განმარტებანი - როგორ გავიგოთ უფლის ჩაძინება და ის საფრთხე, რომელიც ნავს დაემუქრა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
როგორ გავიგოთ უფლის ჩაძინება და ის საფრთხე, რომელიც ნავს დაემუქრა?

მათეს სახარება თ. 8:23-27
ქრისტეს ეკლესია
"და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. ხოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?" (მათე 8:23-27).

***

როგორ გავიგოთ უფლის ჩაძინება და ის საფრთხე, რომელიც ნავს დაემუქრა? მოციქულთა შიში? უფლის გამოღვიძება, ქარებისა და ზღვის მღელვარების ჩადგომა და დიდი სიმყუდროვის ჩამოვარდნა? ამ კითხვებს პასუხობს წმიდა მამათა განმარტებები.

რას უნდა ნიშნავდეს უფლის ჩაძინება და ამ დროს ქარიშხლის ამოვარდნა? - მათი უფლისა და მასწავლებლის ამ მშვიდი ძილით იმათი რწმენისათვის მზადდებოდა განსაცდელი - სახე იმ განსაცდელებისა, რაც მათ ელოდათ მომავალში: მართლაც, შემდგომში მაცხოვარი თავის მოწაფეებზე თვითონ უშვებდა დიდ სიძნელეებში ჩავარდნას, რითაც განამტკიცებდა მათ რწმენაში. ქარიშხალი მაცხოვრის მღვიძარების ჟამს რომ ამოვარდნილიყო, მაშინ ისინი ასე ძალიან არ შეშინდებოდნენ და არც ისე ძალიან დაუწყებდნენ მას ვედრებას. და შესაძლოა არც კი ეფიქრათ, რომ მაცხოვარს შეეძლო დაეცხრო ქარიშხალი. ამიტომაც დაიძინა მან, რათა მიეცა მათთვის დრო, რომ ჩავარდნილიყვნენ გასაჭირში, შეეცნოთ საკუთარი უძლურება, და სასწაული სამუდამოდ აღბეჭდილიყო იმათ გონებაში, ესწავლებინა მათთვის სიმამაცე განსაცდელებისას და გაჭირვებიდან მათი გამოხსნით, განეცდევინებინა მათთვის მისი კეთილი სამსახური.

რას ნიშნავს, რომ "ნავი ტალღებით იფარებოდა" (მათე 8:24)? - ნავი, რომელიც უკვე შუაგულ ზღვაში იყო, ივსებოდა წყლით და დაიწყო ჩაძირვა. გამოცდილმა მეთევზეებმა ვერაფერი გააწყვეს თავიანთი ხელოვნებით; მოწაფეთა რწმენამ იკლო, და ბოლოს გადაწყვიტეს გაეღვიძებინათ თავიანთი ღვთაებრივი მასწავლებელი. და მოუხდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: "მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვჰსწყმდებით" (მარკოზი 4:38) - ნუთუ შენ არ გინდა რამე მოიმოქმედო, რადგან ვიღუპებით? "მოძღუარ! მოძღუარ! წარვჰსწყმდებით" (ლუკა 8:24). უფალო! მიხსენ ჩუენ, რამეთუ წარვჰსწყმდებით! რამოდენა შიში იგრძნობა ამ საგანგაშო შეძახილებში! მაგრამ მათში ასევე მოისმის შიშთან მებრძოლი იმედი უფლის ყოველისშემძლეობისა. "თუმცა, ამბობს წმ. ოქროპირი, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მაცხოვარს შეეძლო დაეცხრო ქარიშხალი, თუ კი ის იქნებოდა ფეხზე. მაგრამ რას იზამდა იგი ძილში, - ამაში არ იყვნენ დარწმუნებულნი". და უფალს გამოეღვიძა ძილისაგან, სიყვარულის საყვედურით დაამშვიდა მღელვარება მათი სულებისა: "და თავადმან ჰრქუა მათ: რასა შეშინდით, მცირედ მორწმუნენო? სადა არს სარწმუნოება თქუენი" (ლუკა 8:25). როგორ იფიქრეთ თქვენ, რომ შეიძლება დაიღუპოს ის, ვინც თქვენს თვალწინ ახდენს სასწაულებს? თუ არ დაიღუპება ის, მაშინ აღარც თქვენ უნდა გქონდეთ რაიმეს შიში. ღვთის ძე თქვენთან არის, და მასთან ერთად თქვენ ყველგან უსაფრთხოდ იქნებით". იგი არ უწოდებს მათ ურწმუნოებს, არამედ მცირედ მორწმუნეებს, რადგან როცა უთხრეს: "უფალო, მიხსენ ჩუენ". ამით მათ აჩვენეს თავიანთი რწმენა, მაგრამ სიტყვა "წარვჰსწყმდებით" - უკვე აღარ იყო რწმენით ნათქვამი.

დაახლოებით ამგვარ მდგომარეობაში არიან ის ადამიანებიც, რომლებიც ეკლესიის ისეთი განსაცდელისა და ქარიშხლისგან მიმოტაცების ჟამს, როდესაც ყველა მხრიდან უტევენ, დევნიან და საშინელ სივიწროვეში ამყოფებდნენ, ისე ჩანს თითქოსდა წუთისოფლის მღელვარე ტალღები წალეკავენ უფლის ხომალდს და სადაცაა ჩაძირავენო. დაიწყებენ მტკიცებას - უფალმა მიატოვაო ეს ხალხი, ეს არ არისო ეკლესია, რადგან შეუძლებელიაო ეკლესია მიტოვებული იყოს ღმრთისგან, მაგრამ ქრისტე არასოდეს ტოვებს თავის ეკლესიას, არამედ დაუშვებს, რომ "დაიძინოს", რათა რწმენაში გამოიცადონ განსაცდელს მიცემულნი. ასე რომ, თავისი მაგალითით უფალს უნდოდა ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ განსაცდელის ჟამსაც შეიძლება იყოს კაცი სრულიად დამშვიდებული, როცა სინდისი კაცისა არის სუფთა და დაწყნარებული (http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/8_23-27.htm).

"მცირედმორწმუნეობა იზიდავს საფრთხეს და შიში რჩეულთა რწმენასაც კი აბნელებს. რა უნდა ვთქვათ ჩვენს სუსტ რწმენაზე? ხომ არ გვეკუთვნის მაცხოვრის ეს საყვედური ჩვენ, ცოდვილებს? ჩვენც მივცურავთ აბობოქრებულ ცხოვრებისეულ ზღვაში, ჩვენც გვაწყდება განსაცდელთა ტალღები და სხვადასხვა შემოტევანი: არ იცი საიდან დაგატყდება თავს უბედურებანი... რის გამოა ეს? "იმის გამო, რომ იესუ ქრისტეს რწმენა მისუსტებულია შენს გულში. როცა რწმენა გაიღვიძებს შენში, მაშინ, მძვინვარე ქარიშხალშიც კი, შენს ხომალდს არ გაავსებს წყალი. შენი დიდი რწმენა იქნება ქართა და ტალღების მბრძანებელი, და განსაცდელი გადაივლის" (ნეტარი ავგუსტინე).

უფალმა აღუთქვა მორწმუნეებს, რომ მათთან იქნება ქვეყნის დასასრულამდე. იგი ჩვენთან და ჩვენს შორიახლოს არის: და თუ ეს ასეა, მაშინ რიღასი უნდა გვეშინოდეს? იგი არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე გარდამეტებულ განსაცდელებს: რატომ ვივიწყებთ ამას ჩვენ? ნუთუ ვფიქრობთ, რომ მას სძინავს, დავავიწყდით და მიგვატოვა? ო, როგორი მცირეა მასზე ჩვენი რწმენა! არ გესმის მისი ხმა: "რასა შეშინდით, მცირედ მორწმუნენო? მე თქუენთანა ვარ". შევღაღადოთ მას გულის სიღრმიდან და იგი შეისმენს ჩვენს ღაღადისს, როგორიც შეისმინა მან მუდარა და ოხვრა მოციქულებისა, და გაგვაგონებს თავის მბრძანებლურ სიტყვას და ჩვენს შეძრწუნებულ სულში ჩამოდგება დიდი სიმშვიდე..."

მაშ, რა შეიძლება ამაზე უკეთ ითქვას ღმრთის სიყვარულსა და იმაზეც, რომ არ არსებობს ვითარება, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს ღმრთის ძლიერებასა და კაცთმოყვარებას; რომ დაუშვებელია, კაცობრივი წარმოდგენებით ვიმსჯელოთ ღმრთის სიბრძნესა და განგებულებაზე; რომ ის, რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელ არს ღმრთისათვის (მათე 19:26). ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის (XI-XII სს.) განმარტებით "უფალი ადამიანის ცხოვნების საქმის გაზომვას გვასწავლის არა კაცობრივი უძლურების, არამედ ღმრთის ძლიერების შესაბამისად" (Блж. Феофилакт Болгарский. https://ekzeget.ru/interpretation/mf/19/26/5/). ცნობილი არქიეპისკოპოსი და ღვთისმეტყველი ამბერკი (ტაუშევი) წერს: "კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმრთისთვის", ანუ ღმრთის მოწყალე და მაცხოვნებელ მადლს ძალუძს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ ძალუძს ადამიანს ოდენ საკუთარი ძალისხმევით" (Аверкий (Таушев) архиеп https://ekzeget.ru/interpretation/mf/19/26/8/).

სწორედ ამგვარი (და კიდევ უარესი) განსაცდელის  შესაძლებლობას ბრწყინვალედ აღწერს წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც თავის სულიერ შვილ ოლიმპიადას განუმარტავს, თუ როგორ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ეკლესია და რა შეიძლება დაუშვას ღმერთმა მასზე, და საერთოდ, რა შედეგი მოაქვს განსაცდელებს. ანუგეშებს რა მწუხარებაში მყოფ სულიერ შვილს, წმ. იოანე ოქროპირი არიგებს, რომ უნდა გვეშინოდეს მხოლოდ ცოდვის ჩადენის, და არწმუნებს, ჭირვებანი უდიდეს ჯილდოს გვიმზადებენ, რის გამოც ღმერთი დაუშვებს ხოლმე ჩვენზე მრავალგვარ განსაცდელს. უფალი ყველა დროს უშვებდა საცთურებსა და დევნულებებს, რათა უკეთ გამოევლინა თავისი ყოვლადძლიერება და სიბრძნე.

წერს რა ოლიმპიადას იმ საეკლესიო მღელვარების შესახებ, რომელიც თავს დაატყდა თვით წმ. იოანე ოქროპირს და რომლის გამოც მჭმუნვარებაში შთავარდა მისი სულიერი შვილი, წმიდა მოძღვარი მას ასე არიგებს: "მსურს განვკურნო შენი მჭმუნვარების წყლულება და გავფანტო ღრუბლები წუხილის აზრებს რომ მოუზიდავს. რა აშფოთებს, რა ადარდებს და აწუხებს შენს სულს? ის, რომ სასტიკი და პირქუშია ეკლესიებზე მოწევნული ქარიშხალი? ის, რომ სრულიად დააბნელა მან დღე და ღამე და ამსხვრევს ხომალდებს? ის, რომ იზრდება სამყაროს წარწყმედა? ეს მეც ვიცი, და არავინ შეგვეწინააღმდეგება ამაში. თუ გინდა, აღგიწერ, რა ხდება ახლა, რათა უფრო ნათელი გავხადო შენთვის მიმდინარე სამწუხარო მოვლენები. ჩვენ ვხედავთ, როგორ ბობოქრობს ზღვა და როგორ იწევენ ფსკერიდან მისი ტალღები; მეზღვაურთაგან ზოგი წყლის ზედაპირზე ტივტივებს, ზოგიც უფსკრულისკენ მიდის; ირღვევა ხომალდის კორპუსი, იხევა მისი აფრები, იმტვრევიან ანძები, მენიჩბეებს ხელიდან უვარდებათ ნიჩბები, ხელმძღვანელები დამსხდარან გემბანზე და ნაცვლად იმისა მართონ ხომალდი, მუხლებზე ხელები შემოუჭერიათ, ხმამაღლა ყვირიან, ტირიან და დრტვინავენ გამოუვალი მდგომარეობით დაზაფრულნი; ისინი ვერ ხედავენ ვერც ცას და ვერც ზღვას, არამედ მხოლოდ ღრმა და კუნაპეტ ღამეს, რომლის იქით მხოლოდ სიბნელეა და ოდენ ტალღების გრიალი ისმის, სადაც ზღვის ცხოველები წყალში მცურავებზე ნადირობენ. მაგრამ, როდემდე ვსდიო მიუწვდომელს? როგორი შედარებაც უნდა ვპოვო ახლანდელი უბედურებების აღსაწერად, სიტყვა უძლურდება მათ წინაშე. თუმცა, მართალია, ვხედავ ყოველივე ამას, მაგრამ მაინც არ ვეძლევი სასოწარკვეთას უკეთესი მომავლის მოლოდინში, რამეთუ მახსოვს ის, ვინც არის ჩვენი ხომალდის მეთაური, რომელიც ხელოვნებით კი არა სძლევს ქარიშხლის შემოტევას, არამედ ერთი განკარგულებით დაამშვიდებს სტიქიის მღელვარებას; და თუ ის ამას თავიდანვე და იმწამსვე არ იქმს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი აქვს ჩვეულება: საშიშროებას აღმოფხვრის არა თავიდანვე, არამედ მაშინ, როდესაც გაძლიერდება და თავის უკიდურეს ზომას მიაღწევს; და, როდესაც უმრავლესობა უკვე დაკარგავს ყოველგვარ იმედს, სწორედ მაშინ აღასრულებს საკვირველ და მოულოდნელ სასწაულს, გამოავლენს თავის ძლიერებას, რითაც გვაჩვევს, მოვითმინოთ ჩვენზე მოწევნული ჭირვებანი" (Творения святого отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольского, в русском переводе. Издание СПб. Духовной Академии, 1897. Том 3, Книга 2, Письма к разным лицам, с. 560-817. Творения святого отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольского, в русском переводе. Издание СПб. Духовной Академии, 1906. Том 12, Книга 3, Дополнение к письмам св. Иоанна Златоуста, с. 1001-1002).

"ამრიგად, დაე, ნუ შეგაცბუნებს ნურაფერი იმათგან, რაც ხდება. ნუ ეძახი დასახმარებლად ან ერთს ან მეორეს და ნუ დასდევ აჩრდილთ (ასეთია კაცობრივი უძლურება), არამედ გამუდმებით მოუწოდე იესუს, რომელსაც მსახურებ, რამეთუ საკმარისია ინებოს და ყველა უბედურება დამთავრდება ერთ წამში. ხოლო თუ შენ მოუწოდე, მაგრამ ჭირვება მაინც არ შეწყდა, იცოდე, ასეთია ღმრთის ჩვეულება (გავიმეორებ იმას, რაც ზემოთ ვთქვი): იმთავითვე როდი მოსპობს გასაჭირს, არამედ მაშინ, როდესაც ის მიაღწევს თავის მწვერვალს, როდესაც გაძლიერდება, როდესც მტრები სრულად გადმოანთხევენ თავიანთ ბოროტებას და მაშინ, ყველაფერს შეცვლის და დაამშვიდებს ისე, რომ მოიწევა მოულოდნელი ცვლილებები" (იქვე).

"მაშ, ხედავ თუ არა ღმრთის ხელოვნებას? ხედავ მის სიბრძნეს? ხედავ, რომ აღასრულებს არა იმას, რაც ადამიანის ჩვეულებრივ მოლოდინთან და შეხედულებასთან არის თანხმიერი? ხედავ მის კაცთმოყვარებას და მზრუნველობას? ამიტომაც, ნუ ბრკოლდები, არამედ მადლობა შესწირე უფალს ყველაფრისთვის, ადიდე იგი, მოუწოდე, სთხოვე, ევედრე და თუნდაც უთვალავმა ჭირმა და მღელვარებამ მოიწიოს ნურაფერი შეგაშფოთებს. უფალი განა ვითარებათა სირთულეზეა დამოკიდებული. ყოველივე დაღუპვის პირამდეც რომ მივიდეს, მას ძალუძს წარმოაყენოს წაქცეულნი, გზაზე დააყენოს დაბნეულნი, გამოასწოროს შეცთომილნი, განწმინდოს მრავალცოდვილნი, განაცხოველოს მკვდარნი და უდიდესი ბრწყინვალებით აღადგინოს ის, რაც საფუძვლამდე იყო დანგრეული და გაპარტახებული" (იქვე) (http://oldorthodox.ge/apologetika_gza_martlad_savali_iii_ii_11_erti_dge_rogorc_atasi_weli_da_atasi_weli_rogorc_erti_dge.html).

მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით მოამზადა "აპოკალიფსისის" რედაქციამ.
Назад к содержимому