაელებს არა; მაშინ, როდესაც ყველა ეგვიპტელს წყალი სისხლად გადაექცა და აუყროლდა, - ებრაელები მშვიდად მიირთმევდნენ ანკარა წყალს; ყველა ეგვიპტელის სახლები აავსეს გომბეშოებმა, გარდა ებრაელებისა.

წარმოიდგინეთ - ვიღაც ზის სახლში, მოუმზადებია სუფთა წყლის სავსე ათ ლიტრიანი ქილები, უყიდია გამაუსნებოვნებელი ტაბლეტები. უცებ ესმის, რომ უეცრად ოკეანის წყლები ნაწილობრივ სისხლიანი გახდა და აყროლდა, რომ მტკნარი წყლები მრავალ მდინარეში ასევე სისხლად იქცა, და ფიქრობს: "არა უშავს, სარდაფში ერთი ცისტერნა სუფთა წყალი ხომ მაქვს, მაცივარიც მინერალური წყლებით მაქვს სავსე". იღებს ბოთლს მაცივრიდან და ჰოი, საოცრებავ! - წყლის ნაცვლად ბოთლში აყროლებული და შხამიანი წყალია!

გარბის სარდაფში - იქაც აუტანელი სიმყრალე დგას, მთელი ცისტერნა დამპალი სისხლის მყრალ ლაქებს მოუცავს. ქრისტიანებთან კი წყალი სუფთაა; დიახ, დიახ, უფალი თუნდაც კლდიდან გადმოუღვრის მათ ანკარა წყაროს! გაიგეთ, ყველა უბედურება უფლისგან მოვლენილი სასჯელი იქნება და აბსოლუტურად მის კონტროლს დაექვემდებარება!

მეხუთე საყვირის შემდეგ დემონური კალია, რომელიც უფსკრულის ჯურღმულებიდან ამოვარდება, არც მიწის ბალახს ავნებს, არც მწვანილს, არც რაიმე ხეს, "არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე" (გამოცხ. 9:4), ხოლო იმათ, ვინც უფლის მფარველობის ქვეშაა, თავიდან ბეწვიც კი არ ჩამოუვარდება!

მეექვსე საყვირის შემდეგ მილიონობით დემონი (ან ნეფილიმი, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს) ამოვა ადამიანთა დასახოცად: "და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა. და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა" (გამოცხ. 9:14-15). დაიხოცებიან მილიარდები, მაგრამ არც ერთი უფლის ერთგული ქრისტიანი არ ევნება ამ დემონიზირებული არმიისგან! მეორე მხრივ, იესუსა და მისი სარწმუნოებისთვის მრავალი წმინდანი ეწამება, რათა სიცოცხლის გვირგვინი მიიღოს და გამარჯვებულთა დასს შეუერთდეს!

მრავალი ღელავს, არის თუ არა საჭირო მოვიმარაგოთ კონსერვები, წავიდეთ უსაფრთხო ქვეყნებში, ვიყიდოთ აირწინაღები და სხვა - არ არის საჭირო! მომავალ უბედურებათაგან მხოლოდ ერთადერთი დაცვა არსებობს - ღმერთში ყოფნა, ზეგარდმო შობა, ღმრთის 100%-ით ერთგულება!

წინასწარმეტყველ ილიას არანაირი კონსერვი არ დასჭირვებია, მასთან საჭმელი ყვავს მოჰქონდა! ელისეს ჰიპერმარკეტებში არ ურბენია, რათა ქვრივი დედაკაცისთვის ზეთი ეყიდა, ის უბრალოდ არ თავდებოდა! იესუს თავისი მოწაფეები უახლოეს მაღაზიაში არ გაუგზავნია, რათა ბითუმად ეყიდათ პურები და თევზი 5000 კაცისთვის - მან უბრალოდ თქვა "საკმარისია" და საჭმელი უბრალოდ არ თავდებოდა!

მოდი ნუ დავუშვებთ უმძიმეს შეცდომას და ნუ გავაუქმებთ გამოცხადების წიგნის ზებუნებრივ შემადგენელს. ბოლოს და ბოლოს, თუ ეს ყველაფერი ბანალური ჩერნობილებია, ტექნოგენური და ბუნებრივი კატაკლიზმებია, რაღაც დრონებია და სხვა, მაშინ ადამიანები ამაში ვერასოდეს დაინახავენ "ხელს უფლისას". ფარაონის მოგვები ხედავდნენ, თუ რას იქმოდა "ებრაელთა ღმერთი", რადგან მისი ძალა აღემატებოდა მათ შავ მაგიას; ზუსტად ასევე, როდესაც მეექვსე ბეჭედი მოიხსნება, დედამიწის მკვიდრი ადამიანები დაინახავენ, რომ ეს არის "დიადი დღე" ღმრთის რისხვისა, "ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისა" (გამოცხ. 6:16, 17). როგორ მიხვდებიან ამას? მიხვდებიან იმით, რომ ყველა უბედურება იქნება გლობალური, შეუქცევადი და გაცდება ბუნებრივი მოვლენების სფეროს, თვით ოკულტური და დემონური მოქმედების სფეროსაც, რადგან ეს უფლის საქმე იქნება, როგორც წინასწარმეტყველებდნენ ამას ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის წინასწარმეტყველები.

ფაქტობრივად, ეს მოვლენები უბრალო, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფები რომ იყონ, მაშინ ადამიანები ვერასოდეს მიხვდებოდნენ, რომ ეს არის "დიადი დღე" ღმრთის რისხვისა. მაგრამ გამოცხადების 16:19, 6:16-17 და ესაიას 2:20-22, რომელიც გამოცხადების 6:16-17-ის იდენტურია, გვაჩვენებს, რომ ჭირვებათა დასასრულს, მხეცის ბეჭდის მიმღები ადამიანები მიხვდებიან, რომ ეს ჭირვებანი ღმრთის პირდაპირი სასჯელებია, ამიტომაც დაიწყებენ ყველაზე ამაზრზენ და მძვინვარე მკრეხელობას - წყევლას იმისა, ვინც, როგორც მათ უწყიან, აკონტროლებს ყველა ამ ჭირვებასა და უბედურებას! "სიმწრისაგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს.  და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი" (გამოცხ. 16:10-11).

მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით.
Назад к содержимому