კითხვა-პასუხი - განიკითხავს თუ არა ღმერთი სულით ავადმყოფს? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
განიკითხავს თუ არა ღმერთი სულით ავადმყოფს?
ეშმაკის განდევნა ადამიანისგან
იესუ ზირაქის წიგნში ნათქვამია: "უფალი შემბრალეა და მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი და მხსნელი გასაჭირის ჟამს" (ზირ.2:11).
 
უფალს "ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას" (1 ტიმ. 2:4).
 
სულის დაავადება - უმძიმესი გასაჭირია. ეს არის ჯვარი, რომელიც ღმრთის განგებით ეძლევა ადამიანს, და, რა თქმა უნდა, უფალი ამისთვის არავის სჯის.
 
საეკლესიო პრაქტიკასი, რომელიც კანონიკურ სამართალშია ასახული, არსებობს განსჯა იმის შესახებ, რომ ადამიანზე, რომელიც უგონოა (ასე უწოდებდნენ ძველად სულიერად დაავადებულთ), თუნდაც მას თავი მოეკლა, ანუ ჩაედინა ყველაზე საშინელი ცოდვა, საეკლესიო წესის აგება და პანაშვიდები მაინც ტარდებოდა.
 
ძველი ეკლესიის ეს კანონი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ადამიანი, იმიზეზებს რა თვითმკვლელი ნათესავის ყოფილ უგონობას, ითხოვდა მის საეკლესიო მოხსენიებას და ეკლესიას ატყუებდა.
 
ამ კანონიდან ვიგებთ, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობდა; ანუ, თუ ადამიანი შეურაცხადია, მას თვითმკვლელობა ცოდვაში არ ჩაეთვლება. რადგან ეს მოქმედება მისი ნებისა და გადაწყვეტილების გარეშე ხდება. ის ვერ არის უფლებამოსილი მასზე. ასეა სხვა ცოდვების შემთხვევებშიც.
 
მაგრამ, მოდი ასეც ვთქვათ: ჯერ-ერთი, ვინ ვართ ჩვენ, რათა განვსაჯოთ, ვის და როგორ გაასამართლებს უფალი. მარტო ასეთი შეკითხვაც კი შემაძრწუნებელია. ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ მცირედიღა ვიცით. და, მეორეც, ჩვენ გვწამს, ეკლესიას სწამს, რომ უფალი სამართლიანობაზე მეტად მოწყალებაა.
 
ღირ. ისააკ ასურელმა, VII ს-ის დიდმა წმინდანმა, ერთხელ ასე ბრძანა:
 
"ნუ უწოდებ ღმერთს სამართლიანს. ის სამართლიანი რომ იყოს, ვერავინ ჩვენთაგანი ვერ ცხონდებოდა. უწოდე მას მოწყალე". ანუ წმიდა მამა აქ გვასწავლის, რომ ღმერთი ყოველ ჩვენგანს თავისი სამართლიანობით რომ სჯიდეს, და არა მოწყალებით, ვერავინ ჩვენთაგანი მის სამართლიან მსჯავრს ვერ გაუძლებდა.
 
ტაძარშიც ხომ უფრო ხშირად გვესმის არა "უფალო, იყავ სამართლიანი ჩემთან, განმსაჯე მე და მომაგე მე იმისთვის, რა სიმართლეც გამაჩნია", არამედ - "უფალო შემიწყალე".
 
როდესაც მიღებულია სასამართლო გადაწყვეტილება დასჯასთან დაკავშირებით, მაშინ ლაპარაკი შეიძლება იყოს მხოლოდ შეწყალებაზე. და უფალი ეძებს ადამიანის შეწყალების საშუალებას, რადგან მას ადამიანი უყვარს. და მას სურს არა ადამიანის წარწყმედა, არამედ მისი ცხონება.
 
ამიტომაც მსგავსი შეკითხვები გვაგზავნიან ღმრთის უსაზღვრო მოწყალებისკენ, მის უსაზღვრო სიყვარლუისკენ ჩვენდამი. ეს ისეთი სიყვარულია, რომ, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით" (რომ. 5:8). ანუ, მიუხედავად იმისა, რომ მართლები არ ვართ და ცოდვილები ვართ, ღმერთს იმდენად ვუყვარვართ, რომ თვით ძე ღმრთისა მოკვდა ჩვენთვის. და აი ჩვენდამი ეს სიყვარული არის არსი ჩვენი სარწმუნოებისა.
 
აი, ჩვენ გვაქვს "სარწმუნოების სიმბოლო". ლათინურად - "კრედო" (მრწამსი). მაშასადამე, აი ჩემი კრედო, ქრისტიანის კრედო - მწამს ერთი ღმერთი მამა, ყოვლისმპყრობელი.
 
რწმენის სიმბოლო შეიძლება განსხვავებული იყოს.
 
აი რწმენის სიმბოლო იოანე ღვთისმეტყველის ეპისტოლედან: "ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი" (1 იოანე. 4:16).
 
არსი იმისა, თუ რა ვირწმუნეთ - არის ის, რომ ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ. მაშ, როგორ დაისჯებიან ღმრთის მოყვარენი, ანუ ისინი, ვინც ღმერთს უყვარს? - ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სიყვარულით.
 
ამიტომაც, ერთი მხრივ, ამ კითხვაზე ძნელია და შემაძრწუნებელია პასუხის გაცემა (ჩვენ ალბათ მისი დასმისაც უნდა შეგვშინებოდა). მეორე მხრივ კი, თუკი მაინც ვპასუხობთ ამ კითხვას, გავიხსენოთ ღმრთის სიყვარული თავის ქმნილებათადმი.
 
 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". თბილისი 2023 წ. თებერვალი.
Назад к содержимому