განმარტებანი - ღამით აღვლენილი ლოცვის ძალა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
წმ. იოანე ოქროპირი

ღამით აღვლენილი ლოცვის ძალა
საშუაღამეო ლოცვა
წმ. იოანე ოქროპირის 26-ე ჰომილიიდან მოციქულთა საქმეებზე.

ღამე იმისთვის კი არ არსებობს, რომ სულ გვეძინოს და უმოქმედოდ ვიყოთ. ამის მოწმეები ხელოსნები, ჯორების გადამყვანები, ვაჭრები არიან და ამის მოწმე ღვთის ეკლესიაა, მთელი ღამე რომ ფხიზლობს. შენც ადექი, ვარსკვლავების გუნდს შეხედე, შეხედე უდიდეს სიჩუმეს, უდიდეს უშფოთველობას და გაოცდი შენი მეუფის საქმეებით. მაშინ სული უფრო წმინდა, მსუბუქი და ფხიზელია. განსაკუთრებული ძალა აქვს შეიგრძნოს და ამაღლდეს; თავად წყვდიადი და მდუმარება გულს ალმობიერებს. თუ ვარსკვლავებით, როგორც აურაცხელი თვალით მოჭედილ ზეცას ახედავ, მაშინ სრულ სიამოვნებას იგრძნობ და მაშინათვე შემოქმედზე დაფიქრდები. თუ წარმოიდგენ, რომ ის, ვინც მთელი დღის განმავლობაში ხმაურობს, იცინის, უკრავს, დაჯირითობს, ჩხუბობს, მექრთამეობს, თავს აბეზრებს, აურაცხელ ბოროტებას აკეთებს, ახლა მკვდრისგან არაფრით განირჩევა, მაშინ ადამიანური პატივმოყვარეობის მთელ არარაობას შეიგრძნობ.

ძილი მოვიდა და თავისი ბუნება გააცხადა - აჩვენა, რასაც წარმოადგენს; ის სიკვდილის სახეა, ის სამყროს დასასრულის გამოხატულებაა. ქუჩაში რომ გაიხედო, ერთ ხმასაც კი ვერ გაიგონებ; სახლში თუ შეიხედავ, ნახავ, რომ ყველანი ისე წვანან, თითქოს კუბოში არიანო. ყოველივე ამან შეიძლება, სული გააღვიძოს და სამყროს დასასრულის განცდა აღძრას.

ჩემი სიტყვები კაცებსაც ეკუთვნის და ქალებსაც. მუხლი მოიდრიკე, ამოიოხრე და ევედრე უფალს, მოწყალება მოიღოს შენზე. ის განსაკუთრებით მოხედავს ღამის ლოცვას. რადგანაც შენ დასვენების დროს ტირილის დროდ აქცევ. გაიხსენე მეფე, როგორ ამბობდა იგი დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო (ფსალმ. 6:7). როგორი სიამოვნებაც არ უნდა გქონდეს, ამაზე მეტი ვერ იქნება. რა მდიდარიც უნდა იყო, დავითზე მდიდარი ვერ იქნები. მგრამ იგი სხვა ადგილას ამბობს: შუა ღამ ავსდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა (ფსალმ. 118:62). მაშინ არ მღელვარებს პატივმოყვარეობა, ანდა როგორ უნდა მღელვარებდეს, როდესაც ყველას სძინავს და ვერავინ ხედავს? ამ დროს სიზარმაცე და უზრუნველობა არ გვესხმის თავს. ანდა როგორ დაგვესხმიან, როდესაც ამდენი რამ აღვივებს სულს. ამისთანა ღამისთევის შემდეგ ძილიც საამოა და ხილვებიც მშვენიერი. შენც ასე მოიქეცი, კაცო და არა მხოლოდ კაცო, არამედ, შენც დედაკაცო!

დაე, სახლი ქმრისა და ცოლისგან შემდგარ ეკლესიად იქცეს. დაბრკოლებად ნუ ჩათვლი იმას, რომ აქ მხოლოდ ერთი კაცია და მხოლო ერთი ქალი.სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა (მათე 18:20). ხოლო, სადაც ქრისტეა, იქ დიდი სიმრავლეა. სადაც ქრისტეა, იქ აუცილებლად არიან ანგელოზები, მთავარანგელოზები დ სხვა ძალები. და ისმინე, კიდევ რას ამბობს წინასწარმეტყველი: ერთი მართალი ათას ცოდვილს სჯობს (ზირ. 16:3). ბევრ ცოდვილზე უფრო უძლური არავინაა. და არავინაა უფრო ძლიერი, ვიდრე ერთი, საღვთო რჯულით მცხოვრები კაცი. თუ შვილები გყავს, შვილებიც ააყენე და მთელი ღამით დაე, ეკლესიად იქცეს თქვენი სახლი. თუ ისინი მცირეწლოვნები არიან და ღამის სიფხიზლეს ვერ იტანენ, მაშინ ერთი ან ორი ლოცვა მაინც მოისმინონ და დამშვიდდებიან. ოღონდაც შენ ადექი, შენ გადაუქციე ეს ჩვევად. იმ საცხოვრებელს არაფერი სჯობს, სდაც ამგვარი ლოცვები აღესრულება.

ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდა შენ (ფსალმ. 62:6). შენ იტყვი, მთელი დღის განმავლობაში ძალიან დავიქანცე და არ შემიძლიაო. ეს უარია და მიზეზია. როგორც არ უნდა იღლებოდე, შენი დაღლილობა ვერ მოვა რკინის მჭედელთან, რომელიც იმდენად დიდი სიმაღლიდან არტყამს ამხელა უროს, რომ ნაპერწკლები ცვივა. მთელი სხეული კვამლით ეფარება და ლამის მთელ ღამეს ამ საქმიანობაში ატარებს. თქვენც ქალებო, მშვენივრად იცით, რომ როდესაც ღამით მინდვრად, ან შეკრებაზე მიდიხართ, იქ ლამის მთელი ღამით მოგიწევთ სიფხიზლე; ასე რომ სულიერ მჭედლად უნდა იქცეთ და ჩაიდნები და ტაფები კი არ ჭედოთ, არამედ, საკუთარი სული, რომელიც ოქროსა და სპილენძის ნებისმიერ ნაკეთობაზე მეტად ძვირფასია.

ცოდვებისგან დაბერებული სული სინანულის ბრძმედში შეაგდე, უდიდესი სიმაღლიდან უროთი ურტყი, ანუ ცოდვათა აღიარებით სულის ცეცხლი ააგიზგიზე. ამგვარი ხელოვნება გაცილებით უკეთესია. შენ ისე გამოჭედავ ყოველგვარ ნაკეთობაზე უკეთეს საკუთარ სულს, როგორც მჭედელი ჭედავს ხოლმე თავის ნახელავს. შენ ნივთიერ ჭურჭელს კი არ ამზადებ, არამედ, სულს ყოველგვარი მიწიერი საზრუნავისგან ათავისუფლებ. დაე დაგიდგან ის ლამპარი კი არა, რომელიც იწვის, არამედ, ის წინასწარმეტყველს რომ ჰქონდა, როდესაც ამბობდა: სანთელ არს ფერხთა ჩემთა სჯული შენი (ფსალმ. 118:105).

ლოცვით აღანთე შენი სული, თუ ნახავ, რომ მას საკმაო ცეცხლი აქვს, ამ ქოხიდან გამოიტანე და ისე მოაწყე, როგორც ისურვებ. დამიჯერე, რომ ცეცხლი იმდენად არ ანადგურებს რკინაზე მოდებულ ჟანგს, როგორც ღამის ლოცვა ჩვენი ცოდვების ჟანგს. სხვისი თუ არა, ღამის დარაჯებისა მაინც შეგრცხვეს. ისინი ადამიანური კანონის თანახმად, სიცივეში მთელ ღამეს დადიან, ხმამაღლა ყვირიან და ქუჩევს დაივლიან; ხშირად წვიმაში და ყინვისაგან აკანკალებულები; და ასე იქცევიან შენთვის, შენი ქონების უსაფრთხოებისთვის. ის შენს ქონებაზე ასე ზრუნავს; შენ კი შენს სულზეც არ გინდა იზრუნო?! და თანაც მე ხომ შენ მათსავით ღია ცის ქვეშ სიარულს არ გაიძულებ, არც ხმამაღლა ყვირილს და სიფხიზლეს; არამედ შენს სახლში მყოფმა, შენს საძინებელში, მუხლი მოიყარე და ლოცვით ღმერთს მიმართე.

ქრისტემ  მთელი ღამე მთაზე რად გაატარა (ლუკა 16:12)? განა არა იმისთვის, რომ ჩვენთვის მაგალითი ეჩვენებინა? ღამით მცენარეები აღიდგენენ ძალებს, სულიც მათზე უმეტესად იღებს ცვარ-ნამს. ის, რასაც დღისით მზე ფერფლავს, ღამე მას აახლებს. ღამის ცრემლები ცვარზე უკეთ გადმოედინებიან; და თუკი სული ამ ცვრით არ გამოკვებება, დღისით მას მზე დასწვავს.

მართლაც, დაე, თქვენთაგანს ნურვის დასწვავს ის ცეცხლი, არამედ, სიგრილითა და საღვთო კაცთმოყვარების საფარველით დაცულნი ყველა ჩვენგანი ეღირსოს ცოდვათაგან გათავისუფლებას, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმიდისა თანა შვენის დიდება, უფლება და პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. III ტ. ჰომილიები. ოცდამეექვსე ჰომილია. საქმე 12:1-3. თბილისი 2015. გვ. 279-281.
Назад к содержимому