სწავლანი > ღვთისმეტყველება
რა არის ქრისტეში ცხონება?
(ქრისტესადმი რწმენისა და ქრისტიანული ღვაწლის მნიშვნელობის შესახებ)
სულთმოფენობის შემდეგ 21-ე კვირის სამოციქულოში ვკითხულობთ: "მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესუ ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესუ ქრისტე, რათა ქრისტე იესუს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი" (გალატ. 2:16).
როგორც ვხედავთ, ამ წინადადებაში სამჯერ მეორდება ზმნა "განმართლება". ეს სიტყვა დაკავშირებულია მოციქულ პავლეს მნიშვნელოვან საღვთისმეტყველო ტერმინთან — "გამართლება". ვისაუბროთ ამ ცნებაზე.
ბერძნული სიტყვა "დიკეოსინი" ("δικαιοσύνη"), რომელსაც მოციქული იყენებს, სინოდალურ ბიბლიაში ითარგმნება როგორც "გამართლება", "სიმართლე" "მართებულობა", "სიმართლე". მართლაც, სხვადასხვა კონტექსტში "დიკეოსინის" მნიშვნელობითი ელფერი ერთნაირი არ არის, მაგრამ პავლეს საღვთისმეტყველო სისტემაში ეს ყველა მნიშვნელობა, მოზაიკის ნაწილებივით, ერთიან სურათში იყრის თავს. "ხსნის საქმე უეჭველად მოიცავს ორივეს; ამიტომ ორივე შეიძლება და უნდა შევათავსოთ ამ ერთ სიტყვაში", — წერს ამის შესახებ მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული (Святитель Феофан Затворник. Толкование на Рим. 3:24 // URL: http://bible.optina.ru/new:rim:03:24).
ამრიგად, რას ნიშნავს "გამართლება იესუ ქრისტეს რწმენით"? დღეს ჩვენ შეჩვეულნი ვართ სიტყვა "გამართლების" იურიდიულ მნიშვნელობას. შეიძლება, მაგალითად, ვიფიქროთ, გამართლება მდგომარეობდეს იმაში, რომ ღვთის ძის მსხვერპლის წყალობით ჩვენი დანაშაული მოხსნილია უფლის წინაშე - ისევე, როგორც ამართლებენ ბრალდებულს სასამართლოში. მაგრამ ასეთი გარეგნული გაგება სწორი არ არის.
სასამართლოზე არავის აინტერესებს, ადამიანი დამნაშავეა თუ არა. მთავარი ის არის, რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე: გამართლებულია თუ მსჯავრდებულია დამნაშავე? ადვილი მისახვედრია, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობაში გამართლების ასეთი გააზრება შეუძლებელია. რადგან კაცობრიობის პრობლემა მხოლოდ მის დანაშაულში კი არ არის შემოქმედის წინაშე, არამედ იმ შინაგან დაზიანებაში, რომელსაც ჩვენ - ადამისა და ევას დაცემიდან მოყოლებული - ადამიანური მოდგმის ერთგვარ მემკვიდრეობით სნეულებად ვატარებთ.
ქრისტიანობაში გამართლება არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც სამართლებრივი აქტი, რადგან მიტევება თავისთავად არ ასწორებს ცოდვილს. დიახ, დავუშვათ, გამართლება "ჩაეთვალა" ადამიანს, მაგრამ ის ხომ შინაგანად არის გაფუჭებული, და ასეთი გამართლება მას ვერც განკურნავს და აბსურდულიც იქნება ღვთის თვალში, რადგან ასეთ დამნაშავეს დანაშაულს მიუტევებდნენ მხოლოდ იმისთვის, რათა ახალი დანაშაულობანი ჩაედინა: ის ხომ ისევ ბოროტად რჩება და ცოდვა კვლავ მეუფებს მასზე.
მართლმადიდებლობაში ცოდვილის მიტევება განუყოფელია მისი შინაგანი სიწმინდისგან. ამაზე მსჯელობს მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული ერთ-ერთ წერილში და ამბობს: "ნუთუ იმის იმედად ხართ, რომ ღმერთმა თავისი მეფური ძალაუფლებით მიუტევა ცოდვილებს და შეიყვანა ისინი სამოთხეში.
გთხოვთ, განსაჯოთ: შეეფერებიან კი ასეთი ადამიანები სამოთხეს? - ცოდვა ხომ არ არის რაიმე გარეგნული, არამედ შინაგანი და შინაგანში შემომავალი. როცა ვინმე სცოდავს, ცოდვა მის მთელ ბუნებას ამახინჯებს, ბილწავს და აბნელებს. თუ ცოდვილს გარეგნული განაჩენით მიუტევებ და შინაგანად ყველაფერს ისე დაუტოვებ, როგორც იყო, ანუ განუწმენდავად, მაშინ ის მიტევების შემდეგაც მთლიანად ბილწი და ბნელი დარჩება. ასეთივე იქნებოდა ისიც, ვისაც ღმერთი თავისი მეფური ძალაუფლებით მიუტევებდა, მისი შინაგანი განწმენდის გარეშე. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი - უწმინდური და ბნელი - სამოთხეში შედის. რა იქნება ეს? - ეს იქნება ეთიოპიელი განსპეტაკებულთა შორის. შეჰფერის კი ეს სამოთხეს?" (Святитель Феофан Затворник. Письма о вере и жизни. М., 1999. С. 15-16).
ამრიგად, ღვთისგან მომდინარე გამართლება ადამიანში გარკვეულ შინაგან ზემოქმედებას უნდა ახდენდეს. მართლმადიდებლური გაგებით ცოდვილის გამართლება მიტევების მხოლოდ გარეგანი აქტი კი არ არის, არამედ ისიც, რომ მისთვის იხსნება პერსპექტივა - ქრისტეში მოღვაწეობით შინაგანად მართლად იქცეს. გამართლება "აღესრულება სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებით, რომელიც, მოიცავს რა ადამიანის მთელ არსებას, მიიზიდავს მას ქრისტესკენ და საკუთარ თავშივე კვლავ შეუერთებს უფალს, ხოლო უფლის მეშვეობით - ღმერთს", - ამბობს ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია (Толковая Библия Лопухина. Толкование на Рим. 3:24 // URL: http://www.bible.in.ua/underl/Lop).
ღვთის გამართლების შედეგად ჩვენ ვიღებთ შესაძლებლობას, გავხდეთ მართალნი როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად: "მორწმუნე იღებს ცოდვათა მიტევებას და სულიწმინდის მადლს, რომელიც, გულში შესვლის შემდეგ, განდევნის მისგან ცოდვას და მასში ამკვიდრებს სიმართლეს (მართებულობას)" (Святитель Феофан Затворник. Толкование на Рим. 3:22 // URL: http://bible.optina.ru/new:rim:03:22), - წერს მღვდელმთავარი თეოფანე. მაგალითად, წმინდანებზე ვამბობთ, რომ ისინი მართალნი არიან, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი ქრისტეს სიმართლით არიან მართალნი და არა საკუთარით. წმინდანებმა, ღვთის მცნებების აღსრულების ღვაწლში, მხოლოდ თავიანთი გული მოამზადეს ქრისტეს მადლისთვის.
გამართლება ქრისტეში — ეს არის ადამიანის შინაგანი გარდაქმნა მადლის ზემოქმედებით და არა გარეგანი მიტევების სამართლებრივი აქტი.
ნათქვამის საფუძველზე ახლა შეგვიძლია შევაერთოთ სიტყვა "დიკეოსინის" ("δικαιοσύνη") სამივე მნიშვნელობა - "სიმართლე", "მართლობა", "გამართლება". ღმერთი ამართლებს ცოდვილს, ანიჭებს მას მართლობას (მართლად ყოფნის მდგომარეობას) - რომელიც არის არა ადამიანისგან, არამედ უფლისგან - და ადამიანის ამ ხსნაში ვლინდება ღვთაებრივი სიმართლე (ჩვენი ხსნის განგებულება).
როგორც იცით ძმანო და დანო, პროტესტანტიზმი სწორედ გამართლების იურიდიული გააზრებით შეიარაღდა. აქედან მოდის მათთან ქრისტეში ხსნის ასეთი უნიათო გაგება: ირწმუნა - მაშასადამე, გადარჩენილია. მაგრამ პროტესტანტობაში ბევრი პატიოსანი ადამიანი დროთა განმავლობაში იწყებს ამ დებულების სიცრუის გააზრებას. თავდაპირველად ეს მხოლოდ სიხარული და მხიარულებაა: თავდაპირველად მხოლოდ სიხარული და მხიარულებაა: "გადავრჩი, ალილუია, ახლა ქრისტე ჩემი მეგობარია..." მაგრამ შეუძლებელია წლების განმავლობაში პატიოსანმა და ყურადღებიანმა პროტესტანტმა ვერ შეამჩნიოს, რომ მისი შინაგანი მდგომარეობა არ იცვლება და ქრისტეში სულიერი ზრდა არ ხდება.
დიახ, მან თავი დაანება სმას, მოწევას, ლანძღვა-გინებას - რაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე არცთუ მცირე მიღწევა შეიძლება იყოს, მაგრამ ხომ არსებობს გონებითი ცოდვებიც და გულის უწმინდურობაც, არსებობს გამჯდარი ვნებები, რომლებიც ადამიანს შინაგანად აწამებენ. აღმოჩნდება, რომ შეიძლება სახლში იჯდე, არავის ეხებოდე, ფანჯარაში იყურებოდე - და ამასთანავე სცოდავდე! სცოდავდე შურით, ამპარტავნებით, გონებითი სიძვით, ვერცხლისმოყვარეობით, სიძულვილით...
მაგრამ რა ვუყოთ ამას, თუ ბრძოლისთვის არავითარი იარაღი, ხოლო სულიერ ცხოვრებაში დამმოძღვრელი არანაირი სწავლება არ არსებობს? არ არის საიდუმლონი, არ არის ასკეტური წიგნები, რომლებიც სულიერი ბრძოლის მეცნიერებას დაწვრილებით განიხილავენ? არის მხოლოდ დაუსრულებელი ბიბლიური მეცადინეობები, სოციალური მსახურება და ქადაგება. ხოლო სული იხრჩობა შინაგანი ცოდვებისა და ვნებებისგან და ეწინააღმდეგება თვითკმაყოფილ თეზას: "მე გადავრჩი". მას ცოცხალი ღმერთი სჭირდება - ის კი საკუთარ ხსნაში თავდაჯერებულ, უწმინდურ და ამპარტავან გულში არ მკვიდრობს.
ამიტომ პროტესტანტულ თემებში ხალხის მუდმივი დენადობაა - ისინი სხვადასხვა დენომინაციებში მიდი-მოდიან. ხალხი შფოთავს, რადგან გრძნობს: რაღაც ისე არ არის, რაღაც აკლიათ. იქ კი აკლიათ მხოლოდ ერთი: ქრისტე, რომელიც მოვიდა ცოდვილის გადასარჩენად და არა იმისთვის, რომ "ემეგობრა" ცოდვილებთან, რომლებმაც საკუთარი თავი საკუთარსავე ხსნაში დაარწმუნეს. თუ მაცხოვარი მე მხოლოდ ერთხელ მჭირდება ცხოვრებაში (როცა "მოვინანიე"), ხოლო შემდეგ იგი უბრალოდ ჩემი ქების, ჩემი თხოვნებისა და ჩემი ქადაგებების ობიექტი ხდება - მაშინ ქრისტემ ჩემთვის მაცხოვრობა შეწყვიტა. ის ახლა ჩემი "მეგობარია", "ძმაა", "შემწეა" - მაგრამ არა მაცხოვარი.
იმისთვის, რათა ის ყოველთვის ასეთი იყოს ჩემთვის, მე უნდა ვხედავდე, რისგანაა საჭირო ხსნა; უნდა ვაცნობიერებდე, რომ თავისთავად ვერ გადავრჩები; და ჩემი გადარჩენის საქმით უნდა ვიყო დაკავებული აქ და ახლა, ყოველ წუთს. და აი აქ ჩვენ უკვე მივდივართ ისეთ ცნებებამდე, როგორიცაა "საკუთარ ცოდვათა ხედვა", "სულიერი ცხოვრება", "ასკეზა", "გონებრივი (აზრობრივი) ბრძოლა". საუბედუროდ, პროტესტანტებისთვის ეს ტერმინები თავისი არსით უცნობია - და ეს ყველაფერი ქრისტეში გამართლების არასწორი გაგების გამო. როგორც ხედავთ, საკმარისია ხომალდმა კურსიდან სულ მცირედ გადაუხვიოს, რომ სულ სხვა მხარეს გაცურავს.
ღმერთმა მოგვმადლოს, ძმებო და დებო, ბიბლიის მართლმადიდებლური გააზრება. თავს თუ მართლმადიდებლებს ვუწოდებთ, უნდა ვეცადოთ, ყველაფერში ასეთნი ვიყოთ: სარწმუნოებაში, წმინდა წერილის შესწავლაში და თვით ცხოვრებაშიც. ვიყოთ მართლმადიდებლები საქმით, სიტყვით, აზრებითა და გრძნობებით; მართლმადიდებლები უფალთან, ადამიანებთან და საკუთარ თავთან.
დაე, ჩვენი მართლმადიდებლობა იყოს არა მხოლოდ ღვთის მართლგანდიდება, არამედ ჩვენი ხსნის განგებულების სწორი გაგებაც. და დაე, უფალმა მოგვმადლოს ქრისტეში გამართლების გამოცდილებითი ცოდნა - იმ გამართლებისა, რომელიც ჭეშმარიტად იხსნის ცოდვით დაავადებულ სულს ადამიანისას.
წყარო: https://pravoslavie.ru/107607.html
