კითხვა-პასუხი - რას ნიშნავს სიტყვები: "ქრისტე ყველა ჩვენთაგანისთვის მოკვდა"? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რას ნიშნავს სიტყვები: "ქრისტე ყველა ჩვენთაგანისთვის მოკვდა"?
 მისი სიკვდილი როგორ ახდენს გავლენას ჩემზე?
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა მკვდრეთით
ზემოთ ფოტოზე: ქრისტეს აღდგომა. სან მარკოს (წმ. მარკოზის) სახელობის ეკლესია. ვენეცია (იტალია). XII ს. პირველი ნახევარი.


შეკითხვა: ვკითხულობ სახარებას და მის განმარტებებს, მაგრამ დღემდე ბოლომდე არ მესმის, როგორ განბანა უფალმა თავისი სიკვდილით ჩემი ცოდვები და როგორ იხსნა მან ჩვენი სულები? რას ნიშნავს ფრაზა "ის ყველა ჩვენთაგანისთვის მოკვდა"? როგორ მაცხოვნებს მე ბოროტებისადმი წინააღმდეგობის არგაწევა და გამზადებული ხვედრის უსიტყვოდ მიღება 2000 წლის შემდეგ?
 
 
***
 
პასუხი: დავიწყებ იქიდან, რომ რადგან მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასთან დაკავშირებული შეკითხვები გიჩნდებათ, რადგან თქვენ შეგნებული გაქვთ, რომ რაღაც საკითხები არ გესმით, მაშასადამე, თქვენ სწორ გზაზე დგახართ. არაფერია იმაზე უარესი, როდესაც მორწმუნე ადამიანი შეჩერდება თავის სულიერ განვითარებაში, როდესაც მიიჩნევს, თითქოსდა მან ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი გაიგო. ზოგჯერ ასეთი მოჩვენებითი "გაგება" ნიშნავს უგულისხმოებას და გულგრილობას საკუთარი რწმენის მიმართ, ზოგჯერ კი ეს თვითმოტყუებაა: ადამიანი გულწრფელად ფიქრობს, რომ ესმის, სინამდვილეში კი - არა.
 
გადავიდეთ თქვენს პირველ კითხვაზე. რაშია აქ, სხვა ყველაფერთან ერთად, სირთულე? როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავერკვეთ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში, მაშინ ვეფუძნებით წმიდა წერილს და წმიდა საეკლესიო გადმოცემას (მათ შორის ეკლესიის წმიდა მამათა საღვთისმეტყველო თხზულებებს). და ეს სწორია, რადგან სხვა რისგან უნდა გამოვდიოდეთ? საკუთარი ფანტაზია აქ სრულიად უვარგისი და მიუღებელია! საქმე იმაში როდია, რომ ბიბლიური ტექსტი, და ეკლესიის მამათა თხზულებები, განსაკუთრები ძველი, ათასი წლის წინანდელი მამებისა, ეფუძნებიან თანამედროვე ადამიანისთვის ნაკლებად გასაგებ კულტურულ-ისტორიულ რეალიებს, თარგმნის პრობლემებზე რომ არაფერი ვთქვათ (არადა, თარგმნის დროს გარდაუვალად იკარგება უფაქიზესი და უზუსტესი აზრობრივი მნიშვნელობები).
 
შედეგად ვიღებთ იმას, რომ ვკითხულობთ ტექსტს, მაგრამ ის სულაც არ გვესმის ისე (ზოგჯერ აბსოლუტურად არ გვესმის), როგორც ის ესმოდა მათ, ვის მიმართაც იყო განკუთვნილი. მაგალითად, გამოთქმა "სისხლით განბანა ჩვენი ცოდვები" სრულიად გაუგებარი აღმოჩნდება, თუკი არ გვეცოდინება ძველაღთქმისეული პერიოდის იუდაური რელიგიური წეს-ჩვეულებები. ან კიდევ, ვთქვათ, გამოთქმა "ჯვრისეული მსხვერპლი" (ანუ ის, რომ უფალმა, ჯვარზე სიკვდილით, საკუთარი თავი შეწირა მსხვერპლად ჩვენთვის, კაცთათვის) შეიძლება გაუგებარი გახდეს, თუკი არ გვეცოდინება, როგორ გაიგებოდა მსხვერპლი ძველ იუდეაში. და კიდევ, როგორც ბიბლიური, ასევე წმიდა მამებისეული ტექსტების ავტორები, მიმართავდნენ რა თავიანთ თანამედროვეებს, იყენებდნენ სხვადასხვამ ეტაფორას, რათა სათქმელი უფრო მკაფიოდ გამოეთქვათ. და საჭიროა განვასხვაოთ, სად არის ჩვენ წინაშე მეტაფორა, და სად მკაფიო საღვთისმეტყველო ფორმულირება.
 
ხოლო ეს ყველაფერი რომ სწორად გავიგოთ და განვასხვაოთ, საჭიროა დიდი და ხანგრძლივი მუშაობა, მრავალი სახის სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა - საღვთისმეტყველოსი, აპოლოგეტურის, პოლემიკურის, ისტორიულისა და ფილოლოგიურის. ასევე ძველი და თანამედროვე წიგნების კითხვა.
 
თქვენ გვეკითხებით, როგორ განბანა უფალმა ჩემი ცოდვა თავისი სისხლით და როგორ იხსნა მან ჩვენი სულები.
 
დავიწყებ შორიდან. თითქმის სამყაროს შექმნიდან. როდესაც ჩვენმა პირველწინაპრებმა, ადამმა და ევამ, ედემის ბაღში შესცოდეს. მათ დაარღვიეს ღმრთის მცნება, რითაც მოხდა იმაზე უფრო მეტი რამ, ვიდრე ეს უბრალო "ცუდი საქციელია".  შეიცვალა მთელი ადამიანური ბუნება, მეტიც - შეიცვალა მთელი სამყარო.
 
სამყარო მისი ბუნების კანონებით, როგორიც ის სადღეისოდ ვიცით, - სულაც არ არის ის სამყარო, რომლის შექმნა დაბადების წიგნის პირველ თავშია აღწერილი. ადამისა და ევას ცოდვით დაცემას ტრაგიკული შედეგები ჰქონდა. მათი ბუნების დაზიანებულობა მემკვიდრეობითი გახდა, და ყოველი ახალდაბადებული ადამიანი უკვე საკუთარ თავში ატარებს ამ დაზიანებულობას.
 
რაში გამოიხატება იგი? იმაში, რომ ადრე თუ გვიან, მაგრამ გარდაუვალად ყოველი ადამიანი კვდება (ანუ წყდება სულისა და ხორცის კავშირი). იმაში, რომ ადამიანი უფრო იოლად ჩადის ბოროტებას, ვიდრე სიკეთეს. იმაში, რომ ადამიანი სრულად როდია საკუთარი თავის, საკუთარი აზრების, სიტყვებისა და ქცევის ბატონ-პატრონი. და რაც მთავარია - გაწყდა კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის, რომელიც ცოდვით დაცემამდე იყო სრული და განუწყვეტელი. ეს კავშირი ძლიერ შესუსტდა, თითქმის უმნიშვნელომდე დავიდა. მაგრამ პრობლემა აქ ღმრთის მხარეს კი არ არის, არამედ ჩვენს მხარესაა, კაცობრიობის მხარეს. ღმერთი კი არ დადუმდა, არამედ ჩვენ დავკარგეთ მისი მოსმენის უნარი.
 
მაგრამ ღმერთს ყოველი ადამიანი უყვარს, მიუხედავად მისი დაზიანებულობისა, მისი ცოდვებისა. ღმერთს ყოველი ადამიანის ცხონება სურს (ანუ სრულიად აღუდგინოს მას დაზიანებული კავშირები). მაგრამ როგორ მოიმოქმედოს ეს? როგორ განკურნოს ადამიანური ბუნება ის, რომ ამასთან არ დაირღვეს ადამიანის თავისუფალი ნება? არის კი ამისი საშუალება?
 
დიახ, არის, და თუ რა საშუალებაა ეს, ჩვენ ვიცით თვით ღმრთისგან, ვიცი მისი გამოცხადებისგან, რომელიც ბიბლიურ ტექსტებშია დაფიქსირებული. ადამიანის ბუნება, რომ განიკურნოს, ღმერთი, ისე, რომ ღმერთადვე დარჩება, უნდა განკაცდეს. კი არ გამოხატოს ადამიანურობა, მოჩვენებითად კი არ მიიღოს ადამიანის სახე, არამედ ნამდვილად განკაცდეს, ადამიანი გახდეს. ხოლო როდესაც ადამიანი გახდება, უნდა გაიაროს ყოველივე ის, რისი გადალახვა გვიწევს ყოველ ჩვენთაგანს: ფიზიკური სიკვდილი, რაც არის სულისა გაყრა სხეულისგან.
 
რატომ? იმიტომ, რომ ფლობს რა არა მარტო ადამიანურ, არამედ ღვთაებრივ ბუნებას, აღასრულოს შეუძლებელი: ანუ მკვდრეთით აღდგეს, აღადგინოს სულისა და სხეულის ერთიანობა. და აი ამგვარი სახით დაამარცხოს სიკვდილი.
 
ახლა კი ყველაზე მთავარი: როდესაც თავისი განკაცებით ეს ყველაფერი გააკეთა, ანუ მოკვდა და მკვდრეთით აღდგა, ღმერთმა ადამიანური ბუნება შეცვალა: ახლა მას ახალი თვისება გაუჩნდა - მას მკვდრეთით აღდგომა შეუძლია. თანაც ეს ეხება ქრისტეს აღდგომამდე გარდაცვლილებსაც - რადგან ისინიც მკვდრეთით აღდგებიან.
 
დიახ, ქრისტეს აღდგომის შემდეგ ჩვენ ისევ ვკვდებით, მაგრამ ამჯერად სიკვდილი არ ნიშნავს სულისა და სხეულის მარადიულ გაყრას, სულის მარადიულ ყოფნას ღმერთის გარეშე. ახლა ეს მხოლოდ დროებითი ეტაპია, კაცობრიობის ისტორიის ფინალში  კი (შეგახსენებთ, ეს ჟამი არავინ იცის) ქრისტე აღადგენს ყველას. აღდგებიან გამქრალი სხეულები (თუ როგორ, ამაზე არ მარჩიელობას არ დავიწყებთ, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის) და კვლავ შეუერთებს მათ თავ-თავიანთ სულებს.
 
ეს რომ შესაძლებელი გამხდარიყო, საჭირო გახლდათ ყველაფერი ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ: ღმერთი უნდა განკაცებულიყო ქალწულ მარიამისგან, მომკვდარიყო (მოწამეობრივი, ძალადობრივი სიკვდილით), აღმდგარიყო მკვდრეთით და შეერთებოდა მამა ღმერთსა და სულიწმიდას ისე, რომ კაცად ყოფნა არ შეეწყვიტა.
 
მაგრამ აქ არის პრინციპული მომენტი: ღმერთი არ არღვევს ადამიანურ თავისუფლებას. ის ყველას აღადგენს. მაგრამ იმისთვის, რომ აღდგეს და იმყოფებოდეს ღმერთთან ერთობის მარადიულ სიხარულში, ადამიანმა თვითონ, ნებაყოფლობით უნდა ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ადამიანებმა უნდა იცოდნენ ამისი გაკეთება. რადგან რა სარგებელია გქონდეს კარის გასაღები, თუკი არ იცი მისი გაღება, ანუ - საჭიროა მოარგო იგი საკეტს, გადაატრიალო და კარი შეაღო.
 
აი ამიტომაც, განაკცდა რა და გახდა ადამიანი იესუ ქრისტე, ღმერთი აქტიურად მოქმედებდა: ქადაგებდა, მოწაფეებს იკრებდა, ასწავლიდა მათ, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ, რათა გადაელახათ ის ბარიერი, რომელიც მათ ღმერთს აშორებდა. ამიტომაც დააფუძნა მან ეკლესია, ანუ მისდამი მორწმუნეთა ერთიანობა, დააწესა საეკლესიო საიდუმლონი, რომელთა მეშვეობითაც ვუერთდებით მას და რითაც ვიღებთ ცოდვის მიერ დასნებოვნებული და დამახინჯებული ჩვენი ბუნების განკურნებას.
 
აი რას ნიშნავს სიტყვები "ღმერთმა თავისი სისხლით განბანა ჩვენი ცოდვები". განკაცებულმა ღმერთმა იგემა სიკვდილი, რათა ჩვენი ცოდვები ფატალური წინაღობა არ ყოფილიყო ცხონების გზაზე. თანაც, მიაქციეთ ყურადღება, არა მარტო სულის საცხონებლად, არამედ მთელი ადამიანისა. რადგან მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ადამიანთა სულები კვლავ თავიანთ განახლებულ სხეულებს შეუერთდებიან.
 
მკითხველო, თქვენ წერთ: "როგორ მაცხოვნებს მე ბოროტებისადმი წინააღმდეგობის არგაწევა და გამზადებული ხვედრის უსიტყვოდ მიღება 2000 წლის შემდეგ?" მე ეს სიტყვები ასე გავიგე: იესუ ქრისტე არ ეწინააღმდეგებოდა ბოროტებას, უსიტყვოდ მიიღო "მისთვის გამზადებული ხვედრი", ანუ საშინელი სიკვდილი ჯვარზე, - მაგრამ ორიათასი წლის წინანდელი ეს მოვლენა როგორ გვაცხოვნებს ახლა? აქ მკითხველი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ქრისტე სრულიად იყო მორჩილი მამა ღმრთისა, მის ნებას მისდევდა ("... მამაო, თუ გნებავს, ამაცალე ეს სასმისი! თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი" (ლკ. 22:42)). როგორ აცხოვნებდა ადამიანებს ღმრთის ნებისადმი ასეთი მიყოლა მთელი ორიათასი წლის განმავლობაში? აქ შეიძლება გავიხსენოთ მოციქულ პავლეს სიტყვები რომაელთა მიმართ ეპისტოლედან: "როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი" (რომ. 5:18).
 
რას გულისხმობს ეს სიტყვები? "ერთი კაცის ურჩობა" - გულისხმობს ადამსა და ევას, რომლებმაც დაარღვიეს ღმრთის მცნება, რის გამოც გაფუჭდა ადამიანის ბუნება. ხოლო "ერთი კაცის მორჩილება" გულისხმობს ქრისტეს, რომელშიც მისი ადამიანური ნება სრულიად დაემორჩილა ღვთაებრივს. სწორედ ეს გვაცხოვნებს. იმის გამო, რომ განკაცებული უფალი მისდევდა მამა ღმერთის ნებას, შეძლო მან შეეცვალა ადამიანის ბუნება, და მისცა მას უნარი სხეულებრივი აღდგომისა და ღმერთთან დარღვეული კავშირის აღდგენისა.
 
მაგრამ ერთადერთი საშუალება ამ ბუნების შეცვლისა იყო ის, რომ უფალს უნდა მიეღო, საკუთარ თავში უნდა გაეტარებინა ჩვენი ტანჯვა, ფიზიკური და სულიერი, და, რაც მთავარია, გაევლო ადამიანთათვის გარდაუვალი გზა, სიკვდილი. და მან ეს გააკეთა, რის გამო ჩვენ ახლა მართლაც სხვანაირები ვართ. ამას ხშირად ვერ ვამჩნევთ - რადგან, როგორც ადრე, ვევნებით, ვიტანჯებით, ვცოდავთ, ავად ვხდებით და ვკვდებით. მაგრამ, თუკი ადამიანებს არ ჰქონდათ სასოება, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ის კვლავ გაჩნდა. ახლა ჩვენ, ორი ათასი წლის შემდეგ, შეგვიძლია ღმერთთან შეერთება, თუკი ამას თვითონ ვისურვებთ. ამ მიწიერ ცხოვრებაშიც შეგვიძლია ღმერთთან შეერთება (ზიარების საიდუმლოს მეშვეობით) და სიკვდილის შემდეგაც (ანუ სულები ღმერთთან ურთიერთობაში იქნებიან, ხოლო საყოველთაო აღდგომის შემდეგ - უკვე არა მხოლოდ სულები, არამედ მთლიანად, სულებიცა და განახლებული სხეულებიც).
 
იესუ, რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა ბოროტებას და უსიტყვოდ იტანდა მისთვის გამზადებულ ხვედრს, - ეს უბრალო ადამიანი როდია, თუნდაც ყველაზე საუკეთესო, არამედ ღმერთკაცი, ანუ ერთდროულად კაცის და ღმერთიც. ადამიანის გმირული საქციელი ჩვენში ვერაფერს შეცვლიდა. მაგრამ შეგვცვალა განკაცებულმა ღმერთმა, თანაც ისე, რომ მისი ღმერთად ყოფნა არ შეწყვეტილა. ღმრთისთვის ეს შესაძლებელია.
 
სამწუხაროდ, ადამიანებს, მათაც კი, ვინც იცნობენ სახარებას, ზოგჯერ არ ესმით რატომ მოიმოქმედა ეს ღმერთმა. მათ ეჩვენებათ, რომ უფალს ამაზე საკუთარი მიზეზები ჰქონდა, რომელთა შესახებ ჩვენ არ გვმართებს ზემეტი ცნობისმოყვარება - მაინც ვერ გავიგებთო. ასეთი მიდგომის შემთხვევაში მართლაც ბუნდოვანია, რა აკავშირებს უფლის სიკვდილს ჩვენს ცხონებასთან (არა საზოგადო არამედ კონკრეტულად თითოულ ადამიანთან).
 
პასუხი აქ ცხადზე უცხადესია: ღმერთმა ეს ყველაფერი ადამიანთადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო მოიმოქმედა. არა იმიტომ, რომ მას მისი რომელიღაც "შინაგანი პროგრამა" კარნახობდა ან აიძულებდა, არა რაიმე საიდუმლო მოსაზრებათა გამო, არამედ, უბრალოდ ჩვენს გამო, თითოეული ჩვენთაგანისა და ყოველი დანარჩენი ადამიანების გამო, ვინც წარსულში ცხოვრობდა, არის აწმყოში და მომავალიც იცხოვრებენ. მას ყველა ჩვენთაგანი უყვარს - ადამიცა და ევაც, ჩვენც, ჩვენი შორეული წინაპრებიც. მას უყვარს არა აბსტრაქცია, არა "კაცობრიობა", როგორც აზრობრივი კონსტრუქტი, არამედ რეალურად, თითოეული ადამიანი. როდესაც პირველმშობელთა ცოდვით დაცემა მოხდა, ეს მარტო მათთვის კი არ გახდა ტრაგედია - არამეს უფლისთვისაც. და კაცობრიობის მთელი შემდგომი ისტორია, რომელიც ბიბლიაშია აღწერილი, ეს მისი განგებულების, ანუ ჩვენი ცხონების გეგმის რეალიზაციაა. სწორედ ამიტომ იესუ ქრისტე ჯვარზე თითოეული ადამიანისთვის კვდება, მათ შორის იმათთვისაც, ვინც მის შობამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა, და მათთვისაც, ვინც ათასწლეულების შემდეგ უნდა დაბადებულიყო.


წყარო: foma.ru

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2024 წ.
Назад к содержимому