უსჯულოება > ოკულტიზმი და მაგია
ჰელოუინი - წარმართული დღესასწაული
ჰელოუინი - უკვე ტრადიციულად აღიქმება ჩვენ მიერ, როგორც უწმინდური ძალის ზეიმი. მისი ისტორია მომდინარეობს კელტთა წარმართული რწმენებიდან, მაგრამ დასავლეთის ქრისტიანებმა სწორედ ამ დღეს დააწესეს "ყოველთა წმიდათა" უდიდესი და სასიხარულო დღესასწაული. ასეთი არჩევანი, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ ყოფილა ის დაკავშირებულია პირველ ირლანდიელ ქრისტიანთან, რომელიც არ შეუშინდა გამოსულიყო ბნელეთის ძალთა წინააღმდეგ იმ დღეებში, როდესაც მისი ხალხის რწმენით, ბოროტება იძენდა განსაკუთრებულ ძალას. ეს ადამიანი იყო წმიდა პატრიკი.
ჰელოუინის მითოლოგია ფესვებით ჩადის კელტურ წარმართობაში. მათ კალენდარში ეს დღე ემთხვევა სამაინის დღესასწაულს, თუმცა საკუთრივ დღესასწაულად მისი სახელდება საკმაოდ ძნელია.
ძველი კელტური წელიწადი იყოფოდა ორ - ცივ და თბილ სეზონებად. კალენდრის ტაბულაში, რომელიც 1897 წელს საფრანგეთის პატარა ქალაქ კოლინში იპოვეს, ყოველ დღეს ჰქონდა აღნიშვნა "Мат" ანდა "Ant", ანუ წარმატებული და წარუმატებელი. კეთილისა და ბოროტი დროების კონცეპტი შეიძლება შეგვხვდეს ცნობილ ეპიკურ პოემაში "ხარის მოტაცება კუალინგში", სადაც დრუიდული სკოლის მოწაფე თავის მასწავლებელს ეკითხება, ხელსაყრელია (სასიკეთოა) დღევანდელი დღისთვის ნიშნები თუ არა.
სამაინი ახალი წლის დასაწყისად მიაჩნდათ, მაგრამ საახალწლო განწყობას ის აშკარად არ იწვევდა. ეს იყო ყველაზე საშიში და ავისმომასწავებელი დღე მთელ კალენდარში. იულიუს კეისარი, რომელიც ომებს აწარმოებდა გალიის მხარეში, ზოგიერთი კელტური რელიგიური წარმოდგენების განმარტებისას აღნიშნავდა, რომ სამაინის დღეს იხსნებოდა კარიბჭე სამყაროთა შორის, და ღმერთები თავისუფლად შემოდიოდნენ ადამიანური ცხოვრების სივრცეში. გზა ორივე მხარეს ხსნილი იყო. ადამიანებსაც შეეძლოთ საიქიოში შეღწევა, მაგრამ ხშირად ეს იყო მხოლოდ one-way ticket - ბილეთი ერთ მხარეს. კელტური "ღმერთებს" არ უყვარდათ დაუპატიჟებელი სტუმრები და თვითონაც საშინელი სტუმრები იყვნენ. დახეტიალობდნენ რა ამ სამყროში, ისინი უფრო გალიიდან გამოშვებულ მხცებს ჰგვანდნენ.
თანახმად ირლანდიური საგისა "ბრძოლა მაგ ტუირედთან" (Cath Maige Tuired), ისინი მუდმივად ეომებოდნენ ერთურთს, ხოლო ადამიანებთან შეხვედრა ყოველთვის მთავრდებოდა სასაკლაოთი. არ არსებობდა არც ერთი არმია, რომელიც კი შეძლებდა მათთან წინააღმდეგობას. "ღმერთებისგან" მხოლოდ მსხვერპლშეწირვებით თუ იყო თავის გამოხსნა შესაძლებელი. დიოდორ სიცილიელის თანახმად "საახალწლო საჩუქრის" სახით სამაინს კელტები ზოგჯერ საკუთარ ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად.
სამაინი მჭიდროდ არის დაკავშირებული კელტური კალენდრის სეზონურ დღესასწაულ ბელტაინთან, რომელიც 1 მაისს აღინიშნება. X ს-ის ეპისკოპოსის, წმიდა კორმაკის ცნობის თანახმად, ბელტაინის პერიოდში დრუიდები მკაცრად აკონტროლებდნენ, რათა არავის დაენთო ცეცხლი. ამ ღამეს პირველად წმიდა კოცონი თარას მთაზე უნდა დანთებულიყო, რომელიც თითქოსდა მომავალი კატასტროფისგან იცავდა მათ.
"დაპყრობათა წიგნში" ნათქვამია, რომ სწორედ ბელტაინის დროს საშინელმა შავმა ჭირმა გაანადგურა ირლანდიაში დასახლებული პირველი ადამიანები, - ეპიდემია იმდენად ძლიერი იყო, რომ მიცვალებულთა დაკრძალვასაც კი ვერ ასწრებდნენ. და სწორედ ბელტაინში, "წაბლისფერი ძროხის წიგნის" თანახმად (უძველესი მანუსკრიპტი (RIA MS 23 E 25) ირლანდიურ ენაზე, რომელიც შეიცავს ორიგინალურ ირლანდიურ თხრობით ტექსტებს - "აპოკ." რედ.), "ღმერთებმა" გაანადგურეს ირლანდიის მეორე მოსახლეობაც, რომელიც აქ შავი ჭირის კატასტროფიდან ოცდაათი წლის შემდეგ დასახლდნენ.
როგორც ვხედავთ, ბელტაინს ძნელად თუ ვუწოდებთ ზეიმს. ეს უფრო ეროვნული ტრაურია და შეძრწუნების სახალხო გამოხატულება "საღმრთო გენოციდის" წინაშე. პირველი მაისის ღამეს სიკვდილის შიშით უნდა ჩაექროთ ყველა კოცონი. მთელი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაბედა ამ განკარგულების დარღვევა. ეს იყო ირლანდიის განმანათლებელი წმიდა პატრიკი. მისი შეხვედრა დრუიდებთან და ირლანდიის უზენაეს მეფესთან მოხდა სწორედ ბელტაინის ღამეს, რომელიც, გადმოცემის თანახმად, იმ წელს ქრისტიანულ პასექს დაემთხვა.
პატრიკი არ შეუშინდა კოცონი მეზობელ გორაკზე დაენთო. შიშმა და ძრწოლამ შეიპყრო დრუიდები. ერთმა მათგანმა უზენაეს მეფეს უწინასწარმეტყველა, რომ თუ ამ ცეცხლს ახლავე არ ჩააქრობდნენ, მისი ალი მთელ კუნძულს მოედებოდა, და დაანგრევდა მის ძველ რწმენასა და შიშებს... ასეც მოხდა... როგორც ცნობილია, მოციქულთასწორი პატრიკის მისია წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდა.
დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში ირლანდია წარმართული ქვეყნიდან, სადაც გამეფებული იყო ველური მსხვერპლშეწირვები, "სწავლულთა და წმინდანთა კუნძულად" გადაიქცა. ადამიანებს უკვე აღარ ეშინოდათ საიქიოდან გამოცხადებული "დაუპატიჟებელი სტუმრების". კელტური საზოგადოება გახარებული იყო წარმართობის საეჭვო "კულტურული მემკვიდრეობისგან" გათავისუფლებით, რომელიც ითხოვდა ადამიანთა მსხვერპლშეწირვებს და შიშის ძრწოლას გვრიდა მოსახლეობას. ახლა უკვე აღარავისადმი შიში არ ჰქონდათ ირლანდიელებს. რადგან მან, ვინც შემუსრა ჯოჯოხეთი, ქვესკნელის სამაინის კარიბჭენიც დაანგრია.
სწორედ ამ დღეს VIII ს-ის კელტმა ქრისტიანებმა დაიწყეს ყველა წმიდათა ხსენების დღესასწაულობა, რომელიც ერთგვარი "არმია" იყო მათთვის, ვინც გამძვინვარებულ წარმართ დემონთა შემოსევები შეაჩერა. ამგვარად, ქრისტიანობამ ხალხის მეხსიერებიდან კელტური კულტურისთვის მნიშვნელოვანი თარიღი კი არ განდევნა, არამედ ის ახალი შინაარსით აავსო.
"ქრისტიანული სამაინის" იდეა - როდესაც ქრისტეს მეომრები ადამიანთა დასაცავად იკრიბებიან სანადიროდ გამოსულ გაბოროტებულ სულთა წინააღმდეგ - ისე მოეწონა რომს, რომ ასი წლით გვიან პაპმა გრიგოლ IV-მ 1 ნოემბერი, "ყველა წმიდის" საპატივცემოდ, მთელი დასავლური ეკლესიის საზოგადო ზეიმად აქცია, ხოლო კარლოს დიდმა ბრძანა ეს ზეიმი ფრანკების მთელ იმპერიაში აღენიშნათ.
კელტი დრუიდების რელიგია ძალიან შორს არის იმ რომანტიკისა და კეთილი ჯადოქრობისგან, რომელსაც მიაწერენ მას კინოხელოვნებასა და ლიტერატურაში. სამაინის მთელი ისტორია, ანუ როგორც მას დღეს უწოდებენ - ჰელოუინი, დაკავშირებულია წარმართი კელტების სულიერი ცხოვრების საკმაოდ საშინელ რწმენებთან და ტრადიციებთან. მხოლოდ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს აღმსარებლობამ დაამარცხა აქ სიკვდილისადმი შიში. კელტებმა ქრისტეს რწმენით საკუთარ შიშებზეც გაიმარჯვეს, მომაკვდინებელი ბელტაინი კი აღივსო მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესადმი სიხარულით.
პუბლიკაცია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მომზადებულია მართლმადიდებლური ინტერნეტ წყაროების მიხედვით. 2023 წ.