ისტორია - რატომ ვზეიმობთ საეკლესიო ახალ წელს 1 სექტემბერს (ძვ. სტ.)? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
რატომ ვზეიმობთ საეკლესიო ახალ წელს 1 სექტემბერს (ძვ. სტ.)?
საეკლესიო წელთაღრიცხვა
უეჭველად, ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ახალ წელს ვზეიმობთ იანვარში, თანაც, ორჯერ, და ჩვენი უმაღლესი ლოგიკა მიუწვომელია რაციონალურ უცხოტომელთათვის, რომელთაც ვერ გაუგიათ, როგორ არის შესაძლებელი "ახალი" წელი ამავდროულად იყოს "ძველიც"? მაგრამ, როგორც ვიცით, 1 იანვრის ახალი წელი პეტრე I-ისეული სიახლეა (რომელმაც ეს თარიღი გრიგორიანულ კალენდარზე გადასული ევროპის შესაბამისად დაამკვიდრა). მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს კიდევ ერთი "ახალი წელი", საეკლესიო, რომელსაც ინდიქტიონს უწოდებენ და ის ძველი (ანუ იულიანური) სტილით 1 სექტემბერს (14 სექტემბ. ახ. სტ.) იწყება. აქედან ვხვდებით, რომ ამ საეკლესიო ახალი წლის ათვლა დაკავშირებულია რომელიღაც იდუმალ "ინდიქტიონთან". რა ეს ეს და საიდან იღებს სათავეს?
 
ეს არის წელთაღრიცხვის თხუთმეტწლიან ციკლში (ე. წ. "ინდიქტიონში") წლის რიგითი ნომრის სახელწოდება. თვით ინდიქტიონის ციკლები არ ინომრება, არამედ გამოიყენება სხვა თაღიღების დასადგენად. პაპიროლოგიის (1) მონაცემებით, ინდიქტიონით წელთაღრიცხვა რომის პერიოდის ეგვიპტეში ჩამოყალიბებულა. რომის იმპერიაში იმპერატორ კონსტანტინე დიდს შემოუღია (312/313 — I ინდიქტიონი).
 
ბიზანტიაში ინდიქტიონის დაწყება სამოქალაქო ახალი წლის დღეს ემთხვეოდა. ინდიქტიონის დასადგენად საჭიროა ახალი წელთაღრიცხვის წელს მივუმატოთ 3 და მიღებული ჯამი გავყოთ 15-ზე, ნაშთი იქნება ინდიქტიონი, რომელიც მნიშვნელოვანი საშუალებაა თარიღების სისწორის დასადგენად. ინდიქტიონით წელთაღრიცხვის დროს გასათვალისწინებელია ინდიქტიონის საწყისი თარიღი: ბიზანტიაში — 23 სექტემბერი, ხოლო V საუკუნის შუა წლებიდან 1 სექტემბერი; რომში 1087 წლამდე — 1 სექტემბერი, შემდეგ კი — 1 იანვარი (ან 25 დეკემბერი); ინგლისსა და გერმანიაში XIV საუკუნის ბოლომდე — 24 სექტემბერი, რუსეთში XVIII საუკუნამდე — 1 სექტემბერი. XVIII საუკუნეში შეწყდა ინდიქტიონით წელთაღრიცხვა, შემორჩა მხოლოდ საეკლესიო აქტებში. ქართულ წყაროებში ინდიქტიონით აღინიშნებოდა აგრეთვე მეფეთა ტახტზე ასვლიდან I, II, III და ა. შ. წლები.
 
________________
 
1. პაპიროლოგია (ინგლ. Papyrology, შეიქმნა ორი ბერძნული სიტყვისგან ბერძ. πάπυρος და ბერძ. λόγος) — სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც პაპირუსზე ძველეგვიპტურ ტექსტებს შეისწავლის.
 
________________
 
პირველად "ინდიქცია" (ლათ. Indictio – "წარმოთქმა", "გამოცხადება") - ეს იყო მთავრობისთვის მისაწოდებელი საკვები სანოვაგის სავალდებულო მიწოდების განცხადება. ინდიქციონის ციკლის წარმომავლობა ბუნდოვანია (როგორც უკვე ვთქვით, ის შეიძლება ეგვიპტური წარმომავლობისა იყოს), მაგრამ უკვე იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს (284–305), რომელმაც განახორციელა მმართველობის სისტემის კარდინარლური რეფორმა, ყოველი 15 წლის განმავლობაში, რომის იმპერიაში წარმოებდა ქონების შეფასება ასაკრეფი ღალის სიდიდის დასადგენად (ანუ დღევანდელი ტერმინოლოგიით - ქონებრივი დეკლარაცია).
 
აუცილებლობამ მოსახლეობას ცოდნოდა საგადასახადო წელი, მოითხოვა წლები აეთვალათ ინდიქტიონების მიხედვით. ოფიციალურად დროის ასეთი ათვლა შემოიღო იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (312/3 წ.-ში). თავიდან ინდიქტიონი იწყებოდა 23 სექტემბრიდან - პირველი რომაელი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დაბადების თარიღიდან, მაგრამ 462 წელს პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე წლის დასაწყისი 1 სექტემბრისთვის გადაიტანეს.
 
წლების დათარიღბა ინდიქტიონების მიხედვით სავალდებულო გახდა 537 წლიდან, რომელმაც ფართო გავრცელება ჰპოვა სამოქალაქო და საეკლესიო საქმის წარმოებაშიც. ის გამოიყენებოდა რომის წმიდა იმპერიის უზენაესი ტრიბუნალის მიერ თვით მის დაშლამდე (1806 წ.) და დღემდე გამოიყენება ზოგიერთ კალენდრულ სისტემებში.
 
გამოყენებით ქრონოლოგიაში დათარიღებას ინდიქტიონის მიხედვით უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. "დათარიღების შუასაუკუნეობრივ ქაოსთან შედარებით ინდიქტიონებით დათარიღება უკიდურესად მყარი იყო" (Бикерман Э. Хронология древнего мира. М., 1975. С. 73).
 
თანამედროვე მართლმადიდებლურ კალენდრებში, როგორც უკვე ითქვა 1/14 სექტემბერი აღნიშნულია, როგორც "ინდიქტიონის დასაწყისი - ახალი საეკლესიო წელი", რომელსაც მართლმადიდებლურ ტაძრებში სამადლობელი პარაკლისებით აღნიშნავენ. ეს ახალი წელი (ე. წ. "სექტემბრის სტილი"). საჭიროა ვიცოდეთ, რომ ეს საეკლესიო ახალი წელი იულიანური კალენდრით 14 სექტემბერს უწევს გრიგორიანული კალენდრის შესაბამისად და ასე გაგრძელდება მხოლოდ XX–XXI საუკუნეებში (XIX საუკუნეში ის უწევდა 13 სექტემბერს, ხოლო 2100 წელს საეკლესიო ახალი წელი მოუწევს 15 სექტემბერს და ა. შ.).
 
საჭიროა ვიცოდეთ, რომ ბიზანტიაში საეკლესიო წელი ყოველთვის როდი იწყებოდა 1 სექტემბრიდან - ლათინურ დასავლეთში, და აღმოსავლეთში კარგად იყო ცნობილი მარტის წელთაღრიცხვა (როდესაც წლის დასაწყისად მიიჩნეოდა 1 მარტი ან 25 მარტი (ხარების თარიღი)). მთლიანობაში, ახალი წლის ზეიმობის თარიღად 1 სექტემბრის დაწესება შეიძლება ჩავთვალოთ გვიანბიზანტიურ მოვლენად.

 
***

ცნობისთვის, აქვე ჯეროვანი იქნება ძალზედ მოკლედ აღვნიშნოთ თუ რას ნიშნავს და როგორ იანგარიშებოდა თარიღები სამყაროს შექმნიდან (ქვემოთ მოცემული თარიღები მოტანილია იულიანური კალენდრის მიხედვით).
 
ზოგადად, სამყაროს შექმნის თარიღად - სხვადასხვა რელიგიებში, კოსმოგონიურ მითებსა და გადმოცემებში მიაჩნიათ ის დღეები, რომლებიც მოცემული ტრადიციის მიხედვით, შეიქმნა სამყარო.
 
კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ უცდიათ ერთმანეთისთვის შეეჯერებინათ თანამედროვეობა და ბიბლიაში აღწერილი მოვლენები. წმიდა წერილის სხვადასხვა მკვლევრის გამოთვლებმა აჩვენა, რომ სამყაროს არსებობის ხანგრძლივობა ქრისტეს შობამდე 7000 წელს არ აღემატება.
 
ბიბლიური ქრონოლოგიების შესწავლის შემდეგ დათვლილია ერათა დაახლოებით 200-მდე სხვადასხვა ვარიანტი "სამყაროს შექმნიდან" ანუ "ადამითგან". ამ თეორიების თანახმად, დროის ხანგრძლივობა სამყაროს შექმნიდან ქრისტეს შობამდე 3483 წლიდან 6984 წლამდე პერიოდებს ითვლიდა.
 
მსოფლიო ერათა ზემოთნახსენები ვარიანტებიდან ყველაზე მეტი გავრცელება რამოდენიმემ ჰპოვა. ესენია:
 
ბიზანტიური (კონსტანტინოპოლური) ერა - (5508 წლის 1 მარტიდან, შემდეგში კი 5509 წლის 1 სექტემბრიდან ახალ. წელთაღრიცხვამდე), რომელიც VII ს-დან მოყოლებული მიმდინარე ქრონოლოგიური სისტემა გახდა ბიზანტიის იმპერიაში და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში. სეპტუაგინტას შესაბამისად განისაზღვრა სხვა ბიბლიურ მოვლენათა თარიღებიც. ეს ერა შემოიღეს სერბეთში, ბულგარეთში, კიევის რუსეთში და სხვა. მოგვიანებით, რუსეთის სახელმწიფოში, სადაც სისტემა გამოიყენებოდა XI საუკუნიდან, ის შეიცვალა. ეს მოხდა 1700 წელს, პეტრე I-ის მმართველობის პერიოდში.
 
მაგრამ კათოლიკურმა რომმა ეს გამოთვლები არ აღიარა. კათოლიკური ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში მიჰყვებოდა აღმოსავლურ-ქრისტიანული ქრონოლოგიის პრინციპს. მაგრამ IX ს-ის მიწურულს მისი შეხედულებები შეიცვალა. ვიენის (საფრანგეთი) არქიეპისკოპოსმა ადონმა (დაახლ. 879 წ.) თავის ნაშრომში უპირატესობა ბიბლიის ლათინურ თარგმანს მიანიჭა. ტრიდენტის კრების დროიდან (1545 год), რომელზეც ბიბლიის ეს თარგმანი კანონიკურად გამოცხადდა, დასავლეთ ევროპაში გაბატონდა ქრონოლოგიის "მოკლე" შკალა. ამიტომაც, ერათაგან ერთ-ერთის მიხედვით "სამყაროს შექმნიდან" ვიდრე "ქრისტეს შობამდე" გასულია 4713, სხვა ვარიანტით კი 40004 წელი (Климишин И. А. В поисках «точки отсчёта» // Календарь и хронология. — Изд. 3. — М.: Наука. Гл. ред. физ.-мат. лит., 1990).
 
ვატიკანის ერა არსებითად მოკლეა ბიზანტიურზე, ვულგატაში (ძველი აღთქმის ლათინური თარგმანი) ძველ პატრიარქთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, მეფეთა მმართველობის პერიოდები და ა. შ. მითითებულია მასორეტული ტექსტის შესაბამისად (უფრო მოკლეა, ვიდრე ბერძნულ თარგმანში).
 
იუდაური ერა იწყება 3761 წლის 7 ოქტომბერს და გრძელდება ვიდრე ჩვენს ერამდე (ანუ ახალ წელთაღრიცხვამდე). ეს წელთაღრიცხვა ებრაული კალენდრის ნაწილია, და დღეისთვის მას ისრაელის სახელმწიფო ოფიციალურად იყენებს გრიგორიანულ კალენდართან ერთად.
 
ალექსანდრიული ერა (ავტორი - ანიანე ალექსანდრიელი) – (ამოსავალი წერტილი - 5501 (ფაქტიურად 5493 წლის 25 მარტი) წელი ახ. წ.-მდე, ასევე 5472 წ. ჩვ. წ.-მდე ან 5624 წელი ჩვ. წ.-მდე), რომელიც ძირითადი ქრონოლოგია იყო ბიზანტიის იმპერიაში IX ს-მდე.
 
ანტიოქიური ერა - 5969 წლის 1 სექტემბერი.
 
 
სამყაროს დასაბამის სხვა თარიღები:
 
 
3491 წელი ჩვ. წ.-მდე - იერონიმეს მიხედვით.
 
3943 წელი ჩვ. წ.-მდე , 11 ოქტომბერი - იუბილეთა წიგნის მიხედვით;
 
4004 წელი ჩვ. წ.-მდე, 23 ოქტომბერი - ჯეიმს აშერის მიხედვით;
 
4700 წელი ჩვ. წ.-მდე -  სამარიული;
 
5199 წელი ჩვ. წ.-მდე - ევსები კესარიელის მიხედვით;
 
5500 წელი ჩვ. წ.-მდე - იპოლიტესა და სიქსტუს იულიუს აფრიკელის მიხედვით;
 
5515 წელი ჩვ. წ.-მდე, - ასევე 5507 წელი ჩვ. წ.-მდე, - თეოფილეს მიხედვით;
 
5551 წელი ჩვ. წ.-მდე - ნეტ. ავგუსტინეს მიხედვით;
 
5872 წელი ჩვ. წ.-მდე - ე. წ. 72 კომენტატორის მიხედვით.
 
 
წყაროები: Климишин И. А. Календарь и хронология. М., 1990; Болотов В. В. Лекции по истории Древней Церкви. М., 1994. Т. 1.
 
https://www.pravmir.ru/cerkovnoe-novoletie-istoriya-smysl-bogosluzhenie-video/
 
https://www.pravmir.ru/cerkovnoe-novoletie-istoriya-smysl-bogosluzhenie-video/
 
https://ru.wikipedia.org/wiki/Даты_сотворения_мира#CITEREFКлимишин1990
Назад к содержимому