განმარტებანი - წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარდაცვალებისთვის - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარდაცვალებისთვის
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ მარიამის მიძინება
საყვარელნო, მოდით და ისმინეთ წმიდა ქალწულის ქება, თუ როგორ ადიდა შობილმა თავისი მშობელი, ღვთის ძემ და თავად ღმერთმა - თავისი დედა! რა ვთქვა, ძმანო ჩემნო, რომელი ენით ან რომელი პირით შევძლო მისი საკადრისი ქება?

ეს ქალწული ცათა და საყდართა უმაღლესი გამოჩნდა, რისი გამოთქმაც ჩემს მიწიერ ენას არ ძალუძს, მაგრამ მაინც ვლაპარაკობ და არ ვჩუმდები.

ამ ქალწულისთვის დიდმა ოსე წინასწარმეტყველმა სულიწმიდით თქვა: მოვალ და დავემკვიდრები კაცთა შორის; ოსე წინასწარმეტყველმა ბრძანა: ვიხილე ყრმა ქალწულის წიაღში; ეზეკიელმა ჩაკეტილი კარიბჭე იხილა, რომელიც დახშული იყო და მასში მხოლოდ ისრაელის ღმერთი შევიდოდა (ეზეკიელი 44:2). დანიელ წინასწარმეტყველმა თქვა, რომ ის არის მთის ლოდი, კაცის ხელით გამოუკვეთელი (დანიელი 2:34), რაც მამაკაცის გარეშე შობას მიუთითებს; ესაია წინასწარმეტყველმა გულისხმაყო ურჩთა და შეუსმენელთათვის ნათქვამი მოსეს სიტყვები ისრაელის ღვთის წინააღმდეგობისა და ურწმუნოების შესახებ, ამიტომ განცხადებულად იღაღადა: აჰა, მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი (ესაია 7:14).

როდესაც უფალმა იხილა წარწყმედილი და ბნელსა და წყვდიადში მჯდომი კაცთა მოდგმა (ფსალმუნი 106:10), რომელსაც სიკვდილის აჩრდილი სდევდა, მარიამ ქალწულის სახარებლად მთავარანგელოზი გაბრიელი წარმოგზავნა, რომელმაც ასე მიმართა ქალწულს: გიხაროდეს, მადლით მოსილო! უფალი შენთანაა! (ლუკა 1:28), რადგან სულიწმინდის ტაძარი გახდი და შენგან იშვება ქრისტე ხორციელად. ახლა მე ვარ აღძრული მის სახარებლად, წმინდა ქალწულს მთავარანგელოზზე მეტ საქებარ სიტყვას მივუძღვნი და ვეტყვი მას, უხრწნელს:

გიხაროდეს, მადლით მოსილო! უფალი შენთანაა! (ლუკა 1:28). გიხაროდეს, წმიდა ღვთისმშობელო! გიხაროდეს, ბრწყინვალე დედოფალო! გიხაროდეს, ქალწულო, ჩვენი უფლის - იესუ ქრისტეს - დედაო! გიხაროდეს, რჯულის კიდობანო! გიხაროდეს, სადღესასწაულო კარავო! გიხაროდეს, უფლის ტაძარო! გიხაროდეს, ქრისტეს ტაძარო! გიხაროდეს, პატიოსანო ჭურო! გიხაროდეს, ოქროს ტაკუკო, მანანით, ზეციური ცვრით სავსეო! გიხაროდეს, ნათლის ღრუბელო! გიხაროდეს, სიმტკიცის ზღუდეო! გიხაროდეს, სვეტო შეურყეველო! გიხაროდეს, ჭეშმარიტების სამკვიდრებელო! გიხაროდეს, სარწმუნოების საზღვარო! გიხაროდეს, ჭეშმარიტების მარგალიტო! გიხაროდეს, პატიოსანო ანთრაკო! გიხაროდეს, ცაო, ქერაბინო და საყდარო უფლისაო!

გიხაროდეს, წმიდა ქალწულო და ქრისტეს, ღვთის ძის სამკვიდრებელო, რადგან შენთვის თქვა ამბაკუმ წინასწარმეტყველმა: "ამაღლდა მზე და მთვარე დაყოვნდა თავის სადგომში" (ამბაკუმ. 3:11); "ამაღლდა მზე" ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ქალწულისგან იშვა, ხოლო "მთვარე დაყოვნდა თავის სადგომში" - ქალწული ქალწულადვე დარჩა.

დავით წინასწარმეტყველმა თქვა: იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე, როგორც წვეთები, მიწას რომ რწყავენ (ფსალმუნი 71:6).

პირველად მოსემ სინას მთაზე შეუწველ მაყვლად გიხილა, გედეონმა საწმისად შეგიცნო, დავითმა - ზეციდან გადმოსულ ცვრად, ოსემ უხრწნელ ქალწულად გიქადაგა, ეზეკიელმა - სიწმინდის ბჭედ, დანიელმა - შეურყეველ მთად, ესაიამ - იესეს ძირად, ნათანმა თქვა: ქალწულის შობილისგან გაიხარებს ყოველი ხორციელი, ისე, როგორც მთავარანგელოზმა გახარა: გიხაროდეს, ტაძარო სულისა წმინდისაო, საყდარო უფლისაო!

ახლა ჩვენც, ყოველი მორწმუნენი, ღვთივგაბრძნობილნი და საღმრთო წიგნებისგან ბრძნულად განსწავლულნი, ღვთისმშობლად გაღიარებთ და თაყვანს გცემთ, ვღაღადებთ და ისევ ვიტყვით: გიხაროდეს, მადლით მოსულო, უფალი შენთანაა! გიხაროდეს, შეუწველო მაყვალო! გიხაროდეს, განცხადებულო ცაო, უფლის საყდარო, რომლისგანაც სიმართლის მზე გამობრწყინდა! გიხაროდეს, სიწმინდის სამოთხეო, რომელმაც უკვდავება და სიცოცხლე აღმოგვიცენე! გიხაროდეს, ცხოვრების ხეო, რომელმაც გამოიღე სიცოცხლის ნაყოფი და რომლისგანაც ყოველი ვცხონდით!

სამყაროს შექმნის დასაბამში კაცთა შორის პირველშობილი მამა ჩვენი ადამი დედაკაცის მიერ ცდუნდა და ჭამა ნაყოფი, რომელიც ცხოვრების ხეს ესხა, რის გამოც ორივე სამოთხისგან გამოიდევნა და ჩვენც, მათთან ერთად. ხოლო როდესაც წმინდა ქალწულმა ანგელოზის მიერ ნათქვამი "გიხაროდენი" წყალობად მიიღო, ჩვენი დაცემული პირველქმნილი მამა მაშინვე წამოდგა, პირველდედის - ევას - წყევლა განქარდა და სიხარულით ღაღადებდნენ: კურთხეული ხარ, შენ, ასულო, რადგან ჩვენ, დაცემულნი, აღგვადგინე.

გიხაროდეს, ნათელო, ყოველი სოფლის განმანათლებელო! გიხაროდეს, უხრწნელო წმინდა ქალწულო, რადგან შენგან ცხონდა ყოველი დაბადებული! გიხაროდეს, წმინდა ქალწულო მარიამ, დაცულო საუნჯეო! გიხაროდეს, დიდი მეუფის საგანძურო, ყოველი სოფლის გამამდიდრებელო! გიხაროდეს, მწუხრის ჩაუქრობელო ნათელო, რომლის შესახებაც სვიმეონ წინასწარმეტყველი ბრძანებს: ვიხილეთ მწუხრის ნათელი, რომელიც შენგან იშვა და რომლისთვისაც წინასწარმეტყველი ამბობს: ნათელი წარმართთა გასანათლებელად და შენი ხალხის - ისრაელის სადიდებლად (ლუკა 2:32).

მინდა დავდუმდე და საკმარისი იყოს ეს ქება წმინდა ქალწულ მარიამისა, მაგრამ როდესაც ვიხსენებ მისი მუცლის ნაყოფს, თავს კმაყოფილების ნებას არ ვაძლევ. როცა ვიხსენებ ჩვენი პირველდედის შეცდომას, ცრემლით ვივსები; თუმცა, გავიხსენებ თუ არა წმინდა ქალწულს, კვლავ სიხარული მავსებს და როგორც ცხოველი წყაროს თავი, აღმოვდუღდები და ისევ ვიტყვი: აწ, მოდით, მორწმუნენო და ვიდღესასწაულოთ წმინდა ქალწულის ხსენება!

დღეს ანგელოზნი ცაში ხარობენ, ჩვენ კი ქვეყნად ვღაღადებთ და ვამბობთ: დღეს ქვეყნიური ღვთის ტაძარი ზეცად მიიცვალება; დღეს ქვეყნის კარავი ზეცის კარავი გახდება; დღეს ქვეყნის ტაძარი ზეცად ამაღლდება; დღეს ქვეყნის ტაძარი ზეცის ტაძარი შეიქნება; დღეს კარვის ეზო, რომელსაც წმიდა წმიდათა ჰქვია, ზეცის ბრწყინვალე კარავში მიიცვალება; დღეს შეუწველი მაყვალი ზეცის რძალი გახდება; დღეს გამოუთქმელი ქორწინებითა - ცად დაემკვიდრება და მასთან ერთად იხარობებს ჩვენი პირველდედა. დღეს უხრწნელი დედოფალი მარიამი ზეცის ქერაბიმი შეიქნება; დღეს ჩვენი პირველმამა სიკვდილისგან გათავისუფლდება; დღეს ხილული კაცთაგან უხილავი გახდება, მაგრამ ანგელოზები იხილავენ.

მსმენელთაგან ძნელად თუ იკადრებს ვინმე, რომ თქვას: ძმანო, საყვარელნო, როგორ შეიძლება ასეთ დიდებას მიაღწიოს წმიდა ქალწულმა?! დაიხშე პირი, რომელიც სიცრუეს ამბობს და წაიკითხე ღვთის მცნებანი, რომლებსაც უფალი გვასწავლის: პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა (მათე 15:4; 19:19; მარკოზ. 7:10; 10:19; ლუკა 18:20). განა თვით უფალმა ყევლაზე მეტი პატივი არ მიაგო თავის მშობელს?!

რამდენიც არ უნდა ვთქვათ წმიდა ქალწულის დიდება, მრავალისგან მცირედი იქნება, ხოლო ის, უბიწო, უმეტეს დიდებას მიეცა, რომლის გამოთქმა ჩემს ენას არ ძალუძს, როგორც ზემოთ ვთქვი.

მოდით, საყვარელნო, ვიხაროთ და ვილხინოთ ყოვლადწმინდა ქალწულის ხსენება, რადგნა ანგელოზნი ცაში ხარობენ და ჩვენ, საცთურისგან თავდახსნილმა კაცთა მოდგმამ, ქვეყნად ვიდღესასწაულოთ და შევწიროთ დიდება და ქება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომლის არის დიდება, ძალი და სიმტკიცე უკუნითი  უკუნისამდე. ამინ.

წყარო: რჯული ქრისტესი. მარიამობა. თბილისი 2014 წ. გვ. 51-55.
Назад к содержимому